უფლისციხე

საეკლესიო კალენდარი - 27 თებერვალი

491
(განახლებულია 22:49 26.02.2020)
მართლმადიდებელი ეკლესია 27 თებერვალს ღირსი მღვდელმონოზონის ილარიონ ქართველი-ახლის , ღირსი ავქსენტის, ღირსის მარონის, სირიელი მეუდაბნოის, წმ. აბრაამის, კარიელი ეპისკოპოსის , მოციქულთა სწორი კირილესი, სლოვენთა მოძღვრის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.

 ილარიონ ქართველი-ახალი

ათონის მთის მოძღვართა მოძღვარი, საკვირველმოქმედი ბერი, მღვდელსქიმმონაზონი ილარიონი (ერობაში იესე) წარმოშობით იმერეთიდან იყო. დაიბადა სოფელ ლოთიასხევში, 1776 წელს, აზნაურების – ხახული და მარიამ ყანჩაველების ოჯახში. ყმაწვილს ექვსი წელი რომ შეუსრულდა, ბიძამისმა (დედის ძმამ) განდეგილობაში მყოფმა ბერდიაკონმა სტეფანემ სიძეს და თავის დას მარიამს სთხოვა იესე ღვთისთვის მიეძღვნათ.

იესე ნორჩ ასაკში გახდა მეუდაბნოე. მამა სტეფანემ დისწული თავისთან წაიყვანა და უდაბურ მთაზე ზრდიდა. ასწავლიდა დუმილს, თავშეკავებას, ლოცვასა და წმიდა წერილის კითხვას, იშვიათად რთვადა ნებას მოენახულებინა მშობლები და მონასტერი. მამა სტეფანეს გარდაცვალების შემდეგ იესე ტაბაკინის მონასტერში გადავიდა. სულ მალე მამამ იგი ქუთაისში წაყვანა და აღსაზრდელად სამეფო კარზე მიაბარა, სადაც იესე გახდა სამეფო კარის ეკლესიის პროტოპრესვიტერი, იმერეთის მეფის სოლომონ II-ის მოძღვარი და სახელმწიფო საკითხებში მისი მრჩეველი.

1801 წელს რუსეთის მიერ ქართლ–კახეთის სამეფოს გაუქმებისა და რუსეთის მიერ საქართველოში გატარებული პოლიტიკიდან გამომდინარე იმერეთის მეფე სოლომონ II იძულებული გახდა 1810 წელს თურქეთში გაქცეულიყო. მეფეს იესეც გაჰყვა და მისი ყველა ჭირი და ტკივილი გაიზიარა ლტოლვილობაში. 1814 წელს სოლომონ II გარდაიცვალა, მისი ნეშტი ტრაპიზონის მიწას მიაბარეს, იესე კი საქართველოში დაბრუნდა, თუმცა სულ მალე იმერეთის დედოფალმა მარიამმა თავისთან, მოსკოვში იხმო. იმპერატორმა ალექსანდრე I-მა მამა იესეს დედაქალაქის მღვდელმთავრად დაწინაურება მოისურვა. თუმცა განდეგილობას მოსურნე იესე მაღალმა წოდებამ ვერ მოხიბლა და ვერც სასახლეში გამეფებულ ცხოვრების წესს შეეგუა. მან აბრეშუმის სამოსელი გლახაკის ძონძებით შეცვალა, სასახლე ფარულად დატოვა და საქართველოში გამგზავრების ნაცვლად 1819 წელს ათონის წმინდა მთას მიაშურა, რადგანაც იცოდა რომ მარიამ დედოფალი საქართველოში ადვილად მოძებნიდა და კვლავ მოსკოვში დააბრუნებდა.

1821 წელს დიდი მარხვისას, დიონისეს მონასტერში მამა იესე დიდ სქიმაში აღკვეცეს და სახელად ილარიონი უწოდეს. მალე ათონის მთაზე გავრცელდა ხმები, რომ მონასტერში უბრალო ბერის სახით მეფის მოძღვარი იმალებოდა. მას პატივისცემით დაუწყეს მოპყრობა, რის გამოც ილარიონმა მონასტერი დატოვა და იქვე ახლოს უდაბნოში დაეყუდა.

მამა ილარიონი სამი წელი გამოქვაბულში ცხოვრობდა, შემდეგ წმ. პავლეს მონასტრის გოდლოში დაეყუდა, დღეში მხოლოდ ორი საათი ეძინა. მისი საზრდო იყო ბალახი, ხის ფესვები და წაბლი. წყალსაც ცოტას – დღეში ერთ პატარა ჭიქას სვამდა. ძლიერმა ასკეტურმა ცხოვრებამ ფიზიკურად ისე დაასუსტა, რომ იძულებული გახდა დაყუდების ღვაწლზე ხელი აეღო. როგორც კი ოდნავ მომჯობინდა, ივერთა მონასტერში ქართულ წიგნთსაცავს მიხედა, მოამზადა კრებული 12 ტომად, რომელსაც „ყვავილნარი“ უწოდა. წიგნებში ძირითადად წმინდანთა ცხოვრებანი იყო ასახული. ეს კრებული ზოგრაფის იღუმენს გადასცა, რომელიც რუსეთში მიემგზავრებოდა და მან თორმეტივე ტომი გამოსცა ქართულ ენაზე.

მამა ილარიონს მოძღვართმოძღვარს უწოდებდნენ და რჩევის მისაღებად მასთან ყოველი მხრიდან მიდიოდნენ, მისი სიტყვა ძლიერი და მიუკერძოებელი იყო. 1864 წლის 12 თებერვალს მამა ილარიონი გარდაიცვალა.

საქართველოს სამოციქულო ეკლესია წმიდა ილარიონ ქართველ ახალს მოიხსენიებს 14 (27) თებერვალს.

 

ღირსი ავქსენტი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 თებერვალს ღირსი ავქსენტის ხსენების დღეს აღნიშნავს.

ავქსენტი, წარმოშობით სირიელი, იმპერატორი თეოდოსი უმცროსის (418-450) კარზე მსახურობდა. ის ცნობილი იყო, როგორც კეთილმსახური, განსწავლული და ბრძენი ადამიანი და თავის თანამედროვე ბევრ მაღალსულიერ მოსაგრესთან მეგობრობდა.

ამსოფლიურ ამაოებათაგან სულდამძიმებული ავქსენტი განერიდა სასახლის კარის ცხოვრებას, ჯერ მღვდლად ეკურთხა, შემდეგ კი ბერად აღიკვეცა. ამის შემდგომ ის ბითვინიაში წავიდა, ქალკედონის მახლობლად, ოქსის მთაზე ერთი განკრძალული ადგილი ჰპოვა და იქ დაეყუდა (შემდგომში ამ მთას ავქსენტისა ეწოდა). ნეტარი მამა შემთხვევით გადააწყდნენ მწყემსები, რომლებიც გზააბნეულ ცხვრებს ეძებდნენ და ამის შემდეგ წმიდანთან შემწეობის სათხოვნებლად სიარულს მოუხშირეს სნეულებმა თუ სულიერად შეჭირვებულებმა. ღვთის მადლით საკვირველთმოქმედი მამა მრავალ კურნებას აღარსულებდა.

451 წელს წმიდა აქვსენტის IV მსოფლიო კრებაზე მოუწოდეს ქალკედონში, სადაც მან გაბედულად და დამაჯერებლად ამხილა ევტიქისა და ნესტორის ერესები. წმიდა წერილში ღრმად ჩახედულმა მამამ ადვილად დაამარცხა მოწინააღმდეგეები. კრების დამთავრების შემდეგ ავქსენტი დაუბრუნდა თავის განკრძალულ კელიას. სულიერი მზერით მან განჭვრიტა წმიდა სვიმეონ მესვეტის (+459) ნეტარი აღსასრული.

ღირსი ავქსენტი გარდაიცვალა დაახლოებით 470 წელს. წმიდანმა ბითვინიის ოლქში დააარსა ბევრი მონასტერი, სადაც მისი მრავალი მოწაფე მოღვაწეობდა.

ღირსი მარონი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 27 თებერვალი სირიელი მეუდაბნოე ღირსი მარონის ხსენების დღეა.

ღირსი მარონი IV საუკუნეში ცხოვრობდა სირიაში, კვიროსის მახლობლად. წმიდანმა სახელი გაითქვა სნეულთა კურნების და ეშმაკთა განსხმის ნიჭით. სულიერი დამოძღვრის მსურველებს ნეტარი მამა ურჩევდა, თავშეკავებულნი ყოფილიყვნენ, ცხონებაზე ეზრუნათ, თავი მოეზღუდათ ვერცხლისმოყვარებისა და მრისხანებისაგან. ღირსი მარონის მოწაფეები იყვნენ: იაკობ განდეგილი ლიმნეი დომნინა და ბევრი სხვა.

ღირსი აბრაამი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 27 თებერვალი კარიელი ეპისკოპოსის ღირსი აბრაამის ხსენების დღეა.

კარიელი ეპისკოპოსი აბრაამი, IV-V საუკუნეებში ცხოვრობდა. იგი ქალაქ კვიროსში დაიბადა და სრულიად ახალგაზრდა იყო, როცა მონასტერს მიაშურა. შემდგომში წმიდანმა მოღვაწეობის ადგილად ლიბანის მთები აირჩია და აქ განდეგილი ბერის ცხოვრებით ცხოვრობდა. აბრაამს ხშირად უხდებოდა დაეთმინა წარმართთა გამოხდომები. უღმრთოები ნეტარი ბერის განდევნას ცდილობდნენ თავიანთი მიწებიდან; მის მყუდროებას ხშირად არღვევდნენ მახლობელი სოფლის გლახაკი მცხოვრებლებიც, რომლებიც მოწყალების სათხოვნელად ამოდიოდნენ მასთან, მაგრამ უფლის რჩეული მოთმინებით იტანდა მათ სტუმრობებს და უშურველად გასცემდა ყველაფერს, რასაც სწირავდნენ. როცა ამ სოფლის ქრისტიანმა მცხოვრებლებმა ტაძარი ააშენეს, მხურვალედ სთხოვეს წმიდა აბრაამს, სამღვდელო ხელდასხმა მიეღო და მათი მოძღვარი გამხდარიყო. ღირსი მამა დაჰყვა მვედრებელთა ნებას, სულიერად განამტკიცა მრევლი, ხოლო შემდეგ თავის ნაცვლად მათ სხვა მოძღვარი დაუდგინა, თვითონ კი მონასტერს დაუბრუნდა. კეთილმსახურებით გამორჩეული მოღვაწე  კარიის ეპისკოპოსად დაადგინეს. წმიდანი სამწყსოს გულმოდგინედ ასწავლიდა ღვთივსავნო ცხოვრებას და თავადვე აძლევდა თავშეკავების მაგალითს. იმპერატორმა თეოდოსი უმცროსმა ეპისკოპოსთან შეხვედრა მოიწადინა და მას თან კარზე მოუხმო. კონსტანტინოპოლში ჩასული წმიდა აბრაამი მალე გარდაიცვალა. მისი ნეშტი პატივით გადასვენდა ქალაქ კარში და იქვე დაიკრძალა.

კირილე, სლოვენთა მოძღვარი, მოციქულთასწორი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 27 თებერვალი  სლოვენთა მოძღვრის წმიდა კირილეს ხსენების დღეა.

წმიდა მოციქულთასწორი კირილე, სლოვენთა მოძღვარი (სქემის შემოსვამდე -კონსტანტინე) და მისი უფროსი ძმა მეთოდე, წარმოშობით სლავები, მაკედონიის ქალაქ სოლუნში დაიბადნენ. კირილემ, რომელიც 14 წლის ასაკიდან იმპერატორის ძესთან ერთად იზრდებოდა, ბრწყინვალე განათლება მიიღო, რის შემდეგაც იგი, ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, ხუცესად აკურთხეს. კონსტანტინეპოლში დაბრუნებული კირილე საკათედრო ტაძრის ბიბლიოთეკარი და ფილოსოფიის მასწავლებელი გახდა. წმიდანი სარწმუნოების საკითხებზე წარმატებით ეკამათებოდა ხატმებრძოლ ერეტიკოსებს და მაჰმადიანებს. განმარტოებისკენ მიდრეკილმა მამამ ოლიმპოს მთას მიაშურა, სადაც მისი ძმა, მეთოდე მოღვაწეობდა, მაგრამ მისი განდგომა ამ ცხოვრებისგან ხანგრძლივი არ აღმოჩნდა: 857 წელს ძმა იმპერატორმა მიხეილმა ხაზართა შორის ქრისტიანობის საქადაგებლად გაგზავნა. გზად ისინი ხერსონესში გაჩერდნენ, სადაც რომის პაპის, წმიდა მღვდელმოწამე კლიმენტის ნაწილები აღმოიყვანეს. კირილეს და მეთოდეს მისიონერული მოგზაურობა ხაზარეთში მეტად წარმატებული აღმოჩნდა: მეფემ და, მასთან ერთად, მთელმა ერმა ქრისტიანობა მიიღო. მადლიერ ხელმწიფეს სურდა, უხვი ძღვენით დაეჯილდოვებინა მქადაგებლები, მაგრამ წმიდანებმა საჩუქრებზე უარი სთქვეს და ბერძენი ტყვეების განთავისუფლება ითხოვეს მისგან. წმიდა კირილე კონსტანტინეპოლში ტყვეობისგან გამოხსნილ 200 ადამიანთან ერთად დაბრუნდა.

862 წელს დაიწყო ნეტარი ძმების მოღვაწეობის უმთავრესი ეტაპი: მთავარ როსტისლავს თხოვნით, იმპერატორმა მორავიაში სლავურ ენაზე ქრისტიანობის საქადაგებლად გაგზავნა ძმები. კირილემ და მეთოდემ ღვთაებრივი გამოცხადებით სლავური ანბანი შექმნეს და ამ ენაზე თარგმნეს სახარება, სამოციქულო, ფსალმუნები და სხვა მრავალი საღვთისმსახურო წიგნი; ღვთისმსახურებაც სლავურ ენაზე განაწესეს. შემდეგ ძმები, რომის პაპის მიწვევით, რომში ჩავიდნენ. პაპი ადრიანე II წმიდანებს დიდი პატივით შეხვდა, მათ თან მღვდელმოწამე კლიმენტის, რომის პაპის ნაწილებიც ჩამოასვენეს. ხორციელად ძლიერ სუსტი კირილე მძიმე და დაუცხრომელმა ღვაწლმა მალე მოტეხა: იგი დაავადდა და სქემის მიღების შემდეგ, 869 წელს გარდაიცვალა 42 წლის ასაკში. სიკვდილის წინ მან ძმას დაუბარა, განეგრძო სლავების ქრისტიანულ განათლება. ნეტარი კირილე დაკრძალულია რომში წმიდა კლიმენტის სახელობის ტაძარში.

 

491
თემები:
საეკლესიო კალენდარი (231)
წმინდა კვირიკესა და ივლისტას მონასტერი - ლაგურკა

საეკლესიო კალენდარი: 14 აპრილი

280
(განახლებულია 08:21 14.04.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია14 აპრილს  ღირსთა: იოანე შავთელისა და ევლოგი სალოსის, ღირსი მარიამ მეგვიპტელის და  ღირსი მაკარი იღუმენის ხსენების დღეს აღნიშნავს.

„Sputnik საქართველო" მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

ღირსი მამა იოანე შავთელი და ევლოგი წინასწარმეტყველი - სალოსი.
საეკლესიო კალენდარში 14 აპრილი ღირსი მამა იოანე შავთელის და ევლოგი წინასწარმეტყველი -სალოსის, (თამარ მეფის თანამედროვე)  ხსენების დღეა.  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღირს იოანე შავთელს იხსენიებს ორჯერ: ძველი სტილით 1 აპრილს, ევლოგი სალოსთან ერთად და 9 ივნისს.

ღირსი იოანე შავთელი XII-XIII საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი გამოჩენილი პოეტი, ფილოსოფოსი და რიტორი იყო. „ქართლის ცხოვრება“ მას მოიხსენიებს, როგორც „ლექსთა გამომთქმელს და მოღუაწებათა შინა განთქმულს“. 

ღირსმა იოანემ ახალგაზრდობაში მიიღო უმაღლესი განათლება გელათის მონასტერთან არსებულ აკადემიაში, სადაც შეისწავლა წმიდა მამათა თხზულებები, ანტიკური და არაბული ისტორია, ფოლოსოფია, ლიტერატურა, შემდეგ ბერად აღიკვეცა და დიდხანს მოღვაწეობდა ვარძიის მონასტერში.

ღირსმა იოანემ გამუდმებული სულიერი მოღვაწეობით, განუწყვეტელი ლოცვით და ღვთივსათნო ცხოვრებით უფლისაგან ბრძნადმეტყველების მადლი მიიღო.

როდესაც ქართველთა სპა დავით სოსლანის წინამძღოლობით ბასიანისკენ გაეშურა იკონიის სულთნის, რუქნადინის წინააღმდეგ საბრძოლველად, წმიდა კეთილმსახური მეფე თამარი ოძრხეში წავიდა სალოცავად. მას თან ახლდა ქართლის კათალიკოსი თევდორე, კაცი წმიდა და სახიერი, მრავალ ეპისკოპოსთან და მონაზონთან ერთად, რომელთა შორის ბრწყინავდა „იოანე შავთელი, კაცი ყოვლად განთქმული და საკჳრველი მოღუაწებათა შინა და ლექსთა გამომთქმელი“.

აქ ერთი სასწაული აღსრულდა: ღვთისაგან წინასწარმცნობელობის მადლით დაჯილდოებული ევლოგი სალოსი წირვის დროს სამგზის დაეცა მიწაზე, შემდეგ ხელები აღაპყრო და დაიძახა: „აჰა დიდება ღმერთსა! ქრისტე ძლიერ არს. ხელნო ევლოგისნო, სპარსთაგან არა გეშინით, განუტევეთ, რათა ვიდოდის მშვიდობით. წყალობა ღვთისა სახლსა ზედა თამარისსა მოიწია“. ყველა მიხვდა, რომ ევლოგიმ საღვთო გამოცხადება მიიღო. 

ღვთის შეწევნით, ქართველებმა ბასიანში დაამარცხეს მტერი და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს.

წმიდა ევლოგი, რომელიც ქრისტესთვის მოგონილ სისულელეში მალავდა თავის სულიერი ღვაწლს, ამჯერად გაექცა კაცთაგან განდიდებას.

წმიდა იოანე შავთელმა ბასიანის ბრძოლაში გამარჯვების სამადლობელად დაწერა „გალობანი ვარძიის ღვთისმშობლისანი“. მასვე ეკუთვნის ცნობილი ოდა „აბდულ-მესიანი“ (ქრისტეს, მესიის მონა).

ღირსი იოანე შავთელი ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა და გარდაცვალებისთანავე შერაცხილ იქნა წმიდანთა დასში.

მარიამ მეგვიპტელი

საეკლესიო კალენდარში 14 აპრილი მარიამ მეგვიპტელის (+522) ხსენების დღეა. ღირს დედას ეკლესია დიდი მარხვის მე-5 კვირას იხსენიებს, აქედან გამომდინარე წმინდანის მოხსენიების თარიღი გარდამავალია.

პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, კესარიის მახლობლად, ცხოვრობდა ღირსი ზოსიმე. სიყრმიდან მონასტერში გაზრდილი ბერი სავანეში 53 წლამდე მოღვაწეობდა. ერთხელ მას გონებაში გაუელვა ფიქრმა: „ნეტავ მოიძებნება უშორეს უდაბნოში ღვთივსულიერი კაცი, ჩემზე აღმატებული მღვიძარებასა და ღვაწლში?“ 

როგორც კი ფიქრი დაასრულა, ღირს მამას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა: „შენი ღვაწლი სათნოა უფლისათვის, მაგრამ „არავინ არს მართალ არცაღა ვართ“ (რომ. 3,10). ქვეყნად ცხონების უმჯობესი გზებიც არსებობს. გამოდი შენი სავანიდან, ვითარცა აბრაამ სახლითგან მამისა თვისისა (შეს. 12,1) და წადი იორდანეს მონასტერში“.

აბბა ზოსიმემ დატოვა თავისი სამყოფელი და იორდანეს მონასტერში მივიდა. აქ მან ნახა საოცარ ღვაწლში მყოფი უდიდესი ასკეტი მამები და მათთან დარჩა სამოღვაწეოდ.

გავიდა დრო. დადგა დიდი მარხვა. მონასტერში არსებული ტრადიციის მიხედვით, დიდმარხვის პირველი კვირიაკეს საღმრთო ლიტურღიაზე ყველანი ეზიარებოდნენ. ლოცვისა და მეტანიების შემდეგ ბერები ერთმანეთს შენდობას სთხოვდნენ, იღუმენისაგან კურთხევას იღებდნენ და ფსალმუნის გალობით - „უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდეს? უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა, ვისგან შევძრწუნდე?“ (ფს. 26,1), უდაბნოში გადიოდნენ.

ზოგ ბერს თან მიჰქონდა მცირედი საზრდელი, ზოგი კი მხოლოდ ბალახით იკვებებოდა. ისინი იორდანეს გაღმა გადიოდნენ, ერთმანეთს შორდებოდნენ და ბზობის დღესასწაულზე ბრუნდებოდნენ მონასტერში.

იმ წელს აბბა ზოსიმეც წავიდა უდაბნოში.

ერთხელ, როცა უდაბნოში გატარებული ოცი დღის შემდეგ ღირსი ზოსიმე მეექვსე ჟამის ფსალმუნებს და ლოცვებს გალობდა, მოეჩვენა, რომ მარჯვნივ ადამიანის ჩრდილი გაკრთა. ღირსი მამა შეძრწუნდა, იფიქრა, ეშმაკეული ჩვენება ვიხილეო, პირჯვარი გადაისახა, შიში უკუაგდო, ლოცვის დამთავრების შემდეგ კი იქითკენ გაიხედა და დაინახა უდაბნოში მიმავალი შიშველი ადამიანი, რომელსაც მზისგან სხეული გაშავებოდა და მოკლე, გახუნებული თმები კრავის მატყლივით გათეთრებოდა. აბბა ზოსიმემ გაიხარა ცოცხალი არსების ხილვით და მისკენ გაეშურა. 

როგორც კი შიშველმა მეუდაბნოემ მისკენ მიმავალი ზოსიმე დაინახა, სირბილით სცადა გარიდებოდა ღირს მამას. ზოსიმემაც უძლურება და დაღლილობა დაივიწყა და დაედევნა, უნდოდა ახლოს ენახა ის საოცარი განდეგილი. ბოლოს ღონემიხდილი დამშრალ წყაროსთან გაჩერდა და ცრემლებით შეევედრა მეუდაბნოეს: „რად გაურბიხარ უდაბნოში საცხონებლად მოსულ ცოდვილ ბერს? დამელოდე უძლურს და უღირსს, დამლოცე და მაკურთხე“.

უცნობმა უკანმოუხედავად დაუძახა: „მომიტევე, მამაო ზოსიმე, არ ძალმიძს მოგიახლოვდე,მე ქალი ვარ და არა მაქვს სამოსელი, რათა ხორციელი სიშიშვლე დავიფარო. თუ გსურს ილოცო უდიდესი ცოდვილისთვის, მიბოძე შენი სამოსელი, რომ შევძლო მოგიახლოვდე და კურთხევა გთხოვო“.

„სიწმიდისა და ფიცხელი ღვაწლის გამო უფალს სულიერი ჭვრეტის მადლით დაუჯილდოვებია, ალბათ ამიტომ იცის ჩემი სახელი“ - გაიფიქრა აბბა ზოსიმემ და ანაფორა გადაუგდო.

შემოსილი ქალი ღირს მამას მიუახლოვდა: „რამ გაფიქრებინათ, მამაო, დამლაპარაკებოდით მე, ცოდვილ და უგუნურ ქალს? რა უნდა ისწავლოთ ჩემგან, რად დახარჯეთ ამდენი ძალა?“

ღირსმა ზოსიმემ მუხლი მოიდრიკა და კურთხევა სთხოვა მეუდაბნოეს. ისიც მუხლებზე დაეცა. დიდხანს სთხოვდნენ ერთმანეთს კურთხევას. ბოლოს მეუდაბნოემ უთხრა: „აბბა ზოსიმე, შენ გმართებს კურთხევა და ლოცვის აღვლენა, რამეთუ ღირს იქმენ მოძღვრის ხარისხისა და მრავალი წელი ქრისტეს ტრაპეზთან მდგარი სწირავდი უფალს წმიდა ძღვენს“. 

ამ სიტყვებმა უფრო შეაშინეს ღირსი ზოსიმე: „სულიერო დედაო, ცხადია, შენ უფრო მიახლებიხარ უფალს და მომკვდარხარ სოფლისათვის, რადგან სრულიად უცნობს სახელით მომმართე და მოძღვარი მიწოდე, მაკურთხე, ღვთის გულისათვის“.

ბოლოს ღირსმა დედამ წარმოთქვა: „გაკურთხოს უფალმან, მაცხოვნებელმან ყოვლისა სოფლისამან“. აბბა ზოსიმემ მიუგო: „ამინ“ და ორივენი წამოიმართნენ. მეუდაბნოემ კვლავ მიმართა ზოსიმეს: „რისთვის მოხვედ, მამაო, ჩემგვარ ცოდვილთან? როგორც ჩანს, სულიწმიდის მადლმა მოგიყვანა, რომ ჩემი სულისთვის საჭირო სამსახური გასწიო. მაუწყე, მამაო, როგორ ცხოვრობენ ქრისტიანები, როგორ იზრდება ღვთის წმიდა ეკლესია?“

აბბა ზოსიმემ უპასუხა: „თქვენი წმიდა ლოცვებით უფალმა მომადლა მშვიდობა ეკლესიას და მთელს ქვეყანას. ყურადიღე უღირსი ბერის ვედრება, დედაო, ილოცე ქვეყნისთვის და ჩემთვის, ცოდვილისთვის, რათა ფუჭი არ მექნეს უდაბნოში მწირობა“.

წმიდა მეუდაბნოემ უპასუხა: „უფალს სათნო ეყოფა, აბბა ზოსიმე, შენი ლოცვა ჩემთვის და სხვებისთვისაც, რამეთუ ხელდასხმის მადლი გაქვს. მე კი მორჩილებით აღვასრულებ შენს სურვილს და ვილოცებ წმიდა გულით“.

მეუდაბნოემ აღმოსავლეთით იბრუნა პირი, თვალები და ხელები ზეცისკენ აღაპყრო და ლოცვად დადგა. ბერმა დაინახა, რომ ლოცვისას ღირსი დედა ჰაერში აიწია. სასწაულებრივი ხილვით შეძრწუნებული ზოსიმე პირქვე დაემხო.

ზოსიმეს გონებაში კვლავ გაკრთა ფიქრი: „ბოროტი ხომ არ მაცდუნებს?“ მაშინ ღირსმა დედამ ის წამოაყენა და უთხრა: „რატომ შეცბუნდი, მამაო, მე მოჩვენება კი არა, ერთი ცოდვილი, უღირსი დედაკაცი ვარ“, შემდგომ კი პირჯვარი გადაისახა. ამის შემყურე და გამგონე ცრემლმორეული ზოსიმე ფერხთით ჩაუვარდა მეუდაბნოეს: „გევედრები, ღვთის გულისათვის, არ დამიმალო შენი ამბავი, მაუწყე, რათა სხვებისთვისაც ნათელი გახდეს ღვთის განგებულების სიდიდე. უფალმა იმისთვის გამომგზავნა უდაბნოში, რათა გაცხადდეს დაფარული“. 

მეუდაბნოემ უთხრა: „მიმძიმს, მამაო, გაუწყო ჩემი უსირცხვილო საქმეები, რადგან გამერიდები, როგორც ასპიტს. მაგრამ მაინც მოგითხრობ ყოველივეს, შენ კი ლოცვა ჰყავ ჩემ ცოდვილისთვის.

ეგვიპტეში დავიბადე და მშობლების სიცოცხლეშივე, თორმეტი წლისა, ალექსანდრიაში გავიქეცი. აქ დავემონე დაუოკებელ, გაუმაძღარ სიძვისას ვნებას. ჩვიდმეტი წლის განმავლობაში ვცხოვრობდი ცოდვებში და ამ უღირს საქმეს ვიქმოდი უფასოდ. ფულზე იმიტომ კი არ ვამბობდი უარს, რომ მდიდარი ვიყავი, არა, სარჩო არ მქონდა, სიღატაკეში ვცხოვრობდი, ქსოვით ვირჩენდი თავს, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ცხოვრების არსი მხოლოდ ხორციელი ვნების დაკმაყოფილება იყო.

ერთხელ დავინახე უამრავი ხალხი, რომლებიც ლიბიიდან და ეგვიპტიდან იერუსალიმს მიემგზავრებოდა წმიდა ჯვართამაღლების დღესასწაულზე. მეც მომინდა მათთან ერთად წასვლა, მაგრამ დღესასწაულზე დასასწრებად კი არა, მამაო, ვიფიქრე, ალბათ იქ მეტ ადამიანს ვნახავ-მეთქი ცოდვით დაცემისათვის. ახლა მერწმუნეთ, მიკვირს, როგორ აიტანა ზღვამ ჩემი მრუშობა და ავხორცობა, როგორ არ ჩამიტანა მიწამ ჯოჯოხეთში, როგორ მაპატია ამდენი სულის ცდუნება და დაღუპვა, მაგრამ ჩანს, უფალს ჩემი სინანული უნდოდა და მოთმინებით ელოდებოდა ჩემს მოქცევას.

ჩავედი იერუსალიმში და დღესასწაულამდე ბილწ საქმეებს ვიქმოდი.

ჯვართამაღლებას მე, ჩვეულებრივ, ნორჩ სულთა წარსაწყმედად გამოვედი. ყველა ადრიანად წასულიყო ტაძარში, სადაც ცხოველსმყოფელი ჯვარი იყო დასვენებული. მეც იქით გავემართე და ეკლესიის კარიბჭესთან გავჩერდი. როდესაც წმიდა ჯვრის ამაღლების ჟამი დადგა, ტაძარში შესვლა მოვინდომე, მაგრამ ღვთის უხილავმა ძალამ გამაჩერა და კარებიდან უკუმაქცია. სხვები დაუბრკოლებლივ შედიოდნენ კარიბჭეში. კვლავ შევეცადე შიგნით შემეღწია, მაგრამ - უშედეგოდ, რაღაც ძალა ისევ უკან მაგდებდა, ასე განმეორდა რამდენჯერმე, ბოლოს ძალა გამომელია, კარებს მოვშორდი და შორიახლოს კუთხეში გავჩერდი. 

უცებ ვიგრძენი, რომ ტაძარში ჩემი ცოდვების გამო ვერ შევდიოდი. გული ღვთის მადლით ამევსო, ავტირდი და სინანულით მუშტი ჩავირტყი მკერდში. ჩემს წინ ღვთისმშობლის ხატი შევნიშნე და ლოცვით მივმართე: „ყოვლადწმიდაო ქალწულო, მშობელო სიტყვისა ღვთისაო, ვუწყი, რამეთუ უღირს ვარ ხილვად ხატისა შენისა; განგდებულ ვიქმენ შენი სიწმიდისაგან, მაგრამ განა ცოდვილთა სინანულად არ შეისხა ხორცი ღმერთმან ჩვენმან?! შემეწიე, ყოვლადწმიდაო, მომეც ნება ტაძარში შესვლისა და იმ ჯვრის ხილვისა, რომელზეც ჯვარცმულ-იქნა უფალი, მოსატევებელად ცოდვათა ჩვენთა, თვისი უცოდველი სისხლის დამთხეველი. მომეც ნება, თაყვანი-ვსცე წმიდა ჯვარს, მეოხ მეყავ წინაშე შობილისა შენისა. ამიერიდან აღარ შეურაცხვყოფ ჩემს სხეულს ხორციელ ვნებათაგან, ვიხილავ რა ყოვლადწმიდა ჯვარს ძისა შენისა, განვალ ამ სოფლისგან და წარვალ, საითკენაც მომიწოდებ“.

ლოცვის დამთავრებისთანავე ვიგრძენი, რომ ჩემი ლოცვა შესმენილ იქნა. ღვთისმშობლის მოწყალებას მინდობილი კვლავ კარისკენ გავემართე, დაუბრკოლებლად შევედი ტაძარში და უფლის ცხოველსმყოფელი ჯვრის ხილვის ღირსი შევიქენი.

ასე დავრწმუნდი ღვთის განგებულებასა და სახიერებაში. ქედი მოვიდრიკე, ვეამბორე სიწმიდეებს და მსწრაფლ გამოვედი ტაძრიდან. კვლავ დავიჩოქე ღვთისმშობლის ხატის წინ და ლოცვა აღვავლინე.

უცებ შორიდან შემომესმა ხმა: „თუ იორდანეს გადალახავ, ნეტარი აღსასრული მოგელის“. ვირწმუნე, რომ ეს ჩემს გასაგონად იყო ნათქვამი და ცრემლით შევევედრე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს: „მოწყალეო დედაო, ნუ დამიტევებ მე, არამედ შემეწიე“. ტაძრის ეზოდან გამოსულს ვიღაცამ სამი სპილენძის მონეტა მომცა. იმ ფულით სამი პური ვიყიდე და იორდანეს გზა გავიგე.

მზის ჩასვლისას იორდანეს ნაპირას მდებარე წმიდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას მივაღწიე. ტაძარში ლოცვის შემდეგ წმიდა მდინარის წყლით ხელ-პირი დავიბანე, ერთი პურის ნახევარი შევჭამე, წმიდა წყალი მივიღე და მიწაზე მივწექი დასაძინებლად. დილით პატარა ნავი ვიპოვე, იორდანეს მეორე ნაპირზე გადავედი და კვლავ ღვთისმშობელს შევთხოვე წინამძღვრობა. ასე მოვედი უდაბნოში“. 

აბბა ზოსიმემ მეუდაბნოეს ჰკითხა: „რამდენი წელია, დედაო, რაც უდაბნოში ცხოვრობ?“ - „ალბათ ორმოცდაშვიდი წელი გავიდა, რაც წმიდა ქალაქიდან წამოვედი“.

ზოსიმემ კვლავ ჰკითხა: „რას ჭამ, რას პოულობ ამ უდაბნოში?“ - „როცა იორდანე გადმოვლახე, ორნახევარი პური მქონდა. თანდათანობით უდაბნოს მცხუნვარებამ გამოაშრო და გააქვავა. ასე რომ, მცირედს ვღებულობდი და მრავალი წლის მანძილზე მეყო“. - „მერწმუნე, აბბა ზოსიმე, - განაგრძო ღირსმა დედამ, - ჩვიდმეტი წელი ისე ვებრძოდი ბოროტ ფიქრებს, როგორც ცოფიან ნადირებს. მახსენდებოდა ხორცი და თევზი, რომელსაც ეგვიპტეში მივეჩვიე. ღვინოც მენატრებოდა: მე ხომ ძალზე ბევრს ვსვამდი, აქ კი ხშირად მწირი საჭმელ-სასმელიც არ მქონდა და წყურვილისა და შიმშილისაგან ვიტანჯებოდი. უფრო დიდი უბედურების გადატანაც მიხდებოდა: ხანდახან ავხორცული სიმღერის ჟინი მომივლიდა, თითქოს ჩამესმოდა კიდეც, გულს და სმენას მიფორიაქებდა. მაშინ ცრემლებით ვიგონებდი ღვთისმშობლისთვის მიცემულ აღთქმას და მხურვალედ ვლოცულობდი. როცა ჩემი ლოცვა სათნოეყოფოდა უფალს, ვხედავდი ბრწყინვალე ნათელს, ქარიშხლის ნაცვლად კი დიდებული მყუდროება ისადგურებდა.

როგორ აღვიარო, მამაო, წინაშე შენსა ავხორცული ფიქრები ჩემი? უცებ სიძვის ცეცხლი მომედებოდა გულზე, ყოველივეს მუსრავდა ჩემში და ვნებას მიღვიძებდა. მაშინ პირქვე დავემხობოდი. ასე დამხობილი ვიყავ დღე და ღამ, სანამ არ მოვიდოდა სინანული და არ გამოჩნდებოდა ბოროტი ფიქრებისა და ზრახვების განმაბნეველი ნათელი.

ასე ვცხოვრობდი პირველი ჩვიდმეტი წელი: ბნელი - ბნელზე, უბედურება უბედურებაზე მემატებოდა, მაგრამ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხება მიფარავდა მარადის“.

აბბა ზოსიმემ კვლავ ჰკითხა: „ნუთუ არც საჭმელი დაგჭირდა, არც - სამოსელი?“

მეუდაბნოემ უპასუხა: ჩვიდმეტ წელიწადში პური დამიმთავრდა, ამის შემდეგ ფესვებით და ბალახებით ვიკვებებოდი. კაბა შემომეძარცვა, დიდხანს ვიტანჯებოდი ზაფხულის პაპანაქებასა და ზამთრის სიცივეში. რამდენჯერ მკვდარივით დავცემულვარ მიწაზე, რამდენჯერ მიბრძოლია ცდუნებასთან, უბედურებასთან, განსაცდელთან, იმ დღიდან დღემდე ღვთის ძალა უხილავად იცავდა და იცავს ჩემს ცოდვილ სულსა და ხორცს. 

აბბა ზოსიმე გააკვირვა მეუდაბნოეს საღმრთო წერილში განსწავლულობამ და ჰკითხა: „სად ისწავლე, დედაო, წმიდა წერილი?“ მეუდაბნოემ გაიღიმა და უპასუხა: „მერწმუნე, რაც იორდანე გადმოვლახე, სულიერი არ მინახავს, წერა-კითხვაც არ ვიცი, საეკლესიო გალობაც არსად მომისმენია, მხოლოდ სიტყვა ღვთისა, ცხოველი და შემოქმედი, ასწავლის ადამიანს ყოველივეს (კოლ. 3,16; პტ. 1,21; 1 თეს. 2,13). მთელი ცხოვრება აღვიარე შენს წინაშე, მამაო, გევედრები, ილოცე ჩემ ცოდვილისთვის! კიდევ ერთს შეგთხოვ, აბბა, ნურავის მოუყვები ჩემს ამბავს, სანამ უფალი თავისთან არ მიმიხმობს. აღმისრულე, რასაც გეტყვი. მომავალ წელს, დიდმარხვას, უდაბნოში ნუ წახვალ, როგორც ამას მონაზვნური წესი გავალებს“. კვლავ გაუკვირდა ღირს ზოსიმეს, საიდან იცისო მონასტრის წესი?

მეუდაბნოემ გააგრძელა: „მამაო, მონასტერში დარჩი, თუმცა, რომც გინდოდეს, მაინც ვერ გახვალ. დიდ ხუთშაბათს, საიდუმლო სერობის ხსენების დღეს, მაცხოვრის ცხოველსმყოფელი ხორცი და სისხლი მომიტანე იორდანის ნაპირზე, რათა ვეზიარო. ახლა ჩემს შესახებ ნურაფერს მოუთხრობ, უფალი თვითონ გიჩვენებს დროს“.

მეუდაბნოემ ილოცა და უდაბნოს სიღრმეში გაუჩინარდა. მამა ზოსიმემ მთელი წელი მდუმარებაში გაატარა და უფალს ევედრებოდა, კიდევ ერთხელ შეეხვედრებინა წმიდა მოღვაწესთან.

როცა კვლავ დადგა წმიდა დიდმარხვის პირველი შვიდეული, ღირსი ზოსიმე ავადმყოფობის გამო მონასტერში დარჩა და გაახსენდა მეუდაბნოეს წინასწარმეტყველება. რამდენიმე დღის შემდეგ ის განიკურნა, მაგრამ ვნების კვირიაკემდე მონასტრიდან არ გასულა.

მოახლოვდა საიდუმლო სერობის ხსენების დღე. აბბა ზოსიმემ შეასრულა დაპირება: გვიან ღამით დატოვა მონასტერი და იორდანეს ნაპირას ჩამოჯდა მეუდაბნოეს მოლოდინში. ღირსი დედა იგვიანებდა. აბბა ზოსიმე უფალს ევედრებოდა, კვლავ გაეხადა მისი ხილვის ღირსი. ბოლოს ღირსი დედაც გამოჩნდა: ის იორდანეს მეორე ნაპირს მოადგა. ზოსიმემ ღმერთს მადლობა შესწირა, მაგრამ უეცრად მის გონებაში გაკრთა ფიქრი: „როგორ გადმოვა ნავის გარეშე მდინარეზე?“ მეუდაბნოემ კი ჯვარი გადასახა იორდანეს და წყალზე გაიარა. ბერმა მოინდომა თაყვანი ეცა მისთვის, მაგრამ ღირსმა დედამ შეაჩერა: „რასა იქმ, მამაო, შენ ხომ მღვდელი ხარ - ღვთის საიდუმლოთა მტვირთველი“, თან კურთხევა სთხოვა. საოცარი ხილვით გაოგნებულმა ბერმა წმიდანი დალოცა. შემდეგ, მისი თხოვნით, „მრწამსი“ და „მამაო ჩვენო“ წაიკითხა და ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს აზიარა. ზიარების შემდეგ მეუდაბნოემ ზეცისკენ აღაპყრო ხელი და ცრემლითა და სასოებით წარმოთქვა წმიდა სვიმეონ მიმრქმელის ლოცვა: „აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილა თვალთა ჩემთა მაცხოვარებაჲ შენი“. შემდეგ ბერს მიმართა: „მომიტევე, მამაო, და ერთი სურვილიც აღმისრულე: მომავალ წელს კვლავ მოდი იმ დამშრალ წყაროსთან, სადაც პირველად შევხვდით ერთმანეთს და ილოცე ჩემი ცოდვილი სულისთვის“. შემდეგ კვლავ ჯვარი გადასახა იორდანეს, გაიარა წყალზე და უდაბნოს წყვდიადში მიიმალა. აღტაცებული მამა ზოსიმე სულიერი ზეიმით დაბრუნდა მონასტერში. 

გავიდა კიდევ ერთი წელიწადი. აბბა ზოსიმე კვლავ წავიდა უდაბნოში და დამშრალ წყაროსთან გულზე ხელდაკრეფილი გარდაცვლილი მეუდაბნოე იხილა. აბბა ზოსიმემ მას ცრემლებით დაბანა ტერფები. ფსალმუნები უგალობა და შესვენებულთა ლოცვა წაუკითხა, ოღონდ ვერ გადაეწყვიტა, დაემარხა თუ არა. უცებ ნახა, რომ წმიდანის შუბლზე დაწერილი იყო: „მამაო ზოსიმე, აქ დამარხე ცოდვილი მარიამის ცხედარი. ევედრე უფალს ჩემი ცოდვილი სულისთვის აპრილის პირველ დღეს“.

აბბა ზოსიმე განცვიფრდა: მან იცოდა, რომ წმიდანმა წერა-კითხვა არ იცოდა, ვის უნდა გაეკეთებინა წარწერა?

ზოსიმემ ღმერთი ადიდა, წმიდანის გვამი ცრემლებით დაასველა, შემდეგ კი გაიფიქრა: „როგორ გავთხარო საფლავი მე ცოდვილმა, ხელთ რომ არაფერი მაქვს!“ უცებ შორიახლოს ხის ტოტი დაინახა და იმითი დაიწყო თხრა, მაგრამ მიწა მშრალი იყო, არ ემორჩილებოდა. მხცოვანი ბერი წელში გაიმართა და დაინახა, რომ წმიდანის ტერფებს უზარმაზარი ლომი ლოკავდა. შიშმა შეიპყრო, პირჯვარი გადაისახა და ღვთის ნებას და წმიდანის მეოხებას მიანდო თავი. ლომი ბერს მიეახლა, აბბა ზოსიმემ, მას საფლავის ამოთხრა უბრძანა და ლომმაც თათებით გათხარა სამარე. ადამიანმა და ცხოველმა დაფლეს წმიდა მარიამის ნეშტი, შემდეგ კი ორივე თავის გზას გაუდგა: ლომი უდაბნოში წავიდა, აბბა ზოსიმე - მონასტერში.

სავანეში მოსულმა ზოსიმემ იღუმენს და ძმებს აუწყა, რაც იხილა და მოისმინა. შიშით, რწმენით და სიყვარულით დააწესეს ბერებმა წმიდანის ხსენების დღე. ღირსმა ზოსიმემ დიდხანს იცოცხლა და ას წელს მიტანებულმა მიისვენა. 

ასე გადმოგვცეს წმიდა იოანე წინამორბედის მონასტრის მოღვაწეებმა ღირსი მარიამ მეგვიპტელის ცხოვრება. პირველად ის წმიდა სოფრონ იერუსალიმელმა  ჩაწერა.

ღირსი მაკარი იღუმენი

საეკლესიო კალენდარში 14 აპრილი ღირსი მაკარის (+830) - პელიკიტის მონასტრის იღუმენის ხსენების დღეა.  

მაკარი დაიბადა კონსტანტინეპოლში. იგი ადრე დაობლდა და გადაწყვიტა, ღვთის სამსახურისთვის შეეწირა თავი. ღირსი მაკარი ბითვინიაში, პელიკიტის მონასტერში წავიდა. აქ იღუმენი იყო სახელგანთქმული მოღვაწე ღირსი ილარიონი (+754;) იღუმენის გარდაცვალების შემდეგ ძმებმა მის ადგილზე ერთსულოვნად ღირსი მაკარი აირჩიეს. ხატმებრძოლი იმპერატორების, ლეონ V სომეხი (813-820) და მიხეილ II (820-829) მეფობის დროს ღირსი მაკარი, წმიდა ხატთა თაყვანისცემის გამო, გადაასახლეს კუნძულ ათუსიაზე, სადაც გარდაიცვალა კიდეც დაახლოებით 830 წელს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

280
თემები:
საეკლესიო კალენდარი (231)
საეკლესიო კალენდარი: 13 აპრილი

საეკლესიო კალენდარი: 13 აპრილი

273
(განახლებულია 09:11 13.04.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 აპრილს მღვდელმოწამე იპატიოსის, ღანგრის ეპისკოპოსის, ღირსი აპოლონ ეგვიპტელის,  მღვდელმოწამეების: აბდია ეპისკოპოსის და ბენიამენ დიაკონის, ღირსი იპატიოსისა, რუფიანელი იღუმენისა ხსენების დღეს აღნიშნავს

„Sputnik საქართველო" მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

მღვდელმოწამე იპატიოსი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 13 აპრილი მღვდელმოწამე იპატიოსის, ღანგრის ეპისკოპოსის (დაახ.+326) ხსენების დღეა. 

მღვდელმოწამე იპატიოსი  პაფლაგონიაში მოღვაწეობდა. 325 წელს მონაწილეობდა I მსოფლიო საეკლესიო კრებაში, რომელმაც ანათემას გადასცა არიოზის ერესი. 326 წელს, როცა წმიდა იპატიოსი კონსტანტინეპოლიდან ღანგრში ბრუნდებოდა, გზად თავს დაესხნენ მწვალებელ ნობათისა და ფელიცისმის მიმდევრები. ერეტიკოსებმა ეპისკოპოსი დაჭრეს და ჭაობში გადააგდეს. პირველმოწამე დიაკვნის სტეფანეს მსგავსად იპატი აკურთხებდა მკვლელებს. ერთი არიოზის მიმდევარი ქალის ნასროლი ქვა თავში მოხვდა წმიდანს და მოკლა. მწვალებლებმა წმიდა იპატიოსის ნეშტი გამოქვაბულში გადამალეს, სადაც ერთმა გლეხმა იპოვა. ღანგრელებმა პატივით დაასაფლავეს წმიდა მღვდელმთავრის ნაწილები. მღვდელმოწამე იპატიოსის წმიდა ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულებოდა

ღირსი აპოლონ ეგვიპტელი

საეკლესიო კალენდრში 13 აპრილი ღირსი აპოლონ ეგვიპტელის  (IV)  ხსენების დღეა. 

აპოლონი 15 წლის ასაკში განმარტოვდა თებაიდის უდაბნოში და იქ 40 წელი გაატარა. შემდგომ ღვთის მინიშნებით ჰერმოპოლთან ახლოს დააარსა მონასტერი, სადაც თანდათანობით 500-მდე ბერი შეიკრიბა. წმიდა აპოლონი მკაცრი მმარხველი იყო. ცეცხლზე დამზადებულ საზრდელს მხოლოდ კვირაობით ღებულობდა, სხვა დროს ბალახეულით იკვებებოდა.

ღირსი აპოლონის მაგალითს მიბაძეს სხვა ბერებმაც. წმიდა მოღვაწე მიიცვალა IV საუკუნეში.

მღვდელმოწამე აბდია ეპისკოპოსი და ბენიამის დიაკონი

საეკლესიო კალენდარში 13 აპრილი  მღვდელმოწამე აბდია ეპისკოპოსის და ბენიამის დიაკონის (+418-424) ხსენების დღეა. 

წმიდა აბდია სპარსეთში მოღვაწეობდა. მაზდეანური ტაძრის დანგრევისათვის მღვდელმთავარს სპარსეთის მეფემ, იეზდიგერდ I-მა (401-402) ტაძრის აღდგენა დაავალა. წმიდა აბდიამ უარყო შემოთავაზებული წინადადება, რასაც ქრისტიანული ეკლესიის დარბევა და ქრისტიანთა დევნა მოჰყვა. პირველი მსხვერპლი თვით აბდია იყო. ხანგრძლივი წამების შემდეგ, სპარსეთის ქალაქ სუზაში წმიდა აბდიას თავი მოკვეთეს. ერთი თვის მერე აწამეს სხვა ქრისტიანებიც, მათ შორის დიაკონი ბენიამინი.

ღირსი იპატიოსი, რუფიანელი იღუმენი

საეკლესიო კალენდარში 13 აპრილი ღირსი იპატიოსის, რუფიანელი იღუმენის (+446) ხსენების დღეა. 

იპატიოსი  დაიბადა ფრიგიაში (მცირე აზია) .ოჯახში მან კარგი განათლება მიიღო.  ერთხელ 18 წლის ჭაბუკი მამამ დასაჯა.  გაბრაზებულმა იპატიოსმა სახლი დატოვა და თრაკიაში (ბალკანეთი) გაემგზავრა. თავდაპირველად ღორებს მწყემსავდა, შემდეგ კი პრესვიტერთან დასახლდა, რომელიც ფსალმუნთა გალობას ასწავლიდა. მალე ღვთის რჩეული ერთერთ მონასტერში ბერად აღიკვეცა. სიძვის ცდუნებით შეშინებულმა 50 დღე უმკაცრეს მარხვაში გაატარა, შემდეგ კი მონასტრის წინამძღვრის კურთხევით მწუხრის ლოცვაზე ნაკურთხი ღვინო და პური მიიღო და ცოდვისაგან განიწმიდა. მოღვაწეობისათვის ახალი ადგილის ძებნაში ღირსი იპატიოსი ორ ბერთან ერთად ქალკედონიის ახლოს, რუთინის მიტოვებულ სავანეში დასახლდა. მალე მონასტერი აღსდგა და აქ მრავალმა ბერმა მოიყარა თავი. 40 წლის ასაკში ღირსი იპატიოსი სავანის იღუმენად აირჩიეს და 40 წელი განაგებდა საძმოს. მკაცრი ცხოვრებისა და მოყვასის სიყვარულის გამო ღირსი იპატი უფლისაგან სასწაულმოწმედებისა და კურნების ნიჭით დაჯილდოვდა. მისი ლოცვით მონასტერში პური მრავლდებოდა, ეშმაკეულებს გონება უბრუნდებოდათ, ავადმყოფები იკურბებოდნენ. ღირსი იპატიოსი მიიცვალა დაახლოებით 446 წელს, 80 წლის ასაკში. სიკვდილის წინ მან იწინასწარმეტყველა მომავალი უბედურებები: გამანადგურებელი სეტყვა, მიწისძვრა და ატილას თავდასხმა თრაკიაზე.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

273
თემები:
საეკლესიო კალენდარი (231)
არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნება“ მზადაა „გირჩის“ მოთხოვნები პარლამენტში განიხილოს

0
(განახლებულია 17:53 14.04.2021)
საქართველოს ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ მზადაა პარლამენტში შევიდეს, თუმცა გარკვეული პირობით.

 

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციური პარტია „გირჩის“ წამომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში მათ მიერვე  შეთავაზებული რეფორმების განსახილველად მიიწვია. 

პარტიამ „ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩი“ შვიდი მოთხოვნა წამოაყენა და მათგან თუნდაც ერთის სრულყოფილად შესრულების შემთხვევაში მზადაა საქართველოს პარლამენტში შევიდეს. „გირჩის“ მოთხოვნებს შორისაა: ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით. პარტია, რომელიც ცნობილია თავისი არაორდინალური გადაწყვეტილებებით, ასევე მოითხოვს მარიხუანის სრული ლეგალიზაციას და მულტისავალუტო რეჟიმის დაშვებას ქვეყანაში.

„მათ შვიდი პუნქტიც, და შესაძლოა მეტიც აქვთ ასეთი. ეს არის „გირჩის“ დღის წესრიგი, „გირჩის“, როგორც პოლიტიკური პარტიის პროგრამა და ამ პროგრამით ისინი გამოვიდნენ არჩევნებში. ყველამ ვნახეთ, თუ რამდენმა მოქალაქემ დაუჭირა ამას მხარი. ამიტომ, ერთადერთი შესაძლებლობა, „გირჩმა“ იმსჯელოს თავის სასურველ რეფორმებზე, არის პარლამენტში ყოფნა და პარლამენტში დისკუსია“, – აღნიშნა თალაკვაძემ. 

„გირჩს“, რომელსაც არჩევნების შედეგების მიხედვით პარლამენტში სამი ადგილი ერგო, სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, ბოლო დრომდე ნეიტრალური პოზიცია ეკავა, დეპუტატის მანდატებზე უარი არ უთქვამს, მაგრამ ბოიკოტის რეჟიმში რჩებოდა.

„ვფიქრობ, უპირველესად, დასაფასებელია პოზიცია, რომელიც მათ დააფიქსირეს დიალოგის ბოლო რაუნდში. მათ პირდაპირ თქვეს, რომ მზად იყვნენ დოკუმენტზე ხელმოსაწერად, რაც ვფიქრობ, იყო სწორი გადაწყვეტილება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღესდღეობით პარლამენტში ოპოზიციურ ფრთას წარმოადგენენ პარტია „მოქალაქეები“ და პარტია „ევროპელი სოციალისტები“. დანარჩენი პარტიები უარს აცხადებენ 2020 წლის არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობაზე და არ იღებენ მონაწილეობას პარლამენტის მუშაობაში.
იმ შემთხვევაში, თუ პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩი“ პარლამენტში შევა, საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატების რაოდენობა სამით გაიზრდება და 99-ს მიაღწევს, რომელთაგანაც 9 ოპოზიციონერი იქნება.

0
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება