წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში

საეკლესიო კალენდარი 17 მაისი

146
(განახლებულია 08:14 17.05.2020)
დღეს ეკლესია აღნიშნავს ხსენებას მოწამისა პელაგიასი, ტარსიელი ქალწულისა; მღვდელმოწამისა ერაზმისა, თორმიელი ეპისკოპოსისა; მღვდელმოწამისა ალვიანე ანეელი ეპისკოპოსისა, და მოწაფეთა მისთა ; მღვდელმოწამისა სილვანესი, ღაზელი ეპისკოპოსისა, და მისთანა 40-თა მოწამეთა .

Sputnik საქართველო მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რა ღვაწლი მიუძღვით მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე.

წმიდა ქალწულმოწამე პელაგია ტარსელი (+დაახლ. 290) წარმართი დიდებულების შვილი იყო. როცა მოისმინა ქადაგება იესო ქრისტეზე, მან ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი და ქალწულების აღთქმა დადო.

იმპერატორ დიოკლეტიანეს მემკვიდრემ - შვილობილმა ნახა ქალწული, მოიხიბლა მისი სილამაზით და გადაწყვიტა, შეერთო იგი. წმიდა ქალწულმა ჭაბუკს უთხრა, რომ ის დაწინდულია უკვდავ სასიძოზე - ძე ღვთისაზე და უარს ამბობს მიწიერ ქორწინებაზე.

წმიდა ქალწულს სურდა, სახარების მადლით გაეთბო თავისი დედაც, მაგრამ განრისხებულმა ქალმა იმპერატორის შვილობილს აუწყა, რომ პელაგია ქრისტიანია და არ სურს მასზე დაქორწინდეს. ჭაბუკი მიხვდა, რომ პელაგია მისთვის დაკარგული იყო, არ ისურვა მისი მომავალი წამება ეხილა და მახვილით განიგმირა თავი. პელაგიას დედას შეეშინდა იმპერატორის რისხვისა, თავისი ქალიშვილი შეკრა და დიოკლეტიანეს მიჰგვარა, როგორც ქრისტიანი და დამნაშავე მისი შვილის სიკვდილში. იმპერატორი მოიხიბლა ქალიშვილის სილამაზით და ათასგვარი დაპირებით ეცადა წარმართობისაკენ მის მოქცევას. წმიდა ქალწულმა უარყო იმპერატორის წინადადება.

დიოკლეტიანემ ბრძანა, პელაგია გახურებულ სპილენძის ხარში შეეგდოთ. წმიდა ქალწულმა ჯალათებს უფლება არ მისცა, შეხებოდნენ, პირჯვარი გადაისახა და თვითონ შევიდა გავარვარებულ ღუმელში. ცეცხლში მისი სხეული ცვილივით გალღვა და კეთილსურნელებით აავსო მთელი ქალაქი, ძვლები კი უვნებლად იქნა დაცული. წარმართებმა წმიდა ნაწილები ქალაქგარეთ გადაყარეს. მას უდაბნოდან გამოსული ლომები იცავდნენ ეპისკოპოს კლინონის მოსვლამდე. მღვდელმთავარმა შეაგროვა ძვლები და პატივით დამარხა. იმპერატორ კონსტანტინეს დროს (306-337), როცა ქრისტიანთა დევნა შეწყდა, წმიდა პელაგიას საფლავზე ეკლესია ააშენეს.

წმიდა მღვდელმოწამე სილვან ღაზელი ეპისკოპოსი (+312) ერისკაცობაში მეომარი იყო. ზეციური მეუფის მსახურების მსურველი ჯერ მღვდლად აკურთხეს, შემდეგ კი ღაზის ეპისკოპოსად დაადგინეს. წმიდა სილვანმა ბევრი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. დიოკლეტიანეს დროინდელ დევნისას წმიდანი მძიმე სამუშაოეზე გაგზავნეს სპილენძის საბადოებში. ამ სამუშაოებმა ეპისკოპოსი მოაუძლურა, მაგრამ სულით გაუტეხელი დაუღლელად ქადაგებდა ქრისტეს. ამან მისდამი წარმართთა სიძულვილი გააძლიერა. მათ წმიდა ეპიკოპოსს და მის მიერ მოქცეულ 40 ქრისტიანს თავი მოჰკვეთეს.

ღირსი ნიკიფორე წმიდა გრიგოლ პალამას (ხს. 14 ნოემბერს) მოძღვარი იყო. ნეტარი ბერი ათონის მთაზე მოსაგრეობდა XIV საუკუნეში. მას ეკუთვნის ღრმადსულიერი თხზულება იესოს ლოცვის შესახებ.

წმიდა მღვდელმოწამე ეპისკოპოსი ალვიანე (+304) ასიის მხარის ქალაქ ანეის ეპისკოპოსი იყო. ქრისტესთვის აღესრულა დიოკლეტიანეს და მაქსიმიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას 304 წელს. წმიდა ალვიანეს უბრძანეს, კერპისთვის მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ მან მტკიცედ აღიარა ქრისტე და კერპმსახურებაზე უარი განაცხადა. წმიდანი აწამეს გახურებული რკინით, უმოწყალოდ ცემეს, მაგრამ ვერ მოტეხეს. მასთან ერთად აწამეს მისი მოწაფეებიც. ბოლოს წმიდანები გახურებულ ღუმელში ჩაყარეს.

წმიდა მღვდელმოწამე ერაზმი (+303) სიყრმითგანვე გულმოდგინედ მსახურებდა უფალს. ის აკურთხეს ფორმიის (იტალია) ეპისკოპოსად.

 დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას ერაზმმა გადაწყვიტა გარიდებოდა სატანჯველს, მაგრამ ანგელოზმა შეაჩერა და ქალაქში დაბრუნება უბრძანა. როცა შემხვედრი მხედრები წმიდანის აღმსარებლობით დაინტერესდნენ, მან ქრისტიანად გამოაცხადა თავი. წმიდა ერაზმი ანტიოქიაში დიოკლეტიანეს მიჰგვარეს. წმიდანმა უშიშრად აღიარა ქრისტე და უშჯულოებაში ამხილა იმპერატორი. წმიდა ერაზმი სასტიკად აწამეს, მაგრამ ვერ გატეხეს. საპყრობილეში ჩაკეტილი ქრისტეს აღმსარებელი, ანგელოზმა სასწაულებრივად გამოიხსნა და უბრძანა: „მომყევი, იტალიაში წაგიყვან, იქ მრავალი ადამიანი ელოდება შენს სიტყვას“. ლუკიაში წმიდა ერაზმმა ხალხს ქრისტეს სარწმუნოება უქადაგა და მკვდრეთით აღადგინა ერთი დიდებულის ვაჟი. ამ სასწაულის შემდეგ 10000 კაცი მოინათლა. რომის იმპერიის დასავლეთის მფლობელმა მაქსიმიან პერკულმა ბრძანა წმიდანის შეპყრობა და სამსჯავროზე მიყვანა. წმიდა ერაზმმა კვლავ თამამად აღიარა ქრისტე. წმიდანი ცემეს და ძალით წაიყვანეს წარმართულ ტაძარში, მაგრამ, როგორც კი მან ტაძარში ფეხი შედგა, კერპები ჩამოცვივდა და დაიმსხვრა, სამსხვერპლოდან კი ცეცხლი გამოვარდა და მრავალი წარმართი დაწვა. გათავისუფლებულმა ერაზმმა უამრავი ხალხი მონათლა და ქალაქ სირმიაში წავიდა, სადაც კვლავ შეიპყრეს და აწამეს. წმიდანი გახურებულ ღუმელში შეაგდეს, მაგრამ ცოცხალი და უვნებელი დარჩა. ამ სასწაულმა ისე შეძრა ხალხი, რომ იმპერატორს ამბოხების შეეშინდა და სასახლეში მიიმალა. ანგელოზმა ბორკილებისაგან გაათავისუფლა ერაზმი და დააბრუნა ფორმიაში, თავის საეპისკოპოსოში. ის აღესრულა 303 წელს. ქრისტიანებმა პატივით დაასაფლავეს წმიდა მღვდელმოწამის ნეშტი.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით!

146
თემები:
საეკლესიო კალენდარი (117)
წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მონასტერი (ლურჯი მონასტერი)

საეკლესიო კალენდარი: 29 მაისი

114
(განახლებულია 22:47 28.05.2020)
საქართელოს მართლმადიდებელი ეკლესია 29 მაისს ღირსი თეოდორე განწმედილის, მღვდელმოწამისა ალექსანდრე იერუსალიმელი ეპისკოპოსის, მოწამეების: ვიტეს, მოდესტიოსის და კრისკენტიას, ნეტარისა მუზა ქალწულის, გიორგი II-ს, მიტილენელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.

თეოდორე განწმედილი

ღირსი თეოდორე განწმენდილი ქრისტეს შობიდან 368 წელს ეგვიპტეში დაიბადა მისი მშობლები მდიდარი და ცნობილი ქრისტიანები იყვნენ, რამაც თეოდორეში სულ პატარაობიდანვე გააღვიძა ბერობის სურვილი. 14 წლის თეოდორემ სახლიდან გაპარვის შემდეგ ერთ-ერთ მონასტერში განაგრძო ცხოვრება. მოგვიანებით იგი ღირსი მამა პახუმის შესახებ შეიტყობ და მასთან წავიდა.   ღირსი პახუმის გარდაცვალების შემდეგ, წმინდა თეოდორე განაგებდა ტაბენისის მონასტერს, შემდეგ კი სათავეში ჩაუდგა თებოდის ყველა სავანეს. ღირს მამას სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა. 368 წელს იგი ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა.

ალექსანდრე, იერუსალიმელი ეპისკოპოსი 

მღვდელმოწამე ალექსანდრე, იერუსალიმელი ეპისკოპოსი წმიდა კლიმენტი ალექსანდრიელის (+დაახლ. 217) მოწაფე იყო. III საუკუნის დასაწყისში იგი კაბადოკიის ფლაბიის ეპისკოპოსად აირჩიეს. სეპტიმიუს სევერუსის (193-211) ზეობისას მღვდელმთავარი საპყრობილეში ჩააგდეს, სადაც სამი წელი დაჰყო. განთავისუფლების შემდეგ უფლის რჩეული იერუსალიმში გაემგზავრა წმიდა ადგილების მოსალოცად, სადაც 212 წელს პატრიარქ ნარკისის თანამოსაყდრედ აირჩიეს. ეს ძველი ეკლესიის პრაქტიკაში მეტად იშვიათი შემთხვევა იყო. ჯერ პატრიარქის თანამოსაყდრე, შემდეგ კი პატრიარქად ხელდასხმული წმიდა ალექსანდრე 38 წელი მართავდა ეკლესიას და ფრიად დაშვრა სამწყსოს ქრისტიანული განათლებისათვის. უფლის რჩეულმა იერუსალიმში ქრისტიანი მწერლების თხზულებათა მდიდარი ბიბლიოთეკა შექმნა. იგი იმპერატორ დეკიუსის (249-251) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს გარდაიცვალა საპყრობილეში.

მოწამენი: ვიტე, მოდესტო და კრისკენტია

წმიდა მოწამენი ვიტე, მოდესტო და კრისკენტია (+303) ქრისტესთვის აღესრულნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მეფობის დროს. მათი წმიდა ნაწილები გადაასვენეს პრაღაში. წმიდა კეთილმსახურმა მთავარმა ვიაჩესლავ ჩეხმა ააშენა წმიდა ვიტეს სახელობის ტაძარი, სადაც შემდგომ დაასვენეს წმიდა მოწამეთა ნაწილები.

მუზა ქალწული

ნეტარი მუზა ქალწული (V) ზნეკეთილობით გამოირჩეოდა. წმიდა გრიგოლ დიოლოღოსმა მის შესახებ არქიდიაკონ პეტრეს მოუთხრო ის, რაც წმიდანის ძმისგან, პროვასგან გაეგონა. ერთხელ ნეტარს ძილში გამოეცხადა ყრმებით გარშემორტყმული ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და ჰკითხა: „გსურს ჩემთან წამოხვიდე და ამათ გვერდით იცხოვრო?“ „მსურს“, - უპასუხა გოგონამ. „ცუდი არაფერი ჩაიდინო, თავი აარიდე მხიარულებას და საბავშვო თამაშობებს. 30-ე დღეს მოვალ და წაგიყვან“. ამ გამოცხადების შემდეგ მუზა ძალიან დასერიოზულდა, მთელ დღეებს ლოცვასა და მარხვაში ატარებდა, მისი საქციელით გაკვირვებულ მშობლებს ნეტარმა მოუთხრო თავისი ხილვის შესახებ. 25-ე დღეს მუზა დასნეულდა, 30-ე დღეს კი კვლავ იხილა ღვთისმშობელი. „მოვდივარ, დედოფალო“, - დაიძახა გოგონამ და მიიცვალა.

ღირსი გიორგი აღმსარებელი, მიტილენელი ეპისკოპოსი

ღირსი გიორგი აღმსარებელი, მიტილენელი ეპისკოპოსი (IX) - სიყრმიდან მონაზვნურად ცხოვრობდა. ლეონ ისავრიელის მეფობის (716-741) დროს მან დაითმინა დევნა ხატმბრძოლთაგან და აღმსარებლის სახელი მიიღო.

კონსტანტინე პორფიროგენეტის (780-797) ზეობის წლებში წმიდა გიორგის ხელი დაასხეს ქალაქ მელიტინის ეპისკოპოსად კუნძულ ლესბოსზე. წმიდა გიორგის ცხოვრება გაბრწყინებული იყო უბიწოებით, სიწმიდით და ანგელოზთა ცხოვრებას ემსგავსებოდა. 815 წელს, ლეონ სომეხის (813-820) დროს, მოხუცი ეპისკოპოსი ხატმბრძოლებმა განდევნეს კათედრიდან და გადაასახლეს ხერსონესში, სადაც გარდაიცვალა 820 წლის შემდეგ. მისი გარდაცვალების დროს მელიტინის ცაზე ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

114
Горящие свечи в храме Святой Троицы - Самеба

საეკლესიო კალენდარი: 28 მაისი

423
(განახლებულია 20:20 27.05.2020)
საქართელოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 მაისს ღირსი პიროს ბრეთელის, ღირსი პახუმი დიდის და ღირსი აქილე ლარისელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.
პიროს ბრეთელი

ღირსი პიროს ბრეთელი საქართველოში მოღვაწე ერთ-ერთი ასურელი მამაა. ასურელი მამები  იოანე ზედაზნელი და მისი მოწაფეები. საქართველოში VI საუკნის შუა წლებში ჩამოვიდნენ  ღირსი მამა პიროსი შიდა ქართლში, მდინარე ფრონეს მარცხენა სანაპიროზე დამკვიდრდა და სოფელ ბრეთის ახლოს მონასტერი ააგო. იქვე იღწვოდა, ქადაგებდა ქრისტიანობას და მრავალი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. პიროს ბრეთელის მიერ ჩამოყალიბებული სამონასტრო ცენტრი მთელი შუა საუკუნეების მანძილზე კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო. ამ მონასტერშია დაკრძაქლული ოიროს ბრეთელის წმიდა ნაწილები. სოფელ ბრეთში 28 მაისს დიდი ზეიმით აღინიშნება. წმ. პიროს ბრეთელის ხსენების დღე.

ღირსი პახუმი დიდი 

ღირსი პახუმი დიდი (+348) ანტონი დიდთან მაკარი დიდთან და ექვთიმე დიდთან  ერთად ითვლება მეუდაბნოობისა და სამონასტრო ცხოვრების ერთ-ერთ დამაარსებლად ეგვიპტეში.

ღირსი პახუმი III საუკუნეში დაიბადა თებაიდაში (ზემო ეგვიპტე), წარმართი მშობლების ოჯახში და კარგი საერო განათლება მიიღო. როცა იგი 20 წლის გახდა, სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. ახალწვეულები დროებით ქალაქის საპყრობილეში მოათავსეს. ადგილობრივი ქრისტიანები ზრუნავდნენ მათზე, მოჰქონდათ საკვები და ემსახურებოდნენ. როცა ჭაბუკმა გაიგო, რომ ეს ხალხი თავიანთი ღმერთის მცნებების ერთგულებისა და მოყვასის სიყვარულის გამო მოდიოდა საპყრობილეში, პირობა დადო, რომ თვითონაც გაქრისტიანდებოდა. გამარჯვების შემდეგ ბრძოლიდან დაბრუნებული პახუმი მოინათლა, დასახლდა სოფელ შენესიტში და მკაცრი ასკეტური ცხოვრება დაიწყო.

უდაბნოში 10 წლის ცხოვრების შემდეგ ღირს პახუმის სოფელ ტაბენისის ნანგრევებთან მოესმა ზეციური ხმა და ამ ადგილზე სავანის აშენება უბრძანა. ღირსი პახუმის ირგვლივ თანდათანობით შემოიკრიბნენ მოწაფეები. სავანის იღუმენი კეთილად განაგებდა საძმოს და ბრძნულად წინამძღვრობდა ბერების სულიერ ცხოვრებას. ღირსმა პახუმიმ შემოიღო საერთო საცხოვრისის წესი, ყველასთვის ერთნაირი საკვები და ტანსაცმელი დაადგინა. ბერების რიცხვი ისე გაიზარდა, რომ საჭირო გახდა 7 მონასტრის აშენება. მამათა რაოდენობამ 7000 მიაღწია. ყველას ღირსი პახუმი ხელმძღვანელობდა.

სიცოცხლის ბოლოს ღირსი პახუმი დასნეულდა იმ მხარეში გავრცელებული შავი ჭირით. წმიდა პახუმი გარდაიცვალა დაახლოებით 348 წელს, 53 წლის ასაკში. დაასაფლავეს მონასტრის ახლოს, მთის ძირას.

აქილე ლარისის ეპისკოპოსი

ღირსი აქილე, ლარისის ეპისკოპოსი (+330) ცხოვრობდა წმიდა კონსტანტინე დიდის მეფობის დროს. სიწმიდით და განსწავლულობით გამორჩეული ღირსი აქილე თესალიის ქალაქ ლარისის ეპისკოპოსად აირჩიეს. წმიდა აქილე მონაწილეობდა I მსოფლიო საეკლესიო კრების მუშაობაში და ამხელდა არიოზის ერესს. თავის ქალაქში ღირსმა მამამ დაანგრია საკერპოები და ააშენა ეკლესიები. წმიდანს უფლისგან სნეულებათა კურნების ნიჭი მიემადლა.
წმიდა აქილე გარდაიცვალა დაახლოებით 330 წელს. 978 წლიდან მისი წმიდა ნაწილები განისვენებს ბულგარეთში, ქალაქ პრესპუში.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

423
თემები:
საეკლესიო კალენდარი (117)
პოლიცია

სპეციალისტები სოფელ მუშევანის ყველა მცხოვრებს კორონავირუსზე გამოიკვლევენ

0
(განახლებულია 21:55 29.05.2020)
საქართველოს სამ რაიონში – ბოლნისში, მარნეულსა და თეთრიწყაროში კორონავირუსის ინფიცირების დაახლოებით 60 შემთხვევაა გამოვლენილი.

თბილისი, 29 მაისი — Sputnik.  ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, სადაც ჯერ კიდევ მოქმედებს კარანტინი, სპეციალისტები კორონავირუსზე ყველა ადგილობრივ მოსახლეს გამოიკვლევენ.

სოფელში დაგეგმილია დაახლოებით 600 ნიმუშის აღება. სულ მუშევანში 250 კომლი ცხოვრობს.

გაფართოებულ ტესტირებას ეპიდემიოლოგების ცხრა ჯგუფი ატარებს, მათგან შვიდი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის თანამშრომელია, ორი კი ადგილობრივი სპეციალისტი. სოფელში იმყოფებოდა ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძეც, რომელიც მოსახლეობის ტესტირების პროცესს ადგილზე გაეცნო. 

ბოლნისის რაიონი კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დაზარალდა. გამყრელიძის თქმით, საქართველოს სამ რაიონში – ბოლნისში, მარნეულსა და თეთრიწყაროში კორონავირუსის ინფიცირების დაახლოებით 60 შემთხვევაა გამოვლენილი. ყველაზე მეტად დაზარალდა ბოლნისი და მუშევანი. 55 პაციენტი კლინიკაში გადაიყვანეს, 60–მდე პირი კი კარანტინში იმყოფება.

ადრე სოფლის მოსახლეობამ სპეციალისტებს წინააღმდეგობა გაუწია და მათ ტესტირების ჩატარების საშუალება არ მისცა, თუმცა, ახლა ვითარება შეიცვალა და ადგილობრივები ეპიდემიოლოგების მუშაობით კმაყოფილი არიან.

 „ჩვენ მთელი სოფელი მოვიარეთ. პასუხების გათვალისწინებით გადაწყდება, როგორ ზომებს მივიღებთ“, – განაცხადა გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე.

სოფელი მუშევანი წითელ ზონად 25 აპრილიდან გამოცხადდა, შესაბამისად ამოქმედდა მკაცრი კარანტინი.

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 746-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 576 ადამიანი, გარდაიცვალა – 12.

კარანტინში იმყოფება 2966 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 250 პაციენტია.



0
თემები:
COVID-19 საქართველოში