წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ტაძარი ნარიყალაზე

სასულიერო პირები მზად არიან ყველა მსურველი და დაავადებული ადამიანი სახლებში აზიარონ

51
(განახლებულია 14:12 22.03.2020)
ქართული ეკლესია ზიარების წესის გადახედვას არ აპირებს, ტაძრების ეზოებში შეიძლება დამონტაჟდეს დინამიკები და მრევლის ნაწილი წირვას ტაძრის ეზოში მოისმენს

თბილისი, 22 მარტი - Sputnik. სასულიერო პირები მზად არიან მივიდნენ სახლში ყველა მსურველთან და აზიარონ ისინი, განაცხადა ატენისა და გორის მიტროპილიტმა ანდრიამ.

საქართველოს პარლამენტმა შაბათს გამართულ საგანგებო სხდომაზე 115-ი ხმით დაამტკიცა პრეზიდენტის დადგენილება ქვეყანაში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის შემოღების შესახებ. ერთ-ერთი მთავარი შეზღუდვა 10 კაცზე მეტი პირის შეკრების აკრძალვას წარმოადგენს. მართლმადიდებელი სამყარო 19 აპრილს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. ჯერჯერობით უცნობია, როგორ ჩატარდება ის საგანგებო მდგომარეობის პირობებში. გუშინვე ცნობილი გახდა, რომ ქართული ეკლესია ზიარების წესის გადახედვას არ აპირებს.

„მოხალისეთა ჯგუფები ყალიბდება ჩვენი ეკლესიის წევრების, სტიქაროსნებისგან, რომლებიც მზად არიან, მივიდნენ ყველა მოხუცებულთან, იმასთან, ვინც რისკის ჯგუფში იმყოფება, ვინც ავადაა, თუ თვითიზოლაციის რეჟიმშია. დაეხმარონ მათ, რომ ეს რთული დღეები გადაიტანონ. სასულიერო დასი მზადაა, მივიდეს ყველასთან. ასევე, ვინც დაინფიცირებულია, თუ მათგან აღსარებისა და ზიარების საიდუმლოებაში მონაწილეობის სურვილი იქნება“, - განაცხადა ატენისა და გორის მიტროპილიტმა ანდრიამ.

საპატრიარქოში საგანგებო მდგომარეობის შესახებ დადგენილების ტექსტის განმარტებისათვის და შემდგომი კონსულტაციებისათვის პირადად პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია იმყოფებოდა.

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აღნიშნავს, რომ სინოდი ეთანხმება იმას, რომ მორწმუნეებმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები უნდა დაიცვან. თუმცაღა, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, რომელიც დიდმარხვას ემთხვევა, რამდენიმე მნიშვნელოვანი დღესასწაული იქნება და მორწმუნეებისათვის წირვაზე დასწრება ძალიან მნიშვნელოვანია.

„საგანგებო მდგომარეობა თავის მიზნებს ემსახურება. ამ შემთხვევაში მიზანი არის, რომ სიმჭიდროვე არ იყოს ადამიანების შეკრების დროს, რომ იყოს დაცული დისტანცია. არ ვცილდებით ჯანდაცვის უწყებების მიერ მოცემულ რეკომენდაციებს და სინოდის გუშინდელ ოქმშიც იყო ამაზე საუბარი, რომ მრევლმა, ჩვენმა მოქალაქეებმა, საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მიცემული რეკომენდაციები. ჩვენ მივიღეთ განმარტება დღეს ეკლესიაში მსახურებაზე მრევლის დგომასთან დაკავშირებით და განგვიმარტეს, რომ დიდ ტაძარში და მცირე ზომის ტაძარში ადამიანების ერთნაირი რაოდენობა არ არის აუცილებლობა, არამედ ეს გულისხმობს უზრუნველყოფას, რომ აქ დამსწრე ადამიანებს შორის იყოს შესაბამისი დისტანცია, ის, რასაც გვირჩევს ჯანდაცვის სამინისტრო და ცენტრი“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, მრევლი წირვას ტაძრის გარეთ, ეზოში მოისმენს.

„საუბარია იმაზე, რომ დღესასწაულებზე შეიძლება, იყოს ბევრი ხალხი. მთელი აღდგომის მარხვის პერიოდი არის სხვადასხვა დღესასწაული და მსახურება, მათ შორის, შვიდგზის ზეთისცხება სრულდება, ხარება, ბზობა და ა.შ. როგორც იყო ნათქვამი სინოდის გადაწყვეტილებაში, შესაძლებელია, ტაძრების რადიოფიცირება მოხდეს და ნაწილი მრევლისა მოახერხებს დადგომას უშუალოდ ტაძართან, ეზოშივე მოისმენს ამ მსახურებას და არ ექნება დაბრკოლება არც ზიარების მიღებაში და არც მსახურებაში მონაწილეობაში“, – აღნიშნა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, ზიარების წესთან დაკავშირებით არ არის მოსალოდნელი ახალი მსჯელობა.

„როდესაც ვისმენთ დაავადების გავრცელების სხვადასხვა გარემოებებს, გვაქვს ბევრი კომპონენტი, რომელიც გასათვალისწინებელია და მაინცდამაინც ზიარების წესზე ყურადღების გამახვილება არ არის სწორი“, – დასძინა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

51
თემები:
საქართველოს საპატრიარქო (87)