საყოველთაო ნათლობა

სამების საკათედრო ტაძრის ეზოში რიგით 63-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა

203
ნათლობის დასრულების შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ნათლულები დალოცა

თბილისი, 26 ივლისის — Sputnik. სამების საკათედრო ტაძრის ეზოში რიგით 63-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პატრიარქის ნათლული კიდევ 712 ჩვილი გახდა. ნათლობის ცერემონია პანდემიიდან გამომდინარე წელს პირველად ღია ცის ქვეშ გაიმართა. პატარებს ნათლობის ჯვარი და მოწმობები გადაეცათ.

ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

„ტარდება პატრიარქის ნათლობების მორიგი ეტაპი. 2008 წლიდან დღევანდელი დღის ჩათვლით უკვე 41 ათასამდე ბავშვია მონათლული. სხვა ნათლიებთან ერთად, ამ ბავშვების ნათლია ხდება კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ეს ადამიანი არის ჩვენი ქვეყნისთვის ეპოქალური ადამიანი. პატრიარქის 41 ათასი ნათლული არის ძალიან დიდი ძალა ჩვენი ერისთვის და ქვეყნისთვის. ასევე ერთმანეთისთვის. ეს ბავშვები, როცა ერთმანეთს შეხვდებიან, შეიძლება ბევრი ისეთი პრობლემა არ წარმოიშვას, რომელიც დღეს გვიდგას ქვეყანაში“, - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

ნათლობის დასრულების შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ნათლულები დალოცა.

საყოველთაო ნათლობის იდეა თავად კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის და მისი მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაა. კათოლიკოს-პატრიარქს ამ დროისთვის 40 388 ნათლული ჰყავს.

203
თემები:
საქართველოს საპატრიარქო (104)
ვარძიის ღვთისმშობლის ტაძარი

საეკლესიო კალენდარი: 21 სექტემბერი

192
(განახლებულია 20:07 20.09.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის შობას დღესასწაულობს. საეკლესიო კალენდარში ეს თარიღი ასევე არის წმიდა აღმსარებლების იოანე და გიორგი-იოანეს ხსენების დღეც.

Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან ისინი მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

შობა ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისა

შობა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა მარიამისა., როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, ჯერ კიდევ IV საუკუნეში დადგინდა.  ამ დღეს ტაძრებში საგანგებო საგალობლებს აღავლენენ - ადიდებენ ყოვლადწმიდა ქალწულს, ვითარცა კიბეს, რომელამც ცა და დედამიწა შეაერთა, როცა ხორციელად შვა უფალი, და ვითარცა „მაყვალს შეუწველს“, რადგან დაიტია ღმერთი და არ დაიწვა.

ქრისტიანულ ლიტერატურაში არსებობს იაკობის აპოკრიფული თხზულება „შობა მარიამისა“, რომელიც დაწვრილებით მოგვითხრობს, როგორ შეეძინათ იოაკიმესა და ანას მომავალი მშობელი განკაცებული უფლისა.

მდიდარი, მაგრამ უშვილო იოაკიმე ყოველწლიურად ორმაგ მსხვერპლს სწირავდა უფალს. ერთ-ერთ დღესასწაულზე, როცა ებრაელები იერუსალიმის ტაძარში მსხვერპლშეწირვისთვის ემზადებოდნენ, მათ უარი უთხრეს იოაკიმეს პირველს შეეწირა მსხვერპლი, მიზეზად კი იოაკიმესა და ანას უშვილობა წამოაძახეს (ებრაელ ხალხში უშვილობა ღვთის სასჯელად ითვლებოდა).
დაღონებულ იოაკიმეს მწუხარება გაუასკეცდა და ისე მიაშურა უდაბნოს, რომ შინაც აღარ შეუვლია მეუღლის სანახავად. იქ, სახელდახელოდ აგებულ კარავში, მან ორმოცი დღე და ღამე უჭმელ-უსმელმა გაატარა მხურვალე ლოცვაში.

მაშინ ანამ სამგლოვიარო სამოსელი გაიხადა, საზეიმოდ ჩაიცვა, ბაღში ჩავიდა, დაფნის ხის ქვეშ ჩამოჯდა და უფალს მხურვალედ შეევედრა: „ღმერთო მამათა ჩემთაო, მაკურთხე მე და შეისმინე ვედრება ჩემი ისე, როგორც აკურთხე შენ ჩვენი სარა და მიანიჭე მას ისააკი“.
ანგელოზი გამოეცხადა ანას და ახარა, რომ ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება და იგი დედა გახდებოდა, მისი ნაშობი კი ქვეყანასა ზედა განდიდდებოდა. გახარებულმა ქალმა მადლიერების ნიშნად აღთქმა დადო, შვილი უფლისათვის შეეწირა, რომ მისი მსახური ყოფილიყო მთელი სიცოცხლის მანძილზე.

ანგელოზმა უდაბნოში განმარტოებულ იოაკიმესაც აუწყა, რომ ღმერთმა მისი ვედრება შეისმინა და მალე შვილი შეეძინებოდათ.
მათ შეეძინათ ქალი, რომელსაც მარიამი უწოდეს. ექვსი თვის მარიამი დედამ მიწაზე დასვა.

შობა ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისა ის დღეა, როცა უფალმა წყალობის თვალით გადმოხედა ცოდვით დაცემულ კაცობრიობას და ქვეყანას მოუვლინა წიაღი ღვთის განხორციელებისა, საყდარი მეუფისა, კიბე ზეცისა, გამომსყიდველი ევას შეცოდებისა - ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი, დედა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

წმიდა აღმსარებელნი: იოანე და გიორგი

არქიმანდრიტი იოანე (ერისკაცობაში ვასილ მაისურაძე) დაიბადა ცხინვალში, დაახლოებით 1882 წელს.

სიყრმიდანვე ბერ-მონაზვნური ცხოვრებისკენ მიდრეკილი და სიწმინდის მაძიებელი ვასილი, 1903 წლიდან ღვთისგანგებულებით ათონის მთაზე იწყებს ცხოვრებას წმ. იოანე ღვთისმეტყველის სავანეში.

უბრალოებით, ძმათა მსახურებით და ყოველგვარი სათნოებებით გამორჩეული ახალგაზრდა მოღვაწე მალე აღკვეცეს მონაზვნად და წმიდა იოანე ღვთისმეტყველისადმი მისი განსაკუთრებული სიყვარულის ნიშნად იოანე უწოდეს. მალე მონაზონი იოანე მღვდლად აკურთხეს, რამაც კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინა მისი პიროვნება.
წმიდა იოანემ ჩვიდმეტი წელი დაჰყო ათონზე, შემდეგ კი დროთა მძიმე ვითარებიდან გამომდინარე 1920-21 წლებში იგი სხვა ქართველ ბერებთან ერთად იძულებული გახდა დაეტოვებინა წმინდა მთა.

ცნობილია მამა იოანეს ლოცვით აღსრულებული მრავალი სასწაული, რომელთა გამჟღავნებას ყოველთვის ერიდებოდა ღირსი მამა.  ცხოვრებისეულმა ტანჯვამ და გამუდმებულმა შრომამ მისი ჯანმრთელობა შეარყია და ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ მამა იოანე  1957 წელს 75 წლის ასაკში აღესრულა.

არქიმანდრიტი გიორგი (მხეიძე) დაიბადა ამბროლაურის რაიონის სოფ. სხვავაში დაახლოებით 1887 წელს. თავადაზნაურობაში არსებული მაშინდელი ტრადიციის მიხედვით გიორგიმ სამხედრო სასწავლებელში დაიწყო სწავლა, მაგრამ იმპერიაში სამხედრო კარიერის გაკეთების ნაცვლად იგი ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩაება და გარკვეული დროის მანძილზე, ილია ჭავჭავაძესთან მსახურობდა პირად მდივნად.

მთელი სიცოცხლის ღვთისთვის შეწირვის სურვილით, გიორგიმ მონაზვნური ცხოვრების გზა აირჩია, უაღრესად განათლებული და თავმდაბალი, დახვეწილი არისტოკრატიული მანერებითა და ბერული ასკეტიზმით საოცრად ჰარმონიულად შერწყმული მამა გიორგი მღვდლად აკურთხეს და არქიმანდრიტის ხარისხშიც აღამაღლეს. ღვთის სიყვარულითა და მამულისათვის თავდადების სურვილით აღვსილმა ამ წმიდა მოღვაწემ თავის თავზე იწვნია ყველა განსაცდელი, რაც ამ დროს თავს დაატყდა ჩვენს ეკლესიას და ერს.

ხირსის მონასტერში მოღვაწე მამა გიორგის 1924 წელს თავს დაესხნენ შეიარაღებული ჩეკისტები. ცემეს, შეკრიჭეს თმა-წვერი და მოკვლითაც დაემუქრნენ.

1924 წელს ავიდა წმიდა გიორგი ბეთანიის მონასტერში, სადაც მას დახვდა მამა იოანე მაისურაძე და ამ დღიდან ეს ორი წმიდა მამა მთელი ცხოვრება ერთად მოღვაწეობდნენ, მათ ცხოვრებასაც შეიძლება ეწოდოს „ერთი სული ორ სხეულში“.

1957 წელს, როდესაც მამა იოანე გარდაიცვალა მამა გიორგი დიდ სქემაში აღიკვეცა და მასაც მისი სულიერი ძმის მსგავსად იოანე უწოდეს. წმ. მამა გიორგი-იოანე (მხეიძე) 1960 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია ბეთანიის მონასტერში მამა იოანეს (მაისურაძის) გვერდით.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.


192
თემები:
საეკლესიო კალენდარი
მოწამეთა

საეკლესიო კალენდარი: 20 სექტემბერი

155
(განახლებულია 20:02 19.09.2020)
საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია 20 სექტემბერს მოწამე სოზონტის, მოციქულთა ებოდისა და ონისიფორეს, 70-თაგანთა; ასევე მოწამე ევფსიქის და ღირსი ლუკას ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამე სოზონტი

წმიდა მოწამე სოზონტი ლიკაონიელი მწყემსი იყო. იგი გულმოდგინედ კითხულობდა წმიდა წერილს, შემდეგ კი შეძენილ ცოდნას შემოკრებილ მეცხვარეებს უზიარებდა. ერთხელ, ღამით, მუხის ძირას მჯდომ სოზონტს უფალმა სასწაულებრივი გამოცხადებით მოწამეობრივი ღვაწლისკენ მოუწოდა. ქრისტეს ტარიგი კილიკიის ქალაქ პომპეოპოლში გაემგზავრა, სადაც იმჟამად წარმართული კერპის დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ, საკერპოში შეიპარა, ცრუღვთაების ოქროს ქანდაკს ხელი მოჰკვეთა, დაანაწევრა და გლახაკებს დაურიგა. კერპის ხელის გაქრობამ ქალაქში შფოთი და განგაში გამოიწვია, ეჭვმიტანილებს აკავებდნენ, დასაკითხად მიჰყავდათ და აწამებდნენ. სოზონტმა არ ისურვა, უდანაშაულოთა ტანჯვის მიზეზი გამხდარიყო, ნებით წარდგა იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305; 307-310) წინაშე განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, სასტიკად ეწამებინათ მხნე აღმსარებელი. წმიდა სოზონტმა საშინელ ტანჯვაში შეჰვედრა სული უფალს (+დაახლ. 304).

წმიდა მოციქული ევოდი

წმიდა მოციქული ევოდი, სამოცდაათთაგანი, პეტრე მოციქულის შემდეგ სირიის ანტიოქიის პირველი ეპისკოპოსი იყო. წმიდა მოციქულმა ოცდაშვიდი წელი იღვაწა მღვდელმთავრის ხარისხში და იმპერატორ ნერონის (54-68) დროს, სამოცდაექვსი წლის ასაკში, მოწამეობრივად შეჰვედრა სული უფალს.
წმიდა მოციქული ონისიფორე

წმიდა ონისიფორე ჯერ კოლოფონში (მცირე აზია) იქნა დადგენილი ეპისკოპოსად, შემდეგ კი - კორინთოს სამწყსოს განაგებდა. იგი მოწამეობრივად აღესრულა ჰელესპონტის ნაპირას, ქალაქ პარიაში (ეფესოს მახლობლად), სადაც წარმართთა შორის ქრისტეს სარწმუნოების საქადაგებლად ჩავიდა. უსჯულოებმა შეიპყრეს უფლის რჩეული, საკერპოსთან მიიყვანეს და წარმართული ღვთაებებისთვის საკმევლის კმევა მოსთხოვეს; როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღეს, მონასთან, ჰორფორისთან ერთად გაუხედნავ ცხენებს გამოაბეს და მიწაზე თრევით ამოხადეს სული: რომაული მარტიროლოგის მიხედვით, წმიდა ონისიფორე 16 სექტემბერს გარდაიცვალა.

წმიდა მოწამე ევფსიქი

წმიდა მოწამე ევფსიქი კაბადოკიის კესარიაში დაიბადა. ერთ-ერთ სვინაქსარში იგი სენატორ დიონისეს ძედ იხსენიება. იმპერატორ ადრიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას იგი შეიპყრეს, აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს. აქ წმიდანს ანგელოზმა დაუამა წყლულები. როცა მარტვილი გაათავისუფლეს, მან მთელი ქონების უმეტესი ნაწილი გლახაკებს დაურიგა; დარჩენილი ნაწილი კი გაუნაწილა მტრებს - მათ, ვინც დაასმინა იგი და საწამებლად გადასცა. როცა მმართველი შეიცვალა, ევფსიქი ისევ დაატუსაღეს და სასტიკი წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს.. მარტვილი იმპერატორ ადრიანეს (117-138) დროს აღესრულა.

ღირსი ლუკა

ღირსი ლუკა კონსტანტინოპოლის მახლობლად, კითის ყურეში მდებარე ერთ-ერთი ცნობილი მონასტრის იღუმენი იყო. ეს მონასტერი მოსაგრეთა განსაკუთრებულად მკაცრი ცხოვრების წესით გამოირჩეოდა. წმიდა ლუკა X საუკუნის დასასრულს გარდაიცვალა.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

 

155
თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019
პატრული

შსს-ს 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, მათგან 10 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა

0
(განახლებულია 15:29 21.09.2020)
უწყების ცნობით, შესაბამისი დანაყოფების ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, თვითიზოლაციაში იმყოფებიან – თითოეულ მათგანს PCR-ტესტი ჩაუტარდათ.

თბილისი, 21 სექტემბერი  — Sputnik.  ბოლო 24 საათში კორონავირუსი  შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 13 თანამშრომელს დაუდასტურდა,  მათგან 10 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გავრცელებული ინფორმაციით, ორი შემთხვევა დაფიქსირებულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტში,  ერთი შემთხვევა გამოვლინდა შსს–ს  თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ერთი შემთხვევა დაფიქსირდა დაცვის პოლიციის სამმართველოში. კორონავირუსი დაუდასტურდა სამეგრელოში განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს თანამშრომელსაც.

რაც შეეხება აჭარას,  ინფიცირების სამი შემთხვევა დადასტურდა  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის სახაზო სამსახურში, ერთი ფაქტი დადასტურდა ბათუმის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ერთი შემთხვევა გამოვლინდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტში, ერთი შემთხვევა დაფიქსირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამსახურში და ორი შემთხვევა გამოვლინდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აჭარის სამმართველოში. 

„შენობებში, სადაც აღნიშნული პირები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, სრული დეზინფექცია ჩატარდა. 13-ვე თანამშრომელს უტარდება შესაბამისი მკურნალობა. მათი მდგომარეობა სტაბილურია“,- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, შესაბამისი დანაყოფების ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, თვითიზოლაციაში იმყოფებიან – თითოეულ მათგანს PCR-ტესტი ჩაუტარდათ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 193-ით გაიზარდა და 3695-ს მიაღწია. ინფიცირების შემთხვევებიდან 92 აჭარას უკავშირდება.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1534 ადამიანი. გარდაიცვალა 20. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4988, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში