საეკლესიო კალენდარი: 9 მარტი

© Sputnik / Levan Avlabreliმთავარი ტაძრისკენ მიმავალ ბილიკს ლავანდებისა და ვარდების არშია ამშენებს
მთავარი ტაძრისკენ მიმავალ ბილიკს ლავანდებისა და ვარდების არშია ამშენებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 9 მარტს კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსის წმინდა ტარასის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყო ის და რატომ არის მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

ტარასი, კონსტანტინეპოლელი მთავარეპისკოპოსი 

ტარასი დიდგვაროვანთა ოჯახის ჩამომავალი იყო. იგი კონსტანტინეპოლში დაიბადა და აღიზარდა, განათლებაც იქვე მიიღო. ღრმად განსწავლული ჭაბუკი მალე დაწინაურდა კონსტანტინე VI პორფიროგენეტის (780-797) და მისი დედის, დედოფალ ირინეს კარზე და სენატორის ხარისხს მიაღწია. იმ ხანებში ეკლესიურ ცხოვრებას აშფოთებდა ხატმებრძოლთა ერესი. წმიდა პატრიარქი პავლე მწვალებლებს არ თანაუგრძნობდა, მაგრამ მერყევი ხასიათის გამო მათ წინააღმდეგ გადამჭრელი ზომების მიღებასაც ვერ ახერხებდა, ამიტომ ნებით გადადგა ტახტიდან, მონასტერს მიაშურა და სქემა შეიმოსა. როცა ყოფილი პატრიარქი დედოფალმა ელენემ მოინახულა ძესთან ერთად, პავლემ განაცხადა, ჩემი ერთადერთი ღირსეული მემკვიდრე ტარასიაო. ტარასი, იმ დროს ჯერ კიდევ ერისკაცი, დიდხანს უარობდა, რადგან ასეთი მაღალი ხარისხისთვის თავი უღირსად მიაჩნდა, მაგრამ ბოლოს დაჰყვა მვედრებელთა ნებას ერთი პირობით – ხატმბრძოლობის ერესის დასაგმობად მსოფლიო კრება უნდა მოწვეულიყო. წმიდანმა მოკლე ხანში გაიარა იერარქიის ყველა საფეხური და 784 წელს პატრიარქის ტახტზე აღსაყდრდა. 787 წელს ტარასის თავმჯდომარეობით ქ. ნიკეაში გაიმართა VII მსოფლიო კრება, რომელსაც 367 ეპისკოპოსი ესწრებოდა. კრების მამებმა დაამტკიცეს წმიდა ხატების თაყვანისცემის წესი. ის მღვდელმთავრები, რომლებმაც მოინანიეს ხატმბრძოლობა, ეკლესიამ კვლავ მიიღო თავის წიაღში.

წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის მონასტერი (ლურჯი მონასტერი) - Sputnik საქართველო
როდის იწყება აღდგომის მარხვა 2019 წელს

წმიდა ტარასი 22 წლის მანძილზე ბრძნულად განაგებდა სამწყსოს. იგი მკაცრი ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა; მთელი ქონება საქველმოქმედო საქმეებს გადააგო: ზრდიდა და განუსვენებდა მოხუცებს, გლახაკებს, ობლებსა და ქვრივებს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე მათთვის ტრაპეზს აწყობდა, რომელზეც თვითონ მსახურობდა. წმიდა პატრიარქმა უშიშრად ამხილა იმპერატორი კონსტანტინე, როცა მან ცილი დასწამა თავის მეუღლეს მარიამს იმ მიზნით, რომ მონასტერში გამოეკეტა იგი, თვითონ კი ხორციელ ნათესავზე დაქორწინებულიყო. წმიდა ტარასიმ მტკიცე უარი განაცხადა იმპერატორის განქორწინებაზე, რის გამოც მისი საშინელი რისხვა დაატყდა თავს, მაგრამ მალე კონსტანტინე დედამისმა, ირინემ ჩამოაგდო ტახტიდან. მღვდელმთავარი ტარასი გარდაიცვალა 806 წელს. სამწყსო მხურვალე ცრემლებით დასტიროდა საყვარელ მღვდელმთავარს. მის საფლავთან მრავალი ადამიანი განიკურნა.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

ყველა ახალი ამბავი
0