წმინდა ნინოს ტაძარი ბოდბეში

საეკლესიო კალენდარი: 26 ივნისი

142
(განახლებულია 09:01 26.06.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 26 ივნისს მღვდელმოწამე ანთიმოზ ივერიელის, მოწამე აკვილინას, წმიდა ტრიფილეს, კვიპრელი ეპისკოპოსის, მოწამის ანტონინას, ასევე ღირსთა: ანასი და მისი ძის იოანესხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

მღვდელმოწამე ანთიმოზ ივერიელი

ანთიმოზ ივერიელი 1650 წელს მესხეთში, სოფელ უდეში დაიბადა. მშობლებმა მას ანდრია დაარქვეს. წმინდა ანთიმოზ ივერიელის ერისკაცობის დროინდელი ცნობები სამწუხაროდ ძალიან მწირია. 16(სხვა ცნობით 24) წლის ანდრია თურქებმა მოიტაცეს და სტამბოლში მონათა ბაზარზე გაყიდეს, სადაც იგი იერუსალიმის პატრიარქმა დოსითეოსმა შეიძინა. პატრიარქთან ანდრიამ 23 წელი გაატარა და სავარაუდოდ აქვე ბერად აღიკვეცა და ეწოდა  სახელი – ანთიმოზი.

საპატრიარქოში ყოფნის პერიოდი მან თავისი განათლებისა და ოსტატობის სრულყოფისათვის გამოიყენა.  მოკლე ხანში აითვისა საღმვთისმეტყველო და საერო ლიტერატურა, ფილოსოფია, რიტორიკა, ხელოვნება.

40 წლის სახელგანთქმული მხატვარი, გრავიორი და კალიგრაფი ანთიმოზი ვლახეთის მთავარმა კონსტანტინე ბრინკოვიანუმ, რუმინელთა დიდმა მოღვაწემ, სტამბოლიდან ბუქარესტში წაიყვანა.

რუმინეთში 25 წლიანი მოღვაწეობისას ანთიმოზ ივერიელმა დააარსა 4 სტამბა და დაბეჭდა 64 წიგნი. მისი უშუალო ხელშეწყობით სტამბა დაარსდა ალეპოშიც (სირია).

წმიდა ანთიმოზის უშუალო ხელმძღვანელობით ვლახეთში ოცზე მეტი ეკლესია-მონასტერი აიგო.

განუზომელია ანთიმოზ ივერიელის ღვაწლი ქართული სტამბის დაარსებაშიც.  მან ვახტანგ VI-ს სტამბის გამართვისათვის საჭირო ყველანაირი ტექნიკა და მასალა გაუგზავნა. აახლა ასოთამწყობი მიხაილ იშტვანოვიჩი, შეიქმნა და ჩამოისხა პირველი ქართული შრიფტი და მალე პირველი წიგნიც დაიბეჭდა. ეს იყო „სახარება”.

როდესაც თურქეთ-ავსტრიის ომი დაიწყო, ანთიმოზმა ანტითურქული პოზოცია დაიკავა და გარშემო ვლახელ ბოიართა ჯგუფი შემოიკრიბა. მათი მიზანი იყო, ვლახეთი როგორც თურქთა, ისე ფანარიოტთა ბატონობისაგან გაეთავისუფლებინათ.  ანთიმოზი  სინას მთაზე, წმიდა ეკატერინეს მონასტერში გააძევეს.  თუმცა ანთიმოზს სინას მთამდე არც მიუღწევია. გალიპოლიის მახლობლად, ადრიანოპოლზე გამავალი მდინარის, დულჩიას ნაპირზე, თურქმა იანიჩარებმა ხმლებით დაჩეხეს, ასო-ასო აკუწეს და მისი წმიდა ნაწილები მდინარეში გადაყარეს. ეს მოხდა 1716 წლის 14 სექტემბერს.

წმიდა მოწამე  აკვილინა

წმიდა მოწამე აკვილინა (+293) კეთილმორწმუნე ფინიკიელთა ოჯახში იზრდებოდა. ის  იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს 12 წლის ასაკში ქრისტიანობისთვის ეწამა.

წმიდა ტრიფილე , კვიპრელი-ლევკუსიის ეპისკოპოსი

წმიდა ტრიფილე ლევკუსიის ეპისკოპოსი კონსტანტინეპოლში დაიბადა, განათლება კი ბირითში (ბეირუთი, სირია) მიიღო.  ღრმად განსწავლულმა და საოცარი მჭევრმეტყველების ნიჭის მქონე წმიდანმა მოძღვრად თავმდაბალი და სიწმიდით გამორჩეული მოღვაწე- სპირიდონ ტრიმიფუნტელი (+348)აირჩია

ტრიფილეს კვიპროსის ქალაქ ლევკუსიის მღვდელმთავრად დაასხეს ხელი. ის ბრძნულად განაგებდა თავის სამწყსოს,  გამოირჩეოდა გულმოწყალებით, სიმშვიდით, მართლმადიდებლური რწმენის სიმტკიცით, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით და მრავალი სხვა სათნოებით.

დედისგან ნაანდერძევი ქონებით წმიდანმა ლევკუსიაში მონასტერი ააგო,  გარდაიცვალა ღრმად მოხუცი, დაახლოებით 370 წელს. 

წმიდა მოწამე ანტონინა

წმიდა მოწამე ანტონინა (III-IV) ეწამა ნიკეაში, იმპერატორ მაქსიმილიანეს მიერ ქრისტიანთა დევნის დროს (284-305). სასტიკი ტანჯვის შემდეგ წმიდა ანტონინა საპყრობილეში ჩააგდეს, მაგრამ ვერაფრით აიძულეს ქრისტეს უარყოფა. მრავალი ტანჯვა-წამების შემდეგ წმიდა მოწამე ტომარაში ჩასვეს და ტბაში გადააგდეს.

ღირსი ანა  და ძე მისი იოანე

ღირსი ანა და ძე მისი, იოანე, ბიზანტიაში ცხოვრობდნენ. ანა კონსტანტინეპოლის ვლაქერნის ტაძრის მოძღვრის ასული იყო. მეუღლის სიკვდილის შემდეგ მან მამაკაცის სამოსელი შეიმოსა და ძესთან, წმიდა იოანესთან ერთად, ევფემიანეს სახელით, მამათა ერთ-ერთ სავანეში დაემკვიდრა, ოლიმპოს მახლობლად. ღირსი ანა კონსტანტინეპოლში მიიცვალა 826 წელს. მისი ხსენება აღინიშნება ორჯერ: 14 ივნისს და 29 ოქტომბერს.

 

 მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

142
თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (137)
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში

საეკლესიო კალენდარი: 28 სექტემბერი

108
(განახლებულია 22:30 27.09.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 სექტემბერს ღირსი ამბა იოსებ ალავერდელის, დიდმოწამისა ნიკიტას, მოწამეთა: მაქსიმეს, თეოდოტეს და ასკლიადის, პორფირიოსის, ღირსი ფილოთეოსის, მცირე აზიელი ხუცისა ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამაინები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

ღირსი აბბა იოსებ ალავერდელი, ათცამეტ სირიელ მამათაგანი

წმიდა მამა იოსებ ალავერდელი იყო მოწაფე წმიდა იოანე ზედაზნელისა რომელიც VI საუკუნეში თორმეტი მოწაფის თანხლებით სირიიდან საქართველოში ჩამოვიდა ქრისტიანობის და ქვეყანაში ბერმონაზვნობის ასაღორძინებლად. ამ დროს, მართალია, საქართველოს სამოციქულო ეკლესიას რამდენიმე საუკუნის ისტორია ჰქონდა, მაგრამ ურწმუნოება კვლავ მძლავრობდა.

აბბა იოსები ღვთის ნებით და ცხოველმყოფელი ჯვრის წინამძღოლობით დაემკვიდრა კახეთს, იმ ადგილას, სადაც დღეს ალავარდის ტაძარია. გადმოცემით, აბბა იოსები განუშორებლად თან ატარებდა ჯვარს, გამოთლილს იმ ჯვრის ხისგან, რომელზეც აწამეს უფლი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე.

მალე ხალხმა გაიგო წმიდა ბერის ამბავი და აქ სიარული იწყო, რათა ეხილა საკვირველი მამა და მოესმინა მისი სწავლება. წმიდა იოსებიც დაუცხრომლად ქადაგებდა, იძლეოდა რჩევა-დარიგებებს. მისი მოუკლებელი ღვაწლით ამ მხარეში აღმოიფხვრა ურწმუნოება და განმტკიცდა ღვთისმსახურება. იმ ადამიანთაგან, რომელთაც ბერის წმიდა ცხოვრება, სიყვარული და სასწაულები იზიდავდა უდაბნოში, ბევრი იქვე რჩებოდა სამოღვაწეოდ. თანდათან მეუდაბნოეთა რიცხვი გაიზარდა და დიდი კრებული შეადგინა. წმიდა მამა იოსებ ალავერდელი იყო საძმოს პირველი წინამძვარის და მოძღვარიც.

დიდი ხნის მოღვაწეობითა და შრომით ხორციელად მოუძლურებულმა წმინდანმა აღსასრულის მოახლოება იგრძნო, მოწაფეები შეკრიბა, დაარიგა, აკურთხა, წინამძღვარი დაუდგინა და მშვიდად მიიცვალა.
მოწაფეებმა დიდი პატივით დაკრძალეს წმიდა იოსების ცხედარი მის მიერ აშენებულ ალავერდის ტაძარში.

წმიდა დიდმოწამე ნიკიტა

წმიდა დიდმოწამე ნიკიტა, გუთი მხედარი, ცხოვრობდა IV საუკუნეში, დუნაის ნაპირას.   ქრისტიანობის დამკვიდრებას ქვეყანაში წინ აღუდგნენ წარმართი გუთები, რასაც შედეგად შინაბრძოლები მოჰყვა.

მას შემდეგ, რაც ქრისტიანთა ლაშქრის წინამძღოლმა, ფრიტიგერნმა წარმართი ათანარიხი დაამარცხა, ბარბაროსთა შორის მაცხოვნებელი სწავლების ქადაგება სულ უფრო და უფრო მზარდი წარმატებით ხორციელდებოდა. მაგრამ ათანარიხმა დამარცხების შემდეგ შეძლო ძალების აღდგენა, სამშობლოში დაბრუნდა და კვლავ ძველებური ძლევამოსილებით შეიმოსა. ათანარიხმა შეიპყრო უფლის რჩეული და საშინელი წამების შემდეგ ცეცხლში შეაგდო. ასე დაასრულა ცხოვრება დიდმოწამე ნიკიტამ დაახლოებით 372 წელს.

წმიდა მოწამენი: მაქსიმე, თეოდოტე და ასკლიადა 

წმიდა მოწამენი: მაქსიმე, თეოდოტე და ასკლიადა (ასკლიპიოდოტა) IV საუკუნის დასაწყისში ეწამნენ, იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) ზეობისას.

წმიდა მოწამე პორფირე 

წმიდა მოწამე პორფირე იულიანე განდგომილის (361-363) ზეობისას ეწამა.

ღირსი ფილოთეოს ხუცესი - მცირე აზიელი

ღირსი ფილოთეოს ხუცესი მცირე აზიის სოფელ მრავინოდან იყო. იგი სასწაულთქმედების ნიჭით იყო დაჯილდოებული ღვთისაგან. მიიცვალა არა უგვიანეს X საუკუნისა.

აღმოყვანება ნაწილთა აკაკი აღმსარებელისა, მელიტინელი ეპისკოპოსისა

აღმოყვანება ნაწილთა წმიდისა აკაკი აღმსარებელისა, მელიტინელი ეპისკოპოსისა, აღესრულა იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროს. ქრისტეს აღსარებისთვის წმიდა აკაკი საშინლად აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს, საიდანაც მოგვიანებით გაათავისუფლეს. მან მრავალი უღმრთო მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე, სახელი გაითქვა შთაგონებული ქადაგებებითა და სასწაულებით, რის შემდეგაც მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

108
თემები:
საეკლესიო კალენდარი
შიო-მღვიმის მონასტერი

საეკლესიო კალენდარი: 27 სექტემბერი

380
(განახლებულია 08:56 27.09.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 სექტემბერს მსოფლიო ამაღლებას პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა - ჯვართამაღლებას ზეიმობს. ამ დღეს დაწესებულია ერთდღიანი მარხვა.

ჯვართამაღლება

მაცხოვრის ჯვარცმიდან სამასი წლის შემდეგ ქრისტიანებმა მანამდე დაკარგული უდიდესი ქრისტიანული სიწმიდე - ცხოველსმყოფელი ჯვარი უფლისა ისევ მოიძიეს და მისი თაყვანისცემის შესაძლებლობა მიეცათ. ეს მოხდა 326 წელს, იმპერატორ, კონსტანტინე დიდის (306-337 ) დროს.

რომის წარმართი იმპერატორები ცდილობდნენ, ადამიანთა ცნობიერებიდან აღმოეფხვრათ იმ წმიდა ადგილების ხსოვნა, სადაც ევნო მაცხოვარი და დიდებით აღდგა.

იმპერატორმა ადრიანემ (117-138) მიწით დააფარვინა გოლგოთა და ქრისტეს საფლავი, შემდეგ კი ხელოვნურად შექმნილ ბორცვზე წარმართული ქალღმერთის, ვენერას ტაძარი და იუპიტერის კერპი აღამართვინა.

 კონსტანტინე დიდმა სასწაულებრივად ირწმუნა ქრისტე მას შემდეგ, რაც იმპერიისთვის გადამწყვეტი ბრძოლის წინ ცაზე იხილა ჯვრის ნიში წარწერით: „ამით სძლიო!“. უფლის რჩეულმა ჯვრის ძალით მართლაც გამანადგურებელი დამარცხება აგემა წინააღმდგომებს, რის შემდეგაც არ ასვენებდა სურვილი იმ ძელის მოძიებისა, რომელზეც მაცხოვარი ეწამა.

მან მოოხრებულ იერუსალიმში გაგზავნა დედამისი - კეთილმსახური დედოფალი ელენე, რომელსაც პატრიარქ მაკარისთან წერილიც გაატანა თხოვნით, ხელი შეეწყო წმიდა საქმისთვის. ნეტარი ელენე უკვე საკმაოდ მოხუცებული იყო, მაგრამ, ღვთის სიყვარულით აღძრული, ფრიად დაშვრა დიდი სიწმიდის ძიებაში. იგი დიდხანს ამაოდ ცდილობდა, იერუსალიმის მკვიდრთაგან შეეტყო ჯვრის ადგილსამყოფელი. იპოვეს მაცხოვრის საფლავი, მის მახლობლად კი  - სამი ჯვარი, დაფა პილატეს დავალებით გაკეთებული სამენოვანი წარწერით და ოთხი ლურსმანი, რომლითაც ძელზე მიამსჭვალეს ქრისტე. რომ გაეგოთ, რომელი იყო ცხოველსმყოფელი ძელი უფლისა სამივე ჯვარი რიგრიგობით შეახეს მიცვალებულს. მესიის ჯვრის შეხებაზე მკვდარი გაცოცხლდა. ურიცხვი ქრისტიანი შეიკრიბა სიწმიდის თაყვანსაცემად. ისინი პატრიარქ მაკარის სთხოვდნენ, აღემართა ჯვარი, რომ ყველას შეძლებოდა მისი დანახვა. მაშინ მღვდელმთავარმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად სიწმიდის ამაღლება დაიწყო, ხალხი კი  კრძალვით თაყვანს სცემდა მას. წმიდა ჯვრის აღმოჩენას კიდევ ერთი სასწაული ახლდა თან: მისი გადასახვით მძიმე ავადმყოფი ქალი განიკურნა.

წმიდა ელენე დედოფალმა მაცხოვრის ამქვეყნიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ადგილები ტაძრებით შეამკო: ოთხმოცზე მეტი ეკლესია აშენდა. კონსტანტინე დიდის ბრძანებით დაიწყო ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობა, რომელსაც გოლგოთა და უფლის საფლავი უნდა მოეცვა. ტაძარი დაახლოებით ათ წელს შენდებოდა და იკურთხა 335 წლის 13 სექტემბერს. მომდევნო დღეს, 14 სექტემბერს დაწესდა პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაული.

ამ დღეს იხსენიება მესიის ჯვართან დაკავშირებული კიდევ ერთი მოვლენა - 14-წლიანი ტყვეობის შემდეგ მისი დაბრუნება სპარსეთიდან იერუსალიმში. იმპერატორ ფოკას (602-610) ზეობისას სპარსეთის მეფემ, ხოსრო II-მ დაამარცხა ბიზანტიელთა მხედრობა, დაარბია იერუსალიმი, გაიტანა უფლის ცხოველსმყოფელი ჯვარი და წმიდა პატრიარქი ზაქარიაც (609-633) ტყვედ ჩაიგდო. სიწმიდე 14 წელი იმოყფებოდა სპარსეთში და მხოლოდ მას შემდეგ გადმოეცათ ქრისტიანებს, რაც იმპერატორმა ჰერეკლემ (610-641), ღვთის შეწევნით, დაამარცხა ხოსრო და საზავო ხელშეკრულება დადო მის ძესთან - სიროესთან. ცხოველსმყოფელი ძელი დიდი ზეიმით შემოაბრძანეს იერუსალიმში. იმპერატორი ჰერაკლე სამეფო გვირგვინითა და პორფირით შემკული მიასვენებდა სიწმიდეს აღდგომის ტაძრისკენ. მას გვერდით პატრიარქი ზაქარია მიჰყვებოდა. ბჭეებთან, რომელიც უნდა გაევლოთ გოლგოთაზე ამსვლელებს, მეფე უეცრად შედგა და გზის განგრძობას ვერ ახერხებდა. წმიდა ზაქარიამ აუხსნა: ეს - უფლის ანგელოზი გეღობება წინ, რადგან მას, ვინც კაცობრიობის გამოსასყიდად აზიდა ჯვარი გოლგოთაზე, ეს გზა სიმდაბლით გაიარაო. მაშინ ჰერაკლემ მოისხნა გვირგვინი, სამეფო მანტიაც განიმოსა და უბრალო ტანსაცმლით დაუბრკოლებლად შეაბრძანა სიწმიდე ტაძარში.

საეკლესიო კალენდარში  ეს  თარიღი ასევე არის  წმიდისა იოანე ოქროპირის მიცვალების დღეც.

კონსტანტინოპოლის პატრიარქი, ეკლესიის დიდი მამა იოანე ოქროპირი 407 წლის 14 სექტემბერს გარდაიცვალა, მაგრამ ჯვართამაღლების დღესასწაულის გამო მისი ხსენება 13 ნოემბერსაა გადატანილი. 27 იანვარს წმიდა ეკლესია ზეიმობს ნეტარი მღვდელმთავრის წმიდა ნაწილების გადასვენებას კომანიდან კონსტანტინოპოლში, 30 იანვარს კი იგი ბასილი დიდთან და გრიგოლ ღვთისმეტყველთან ერთად იხსენიება.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

380
თემები:
საეკლესიო კალენდარი
სახანძრო მანქანა

თბილისში, ერეკლე მეორის ქუჩაზე მდებარე კაფეში ხანძარი გაჩნდა

0
ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძრის შედეგად არავინ არ დაშავებულა

თბილისი, 28 სექტემბერი  — Sputnik. თბილისში, ერეკლე მეორის ქუჩაზე მდებარე კაფე „ბლუმში“ ხანძარი გაჩნდა, იუწყება „პირველი არხი“.

როგორც ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ განუცხადა, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, დამწვარია 200 კვადრატულ მეტრამდე ფართობი.

„კოტე აფხაზის ქუჩის მიმდებარედ, ერეკლე მეორის #11-ში, კაფე „ბლუმში“ მოხდა ხანძარი. ადგილზე ოპერატიულად იქნა მობილიზებული სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. იყო ხანძრის გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული მუშაობის შედეგად, მოხდა ხანძრის დროული ლოკალიზება. დამწვარია 200 კვადრატამდე, შენობაში არსებული ფართობი. ხანძარი ამ დროისთვის არის ლოკალიზებული და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები“, – აღნიშნა ოთარ კერესელიძემ.

მისი თქმით, ხანძრის შედეგად არავინ არ დაშავებულა. კაფეს თანამშრომლები მეხანძრე მაშველების მოსვლამდე გარეთ გავიდნენ. ამ დროისთვის გავრცელების საფრთხე აღარ არის.

მისივე ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო რვა სახანძრო ავტოცისტერნა და ერთი სამაშველო ჯგუფი.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში