სამების ტაძარი

საეკლესიო კალენდარი: 1 მაისი

198
(განახლებულია 08:49 01.05.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია1 მაისს ღირსი ბასილი რატიშვილის, ღირსი იოანეს,გრიგოლ დეკაპოლელის მოწაფის, მოწამეთა: ბიქტორის, ზოტიკეს, ზენონის, აკვინდინეს და სევერიანეს, ასევე კოზმან აღმსარებლის, ღირსი ავქსენტის და მოწამე იოანე ახლის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.

მამა  ბასილი (რატიშვილი)

ღირსი ბასილი იყო საქართველოს კათოლიკოს ევფემიოსის (ექვთიმე III) ბიძა. წინასწარჭვრეტის მადლით გაბრწყინებული ბასილი წმიდა ათონის მთაზე მოღვაწეობდა.
დემეტრე თავდადებულის მეფობის დროს საქართველო საყოველთაო განუკითხაობამ მოიცვა. ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებიდან გამომდინარე მეფე იძულებული იყო მონღოლთა სურვილები აესრულებინა და ურჯულოთა მხარდამხარ ებრძოლა.

15 წლის მეფე პოლიტიკური მოსაზრებით ტრაპიზონის სამეფოს ტახტის მფლობელის კომნენოსის ასულზე დააქორწინეს. შემდეგ, ასევე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მონღოლთა ნოინის ასული სოლღარი შერთეს, მესამე ცოლად კი თავად მოიყვანა ბექა ჯაყელის ასული ნათელა. ასე რომ, ყოველგვარი სულიერი სათნოებით გამორჩეული, ეკლესიათა მაშენებელი, გლახაკთა ხელის ამპყრობელი მეფე სამი ცოლის პატრონი შეიქმნა. უსაყვარლესი და თამარი არღუნ ყაენს მისცა რძლად, რომელიც შემდეგ მიხრწნილმა სადუნ მანკაბერდელმა გამოისყიდა და ცოლად დაისვა; მცირეწლოვანი ასული რუსუდანი კი მონღოლთა დიდ ნოინს - ბუღას ვაჟს მიათხოვა.
მეფის სამხილებლად წმიდა ათონის მთიდან ჩამოვიდა ღირსი ბასილი.  წმინდანმა მოუწოდა დემეტრეს დაეტოვებინა „უწესონი ქორწინებანი“, დემეტრემ და მისმა ამალამ უგულუბელს-ჰყვეს სათნოებით გაბრწყინებული მონაზვნის ნათქვამი. მაშინ წმიდა ბერმა მომავალი უწინასწარმეტყველა მეფეს.

ბასილი მთაწმინდელის წინასწარმეტყველება მალე გაცხადდა. მონღოლთა სამეფო კარზე ატეხილი ინტრიგების გამო დემეტრე მეორე  ურდოში დაიბარეს და ყაენის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს.

იმერეთიდან დავით ნარინის ძე მოიხმეს და მას ჩააბარეს დემეტრეს ტახტი, ტრაპიზონის მეფის ასულმა შვილებითურთ - ვახტანგით, ლაშათი და მანოველით მთიულეთს შეაფარა თავი, სოლღარმა თავის სახლობას წაიყვანა შვილები: ბაადური, იადგარი და ჯიგდა-ხათუნი, უმცროსი ძე კი - გიორგი (მომავალი გიორგი ბრწყინვალე) ნათელასთან ერთად ბაბუამ, ბექა ჯაყელმა შეიკედლა და გამოზარდა.
იოანე, მოწაფე გრიგოლ დეკაპოლელისა

წმიდა იოანე ბავშვობიდანვე წმიდა გრიგოლ დეკაპოლელის  მოწაფე იყო. იოანემ ახალგაზრდობაშივე დასთრგუნა ხორციელი ვნებები და მთელ დღეებს ლოცვასა და შრომაში ატარებდა. წმიდა გრიგოლს ძალიან უყვარდა მისი მორჩილი და ბრძენი მოწაფე, წმიდა იოანეც ყოველმხრივ ცდილობდა მიებაძა მისი მოძღვრისთვის, იგი კეთილმსახურებითა და გულმოდგინებით აღასრულებდა ყოველივე ლოცვა-კურთხევას.
ხატმბრძოლთა ერესის მძიმე დროში, ლეონ სომეხის მეფობისას, წმიდა გრიგოლი და იოანე კონსტანტინეპოლში ჩავიდნენ და იქ განამტკიცებდნენ მორწმუნეებს მართლმადიდებლობაში. წმიდა იოანე იქვე აღესრულა, დაახლოებით 820-850 წლებში.
წმიდა იოანე მგალობელმა წმიდა იოანე დაკრძალა მისი მოძღვრის, წმიდა გრიგოლ დეკაპოლელის გვერდით.

მოწამე იოანე ახალი

მოწამე იოანე ახალი (+1526) დაიბადა საბერძნეთში, ქალაქ იანინში. დაობლების შემდეგ წმიდა იოანე კონსტანტინეპოლში წავიდა. მშობლების დანატოვარი თანხით ქალაქის ბაზარში პატარა დუქანი იყიდა და ხელოსნობა დაიწყო.

კონსტანტინეპოლი თურქებს ჰქონდათ დაპყრობილი და ქრისტიანები ძლიერ იდევნებოდნენ. მრავალი ქრისტიანი ხელოსანი და ვაჭარი გამაჰმადიანდა. წმიდა იოანე მტკიცედ იცავდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას   წმიდა იოანეს ხელოსნებმა ქრისტიანობისთვის ყვედრება დაუწყეს. პასუხად წმიდანმა ხმამაღლა განაცხადა, რომ ქრისტიანი იყო და არასოდეს უარყოფდა თავის სარწმუნოებას.

წმიდანს რამდენიმე დღე უმოწყალოდ ცემდნენ, შემდეგ კი ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს. წმიდა იოანე სიხარულით შეხვდა განაჩენს, აგიზგიზებულ კოცონზეც სიხარულით ავიდა. მაგრამ ჯალათებმა ცეცხლიდან გამოიყვანეს და თავი მოჰკვეთეს, გვამი კი კვლავ კოცონში შეაგდეს.
მოწამენი: ბიქტორი, ზოტიკე, ზენონი, აკვინდინე და სევერიანე

წმიდა მოწამენი: ბიქტორი, ზოტიკე, აკვინდინე, ზენონი, სევერიანე (+303) ეწამნენ იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის დროს. წმიდა დიდმოწამე და ძლევაშემოსილი გიორგის (+303, ხს. 23 აპრილს და 10 ნოემბერს) შეურყეველმა რწმენამ და სიმტკიცემ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანობაზე. წმიდა ბიქტორი, ზოტიკე, აკვინდინე, ზენონი და სევერიანე ესწრებოდნენ წმიდა გიორგის წამებას ურმის თვალზე და როცა მისი სასწაულებრივი გადარჩენა იხილეს, სახალხოდ აღიარეს, რომ თვითონაც ქრისტეს მიმდევრები იყვნენ. მსაჯულის ბრძანებით მათ თავი მოჰკვეთეს ნიკომიდიაში (+დაახლ. 303).

კოზმან აღმსარებელი, ქალკედონელი ეპისკოპოსი და ღირსი ავქსენტი

წმიდა კოზმან ქალკედონელი და ღირსი ავქსენტი (+815-820) ცხოვრობდნენ IX საუკუნეში, როცა ხატმებრძოლები დევნიდნენ მართლმადიდებლებს. წმიდა კოზმანი ახალგაზრდობაშივე აღიკვეცა ბერად, შემდგომ კი ქალკედონის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. მგზნებარედ იცავდა მართლმადიდებლობას ხატმებრძოლი ერეტიკოსებისაგან. ამ საქმეში მისი ერთგული თანაშემწე იყო ღირსი ავქსენტი.
ხატმებრძოლები მრავალგზის ამაოდ ეცადნენ თავიანთ მხარეს გადაედრიკათ წმიდა ეპისკოპოსი, იგი არ დაემორჩილა იმპერატორ ლეონ სომეხის (813-820) ბრძანებას ტაძრიდან წმიდა ხატების გატანის თაობაზე. ურჩობისათვის კოზმანს მღვდელმთავრის ხარისხი აჰყარეს და გადაასახლეს. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგაც იგი ღირს ავქსენტისთან ერთად მტკიცედ იცავდა ხატთა თაყვანისცემის უძველეს და წმიდა წესს.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

198
თემები:
საეკლესიო კალენდარი (212)
მთავარი ტაძრისკენ მიმავალ ბილიკს ლავანდებისა და ვარდების არშია ამშენებს

საეკლესიო კალენდარი: 22 ოქტომბერი

53
(განახლებულია 07:45 22.10.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 22 ოქტომბერს წმიდა მოციქულ იაკობ ალფესის, ღირსი ანდრონიკეს და ათანასიას, მართალი აბრაამ მამამთავრის და მისი ძმისწულის, წმიდა მოწამეების ებენტის და მაქსიმეს, წმიდა აღმსარებელ პოპლიას, ღირსი პეტრე გალატიელისხსენების დღეს აღნიშნავს

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოციქული იაკობ ალფესი

წმიდა მოციქული იაკობ ალფესი კაპერნაუმელი მეზვერის, ალფესის ძე და წმიდა მოციქულისა და მახარებლის, მათეს (ხს. 16 ნოემბერს) ძმა იყო. იაკობს, ისევე, როგორც მათეს, თავად მაცხოვარმა მოუწოდა ათორმეტ ურჩეულეს მოწაფეთა შორის და სახარების საქადაგებლად გაგზავნა
სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ ნეტარი მოციქული ერთხანს იერუსალიმში იმყოფებოდა შემდეგ კი წმიდა ანდრია პირველწოდებულთან ერთად ქრისტეს სწავლებას ავრცელებდა ედესაში, ღაზაში, ელეფთეროპოლში და მიმდებარე ადგილებში. აქედან იგი ეგვიპტეში გაემგზავრა და პალესტინის მოსაზღვრე ზღვისპირა ქალაქ ოსტარცინში ჯვარცმით დაასრულა მოციქულებრივი ღვაწლი (სხვა ცნობით, უფლის რჩეულს მრავალგვარი წამების შემდეგ კვერთხების ცემით ამოხადეს სული).

ღირსი ანდრონიკე და ცოლი მისი ათანასია

ღირსი ანდრონიკე და ცოლი მისი ათანასია ანტიოქიაში ცხოვრობდნენ V საუკუნეში. წმიდა ანდრონიკე ხელოსანი იყო და თავის გასამრჯელოს სამ ნაწილად ყოფდა: ერთ ნაწილს ტაძარს სწირავდა, მეორეს - გლახაკებს ურიგებდა, მესამე კი - ოჯახის სარჩენად ჰქონდა გადადებული. როცა კეთილმსახურ მეუღლეებს ქალ-ვაჟი გარდაეცვალათ, მათ გადაწყვიტეს, მთლიანად უფლის მსახურებისთვის მიეძღვნათ თავი და დაუზარლად ეხმარებოდნენ გლახაკებსა და სნეულებს. შემდეგ ორივემ ბერმონაზვნური ღვაწლი იტვირთა: ანდრონიკე ეგვიპტის ერთ-ერთ სკიტში ამბა დანიელს დაემოწაფა, ათანასია კი ტაბენისის დედათა სავანეში დამკვიდრდა. თორმეტი წლის მოსაგრე ცხოვრების შემდგომ ანდრონიკე წმიდა ადგილთა მოსალოცად იერუსალიმში გაემგზავრა. გზაში მას დაემგზავრა „ბერი ათანასე“ - წმიდა ათანასია, რომელსაც მოგზაურობისას მოსალოდნელი განსაცდელების თავიდან ასარიდებლად მამაკაცის სამოსი გადაეცვა. ანდრონიკემ ვერ იცნო ხანგრძლივი ღვაწლით სახეშეცვლილი მეუღლე. იერუსალიმიდან დაბრუნებული წმიდანები ერთ სენაკში დამკვიდრდნენ და მდუმარების ღვაწლს შეუდგნენ. ღირსმა ანდრონიკემ მხოლოდ ათანასიას მიცვალების შემდეგ, წმიდა დედის მიერ დატოვებული წერილიდან შეიტყო თანამოსაგრის ვინაობა. მალე მან თვითონაც მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

მართალი აბრაამ მამამთავარი და ძმისწული მისი ლოთი 

მართალი აბრაამ მამამთავარი და ძმისწული მისი ლოთი ქრისტეს შობამდე ორი ათასი წლის წინ ცხოვრობდნენ. აბრამი, თარას ძე, დაიბადა ქალდეველთა ქვეყანაში, სადაც ძალიან იყო გავრცელებული კერპთმსახურება. ღმერთმა იგი გამოარჩია ჭეშმარიტ მორწმუნეთა მამად, წინაპრად იმ ერისა, რომლისგანაც უნდა დაბადებულიყო ქრისტე და უთხრა: „გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა და სახლისაგან მამისა შენისა და მოვედ ქუეყანად, რომელიცა გიჩუენო შენ და გყო შენ ნათესავად დიდად და გაკურთხო შენ“. აბრამი, რომელიც ამ დროს სამოცდათხუთმეტი წლისა იყო, დაემორჩილა ზეციურ კურთხევას და თან მთელი თავისი სახლეულითა და ძმისწული ლოთით სამხრეთისკენ გაეშურა.

ქანაანში უფალი კვლავ გამოუჩნდა ნეტარს და ამცნო: „თესლსა შენსა მივსცე ქუეყანა ესე“, და ღვთის რჩეულმაც სამადლობელი მსხვერპლი აღავლინა (ქანაანს, დღევანდელ პალესტინას, ამის შემდგომ ეწოდა აღთქმული ქვეყანა).

ქანაანის ქვეყანაში ცხოვრების დროს აბრამი და მისი ძმისწული ლოთი გამდიდრდნენ. მათ ისე მრავლად ჰყავდათ ცხვარ-ძროხა, რომ საძოვრები საქონელს ვერ იტევდა და აბრამისა და ლოთის მწყემსები ერთმანეთში ხშირად ჩხუბობდნენ. უსიამოვნება თავიდან რომ აერიდებინათ, აბრამმა ძმისწულს შესთავაზა, გაყრილიყვნენ: ლოთი აღმოსავლეთით წავიდა და იორდანის ნაპირას, სოდომ-გომორთან ახლოს დაემკვიდრა; აბრამი კი, უფლის მინიშნებით, ქებრონში გადავიდა და მამბრეს მუხასთან დასახლდა. ბიძა-ძმისწულის განშორების შემდეგ დიდ ხანს არ გაუვლია, რომ სენაარის ქვეყნის მოკავშირე მეფეები თავს დაესხნენ სოდომის მეფეს, სძლიეს იგი, დაარბიეს და სხვებთან ერთად ლოთიც ტყვედ ჩაიგდეს. ეს რომ აბრამმა შეიტყო, შეკრიბა თავისი სამას თვრამეტი მოსამსახურე, მოიხმარა მეზობლად მცხოვრებნი და ყველა ტყვე და გატაცებული საქონელი გამოიხსნა.

გამარჯვებით მობრუნებულ უფლის რჩეულს სოდომის მეფე წინ მიეგება. სალიმის მეფე მელქისედეკიც, რომელიც იყო „მღვდელი ღმრთისა მაღლისა“, პურითა და ღვინით შეეგება და აკურთხა იგი. აბრამმა ნადავლის მეათედი შესწირა მელქისედეკს, როგორც მღვდელს.

როცა აბრამი ოთხმოცდაცხრამეტი წლისა იყო, ღმერთმა მას ყველა უწინდელი აღთქმა გაუმეორა და სახელი აბრამი - მამა დიდი - აბრაამად შეუცვალა, რაც ნიშნავს: მამა მრავალთა.

ერთი წლის შემდეგ უფალი სამი ანგელოზის სახით გამოეცხადა მამბრეს მუხასთან, კარვის კარებთან მჯდარ მამამთავარს. სტუმართმოყვარე აბრაამმა უცნობი მგზავრები რომ იხილა, „მირბიოდა შემთხუევად მათდა“, თაყვანი სცა და მდაბლად იწვია შინ. მათაც მიიღეს მიწვევა და ტაბლას მიუსხდნენ. შემდეგ ერთმა მათგანმა მასპინძლის ცოლი, სარა მოიკითხა და თქვა: „შემოქცეული მოვიდე შენდა ჟამსავე ამას და ესუას ძე სარრას, ცოლსა შენსა“. კარებთან მდგომ სარას, რომელსაც უკვე ოთხმოცდაათი წელი შესრულებოდა, გაეცინა, უფალმა კი აბრაამს უთხრა: „რად განიცინნა სარა თავსა შორის თჳსსა. ნუ შეუძლებელ არს ღმრთისა მიერ ყოველი სიტყუაჲ?“ შემდეგ ღმერთმა აბრაამს უთხრა, რომ სოდომ-გომორის მცხოვრებთა ცოდვებმა შეაწუხა, შეუძლებელი გახდა მათი სიბილწის ატანა, და უნდა აღმოვხოცო ისინიო. აბრაამი შეევედრა ღმერთს: თუ „სოდომთა ქალაქში“ ორმოცდაათი მართალი აღმოჩნდა, გაანადგურებო მას? უფალმა მიუგო: თუ ორმოცდაათი მართალი ვპოვე „დაუტეო ყოველი ადგილი მათთჳს “. შემდეგ ორმოცდახუთი მართლისათვის შეევედრა აბრაამი ღმერთს ქალაქის პატიებას.უფალმა ათი მართლისთვისაც აღუთქვა ქალაქს შეწყნარება.

საღამო ჟამს ორი ანგელოზი მიეახლა სოდომს. ქალაქის ბჭეებთან მჯდარი ლოთი მიეგება მათ, მიწამდე თაყვანი სცა და შინ ისტუმრა. ეს რომ სოდომელებმა შეიტყვეს, ყველანი, „ჭაბუკითგან ვიდრე მოხუცებულადმდე“ გარს შემოერტყნენ მის სახლს და ღრიალებდნენ: „სადა არიან კაცნი, მოსრულნი შენდა ღამით? გამოიყვანენ იგინი ჩუენდა, რამეთუ თანა-ვეყვნეთ მათ“. ლოთი გამოვიდა „წინაშე კართა“, გონდაკარგულ ბრბოს მიმართა: „ნუსადა, ძმანო, ნუ უკეთურობთ!“ და თავისი ორი უბიწო ასული შესთავაზა მის ჭერს შემოვედრებული მგზავრების სანაცვლოდ, მაგრამ მომხდურები მაინც არ დაცხრნენ. მაშინ სტუმრებმა ლოთი სახლში შეიყვანეს და კარები დახშეს, შემოჯარული უსჯულოები კი დაბრმავდნენ.

მეორე დღეს, განთიადისას, ანგელოზებმა ლოთს უბრძანეს, სახლეულითურთ განრიდებოდა უსჯულო ქალაქს, რომელსაც განადგურება ელოდა; მაგრამ რადგან უფლის რჩეული იგვიანებდა, თავად მოჰკიდეს მას ხელი, ცოლითა და ასულებითურთ გაიყვანეს სოდომიდან და უთხრეს: „განირინე თავი შენი და ნუ გარეუკუნ იხილავ“. ლოთის ცოლი, რომელმაც ვერ გაუძლო ცდუნებას და უკან მიიხედა, დაისაჯა - მარილის სვეტად იქცა.
მალე უფლის წინასწარმეტყველება ახდა: სიბერის ჟამს სარამ მუცლად-იღო და შვა ძე - ისააკი. საზღვარი არ ჰქონდა ასი წლის მამამთავრის სიხარულს, მაგრამ მას წინ დიდი გამოცდა ელოდა: უფალმა უბრძანა, მხოლოდშობილი ყრმა მისთვის შეეწირა ყოვლად დასაწველ მსხვერპლად. აბრაამის სარწმუნოება არ შერყეულა: მესამე დღეს მიეახლა სამსხვერპლოდ მინიშნებულ ადგილს, შეშა ისააკს აჰკიდა, თავად კი ცეცხლი და მახვილი იპყრა ხელთ და მთის კალთებს აუყვა. ბოლოს აბრაამი შედგა; საკურთხეველი ააგო, ზედ შეშა დააწყო, შეშაზე შებოჭილი ისააკი დააწვინა და მახვილი აღმართა მის დასაკლავად, ამ დროს ზეგარდამო ესმა ხმა: „აბრაამ! აბრაამ!. ნუ მიჰყოფ ჴელსა შენსა ყრმისა ზედა, ნუცა უყოფ მას ნურარას, რამეთუ აწ მიცნობიეს, ვითარმედ გეშინის შენ ღმრთისა და არა ჰრიდე ძესა შენსა საყუარელსა ჩემთჳს“. მართალმა მამამთავარმა მიმოიხედა, ბუჩქებში რქებით გახლართული ვერძი იხილა, მიიყვანა და მადლიერებით აღსავსემ ისააკის ნაცვლად ის შესწირა უფალს. ღმერთმა თავისი ერთგული მონა ასე აკურთხა: „ვინაითგან ჰყავ სიტყუაჲ ესე და არა ჰრიდე ძესა შენსა საყუარელსა ჩემთჳს, კურთხევით გაკურთხო შენ და განმრავლებით განვამრავლო თესლი შენი, ვითარცა ვარსკულავნი ცისანი და ვითარცა ქჳშა ზღჳსკიდისა და დაიმკჳდრნეს თესლმან შენმან ქალაქნი წინააღმდგომთანი და იკურთხეოდიან თესლისა მიმართ შენისა ყოველნი ნათესავნი ქუეყანისანი, მით რომელ ისმინე ჴმისა ჩემისა“.

ამის შემდეგ აბრაამმა კიდევ დიდხანს იცოცხლა. ცოლი - სარა საკუთარი ხელით დაკრძალა ქებრონში, მამბრეს მუხის სიახლოვეს მდებარე გამოქვაბულში, ისააკიც დააქორწინა, ბოლოს კი, ასსამოცდათხუამეტი წლის ასაკში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. მართალი მამამთავარი მეუღლის, სარას გვერდით დაფლეს.

წმიდა მოწამენი ებენტი და მაქსიმე

წმიდა მოწამენი ებენტი (იუვენტინე) და მაქსიმე იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) პირადი მცველები იყვნენ. ანტიოქიაში ჩასულმა უსჯულო თვითმპყრობელმა სასმელი წყლების და ბაზარში გასაყიდად გამოტანილი საკვები პროდუქტების ნაკერპავი სისხლით შერყვნა ბრძანა. მხედრებმა უარი განაცხადეს ამ განკარგულების შესრულებაზე, რისთვისაც სიკვდილით დასაჯეს. წმიდა მარტვილებს ეკლესია 5 სექტემბერსაც იხსენიებს.

წმიდა აღმსარებელი პოპლია

წმიდა აღმსარებელი პოპლია (პუბლია), ანტიოქიელი დიაკონისა ადრე დაქვრივდა, რის შემდეგაც მთელ ძალებს ვაჟიშვილის, იოანეს ქრისტიანული ღვთისმოშიშებით აღზრდას ახმარდა. მოგვიანებით იოანეს ხუცესად დაასხეს ხელი, პოპლია კი კეთილგონიერებისა და მოსაგრე ცხოვრებისათვის დიაკონისად აკურთხეს. მან თავის ირგვლივ შემოიკრიბა დედები, რომლებსაც ცხოვრების ღვთისმსახურებისთვის მიძღვნა ჰქონდათ გადაწყვეტილი და საკუთარ სახლში მონასტერი მოაწყო. იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) ზეობისას პოპლიამ და მისმა დებმა ამხილეს უსჯულო ხელისუფალი. როცა იმპერატორმა პოპლიას სახლის წინ ჩაიარა, დედებმა ხმამაღლა დაიწყეს კერპთაყვანისმცემლობის მამხილებელი 113-ე ფსალმუნის გალობა, რისთვისაც იულიანეს ბრძანებით მხცოვანი დიაკონისა სასტიკად გვემეს. ამის შემდეგ ნეტარს დიდხანს არ უცოცხლია: მალე მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ღირსი პეტრე გალატიელი

ღირსი პეტრე გალატიელი თავდაპირველად იმპერატორ თეოფილეს ლაშქარში მსახურობდა, მაგრამ შემდეგ განერიდა ამსოფელს და სირიის ანტიოქიის მახლობლად, დაფნეონის სავანეში ბერად აღიკვეცა. ხანგრძლივი, ღვთივსათნო ღვაწლი ახოვანმა მოსაგრემ კონსტანტინოპოლში, წმიდა ფოკას სახელობის მონასტერში დაასრულა. იგი მშვიდობით მიიცვალა IX საუკუნეში, იმპერატორ ბასილი მაკედონელის (867-886) ზეობისას.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

53
გიორგი გამთენაძის და გიორგი ყვავაძის მიერ მოხატული ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 21 ოქტომბერი

132
(განახლებულია 02:22 21.10.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 21 ოქტომბერს ღირსი პელაგიას, ღირსი ტაისიას და წმიდა მოწამე პელაგია ქალწულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

ღირსი პელაგია

ღირსი პელაგია ედესელმა ეპისკოპოსმა ნონემ მოაქცია ქრისტიანობაზე. ნათლისღებამდე იგი პალესტინის ანტიოქიის მოცეკვავეებს ხელმძღვანელობდა, ძალიან მდიდარი იყო და თავაშვებულად ცხოვრობდა.
ერთხელ მდიდრულად ჩაცმულმა პელაგიამ ჭაბუკებისა და ყმაწვილქალების გუნდთან ერთად ჩაიარა ტაძრის წინ, რომლის კარებთანაც მღვდელმთავარი ნონე იჯდა და ხალხს მოძღვრავდა. მორწმუნეებმა თვალი აარიდეს ქალაქში ცნობილ მეძავს, ნონე კი დიდხანს გასცქეროდა მას. წმიდანმა შემოკრებილებს მიანიშნა იმაზე, თუ როგორ გულმოდგინედ ზრუნავდა ეს ქალი საკუთარ გარეგნობაზე და სხეულის მორთვა-მოკაზმვაზე, თან მწუხარედ დაამატა, ჩვენ, ქრისტიანები ნაკლებად ვესწრაფვით ჩვენი სულების სინანულის ცრემლებით განბანას და სათნოებებით შემკობასო.

ნონემ შეიცნო პელაგიას სულის სიმაღლე და შემდგომ თავის სენაკში დიდხანს ლოცულობდა წარწყმედისაგან მის დასახსნელად.

მეორე დღეს, როცა მღვდელმთავარი ამბიონიდან საშინელ სამსჯავროსა და ცოდვილთა და მართალთა სულების საუკუნო მისაგებელზე ქადაგებდა, ტაძარში პელაგია შევიდა. ნონეს სიტყვებმა ნეტარი ღვთის შიშით აღავსო, გულშემუსვრილი და აცრემლებული მიეახლა მას და ნათლისღება სთხოვა. მონანულის გულწრფელობაში დარწმუნებულმა ეპისკოპოსმა მონათლა პელაგია და თან იმ საცთურებისა და ბრძოლების შესახებაც ესაუბრა რომელიც წინ ელოდება სიწმინდისაკენ მიმავალ ყოველ ადამიანს.

ღამით დემონი წარსდგა პელაგიას წინაშე და ცდილობდა, იგი უწინდელი ცხოვრებისკენ მიბრუნებაზე დაეყოლიებინა, მაგრამ წმიდანმა ილოცა, პირჯვარი გადაისახა და ეშმაკიც გაქრა. ნეტარმა დედამ მთელი თავისი ქონება შეკრიბა და მღვდელმთავარს მიუტანა, ამ უკანასკნელმა კი ურჩია, საუნჯე გლახაკებისთვის დაერიგებინა: „გონივრულად დაიხარჯოს ავად მოხვეჭილი“. ამის შემდეგ პელაგიამ იერუსალიმს მიაშურა და ელეონის მთაზე დამკვიდრდა. აქ წმიდანი დაყუდებით მოღვაწეობდა ბერი პელაგიუსის სახელით და მშვიდობით მიიცვალა დაახლოებით 457 წელს.

ღირსი ტაისია

ღირსი ტაისია მეძავის შვილი იყო და თვითონაც სიყმაწვილიდანვე ჩაეფლო გარყვნილებაში. საოცრად მომხიბლავი გარეგნობის წყალობით იგი მრავალს აცდუნებდა. ამ დროს ეგვიპტეში, ჰერაკლიის მონასტერში ცხოვრობდა ბერი პაფნუტი, რომელიც ბევრ შეცდომილს აყენებდა ცხონების გზაზე. როცა მან ტაისიას შესახებ შეიტყო, საერო ტანსაცმელი შეიმოსა, მივიდა მეძავთან და სთხოვა, ისეთ განკრძალულ ადგილას დაენიშნა მისთვის შეხვედრა, სადაც ვერც კაცი ნახავდა მათ და ვერც ღმერთი. ტაისიამ, რომლის სულში ჯერაც არ მინავლებულიყო ფიქრები უფალზე, ღიმილით უპასუხა, ეს შეუძლებელია, რადგან ღმერთი ყველგან არის და ყველაფერს ხედავსო. მაშინ ღირსმა მამამ გააცხადა თავისი ვინაობა, უფლის რჩეულს ცხადად წარმოუდგინა მისი ცოდვების სიმძიმე და ის აუტანელი სატანჯველები, რომელიც საუკუნო ცხოვრებაში მოელოდა მის მიერ ცდუნებული და წარწყმედილი ყოველი ადამიანის სულის სანაცვლოდ. ბერის სიტყვებმა შეძრა ცოდვილი ქალის სული, მის გულს კი ზეციური ნათელი მოეფინა. მან თავი მოუყარა მთელ თავის სიმდიდრეს, ქალაქის მოედანზე დაახვავა და საკუთარი ხელით დაწვა ნიშნად იმისა, რომ საჯაროდ აღიარებდა თავისი უწინდელი ცხოვრების სისაძაგლეს და ეს საუნჯე, როგორც გარყვნილების გზით მოგებული, გლახაკთათვის დარიგების ღირსადაც არ მიაჩნდა.

ღირსმა პაფნუტიმ წმიდანი დედათა მონასტერში მიიყვანა, სადაც იგი ვიწრო სენაკში დასახლდა და ყოველდღიურად მცირე სარკმლიდან აწვდიდნენ პურის ნატეხსა და მცირეოდენ წყალს. სამი წელი დაჰყო აქ ნეტარმა დედამ სრულ მარტოობაში. მკაცრი მარხვით გალეული უფლის რჩეული დაუდუმებლად იმეორებდა მოკლე ლოცვას: „შემოქმედო ჩემო, შემიწყალე მე“! ამასობაში პაფნუტიმ საოცარი სიბრალული იგრძნო მის მიმართ და ღირს ანტონი დიდს (ხს. 17 იანვარს) მიაშურა, რომ შეეტყო, შეუნდო თუ არა უფალმა ტაისიას. წმიდა ანტონიმ შეჰყარა თავისი მოწაფეები და მთელი ღამე მათთან ერთად ლოცვად იდგა. ბოლოს ერთ მათგანს - ღირს პავლეს (ხს. 7 მარტს და 4 ოქტომბერს) სასწაულებრივი ხილვით განეცხადა, რომ ტაისიას ცოდვები აღხოცილი იყო. პაფნუტი ჩავიდა სავანეში, სადაც წმიდა დედა მოსაგრეობდა და მას სენაკის კარები გაუღო. ტაისიამ მდაბლად წარმოთქვა, დაყუდებაში მინდა დავრჩეო, მაგრამ ნეტარმა ბერმა გამოსვლა უბრძანა. წმიდანი დამორჩილდა, თან თქვა: „ღმერთია მოწმე, იმ წუთიდან, როცა სენაკში შევედი, ჩემი ყველა ცოდვა თვალწინ მედგა და ცრემლად ვიღვრებოდი მათი შემყურე“. პაფნუტიმ უპასუხა: „სწორედ ამიტომ, და არა შენი დაყუდების სიმკაცრის გამო შეგიწყალა გულმოწყალე უფალმა“. ამის შემდეგ ტაისიამ მხოლოდ თხუთმეტი დღე იცოცხლა. იგი მშვიდობით შეერთო სასუფეველს დაახლოებით 340 წელს. ღირსი დედა უნდა განვასხვაოთ ნეტარი ტაისიასგან რომლის ხსენებას წმინდა ეკლესია 10 მაისს აღნიშნავს.

წმიდა მოწამე პელაგია ქალწული

წმიდა მოწამე პელაგია ქალწული, დიდებული გვარის ჩამომავალი, ანტიოქიაში ცხოვრობდა და მღვდელმოწამე ლუკიანეს (ხს. 15 ოქტომბერს) მოწაფე იყო. როცა, ქრისტიანთა დევნის დროს, მხედრები წმიდანის შესაპყრობად მივიდნენ, იგი მხოლოდ თხუთმეტი წლისა იყო. ნეტარმა მათ სთხოვა, ცოტა ედროვათ, თავად კი ლოცვად დადგა, უსჯულოთა ხელყოფისაგან დაცვა გამოითხოვა უფლისგან, შემდეგ კი სახლის ერდოდან გადმოეშვა და ადგილზევე განუტევა სული. ეს მოხდა IV საუკუნეში, როგორც ვარაუდობენ, 303 წელს.


მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

 

132
გიორგი გახარია

გახარია: შსს–ს ძირითადი ამოცანა თავდამსხმელის უმოკლეს ვადებში დაკავებაა

0
(განახლებულია 15:52 22.10.2020)
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყველა მძევლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკზე" მომხდარი თავდასხმის მსხვერპლის გარეშე დასრულება ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, თუმცა, მიღწეული შედეგი არაა საბოლოო, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

როგორც გახარიამ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველა კანონიერი ინსტრუმენტი, უფლება და შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, რათა ბოროტმოქმედებს დანაშაულის დაუსჯელობის შეგრძნება არ გაუჩნდეთ.

 „ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შსს-სა და სამართალდამცავი სისტემის უმთავრესი ამოცანა დღეს უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი უმოკლეს ვადებში დაკავებაა. ეს არის ძირითადი ამოცანა, რომელზეც ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს და რომელიც რა თქმა უნდა, შსს-მ უნდა შეასრულოს“, – განაცხადა გახარიამ.

გუშინ  შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ზუგდიდში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ერთ–ერთ ფილიალზე.  შეიარაღებულმა პირმა 40–ზე მეტი ადამიანი მძევლაად აიყვანა.  ბოროტმოქმედი  ხელისუფლებისგან ნახევარ მილიონ დოლარს, ვერტმფრენს ან მანქანას, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. 

მძევლები გათავისუფლების სპეცოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, მძევლების გათავისუფლება სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ავთანდილ გალდავას დამსახურებით მოხდა, რომელიც ბოლო ეტაპზე მძევლებს ჩაენაცვლა. მოგვიანებით, ავთანდილ გალდავამ და სამმა მძევალმა თავდამსხმელთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ამ დროისთვის ყველა მძევალი გათავისუფლებულია, ბოროტმოქმედზე კი ძებნაა გამოცხადებული.

ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს.

0
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა