წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში

საეკლესიო კალენდარი: 7 ივნისი

189
(განახლებულია 23:42 06.06.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 ივნისს სულთმოფენობას და წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ პოვნას აღნიშნავს, ეს თარიღი  საეკლესიო კალენდარში ასევე არის აჭარაში თურქთაგან წამებულთა წმიდა მამათა და დედათა ხსენების დღეც.

Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ისინი და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

სულთმოფენობა, წმიდა სამების დღე

ამაღლების შემდეგ მოწაფეები იერუსალიმში დაბრუნდნენ. ისინი ერთად ელოდებოდნენ დაპირებული ნუგეშისმცემლის – სულიწმიდის – მოვლინებას. და აი, ამაღლებიდან მეათე დღეს (რომელიც აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეა), დილის ცხრა საათზე, იერუსალიმში მოულოდნელად ამოვარდა უცნაური ქარი, ციდან გარდამოვიდა ღმრთაებრივი ცეცხლი და მოწაფეებს ცეცხლის ენების სახით დაადგა თავზე. მოწაფეებმა, რომლებიც მანამდე ებრაელებთან შეხვედრას ერიდებოდნენ, საოცარი ძალით დაიწყეს ქადაგება სხვადასხვა ენაზე. სულიწმიდის მადლი ქრისტეს 120 მოწაფეზე გადმოვიდა, მაგრამ უკვე პირველ დღეს წმ. პეტრე მოციქულის პირველივე ქადაგებამ 3000 ადამიანი მოაქცია. სულთმოფენობის დღესასწაულზე,აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა სრულდება; წირვის შემდეგ იკითხება მუხლმოდრეკის ლოცვები, რა დროსაც პირველად იყრიან მუხლს აღდგომის დღესასწაულის შემდეგ. ამ დღეს ქრისტიანები ასევე პირველად ამბობენ სულიწმიდის მოწვევის ლოცვას „მეუფეო ზეცათაო“….

სულთმოფენობის დღესასწაულს მეტად ღრმა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: როდესაც წმ. წინასწარმეტყველი მოსე ებრაელებს ეგვიპტიდან გამოუძღვა, მან ისინი მეორმოცე დღეს სინას წმ. მთასთან მიიყვანა, ხოლო ორმოცდამეათე დღეს მისცა ღმრთაებრივი სჯული ძველი აღთქმისა. აქედან მოყოლებული, დღე სჯულის მიღებისა ებრაელებისათვის უდიდესი ყოველწლიური დღესასწაული იყო, რომლის დროსაც იერუსალიმში მთელი მაშინდელი მსოფლიოდან თითქმის ყველა ებრაელი იკრიბებოდა. ღმერთმა სწორედ ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმიდის მადლი, რაც ძველი სჯულის ახლით შეცვლის ნიშანი იყო.
ეს დღე ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღედ ითვლება.

ტრადიციულად, სულთმოფენობის დღესასწაულზე ეკლესიები მწვანით უნდა შეიმოსოს. ტაძარი შიგნიდან ირთვება ყვავილებით, ფოთლებითა და აყვავებული ტოტებით; ძირს ეფინება რაც შეიძლება ბევრი ბალახი. მორწმუნეები წირვაზე მიდიან ყვავილის ლამაზი თაიგულებით; შუაში დამაგრებულია ანთებული სანთლები, რომლებიც წირვის შემდეგ იკურთხება. ეს ყველაფერი საოცარი სანახაობაა. ტაძრის მწვანით შემოსვის ტრადიციაც ძველი აღთქმიდან მოდის: ებრაელები სჯულის მიღების დღესასწაულზე უფალს მადლობის ნიშნად ტაძარში პირველ ნაყოფს სწირავდნენ.

იგულისხმება, რომ სულიწმიდის მადლი ამ სიმწვანეზე გადმოდის, რის გამოც მორწმუნეები ტაძარში დაფენილ სიმწვანეს, ბალახებს მთელ წელს ინახავენ – ამ ბალახის ნახარშს კურნების სასწაულთმოქმედი ძალა აქვს, რაშიც თითოეულ ადამიანს შეუძლია დარწმუნდეს.

მესამედ პოვნა პატიოსნისა თავის ნათლისმცემლისა იოანესი

როცა წმიდა იოანე ოქროპირი გადაასახლეს, კონსტანტინეპოლში შფოთი ატყდა. ამასთან დაკავშირებით წმიდა იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავი ემესაში გადააბრძანეს, აქედან კი სარკინოზთა თავდასხმების დროს (810-820) კომანში ჩამოასვენეს. ხატმბრძოლთა ერესის მძვინვარების ჟამს სიწმიდე მიწაში ჩაფლეს. ხატთაყვანისცემის აღდგენის შემდეგ პატრიარქ ეგნატეს (847-857) უფლისგან ეუწყა წმიდა იოანე წინამორბედის პატიოსანი თავის ადგილსამყოფელი. მწყემსმთავარმა ამის შესახებ იმპერატორს აუწყა. მან კომანში გააგზავნა ელჩები, რომლებსაც პატრიარქის მიერ მითითებულ ადგილას დახვდა სიწმიდე. ეს მოხდა 850 წელს. მოგვიანებით ნათლისმცემლის თავი კვლავ კონსტანტინეპოლში გადაასვენეს და საიმპერატორო სასახლის კარის ეკლესიაში დააბრძანეს. მისი ნაწილი ინახება წმიდა ათონის მთაზე.

მრავალნი წმიდანი მამანი და დედანი, აჭარაში თურქთაგან წამებულნი

აჭარა ოდითგანვე იყო ქრისტიანობის შეურყეველი ბურჯი და ერთგული მეციხოვნე. სწორედ დიდაჭარით შემოვიდა საქართველოში წმიდა ანდრია პირველწოდებული და აქ იქადაგა პირველად სახარება. ქრისტესთვის მოწამეობრივად აღსრულებული წმიდა მატათა მოციქულიც აჭარის მიწამ მიიბარა. იგი გონიოშია დაკრძალული.

XVI საუკუნიდან აჭარა თურქთა მუდმივი აგრესიის ობიექტი გახდა. ირან-ოსმალეთს შორის გამართული ომი ოსმალეთის გამარჯვებით დამთავრდა. ზავით დასავლეთ საქართველოს ოსმალეთს ერგო. სამცხე, აჭარა, ჭანეთი თურქებმა საქართველოს მოსწყვიტეს, ოსმალეთის პროვინციად გამოაცხადეს და ოსმალური მმართველობა დაამყარეს.

ცნობილ მეცნიერს ზაქარია ჭიჭინაძეს თავის ნაშრომში „ქართველების გამაჰმადიანება ანუ ისლამის გავრცელება დასავლეთ საქართველოს ქართველებში XVII-XVIII საუკუნეებში“, მოჰყავს ღრმად მოხუცი აჭარელის ნაამბობი: „აჭარაში გამაჰმადიანების საქმე ერთობ გაძნელებულა. ზოგიერთი მოხუცებული კაცები და ნამეტურ დედაკაცები ქრისტიანობაზე მტკიცედ იდგნენ და თან ოსმალოს მოლა-ხოჯებსაც ეკამათებოდნენ და ედავებოდნენ... ასეთ მოხუცებულთა რიცხვი აჭარაში დიდი ყოფილა... ბოლოს მთავრობისაგან ასეთი ბრძანება გამოსულა, რომ ყველა ეგენი დაიჭირეთ და გაამაჰმადიანეთ, თუ არ გამაჰმადიანდნენ, მერე დახოცეთო. მალე აჭარის მოხუცებულები შეუკრებიათ და აქა-იქ ციხეებში დაუმწყვდევიათ, ესენი აჭარისწყლის შესართავთან მიურეკიათ, სადაც ძველად თამარ მეფის ხიდი ყოფილა და რომელ ხიდის ნიშნებიც დღესაც დგას. ამ ხიდზე დაუდვითა თავ-საკვეთი. მოხუც ქრისტიანებს თავს სჭრიდნენ, მერე ენის წვერსა და ფაშას უგზავნიდნენ: თავსა და ტანს კი ჭოროხში ჰყრიდნენ. ეს საქმეები მომხდარა ამ ასი წლის წინათ, ე.ი. 1790 წლებში“.

საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმიდანებად შერაცხა ქრისტიანობის დაცვისათვის აჭარაში მოწყვეტილი დედები და მამები.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

189
თემები:
საეკლესიო კალენდარი (138)
წმინდა ნინოს ჯვარი ჯვრის მონასტერში

საეკლესიო კალენდარი: 13 ივლისი

321
(განახლებულია 08:49 13.07.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ივლისს წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას – სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. საეკლესიო კალენდარში ეს თარიღი ასევე არის წმინდა დინარა დედოფალის ხსენების დღე.

წმინდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრება – სვეტიცხოვლობა

საქართველოში სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს.

კრება წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა უძველესი დღესასწაულია. ცნობები ამ დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ IV საუკუნიდან მოგვეპოვება.

ეკლესიას ჭეშმარიტების ამ ქადაგთაგან თითოეულის ღვაწლის მოსაგონებლად საგანგებო დღე აქვს დაწესებული, მაგრამ პეტრე-პავლობის მომდევნო დღეს ყველა მათგანს ერთად იხსენიებს.

დინარა დედოფალი

წმიდა დინარა დედოფალი. რუსულ საეკლესიო მატიანეებს დაცული აქვთ ცნობები „ივერიის დედოფალ დინარას“ შესახებ, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის ქრისტიანობის წინაშე. მეცნიერები დიდხანს დაობდნენ, თუ საქართველოს რომელ ისტორიულ პირს გულისხმობდა რუსული საეკლესიო გადმოცემა. ფიქრობდნენ, რომ წყაროები გულისხმობდნენ წმიდა მეფე თამარს, მაგრამ ცნობები თამარამდელ პერიოდს მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ „ქართლის ცხოვრებას“ დაცული აქვს ცნობა ჰერეთის დედოფალ დინარას შესახებ, რომელმაც თავის შვილ იშხანიკთან ერთად ჰერეთის ანუ ალბანეთის მრავალრიცხოვან მოსახლეობას აღუდგინა მართლმადიდებლური სარწმუნოება და იხსნა ისინი მწვალებელ-მონოფიზიტთა საეკლესიო უღლისაგან X საუკუნეში.

ჰერეთის ანუ ალბანეთის უდიდესი ნაწილი ძველთაგანვე დასახლებული იყო ქართველური ტომებით, ამიტომაც ძველი წყაროები მასაც ივერიას უწოდებდნენ, შავიზღვიდან ვიდრე კასპიის ზღვამდე გადაშლილი ქვეყნის (ივერიის) ნაწილად მიიჩნევდნენ. სლავურ-რუსული მეომარი ტომები, რომლებიც მოსე კალანკატუელის თანახმად ზოგჯერ ლაშქრავდნენ სამხრეთის მხარეებს და ამიერკავკასიაში შემოდიოდნენ კასპიის ანუ დარუბანდის კარით, ხვდებოდნენ ივერიელ (ჰერ) მოსახლეობას, ამიტომაც როგორც ჩანს, ჰერთა ანუ ივერიელთა დედოფალ დინარას შესახებ ცნობებიც მათ გაიტანეს რუსეთში. მართლაც, ქართული ეკლესია დიდ პატივს მიაგებდა წმიდა დედოფალ დინარას. თუ არა მისი თავგამოდებული ღვაწლი, აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მრავალრიცხოვანი მოსახლეობა შეემატებოდა მწვალებელ-მონოფიზიტთა რიგებს, რომელნიც აქ გაბატონებულნი იყვნენ სპარსელთა ხელშეწყობით.

მასალა მომზადებულია ღია წყარიებზე დაყრდნობით

321
თემები:
საეკლესიო კალენდარი (138)
სიღნაღის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 12 ივლისი

177
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია12 ივლისს დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს–პეტრე–პავლობას აღნიშნავს.

ქრისტეს მოწაფეთა - მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს ორ მათგანს მიაგებს. ესენი  არიან - წმ. პეტრე და პავლე,  ისინი თავიანთი ღვაწლით იმდენად გამოირჩნენ ქრისტეს სხვა მოწაფეებს შორის, რომ ეკლესიამ თავნი მოციქულნი უწოდა წმიდანებს და ერთ დღეს დააწესა მათი ხსენება.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში

წმიდა მოციქული პეტრე

წმიდა მოციქული პეტრე (სვიმეონი) გალილეველი მეთევზის, იონას ძე იყო. განკაცებული უფლის გამოჩენა ძმამ, ანდრია პირველწოდებულმა ახარა და მანვე მიიყვანა იგი იესოსთან

ერთხელ პეტრე იაკობთან და იოანესთან ერთად გენესარეთის ტბაზე თევზაობდა, მთელი ღამის უშედეგო თევზაობით დამაშვრალ და შეწუხებულ სიმონს უფალმა ურჩია, კიდევ ერთხელ გადაესროლა ბადე ტბაში. ისიც კურთხევას დაემორჩილა და სასწაული იხილა: „შეაყენეს თევზისა სიმრავლე დიდი და განსქდებოდეს ბადენი მათნი“.

საკვირველი სახილველით შეძრულმა პეტრემ დიდი სულიერი ნათლის ფონზე ცხადად შეიგრძნო თავისი ბიწიერება და ფეხებში ჩაუვარდა ქრისტეს: „განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო“. იესომ მიუგო: „ნუ გეშინინ, სიმონ! ამიერითგან იყო კაცთა მონადირე“. ნაპირზე გამოსულმა უფლის რჩეულმა ზებედეს ძეებთან ერთად დაუტევა ყოველი და მიჰყვა მესიას

ერთხელ ქრისტემ მოწაფეებს ჰკითხა: „თქვენ ვინ გგონიე მე ყოფად?“ პეტრემ უპასუხა: „შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ“. ამაზე უფალმა მიუგო: „ნეტარ ხარ შენ, სჳმონ, ბარ იონა, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიცხადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან; და მე გეტყჳ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას; და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი. და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნა ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა“ ამ სიტყვებით „კლიტენი“ და „შეკვრისა და გახსნის“ უფლება მიენიჭა „თავკიდურ ლოდზე“ - ქრისტეზე დაფუძნებულ ერთიან მსოფლიო ეკლესიას და არა ერთ ადამიანს). პეტრე, მისი ფიცხი ხასიათისა და დიდი მოშურნეობის გამო, ადამიანურ სისუსტეებსაც ხშირად ავლენდა ხოლმე.

უკანასკნელი პასექის დროს განკაცებულმა ღმერთმა მოწაფეებს ამცნო: „თქუენ ყოველნი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ამას ღამესა, რამეთუ წერილ არს: დავსცე მწყემსი და განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოჲსა მისისანი“. პეტრემ განაცხადა: „დაღათუ ყოველნი დაბრკოლდენ შენდა მომართ, ხოლო მე არა სადა დავბრკოლდე“. უფალმა მიუგო: „ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე, სამ-გზის უვარ-მყო მე“

ოცდაათ ვერცხლად გაყიდული უფალი, მართლაც, იმავე ღამეს შეიპყრეს გეთსიმანიის ბაღში და კაიაფას მიჰგვარეს. მოციქულები დაიფანტნენ. მხოლოდ პეტრე და იოანე შეჰყვნენ ქრისტეს მღვდელთმოძღვრის ეზოში. შეკრებილებმა იცნეს პეტრე და ამბობდნენ: „ესეცა მის თანა იყო“, ის კი იფიცებოდა: „არა ვიცი კაცი იგი“. როცა მესამეჯერ უარყო მაცხოვარი, „მეყსეულად. ქათამმან იყივლა და მოიქცა უფალი და მიხედა პეტრეს“. მოწაფეს მოაგონდა მოძღვრის სიტყვები, სინანულმა შეიპყრო, „განვიდა გარე და ტიროდა მწარედ“. სინანულის ეს გრძნობა არ დასცხრომია პეტრეს სიკვდილის დღემდე.

უფალმა არ დააგდო საყვარელი მოწაფე - მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იგი ტიბერიის ზღვაზე გამოეცხადა თომასა და ნათანაელთან ერთად სათევზაოდ გასულ პეტრეს, და მიმართა: „სჳმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს ამათსა?“ პეტრემ მიუგო: „ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ“. „დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი“, - უთხრა ქრისტემ. უფალმა სამჯერ გაიმეორა შეკითხვა და წმიდა მოციქულმაც სამჯერ აღიარა მაცხოვარი. მოძღვარმა ამით მიანიშნა მოწაფეს, რომ პატიობდა სულმოკლეობას, სიტყვებით „დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი“ კი იმ ღვაწლზე მიუთითა, რომლითაც იგი შეძლებდა, განსაკუთრებით სათნოჰყოფოდა უფალს და გამოესყიდა თავისი შეცოდება ამიერიდან პეტრე ღვთის სიტყვის მხურვალე მქადაგებელი და პირმეტყველ ცხოვართა ერთგული მწყემსი შეიქნა.

წმიდა მოციქული მოწამეობრივად აღესრულა რომის სისხლიანი იმპერატორის, ნერონის ზეობისას. ჯვარზე თავდაღმა მიმსჭვალულ უფლის რჩეულს სულის ამოხდომამდე არ შეუწყვეტია ქადაგება.

პეტრე მოციქულმა დაგვიტოვა ორი ეპისტოლე, რომლებიც ახალი აღთქმის წიგნებშია ჩართული. პეტრეს მოწაფის, მარკოზის სახარებაც მის მიერ არის მოწონებული და ნაკურთხი.

წმიდა მოციქული პავლე

წმიდა მოციქული პავლე ისრაელიანი იყო, ბენიამინის ტომიდან, სჯულით ფარისეველი. ის კილიკიის ქალაქ ტარსუში დაიბადა და რომის მოქალაქედ ითვლებოდა; მოციქულად მოწოდებამდე მას სავლე ერქვა. საერო მეცნიერებებს იგი მშობლიურ ქალაქში დაეუფლა, შემდეგ კი სჯულის უკეთ შესასწავლად იერუსალიმში გაემგზავრა, მაშინდელ გამოჩენილ რაბინ გამალიელთან. გულისხმიერი ჭაბუკი მშვენივრად განისწავლა მოსეს სჯულში და, როგორც ფარისეველი, მისი მტკიცე აღმსრულებელი შეიქნა.

სავლეს ისე სძულდა ქრისტიანები, რომ „ფრიად მავნებელ იყო ეკლესიათა მიმართ, სახლებსა შევიდოდა და ითრევდა მამებსა და დედებსა და მისცემდა საპყრობილედ“

იერუსალიმში აღძრული დევნის გამო ქრისტიანები პალესტინის სხვადასხვა ადგილებში გაიხიზნნენ. ბევრმა დამასკოს შეაფარა თავი. გულისწყრომით აღსავსე სავლემ მღვდელთმოძღვრისგან გამოითხოვა ქრისტიანთა დატყვევების ნებართვა და დამასკოში გაემგზავრა, რათა ქრისტეს მიმდევარი „მამები, ანუ დედები, კრულნი მოიყვანნეს იერუსალემდ“ დამასკოს მიახლოებულმა სავლემ ზეციდან გარდამოსული ნათელი იხილა, ზეციური ხილვით გაოგნებული და შეშინებული სავლე „დაეცა ქუეყანასა ზედა და ესმა ჴმაჲ, რომელმან ჰრქუა მას, საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე?“. კითხვაზე: „შენ ვინ ხარ, უფალო?“ ნათლით გამო მოისმა: „მე ვარ იესუ, რომელსა შენ მდევნი!“ იესუმ უბრძანა სავლეს, ქალაქში შესულიყო და დანარჩენი იქ გაეცხადებოდა. სავლე წამოდგა, მაგრამ დამოუკიდებლად წასვლა ვეღარ შეძლო - იგი ვერაფერს ხედავდა. განცვიფრებულმა მხლებლებმა სავლე დამასკოში შეიყვანეს. სამი დღის შემდეგ უფლისმიერი კურთხევით მოციქულმა მოწაფემ, ანანიამ სავლე მონათლა და მხედველობაც დაუბრუნდა.

ამის შემდეგ უწინდელი ფარისეველი და ქრისტიანთა სასტიკი მდევნელი მტკიცე აღმსარებელი და უფლის გამორჩეული მოციქული გახდა. ნათლისღების შემდეგ მან არაბეთს მიმართა, სადაც, გადმოცემით, სამი წლის განმავლობაში თავად მაცხოვარი ეცხადებოდა, სჯულს ასწავლიდა და ქრისტიანობის საქადაგებლად ამზადებდა. არაბეთიდან წმიდა პავლე იერუსალიმში ჩავიდა პეტრე, იაკობ და იოანე მოციქულებთან, იქიდან კი - ქალაქ ტარსუში, სადაც ბარნაბა მოციქულთან ერთად მთელი წელიწადი გაატარა საეკლესიო საქმეების მოწყობაში.

სულიწმიდის ბრძანების თანახმად, პავლე მოციქული, მარკოზისა და ბარნაბას თანხლებით, წარმართთა შორის ქრისტეს სჯულის საქადაგებლად გაემგზავრა. მან მოიარა სელევკია და კუნძული კვიპროსი. მისგან ქადაგებული სჯულის ჭეშმარიტება მრავალი სასწაულით მტკიცდებოდა. ეს იყო წმიდა პავლე მოციქულის პირველი მოგზაურობა. ამის შემდეგ იგი ლუკას და შილას თანხლებით კვლავ გაემგზავრა ქრისტეს სწავლების გასავრცელებლად. გაიარა სირია, კილიკია და ლიკაონია, გადავიდა ევროპაშიც - მაკედონიაში, იყო საბერძნეთშიც. პავლე წელიწადნახევარი ცხოვრობდა კორინთოში, შემდეგ კი უკან დაბრუნდა და გზად ეფესოსა და კესარიაში გაჩერდა. მცირე შესვენების შემდეგ წმიდა მოციქული მესამედ გაემგზავრა საქადაგებლად: დააარსა ახალი ეკლესიები და განამტკიცა ძველნი. წმიდა მოციქულის ეს მოგზაურობა უკანასკნელი იყო. ქრისტეს არც ერთ მოწაფეს არ დაუთმენია იმდენი ვნება, ტანჯვა და წვალება, რამდენიც უფლის ამ რჩეულმა ჭურმა დაითმინა.

უფლის სათნომყოფელი მოციქული მტარვალებმა კესარიაში შეიპყრეს, აქედან კი რომში გააგზავნეს, სადაც 67 წელს იმპერატორი ნერონის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს: „წარუპყრა ქედი თჳსი წმიდამან პავლე მეჴრმლეთა მათ სიხარულითა. და ვითარცა მოჰკუეთა თავი მეჴრმლემან მან, მეყსეულად მადლითა ღმრთისაჲთა სძჱ გამოჴდა სისხლისა წილ ქედისაგან წმიდისა პავლჱსა“. ამ სასწაულის მხილველებმა ადიდეს უფალი. რომში დღესაც უჩვენებენ ადგილს, სადაც წმიდა მოციქული სიკვდილით დასაჯეს.

პავლე მოციქულმა დაგვიტოვა 14 ეპისტოლე, რომლებიც „ახალი აღთქმის“ წიგნებში შედის. ერთ-ერთი სახარებისა და „საქმე მოციქულთას“ ავტორი - ლუკაც მისი მოწაფე იყო.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

177
მოფრენის ტერმინალი თბილისის აეროპორტში

ტესტირება, კარანტინი, მოგზაურობის ისტორია - რა უნდა ვიცოდეთ საქართველოს საზღვრის კვეთისას

0
(განახლებულია 19:00 13.07.2020)
ვინ, როგორ და რა პირობით გადმოკვეთს საქართველოს საზღვარს პანდემიის პერიოდში - მთავრობა პასუხობს ხშირად დასმულ კითხვებზე.

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნა პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე, რომლებიც ეხება საზღვრის კვეთას, ტესტირებას, კარანტინს და ამასთან დაკავშირებულ პროცედურებს - Frequently Asked Question About Border Crossing Procedures.

რომელი ქვეყნების მოქალაქეები და რა პირობებით ჩამოვლენ საქართველოში >>

- რომელი ქვეყნებისთვის იხსნება საქართველოს სახელმწიფო საზღვარი?

- ამ ეტაპზე ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან 5 ქვეყნისთვის (გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა) საქართველოს სახელმწიფო საზღვარი იხსნება უპირობოდ. ზემოჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირები შეძლებენ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ საჰაერო გზით ჩამოსვლას, მითითებული 5 ქვეყნიდან გამომგზავრების შემთხვევაში. მაგ: ლატვიის მოქალაქე/ბინადრობის უფლების მქონე პირი გერმანიიდან უპირობოდ შემოვა საქართველოში.

საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე, მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ საქართველოში შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვ. მათივე თანხმობის შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი (სახელმწიფოს ხარჯით).

საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად, 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში პირი გადაყვანილი იქნება სამედიცინო დაწესებულებაში.

ევროკავშირის ქვეყნების (იტალია, კვიპროსი, საბერძნეთი, ესპანეთი, შვედეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ხორვატია) მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას შეძლებენ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ.

რაც შეეხება ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებს (სლოვენია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, მალტა, სლოვაკეთი, ფინეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, ხორვატია), რომელთაც საქართველოსთან არ გახსნეს საზღვარი, მათთვის ნარჩუნდება დღეს მოქმედი რეჟიმი და შეზღუდვები შემოსვლაზე.

საქართველოში საქმიანი ვიზიტის განსახორციელებლად მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქემ უნდა შეავსოს შესაბამისი ფორმა და მიუთითონ შესაბამისი უწყება, რომლის მოწვევითაც მოდის. საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ COVID-19-ზე PCR ტესტი, ან გაიარონ სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით. აღნიშნული არ ეხებათ ევროკავშირის წევრი იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს/ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს, რომლებთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს.

- ავსებენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები ელექტრონულ ანკეტას?

ანკეტას ავსებენ მხოლოდ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ზემოაღნიშნული 5 ქვეყნის მუდმივი ბინადრობის მოწმობას/ ან არიან ორმაგი მოქალაქეები.

- ავსებენ თუ არა ევროკავშირის იმ სახელმწიფოს მოქალაქეები/ბინადრობის ნებართვის მქონე პირები ელექტრონულ ანკეტას, რომელთანაც გარკვეული დათქმით იხსნება საზღვარი?

-არ ავსებენ, ვინაიდან მათთვის სავალდებულოა 14-დღიანი კარანტინის გავლა.

- სად არის ხელმისაწვდომი ელექტრონული ანკეტა?

- ელექტრონული ანკეტა ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებოდ შექმნილ ვებგვერდზე www. StopCov.ge

- არის თუ არა აუცილებელი, საქართველოში გამგზავრებამდე წინასწარი PCR კვლევის ჩატარება?

- არ არის აუცილებელი. საზღვარგარეთ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის ამსახველი დასკვნა არ მიიღება საქართველოში აუცილებელი პრინციპით ჩასატარებელი PCR კვლევის ან/და სავალდებულო 14 დღიანი კარანტინის შემცვლელ პირობად.

- ევროკავშირის რომელი ქვეყნის მოქალაქეებს/ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს მოუწევთ 14 დღიანი კარანტინის გავლა საკუთარი სახსრებით საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში?

საუბარია შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებზე: იტალია, კვიპროსი, საბერძნეთი, ესპანეთი, შვედეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ხორვატია.

- რა მიდგომა ვრცელდება ევროპის იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები?

-ასეთი ქვეყნებისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ იხსნება, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ საქმიანი ვიზიტები.

- რა მიდგომა ვრცელდება გერმანიის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მოქალაქეების შემოსვლაზე ევროკავშირის იმ წევრი ქვეყნებიდან, რომელთანაც შესაბამისი დათქმით იხსნება სახელმწიფო საზღვარი?

-აღნიშნული ქვეყნებიდან შემოსული პირები ექვემდებარებიან 14 დღიან სავალდებულო კარანტინს, საკუთარი სახსრებით.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში