გიორგი გამთენაძის და გიორგი ყვავაძის მიერ მოხატული ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 2020 წლის 7 აგვისტო

215
(განახლებულია 16:17 12.08.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 7 აგვისტოს მიძინება მართლისა ანნასი, ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელის დედის, ასევე წმიდათა დედათა: ოლიმპიადა დიაკონისასი და ევპრაქსია ქალწულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

მიძინება მართლისა ანნასი, ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელის დედისა 

ნეტარი ანა, მღვდელმსახური ნათანისა და მისი მეუღლის, მარიამის ასული იყო, ლევიტელთა ტომიდან, აარონის მოდგმიდან. მისი მეუღლე, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო. ცოლ-ქმარი ღვთის სიყვარულითა და მოყვასის თანაგრძნობით გამოირჩეოდნენ. შემოსავლის ნაწილს მოწყალებაში გასცემდნენ, ნაწილს ტაძარს სწირავდნენ, ხოლო დანარჩენს საკუთარი საჭიროებისათვის იყენებდნენ. მაგრამ სიბერემდე ისე მიაღწიეს, რომ შვილი არ მიეცათ, რაც მათ გულს მწუხარებით ავსებდა: იმდროინდელი წარმოდგენით უშვილობა სასჯელად ითვლებოდა. დიდ დღესასწაულებზე ისინი იერუსალიმში ადიოდნენ. ერთხელაც, როცა იოაკიმე ტაძარში მივიდა მსხვერპლის შესაწირად, მღვდელმთავარმა მისი ძღვენი არ მიიღო, როგორც უშვილობით ღვთისაგან დასჯილისა. გულდათუთქული იოაკიმე სახლში აღარ დაბრუნებულა, უდაბნოში წავიდა. ორმოცი დღე და ორმოცი ღამე მართალი მოხუცი ტიროდა, მარხულობდა და ლოცულობდა და ღმერთს შესთხოვდა, სირცხვილი აეცილებინა და სიბერეში მისთვის შვილი ებოძებინა. როდესაც ქმრის შეურაცხყოფის ამბავი გაიგო, ანნა ატირდა და შინაურთაგან თავისი მწუხარება რომ დაეფარა, ბაღში გავიდა. ამ დროს თვალიჰკიდა ჩიტის ბუდეს, რომელშიც ბარტყები ჟივჟივებდნენ. გულდაწყვეტილმა ანამ წამოიძახა: ''ყველა ნუგეშობს შვილებით. მხოლოდ მე ვარ უშვილო და უნუგეშო''. უცებ მის წინაშე ღვთის ანგელოსი წარსდგა და უთხრა: ''ანნა, უფალმა ისმინა შენი ლოცვები, შენ გეყოლება ასულის სახელად მარიამი. იგი გახდება დედა ღვთისა''. ანგელოსი მართალ იოაკიმესაც გამოეცხადა და მასაც აუწყა სასიხარულო ამბავი. გახარებულმა იოაკიმემ და ანამ ტაძარს მიაშურეს, ისინი იერუსალიმის კარიბჭესთან შეხვდნენ ერთმანეთს და სიხარულით გადაეხვივნენ. იოაკიმემ და ანამ აღთქმა დადეს, რომ ქალწულს ღმერთს შესწირავდნენ. მართლაც, ანამ მუცლად იღო და შვა ქალწული, რომელსაც მარიამი უწოდეს. სამ წლამდე მარიამი მშობლებთან იზრდებოდა, სამი წლისა კი, აღთქმისაებრ, იოაკიმემ და ანამ ტაძარში წაიყვანეს და იქ აღიზრდებოდა სხვა ქალწულებთან ერთად. მალე იოკიმე გარდაიცვალა, ანა კი ტაძრის მახლობლად დასახლდა. გადმოცემის თანახმად, იგი მშვიდობით მიიცვალა იერუსალიმში ახ. სტილით 7 აგვისტოს, 79 წლის ასაკში. ღვთისმშობლის ხარებამდე ცოტა ხნით ადრე.

წმიდა დედა ოლიმპიადა დიაკონისა

წმიდა ოლიმპიადა დიაკონისა იყო ასული სენატორ ანისიუს სეკუნდუსისა, წმიდანი მშობლებმა ადრეულ სიყმაწვილეშივე დანიშნეს ერთ კეთილმსახურ ჭაბუკზე. როგორც კი ოლიმპიადა სრულწლოვანებას მიაღწევდა, ჯვრისწერაც უნდა აღსრულებულიყო, მაგრამ მალე მისი საქმრო გარდაიცვალა. ნეტარმა გათხოვება არ ისურვა და ქალწულებრივი ცხოვრება ირჩია.
დედ-მამის გარდაცვალების შემდეგ ოლიმპიადამ დიდი ქონება მიიღო მემკვიდრეობით, რომელსაც იგი უხვად ურიგებდა გლახაკებს, ობლებსა და ქვრივებს, უშურველად სწირავდა ეკლესია-მონასტრებს, საავადმყოფოებს, დავრდომილთა და მწირთა თავშესაფრებს.
პატრიარქმა ნექტარიუსმა (381-393) წმიდა დედა დიაკონისად დაადგინა და ისიც გულმოდგინედ და უმწიკვლოდ აღასრულებდა თავის მოვალეობას.
წმიდა იოანე ოქროპირი  მეტად აფასებდა ნეტარ დედას. ოლიმპიადა სხვა დიაკონისებთან ერთად ძლიერ განიცდიდა უდანაშაულო მღვდელმთავრის უმსჯავროდ განდევნას კათედრიდან. იოანე ოქროპირის გაძევების შემდეგ წმიდა სოფიას საკათედრო ტაძარი დაიწვა. ცეცხლი მიმდებარე შენობებსაც მოედო და ქალაქის დიდი ნაწილი იმსხვერპლა. დევნილი მღვდელმთავრის ყველა მომხრეს ბოროტმოქმედებაში დასდეს ბრალი. დაკითხეს წმიდა ოლიმპიადაც. მართალია, მას ვერანაირი სამხილი ვერ უპოვეს, მაგრამ მაინც დიდძალი ფულადი ჯარიმა გადაახდევინეს, თითქოსდა ხანძრის გამჩენთა დაქირავებისათვის. ამის შემდეგ ნეტარმა დატოვა კონსტანტინოპოლი და ქალაქ კვიზიკში (მარმარილოს ზღვაზე) გაემგზავრა; მაგრამ მტრებს მისი დევნა არ შეუწყვეტიათ: წმიდა დედა შეიპყრეს და 405 წელს ნიკომიდიაში გადაასახლეს

წმიდა ოლიმპიადა 409 წელს გარდაიცვალა, გადასახლებაში. ნეტარი ნიკომიდიის ეპისკოპოსს გამოეცხადა და უბრძანა, მისი სხეული კიდობანში ჩაესვენებინათ და ზღვისთვის მიეცათ: "სადაც ტალღები გარიყავენ კიდობანს, დაე, იქ დაიკრძალოს ჩემი ცხედარიც", - უთხრა მან ეპისკოპოსს. წმიდა ნეშტი კონსტანტინოპოლის მახლობლად, ბიოქტად წოდებულ ადგილთან მიცურდა. აქაურმა მცხოვრებლებმა, ზღვიდან კრძალვით გამოაბრძანეს წმიდანის ცხედარი და  თომა  მოციქულის სახელობის საყდარში დაფლეს.

ღირსი ევპრაქსია ქალწული

ღირსი ევპრაქსია წმიდა კეთილმსახური მეფის, თეოდოსი დიდის (379-395) ნათესავის, კონსტანტინოპოლელი დიდებულის, ანტიგონეს ასული იყო.

მდიდარი და გავლენიანი ანტიგონე და მისი მეუღლე ევპრაქსია ღვთისმოშიშებითა და გულმოწყალებით გამოირჩეოდნენ. თავიანთ ერთადერთ ასულსაც მათ ევპრაქსია დაარქვეს. ანტიგონე მალე გარდაიცვალა, რის შემდეგაც დედა განერიდა სასახლის კარს და თავისი სამფლობელოების მოხილვის საბაბით ასულთან ერთად ეგვიპტეს მიაშურა. აქ, თებაიდის მახლობლად, მდებარეობდა ტაბენისის დედათა მონასტერი მკაცრი ტიპიკონით. მოწესეთა ცხოვრებამ მიიზიდა კეთილმსახური ქვრივი. მან ისურვა, დახმარებოდა ამ სავანეს, მაგრამ იღუმენია თეოდულამ იუარა - განაცხადა, რომ მონაზვნები მთლიანად უფალს იყვნენ მინდობილნი და არანაირი მიწიერი საუნჯის მოხვეჭა არ სურდათ. წინამძღვარმა მხოლოდ სანთელი, საკმეველი და ზეთი შეიწირა.

ამ დროს პატარა ევპრაქსია შვიდი წლისა იყო. მას მოეწონა მონაზვნური ცხოვრება და ისურვა, სავანეში დარჩენილიყო. დედამ შვილს სთხოვა, თავმდაბლი ყოფილიყო, არასოდეს ეფიქრა თავის კეთილშობილურ წარმოშობაზე და გულმოდგინედ შედგომოდა უფლისა და დების მსახურებას. მალე ევპრაქსია-უფროსი გარდაიცვალა. როცა ამის შესახებ შეიტყო, მეფე თეოდოსიმ მის ასულს ეპისტოლე გაუგზავნა და შეახსენა, რომ ხუთი წლის ასაკში მშობლებმა იგი ერთი სენატორის ძეზე დანიშნეს, და ახლა მას სურს, რომ ევპრაქსიამ დედ-მამის დადებული პირობა შეასრულოს. საპასუხო ეპისტოლეში წმიდანმა მეფეს აუწყა, რომ იგი უკვე ქრისტეს სასძლოთა რიცხვს შეერთო და სთხოვდა, მემკვიდრეობით მისთვის გადმოცემული მამულები ეკლესიისა და გლახაკებისთვის დაენაწილებინა.

დაუცხრომელი ღვაწლისთვის უფალმა სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა თავის რჩეულს: მისი ლოცვით ყრუ-მუნჯი და დავრდომილი ბავშვი განიკურნა, ეშმაკეული ქალი ბოროტის ტყვეობიდან გათავისუფლდა... მონასტერში სნეულთა მოყვანა დაიწყეს შემწეობის მიღების იმედით... ევპრაქსია კი სულ უფრო და უფრო თავმდაბალი ხდებოდა და თავს ცოდვილთა შორის უკანასკნელად თვლიდა. ევპრაქსია ოცდაათი წლის ასაკში - მშვიდობით მიიცვალა (+413). 

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

215
თემები:
საეკლესიო კალენდარი (197)
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში

საეკლესიო კალენდარი: 24 სექტემბერი

98
(განახლებულია 07:56 24.09.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 სექტემბერს კრწანისის ბრძოლაში თავდადებულთა, ღირსი თეოდორა ალექსანდრიელის, მოწამეთა: დიმიტრის, ევანთიას, დიმიტრიანეს, დიოდორე და დიდიმე ასურელთა, იას, ღირსი ევფროსინეს, ღირსი სილოანე ათონელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

კრწანისის ბრძოლაში თავდადებულნი: 300 არაგველი და სასულიერო და საერო პირები

მე-18 საუკუნის მიწურულს, აღა-მაჰმად-ხანმა ქართლ-კახეთის მეფეს, ერეკლე II-ს სამეფოზე სპარსეთის ბატონობის აღდგენა და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა მოსთხოვა. აღა-მაჰმად-ხანი 35-ათასიანი ჯარით საქართველოსკენ გამოემართა. ქართველთა ჯარი მტერზე ბევრად მცირერიცხოვანი იყო. სპარსელებმა თბილისი ჯერ გაძარცვეს, შემდეგ დაარბიეს და ცეცხლს მისცეს, მრავალი ათასი მცხოვრები ტყვედ წაიყვანეს. მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილისა და გადამდები სნეულებისაგან დაიღუპა. ქართლის სოფლებს მოთარეშეთა რაზმები შეესივნენ. კრწანისის ბრძოლამ, რომელიც კრწანისის ველზე ქართლ-კახეთისა და სპარსეთის ლაშქარს შორის 1795 წელს გაიმართა. დიდი ზარალი მიაყენა აღმოსავლეთ საქართველოს. 300 არაგველი და სხვა მებრძოლები უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ.

ღირსი თეოდორა ალექსანდრიელი

ღირსი თეოდორა ალექსანდრიელი და მისი ქმარი ალექსანდრიაში ცხოვრობდნენ იმპერატორ ზენონის (475-491) დროს.

წმიდა მოწამე ია 

წმიდა მოწამე იას აიგივებენ ღირსმოწამე ევდოკიასთან, რომელიც საპორ II-ის მიერ სპარსეთის ქალაქ ბიზადაში ტყვედ წასხმულ ქრისტიანებს შორის მოხვდა. ჭეშმარიტი სარწმუნოების ქადაგებისთვის წარმართებმა იგი შეიპყრეს. მთავარი ქურუმი ნეტარისგან დაჟინებით ითხოვდა, დაეგმო ჭეშმარიტი ღმერთი, მაგრამ ამაოდ. ამის შემდეგ წმიდა ია აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს; განმეორებითი წამების შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს

წმიდა მოწამენი დიოდორე და დიდიმე ასურელნი

წმიდა მოწამენი დიოდორე და დიდიმე ასურელნი, წარმოშობით სირიის ლაოდიკიიდან იყვნენ. ისინი მხურვალედ ქადაგებდნენ ქრისტეს სარწმუნოებას თანამოქალაქეთა შორის, რისთვისაც წარმართებმა შეიპყრეს, სასტიკად აწამეს, დაბოლოს, შოლტების ცემით ამოხადეს სული.

წმიდა მოწამენი: დიმიტრი, მეუღლე მისი ევანთია და ძე მათი დიმიტრიანე

წმიდა მოწამე დიმიტრი ჰელესპონტის სკეფსეოსის მმართველი იყო მაშინ, როცა აქ კორნილიოს ასისთავი ჩავიდა სახარების ქადაგებით. წმიდა კორნილიოსმა ქალაქის მრავალი მკვიდრი მოაქცია ქრისტიანობაზე. წარმართებმა ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებისთვის ახალმოქცეულები საპყრობილეში გამოამწყვდიეს და შიმშილით დახოცეს.

ღირსი ევფროსინე 

ღირსი ევფროსინე პალესტინის ერთ-ერთი მონასტრის ბერი იყო და სამზარეულოში აღასრულებდა მორჩილების საქმეს. იგი გულმოდგინედ ემსახურებოდა ძმებს, გასაოცარი იყო წმიდანის მოთმინება: იგი უდრტვინველად იტანდა ყოველგვარ, ძალზე ხშირად, დაუმსახურებელ საყვედურს. მხურვალე მლოცველი და მკაცრი მმარხველი ევფროსინე ფარული ღვაწლით სათნოეყო უფალს, რაც თავად ზეცათა მეუფემ გაუცხადა მონასტრის ძმობას: სავანის ერთმა ხუცესმა ლოცვაში ითხოვა, მართლებისთვის განმზადებული საუკუნო ნეტარების ხილვის ღირსი გამხდარიყო. ღმერთმაც შეისმინა მისი და ძილში სამოთხის ენით აუწერელი მშვენიერება დაანახა. უეცრად მღვდელ-მონაზონმა თავისი მონასტრის ბერი - მზარეული ევფროსინე შენიშნა და ამგვარი შეხვედრით გაკვირვებულმა ჰკითხა, აქ როგორ აღმოჩნდიო. „ღვთის გამოუთქმელი მოწყალებით!“ - მიუგო წმიდანმა. ხუცესი ჩაეკითხა, თუ გაქვსო კადნიერება, მიბოძო რამე ამ ბაღიდან. მდაბალმა მონაზონმა სამოთხის ხის სამი ნაყოფი მოწყვიტა, ტილოში გაახვია და თანამოსაუბრეს გაუწოდა. ცისკრის ლოცვამდე გაღვიძებულმა მამამ ჩვენება ჩვეულებრივ სიზმრად ჩათვალა, მაგრამ მალე მისი ყურადღება ტილოში გახვეულმა საოცრად სურნელოვანმა ვაშლებმა მიიპყრო. ხუცესმა ტაძარში ღირსი ევფროსინე მოძებნა და სთხოვა, გაემხილა, სად იყო ღამით. ნეტარმა მიუგო: „მეც იქ ვიყავი, სადაც შენ. უფალმა შეგისრულა სათხოვარი, სამოთხე დაგანახა და მისი ნაყოფებიც გადმოგცა თავისი უღირსი მონის - ევფროსინეს ხელით“. ცისკრის შემდეგ ხუცესმა ეს ყოველივე ძმებს მოუთხრო, ბერებმა სამზარეულოს მიაშურეს, რომ თაყვანი ეცათ წმიდა მამისთვის, მაგრამ იგი ვერსად იპოვეს: ნეტარი განერიდა კაცთამიერ დიდებას და დატოვა სავანე. ძმებისთვის უცნობი დარჩა, სად გაიხიზნა მათი თანამოღვაწე, სამოთხის ვაშლებს კი  ბერები სასოებით ინახავდნენ და პატარ-პატარა ნაწილებად არიგებდნენ სულიერ და ხორციელ სნეულებათა საკურნებლად

ღირსი სილოანე ათონელი

ღირსი სილოანე ათონელი (ერობაში სვიმეონი) 1866 წელს დაიბადა ტამბოვის გუნერნიაში.

1892 წლის შემოდგომაზე ღირსი მამა ათონზე ჩავიდა და წმიდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში მორჩილად შედგა. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, 1896 წელს მან დიდი სქემა შეიმოსა.

წმიდა სილოანე ათონელი გარდაიცვალა 1938 წლის 11 სექტემბერს. მისი წმიდა ნაწილები ათონზე, პანტელეიმონის რუსულ მონასტერშია დაბრძანებული.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

 

 

98
მოწამეთა

საეკლესიო კალენდარი - 23 სექტემბერი

130
(განახლებულია 21:12 22.09.2020)
ეკლესია დღეს აღნიშნავს ხსენებას მოწამეთა მინოდორასი, მიტროდორასი და ნიმფოდორასი; მოციქულთა: აპოლიოსისა, ლუკიოსისა და კლიმენტისა, 70-თაგანთა; მოწამისა ვარიფსავასი; კეთილმორწმუნისა პულქერიასი, ბერძენთა დედოფლისა; მღვდელმთავართა პეტრესი და პავლესი, ნიკეელ ეპისკოპოსთა.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები დ რა ღვაწლი მიუძღვით ეკლესიის წინაშე.

წმიდა მოწამენი: მინოდორა, მიტროდორა და ნიმფოდორა 

ისინი ღვიძლი დები იყვნენ, წარმოშობით ბითვინიიდან (მცირე აზია). ღვთისმოშიშებით გამორჩეულებმა გადაწყვიტეს, გარიდებოდნენ ამ სოფელს, ერთი განკრძალული ბერი ჰპოვეს უდაბნოში და აქ ატარებდნენ დღეებს ლოცვითა და მარხვით.

მალე წმიდანებმა შორს გაითქვეს სახელი, რადგან უფლისაგან სასაწაულებრივი კურნების ნიჭი მიემადლათ. ოლქის მმართველმა, ფრონტონმა ბრძანა, შეეპყროთ ისინი და მისთვის მოეგვარათ. უღმრთო ხელისუფალი პატივისა და ჯილდოების აღთქმით შეეცადა ქალწულების გადადრეკას ქრისტეს სარწმუნოებისაგან, მაგრამ მათ ახოვნად აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი და ყველა მაცდური წინადადება უარყვეს.

დები საშინლად აწამეს და დახოცეს. მათი ზოგი უხრწნელი ნაწილი ათონზე, პანტელეიმონის რუსული მონასტრის ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ინახება, წმიდა მიტროდორას მკლავი კი წმიდა მთაზევე, პანტოკრატორის სავანეშია დაბრძენებული.

კეთილმსახური დედოფალი პულქერია

ბერძენი იმპერატორის, არკადის (395-408) ასული, თავისი ძმის, თეოდოსი უმცროსის (408-450) თანამმართველი და მრჩეველი იყო. მრავალმხრივ განათლებული ხელისუფალი სიბრძნითა და კეთილმსახურებით გამოირჩეოდა და მტკიცედ ერთგულებდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. მისი თანადგომით იქნა მოწვეული III მსოფლიო კრება ეფესოში 431 წელს.

მტრებისა და იმპერატორ თეოდოსის მეუღლის, ევდოკიას მანქანებით პულქერია მმართველობას ჩამოაშორეს. იგი განმარტოვდა და ღვთივსათნო ცხოვრებას მიეცა, მაგრამ მალე, ქვეყანაში წარმოქმნილ არეულობებთან დაკავშირებით, ძმის თხოვნით კვლავ დაუბრუნდა სამეფო კარს.

თეოდოსი უმცროსის სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდა იმპერატორი მარკიანე (450-457). წმიდა პულქერიას სურდა, კვლავ განმარტოებას დაბრუნებოდა, მაგრამ მეფემ და დიდებულებმა თხოვეს, ხელი არ აეღო მმართველობაზე და მარკიანეს გაჰყოლოდა ცოლად. საერთო სარგებლისთვის იგი დათანხმდა ამ წინადადებას, მაგრამ იმ პირობით, რომ ქორწინებაში მისი ქალწულება დაცული იქნებოდა. ამგვარად, დედოფალი მონაზვნური სიწმიდით ცხოვრობდა.

წმიდა პულქერიას ძალისხმევით იქნა მოწვეული მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალკედონში, რომელმაც დაგმო დიოსკორესა და ევტიქის ერესები. ბოლოს წმიდანმა მთელი ქონება გლახაკებსა და ეკლესიას დაურიგა და 453 წელს, ორმოცდათოთხმეტი წლის ასაკში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წმიდა მოციქული აპოლო, სამოცდაათთაგანი

ქალაქ სმირნის (ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთ ნაპირზე) ეპისკოპოსი იყო. პავლე მოციქული მას ახსენებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (16,10).

წმიდა მოციქული ლუკა (ანუ ლუკიოსი), სამოცდაათთაგანი, სირიის ლაოდიკიის (ოდესღაც ფრიგიის მთავარი ქალაქი) ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. პავლე მოციქული მასაც ახსენებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (16,21).

წმიდა მოციქული კლიმენტი სარდიკიის (მცირე აზიის, ლიდიის მდიდარი ქალაქი ძველ დროში) ეპისკოპოსი იყო. პავლე მოციქული მის სახელს ახსენებს ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში (4,3). იგი წერს: „შეიწყნარენ ეგენი, რომელნი-ეგე სახარებასა მას თანა-მოღუაწე მექმნნეს მე კლემენტოსითურთ და სხუათა მათ თანა-შემწეთა ჩემთა, რომელთა სახელები წერილ არს წიგნსა მას ცხორებისასა“.

წმიდა ვარიფსავე

მოღვაწეობდა II საუკუნეში. იგი განდეგილად ცხოვრობდა და მრავალს მოაქცევდა ქრისტიანობაზე თავისი მადლმოსილი ქადაგებებითა და სნეულთა კურნებებით. წმიდანი წარმართებმა მოკლეს.

წმიდა მამანი ჩვენნი, პეტრე და პავლე

 ნიკეის ეპისკოპოსები იყვნენ. წმიდა პეტრემ მრავალი ტანჯვა დაითმინა ხატმბრძოლთაგან მართლმადიდებლური სარწმუნოების დასაცავად იმპერატორ ლეონ სომეხის (813-820) დროს. იგი გარდაიცვალა არა უადრეს 823 წლისა. ცნობილია წმიდა თეოდორე სტუდიელის მიერ 816-823 წლებში დაწერილი ოთხი ეპისტოლე მღვდელმთავარ პეტრეს მიმართ. ცნობები წმიდა პავლეს შესახებ არ შემონახულა. წმიდა ეკლესია ერთად იხსენიებს მოციქულთა თავთა მოსახელეებსა და მათი საქმის ერთგულ გამგრძელებლებს, წმიდა ნიკეელ მღვდელმთავრებს პეტრესა და პავლეს.

130
თემები:
საეკლესიო კალენდარი (197)
საკლასო ოთახი

როდის განახლდება სწავლა სკოლებში მთავრობის გადაწყვეტილება

0
(განახლებულია 14:29 24.09.2020)
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 4399 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1705  პაციენტი

თბილისი, 24 სექტემბერი - Sputnik. 1 ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის  I-VI კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან,   განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის გარდა ყველა რეგიონს ეხება. 

„ყველგან, სადაც დღეს დისტანციური სწავლება მიმდინარეობს, აჭარის რეგიონის გარდა, 1 ოქტომბრიდან  I-VI  კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან.  ეს ეხება თბილისს, ქუთაისს, რუსთავსა და ზუგდიდს. რაც შეეხება ფოთსა და გორს, 1 ოქტომბრიდან  სკოლებს ყველა კლასის მოსწავლე დაუბრუნდება. გარდა ამისა, მშობლებს დისტანციური სწავლების მეთოდის შერჩევის საშუალება ექნებათ“, -განაცხადა მეზრიშვილმა.

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, ამ ეტაპზე სწავლა დისტანციურად გაგრძელდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სკოლაში სწავლა 2 მარტს შეწყდა, მეცადინეობები დისტანციურად წარიმართა. სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ქვეყნის რიგი ქალაქების – თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ქობულეთის, ფოთის, რუსთავის, ზუგდიდის, გორის, ასევე კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის ზოგიერთი სოფლის სკოლებში სწავლა ორი კვირის განმავლობაში, 1 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება. ქვეყნის მასშტაბით არსებულ დანარჩენ სასწავლო დაწესებულებაში სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში დაიწყო.

საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 259-ით გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 4399 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 1705  პაციენტი, გარდაიცვალა 26 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0