როგორი სახით ჩატარდება წირვა და ზიარება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში

© Photo: Eparchy of Batumi and Lazeti / FBმორწმუნეები ტაძარში COVID 19-ის პანდემიის ფონზე
მორწმუნეები ტაძარში COVID 19-ის პანდემიის ფონზე  - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეკანოზ იოანე გორელიშვილის განცხადებით, წირვა ტაძარში ჩატარდება მხოლოდ სასულიერო პირების მონაწილეობით, მრევლი კი დისტანციის დაცვით ტაძრის ეზოში ხმის გამაძლიერებლით მოუსმენს მას, ზიარებაც ეზოში ჩატარდება.

თბილისი, 22 მარტი - Sputnik. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია წირვისა და ზიარების წესთან დაკავშირებით თავის Facebook-გვერდზე განცხადებას ავრცელებს.

დეკანოზ იოანე გორელიშვილის განცხადებით, წირვა ტაძარში ჩატარდება მხოლოდ სასულიერო პირების მონაწილეობით, მრევლი კი დისტანციის დაცვით ტაძრის ეზოში ხმის გამაძლიერებლით მოუსმენს მას, ზიარებაც ეზოში ჩატარდება.

„ეკლესია ითვალისწინებს საგანგებო მდგომარეობას, რომელიც გამოცხადებულია ქვეყანაში. მრევლს აქვს გაფრთხილება, ჩაიცვან თბილად, რადგან ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან და წირვას აღავლენენ სასულიერო პირები, გარეთ არის დამონტაჟებული გახმოვანება და თქვენ ერთმანეთთან დისტანციის დაცვით იქნებით ეზოში, ისე მოისმენთ ღვთისმსახურებას. წირვის დასრულების დროს ჩვენ გამოვალთ გარეთ და ისე გაზიარებთ“, – განაცხადა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მართლმადიდებლურ სამყაროში ამჟამად აღდგომის მარხვის პერიოდია. ამ პერიოდში არის სხვადასხვა დღესასწაული და მსახურება, მათ შორის, შვიდგზის ზეთისცხება, ხარება, ბზობა და ა.შ. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული კი 19 აპრილს იქნება. შაბათს საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი შეზღუდვა 10 კაცზე მეტი პირის შეკრების აკრძალვას გულისხმობს. ამან მრევლში ბევრი კითხვა გააჩინა.

საქართველოში, როგორც მთელს მსოფლიოში, ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემიაა. 22 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 54 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია სამი. საკარანტინო სივრცეში იმყოფება 2956, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 291 ადამიანია. აღსანიშნავია, რომ ინფიცირებულებიდან ორი ხანდაზმულია და ისინი მძიმე პაციენტებად მიიჩნევიან. მთავრობა 70 წელს გადაცილებულ პირებს მოუწოდებს სახლებში დარჩნენ.

რაც შეეხება დანარჩენ მსოფლიოს, COVID 19–ით ინფიცირებულთა რაოდენობა, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეცპროექტის მონაცემებით, 171 ქვეყანაში 307 277 ადამიანს შეადგენს. აქედან გარდაიცვალა 13 048 და გამოჯანმრთელდა 92 332.

ყველა ახალი ამბავი
0