სამების ბაღი თბილისელებისა და ქალაქის სტუმრების საყვარელ დასასვენებელ ადგილად იქცა

საეკლესიო კალენდარი: 26 ივლისი

261
(განახლებულია 16:36 25.07.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 26 ივლისს ღირსი სტეფანე საბაიტელის, წმ. იულიანეს, კენომანიელი ეპისკოპოსის, მოწამე სერაპიონის და მოწამე მარკიანეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში
წმიდა სტეფანე საბაიტელი

წმიდა სტეფანე საბაიტელი, წმიდა იოანე დამასკელის ძმისწული, 725 წელს დაიბადა. ნეტარი ათი წლის იყო, როცა საბა განწმენდილის ლავრას მიაშურა. აქედან მოყოლებული სიცოცხლის ბოლომდე იგი ამ სავანეში მოღვაწეობდა. ღირს სტეფანეს უფლისგან სასწაულთქმედების და ნათელხილვის ნიჭი მიემადლა: სნეულებს კურნავდა, ეშმაკებს განასხამდა, ცხადად ჭვრეტდა რჩევა-დარიგების სათხოვნელად მისულთა აზრებს... წმიდანს წინასწარ ეუწყა აღსასრულის მოახლოება და 794 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წმიდა იულიანე, კენომანიის ეპისკოპოსი 

წმიდა იულიანე, კენომანიელი ეპისკოპოსი, პეტრე მოციქულმა აკურთხა მღვდელმთავრად. მას აიგივებენ სიმონ კეთროვანთან რომელსაც ნათლისღებისას იულიანე ეწოდა.

პეტრე მოციქულმა წმიდა იულიანე სახარების საქადაგებლად გალიაში გაგზავნა. ნეტარი ჩავიდა იტალიის სამხრეთით, კენომანიაში; ქალაქგარეთ, როგორც ჩანს, კრემონის მახლობლად, პატარა ქოხში დამკვიდრდა და წარმართთა შორის სახარების ქადაგება დაიწყო. კერპთმსახურები თავდაპირველად გულგრილად უსმენდნენ უცხოტომელს, მაგრამ მის მიერ აღსრულებული სასწაულების ხილვამ მათ გულებში თანდათან იულიანესადმი ნდობა გააღვივა. უამრავი ადამიანი მიდიოდა ნეტართან დახმარების სათხოვნელად. ისიც კურნავდა სნეულებებს და თან სულის წყლულებს წამლობდა - ქრისტეს სარწმუნოების ნათლით ანათლებდა უღმერთობის წყვდიადში მყოფთ.

ერთხელ ადგილობრივმა წარმართმა მთავარმა ეპისკოპოსი თავისთან მიიპატიჟა. ნეტარ მამას შეებრალა სასახლის კარიბჭესთან მჯდომი ბრმა, ილოცა მისთვის და თვალები აუხილა. როცა წმიდანთან შესაგებებლად გამოსულმა დიდებულმა მასპინძელმა ამის შესახებ შეიტყო, ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი, ფეხებში ჩაუვარდა იულიანეს და მონათვლა სთხოვა. მღვდელმთავარმა კათაკმევლებად დაადგინა ის და მთელი მისი სახლეულობა, სამდღიანი მარხვა დაუწესა, შემდეგ კი ნათლობის საიდუმლოც აღასრულა. ახალმოქცეულმა ხელისუფალმა ეკლესიის მოსაწყობად საკუთარი სასახლე შესწირა და საჭირო სახსრებითაც უზრუნველჰყო.

ქრისტეს ერთგულმა მსახურმა ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს.

წმიდა მოწამე სერაპიონი

წმიდა მოწამე სერაპიონი იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის (193-211) ზეობისას მოღვაწეობდა. ქრისტიანთა დევნის დროს წმინდანი შეიპყრეს და მმართველ აკვილას სამსჯავროზე წარადგინეს, სადაც მან გაბედულად აღიარა თავისი სარწმუნოება. ამით გამხეცებულმა წარმართებმა სასტიკად აწამეს, შემდეგ კი  ჯერ აპყრობილეში გამოამწყვდიეს, ხოლო შემდეგ  კოცონზე დაწვეს. (+205).

წმიდა მოწამე მარკიანე

წმიდა მოწამე მარკიანე ლიკაონიის იკონიაში დაიბადა. თავისი მხურვალე ქადაგებით მან სიჭაბუკეშივე ბევრი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ამისთვის კერპმსახურებმა წმიდანი აწამეს, შემდეგ კი კაბადოკიაში გაგზავნეს მმართველ პერენიუსთან. უსჯულო ხელისუფალი ხან ლიქნით, ხან მუქარით ცდილობდა ჭაბუკის გადაცდენას მაცხოვნებელი გზიდან, მაგრამ იგი მედგრად აღიარებდა ქრისტეს და ამხელდა უსულო კერპების მსასოებელი მმართველის უგნურებას. განრისხებულმა პერენიუსმა ბრძანა, სასტიკად ეწამებინათ ნეტარი მარტვილი, მაგრამ სატანჯველებმა ვერ მოდრიკა უფლის რჩეული. ბოლოს უღმრთოებმა მარკიანეს თავის მოკვეთა მიუსაჯეს (+258).

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

261
გელათის მონასტერი

საეკლესიო კალენდარი: 30 სექტემბერი

118
(განახლებულია 08:53 30.09.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 30 სექტემბერს მოწამეთა: პისტისა, ელპიდისა, აღაპისა და დედისა მათისა სოფიოსი, თეოდოტიას, და აღათოკლიას, წმიდა 156 მოწამეთა: პელის და ნილოს ეგვიპტელ ეპისკოპოსთა, ზენონ ხუცის, პატერმუთისი, ილიასი და სხვათა ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამაინები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამენი: პისტი, ელპიდი და აღაპი და დედა მათი სოფიო 

კეთილმსახური ქვრივი, წმიდა სოფიო იტალიაში ცხოვრობდა და ქრისტეს მცნებების ერთგულებით ზრდიდა თავის ასულებს, რომელთაც სამი ქრისტიანული სათნოების მიხედვით პისტი (რწმენა), ელპიდი (სასოება) და აღაპი (სიყვარული) დაარქვა. იმპერატორ ადრიანეს (+117-138) მიერ მართლმორწმუნეთა დევნისას ისინი ქრისტიანობისთვის ეწამნენ.

წმიდა მოწამე თეოდოტია 

წმიდა მოწამე თეოდოტია, წარმოშობით კაბადოკიელი, ქალაქ ნიკეაში ეწამა იმპერატორ ალექსანდრე სევერუსის (222-235) დროს. როცა კაბადოკიის მმართველად ვინმე სიმბლიკიოსი დანიშნეს, მას მოახსენეს, რომ მდიდარი ქალბატონი თეოდოტია ქრისტეს აღიარებდა. მმართველმა თავისთან მოუხმო მაცხოვრის მსასოებელს და დიდხანს ეცადა ჭეშმარიტი სარწმუნოებისგან მის გადადრეკას. მაგრამ რომ ვერ შეძლო მისი დაყოლიება, წმინდანი სასტიკად აწამა და ბრძანა მისთვის თავი მოეკვეთათ.(დაახლ. 230)

წმიდა მოწამე აღათოკლია

წმიდა მოწამე აღათოკლიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები უცნობია, ვიცით მხოლოდ, რომ ის ერთი წარმართი და ქრისტესმოძულე ქალბატონის მხევალი იყო. ამ უკანასკნელს ქრისტეს აღსარებისთვის საშინლად სძულდა აღათოკლია და რვა წლის მანძილზე სასტიკად ტანჯავდა მას. ერთხელ გააფთრებულმა ქალმა ცემით ხერხემალი დაუზიანა მხევალს, შემდეგ ენის წვერიც მოაჭრა, მაგრამ ვერაფრით შეძლო, მოედრიკა წმიდანი .უღმრთო ქალბატონმა საპყრობილეში ჩააგდო იგი. ბოლოს ბოროტებისგან გონდაკარგული უსჯულო საპყრობილეში შევიდა და აღათოკლია სიცოცხლეს გამოასალმა.

წმიდანი 156 მოწამენი: პელიოსი და ნილოსი - მეგვიპტელნი ეპისკოპოსნი, ზენონ ხუცესი, პატერმუთე, ილია და სხვანი

წმიდანი ასორმოცდათექვსმეტი მოწამენი: პელიოსი და ნილოსი - მეგვიპტელი ეპისკოპოსნი, ზენონ ხუცესი, პატერმუთე, ილია და სხვანი იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს აღესრულნენ. მარტვილთა უმეტესობა ეგვიპტელი იყო, იყვნენ მათ შორის პალესტინელებიც. ისინი პალესტინის მმართველმა ფირმილიანემ შეიპყრო და სასტიკად აწამა: ნეტარებს თვალები დათხარეს, ფეხის ძარღვები დააჭრეს... ბოლოს ას მოწამეს თავი მოჰკვეთეს, დანარჩენები კი - დაწვეს.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

118
თემები:
საეკლესიო კალენდარი
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში

საეკლესიო კალენდარი: 29 სექტემბერი

122
(განახლებულია 08:12 29.09.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 29 სექტემბერს ისააკ და იოსებ ქართველთა, კარნუ ქალაქში წამებულთა, დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებულის, მოწამეთა სებასტიანას, მელიტინას, ღირსი დოროთესი, მეგვიპტელი მეუდაბნოის, და მოწამე ლუდმილას, ჩეხეთის დედოფლის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამაინები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამენი ქართველნი ისააკი და იოსები, კარნუ-ქალაქში წამებულნი

წმიდა მოწამენი ისააკი და იოსები დედით მართლმორწმუნენი იყვნენ, მამა კი მაჰმადის სჯულის მიმდევარი ჰყავდათ. დედა შვილებს ფარულად ქრისტეს მცნებებით ზრდიდა. იმდენად დიდი იყო ძმებში ქრისტიანულად ცხოვრების სურვილი, რომ მათ ბიზანტიაში წასვლა და იქ ცხოვრება გადაწყვიტეს. ამ დროს ბიზანტიას კეთილსმსახური მეფე ნიკიფორე ფოკა (802-811) განაგებდა. ძმებმა ფარულად წერილი მისწერეს კეისარს და თავშესაფარი სთხოვეს.

ნიკიფორემ პატივით მიიწვია მთელ თეოდოსიპოლელ (კარნუელ) დიდგვაროვანთა წრეში გამორჩეული და პატივცემული ძმები. ერთი ძმა მაშინვე გაემგზავრა, წვრილშვილიანი იოსები კი მოუცლელობის გამო თეოდოსიპოლში დარჩა და წმიდა ისააკიც თავისთან დატოვა.

თეოდოსიპოლის ამირამ შეიტყო ძმების განზრახვა და სახლიკაცის კონსტანტინეპოლში წასვლის მიზეზი გამოჰკითხა ისააკს და იოსებს. ძმები მიხვდნენ, რომ ჭეშმარიტების აღიარების ჟამი დადგა და ამირას გამოგაზავნილებს მიუგეს, რომ ძმათაგან ერთის ბიზანტიაში წასვლის მიზეზი მათი ქრისტიანობა იყო. ჭაბუკთა კადნიერებამ ამირა განარისხა და ბრძანა, მახვილით განეგმირათ წმიდა ისააკი და იოსები.

ქალაქის ეპისკოპოსმა და სამღვდელოებამ პატივით მიაბარეს წმიდათა გვამები მიწას.  (+808)

წმიდა დიდმოწამე ეფემია

წმიდა დიდმოწამე ეფემია ყოვლადქებული კეთილმსახური ქრისტიანების - სენატორ ფილოფრონისა და თეოდოსიას ასული იყო. ის 304 წელს ეწამა ქრისტესთვის ბოსფორის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ქალკედონში.

წმიდა მოწამე სებასტიანა 

წმიდა მოწამე სებასტიანა პავლე მოციქულის მოწაფე იყო. იმპერატორ დომიციანეს (81-96) მიერ მართლმორწმუნეთა დევნისას იგი მმართველ გიორგის სამსჯავროზე წარადგინეს მიზიის ოლქის ქალაქ მარკიანოპოლში. ქრისტეს მხნე აღსარებისთვის წმიდანი ჯერ აწამეს, ხოლო შემდეგ მმართველის ბრძანებით,  თავი მოჰკვეთეს.
წმიდა მოწამე მელიტინა

წმიდა მოწამე მელიტინა ქალაქ მარკიანოპოლში ცხოვრობდა იმპერატორ ანტონინუს პიუსის (138-161) ზეობისას. იგი კეთილმორწმუნე ქრისტიანი იყო . ლოცვის ძალით ნეტარმა შემუსრა აპოლონისა და ჰერკულესის კერპები. მისმა მხურვალე ქადაგებამ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე, მათ შორის - ქალაქ მარკიანოპოლის განმგებლის მეუღლეც. როცა მმართველმა ამის შესახებ შეიტყო, სამსჯავროზე წარადგინა წმიდა მელიტინა და თავის მოკვეთა მიუსაჯა.

ღირსი დოროთე, მეგვიპტელი მეუდაბნოე

ღირსი დოროთე, მეგვიპტელი მეუდაბნოე, ეგვიპტეში, თებაიდის ოლქში დაიბადა. იგი სამოც წელზე მეტ ხანს მოღვაწეობდა მდინარე ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე, სკიტის უდაბნოში. მამა დოროთე მკაცრი ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა. ლოცვის შემდეგ, შუადღის პაპანაქებაში იგი ზღვის ნაპირას ჩადიოდა და ლოდებს აგროვებდა სხვა მეუდაბნოეებისთვის სენაკების ასაშენებლად. ღამღამობით ნეტარი კალათებს წნავდა და მისი გაყიდვით მოიპოვებდა არსობის პურს. ნეტარი მეუდაბნოე მშვიდობით მიიცვალა ღრმა მოხუცებულობაში (IV).

წმიდა მოწამე ლუდმილა

წმიდა მოწამე ლუდმილა მთავარ ბორევოის ცოლი იყო. მეუღლეები მონათლა მორავიელმა ეპისკოპოსმა, სლავთა განმანათლებელმა მეთოდემ. გაქრისტიანების შემდეგ ისინი დაუცხრომლად იღვწოდნენ ქვეშევრდომთა გასანათლებლად. მთავარი ბორევოი, ოცდათექვსმეტი წლის ასაკში გარდაიცვალა. დაქვრივების შემდეგ წმიდა ლუდმილა მკაცრი, კეთილმსახური ცხოვრებით ცხოვრობდა და თავისი ძის, ბრატისლავის მმართველობის დროსაც განაგრძობდა ზრუნვას წმიდა ეკლესიაზე. ბრატისლავი დრაგომირაზე იყო დაქორწინებული და მისგან ჰყავდა ძე - ვიაჩესლავი. მამის ოცდაცამეტ წლიანი მმართველობის შემდეგ სწორედ თვრამეტი წლის ვიაჩესლავი ავიდა ტახტზე. დრაგომირამ ისარგებლა შვილის გამოუცდელობით და ქვეყანაში წარმართული წეს-ჩვეულებების გავრცელება დაიწყო. წმიდა ლუდმილა წინ აღუდგა ამ უსჯულოებას. დრაგომირას შესძულდა დედამთილი და ცდილობდა, დაეღუპა იგი. ერთხელ, როცა ლუდმილა ქალაქ ტეჩინში იმყოფებოდა, უღმრთო სძალმა ორი ბოიარი გაგზავნა მის მოსაკლავად. როცა წმიდანი ლოცვად იდგა, მკვლელები სასახლეში შეიპარნენ და ნეტარი მხეცურად გამოასალმეს სიცოცხლეს (+927).

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

122
თემები:
საეკლესიო კალენდარი
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 1 ოქტომბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 09:47 30.09.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

1 ოქტომბერი, ხუთშაბათი. ამ დღეს იუპიტერი მართავს. მზარდი მთვარე ვერძის ნიშანშია.

ვერძის დღეებში საჭიროა აქტიურობა, ორიგინალურად და მტკიცედ მოქმედება, მაგრამ ასევე დიპლომატია. თავი უნდა აარიდოთ აჩქარებას, იმპულსურობას, აუცილებელია მოთმინების გამოჩენა. არ ივარგებს სამუშაოზე ზუსტი გათვლების ჩატარება და ანგარიშების შედგენა, გრძელვადიანი საქმეების წამოწყება. არასასურველია შეთანხმებებსა და კონტრაქტებზე ხელმოწერა, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გამართვა.

როდესაც მთვარე ვერძის ნიშანშია, იზრდება ინტერესი საწინააღმდეგო სქესის მიმართ. მამაკაცები მზად არიან, თავიანთი ვაჟკაცობა დაამტკიცონ, ხოლო ქალები ნამდვილი ამორძალები ხდებიან. კარგი დროა სიყვარულში გამოტყდომისთვის.

მთვარე ვერძში ხელს უწყობს აქტიურ, სწრაფ ნაცნობობას. ამ დღეს დაწყებული სასიყვარულო რომანი მგზნებარე და ცეცხლოვანი იქნება, მაგრამ, სავარაუდოდ, ხანმოკლე.

რეკომენდებულია აქტიური და მტკიცე მოქმედებები, მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეების დაწყება, წარმატების მიღწევის რწმენა, გადასადგმელი ნაბიჯების კარგად მოფიქრება, ადამიანებთან ურთიერთობები, ოჯახური და ნათესაური კავშირების გამტკიცება, საკუთარი იდეებისა და გეგმების გამხელა, კარიერასა და ბიზნესზე ზრუნვა, ფინანსური საკითხების გადაჭრა.

არარეკომენდებულია უსაქმოდ ყოფნა, ენერგიის დახარჯვა უმნიშვნელო მოვლენებზე, წვრილმანებზე.

ხელსაყრელი დღეა ხანმოკლე მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ვერძის დღეებში სასურველია, თმის შეჭრისა და შეღებვისგან თავი შეიკავოთ. ნებისმიერი ქიმიური საშუალებები ამ დღეს უარყოფითად მოქმედებს.

მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: ვერძის დღეებში შეიძლება მოსავლის აღება, მარცვლოვანი, ნაყოფიანი კულტურებისა და ბოსტნეულისთვის სასუქის მიცემა, გასხვლა, შეწამვლა დაავადებებისა და მავნებლებისგან დასაცავად, სარეველისგან გაწმენდა.

0