ზესტაფონი

საეკლესიო კალენდარი: 2020 წლის 6 აგვისტო

159
(განახლებულია 16:18 12.08.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 6 აგვისტოს ღირსი ილარიონ თუალელის, მოწამე ქრისტინეს, კეთილმორწმუნე მთავართა: ბორისისა და გლების, ნათლისღებით რომანოზისა და დავითის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

წმიდა ილარიონ თუალელი 

ღირსი ილარიონ თუალელის შესახებ ძალიან მწირი ცნობები მოგვეპოვება. ვიცით, რომ იგი თავდაპირველად ხახულის მონასტერში მოღვაწეობდა

ღირსმა ილარიონმა აღზარდა ხახულის მონასტერში მიყვანილი ყრმა გიორგი მთაწმინდელი. როგორც ჩანს ხახულის მონასტრიდან წმიდა ილარიონი ანტიოქიაში წასულა სამოღვაწეოდ. მისი ზეწოდება თუალელი მომდინარეობს ანტიოქის მახლობლად მდებარე თუალის მოანსტრიდან.

წმიდა ილარიონმა აღკვეცა მონაზვნად გიორგი მთაწმინდელი და მანვე ჩაუნერგა ეს სიწმიდე და სიბრძნე, რითაც გიორგიმ დაატკბო საქართველოს ეკლესია. მიხეილ საბინინის (1845-1900) ცნობით, ღირსი ილარიონი გარდაიცვალა 1041 წელს.

წმიდა მოწამე ქრისტინე

წმიდა მოწამე ქრისტინეს მამა - ურბანოსი ქალაქ ტვირის მმართველი იყო. თერთმეტი წლის ასაკს მიწევნული ქალწული საოცარი მშვენიერებით გამოირჩეოდა და მრავალს სურდა მასზე დაქორწინება, მაგრამ მამა ნეტარს ქურუმად ზრდიდა. მან ქრისტინე საგანგებოდ აგებულ საკერპო შენობაში გამოკეტა და უბრძანა, ეკმია კერპებისათვის. ასულს ორი მხევალი ემსახურებოდა.

მას ქრისტინეს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და ჭეშმარიტ სარწმუნოებაში დამოძღვრა. მან ასულს ქრისტეს სასძლო უწოდა და ისიც უწინასწარმეტყველა, რომ უფლის სახელისთვის წამების დათმენა მოუწევდა. ამის შემდეგ წმიდანმა ირგვლივ აღმართული წარმართულ ღვთაებათა ყველა ქანდაკი შემუსრა და ფანჯრიდან გადაყარა. როცა მამამ, ურბანოსმა შვილი მოინახულა, გაოცებულმა იკითხა, კერპები სად გაქრნენო. ქრისტინე დუმდა. მმართველმა მხევლებს მოუწოდა, მათგან შეიტყო სიმართლე და, გაგონილით გონდაკარგულმა, ბრძანა, დაეხოცათ შვილის მხევლები, თავად ქრისტინე კი საშინელი წამების შემდეგ დილეგში ჩააგდო.   წმიდა ქრისტინე დიდხანს ჰყავდათ დილეგში გამომწყვდეული . ტვირის მმართველად დადგენილი იულიანეს ბრძანებით მას თავი მოკვეთეს.  

ბორისი და გლები

ძმები ბორისი და გლები მოციქულთასწორი ვლადიმირის შვილები იყვნენ. მამამ თავისივე სიცოცხლეში შვბილებს მიწები დაუნაწილა. ბორის რიამაზანის სამთავრო ერგო, გლებს კი მურომისა.

წმინდა ვლადიმირის სიკვდილის შემდეგ, 1015 წელს, სამთავრო ხელში ჩაიგდო შვილობილმა სვიატოპოლკმა (რუსეთის ისტორიაში "წყეულის" სახელითაა ცნობილი).

სვიტოპოლკმა წმინდა ძმების მოკვლა გადაწყვიტა. დაიქირავა მკვლელები.

24 ივლისის ღამე ბოროტგანმზრახველები წმიდა მთავრის კარავთან მიიპარნენ, მაგრამ კარიდან ფსალმუნთა გალობა მოესმათ და გადაწყვიტეს, დაეცადათ, სანამ ბორისი დასაძინებლად დაწვებოდა. შემდეგ დაესხნენ წმინდანს და მახვილებით დაწყლულებული, სვიატოპოლკთან წაიყვანეს.

სვიტოპოლკმა როცა შეიტყო, რომ ძმა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ხალხი გაგზავნა მის მოსაკლავად. წმიდა მთავრის ცხედარი ფარულად გადაასვენეს ვიშგოროდში და წმიდა ბასილის სახელობის ტაძარში დაკრძალეს.

 ბორისის სიკვდილის შემდეგ სვიატოპოლკმა მალემსრბოლელები გლებთან გაგზავნა და მძიმედ დასნეულებულ მამასთან მოუხმო. გლებიც დაუყოვნებლივ გაეშურა მშობლისგან უკანასკნელი კურთხევის მისაღებად. გზაში, მკვლელები წამოეწივნენ ნეტარს და მახვილებით მოუსწრაფეს სიცოცხლე. მისი ცხედარი იქვე, მდინარე სმიადინის პირას მიაგდეს და ზედ ფიჩხები დააყარეს.

უფლის რჩეულის წმიდა ნეშტის ადგილსამყოფელი ზეციური სასწაულით გაცხადდა: იმ ადგილას ხან ნათლის სვეტი ადგებოდა, ხანაც ანგელოზთა ტკბილი გალობა ისმოდა. სმოლენსკელებმა ამას ყურადღება მიაქციეს. გლების ცხედარს მიაკვლიეს და პატივით გადაასვენეს იგი თავიანთ ქალაქში.

 იაროსლავმა, რომელმაც დაამარცხა სვიტოპოლკი და კიევის დიდ მთავარი გახდა გლების წმიდა ნეშტი ვიშგოროდში გადაასვენა და ბორისის გვერდით დაკრძალა, წმიდა ბასილის სახელობის ტაძარში. მოგვიანებით იაროსლავის ძემ, იზიასლავმა წმიდა მთავართა სახელობის ახალი ტაძარი ააგო და 1072 წლის 2 მაისს მათი უხრწნელი ნაწილები იქ გადააბრძანა.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

159
თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (140)
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში

საეკლესიო კალენდარი: 24 სექტემბერი

100
(განახლებულია 07:56 24.09.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 სექტემბერს კრწანისის ბრძოლაში თავდადებულთა, ღირსი თეოდორა ალექსანდრიელის, მოწამეთა: დიმიტრის, ევანთიას, დიმიტრიანეს, დიოდორე და დიდიმე ასურელთა, იას, ღირსი ევფროსინეს, ღირსი სილოანე ათონელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

კრწანისის ბრძოლაში თავდადებულნი: 300 არაგველი და სასულიერო და საერო პირები

მე-18 საუკუნის მიწურულს, აღა-მაჰმად-ხანმა ქართლ-კახეთის მეფეს, ერეკლე II-ს სამეფოზე სპარსეთის ბატონობის აღდგენა და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა მოსთხოვა. აღა-მაჰმად-ხანი 35-ათასიანი ჯარით საქართველოსკენ გამოემართა. ქართველთა ჯარი მტერზე ბევრად მცირერიცხოვანი იყო. სპარსელებმა თბილისი ჯერ გაძარცვეს, შემდეგ დაარბიეს და ცეცხლს მისცეს, მრავალი ათასი მცხოვრები ტყვედ წაიყვანეს. მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილისა და გადამდები სნეულებისაგან დაიღუპა. ქართლის სოფლებს მოთარეშეთა რაზმები შეესივნენ. კრწანისის ბრძოლამ, რომელიც კრწანისის ველზე ქართლ-კახეთისა და სპარსეთის ლაშქარს შორის 1795 წელს გაიმართა. დიდი ზარალი მიაყენა აღმოსავლეთ საქართველოს. 300 არაგველი და სხვა მებრძოლები უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ.

ღირსი თეოდორა ალექსანდრიელი

ღირსი თეოდორა ალექსანდრიელი და მისი ქმარი ალექსანდრიაში ცხოვრობდნენ იმპერატორ ზენონის (475-491) დროს.

წმიდა მოწამე ია 

წმიდა მოწამე იას აიგივებენ ღირსმოწამე ევდოკიასთან, რომელიც საპორ II-ის მიერ სპარსეთის ქალაქ ბიზადაში ტყვედ წასხმულ ქრისტიანებს შორის მოხვდა. ჭეშმარიტი სარწმუნოების ქადაგებისთვის წარმართებმა იგი შეიპყრეს. მთავარი ქურუმი ნეტარისგან დაჟინებით ითხოვდა, დაეგმო ჭეშმარიტი ღმერთი, მაგრამ ამაოდ. ამის შემდეგ წმიდა ია აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს; განმეორებითი წამების შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს

წმიდა მოწამენი დიოდორე და დიდიმე ასურელნი

წმიდა მოწამენი დიოდორე და დიდიმე ასურელნი, წარმოშობით სირიის ლაოდიკიიდან იყვნენ. ისინი მხურვალედ ქადაგებდნენ ქრისტეს სარწმუნოებას თანამოქალაქეთა შორის, რისთვისაც წარმართებმა შეიპყრეს, სასტიკად აწამეს, დაბოლოს, შოლტების ცემით ამოხადეს სული.

წმიდა მოწამენი: დიმიტრი, მეუღლე მისი ევანთია და ძე მათი დიმიტრიანე

წმიდა მოწამე დიმიტრი ჰელესპონტის სკეფსეოსის მმართველი იყო მაშინ, როცა აქ კორნილიოს ასისთავი ჩავიდა სახარების ქადაგებით. წმიდა კორნილიოსმა ქალაქის მრავალი მკვიდრი მოაქცია ქრისტიანობაზე. წარმართებმა ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებისთვის ახალმოქცეულები საპყრობილეში გამოამწყვდიეს და შიმშილით დახოცეს.

ღირსი ევფროსინე 

ღირსი ევფროსინე პალესტინის ერთ-ერთი მონასტრის ბერი იყო და სამზარეულოში აღასრულებდა მორჩილების საქმეს. იგი გულმოდგინედ ემსახურებოდა ძმებს, გასაოცარი იყო წმიდანის მოთმინება: იგი უდრტვინველად იტანდა ყოველგვარ, ძალზე ხშირად, დაუმსახურებელ საყვედურს. მხურვალე მლოცველი და მკაცრი მმარხველი ევფროსინე ფარული ღვაწლით სათნოეყო უფალს, რაც თავად ზეცათა მეუფემ გაუცხადა მონასტრის ძმობას: სავანის ერთმა ხუცესმა ლოცვაში ითხოვა, მართლებისთვის განმზადებული საუკუნო ნეტარების ხილვის ღირსი გამხდარიყო. ღმერთმაც შეისმინა მისი და ძილში სამოთხის ენით აუწერელი მშვენიერება დაანახა. უეცრად მღვდელ-მონაზონმა თავისი მონასტრის ბერი - მზარეული ევფროსინე შენიშნა და ამგვარი შეხვედრით გაკვირვებულმა ჰკითხა, აქ როგორ აღმოჩნდიო. „ღვთის გამოუთქმელი მოწყალებით!“ - მიუგო წმიდანმა. ხუცესი ჩაეკითხა, თუ გაქვსო კადნიერება, მიბოძო რამე ამ ბაღიდან. მდაბალმა მონაზონმა სამოთხის ხის სამი ნაყოფი მოწყვიტა, ტილოში გაახვია და თანამოსაუბრეს გაუწოდა. ცისკრის ლოცვამდე გაღვიძებულმა მამამ ჩვენება ჩვეულებრივ სიზმრად ჩათვალა, მაგრამ მალე მისი ყურადღება ტილოში გახვეულმა საოცრად სურნელოვანმა ვაშლებმა მიიპყრო. ხუცესმა ტაძარში ღირსი ევფროსინე მოძებნა და სთხოვა, გაემხილა, სად იყო ღამით. ნეტარმა მიუგო: „მეც იქ ვიყავი, სადაც შენ. უფალმა შეგისრულა სათხოვარი, სამოთხე დაგანახა და მისი ნაყოფებიც გადმოგცა თავისი უღირსი მონის - ევფროსინეს ხელით“. ცისკრის შემდეგ ხუცესმა ეს ყოველივე ძმებს მოუთხრო, ბერებმა სამზარეულოს მიაშურეს, რომ თაყვანი ეცათ წმიდა მამისთვის, მაგრამ იგი ვერსად იპოვეს: ნეტარი განერიდა კაცთამიერ დიდებას და დატოვა სავანე. ძმებისთვის უცნობი დარჩა, სად გაიხიზნა მათი თანამოღვაწე, სამოთხის ვაშლებს კი  ბერები სასოებით ინახავდნენ და პატარ-პატარა ნაწილებად არიგებდნენ სულიერ და ხორციელ სნეულებათა საკურნებლად

ღირსი სილოანე ათონელი

ღირსი სილოანე ათონელი (ერობაში სვიმეონი) 1866 წელს დაიბადა ტამბოვის გუნერნიაში.

1892 წლის შემოდგომაზე ღირსი მამა ათონზე ჩავიდა და წმიდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში მორჩილად შედგა. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, 1896 წელს მან დიდი სქემა შეიმოსა.

წმიდა სილოანე ათონელი გარდაიცვალა 1938 წლის 11 სექტემბერს. მისი წმიდა ნაწილები ათონზე, პანტელეიმონის რუსულ მონასტერშია დაბრძანებული.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

 

 

100
მოწამეთა

საეკლესიო კალენდარი - 23 სექტემბერი

130
(განახლებულია 21:12 22.09.2020)
ეკლესია დღეს აღნიშნავს ხსენებას მოწამეთა მინოდორასი, მიტროდორასი და ნიმფოდორასი; მოციქულთა: აპოლიოსისა, ლუკიოსისა და კლიმენტისა, 70-თაგანთა; მოწამისა ვარიფსავასი; კეთილმორწმუნისა პულქერიასი, ბერძენთა დედოფლისა; მღვდელმთავართა პეტრესი და პავლესი, ნიკეელ ეპისკოპოსთა.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები დ რა ღვაწლი მიუძღვით ეკლესიის წინაშე.

წმიდა მოწამენი: მინოდორა, მიტროდორა და ნიმფოდორა 

ისინი ღვიძლი დები იყვნენ, წარმოშობით ბითვინიიდან (მცირე აზია). ღვთისმოშიშებით გამორჩეულებმა გადაწყვიტეს, გარიდებოდნენ ამ სოფელს, ერთი განკრძალული ბერი ჰპოვეს უდაბნოში და აქ ატარებდნენ დღეებს ლოცვითა და მარხვით.

მალე წმიდანებმა შორს გაითქვეს სახელი, რადგან უფლისაგან სასაწაულებრივი კურნების ნიჭი მიემადლათ. ოლქის მმართველმა, ფრონტონმა ბრძანა, შეეპყროთ ისინი და მისთვის მოეგვარათ. უღმრთო ხელისუფალი პატივისა და ჯილდოების აღთქმით შეეცადა ქალწულების გადადრეკას ქრისტეს სარწმუნოებისაგან, მაგრამ მათ ახოვნად აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი და ყველა მაცდური წინადადება უარყვეს.

დები საშინლად აწამეს და დახოცეს. მათი ზოგი უხრწნელი ნაწილი ათონზე, პანტელეიმონის რუსული მონასტრის ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ინახება, წმიდა მიტროდორას მკლავი კი წმიდა მთაზევე, პანტოკრატორის სავანეშია დაბრძენებული.

კეთილმსახური დედოფალი პულქერია

ბერძენი იმპერატორის, არკადის (395-408) ასული, თავისი ძმის, თეოდოსი უმცროსის (408-450) თანამმართველი და მრჩეველი იყო. მრავალმხრივ განათლებული ხელისუფალი სიბრძნითა და კეთილმსახურებით გამოირჩეოდა და მტკიცედ ერთგულებდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. მისი თანადგომით იქნა მოწვეული III მსოფლიო კრება ეფესოში 431 წელს.

მტრებისა და იმპერატორ თეოდოსის მეუღლის, ევდოკიას მანქანებით პულქერია მმართველობას ჩამოაშორეს. იგი განმარტოვდა და ღვთივსათნო ცხოვრებას მიეცა, მაგრამ მალე, ქვეყანაში წარმოქმნილ არეულობებთან დაკავშირებით, ძმის თხოვნით კვლავ დაუბრუნდა სამეფო კარს.

თეოდოსი უმცროსის სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდა იმპერატორი მარკიანე (450-457). წმიდა პულქერიას სურდა, კვლავ განმარტოებას დაბრუნებოდა, მაგრამ მეფემ და დიდებულებმა თხოვეს, ხელი არ აეღო მმართველობაზე და მარკიანეს გაჰყოლოდა ცოლად. საერთო სარგებლისთვის იგი დათანხმდა ამ წინადადებას, მაგრამ იმ პირობით, რომ ქორწინებაში მისი ქალწულება დაცული იქნებოდა. ამგვარად, დედოფალი მონაზვნური სიწმიდით ცხოვრობდა.

წმიდა პულქერიას ძალისხმევით იქნა მოწვეული მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალკედონში, რომელმაც დაგმო დიოსკორესა და ევტიქის ერესები. ბოლოს წმიდანმა მთელი ქონება გლახაკებსა და ეკლესიას დაურიგა და 453 წელს, ორმოცდათოთხმეტი წლის ასაკში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წმიდა მოციქული აპოლო, სამოცდაათთაგანი

ქალაქ სმირნის (ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთ ნაპირზე) ეპისკოპოსი იყო. პავლე მოციქული მას ახსენებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (16,10).

წმიდა მოციქული ლუკა (ანუ ლუკიოსი), სამოცდაათთაგანი, სირიის ლაოდიკიის (ოდესღაც ფრიგიის მთავარი ქალაქი) ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. პავლე მოციქული მასაც ახსენებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (16,21).

წმიდა მოციქული კლიმენტი სარდიკიის (მცირე აზიის, ლიდიის მდიდარი ქალაქი ძველ დროში) ეპისკოპოსი იყო. პავლე მოციქული მის სახელს ახსენებს ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში (4,3). იგი წერს: „შეიწყნარენ ეგენი, რომელნი-ეგე სახარებასა მას თანა-მოღუაწე მექმნნეს მე კლემენტოსითურთ და სხუათა მათ თანა-შემწეთა ჩემთა, რომელთა სახელები წერილ არს წიგნსა მას ცხორებისასა“.

წმიდა ვარიფსავე

მოღვაწეობდა II საუკუნეში. იგი განდეგილად ცხოვრობდა და მრავალს მოაქცევდა ქრისტიანობაზე თავისი მადლმოსილი ქადაგებებითა და სნეულთა კურნებებით. წმიდანი წარმართებმა მოკლეს.

წმიდა მამანი ჩვენნი, პეტრე და პავლე

 ნიკეის ეპისკოპოსები იყვნენ. წმიდა პეტრემ მრავალი ტანჯვა დაითმინა ხატმბრძოლთაგან მართლმადიდებლური სარწმუნოების დასაცავად იმპერატორ ლეონ სომეხის (813-820) დროს. იგი გარდაიცვალა არა უადრეს 823 წლისა. ცნობილია წმიდა თეოდორე სტუდიელის მიერ 816-823 წლებში დაწერილი ოთხი ეპისტოლე მღვდელმთავარ პეტრეს მიმართ. ცნობები წმიდა პავლეს შესახებ არ შემონახულა. წმიდა ეკლესია ერთად იხსენიებს მოციქულთა თავთა მოსახელეებსა და მათი საქმის ერთგულ გამგრძელებლებს, წმიდა ნიკეელ მღვდელმთავრებს პეტრესა და პავლეს.

130
თემები:
საეკლესიო კალენდარი
მაღვიძარა

ყველანაირი დიეტა ფუჭია, თუ სწორად არ გძინავთ: მეცნიერები გვირჩევენ

0
(განახლებულია 15:46 24.09.2020)
ირკვევა, რომ წონაში დაკლების მსურველების ყველა მცდელობა, რაოდენ მკაცრადაც უნდა იცავდნენ დიეტას, ფუჭი და ამაო გამოდგება, თუ სწორად არ დაიძინეს

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. 2025 წლისთვის დედამიწის ყოველი მეხუთე მკვიდრი ჭარბწონიანი იქნება, ასეთია კოლაბორაციის პროგნოზი, რომელიც არაინფექციურ დაავადებათა რისკის ფაქტორებს შეისწავლის.

საქმე მარტო არასწორ კვებასა და მცირე ფიზიკურ აქტივობაში არ ყოფილა. როგორც ერთდროულად რამდენიმე კვლევითი ჯგუფი აღნიშნავს, ძილის ნაკლებობა ხელს უშლის ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებას.

ვისაც ღამით რეკომენდებულ რვა საათზე ნაკლები სძინავს, თუნდაც მკაცრ დიეტას იცავდეს, როგორც წესი, უჭირს წონის დაკლება.

2017 წელს კორეელმა მეცნიერებმა, გააანალიზეს რა თითქმის 17 ათასი ადამიანის ჯანმრთელობისა და ჩვევების შესახებ მონაცემები, შეამჩნიეს, რომ ძილის ნაკლებობა ხელს უწყობს ჭარბწონიანობასა და მასთან დაკავშირებულ დაავადებებს. მათ, ვისაც მცირე ხნით ეძინათ, უფრო მეტი ცხიმოვანი ქსოვილი ჰქონდათ და წონის დაკლების მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა.

მსგავსი შედეგები მიიღეს ჩიკაგოს უნივერსიტეტშიც (აშშ). მოხალისეები, რომლებსაც თითქმის ორი კვირის განმავლობაში დღეში ხუთნახევარი საათის განმავლობაში ეძინათ, უფრო ნელა იკლებდნენ წონაში, ვიდრე ისინი, ვინც ღამით რვანახევარი საათი ისვენებდა. ორივე ჯგუფი სპეციალური სისტემით შემცირებული ნორმის კალორიებით იკვებებოდა.

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის (აშშ) ბიოლოგების აზრით, დასვენების დღეებში გამოძინება არაა შედეგის მომცემი. მკვლევარები 36 მოხალისეს დააკვირდნენ, რომლებიც ჭარბი წონის დაკლებას ცდილობდნენ. ყველა მათგანი მკაცრ დიეტას იცავდა, ზოგმა მათგანმა სამუშაო დღეებში საწოლში რვა საათზე ნაკლები გაატარა, ხოლო შაბათ-კვირას — უფრო მეტი.

რვა კვირის შემდეგ გაირკვა, რომ კვლევის ყველა მონაწილემ დაახლოებით ერთი და იგივე წონა დაკარგა. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მათ, ვისაც ნორმალურად ეძინა, წონაში ძირითადად ცხიმოვანი მასის შემცირების გამო დაკარგეს, მათ კი, ვისაც   საკმარისად არ ეძინა — კუნთოვანი ქსოვილების ხარჯზე.

ამერიკელი და ბელგიელი მკვლევარები გამოუძინებლობის გამო წონის მატებას  მადაზე გავლენის მქონე ჰორმონების მოქმედებას უკავშირებენ. ძილის დეფიციტიან 12 ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეში გრელინის დონე გაიზარდა, ხოლო ლეპტინისა — შემცირდა. პირველი მათგანი ზრდის მადას (მას ასევე უწოდებენ შიმშილის ჰორმონს), მეორე კი პირიქით, პასუხისმგებელია დანაყრების (სიმაძღრის) შეგრძნებაზე. ამ ჰორმონების ვარირებით შეიძლება დადგინდეს, რომ ადამიანები, რომლებსაც ნორმალურზე ნაკლები სძინავთ, ხშირად ჭარბი წონით იტანჯებიან.

იაპონელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ძილის ნაკლებობა სამ დღეშიც კი თითქმის ათი პროცენტით ამცირებს ლეპტინის დონეს.

მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ ძილის ქრონიკულმა უკმარისობამ შესაძლოა წონის უკონტროლო მომატება გამოიწვიოს.

0
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება