თბილისი, 30 მარტი – Sputnik. მსოფლიო დიდ განსაცდელშია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ უფლის წყალობა აღემატება ნებისმიერ განსაცდელს, ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბოდბის მონასტერში.
პატრიარქის თქმით, სულ მალე უფლის კურთხევით სასიხარულო ცნობებს შევიტყობთ.
„დიდ განსაცდელშია მსოფლიო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღვთის წყალობა აღემატება ყოველ განსაცდელს. მწუხარება სიხარულით შეიცვლება. ღმერთმა დაგლოცოთ!“ – ბრძანა ქადაგებისას მისმა უწმინდესობამ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საკვირაო წირვა სიღნაღში, ბოდბის მონასტერში აღავლინა. ილია მეორემ ლიტურგია წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარში ბოდბის ეპარქიის მიტროპოლიტთან, მეუფე იაკობთან ერთად აღავლინა.
კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს საპატრიარქო ყველა მორწმუნეს დადგენილი წესების დაცვისკენ მოუწოდებს.
ადრე საპატრიარქომ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მორწმუნეებს სრულ გამოჯანმრთელებამდე სახლში ყოფნა ურჩია, ხოლო მათ, ვინც ეკლესიაში მოდის, ორმეტრიანი, ეზოში კი 1,5 მეტრის დისტანციის დაცვისკენ მოუწოდა. ამისათვის მოინიშნა სპეციალური მანიშნებლები, რომლებიც მრევლს უჩვენებენ, სად უნდა დადგნენ.
29 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ამ დროისათვის 91 ადამიანს მიაღწია. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4876, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 264 ადამიანია. 18 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.