სამების ტაძარი

საეკლესიო კალენდარი: 19 მარტი

201
(განახლებულია 09:01 19.03.2020)
19 მარტს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას: მღვდელმოწამისა დოსითეოზისა, 42 ამორეველთა მოწამეთა, წმიდა ელენე დედოფლის მიერ ჭეშმარიტი ძელისა და სამსჭვალთა პოვნას იერუსალიმში; ღირსმოწამეთა: კონონისა და ძისა მისისა კონონისა; ღირსისა არკადი კვიპრელისა.

ღირსი დოსითეოზ ქუთათელი (ერისკაცობაში დავით ნიკოლოზის ძე წერეთელი)

დაიბადა საჩხერეში 1750 წლის ახლო ხანებში. მათი საგვარეულო რეზიდენცია საჩხერეში მდებარეობდა, ხოლო სალოცავები და ძვალთშესალაგი - მღვიმებისა და ჯრუჭის მონასტრები იყო. დოსითეოსის ბაბუა პაპუნა წერეთელი 1720-იან წლებში იმერეთის სამეფოს ზემო მხარის სარდალი, ხოლო მამა - ნიკოლოზ წერეთელი, მეფე სოლომონ პირველის მაბჯრეთუხუცესი და მეფის თარჯიმანიც გახლდათ.

დავითმა მონაზვნური ცხოვრება აირჩია და მონასტერში დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. დავითი მალევე აღკვეცეს და სახელად დოსითეოზი უწოდეს. სიწმიდითა და სიბრძნით გამორჩეული წმიდა დოსითეოზი 1781 წელს იქნა დადგენილი მღვდელმთავრად ქუთაისის სამიტროპოლიტო კათედრაზე.

1883 წელს გეორგიევსკის ტრაქტატის საფუძველზე, ქართლ-კახეთის სამეფო შევიდა რუსეთის მფარველობაში, რუსეთის მთავრობა უხეშად ცდილობდა შეეერთებინა საქართველოს დანარჩენი სამთავროები. დოსითეოზ ქუთათელისა და ეფთვიმე გაენათელის მონაწილეობით 1789 წელს იმერეთის დელეგაცია ეწვია ქართლ-კახეთის მეფე ერეკლეს და სთხოვეს თავის ძალაუფლების ქვეშ გაეერთიანებინა ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები, რაც სამწუხაროდ ვერ განხორციელდა.
1795 წლიდან დოსითეოზი დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსოს გამგებლად იხსენიება.
1819 წელს იმერეთში აჯანყებამ იფეთქა, რუსეთის მთავრობა სასტიკად გაუსწორდა აჯანყებულებს. შეიპყრეს აჯანყების ყველა სავარაუდო თავკაცი და იდეოლოგი. 1820 წლის 4 მარტს რუსეთის მთავრობის საგანგებო ბრძანებით, ისე რომ ამ ამბავს კიდევ ახალი მღველვარება არ მოჰყოლოდა, შეიპყრეს დოსითეოზ ქუთათელი და ეფთვიმე გაენათელი. ორივე მღვდელმთავარს ტომრები ჩამოაცვეს თავზე, შეუკრეს ხელ-ფეხი და მათრახების ცემით წაიყვანეს, ასევე სასტიკად გაუსწორდნენ სხვა შეპყრობილ აჯანყებულებს, ზოგი მათგანი ჩამოახრჩვეს და ზოგიც რუსეთში გადაასახლეს სამუდამოდ.
სამოცდათერთმეტი წლის სასტიკად ნაცემი წმიდა დოსითეოზი 5 მარტს გზაში გარდაიცვალა, დაკრძალულია ანანურში, ტაძრის შიგნით.

წმიდა 42 ამორეველი მოწამე: კონსტანტინე, აეტი, თეოფილე, თეოდორე, მილისენი, კალისტე, ვასოჲ და სხვანი.

ბერძენთა და სარკინოზთა ომის დროს (829-842) სარკინოზებმა ხელთ იგდეს ქალაქი ამორეა (გალატეა). ქალაქის დამცველი 42 მეომარი მტრებმა ტყვედ ჩაიგდო და სირიაში წაიყვანა. ამორეველებმა მხნედ აიტანეს მრავალი ტანჯვა-წამება და ქრისტეს ერთგულ მხედრებად დარჩნენ. გაუტეხელ მეომრებს სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტეს, თავები მოჰკვეთეს, გვამები კი ევფრატში გადაყარეს.

წმიდა ღირსმოწამე კონონი და ძე მისი, კონონი

წმიდა ღირსმოწამე კონონი ცხოვრობდა იკონიაში (მცირე აზია). დაქვრივების შემდეგ მან შვიდი წლის ვაჟთან ერთად მონასტერში დაიდო ბინა. ღვთისმოსავი ცხოვრების გამო უფალმა იგი განსაკუთრებული მადლით დააჯილდოვა: ბოროტ სულებს განასხმიდა, ავადმყოფებს კურნავდა და ბრმებს თვალის სინათლეს უბრუნებდა. კონონი დაუცხრომელად ქადაგებდა ქრისტეს სჯულს წარმართთა შორის. მისი მოღვაწეობის ამბავი გაიგო ქრისტიანთა მდევნელმა დომენტიანემ და წმიდანს კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა. ღირსმა მამამ უარი განაცხადა, რისთვისაც სასტიკად აწამეს. მასთან ერთად აწამეს მისი შვილი - დიაკონი კონონი. მამა-შვილი გახურებულ გრდემლზე დააწვინეს და ადუღებული ზეთი დაასხეს, გამლღვალი კალით სავსე ქვაბში ჩაყარეს, თავდაყირა დაკიდეს, მაგრამ წმიდანები ზეციურმა მადლმა დაიფარა და უვნებლად გადარჩნენ. ბოლოს, გამძვინვარებულმა მტარვალებმა გადაწყვიტეს, ხის ხერხით გაეხერხათ მამა-შვილი. წმიდანებმა ლოცვისთვის დრო სთხოვეს ჯალათებს და უფალს შეჰღაღადეს: „გმადლობ შენ, უფალო, რამეთუ შენი სახელისთვის ტანჯვის ღირსად შეგვრაცხე. გავედრებ შენს წმიდა ეკლესიას, შემუსრე მბრძოლნი მათნი, დაამტკიცე და გააძლიერე შენი თაყვანისმცემელნი, მიიღე სული ჩვენი და მოგვმადლე მშვიდობა“.
ლოცვის დამთავრებისთანავე ზეცით გაისმა ხმა, რომელიც წმიდანებს თავისთან უხმობდა. წმ. მოწამეებმა პირჯვარი გადაისახეს და მშვიდად მიაბარეს სული უფალს. მაშინვე მიწისძვრამ შეარყია ქალაქი და ყველა კერპი შემუსრა.
მონაზვნებმა წმიდანთა სხეულები საიდუმლოდ დამარხეს მონასტერში, სადაც ისინი მსახურებდნენ. ეს მოხდა ვალერიანეს მეფობის დროს, 270-275 წლებში. მოგვიანებით მამა-შვილის წმიდა ნაწილები გადაასვენეს მიტალიაში, ქალაქ აცერუში.

ღირსი არკადი კვიპრელი

 მოღვაწეობდა კუნძულ კვიპროსზე იმპერატორ კონსტანტინე დიდის დროს (306-337). მან სიყრმიდანვე აირჩია ბერული ცხოვრება, ბევრი დააყენა უფლის გზაზე და განამტკიცა ჭეშმარიტებაში. მისი სულიერი შვილები იყვნენ წმიდა მოწამენი: იულიან მკურნალი და ევული, თვითონ წმიდა არკადიმ, უფლის მიერ მრავალი ნიჭითა და სასწაულების ქმნით დაჯილდოვებულმა, მშვიდად შეჰვედრა სული უფალს.

 

201
თემები:
საეკლესიო კალენდარი (137)
სამცხე-ჯავახეთში სომხური ეკლესიის ტერიტორიაზე სამარხები დააზიანეს

საეკლესიო კალენდარი: 8 ივლისი

74
(განახლებულია 08:31 08.07.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 ივლისს ღირსმოწამე ფებრონია ქალწულს მოიხსენიებს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყო ის  და რატომ არის მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

ფებრონია ქალწული

ღირსმოწამე ფებრონია ქალწული დიოკლეტიანეს (284-305) მეფობაში გაბრწყინდა მოწამეობრივი აღსასრულით. იგი იზრდებოდა ქალაქ სივაპოლის (ასურეთის ოლქი) მონასტერში, რომლის წინამძღვარიც იყო იღუმენია ბრიენა, წმიდა ფებრონიას დეიდა.

იღუმენიამ, ზრუნავდა რა მის ცხონებაზე, თავის დისწულს სხვა მონაზვნებთან შედარებით მკაცრი კანონი დაუწესა. მონასტრის წესდების მიხედვით, პარასკევობით დები ხელს იღებდნენ თავიანთ მორჩილების საქმეებზე და ლოცვასა და წმიდა წერილის კითხვაში ატარებდნენ დროს. ჩვეულებრივ, წინამძღვარი კითხვას წმიდა ფებრონიას ავალებდა.

როცა ნეტარი ქალწულის კეთილმსახური ცხოვრების შესახებ ქალაქში ხმა გავრცელდა, მასთან სიარული დაიწყო დიდგვაროვანმა წარმართმა ქვრივმა იერიამ. ფებრონიამ შეჭირვებულ ახალგაზრდა ქალს ხსნის გზა დაანახა, რის შემდეგაც იგი მოინათლა და მშობლები და ახლობლებიც აზიარა ქრისტეს ნათელს.

გამხეცებულმა დიოკლეტიანემ ასურეთში ქრისტიანების ამოსაჟლეტად მეომართა რაზმი გაგზავნა ლისიმაქოსის, სელინისა და პრიმის მეთაურობით. სელინი, ლისიმაქოსის ბიძა, მართლმადიდებელთა გააფთრებული სიძულვილით გამოირჩეოდა, თავად ლისიმაქოსი კი, ღვთისმოყვარე დედის აღზრდილი, თანაუგრძნობდა მათ. კეთილგონიერი მხედართმთავარი თავის ნათესავს, პრიმს შეუთანხმდა, შეძლებისდაგვარად დაეცვათ ქრისტიანები მტარვალთა ძალმომრეობისაგან. როცა რაზმი სავანეს მიუახლოვდა, მოწესეები გაიხიზნნენ. მონასტერში დარჩნენ მხოლოდ იღუმენია ბრიენა, მისი თანაშემწე თომაიდა და წმიდა ფებრონია, რომელიც მძიმედ ავადმყოფობდა. იღუმენია ძლიერ წუხდა, რომ მისი დისწული უღმრთოთა ხელში ვარდებოდა და მხურვალედ ევედრებოდა უფალს, დაეცვა და ქრისტიანულ სარწმუნოებაში განემტკიცებინა იგი. სელინმა ბრძანა, ყველა მონაზონი მოეგვარათ მისთვის, მაგრამ პრიმმა მხედრებთან ერთად სავანეში ვერავინ იპოვა ორი მხცოვანი დედისა და წმიდა ფებრონიას გარდა. იგი მათმა დანახვამაც ძლიერ შეაწუხა და მონაზვნებს შესთავაზა, დაეტოვებინათ მონასტერი. დებმა არ ისურვეს თავიანთი მოღვაწეობის ადგილის დატოვება.

პრიმმა ლისიმაქოსს წმიდა ფებრონიას საოცარი სილამაზე აღუწერა და ურჩია, ცოლად შეერთო იგი. ლისიმაქოსმა კი უპასუხა, არ მსურსო ქრისტეს შევედრებულ ქალწულთა ცთუნება და სთხოვა, სადმე გადაემალა დარჩენილი მონაზვნები, რომ ისინი სელინის ხელში არ ჩავარდნილიყვნენ. ერთ-ერთმა მეომარმა გაიგონა ეს საუბარი და სელინს მოუტანა ამბავი. წმიდა თებრონია ხელებშეკრული და ქედზე ჯაჭვდადებული მიჰგვარეს უსჯულო მხედართმთავარს. მან ქალწულს შესთავაზა, წარმართული ღვთაებებისთვის მსხვერპლი შეეწირა, სანაცვლოდ კი პატივი, ჯილდოები და ლისიმაქოსთან ქორწინება აღუთქვა. ნეტარმა დედამ მტკიცედ მიუგო, მე მარადიული სასიძო მყავს და არანაირ მიწიერ სიკეთეზე არ გავცვლიო მას. ამისთვის სელინმა საშინლად აწამა იგი. ბოლოს წმიდა მარტვილს თავი მოჰკვეთეს.

363 წელს წმიდანის უხრწნელი ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

74
თემები:
საეკლესიო კალენდარი (137)
ანჩისხატის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 7 ივლისი

74
(განახლებულია 08:49 07.07.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 ივლისს წინასწარმეტყველის, წინამორბედის და ნათლისმცემელის იოანეს შობას ზეიმობს და  მოწამეების: ორენტიოსის, ფარნაკიოსის, ეროსის, ფირმოსის ფირმინეს, კვირიაკეს და ლონგინოზის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობა

როგორც წმიდა სახარება მოგვითხრობს, იოანე ნათისმცემლის მშობლები - მღვდელმთავარი ზაქარია და ელისაბედი „იყვნეს... წინაშე ღმრთისა მართალ“, მაგრამ სიბერის ასაკს ისე მიაღწიეს, რომ შვილი არ მისცემიათ. ერთხელ, როცა ზაქარია იერსუსალიმის ტაძარში ღვთისმსახურებას აღასრულებდა, „ეჩუენა მას ანგელოზი უფლისაჲ“ და ამცნო: „შეისმინეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე და უწოდი სახელი მისი იოვანე“. შეძწუნებული ზაქარია დაეჭვდა ზეციური მახარობლის სიტყვებში, რისთვისაც მას, სასჯელად, მეტყველების უნარი წაერთვა.

ახალგაზრდობის ასაკს საკმაოდ გადაცილებული წმიდა ელისაბედი დაფეხმძიმდა და  ვაჟიშვილი შეეძინა.  მერვე დღეს ჩვილს, მოსეს სჯულის თანახმად, წინადაცვითეს და აპირებდნენ, მისთვის ზაქარია დაერქმიათ, მაგრამ ელისაბედმა განაცხადა: „არა, არამედ ეწოდოს მაგას იოვანე“. ყველანი გაოცდნენ, - ეს სახელი მის მოდგმაში არავის ერქვა და ზაქარიას სთხოვეს, ენიშნებინა მათთვის, რა უნდოდა ძისთვის ეწოდებინა. მანაც „მოითხოვა ფიცარი და დაწერა და თქუა: იოვანე არს სახელი მისი“ .

ღვთის განგებით ზაქარიას ისევ დაუბრუნდა მეტყველების უნარი. სულიწმიდის მადლით წინასწარმეტყველებაც დაიწყო

მას შემდეგ, რაც იშვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, და მწყემსებმა და მოგვებმა თაყვანი სცეს მას, უსჯულო მეფე ჰეროდემ ბრძანა, მოეწყვიდათ „ყოველი ყრმები, რომელნი იყვნეს ბეთლემს და ყოველთა საზღვართა მისთა ორით წლითგანი და უდარესი“ ელისაბედმა ეს რომ შეიტყო, შვილთან ერთად უდაბნოში გაიხიზნა. ზაქარია და კი იერუსალიმში დარჩა და ერთგულად აღასრულებდა მღვდელმთავრის მოვალეობას. ჰეროდემ მასთან მეომრები გაგზავნა ბრძანებით, გაემხილა ჩვილისა და მისი დედის ადგილსამყოფელი. მამამ უპასუხა, რომ არაფერი იცოდა მათ შესახებ, რისთვისაც ტაძარშივე განგმირეს. ელისაბედი შვილთან ერთად უდაბნოში განაგრძობდა ცხოვრებას და იქვე აღესრულა. ყრმა იოანე კი, ანგელოზისგან დაცული, უდაბნოში იმყოფებოდა.

მოწამენი შვიდნი ძმანი: ორენტიოსი, ფარნაკიოსი, ეროსი, ფირმოსი, ფირმინე, კვირიაკე და ლონგინოზი

 ორენტიოსი, ფარნაკიოსი, ეროსი, ფირმოსი, ფირმინე, კვირიკე და ლონგინოზი რომაელი მხედრები იყვნენ და იმპერატორის ლაშქარში მსახურობდნენ. მაქსიმიანეს (284-305) მეფობაში ბერძნებს სკვითები დაესხნენ თავს. ორენტის ებრძანა, რომ გასაოცარი ფიზიკური ძალის მქონე სკვითების ბელადს, მაროთს შებრძოლებოდა. გაბედულებითა და ძლიერებით გამორჩეული მხედარი თავის ექვს ძმასთან ერთად ქრისტეს სასოებდა, ახლაც ღვთისგან გამოითხოვა შეწევნა და დაამარცხა სკვითების აქამდე დაუმარცხებელი ბელადი. ამ გამარჯვებამ ბრძოლის ბედი გადაწყვიტა - სკვითები უკუიქცნენ. იმპერატორი წარმართული ღვთაებებისთვის სამადლობელი მსხვერპლის შესაწირავად გაემზადა და გამარჯვებულს - ორენტისაც უხმო. წმიდანმა უარი განაცხადა მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობის მიღებაზე და ახოვნად აღიარა, რომ მას ქრისტე ღმერთი სწამდა და მხოლოდ მას ემსახურებოდა. ვერც პატივისა და სიმდიდრის აღთქმამ და ვერც მუქარამ ვერ მოდრიკა აღმსარებელი. მაშინ სასტიკმა და უმადურმა თვითმპყრობელმა ბრძანა, იგი თავის ძმებთან ერთად კავკასიაში გადაესახლებინათ. გზაში ყველა მათგანი გარდაიცვალა: პირველად, 22 ივნისს, ეროსი აღესრულა პარემვოლში; შემდეგ ორენტიმ შეჰვედრა სული უფალს. მას ყელზე ლოდი გამოაბეს და ზღვაში ჩაძირეს. მთავარანგელოზმა რაფაელმა ქალაქ რიზის ნაპირებთან გამოიყვანა იგი და აქ მიიცვალა. ფარნაკი 3 ივლისს გარდაიცვალა კორდილში; წმიდა ფირმოსი და ფირმინი - 7 ივლისს, ასპარში, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე; წმიდა კვირიკე კი - ზიგანიაში, 14 ივლისს. მეშვიდე ძმას, ლონგინოზს ხომალდზე აღმოხდა სული. ქარიშხალმა გემი ქალაქ ბიჭვინთასთან მიაგდო და წმიდანის ნეშტიც აქ მიაბარეს მიწას.

მასალა მომზადებულია ღია წყარიებზე დაყრდნობით.

74
თემები:
საეკლესიო კალენდარი (137)
ტესტი

COVID-19 საქართველოში: რამდენია გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა

0
(განახლებულია 10:18 08.07.2020)
ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 963ადამიანს დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა 841 პაციენტი. პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე გარდაიცვალა 15 ადამიანი.

თბილისი, 8 ივლისი — Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში COVID-19-სგან სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა, ნათქვამია სამთავრობო ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 963ადამიანს დაუდგინდა. გამოჯანმრთელდა 841, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 15 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3903, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 202 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში