ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი

საეკლესიო კალენდარი: 2020 წლის 13 იანვარი

56
(განახლებულია 08:32 13.01.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 13 იანვარს ღირსი დედის საბიანას, სამცხის დედათა მონასტრის წინამძღვრის და  ღირსისა მელანია რომაელის ხსენების დღეს აღნიშნავს

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანეი და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში

ღირსი საბიანა, სამცხის დედათა მონასტრის წინამძღვარი

წმიდა საბიანას შესახებ სხვა ცნობები არ მოგვეპოვება. „ნაყოფისაგან ხე იგი საცნაურ არს“. წმიდა საბიანას ღვაწლი განცხადებულია მისი წინამძღვრობისდროინდელი მონასტრის ცხოვრებასა და მის აღზრდილებში.

განდეგილ დედებს აძლევდნენ აღსაზრდელად თავიანთ შვილებს საქართველოს თავად-აზნაურთა ცნობილი წარმომადგენლები. გიორგი მცირის ცნობით, როცა გიორგი მთაწმინდელის მშობლებმა თავიანთი პირმშო შვილის, თეკლას ღვთისადმი შეწირვა - მონაზვნად აღზრდა გადაწყვიტეს, იგი წმიდა საბიანას მიჰგვარეს, რომელიც იმ დროს სამცხის ტაძრისის დედათა მონასტერს წინამძღვრობდა. შვიდი წლის გიორგი მთაწმინდელიც. იგი სამი წლის განმავლობაში იზრდებოდა წმიდა საბიანას მიერ კეთილად აღზრდილ საღმრთო „დედაკაცისა მისგან ღირსისა დისა თვისასა“.

ღირსი მელანია რომაელი 

ღირსი მელანია რომაელი ძალიან მდიდარი და დიდგვაროვანი რომაელების ოჯახში დაიბადა. სიყრმიდანვე საღვთო სიყვარულით აღვსებული ქალწული თოთხმეტი წლის ასაკში მშობლებმა საკუთარი ნების წინააღმდეგ მიათხოვეს დიდგვაროვან ჭაბუკს, აპინიანეს. წმიდა მელანიამ აუხსნა თავის კეთილშობილ და გულისხმიერ მეუღლეს ქრისტიანული სარწმუნოების უმაღლესი სათნოებები და თან სთხოვა, ცოლ-ქმრობას ამოფარებულებს ფარულ ქალწულებაში გაეტარებინათ ეს წუთისოფელი. მეუღლემ მელანიას აღუთქვა: როცა ორი შვილი შეგვეძინება, ერთად განვერიდოთ ამსოფელსო. მალე მელანიამ შვა ასული. მელანიას მეორე მშობიარობა ნაადრევი და მძიმე აღმოჩნდა. დაიბადა ბიჭი, რომელიც ნათლისღებისთანავე გარდაიცვალა. ცოლის ტანჯვით გულშეძრული აპინიანე უფალს ევედრა, მელანიასთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა, თან აღთქმა დადო, რომ ცხოვრების დარჩენილ ნაწილს უბიწოებაში გალევდა. მალე აპინიანეს და მელანიას ასულმა სული უფალს შეჰვედრა. ნეტარი მეუღლეების სურვილს - ცხოვრება უფლისთვის მიეძღვნათ - მათი მშობლები აღუდგნენ წინ; მაგრამ როცა მელანიას მამა სასიკვდილოდ დასნეულდა, მან შენდობა ითხოვა უფლის რჩეულებისგან, აკურთხა მათი არჩევანი და ლოცვებში მოხსენიება ითხოვა. წმიდა მეუღლეებმა დატოვეს ქალაქი რომი და სრულიად ახალი ცხოვრება დაიწყეს - ღვთისმსახურებისათვის გადადეს თავი. ამ დროს აპინიანე ოცდაოთხი წლისა იყო, მელანია კი - ოცის. ისინი სნეულებს ნახულობდნენ, უხვად განიკითხავდნენ გლახაკებს; მიმოდიოდნენ საპყრობილეებში, გადასახლების ადგილებსა და ანთავისუფლებდნენ იმ უბედურებს, რომლებსაც აქ ვალების გამო ამუშავებდნენ. ნეტარმა მეუღლეებმა იტალიისა და ესპანეთის მამულები გაყიდეს და უხვად შეეწეოდნენ ბერმონაზვნებს, მონასტრებისთვის მიწებს იძენდნენ მესოპოტამიაში, სირიაში, ეგვიპტეში, ფინიკიასა და პალესტინაში. მათი სახსრებით მრავალი ტაძარი და საავადმყოფო აშენდა. მელანიასა და აპინიანეს შემოწირულობებს ღებულობდნენ როგორც დასავლეთის, ისე აღმოსავლეთის ეკლესიები. ნეტარმა დედამ  მშვიდად შეჰვედრა სული უფალს. ეს მოხდა 439 წელს.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

 

 

56
თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (142)
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში

საეკლესიო კალენდარი: 19 სექტემბერი

181
(განახლებულია 08:56 19.09.2020)
მართლმადიდებელი ეკლესია 19 სექტემბერს ახსნებს მთავარანგელოზ მიქაელის მიერ კოლასეს შინა (ხონა) ქმნილ საკვირველებას და ასევე მრავალთა სხვათა წმიდა მოწამეთა

Sputnik - საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან ისინი მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

ხსენება საკვირველებისა მთავარანგელოზ მიქაელის მიერ კოლასეს შინა (ხონა) ქმნილისა

ხსენება საკვირველებისა, ქმნილისა მთავარანგელოზისა მიქაელის მიერ კოლასეს (ხონას) შინა. ფრიგიაში, ქალაქ იერაპოლთან, ჰეროტოპად (სიხარულის ადგილი) წოდებულ ადგილას აღმართული იყო მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი, რომლის სიახლოვესაც მაკურნებელი წყარო ამოდიოდა. ერთხელ მთავარანგელოზი მიქაელი ძილში გამოეცხადა ერთ-ერთი ყრუ-მუნჯი ასულის მშობლებს და ამცნო, რომ მათი შვილი განიკურნებოდა, თუ ამ წყაროს წყალს დაალევინებდნენ. მართლაც, წყლის პირას გოგონა განიკურნა. ამის შემდეგ წყაროსთან მრავლად მიდიოდნენ სხვადასხვა სნეულებებით შეპყრობილები. მრავალი კერპთმსახური დარწმუნდა ქრისტეს ძლევამოსილებაში დამო ინათლა.

ღირსი არქიპო 

ღირსი არქიპო ქალაქ იერაპოლში მცხოვრები კეთილმსახური ქრისტიანების შვილი იყო. იგი ათი წლისა მივიდა ხონაში, წმიდა მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძრის მოსალოცად, იქვე დარჩა და სიკვდილამდე მნათეს მოვალეობებს ასრულებდა. ნეტარი მამა მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა და მარხვასა და ლოცვაში ატარებდა დღეებს. მან მრავალი წარმართი მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ამით გააფთრებულ კერპთმსახურებს ქურუმების მეთაურობით არაერთხელ უცდიათ წმიდა არქიპოს მოკვლა, მაგრამ უფალი იცავდა თავის რჩეულს. ბოლოს წარმართებმა გადაწყვიტეს, ჩაეძირათ ის ადგილი, სადაც ტაძარი იყო აღმართული და საძულველი მნათეც დაეღუპათ. წმიდა არქიპო, ხედავდა რა მზადებას ამ უსჯულოებისთვის, არ განეშორებოდა უფლის სახლს და მხურვალედ ლოცულობდა უბედურების თავიდან ასაცილებლად. ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება და ნეტარი მამა გახადა მოწამე მთავარანგელოზ მიქაელის მიერ აქ აღსრულებული დიდი საკვირველებისა. სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილმა არქიპომ ღრმა მოხუცებულობაში, სამოცდაათი წლის ასაკში შეჰვედრა სული უფალს. ქრისტიანებმა ღირსი მამის წმიდა ნეშტი ხონაში, მისი მოღვაწეობის ადგილას მიაბარეს მიწას.

წმიდა მოწამე რომილე და მასთან მრავალნი სხვანი

წმიდა მოწამე რომილე იმპერატორ ტრაიანეს (98-117) მხედართუფროსი იყო. ტრაიანე იმპერიის აღმოსავლეთში ჩავიდა იქ მკვიდრი ხალხების შფოთის ჩასაცხრობად და ჯარი დაათვალიერა, მეომართა შორის თერთმეტი ქრისტიანი აღმოაჩინა. ისინი მან დაუყოვნებლივ სომხეთში გადაასახლა. წმიდა რომილემ ამხილა იმპერატორი უღმრთოებასა და უგუნურებაში და თან აღიარა, რომ ისიც ქრისტიანი იყო. გააფთრებული ტრაიანეს განკარგულებით წმიდანი სასტიკად ტანჯეს, შემდეგ კი თავი მოკვეთეს. სომხეთში გადასახლებული ქრისტიანი მხედრებიც სხვადასხვაგვარი სატანჯველებით გამოასალმეს სიცოცხლეს.

წმიდა მოწამენი: ევდოქსი, ზენონი და მაკარი

წმიდა მოწამენი, ევდოქსი, ზენონი და მაკარი დიოკლეტიანეს მემკვიდრის, მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს აღესრულნენ მოწამეობრივად. როცა დიოკლეტიანემ ბრძანება გამოსცა, სიკვდილით.

წმიდა მოწამენი: კვირიაკე, ფავსტო ხუცესი, აბიბოს დიაკონი და მასთან 11 მოწამე

წმიდა მოწამენი: კვირიაკე, ფავსტო ხუცესი, აბიბოს დიაკონი და მასთან თერთმეტი მოწამე იმპერატორ დეკიუსის (249-251) ზეობისას აღესრულენ ალექსანდრიაში. ქრისტიანთა დევნისას მათ მტკიცედ აღიარეს ჭეშმარიტი სარწმუნოება მმართველ ვალერიუსის წინაშე, რის-თვისაც დაახლოებით 250 წელს თავი მოკვეთეს. მარტვილთა ცხედრები ქრისტიანებმა ალექსანდრიაში მიაბარეს მიწას.

ღირსი დავითი 

ღირსი დავითი მონასტერში მისვლამდე ავაზაკთა რაზმის მეთაური იყო ეგვიპტეში, ჰერმოპოლის უდაბნოში. მას მრავალი მკვლელობა და სხვა უსჯულოება უმძიმებდა სულს. როცა მოხუცებულობას მიაღწია, ნეტარმა გადახედა განვლილი ცხოვრების გზას და თავისმა შავბნელმა საქმეებმა ძრწოლა მოჰგვარა. სინანულით აღვსილმა, დატოვა ბანდა, მონასტერს მიაშურა და იღუმენს სთხოვა, საძმოში მიეღო. იღუმენი დიდხანს უარზე იდგა. არწმუნებდა მოსულს, ჩვენი ცხოვრების მკაცრ წესს ვერ გაუძლებო; დავითი კი დაჟინებით ითხოვდა თავისას, დაბოლოს, ვერაფერს რომ ვერ გახდა, დაიმუქრა, მე ცნობილი ავაზაკი დავითი ვარ და თუ მონასტრის კარებს არ გამიღებთ სინანულისთვის, დავუბრუნდები ძველ ცხოვრებას, დავარბევ სავანეს და ბერებსაც ამოვხოცავო. მაშინ იღუმენმა მიიღო ავაზაკი, ის კი, ყველას გასაოცრად, სამაგალითო ბერი დადგა და თავისი მკაცრი ღვაწლით მონასტრის ძმებს ბევრად გადააჭარბა. რამდენიმე ხნის შემდეგ უფალმა დავითს მთავარანგელოზი გაბრიელი მოუვლინა და ცოდვათა მიტევება აუწყა, ღირსმა მამამ ვერ დაიჯერა, რომ ისეთ დიდ ცოდვილს, როგორც ის იყო, უფალი ასე მალე შეუნდობდა. მცირედმორწმუნეობისა და უნდობლობისათვის დავითი დამუნჯდა და მხოლოდ კანონთა კითხვისა და საეკლესიო მსახურებაში მონაწილეობის დროს უბრუნდებოდა მეტყველების უნარი. სიცოცხლის მიმწუხრზე წმიდანმა სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო. ამგვარი ცხოვრებით იცხოვრა მან მრავალი წლის მანძილზე, შემდეგ კი სული უფალს შეჰვედრა

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

181
თემები:
საეკლესიო კალენდარი
ატენის სიონი

საეკლესიო კალენდარი: 18 სექტემბერი

173
(განახლებულია 07:06 18.09.2020)
მართლმადიდებელი ეკლესია 18 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის მშობლების ზაქარიას და ელისაბედის, მოწამეთა: თიფაილის, თიბეას და სარვილეს, იუვენტინე და მაქსიმე მხედართა, მოწამეთა: ურბანისა, თეოდორესი, მედიმნესი და მათთანა 77-თა , მოწამე აბდე სპარსელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

იოანე ნათლისმცემლის მშობლები

წმიდა წინასწარმეტყველი ზაქარია და მართალი ელისაბედი, უფლის წინასწარმეტყველის, წინამორბედისა და ნათლისმცემლის, იოანეს მშობლები, აარონის მოდგმისანი იყვნენ: წმიდა ზაქარია, ბარაქიას ძე, იერუსალიმის ტაძარში მღვდელმსახურებდა. მართალი თანამეუღლენი უშვილობით იტანჯებოდნენ, რაც იმ ხანებში უფლის დიდ სასჯელად ითვლებოდა. ერთხელ, ტაძარში მსახურების დროს, წმიდა ზაქარიას ანგელოზმა აუწყა, რომ უკვე მხცოვანებას მიღწეული ელისაბედი უშობდა ძეს, რომელიც იქნებოდა „დიდ წინაშე უფლისა. ზაქარია დაეჭვდა ამ წინასწარმეტყველების აღსრულების შესაძლებლობაში და მცირედმორწმუნეობისთვის უტყვებით დაისაჯა. როცა მართალმა ელისაბედმა ძე შვა, სულიწმიდის შეგონებით მას იოანე უწოდა, თუმცა მათ მოდგმაში ეს სახელი არავის რქმევია. ახალშობილის მამას რომ დაეკითხნენ, მან ფიცარი მოითხოვა და ზედ იგივე სახელი წააწერა. ამის შემდეგ  სულიწმიდის მადლით აღვსილი, იგი წინასწარმეტყველებდა თავის ძეზე, როგორც უფლის წინამორბედზე. უსჯულო ჰეროდემ კარგად უწყოდა იოანე წინასწარმეტყველის საკვირველი შობის შესახებ და მისი მოკვლაც სურდა. მართალი ელისაბედი ჩვილთან ერთად მთებში გაიხიზნა. მკვლელები ყველგან დაეძებდნენ მათ. როცა ელისაბედმა მდევრები შენიშნა, ცრემლებით შესთხოვა უფალს, შესწეოდა. უეცრად მთა გაიპო და დედა-შვილი შეიფარა. ამ ავბედით ჟამს ზაქარია იერუსალიმის ტაძარს არ განშორებია. ჰეროდეს გამოგზავნილი მეომრები დიდხანს ამაოდ ეცადნენ, იოანეს ადგილსამყოფელი შეეტყოთ მისგან, რის შემდეგაც ჰეროდეს ბრძანებით განგმირეს იგი მართალი ელისაბედი თავის მეუღლის მიცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ გავიდა ამსოფლიდან, უფლის მფარველობის ქვეშ მყოფი წმიდა იოანე კი უდაბნოში ცხოვრობდა მანამ, სანამ ებრაელი ხალხის წინაშე მისი გამოჩენის ჟამმა არ მოაწია.

წმიდა მოწამენი: თაიფალე და დაჲ მისი თიბეა, წმიდა მოწამე სარვილე

წმიდა მოწამე თაიფალე და მისი და თიბეა (ანუ ბებეა) წარმართთა შორის ქრიატიანული სარწმუნოების გაბედული და წარმატებული ქადაგებისთვის აწამეს, ერთი ცნობით, ტრაიანეს (98-117), სხვა წყაროებით კი - ადრიანეს (117-138) მეფობაში. ხანგრძლივი და სასტიკი წამების შემდეგ წმიდა თაიფალე ხეზე დაკიდეს და გახერხეს, მისი და თიბეა კი ყელში შუბის დარტყმით მოკლეს (15 ოქტომბერს ეკლესია იხსენიებს წმიდანებს: სარვილეს და ბებეას. ვარაუდობენ, რომ ბებეა იგივე თაიფალეს და - თიბეაა; ზოგი სარვილეს თავად თაიფალესთან აიგივებს, სხვები კი თვლიან, რომ სარვილესა და ბებეასთან ერთად 15 ოქტომბრის წმიდანებს შორის თაიფალეს სახელი ცალკე უნდა იყოს ჩართული).

წმიდა მოწამენი: იუვენტინე და მაქსიმე მხედარნი

წმიდა მოწამენი: იუვენტინე და მაქსიმე მხედარნი იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) პირადი მცველები იყვნენ. ერთხელ, ანტიოქიაში ყოფნისას, იულიანემ გადაწყვიტა, ბაზრებში ყველა საკვები პროდუქტისთვის ნაკერპავი სისხლი ესხურებინა და ქრისტიანები შეებილწა. წმიდა იუვენტინემ და მაქსიმემ დაუფარავად დაგმეს მეფის საქციელი და ამხილეს იგი ქრისტიანული სარწმუნოების უარყოფაში. ორივე მათგანი უღმრთო ხელისუფლის ბრძანებით დაუნდობლად გვემეს, შემდეგ კი საპყრობილეში დაახრჩვეს.

წმიდა მოწამენი: ურბანოსი, თეოდორე, მედიმნე და მათთან 77 მამანი

წმიდა მოწამენი: ურბანოსი, თეოდორე, მედიმნე და სამოცდაჩვიდმეტი მამანი სასულიეროთაგანნი ნიკომიდიაში ეწამნენ არიანელი იმპერატორის, ვალენტის (364-378) დროს.

წმიდა მოწამე აბდე

წმიდა მოწამე აბდე (აბიდე) იეზდიგერდ I-ის (408-420) ზეობისას ეწამა სპარსეთში მზისა და ცეცხლის თაყვანისცემაზე უარის თქმისთვის.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

173
თემები:
საეკლესიო კალენდარი
პოლიციის ლენტი

ქარელი-ხაშურის გზაზე ავარიის შედეგად მიკროავტობუსის მგზავრი დაიღუპა

0
(განახლებულია 10:42 19.09.2020)
საჩხერიდან თბილისისკენ მიმავალი სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის რამდენიმე მგზავრი დაშავდა

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ქარელი-ხაშურის მონაკვეთზე ავარიის შედეგად მიკროავტობუსის ერთი მგზავრი დაიღუპა და 10 დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საჩხერიდან თბილისისკენ მიმავალი სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევის შედეგად მიკროავტობუსის რამდენიმე მგზავრი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსში ათი მგზავრი იმყოფებოდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებს საავადმყოფოში გადაჰყავთ.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში