გერგერტის სამება

საეკლესიო კალენდარი: 2020 წლის 5 აგვისტო

211
(განახლებულია 16:18 12.08.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 5 აგვისტოს მოწამეთა: ტროფიმეს, თეოფილეს და მათთან 13-თა მოწამეთა, ასევე მღვდელმოწამე აპოლინარის, რავენიელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ, ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამენი ტროფიმე, თეოფილე და მათთან ათცამეტი მოწამე

წმიდა მოწამენი ტროფიმე, თეოფილე და სხვა ათცამეტნი იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს აწამეს. სამსჯავროზე წარმდგარმა მორწმუნეებმა გაბედულად აღიარეს ქრისტე და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე მტკიცე უარი განაცხადეს. ამისთვის ისინი სასტიკად აწამეს. შემდეგ კი, წვივებგადამსხვრეულები, ცეცხლში ჩაყარეს. სულიწმიდის მადლით განკურნებული და განმტკიცებული ქრისტეს ტარიგები სრულიად უვნებელნი გამოვიდნენ კოცონიდან და კიდევ უფრო ახოვნად აღიარეს ჭეშმარიტი სარწმუნოება. უსჯულოებს წმიდათა მოდრეკის იმედი საბოლოოდ გადაეწურათ და მათ თავები მოჰკვეთეს

მღვდელმოწამე აპოლინარი, რავენელი ეპისკოპოსი

მღვდელმოწამე აპოლინარი, რავენელი ეპისკოპოსი წარმოშობით ანტიოქიელი იყო. რავენის ეპისკოპოსად იგი პავლე მოციქულმა აკურთხა რომში, იმპერატორ კლავდიუსის (41-54) დროს.

თავის ეპარქიაში ნეტარი უბრალო მწირის სახით ჩავიდა და ადგილობრივ მკვიდრს, მხედარ ირინეოსს თავშესაფარი სთხოვა. მასპინძელთან საუბარში წმინდანმა გააცხადა მისი უმაღლესი სასულიერო წოდება და შემდეგ უფლისადმი აღვლენილი ლოცვით თვალისჩინი დაუბრუნა ირინეოსის ბრმა ვაჟს. გახარებულმა ირინეოსმა და მისმა სახლეულებმა, პირველებმა რავენელებს შორის, ირწმუნეს ჭეშმარიტი ღვთის ყოვლადძლიერება. მღვდელმთავარი მათ სახლში დარჩა საცხოვრებლად. წმიდანის ქადაგებას მრავალი სასწაული ახლდა თან. როცა მისი ლოცვით ტრიბუნის დავრდომილი მეუღლე, თეკლა განიკურნა, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცა ტრიბუნის მთელი ოჯახი. მათ სასახლეში აპოლინარმა მოაწყო მცირე ეკლესია. ახალმოქცეულ რავენელთათვის წმიდა ეპისკოპოსმა ორი ხუცესი - ადერეტი და კალორიკე - და ორი დიაკონი დაადგინა.

ქალაქში აპოლინარის მოღვაწეობის თორმეტი წლის მანძილზე მართლმორწმუნეთა რიცხვი სულ უფრო და უფრო მატულობდა. შეშფოთებულმა წარმართმა ქურუმებმა მმართველ სატურნინესთან დაასმინეს და სამსჯავროს წინაშე წარადგინეს მწყემსმთავარი და სასტიკად აწამეს. როცა ჩათვალეს, რომ წმიდანს სული აღმოხდა, მტარვალებმა ქალაქგარეთ გაიტანეს მისი ცხედარი და ზღვის ნაპირას დააგდეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ნეტარი ცოცხალი იყო. იგი ერთმა კეთილმსახურმა ქვრივმა შეიფარა, მოასულიერა და უწამლა. მის სახლში წმიდა მღვდელმთავარი ექვსი თვის მანძილზე იმყოფებოდა და ქადაგებდა ქრისტეს სარწმუნოებას. აპოლინარის ადგილსამყოფელი მაშინ გაცხადდა, როცა მან ქალაქის დიდგვაროვანს ბონიფანტეს მეტყველების უნარი დაუბრუნა. ამ სასწაულმა მრავალი წარმართი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, წმიდანი კი კვლავ სამსჯავროზე წარადგინეს და წამება დაუწყეს - აიძულებდნენ, ფეხშიშველა მდგარიყო გავარვარებულ ნაღვერდალში. მღვდელმთავარს ქადაგება არ შეუწყვეტია მანამ, სანამ უღმრთოებმა იგი ქალაქიდან არ განდევნეს. გარკვეული ხნის განმავლობაში წმიდანი იტალიაში იმყოფებოდა და კვლავინდებურად განაგრძობდა სახარების სწავლებას. ამ დროს რავენის ეკლესიას ხუცესი კალორიკე განაგებდა. სამწყსოსთან დაბრუნებული აპოლინარი კვლავ დაატუსაღეს, ქალაქიდან გაძევება მიუსაჯეს და მძიმე ბორკილებით შებოჭილი აიყვანეს გემზე, რომელიც დუნაის გზით ილირიისკენ მიემართებოდა.

გადასახლების ადგილამდე მისი ჩაყვანა ორ მეომარს მიანდეს. დევნილ ეპისკოპოსს სამი ღვთისმსახური ნებით გაჰყვა ქალაქიდან. გზაში ხომალდი დაიღუპა და ყველა მგზავრი დაიხრჩო, გადარჩა მხოლოდ აპოლინარი, მისი თანმხლები ღვთისმსახურები და ორი მცველი. წმიდა მღვდელმთავრის ქადაგების გავლენით მეომრებმა ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. მგზავრები მიზიაში ჩავიდნენ.

წმიდა მამა დაუცხრომლად ქადაგებდა მაცხოვრის სწავლებას და მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე, რისთვისაც უსჯულოებმა დევნა დაუწყეს. მათ უმოწყალოდ გვემეს ნეტარი, შემდეგ კი იტალიისკენ მიმავალ ხომალდზე აიყვანეს და უკანვე გაგზავნეს. სამი წლის იძულებითი განშორების შემდეგ მართლმადიდებლობის ერთგული მსახური ისევ დაუბრუნდა თავის სამწყსოს, რომელმაც სიხარულით მიიღო იგი, მაგრამ წარმართები კვლავ შფოთავდნენ: ისინი თავს დაესხნენ ტაძარს, მლოცველები დაფანტეს, თავად აპოლინარი კი ქურუმებთან, აპოლონის საკერპოში წაიყვანეს. როგორც კი ნეტარმა ბომონში ფეხი შედგა, კერპი ჩამოვარდა და დაიმსხვრა. გაავებულმა წარმართებმა აპოლინარი ოლქის ახალ მმართველ ტაბრუსთან მიიყვანეს.

აქ მან კიდევ ერთი სასწაული აღასრულა - მმართველის ბრმადშობილი ვაჟი განკურნა. ტაბრუსი შეეცადა, გამხეცებული ბრბოსგან დაეფარა უფლის რჩეული და იგი ქალაქგარეთ გაგზავნა, თავის მამულში. აქ მმართველის ცოლ-შვილი მოინათლა. თავად ტაბრუსმა იმპერატორის შიშით ვერ გაბედა ნათლისღება, მაგრამ კეთილისმყოფელს კი სიყვარულითა და მადლიერებით ეპყრობოდა. ოთხი წელი ცხოვრობდა აპოლინარი მმართველის მამულში. წარმართმა ქურუმებმა იმპერატორ ვესპასიანეს მიმართეს თხოვნით, სიკვდილით დაესაჯა ქრისტიანთა „ქურუმი“. მაგრამ ვესპასიანემ არ მიიღო საჩივარი და მომჩივრებს შეუთვალა რომ: „ღმერთებს საკმაო ძალა გააჩნიათ იმისთვის, რომ შური იძიონ, თუ თავს შეურაცხყოფილად გრძნობენ!“ წმიდა აპოლინარი ოცდარვა წლის მანძილზე განაგებდა რავენის ეკლესიას და მიიცვალა ქრისტეს შობიდან დაახლოებით 75 წელს.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

211
თემები:
საეკლესიო კალენდარი (197)
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში

საეკლესიო კალენდარი: 24 სექტემბერი

100
(განახლებულია 07:56 24.09.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 სექტემბერს კრწანისის ბრძოლაში თავდადებულთა, ღირსი თეოდორა ალექსანდრიელის, მოწამეთა: დიმიტრის, ევანთიას, დიმიტრიანეს, დიოდორე და დიდიმე ასურელთა, იას, ღირსი ევფროსინეს, ღირსი სილოანე ათონელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

კრწანისის ბრძოლაში თავდადებულნი: 300 არაგველი და სასულიერო და საერო პირები

მე-18 საუკუნის მიწურულს, აღა-მაჰმად-ხანმა ქართლ-კახეთის მეფეს, ერეკლე II-ს სამეფოზე სპარსეთის ბატონობის აღდგენა და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა მოსთხოვა. აღა-მაჰმად-ხანი 35-ათასიანი ჯარით საქართველოსკენ გამოემართა. ქართველთა ჯარი მტერზე ბევრად მცირერიცხოვანი იყო. სპარსელებმა თბილისი ჯერ გაძარცვეს, შემდეგ დაარბიეს და ცეცხლს მისცეს, მრავალი ათასი მცხოვრები ტყვედ წაიყვანეს. მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილისა და გადამდები სნეულებისაგან დაიღუპა. ქართლის სოფლებს მოთარეშეთა რაზმები შეესივნენ. კრწანისის ბრძოლამ, რომელიც კრწანისის ველზე ქართლ-კახეთისა და სპარსეთის ლაშქარს შორის 1795 წელს გაიმართა. დიდი ზარალი მიაყენა აღმოსავლეთ საქართველოს. 300 არაგველი და სხვა მებრძოლები უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ.

ღირსი თეოდორა ალექსანდრიელი

ღირსი თეოდორა ალექსანდრიელი და მისი ქმარი ალექსანდრიაში ცხოვრობდნენ იმპერატორ ზენონის (475-491) დროს.

წმიდა მოწამე ია 

წმიდა მოწამე იას აიგივებენ ღირსმოწამე ევდოკიასთან, რომელიც საპორ II-ის მიერ სპარსეთის ქალაქ ბიზადაში ტყვედ წასხმულ ქრისტიანებს შორის მოხვდა. ჭეშმარიტი სარწმუნოების ქადაგებისთვის წარმართებმა იგი შეიპყრეს. მთავარი ქურუმი ნეტარისგან დაჟინებით ითხოვდა, დაეგმო ჭეშმარიტი ღმერთი, მაგრამ ამაოდ. ამის შემდეგ წმიდა ია აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს; განმეორებითი წამების შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს

წმიდა მოწამენი დიოდორე და დიდიმე ასურელნი

წმიდა მოწამენი დიოდორე და დიდიმე ასურელნი, წარმოშობით სირიის ლაოდიკიიდან იყვნენ. ისინი მხურვალედ ქადაგებდნენ ქრისტეს სარწმუნოებას თანამოქალაქეთა შორის, რისთვისაც წარმართებმა შეიპყრეს, სასტიკად აწამეს, დაბოლოს, შოლტების ცემით ამოხადეს სული.

წმიდა მოწამენი: დიმიტრი, მეუღლე მისი ევანთია და ძე მათი დიმიტრიანე

წმიდა მოწამე დიმიტრი ჰელესპონტის სკეფსეოსის მმართველი იყო მაშინ, როცა აქ კორნილიოს ასისთავი ჩავიდა სახარების ქადაგებით. წმიდა კორნილიოსმა ქალაქის მრავალი მკვიდრი მოაქცია ქრისტიანობაზე. წარმართებმა ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებისთვის ახალმოქცეულები საპყრობილეში გამოამწყვდიეს და შიმშილით დახოცეს.

ღირსი ევფროსინე 

ღირსი ევფროსინე პალესტინის ერთ-ერთი მონასტრის ბერი იყო და სამზარეულოში აღასრულებდა მორჩილების საქმეს. იგი გულმოდგინედ ემსახურებოდა ძმებს, გასაოცარი იყო წმიდანის მოთმინება: იგი უდრტვინველად იტანდა ყოველგვარ, ძალზე ხშირად, დაუმსახურებელ საყვედურს. მხურვალე მლოცველი და მკაცრი მმარხველი ევფროსინე ფარული ღვაწლით სათნოეყო უფალს, რაც თავად ზეცათა მეუფემ გაუცხადა მონასტრის ძმობას: სავანის ერთმა ხუცესმა ლოცვაში ითხოვა, მართლებისთვის განმზადებული საუკუნო ნეტარების ხილვის ღირსი გამხდარიყო. ღმერთმაც შეისმინა მისი და ძილში სამოთხის ენით აუწერელი მშვენიერება დაანახა. უეცრად მღვდელ-მონაზონმა თავისი მონასტრის ბერი - მზარეული ევფროსინე შენიშნა და ამგვარი შეხვედრით გაკვირვებულმა ჰკითხა, აქ როგორ აღმოჩნდიო. „ღვთის გამოუთქმელი მოწყალებით!“ - მიუგო წმიდანმა. ხუცესი ჩაეკითხა, თუ გაქვსო კადნიერება, მიბოძო რამე ამ ბაღიდან. მდაბალმა მონაზონმა სამოთხის ხის სამი ნაყოფი მოწყვიტა, ტილოში გაახვია და თანამოსაუბრეს გაუწოდა. ცისკრის ლოცვამდე გაღვიძებულმა მამამ ჩვენება ჩვეულებრივ სიზმრად ჩათვალა, მაგრამ მალე მისი ყურადღება ტილოში გახვეულმა საოცრად სურნელოვანმა ვაშლებმა მიიპყრო. ხუცესმა ტაძარში ღირსი ევფროსინე მოძებნა და სთხოვა, გაემხილა, სად იყო ღამით. ნეტარმა მიუგო: „მეც იქ ვიყავი, სადაც შენ. უფალმა შეგისრულა სათხოვარი, სამოთხე დაგანახა და მისი ნაყოფებიც გადმოგცა თავისი უღირსი მონის - ევფროსინეს ხელით“. ცისკრის შემდეგ ხუცესმა ეს ყოველივე ძმებს მოუთხრო, ბერებმა სამზარეულოს მიაშურეს, რომ თაყვანი ეცათ წმიდა მამისთვის, მაგრამ იგი ვერსად იპოვეს: ნეტარი განერიდა კაცთამიერ დიდებას და დატოვა სავანე. ძმებისთვის უცნობი დარჩა, სად გაიხიზნა მათი თანამოღვაწე, სამოთხის ვაშლებს კი  ბერები სასოებით ინახავდნენ და პატარ-პატარა ნაწილებად არიგებდნენ სულიერ და ხორციელ სნეულებათა საკურნებლად

ღირსი სილოანე ათონელი

ღირსი სილოანე ათონელი (ერობაში სვიმეონი) 1866 წელს დაიბადა ტამბოვის გუნერნიაში.

1892 წლის შემოდგომაზე ღირსი მამა ათონზე ჩავიდა და წმიდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში მორჩილად შედგა. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, 1896 წელს მან დიდი სქემა შეიმოსა.

წმიდა სილოანე ათონელი გარდაიცვალა 1938 წლის 11 სექტემბერს. მისი წმიდა ნაწილები ათონზე, პანტელეიმონის რუსულ მონასტერშია დაბრძანებული.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

 

 

100
მოწამეთა

საეკლესიო კალენდარი - 23 სექტემბერი

130
(განახლებულია 21:12 22.09.2020)
ეკლესია დღეს აღნიშნავს ხსენებას მოწამეთა მინოდორასი, მიტროდორასი და ნიმფოდორასი; მოციქულთა: აპოლიოსისა, ლუკიოსისა და კლიმენტისა, 70-თაგანთა; მოწამისა ვარიფსავასი; კეთილმორწმუნისა პულქერიასი, ბერძენთა დედოფლისა; მღვდელმთავართა პეტრესი და პავლესი, ნიკეელ ეპისკოპოსთა.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები დ რა ღვაწლი მიუძღვით ეკლესიის წინაშე.

წმიდა მოწამენი: მინოდორა, მიტროდორა და ნიმფოდორა 

ისინი ღვიძლი დები იყვნენ, წარმოშობით ბითვინიიდან (მცირე აზია). ღვთისმოშიშებით გამორჩეულებმა გადაწყვიტეს, გარიდებოდნენ ამ სოფელს, ერთი განკრძალული ბერი ჰპოვეს უდაბნოში და აქ ატარებდნენ დღეებს ლოცვითა და მარხვით.

მალე წმიდანებმა შორს გაითქვეს სახელი, რადგან უფლისაგან სასაწაულებრივი კურნების ნიჭი მიემადლათ. ოლქის მმართველმა, ფრონტონმა ბრძანა, შეეპყროთ ისინი და მისთვის მოეგვარათ. უღმრთო ხელისუფალი პატივისა და ჯილდოების აღთქმით შეეცადა ქალწულების გადადრეკას ქრისტეს სარწმუნოებისაგან, მაგრამ მათ ახოვნად აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი და ყველა მაცდური წინადადება უარყვეს.

დები საშინლად აწამეს და დახოცეს. მათი ზოგი უხრწნელი ნაწილი ათონზე, პანტელეიმონის რუსული მონასტრის ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ინახება, წმიდა მიტროდორას მკლავი კი წმიდა მთაზევე, პანტოკრატორის სავანეშია დაბრძენებული.

კეთილმსახური დედოფალი პულქერია

ბერძენი იმპერატორის, არკადის (395-408) ასული, თავისი ძმის, თეოდოსი უმცროსის (408-450) თანამმართველი და მრჩეველი იყო. მრავალმხრივ განათლებული ხელისუფალი სიბრძნითა და კეთილმსახურებით გამოირჩეოდა და მტკიცედ ერთგულებდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. მისი თანადგომით იქნა მოწვეული III მსოფლიო კრება ეფესოში 431 წელს.

მტრებისა და იმპერატორ თეოდოსის მეუღლის, ევდოკიას მანქანებით პულქერია მმართველობას ჩამოაშორეს. იგი განმარტოვდა და ღვთივსათნო ცხოვრებას მიეცა, მაგრამ მალე, ქვეყანაში წარმოქმნილ არეულობებთან დაკავშირებით, ძმის თხოვნით კვლავ დაუბრუნდა სამეფო კარს.

თეოდოსი უმცროსის სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდა იმპერატორი მარკიანე (450-457). წმიდა პულქერიას სურდა, კვლავ განმარტოებას დაბრუნებოდა, მაგრამ მეფემ და დიდებულებმა თხოვეს, ხელი არ აეღო მმართველობაზე და მარკიანეს გაჰყოლოდა ცოლად. საერთო სარგებლისთვის იგი დათანხმდა ამ წინადადებას, მაგრამ იმ პირობით, რომ ქორწინებაში მისი ქალწულება დაცული იქნებოდა. ამგვარად, დედოფალი მონაზვნური სიწმიდით ცხოვრობდა.

წმიდა პულქერიას ძალისხმევით იქნა მოწვეული მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალკედონში, რომელმაც დაგმო დიოსკორესა და ევტიქის ერესები. ბოლოს წმიდანმა მთელი ქონება გლახაკებსა და ეკლესიას დაურიგა და 453 წელს, ორმოცდათოთხმეტი წლის ასაკში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წმიდა მოციქული აპოლო, სამოცდაათთაგანი

ქალაქ სმირნის (ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთ ნაპირზე) ეპისკოპოსი იყო. პავლე მოციქული მას ახსენებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (16,10).

წმიდა მოციქული ლუკა (ანუ ლუკიოსი), სამოცდაათთაგანი, სირიის ლაოდიკიის (ოდესღაც ფრიგიის მთავარი ქალაქი) ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. პავლე მოციქული მასაც ახსენებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (16,21).

წმიდა მოციქული კლიმენტი სარდიკიის (მცირე აზიის, ლიდიის მდიდარი ქალაქი ძველ დროში) ეპისკოპოსი იყო. პავლე მოციქული მის სახელს ახსენებს ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში (4,3). იგი წერს: „შეიწყნარენ ეგენი, რომელნი-ეგე სახარებასა მას თანა-მოღუაწე მექმნნეს მე კლემენტოსითურთ და სხუათა მათ თანა-შემწეთა ჩემთა, რომელთა სახელები წერილ არს წიგნსა მას ცხორებისასა“.

წმიდა ვარიფსავე

მოღვაწეობდა II საუკუნეში. იგი განდეგილად ცხოვრობდა და მრავალს მოაქცევდა ქრისტიანობაზე თავისი მადლმოსილი ქადაგებებითა და სნეულთა კურნებებით. წმიდანი წარმართებმა მოკლეს.

წმიდა მამანი ჩვენნი, პეტრე და პავლე

 ნიკეის ეპისკოპოსები იყვნენ. წმიდა პეტრემ მრავალი ტანჯვა დაითმინა ხატმბრძოლთაგან მართლმადიდებლური სარწმუნოების დასაცავად იმპერატორ ლეონ სომეხის (813-820) დროს. იგი გარდაიცვალა არა უადრეს 823 წლისა. ცნობილია წმიდა თეოდორე სტუდიელის მიერ 816-823 წლებში დაწერილი ოთხი ეპისტოლე მღვდელმთავარ პეტრეს მიმართ. ცნობები წმიდა პავლეს შესახებ არ შემონახულა. წმიდა ეკლესია ერთად იხსენიებს მოციქულთა თავთა მოსახელეებსა და მათი საქმის ერთგულ გამგრძელებლებს, წმიდა ნიკეელ მღვდელმთავრებს პეტრესა და პავლეს.

130
თემები:
საეკლესიო კალენდარი (197)
მაღვიძარა

ყველანაირი დიეტა ფუჭია, თუ სწორად არ გძინავთ: მეცნიერები გვირჩევენ

0
(განახლებულია 15:46 24.09.2020)
ირკვევა, რომ წონაში დაკლების მსურველების ყველა მცდელობა, რაოდენ მკაცრადაც უნდა იცავდნენ დიეტას, ფუჭი და ამაო გამოდგება, თუ სწორად არ დაიძინეს

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. 2025 წლისთვის დედამიწის ყოველი მეხუთე მკვიდრი ჭარბწონიანი იქნება, ასეთია კოლაბორაციის პროგნოზი, რომელიც არაინფექციურ დაავადებათა რისკის ფაქტორებს შეისწავლის.

საქმე მარტო არასწორ კვებასა და მცირე ფიზიკურ აქტივობაში არ ყოფილა. როგორც ერთდროულად რამდენიმე კვლევითი ჯგუფი აღნიშნავს, ძილის ნაკლებობა ხელს უშლის ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლებას.

ვისაც ღამით რეკომენდებულ რვა საათზე ნაკლები სძინავს, თუნდაც მკაცრ დიეტას იცავდეს, როგორც წესი, უჭირს წონის დაკლება.

2017 წელს კორეელმა მეცნიერებმა, გააანალიზეს რა თითქმის 17 ათასი ადამიანის ჯანმრთელობისა და ჩვევების შესახებ მონაცემები, შეამჩნიეს, რომ ძილის ნაკლებობა ხელს უწყობს ჭარბწონიანობასა და მასთან დაკავშირებულ დაავადებებს. მათ, ვისაც მცირე ხნით ეძინათ, უფრო მეტი ცხიმოვანი ქსოვილი ჰქონდათ და წონის დაკლების მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდა.

მსგავსი შედეგები მიიღეს ჩიკაგოს უნივერსიტეტშიც (აშშ). მოხალისეები, რომლებსაც თითქმის ორი კვირის განმავლობაში დღეში ხუთნახევარი საათის განმავლობაში ეძინათ, უფრო ნელა იკლებდნენ წონაში, ვიდრე ისინი, ვინც ღამით რვანახევარი საათი ისვენებდა. ორივე ჯგუფი სპეციალური სისტემით შემცირებული ნორმის კალორიებით იკვებებოდა.

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის (აშშ) ბიოლოგების აზრით, დასვენების დღეებში გამოძინება არაა შედეგის მომცემი. მკვლევარები 36 მოხალისეს დააკვირდნენ, რომლებიც ჭარბი წონის დაკლებას ცდილობდნენ. ყველა მათგანი მკაცრ დიეტას იცავდა, ზოგმა მათგანმა სამუშაო დღეებში საწოლში რვა საათზე ნაკლები გაატარა, ხოლო შაბათ-კვირას — უფრო მეტი.

რვა კვირის შემდეგ გაირკვა, რომ კვლევის ყველა მონაწილემ დაახლოებით ერთი და იგივე წონა დაკარგა. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მათ, ვისაც ნორმალურად ეძინა, წონაში ძირითადად ცხიმოვანი მასის შემცირების გამო დაკარგეს, მათ კი, ვისაც   საკმარისად არ ეძინა — კუნთოვანი ქსოვილების ხარჯზე.

ამერიკელი და ბელგიელი მკვლევარები გამოუძინებლობის გამო წონის მატებას  მადაზე გავლენის მქონე ჰორმონების მოქმედებას უკავშირებენ. ძილის დეფიციტიან 12 ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეში გრელინის დონე გაიზარდა, ხოლო ლეპტინისა — შემცირდა. პირველი მათგანი ზრდის მადას (მას ასევე უწოდებენ შიმშილის ჰორმონს), მეორე კი პირიქით, პასუხისმგებელია დანაყრების (სიმაძღრის) შეგრძნებაზე. ამ ჰორმონების ვარირებით შეიძლება დადგინდეს, რომ ადამიანები, რომლებსაც ნორმალურზე ნაკლები სძინავთ, ხშირად ჭარბი წონით იტანჯებიან.

იაპონელი მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ძილის ნაკლებობა სამ დღეშიც კი თითქმის ათი პროცენტით ამცირებს ლეპტინის დონეს.

მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ ძილის ქრონიკულმა უკმარისობამ შესაძლოა წონის უკონტროლო მომატება გამოიწვიოს.

0
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება