საეკლესიო კალენდარი: 3 აპრილი

© photo: Georgian Heritage / FBყარაჯაანთ ეკლესია სოფელ გავაზში
ყარაჯაანთ ეკლესია სოფელ გავაზში - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2021
გამოწერა
2019 წლის 3 აპრილს ქართული მათლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას: ღირსისა იაკობ ეპისკოპოსისა, აღმსარებელისა (VIII); წმ. კირილესი, კატანელი ეპისკოპოსისა (I-II); წმ. თომასი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (610).

Sputnik საქართველო მოგითხრობთ ვი იყვნენ ეს ადამიანები და რა ღვაწლი მიუძღვით მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე.

წმიდა იაკობ ეპისკოპოსი

სიყრმითგან ესწრაფვოდა განმარტოებულ ცხოვრებას. მან დატოვა სახლი, სტუდიის მონასტერს მიაშურა და ბერად აღიკვეცა. წმიდა იაკობი მკაცრ შრომაში, მარხვასა და ლოცვაში ცხოვრობდა. ღვთისმოსავსა და წმიდა წერილის შესანიშნავად მცოდნე ბერს კატანის (სიცილია) ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. ხატმებრძოლი იმპერატორის კონსტანტინე V კოპრონიმის (741-775) დროს წმიდა იაკობს არაერთხელ მოსთხოვეს წმიდა ხატთა გმობა. წმიდა აღმსარებელმა დაითმინა ტყვეობა, შიმშილი, წამება, მაგრამ მართლმადიდებლობა არ უარუყვია. წმიდა ეპისკოპოსი იაკობი გარდაიცვალა დევნულობაში.

წმიდა კირილე კატანელი (+111)

დაიბადა ანტიოქიაში. ის იყო წმიდა პეტრე მოციქულის (ხს. 29 ივნისს და 16 იანვარს) მოწაფე და მისგან იქმნა ხელდასხმული კატანის ეპისკოპოსად. წმიდა კირილე ბრძნულად მართავდა სამწყსოს. ღვთისმოსაობის გამო წმიდა მამა უფლისაგან სასწაულმოქმედების მადლით დაჯილდოვდა. მისი ლოცვით წყაროს მწარე წყალი სასმელად ვარგისი შეიქმნა. ამ სასწაულმა მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. წმიდა კირილე აღესრულა ღრმა მოხუცებულობაში.

წმიდა თომა კონსტანტინეპოლელი

 წმიდა პატრიარქ კირიაკეს გარდაცვალების შემდეგ, 607 წელს, აირჩიეს კონსტანტინეპოლის პატრიარქად.
წმიდა თომას პატრიარქობის დროს გალატეაში (მცირე აზია) საშინელი გამოცხადება მოხდა: სადღესასწაულო ლიტანიობაზე მძიმე ჯვრებმა ქანაობა დაიწყეს, ერთმანეთს ეხლებოდნენ და ტყდებოდნენ. პატრიარქის თხოვნით წმიდა თეოდორე სიკიოტელმა (ხს. 22 აპრილს) ახსნა მომხდარი. მისი სიტყვით, ეკლესიას ელოდა უბედურება, ქვეყანას კი - ბარბაროსთა თავდასხმა და განადგურება. ამ წინასწარმეტყველებით შეძრწუნებულმა პატრიარქმა ღირს თეოდორეს სთხოვა, უფლისთვის შეევედრებინა მისი სული, რომ გამოცხადების აღსრულებამდე ღმერთთან წარმდგარიყო.
წმიდა თომას გარდაცვალების (+610) შემდეგ ეკლესიაში ერთობა დაირღვა. წმიდანის მემკვიდრე პატრიარქი სერგი (610-638) მონოთელიტთა ერესში ჩავარდა. მალე, ღვთის დაშვებით, ერესის გამრავლების გამო, დაიწყო ბიზანტია-სპარსეთის ომი. მცირე აზიის ბერძნული მხარე სრულიად გაუდაბურდა, იერუსალიმი დაეცა, უფლის ცხოველმყოფელი ჯვარი უსჯულოებმა სპარსეთში წაასვენეს. ასე აღსრულდა ლიტანიობის დროს სასწაულით განცხადებული ყველა უბედურება.

სტატიაში გამოყენებულია მასალები ღია წყაროებიდან!

ყველა ახალი ამბავი
0