სამების ტაძარი

საეკლესიო კალენდარი: 25 მარტი

147
(განახლებულია 21:00 24.03.2020)
საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია 25 მარტს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებლური კალენდრის მიხედვით, 25 მარტს აღინიშნება ხსენება: წმ. მეფისა დემეტრე თავდადებულისა; წმ. გრიგოლ დიალოღონისა, რომის პაპისა; ღირსისა თეოფანე აღმსარებელისა; მართლისა ფინეზისა; ღირსისა სვიმეონ ახალისა ღმრთისმეტყველისა.

Sputnik საქართველო მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რა ღვაწლი მიუძღვით მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე.

მეფე დემეტრე (დიმიტრი) II, თავდადებული

საქართველოს მეფე 1270-1289, დავით VII ულუსა და გვანცა დედოფლის ძე.

დემეტრე მონღოლების მიერ გვანცას სიკვდილით დასჯის (დაახლოებით 1262) შემდეგ იზრდებოდა ტარსაიჭ ორბელის სახლში. ტახტის მემკვიდრე გახდა 1268-იდან, როცა უფროსი ძმა გიორგი გარდაიცვალა. 1270, დავით VII-ის გარდაცვალების შემდეგ, არსებული წესის თანახმად, მეფედ დასამტკიცებლად ყაენთან წაიყვანეს ილხანთა სახელმწიფოში. ყაენმა აბაღამ დემეტრე II საქართველოს მეფედ დაამტკიცა.

მეფე გარეგნულად თითქოს მონღოლებს მორჩილებდა, მონაწილეობას ღებულობდა მათ ლაშქრობებში გარეშე მტერთან, საქართველში კი კვლავ ეკლესიებს აშენებდა, ღამ-ღამობით გამოდიოდა, საკუთარი ხელით ურიგებდა გლახაკთა მოწყალებას.
აბაღა ყაენის გარდაცვალების შემდეგ ყაენის ტახტისათვის სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძოდნენ ერთმანეთს აბაღას ძმა, აჰმადი და შვილი, არღუნი. დემეტრე მეფე იძულებული იყო მონაწილეობა მიეღო შეთქმულებებში. არღუნის წინააღმდეგ მოწყობილი ერთ-ერთი შეთქმულების მეთაურობა დაბრალდა არღუნის პირველ ვეზირს, ბუღას, რომელიც მზახლად ეკუთვნოდა დემეტრეს. ყაენმა შეიპყრო და თავი მოჰკვეთა ბუღას, იგივე დღე ეწია მის ნათესავ-მომხრეებსაც.

1289 წლის 12 მარტს მოვაკანში, მდინარე მტკვრის პირას მეფე დემეტრე II-ს ყაენის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს. თავდადებული მეფის ცხედარი კათოლიკოს-პატრიარქმა აბრაჰამმა და მოსე მღვდელმა მალულად გამოისყიდეს, თბილისელმა ვაჭრებმა კი საქართველოში ჩამოასვენეს. იგი დაკრძალულია მცხეთას, სვეტიცხოვლის ტაძარში. ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მეფე დემეტრე წმინდანად შერაცხა და ხსენების დღედ 12 მარტი დაადგინა.

ღირსი თეოფანე სიღრიანელი

დაიბადა კონსტანტინეპოლში, კეთილშობილ და ცნობილ ოჯახში. მისი მამა ბიზანტიის იმპერატორის, ლეონ ისავრიელის (717-74) ნათესავი იყო. სამი წლის თეოფანეს მამა გარდაეცვალა. თეოფანე სასახლის კარზე გაიზარდა და იმპერატორ ლეონ ხაზარის (775-780) წარჩინებული კარისკაცი გახდა. ის მდგომარეობამ აიძულა, ცოლი შეერთო, მაგრამ, მეუღლესთან შეთანხმებით, უბიწოება დაიცვა, რადგან მის სულში ბერული ცხოვრების სურვილი ღვივდებოდა. 

წმიდა თეოფანე უფლისგან კურნების ნიჭით დაჯილდოვდა. 787 წელს თეოფანე მიწვეული იყო ნიკეის მე-7 საეკლესიო კრებაზე, რომელმაც დაგმო ხატმებრძოლობის ერესი.
50 წლის ასაკში ღირსი მამა მძიმედ დაავადდა და სიკვდილამდე იტანჯებოდა. სასიკვდილო სარეცელს მიჯაჭვულმა დაწერა „ქრონოგრაფია” – ქრისტიანული ეკლესიის ისტორია 285 წლიდან 813 წლამდე. ეს ნაშრომი დღესაც ეკლესიის ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროდ ითვლება.
ლეონ სომეხის (813-820) გამეფების შემდეგ ხატმებრძოლობამ ახალი ძალით იფეთქა. ღრმად მოხუცებულ თეოფანეს აიძულებდნენ, მიეღო ერესი, მაგრამ ის მტკიცედ იცავდა სარწმუნოებას, რის გამოც ციხეში ჩააგდეს. მისი სავანე დაწვეს. 23 დღის პატიმრობის შემდეგ ღირსი აღმსარებელი გარდაიცვალა (818). უსჯულო იმპერატორის გარდაცვალების შემდეგ მონასტერი აღსდგა. წმიდა თეოფანეს წმიდა ნაწილები აღდგენილ სავანეში გადაასვენეს.

ღირსი სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

დაიბადა 946 წელს ქალაქ მალატიაში (პაფლაგონია). მან უმაღლესი განათლება მიიღო კონსტანტინეპოლში. მამა სასახლის კარის ბრწყინვალე კარიერისთვის ამზადებდა და რამდენიმე ხნის განმავლობაში მაღალი თანამდებობა ეჭირა კიდეც. 25 წლის ასაკში სვიმეონმა იგრძნო ლტოლვა ბერული ცხოვრებისაკენ, სახლიდან გაიქცა და სტუდიტის მონასტერს მიაშურა, აქ გაიცნო წმიდა ბერი სვიმეონ ღვთისმოშიში და მისი მოწაფე შეიქმნა.

977 წელს ღირსი სვიმეონი მღვდლად აკურთხეს, ხოლო 980 წელს წმიდა მამანტის მონასტრის იღუმენად დანიშნეს. მან ამ ხარისხში 25 წელი დაჰყო. ამ ხნის განმავლობაში ღირსმა მამამ სავანის მოშლილი მეურნეობა მოაწესრიგა და ტაძარი კეთილმოაწყო.

1005 წელს წმიდა სვიმეონმა იღუმენობა გადასცა არსენს, თვითონ კი მონასტერში განმარტოვდა. აქ შექმნა მან თავისი საღვთისმეტყველო შრომები. ღირსი სვიმეონი თავის თხზულებებში გვასწავლის სულიერი სრულყოფილებისთვის მოღვაწეობას, ვნებებისა და ცოდვილი ფიქრების წინააღმდეგ ბრძოლას, შინაგან სიმშვიდეს. მან შექმნა სწავლებანი ბერებისთვის, ლოცვის სამი სახისა და რწმენის შესახებ. გარდა ამისა, ღირსი სვიმეონი იყო გამოჩენილი საეკლესიო პოეტი, ჰიმნოგრაფი. მას ეკუთვნის „საღმრთო ლიტურღიის ჰიმნები“, ღრმა აზრით განმსჭვალული 70 პოემა.
წმიდანი 1021 წელს გარდაიცვალა. მან ჯერ კიდევ სიცოცხლეში მიიღო სასწაულთქმედების ნიჭი. მრავალი სასწაული აღსრულდა მისი სიკვდილის შემდეგაც.

წმიდა გრიგოლ დიოლოღოსი – რომის პაპი

დაიბადა რომში, დაახლოებით 540 წელს. პაპი დელიქსი მისი ბაბუა იყო. გრიგოლის დედა, სილვია, და დიდედები – ტარსილა და ემილიანა, რომის ეკლესიის მიერ წმიდანებად არიან შერაცხულნი.

წმიდა გრიგოლი თავდაუზოგავად ებრძოდა დონატელთა ერესს, ქრისტეს სჯულზე მოაქცია ბრიტანეთში მცხოვრები წარმართები და არიოზის მიმდევრები.
წმიდა გრიგოლის კალამს ეკუთვნის „საუბრები ანუ დიალოგები იტალიელ მამათა ცხოვრებასა და სასწაულზე“, რისთვისაც „დიოლოღოსი“ უწოდეს. წმიდა გრიგოლის თხზულებათაგან განსაკუთრებით ცნობილია „სამოძღვრო კანონი, სადაც იგი ყოველმხრივ განიხილავს ჭეშმარიტი მოძღვრის სახეს. ჩვენამდე მოაღწია აგრეთვე წმიდა მამის წერილებმა.
წმიდა გრიგოლი რომის ეკლესიას ხელმძღვანელობდა ცამეტი წლის განმავლობაში, გარდაიცვალა 604 წელს. მისი წმიდა ნაწილები ინახება ვატიკანში, წმიდა პეტრეს ტაძარში.

 

147
თემები:
საეკლესიო კალენდარი (136)
სამცხე-ჯავახეთში სომხური ეკლესიის ტერიტორიაზე სამარხები დააზიანეს

საეკლესიო კალენდარი: 8 ივლისი

79
(განახლებულია 08:31 08.07.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 ივლისს ღირსმოწამე ფებრონია ქალწულს მოიხსენიებს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყო ის  და რატომ არის მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

ფებრონია ქალწული

ღირსმოწამე ფებრონია ქალწული დიოკლეტიანეს (284-305) მეფობაში გაბრწყინდა მოწამეობრივი აღსასრულით. იგი იზრდებოდა ქალაქ სივაპოლის (ასურეთის ოლქი) მონასტერში, რომლის წინამძღვარიც იყო იღუმენია ბრიენა, წმიდა ფებრონიას დეიდა.

იღუმენიამ, ზრუნავდა რა მის ცხონებაზე, თავის დისწულს სხვა მონაზვნებთან შედარებით მკაცრი კანონი დაუწესა. მონასტრის წესდების მიხედვით, პარასკევობით დები ხელს იღებდნენ თავიანთ მორჩილების საქმეებზე და ლოცვასა და წმიდა წერილის კითხვაში ატარებდნენ დროს. ჩვეულებრივ, წინამძღვარი კითხვას წმიდა ფებრონიას ავალებდა.

როცა ნეტარი ქალწულის კეთილმსახური ცხოვრების შესახებ ქალაქში ხმა გავრცელდა, მასთან სიარული დაიწყო დიდგვაროვანმა წარმართმა ქვრივმა იერიამ. ფებრონიამ შეჭირვებულ ახალგაზრდა ქალს ხსნის გზა დაანახა, რის შემდეგაც იგი მოინათლა და მშობლები და ახლობლებიც აზიარა ქრისტეს ნათელს.

გამხეცებულმა დიოკლეტიანემ ასურეთში ქრისტიანების ამოსაჟლეტად მეომართა რაზმი გაგზავნა ლისიმაქოსის, სელინისა და პრიმის მეთაურობით. სელინი, ლისიმაქოსის ბიძა, მართლმადიდებელთა გააფთრებული სიძულვილით გამოირჩეოდა, თავად ლისიმაქოსი კი, ღვთისმოყვარე დედის აღზრდილი, თანაუგრძნობდა მათ. კეთილგონიერი მხედართმთავარი თავის ნათესავს, პრიმს შეუთანხმდა, შეძლებისდაგვარად დაეცვათ ქრისტიანები მტარვალთა ძალმომრეობისაგან. როცა რაზმი სავანეს მიუახლოვდა, მოწესეები გაიხიზნნენ. მონასტერში დარჩნენ მხოლოდ იღუმენია ბრიენა, მისი თანაშემწე თომაიდა და წმიდა ფებრონია, რომელიც მძიმედ ავადმყოფობდა. იღუმენია ძლიერ წუხდა, რომ მისი დისწული უღმრთოთა ხელში ვარდებოდა და მხურვალედ ევედრებოდა უფალს, დაეცვა და ქრისტიანულ სარწმუნოებაში განემტკიცებინა იგი. სელინმა ბრძანა, ყველა მონაზონი მოეგვარათ მისთვის, მაგრამ პრიმმა მხედრებთან ერთად სავანეში ვერავინ იპოვა ორი მხცოვანი დედისა და წმიდა ფებრონიას გარდა. იგი მათმა დანახვამაც ძლიერ შეაწუხა და მონაზვნებს შესთავაზა, დაეტოვებინათ მონასტერი. დებმა არ ისურვეს თავიანთი მოღვაწეობის ადგილის დატოვება.

პრიმმა ლისიმაქოსს წმიდა ფებრონიას საოცარი სილამაზე აღუწერა და ურჩია, ცოლად შეერთო იგი. ლისიმაქოსმა კი უპასუხა, არ მსურსო ქრისტეს შევედრებულ ქალწულთა ცთუნება და სთხოვა, სადმე გადაემალა დარჩენილი მონაზვნები, რომ ისინი სელინის ხელში არ ჩავარდნილიყვნენ. ერთ-ერთმა მეომარმა გაიგონა ეს საუბარი და სელინს მოუტანა ამბავი. წმიდა თებრონია ხელებშეკრული და ქედზე ჯაჭვდადებული მიჰგვარეს უსჯულო მხედართმთავარს. მან ქალწულს შესთავაზა, წარმართული ღვთაებებისთვის მსხვერპლი შეეწირა, სანაცვლოდ კი პატივი, ჯილდოები და ლისიმაქოსთან ქორწინება აღუთქვა. ნეტარმა დედამ მტკიცედ მიუგო, მე მარადიული სასიძო მყავს და არანაირ მიწიერ სიკეთეზე არ გავცვლიო მას. ამისთვის სელინმა საშინლად აწამა იგი. ბოლოს წმიდა მარტვილს თავი მოჰკვეთეს.

363 წელს წმიდანის უხრწნელი ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

79
თემები:
საეკლესიო კალენდარი (136)
ანჩისხატის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 7 ივლისი

75
(განახლებულია 08:49 07.07.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 ივლისს წინასწარმეტყველის, წინამორბედის და ნათლისმცემელის იოანეს შობას ზეიმობს და  მოწამეების: ორენტიოსის, ფარნაკიოსის, ეროსის, ფირმოსის ფირმინეს, კვირიაკეს და ლონგინოზის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობა

როგორც წმიდა სახარება მოგვითხრობს, იოანე ნათისმცემლის მშობლები - მღვდელმთავარი ზაქარია და ელისაბედი „იყვნეს... წინაშე ღმრთისა მართალ“, მაგრამ სიბერის ასაკს ისე მიაღწიეს, რომ შვილი არ მისცემიათ. ერთხელ, როცა ზაქარია იერსუსალიმის ტაძარში ღვთისმსახურებას აღასრულებდა, „ეჩუენა მას ანგელოზი უფლისაჲ“ და ამცნო: „შეისმინეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე და უწოდი სახელი მისი იოვანე“. შეძწუნებული ზაქარია დაეჭვდა ზეციური მახარობლის სიტყვებში, რისთვისაც მას, სასჯელად, მეტყველების უნარი წაერთვა.

ახალგაზრდობის ასაკს საკმაოდ გადაცილებული წმიდა ელისაბედი დაფეხმძიმდა და  ვაჟიშვილი შეეძინა.  მერვე დღეს ჩვილს, მოსეს სჯულის თანახმად, წინადაცვითეს და აპირებდნენ, მისთვის ზაქარია დაერქმიათ, მაგრამ ელისაბედმა განაცხადა: „არა, არამედ ეწოდოს მაგას იოვანე“. ყველანი გაოცდნენ, - ეს სახელი მის მოდგმაში არავის ერქვა და ზაქარიას სთხოვეს, ენიშნებინა მათთვის, რა უნდოდა ძისთვის ეწოდებინა. მანაც „მოითხოვა ფიცარი და დაწერა და თქუა: იოვანე არს სახელი მისი“ .

ღვთის განგებით ზაქარიას ისევ დაუბრუნდა მეტყველების უნარი. სულიწმიდის მადლით წინასწარმეტყველებაც დაიწყო

მას შემდეგ, რაც იშვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, და მწყემსებმა და მოგვებმა თაყვანი სცეს მას, უსჯულო მეფე ჰეროდემ ბრძანა, მოეწყვიდათ „ყოველი ყრმები, რომელნი იყვნეს ბეთლემს და ყოველთა საზღვართა მისთა ორით წლითგანი და უდარესი“ ელისაბედმა ეს რომ შეიტყო, შვილთან ერთად უდაბნოში გაიხიზნა. ზაქარია და კი იერუსალიმში დარჩა და ერთგულად აღასრულებდა მღვდელმთავრის მოვალეობას. ჰეროდემ მასთან მეომრები გაგზავნა ბრძანებით, გაემხილა ჩვილისა და მისი დედის ადგილსამყოფელი. მამამ უპასუხა, რომ არაფერი იცოდა მათ შესახებ, რისთვისაც ტაძარშივე განგმირეს. ელისაბედი შვილთან ერთად უდაბნოში განაგრძობდა ცხოვრებას და იქვე აღესრულა. ყრმა იოანე კი, ანგელოზისგან დაცული, უდაბნოში იმყოფებოდა.

მოწამენი შვიდნი ძმანი: ორენტიოსი, ფარნაკიოსი, ეროსი, ფირმოსი, ფირმინე, კვირიაკე და ლონგინოზი

 ორენტიოსი, ფარნაკიოსი, ეროსი, ფირმოსი, ფირმინე, კვირიკე და ლონგინოზი რომაელი მხედრები იყვნენ და იმპერატორის ლაშქარში მსახურობდნენ. მაქსიმიანეს (284-305) მეფობაში ბერძნებს სკვითები დაესხნენ თავს. ორენტის ებრძანა, რომ გასაოცარი ფიზიკური ძალის მქონე სკვითების ბელადს, მაროთს შებრძოლებოდა. გაბედულებითა და ძლიერებით გამორჩეული მხედარი თავის ექვს ძმასთან ერთად ქრისტეს სასოებდა, ახლაც ღვთისგან გამოითხოვა შეწევნა და დაამარცხა სკვითების აქამდე დაუმარცხებელი ბელადი. ამ გამარჯვებამ ბრძოლის ბედი გადაწყვიტა - სკვითები უკუიქცნენ. იმპერატორი წარმართული ღვთაებებისთვის სამადლობელი მსხვერპლის შესაწირავად გაემზადა და გამარჯვებულს - ორენტისაც უხმო. წმიდანმა უარი განაცხადა მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობის მიღებაზე და ახოვნად აღიარა, რომ მას ქრისტე ღმერთი სწამდა და მხოლოდ მას ემსახურებოდა. ვერც პატივისა და სიმდიდრის აღთქმამ და ვერც მუქარამ ვერ მოდრიკა აღმსარებელი. მაშინ სასტიკმა და უმადურმა თვითმპყრობელმა ბრძანა, იგი თავის ძმებთან ერთად კავკასიაში გადაესახლებინათ. გზაში ყველა მათგანი გარდაიცვალა: პირველად, 22 ივნისს, ეროსი აღესრულა პარემვოლში; შემდეგ ორენტიმ შეჰვედრა სული უფალს. მას ყელზე ლოდი გამოაბეს და ზღვაში ჩაძირეს. მთავარანგელოზმა რაფაელმა ქალაქ რიზის ნაპირებთან გამოიყვანა იგი და აქ მიიცვალა. ფარნაკი 3 ივლისს გარდაიცვალა კორდილში; წმიდა ფირმოსი და ფირმინი - 7 ივლისს, ასპარში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე; წმიდა კვირიკე კი - ზიგანიაში, 14 ივლისს. მეშვიდე ძმას, ლონგინოზს ხომალდზე აღმოხდა სული. ქარიშხალმა გემი ქალაქ ბიჭვინთასთან მიაგდო და წმიდანის ნეშტიც აქ მიაბარეს მიწას.

მასალა მომზადებულია ღია წყარიებზე დაყრდნობით.

75
თემები:
საეკლესიო კალენდარი (136)
რიყის პარკი

როგორი ამინდი იქნება თბილისში პარასკევს, 10 ივლისს

0
(განახლებულია 10:57 08.07.2020)
პარასკევს კვლავ სიცხე იქნება - დედაქალაქში დღისით პლუს 33 გრადუსი იქნება, და თუ გაგვიმართლებს, ჰაერს წვიმაც გააგრილებს.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით პარასკევს, 10 ივლისს უპირატესად მზიანი და ცხელი ამინდია მოსალოდნელი. შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით.

მზე 05:35 საათზე ამოვა და 20:36 საათზე ჩავა.

ტემპერატურა ღამით იქნება +21, ხოლო დღისით +33 გრადუსი.

ქარი ღამით 17-22 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, დღისით კი ქარის სიძლიერე წამში 10-15 მეტრი იქნება.

0
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში