სამცხე-ჯავახეთში სომხური ეკლესიის ტერიტორიაზე სამარხები დააზიანეს

საეკლესიო კალენდარი: 8 ივლისი

98
(განახლებულია 08:31 08.07.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 ივლისს ღირსმოწამე ფებრონია ქალწულს მოიხსენიებს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყო ის  და რატომ არის მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

ფებრონია ქალწული

ღირსმოწამე ფებრონია ქალწული დიოკლეტიანეს (284-305) მეფობაში გაბრწყინდა მოწამეობრივი აღსასრულით. იგი იზრდებოდა ქალაქ სივაპოლის (ასურეთის ოლქი) მონასტერში, რომლის წინამძღვარიც იყო იღუმენია ბრიენა, წმიდა ფებრონიას დეიდა.

იღუმენიამ, ზრუნავდა რა მის ცხონებაზე, თავის დისწულს სხვა მონაზვნებთან შედარებით მკაცრი კანონი დაუწესა. მონასტრის წესდების მიხედვით, პარასკევობით დები ხელს იღებდნენ თავიანთ მორჩილების საქმეებზე და ლოცვასა და წმიდა წერილის კითხვაში ატარებდნენ დროს. ჩვეულებრივ, წინამძღვარი კითხვას წმიდა ფებრონიას ავალებდა.

როცა ნეტარი ქალწულის კეთილმსახური ცხოვრების შესახებ ქალაქში ხმა გავრცელდა, მასთან სიარული დაიწყო დიდგვაროვანმა წარმართმა ქვრივმა იერიამ. ფებრონიამ შეჭირვებულ ახალგაზრდა ქალს ხსნის გზა დაანახა, რის შემდეგაც იგი მოინათლა და მშობლები და ახლობლებიც აზიარა ქრისტეს ნათელს.

გამხეცებულმა დიოკლეტიანემ ასურეთში ქრისტიანების ამოსაჟლეტად მეომართა რაზმი გაგზავნა ლისიმაქოსის, სელინისა და პრიმის მეთაურობით. სელინი, ლისიმაქოსის ბიძა, მართლმადიდებელთა გააფთრებული სიძულვილით გამოირჩეოდა, თავად ლისიმაქოსი კი, ღვთისმოყვარე დედის აღზრდილი, თანაუგრძნობდა მათ. კეთილგონიერი მხედართმთავარი თავის ნათესავს, პრიმს შეუთანხმდა, შეძლებისდაგვარად დაეცვათ ქრისტიანები მტარვალთა ძალმომრეობისაგან. როცა რაზმი სავანეს მიუახლოვდა, მოწესეები გაიხიზნნენ. მონასტერში დარჩნენ მხოლოდ იღუმენია ბრიენა, მისი თანაშემწე თომაიდა და წმიდა ფებრონია, რომელიც მძიმედ ავადმყოფობდა. იღუმენია ძლიერ წუხდა, რომ მისი დისწული უღმრთოთა ხელში ვარდებოდა და მხურვალედ ევედრებოდა უფალს, დაეცვა და ქრისტიანულ სარწმუნოებაში განემტკიცებინა იგი. სელინმა ბრძანა, ყველა მონაზონი მოეგვარათ მისთვის, მაგრამ პრიმმა მხედრებთან ერთად სავანეში ვერავინ იპოვა ორი მხცოვანი დედისა და წმიდა ფებრონიას გარდა. იგი მათმა დანახვამაც ძლიერ შეაწუხა და მონაზვნებს შესთავაზა, დაეტოვებინათ მონასტერი. დებმა არ ისურვეს თავიანთი მოღვაწეობის ადგილის დატოვება.

პრიმმა ლისიმაქოსს წმიდა ფებრონიას საოცარი სილამაზე აღუწერა და ურჩია, ცოლად შეერთო იგი. ლისიმაქოსმა კი უპასუხა, არ მსურსო ქრისტეს შევედრებულ ქალწულთა ცთუნება და სთხოვა, სადმე გადაემალა დარჩენილი მონაზვნები, რომ ისინი სელინის ხელში არ ჩავარდნილიყვნენ. ერთ-ერთმა მეომარმა გაიგონა ეს საუბარი და სელინს მოუტანა ამბავი. წმიდა თებრონია ხელებშეკრული და ქედზე ჯაჭვდადებული მიჰგვარეს უსჯულო მხედართმთავარს. მან ქალწულს შესთავაზა, წარმართული ღვთაებებისთვის მსხვერპლი შეეწირა, სანაცვლოდ კი პატივი, ჯილდოები და ლისიმაქოსთან ქორწინება აღუთქვა. ნეტარმა დედამ მტკიცედ მიუგო, მე მარადიული სასიძო მყავს და არანაირ მიწიერ სიკეთეზე არ გავცვლიო მას. ამისთვის სელინმა საშინლად აწამა იგი. ბოლოს წმიდა მარტვილს თავი მოჰკვეთეს.

363 წელს წმიდანის უხრწნელი ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

98
თემები:
საეკლესიო კალენდარი (136)
სამების საკათედრო ტაძარი

საეკლესიო კალენდარი: 9 ივლისი

108
(განახლებულია 23:31 08.07.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 9 ივლისს ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს ზეიმობს.

საეკლესიო კალენდარში 9 ივლისი არის ასევევ ღირსი დავით თესალონიკელის და წმიდა იოანე გუთელი ეპისკოპოსის ხსენების დღე.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში

ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი

1383 წელს ლადოგის ტბაში, ნოვგოროდის მხარეში, მეთევზეები იჭერდნენ თევზს. უცებ ზეგარდმო ნათელი მოეფინა ირგვლივ ყველაფერს. მეთევზეებმა აიხედეს ზევით და იხილეს სასწაული, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი მზესავით ანათებდა და მოდიოდა წყალზე ისე, თითქოს ვიღაცის უხილავ ხელს მოჰქონდა. მეთევზეებმა დაუწყეს ყურება, თუ საით მიდიოდა ხატი, მაგრამ ღმერთმა არ ინება მათთვის ეჩვენებინა და ხატი თვალს მიეფარა. გარკვეული დროის შემდეგ იგივე ხატი გამოჩნდა ჰაერში და ისევ ანათებდა. ტიხვინიდან 100 მილის მოშორებით შეიკრიბა ურიცხვი მაცხოვრებელი და უყურებდნენ ღვთისმშობლის ხატს, რომელსაც ყრმა მაცხოვარი ეჭირა მარცხენა ხელში. მაშინ ღვთისმშობელმა ინება მიწაზე ჩამობრძანება. მალე ამ ადგილას ააშენეს ტაძარი და ხატი ამ ტაძარში დააბრძანეს. ხატი მრავალს სასწაულებს აღასრულებდა. ცოტა ხანში ხატი გაუჩინარდა და გარკვეული დროის შემდეგ ტიხვინიდან 20 მილის მანძილზე მთის წვერზე გამოჩნდა იგივე სახით.

მოძღვრებმა ჯვრებით და ხატებით მოაწყეთ მისკენ მსვლელობა. მათ მრავალარიცხოვანი ხალხი შეუერთდა ფსალმუნების გალობით.ლოცვით და ცრემლებით შეევედრნენ ღვთისმშობელს, გაეხადა ისინი ღირსნი მიეღოთ ეს სიწმინდე. ხატმა შეიწირა მათი ლოცვა და მოძღვრებს გადაეცა. ხალხმა გადაწყვიტა, მთაზე მისთვის აეშენებინათ ტაძარი, მოჭრეს ხეები და დაიწყეს მიწის თხრა და როცა მოსაღამოვდა, დაიშალნენ. ხატი მომავალი ტაძრის საძირკვეთან დაბრძანებული დატოვეს. დილით ხატი კვლავ გაუჩინარდა. ხალხმა დაიწყო გოდება და გულმხულვარე ლოცვა, უფალს გამოეცხადებინა ხატის ადგილსამყოფელი. ცოტა ხანში იხილეს ნათება, გაყვნენ სხივს და მივიდნენ მდინარე ტიხვინის მახლობლად უდაბნოში. ხატი სწორედ აქ იმყოფელობა. იგი ჰაერში იყო, არავითარი სადგომი არ ჰქონდა. უდაბნოში ჭაობიანი იყო. გადაწყვიტეს აქ დაემუშავებინათ მიწა და აეგოთ ტაძარი.

ამ ამბის საუწყებლად ნოვგოროდში მთავარეპისკოპოსთან გაგზავნეს კაცი. მან მოსკოვის თავადს შეატყობინა ტიხვინში მომხდარი ეს სასიხარულო ფაქტი და ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის აშენების შესახებ მისცა ლოცვა–კურთხევა, ტაძარი სწრაფად ააშენეს. ტაძარი უნდა ეკურთხებინათ მიძინებისათვის. მართმადიდებელთა მოსაწევად ამ ღირსესანიშნავ დღეზე  ღვთისმოშიში მნათე გიორგი გაგზავნეს. გზაში  მას გამოეცხადა ღვთისმშობელი, უთხრა: "წადი ტაძარში და უთხარი: ნუ გააკეთებენ ლითონის ჯვარს მასზე, არამედ გაკეთონ ხის ჯვარი". გიორგიმ მიუგო:არ დამიჯერებენო. ღვთისმშობელი შეპირდა, რომ მისცემდა ნიშანს, თუ არ დაუჯერებდნენ. გიორგიმ მოუყვა ხალხს მომხდარი ამბავი, მაგრამ მათ არ დაუჯერეს და გადაწყვიტეს, გამოეჭედათ რკინის ჯვარი. ერთ–ერთმა მშენებელმა აიტანა ჯვარი გუმათზე და ცდილობდა დაემაგრებინა, მაგრამ ამოვარდა ქარიშხალი და გადმოაგდო იგი მიწაზე ჯვარიანად სრულიად უვნებელი. მაშინ კი ირწმუნეს გიორგის სიტყვები და მყისვე შეასრულეს ღვთისმშობლის ბრძანება.

ღირსი დავით თესალონიკელი

ღირსი დავით თესალონიკელი (+დაახლ. 540), წმიდა მოწამეთა, თეოდორესა და მერკურის სახელობის მონასტერში მოსაგრეობდა, შემდგომ კი ქალაქ თესალონიკის სიახლოვეს, ნუშის ხის ქვეშ ტალავარი მოაწყო და იქ დამკვიდრდა. წმიდა მამა გამუდმებით ლოცულობდა, მკაცრად მარხულობდა, მოთმინებით იტანდა ყინვასა და პაპანაქებას. უფალს სათნოეყო მისი ღვაწლი და სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა. ნეტარი მოსაგრე კურნავდა სნეულებს, სულის სარგებელ რჩევებს აძლევდა ყველა მომსვლელს. უვნებლობას მიღწეულ, მიწიერ ანგელოზს მიმსგავსებულ მამას შეეძლო, გავარვარებული ნაკვერცხლები საკმევად ისე აეღო ხელში, რომ არაფერი დაშავებოდა.

წმიდა იოანე გუთელი ეპისკოპოსი

წმიდა იოანე გუთელი ეპისკოპოსი (VIII) სიყრმეშივე აღიკვეცა ბერად. ღირსმა მამამ იერუსალიმის წმიდა ადგილები მოილოცა და სამი წლის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. ამასობაში ხატმბრძოლ იმპერატორს კონსტანტინე კოპრონიმს (741-775) განედევნა გუთელი ეპისკოპოსი. ქრისტიანები შეევედრნენ წმიდა იოანეს, შესდგომოდა მღვდელმთავრის მძიმე უღელს. წმიდა მამა მწვალებლობისაგან დაცულ საქართველოში გამოემგზავრა. აქ დაასხეს მას ხელი ეპისკოპოსად. გუთეთს დაბრუნებული მღვდელმთავარი მალე იძულებული შეიქმნა დაეტოვებინა სამწყსო, ხაზართა დევნას გაერიდა და 4 წელი გაატარა ამასტრიდაში. წმიდა იოანემ 40 დღით ადრე იწინასწარმეტყველა საკუთარი სიკვდილი, გარდაიცვალა 790 წელს და დაკრძალეს პართენიტის მონასტერში.

მასალა მომზადებულია ღია წყარიებზე დაყრდნობით.

 

 

108
თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019
ანჩისხატის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 7 ივლისი

76
(განახლებულია 08:49 07.07.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 ივლისს წინასწარმეტყველის, წინამორბედის და ნათლისმცემელის იოანეს შობას ზეიმობს და  მოწამეების: ორენტიოსის, ფარნაკიოსის, ეროსის, ფირმოსის ფირმინეს, კვირიაკეს და ლონგინოზის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობა

როგორც წმიდა სახარება მოგვითხრობს, იოანე ნათისმცემლის მშობლები - მღვდელმთავარი ზაქარია და ელისაბედი „იყვნეს... წინაშე ღმრთისა მართალ“, მაგრამ სიბერის ასაკს ისე მიაღწიეს, რომ შვილი არ მისცემიათ. ერთხელ, როცა ზაქარია იერსუსალიმის ტაძარში ღვთისმსახურებას აღასრულებდა, „ეჩუენა მას ანგელოზი უფლისაჲ“ და ამცნო: „შეისმინეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე და უწოდი სახელი მისი იოვანე“. შეძწუნებული ზაქარია დაეჭვდა ზეციური მახარობლის სიტყვებში, რისთვისაც მას, სასჯელად, მეტყველების უნარი წაერთვა.

ახალგაზრდობის ასაკს საკმაოდ გადაცილებული წმიდა ელისაბედი დაფეხმძიმდა და  ვაჟიშვილი შეეძინა.  მერვე დღეს ჩვილს, მოსეს სჯულის თანახმად, წინადაცვითეს და აპირებდნენ, მისთვის ზაქარია დაერქმიათ, მაგრამ ელისაბედმა განაცხადა: „არა, არამედ ეწოდოს მაგას იოვანე“. ყველანი გაოცდნენ, - ეს სახელი მის მოდგმაში არავის ერქვა და ზაქარიას სთხოვეს, ენიშნებინა მათთვის, რა უნდოდა ძისთვის ეწოდებინა. მანაც „მოითხოვა ფიცარი და დაწერა და თქუა: იოვანე არს სახელი მისი“ .

ღვთის განგებით ზაქარიას ისევ დაუბრუნდა მეტყველების უნარი. სულიწმიდის მადლით წინასწარმეტყველებაც დაიწყო

მას შემდეგ, რაც იშვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, და მწყემსებმა და მოგვებმა თაყვანი სცეს მას, უსჯულო მეფე ჰეროდემ ბრძანა, მოეწყვიდათ „ყოველი ყრმები, რომელნი იყვნეს ბეთლემს და ყოველთა საზღვართა მისთა ორით წლითგანი და უდარესი“ ელისაბედმა ეს რომ შეიტყო, შვილთან ერთად უდაბნოში გაიხიზნა. ზაქარია და კი იერუსალიმში დარჩა და ერთგულად აღასრულებდა მღვდელმთავრის მოვალეობას. ჰეროდემ მასთან მეომრები გაგზავნა ბრძანებით, გაემხილა ჩვილისა და მისი დედის ადგილსამყოფელი. მამამ უპასუხა, რომ არაფერი იცოდა მათ შესახებ, რისთვისაც ტაძარშივე განგმირეს. ელისაბედი შვილთან ერთად უდაბნოში განაგრძობდა ცხოვრებას და იქვე აღესრულა. ყრმა იოანე კი, ანგელოზისგან დაცული, უდაბნოში იმყოფებოდა.

მოწამენი შვიდნი ძმანი: ორენტიოსი, ფარნაკიოსი, ეროსი, ფირმოსი, ფირმინე, კვირიაკე და ლონგინოზი

 ორენტიოსი, ფარნაკიოსი, ეროსი, ფირმოსი, ფირმინე, კვირიკე და ლონგინოზი რომაელი მხედრები იყვნენ და იმპერატორის ლაშქარში მსახურობდნენ. მაქსიმიანეს (284-305) მეფობაში ბერძნებს სკვითები დაესხნენ თავს. ორენტის ებრძანა, რომ გასაოცარი ფიზიკური ძალის მქონე სკვითების ბელადს, მაროთს შებრძოლებოდა. გაბედულებითა და ძლიერებით გამორჩეული მხედარი თავის ექვს ძმასთან ერთად ქრისტეს სასოებდა, ახლაც ღვთისგან გამოითხოვა შეწევნა და დაამარცხა სკვითების აქამდე დაუმარცხებელი ბელადი. ამ გამარჯვებამ ბრძოლის ბედი გადაწყვიტა - სკვითები უკუიქცნენ. იმპერატორი წარმართული ღვთაებებისთვის სამადლობელი მსხვერპლის შესაწირავად გაემზადა და გამარჯვებულს - ორენტისაც უხმო. წმიდანმა უარი განაცხადა მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობის მიღებაზე და ახოვნად აღიარა, რომ მას ქრისტე ღმერთი სწამდა და მხოლოდ მას ემსახურებოდა. ვერც პატივისა და სიმდიდრის აღთქმამ და ვერც მუქარამ ვერ მოდრიკა აღმსარებელი. მაშინ სასტიკმა და უმადურმა თვითმპყრობელმა ბრძანა, იგი თავის ძმებთან ერთად კავკასიაში გადაესახლებინათ. გზაში ყველა მათგანი გარდაიცვალა: პირველად, 22 ივნისს, ეროსი აღესრულა პარემვოლში; შემდეგ ორენტიმ შეჰვედრა სული უფალს. მას ყელზე ლოდი გამოაბეს და ზღვაში ჩაძირეს. მთავარანგელოზმა რაფაელმა ქალაქ რიზის ნაპირებთან გამოიყვანა იგი და აქ მიიცვალა. ფარნაკი 3 ივლისს გარდაიცვალა კორდილში; წმიდა ფირმოსი და ფირმინი - 7 ივლისს, ასპარში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე; წმიდა კვირიკე კი - ზიგანიაში, 14 ივლისს. მეშვიდე ძმას, ლონგინოზს ხომალდზე აღმოხდა სული. ქარიშხალმა გემი ქალაქ ბიჭვინთასთან მიაგდო და წმიდანის ნეშტიც აქ მიაბარეს მიწას.

მასალა მომზადებულია ღია წყარიებზე დაყრდნობით.

76
თემები:
საეკლესიო კალენდარი (136)
რთველი

„რქაწითელი" და „კახური მწვანე": მთავრობა რთველის სუბსიდირებას გეგმავს

0
(განახლებულია 14:10 09.07.2020)
მთავრობა რთველის სუბსიდირებაზე 60 მილიონ ლარს დახარჯავს, აუცილებლობის შემთხვევაში კი შეისყიდის კიდეც

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობა ქართული ყურძნის ჯიშების „რქაწითელისა" და „კახური მწვანის" სუბსიდირებას განახორციელებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ განაცხადა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, წელს რთველის სუბსიდირებაზე 60 მილიონი ლარი დაიხარჯება.

მეხუზლას თქმით, სუბსიდია, სავარაუდოდ, მხოლოდ „რქაწითელის" ჯიშის ყურძენს შეეხება. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სიაში „კახური მწვანეც" აღმოჩნდა.

„მთავრობა რთველის სუბსიდირებას განახორციელებს, განსაკუთრებით ყურძნის ისეთი ჯიშების, როგორიცაა „რქაწითელი" და „კახური მწვანე", რომელთა ფასიც 80 თეთრზე დაბალი არ იქნება", - განაცხადა გახარიამ.

გახარიას თქმით, ფერმერული საქმიანობის სტიმულირება მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი მიზნობრივი მიმართულებაა.

„ყველამ კარგად იცის, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გახლავთ სოფელი, ფერმერი, ქართველი გლეხი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ სხვადასხვა ინსტრუმენტით ამ ადამიანებს დავხმარებოდით, ქართველი ფერმერი გაგვეძლიერებინა კრიზისის პირობებში", - განაცხადა გახარიამ.

როგორც მან აღნიშნა, თუ აუცილებლობა იქნება, სახელმწიფო ყურძნის შესყიდვაშიც ჩაერთვება.

ამასთან, პრემიერმა მოკლე ექსკურსი გააკეთა და აღნიშნა, თუ რამდენად წარმატებული იყო გასული წლები ქართული მევენახეობისა და მეღვინეობისთვის.

„2019 წელი იყო რეკორდული - საქართველოდან 94 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. რა თქმა უნდა, შიდა მოხმარებაც იზრდებოდა. 2012 წელს ქართულ ექსპორტში მეღვინეობის წილი მთლიანობაში დაახლოებით 2.5% იყო, დღეს კი 6%-ია", - განაცხადა გახარიამ..

საქართველოში რთველის სეზონი სექტემბრის მეორე ნახევრიდან იწყება. იმისთვის, რომ პანდემიის გამო გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი რთველზე არ აისახოს, საქართველოს ხელისუფლებამ მეღვინეობის დარგზე ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ზრუნვა გადაწყვიტა - აღნიშნული გადაწყვეტილება ივნისის დასაწყისში პრემიერის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე იქნა მიღებული..

0
თემები:
საქართველოს მთავრობა