წმინდა კვირიკესა და ივლისტას მონასტერი - ლაგურკა

საეკლესიო კალენდარი: 22 ივლისი

147
(განახლებულია 20:28 21.07.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 22 ივლისს მღვდელმოწამე ბაგრატი - ტავრომენიელი ეპისკოპოსის, მღვდელმოწამე კირილე, ჰორტინელი ეპისკოპოსის, ღირსმოწამეთა: პათერმუთეს, კოპრეს და მოწამე ალექსანდრეს და წმიდა თეოდორე, ედესელი ეპისკოპოსი ს ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

მღვდელმოწამე  ბაგრატი - ტავრომენიელი ეპისკოპოსი

მღვდელმოწამე ბაგრატი - ტავრომენიელი ეპისკოპოსი მაშინ დაიბადა, როცა განკაცებული ძე ღვთისა, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, კაცთა შორის იქცეოდა და ქვეყანას აკვირვებდა ახალი მოძღვრებითა და სასწაულებით. ბაგრატის მშობლები ანტიოქიელები იყვნენ. იესოს შესახებ რომ შეიტყო, მამამ შვილთან ერთად იერუსალიმს მიაშურა - სურდა, საკუთარი თვალებით ეხილა საკვირველი მოძღვარი. იერუსალიმში აღსრულებული სასწაულებით გაოცებულმა, ღვთაებრივი სწავლებაც მოისმინა და ქრისტე ძე ღვთისად ირწმუნა, რის შემდეგაც დაუახლოვდა მის მოწაფეებს, განსაკუთრებით კი - პეტრეს.

უფლის ამაღლების შემდეგ ერთი მისი მოწაფეთაგანი ანტიოქიაში ჩავიდა და ნათელსცა ბაგრატის დედ-მამასა და მთელ მათ სახლეულს. როცა მშობლები გარდაეცვალა, წმიდანმა მამული დატოვა, პონტოს მთებს მიაშურა, გამოქვაბულში დამკვიდრდა და აქ ლოცვასა და ღვთის განგებულებაზე ფიქრში ატარებდა დღეებს. ერთხელ ამ ადგილებში პეტრე მოციქულმა გაიარა, პონტოში ბაგრატს შეხვდა და იგი თან გაიყოლა ჯერ ანტიოქიაში, შემდეგ კი - კილიკიაში, სადაც იმ დროს წმიდა პავლე ქადაგებდა. თავმა მოციქულებმა უფლის რჩეულს სიცილიის ქალაქ ტავრომენიის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი.

წმიდა ბაგრატი მრავალი წლის განმავლობაში მშვიდად განაგებდა სამწყსოს. ბოლოს წარმართები აღდგნენ მის წინააღმდეგ, ხელსაყრელი შემთხვევა შეარჩიეს, მოულოდნელად დაესხნენ თავს და ქვებით ჩაქოლეს.

მღვდელმოწამე კირილე, ჰორტინელი ეპისკოპოსი

მღვდელმოწამე კირილე, ჰორტინელი ეპისკოპოსი III საუკუნეში მოღვაწეობდა. წმიდანის მთელი ცხოვრება ღვთივრჩეულობის ნიშნით იყო აღბეჭდილი.  ნეტარი მღვდელმთავარი დიდხანს ბრძნულად განაგებდა სამწყსოს, მადლმოსილი სიტყვით ბევრი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ამგვარი ღვაწლისთვის მხცოვანი მეუფე სამსჯავროზე წარადგინეს და ცრუღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. წმიდანმა მტკიცე უარი განაცხადა, რის გამოც ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს, მაგრამ როცა აგიზგიზებულმა კოცონმა ღვთის რჩეულ ჭურს ვერაფერი ავნო, თავად მსაჯულმაც ადიდა უფალი და სიკვდილმისჯილი გაათავისუფლა.

გარკვეული ხნის შემდეგ მმართველს მოახსენეს, კირილეს ხელი არ აუღია თავის საქმიანობაზე - ხალხს ისევ მამა-პაპათა ღმერთების შეურაცხყოფას ასწავლისო. უსჯულოებმა უფლის რჩეული დაატუსაღეს და ამჯერად თავის მოკვეთა მიუსაჯეს. როცა განაჩენი მოისმინა, სულით გამხიარულებულმა მღვდელმთავარმა მადლობა შესწირა უფალს და ღვთისმსახურებაში განსპეტაკებული თავი ნებსით მოუდრიკა მახვილს. ეს მოხდა დეკიუსის (249-251), სხვა ცნობით კი - მაქსიმიანეს (284-305; 307-310) ზეობისას.

ღირსმოწამენი პათერმუთე, კოპრე და მოწამე ალექსანდრე

ღირსმოწამეები: პათერმუთე, კოპრე და მოწამე ალექსანდრე იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) დროს აღესრულნენ ქრისტესთვის.

წმიდა თეოდორე, ედესელი ეპისკოპოსი

წმიდა თეოდორე - ედესელი ეპისკოპოსი IX საუკუნეში ცხოვრობდა. ოცი წლის თეოდორეს მშობლები გარდაეცვალა. მემკვიდრეობით მიღებული დიდი ქონება მოწყალებად გასცა და იერუსალიმისკენ გაეშურა. წმიდა ადგილების მოლოცვის შემდეგ იგი საბა განწმედილის ლავრაში ბერად აღიკვეცა, და განკრძალულ სენაკში დაყუდებით დაიწყო ცხოვრება და თან მდუმარების ღვაწლიც იტვირთა.

ედესის ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქების ურთიერთშეთანხმებით, სასულიერო პირთა და ერისკაცების თხოვნით ედესის მღვდელმთავრად იქნა არჩეული. წმიდა მამა დიდხანს უარობდა - უჭირდა მდუმარების დათმობა, მაგრამ ვერაფერს გახდა: ერთ კვირაში აამაღლეს იერარქიის საფეხურებზე და ეპისკოპოსადაც დაასხეს ხელი.

ერთხელ მღვდელმთავარი თეოდორე  ბაბილონის ხალიფა მავისთან გაემგზავრა ეკლესიის საქმეებზე. ხალიფა მას მძიმედ დასნეულებული დაუხვდა. წმიდანმა უფლისგან შემწეობა გამოითხოვა, წყლიან ჭიქაში მაცხოვრის საფლავიდან აღებული მიწა ჩაყარა, შეასვა ავადმყოფს და განკურნა. მადლიერმა მავიმ ირწმუნა ქრისტე და იოანეს სახელით ნათელ-იღო სამ დაახლოებულ პირთან ერთად.

მალე მუსულმანთა წინაშე თავისი სარწმუნოების აშკარა აღსარებისათვის ხალიფა იოანე (მავი) და მისი ქრისტესმიერი ძმები ქვეშევრდომებმა სიცოცხლეს გამოასალმეს.

თეოდორემ იგი პატივით მიაბარა მიწას, თავად კი, მოახლოებული აღსასრულის შესახებ ისევ იოანეს სასწაულებრივი გამოცხადებით გაფრთხილებულმა, სამი წლის შემდეგ კათედრა დატოვა, საბა განწმედილის ლავრაში განმარტოვდა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (IX).

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

 

147
თემები:
საეკლესიო კალენდარი (194)
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში

საეკლესიო კალენდარი: 19 სექტემბერი

205
(განახლებულია 08:56 19.09.2020)
მართლმადიდებელი ეკლესია 19 სექტემბერს ახსნებს მთავარანგელოზ მიქაელის მიერ კოლასეს შინა (ხონა) ქმნილ საკვირველებას და ასევე მრავალთა სხვათა წმიდა მოწამეთა

Sputnik - საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან ისინი მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

ხსენება საკვირველებისა მთავარანგელოზ მიქაელის მიერ კოლასეს შინა (ხონა) ქმნილისა

ხსენება საკვირველებისა, ქმნილისა მთავარანგელოზისა მიქაელის მიერ კოლასეს (ხონას) შინა. ფრიგიაში, ქალაქ იერაპოლთან, ჰეროტოპად (სიხარულის ადგილი) წოდებულ ადგილას აღმართული იყო მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი, რომლის სიახლოვესაც მაკურნებელი წყარო ამოდიოდა. ერთხელ მთავარანგელოზი მიქაელი ძილში გამოეცხადა ერთ-ერთი ყრუ-მუნჯი ასულის მშობლებს და ამცნო, რომ მათი შვილი განიკურნებოდა, თუ ამ წყაროს წყალს დაალევინებდნენ. მართლაც, წყლის პირას გოგონა განიკურნა. ამის შემდეგ წყაროსთან მრავლად მიდიოდნენ სხვადასხვა სნეულებებით შეპყრობილები. მრავალი კერპთმსახური დარწმუნდა ქრისტეს ძლევამოსილებაში დამო ინათლა.

ღირსი არქიპო 

ღირსი არქიპო ქალაქ იერაპოლში მცხოვრები კეთილმსახური ქრისტიანების შვილი იყო. იგი ათი წლისა მივიდა ხონაში, წმიდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის მოსალოცად, იქვე დარჩა და სიკვდილამდე მნათეს მოვალეობებს ასრულებდა. ნეტარი მამა მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა და მარხვასა და ლოცვაში ატარებდა დღეებს. მან მრავალი წარმართი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ამით გააფთრებულ კერპთმსახურებს ქურუმების მეთაურობით არაერთხელ უცდიათ წმიდა არქიპოს მოკვლა, მაგრამ უფალი იცავდა თავის რჩეულს. ბოლოს წარმართებმა გადაწყვიტეს, ჩაეძირათ ის ადგილი, სადაც ტაძარი იყო აღმართული და საძულველი მნათეც დაეღუპათ. წმიდა არქიპო, ხედავდა რა მზადებას ამ უსჯულოებისთვის, არ განეშორებოდა უფლის სახლს და მხურვალედ ლოცულობდა უბედურების თავიდან ასაცილებლად. ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება და ნეტარი მამა გახადა მოწამე მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აქ აღსრულებული დიდი საკვირველებისა. სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილმა არქიპომ ღრმა მოხუცებულობაში, სამოცდაათი წლის ასაკში შეჰვედრა სული უფალს. ქრისტიანებმა ღირსი მამის წმიდა ნეშტი ხონაში, მისი მოღვაწეობის ადგილას მიაბარეს მიწას.

წმიდა მოწამე რომილე და მასთან მრავალნი სხვანი

წმიდა მოწამე რომილე იმპერატორ ტრაიანეს (98-117) მხედართუფროსი იყო. ტრაიანე იმპერიის აღმოსავლეთში ჩავიდა იქ მკვიდრი ხალხების შფოთის ჩასაცხრობად და ჯარი დაათვალიერა, მეომართა შორის თერთმეტი ქრისტიანი აღმოაჩინა. ისინი მან დაუყოვნებლივ სომხეთში გადაასახლა. წმიდა რომილემ ამხილა იმპერატორი უღმრთოებასა და უგუნურებაში და თან აღიარა, რომ ისიც ქრისტიანი იყო. გააფთრებული ტრაიანეს განკარგულებით წმიდანი სასტიკად ტანჯეს, შემდეგ კი თავი მოკვეთეს. სომხეთში გადასახლებული ქრისტიანი მხედრებიც სხვადასხვაგვარი სატანჯველებით გამოასალმეს სიცოცხლეს.

წმიდა მოწამენი: ევდოქსი, ზენონი და მაკარი

წმიდა მოწამენი, ევდოქსი, ზენონი და მაკარი დიოკლეტიანეს მემკვიდრის, მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს აღესრულნენ მოწამეობრივად. როცა დიოკლეტიანემ ბრძანება გამოსცა, სიკვდილით.

წმიდა მოწამენი: კვირიაკე, ფავსტო ხუცესი, აბიბოს დიაკონი და მასთან 11 მოწამე

წმიდა მოწამენი: კვირიაკე, ფავსტო ხუცესი, აბიბოს დიაკონი და მასთან თერთმეტი მოწამე იმპერატორ დეკიუსის (249-251) ზეობისას აღესრულენ ალექსანდრიაში. ქრისტიანთა დევნისას მათ მტკიცედ აღიარეს ჭეშმარიტი სარწმუნოება მმართველ ვალერიუსის წინაშე, რის-თვისაც დაახლოებით 250 წელს თავი მოკვეთეს. მარტვილთა ცხედრები ქრისტიანებმა ალექსანდრიაში მიაბარეს მიწას.

ღირსი დავითი 

ღირსი დავითი მონასტერში მისვლამდე ავაზაკთა რაზმის მეთაური იყო ეგვიპტეში, ჰერმოპოლის უდაბნოში. მას მრავალი მკვლელობა და სხვა უსჯულოება უმძიმებდა სულს. როცა მოხუცებულობას მიაღწია, ნეტარმა გადახედა განვლილი ცხოვრების გზას და თავისმა შავბნელმა საქმეებმა ძრწოლა მოჰგვარა. სინანულით აღვსილმა, დატოვა ბანდა, მონასტერს მიაშურა და იღუმენს სთხოვა, საძმოში მიეღო. იღუმენი დიდხანს უარზე იდგა. არწმუნებდა მოსულს, ჩვენი ცხოვრების მკაცრ წესს ვერ გაუძლებო; დავითი კი დაჟინებით ითხოვდა თავისას, დაბოლოს, ვერაფერს რომ ვერ გახდა, დაიმუქრა, მე ცნობილი ავაზაკი დავითი ვარ და თუ მონასტრის კარებს არ გამიღებთ სინანულისთვის, დავუბრუნდები ძველ ცხოვრებას, დავარბევ სავანეს და ბერებსაც ამოვხოცავო. მაშინ იღუმენმა მიიღო ავაზაკი, ის კი, ყველას გასაოცრად, სამაგალითო ბერი დადგა და თავისი მკაცრი ღვაწლით მონასტრის ძმებს ბევრად გადააჭარბა. რამდენიმე ხნის შემდეგ უფალმა დავითს მთავარანგელოზი გაბრიელი მოუვლინა და ცოდვათა მიტევება აუწყა, ღირსმა მამამ ვერ დაიჯერა, რომ ისეთ დიდ ცოდვილს, როგორც ის იყო, უფალი ასე მალე შეუნდობდა. მცირედმორწმუნეობისა და უნდობლობისათვის დავითი დამუნჯდა და მხოლოდ კანონთა კითხვისა და საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობის დროს უბრუნდებოდა მეტყველების უნარი. სიცოცხლის მიმწუხრზე წმიდანმა სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ამგვარი ცხოვრებით იცხოვრა მან მრავალი წლის მანძილზე, შემდეგ კი სული უფალს შეჰვედრა

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

205
თემები:
საეკლესიო კალენდარი (194)
ატენის სიონი

საეკლესიო კალენდარი: 18 სექტემბერი

175
(განახლებულია 07:06 18.09.2020)
მართლმადიდებელი ეკლესია 18 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის მშობლების ზაქარიას და ელისაბედის, მოწამეთა: თიფაილის, თიბეას და სარვილეს, იუვენტინე და მაქსიმე მხედართა, მოწამეთა: ურბანისა, თეოდორესი, მედიმნესი და მათთანა 77-თა , მოწამე აბდე სპარსელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

იოანე ნათლისმცემლის მშობლები

წმიდა წინასწარმეტყველი ზაქარია და მართალი ელისაბედი, უფლის წინასწარმეტყველის, წინამორბედისა და ნათლისმცემლის, იოანეს მშობლები, აარონის მოდგმისანი იყვნენ: წმიდა ზაქარია, ბარაქიას ძე, იერუსალიმის ტაძარში მღვდელმსახურებდა. მართალი თანამეუღლენი უშვილობით იტანჯებოდნენ, რაც იმ ხანებში უფლის დიდ სასჯელად ითვლებოდა. ერთხელ, ტაძარში მსახურების დროს, წმიდა ზაქარიას ანგელოზმა აუწყა, რომ უკვე მხცოვანებას მიღწეული ელისაბედი უშობდა ძეს, რომელიც იქნებოდა „დიდ წინაშე უფლისა. ზაქარია დაეჭვდა ამ წინასწარმეტყველების აღსრულების შესაძლებლობაში და მცირედმორწმუნეობისთვის უტყვებით დაისაჯა. როცა მართალმა ელისაბედმა ძე შვა, სულიწმიდის შეგონებით მას იოანე უწოდა, თუმცა მათ მოდგმაში ეს სახელი არავის რქმევია. ახალშობილის მამას რომ დაეკითხნენ, მან ფიცარი მოითხოვა და ზედ იგივე სახელი წააწერა. ამის შემდეგ  სულიწმიდის მადლით აღვსილი, იგი წინასწარმეტყველებდა თავის ძეზე, როგორც უფლის წინამორბედზე. უსჯულო ჰეროდემ კარგად უწყოდა იოანე წინასწარმეტყველის საკვირველი შობის შესახებ და მისი მოკვლაც სურდა. მართალი ელისაბედი ჩვილთან ერთად მთებში გაიხიზნა. მკვლელები ყველგან დაეძებდნენ მათ. როცა ელისაბედმა მდევრები შენიშნა, ცრემლებით შესთხოვა უფალს, შესწეოდა. უეცრად მთა გაიპო და დედა-შვილი შეიფარა. ამ ავბედით ჟამს ზაქარია იერუსალიმის ტაძარს არ განშორებია. ჰეროდეს გამოგზავნილი მეომრები დიდხანს ამაოდ ეცადნენ, იოანეს ადგილსამყოფელი შეეტყოთ მისგან, რის შემდეგაც ჰეროდეს ბრძანებით განგმირეს იგი მართალი ელისაბედი თავის მეუღლის მიცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ გავიდა ამსოფლიდან, უფლის მფარველობის ქვეშ მყოფი წმიდა იოანე კი უდაბნოში ცხოვრობდა მანამ, სანამ ებრაელი ხალხის წინაშე მისი გამოჩენის ჟამმა არ მოაწია.

წმიდა მოწამენი: თაიფალე და დაჲ მისი თიბეა, წმიდა მოწამე სარვილე

წმიდა მოწამე თაიფალე და მისი და თიბეა (ანუ ბებეა) წარმართთა შორის ქრიატიანული სარწმუნოების გაბედული და წარმატებული ქადაგებისთვის აწამეს, ერთი ცნობით, ტრაიანეს (98-117), სხვა წყაროებით კი - ადრიანეს (117-138) მეფობაში. ხანგრძლივი და სასტიკი წამების შემდეგ წმიდა თაიფალე ხეზე დაკიდეს და გახერხეს, მისი და თიბეა კი ყელში შუბის დარტყმით მოკლეს (15 ოქტომბერს ეკლესია იხსენიებს წმიდანებს: სარვილეს და ბებეას. ვარაუდობენ, რომ ბებეა იგივე თაიფალეს და - თიბეაა; ზოგი სარვილეს თავად თაიფალესთან აიგივებს, სხვები კი თვლიან, რომ სარვილესა და ბებეასთან ერთად 15 ოქტომბრის წმიდანებს შორის თაიფალეს სახელი ცალკე უნდა იყოს ჩართული).

წმიდა მოწამენი: იუვენტინე და მაქსიმე მხედარნი

წმიდა მოწამენი: იუვენტინე და მაქსიმე მხედარნი იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) პირადი მცველები იყვნენ. ერთხელ, ანტიოქიაში ყოფნისას, იულიანემ გადაწყვიტა, ბაზრებში ყველა საკვები პროდუქტისთვის ნაკერპავი სისხლი ესხურებინა და ქრისტიანები შეებილწა. წმიდა იუვენტინემ და მაქსიმემ დაუფარავად დაგმეს მეფის საქციელი და ამხილეს იგი ქრისტიანული სარწმუნოების უარყოფაში. ორივე მათგანი უღმრთო ხელისუფლის ბრძანებით დაუნდობლად გვემეს, შემდეგ კი საპყრობილეში დაახრჩვეს.

წმიდა მოწამენი: ურბანოსი, თეოდორე, მედიმნე და მათთან 77 მამანი

წმიდა მოწამენი: ურბანოსი, თეოდორე, მედიმნე და სამოცდაჩვიდმეტი მამანი სასულიეროთაგანნი ნიკომიდიაში ეწამნენ არიანელი იმპერატორის, ვალენტის (364-378) დროს.

წმიდა მოწამე აბდე

წმიდა მოწამე აბდე (აბიდე) იეზდიგერდ I-ის (408-420) ზეობისას ეწამა სპარსეთში მზისა და ცეცხლის თაყვანისცემაზე უარის თქმისთვის.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

175
თემები:
საეკლესიო კალენდარი (194)
ტესტირება კორონავირუსზე

აჭარა, თბილისი და რეგიონები - როგორია COVID-19-ის ახალი შემთხვევების გეოგრაფია

0
COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების უმრავლესობა კვლავ აჭარაზე მოდის, რეგიონში ერთ დღეში ასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან, რომლებიც ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში დაფიქსირდა, უმრავლესობა აჭარას უკავშირდება, დანარჩენი გამოვლინდა თბილისსა და რეგიონებში, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

სად უმკურნალებენ კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულებს >>

„დაგვემატა 187 ახალი დადასტურებული შემთხვევა. დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსის 3 306 შემთხვევა გვაქვს. 187 ახალი შემთხვევის განაწილება ასეთია: 116 არის აჭარა, 30 თბილისს უკავშირდება, იმერეთს -15, სამეგრელო-ზემო სვანეთს - 11 , გურიას - 4, კახეთს - 3, შიდა ქართლს - 3, ქვემო ქართლს - 2, ასევე მცხეთა-მთიანეთს - 2, ერთი შემთხვევა კი სამცხე-ჯავახეთს უკავშირდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ კორონავირუსზე მკურნალობს სულ 1 798 ადამიანი, აქედან 14 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო 70-ის მდგომარეობა მძიმეა.

რაც შეეხება აჭარას, რეგიონში 28-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკაც.

ახალინფიცირებულთა უმრავლესობა ბათუმის მკვიდრია. ამასთან, დღეს გამოვლენილ შემთხვევებს შორის არიან არასრულწლოვნები და ორსულებიც.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აჭარის კლინიკებში ამ დროისთვის 486 ინფიცირებული მკურნალობს, 300-ზე მეტი პირი კი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კოვიდ-სასტუმროებში იმყოფება. დღევანდელი შედეგი 3 ათას 500-ზე მეტი ტესტის შედეგად გამოვლინდა.

გურიაში კორონავირუსი ორი თვის ჩვილს დაუდასტურდა >>

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 3306-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას დღეს 46 ადამიანი შეემატა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1481 ადამიანი. გარდაიცვალა – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5014, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში