მცხეთის ჯვრის ტაძარი

საეკლესიო კალენდარი: 2020 წლის 10 იანვარი

103
(განახლებულია 23:27 09.01.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 10 იანვარს ორთა ბევრთა  მოწამეთა ნიკომედიას დაწვართა, ასევე მოციქულ  ნიკანორის, 70-თაგანის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატო არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდანი ორნი ბევრნი მოწამენი

 IV საუკუნის დასაწყისში იმპერატორმა მაქსიმიანემ (284-305; 307-311) ბრძანა, ქრისტიანული ტაძრები დაერღვიათ, საღვთისმსახურო წიგნები დაეწვათ და ყველა ქრისტიანისთვის სამოქალაქო უფლებები და თანამდებობები ჩამოერთვათ. ამ დროს ქალაქ ნიკომიდიის ეპისკოპოსი იყო ნეტარი კირილე, რომელიც თავისი ქადაგებითა და წმიდა ცხოვრებით დიდად უწყობდა ხელს ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელებას: მისი გავლენით იმპერატორის ბევრი წარჩინებული კარისკაცი ფარულად შეუდგა ქრისტეს.
საიმპერატორო სასახლეში ცხოვრობდა წარმართი ქურუმი ქალი დომნა. მაქსიმიანეს არყოფნაში მან წაიკითხა „საქმე მოციქულთა“, პავლე მოციქულის ეპისტოლეები და ქრისტიანული სწავლების ღრმად გაცნობის სურვილი აღეძრა. ერთი ქრისტიანი ქალწულის დახმარებით დომნა ფარულად მივიდა ეპისკოპოს კირილესთან. თან ერთგული მსახური, საჭურისი ინდისე ახლდა. კირილემ ორივენი კათაკმევლებად დაადგინა, შემდეგ კი მონათლა. დომნამ გლახაკთა მოვლა-პატრონობას მიჰყო ხელი: ინდისეს მეშვეობით თავისი ძვირფასეულობები მოწყალებად გასცა და სამეფო ტრაპეზიდან საჭმელსაც არიგებდა. დომნასა და ინდისეს უჩვეულო ცხოვრების შესახებ რომ შეიტყო, სამეფო ტრაპეზის გამგებელმა - საჭურისთა თავმა საპყრობილეში გამოამწყვდია ისინი. წარმართებს შორის რომ არ ეცხოვრა, წმიდა დომნამ თავი მოიგიჟიანა. მაშინ იგი ინდისესთან ერთად სამეფო სასახლიდან გააძევეს. ნეტარი დომნა დედათა მონასტერში დამკვიდრდა, იღუმენია აღათიასთან, მაგრამ მალე იღუმენიას კურთხევით, მამაკაცურად ჩაცმულმა დატოვა სავანე.

ამასობაში იმპერატორი დაბრუნდა და მეომრები დაგზავნა ყოფილი ქურუმის საძებნელად. მხედრებმა აღათიას სავანესაც მიაღწიეს და დაარბიეს იგი. დები საპყრობილეში გამოამწყვდიეს საწამებლად და ნამუსის ასახდელად, მაგრამ ზეციურმა მხედრობამ უვნებლად გამოიყვანა ისინი.

ერთხელ იმპერატორმა ქალაქის მოედანზე წარმართული მსხვერპლშეწირვა მოაწყო. როცა ხალხისთვის ნაკერპავი სისხლის სხურება დაიწყეს, ქრისტიანები ბრბოს განერიდნენ და მოედანი დატოვეს. ამის დანახვაზე იმპერატორი განრისხდა, მაგრამ, უეცრად დაწყებული მიწისძვრით დამფრთხალმა, გრძნობები მოთოკა. რამდენიმე ხნის შემდეგ მაქსიმიანე ტაძარში შევიდა და იქ მყოფებს ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. ურჩობის შემთხვევაში იგი ტაძრის დანგრევითა და ქრისტიანთა ამოჟლეტით იმუქრებოდა. ხუცესმა გლიკერიოსმა უღმრთო ხელისუფალს უპასუხა, რომ ქრისტიანებს ვერანაირი სატანჯველის შიშით ვერ აიძულებდა თავიანთი სარწმუნოებისგან განდგომას. განრისხებული მეფე მდუმარედ გავიდა ტაძრიდან, მაგრამ რამდენიმე ხანში ხუცესი გლიკერიოსის სამსჯავროზე მოყვანა ბრძანა. ჯალათებმა საშინლად აწამეს წმიდანი. როცა მაქსიმიანე დარწმუნდა, რომ გლიკერიოსის მოდრეკაზე ფიქრიც კი ამაო იყო, მისი დაწვა ბრძანა.

302 წელს ქრისტეშობის დღესასწაულზე ნიკომიდიის საკათედრო ტაძართან ოცი ათასამდე ქრისტიანმა მოიყარა თავი. იმპერატორმა მათთან გაგზავნა მაცნე, რომელიც შეკრებილებს დაემუქრა: თუ ტაძარს არ დატოვებთ და კერპებს მსხვერპლს არ შესწირავთ, ტაძარშივე გამოიწვებითო. ამის მიუხედავად ყველა მორწმუნემ უარი განაცხადა ცრუღვთაებების თაყვანისცემაზე. სანამ ჯალათები საყდრის დასაწვავად ემზადებოდნენ, ეპისკოპოსმა ანთიმოზმა რომელიც ღვთისმსახურებას აღასრულებდა, ყველა კათაკმეველი მონათლა და აზიარა. ოცი ათასივე მლოცველი ცეცხლში აღესრულა. მათ შორის იყვნენ იღუმენია აღათია და წმიდა თეოფილაც. ეპისკოპოსმა ანთიმოზმა მოახერხა, გადამალულიყო.

მაქსიმიანე თვლიდა, რომ ნიკომიდიელი ქრისტიანები სრულიად ამოჟლიტა, მაგრამ მალე შეიტყო, რომ ისინი კიდევ ბევრნი იყვნენ, უწინდებურად აღიარებდნენ სარწმუნოებას და თავი ქრისტესთვის სასიკვდილოდ ჰქონდათ გადადებული. იმპერატორმა მათთან ანგარიშის გასწორება განიზრახა. მისი ბრძანებით შეიპყრეს მხედართმთავარი ზენონი, რომელმაც საჯაროდ ამხილა მეფის უსჯულოება და სისასტიკე, დაუნდობლად გვემეს იგი და, ბოლოს, თავი მოჰკვეთეს. წარმართულ დღესასწაულში მონაწილეობაზე უარის თქმისთვის საჭურისი ინდისეც საპყრობილეში ჩააგდეს.

ამასობაში წმიდა დომნა გამოქვაბულში იმყოფებოდა მკაცრი მარხვითა და დაუდუმებელი ლოცვით. ქრისტიანთა დევნა გრძელდებოდა. დააპატიმრეს იტალიის გამგებელი დოროთე, მარდონი, დიაკონი მიგდონი და რამდენიმე დიდებული. ეპისკოპოსი ანთიმოზი წერილებით განამტკიცებდა პყრობილებს. დიაკონი თეოფილე მისი ერთ-ერთი ეპისტოლითურთ შეიპყრეს და იმ იმედით, რომ ეპისკოპოსის ადგილსამყოფელს დააცდევინებდნენ, საშინლად აწამეს. თეოფილემ დაითმინა სატანჯველები და არაფერი გაამხილა. მაშინ იგი სიკვდილით დასაჯეს. თეოფილესთან ერთად წამებით ამოხადეს სული იმათაც, ვისადმიც იყო მიმართული ეპისკოპოსის ეპისტოლე.

როცა წმიდა დომნა ქალაქში დაბრუნდა, ნახანძრალზე დიდხანს ტიროდა - წუხდა, რომ თავის დებთან ერთად სიკვდილის ღირსი ვერ შეიქნა. შემდეგ მან ზღვის ნაპირს მიაშურა. ამ დროს მეთევზეებმა ნაპირზე ბადეებით გამოათრიეს წმიდა მოწამეების: ინდისეს, გორგონისა და პეტრეს ცხედრები. მათ მამაკაცურად ჩაცმული დომნაც ეხმარებოდა. მეთევზეებმა წმიდა ცხედრები ნეტარ დედას დაუტოვეს. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით თავისი სულიერი მეგობრის - მოწამე ინდისეს ნეშტის ხილვამ გაახარა. იგი დაკრძალვის შემდეგაც არ შორდებოდა ძვირფას საფლავებს და ყოველდღე უკმევდა. როცა იმპერატორს მოუთხრეს უცნობი ყმაწვილის შესახებ, რომელიც სიკვდილით დასჯილ ქრისტიანთა სამარეებს პატივს მიაგებდა, უღმრთო ხელისუფალმა მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა. დომნასთან ერთად სიკვდილით დასაჯეს წმიდა მოწამე ექვთიმეც.

ღირსი სვიმეონ მირონმდინარე

ღირსი სვიმეონ მირონმდინარე ათონზე მოღვაწეობდა და მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით სასწაულთქმედების ნიჭი მოიგო. მან დააარსა ახალი ბეთლემის სავანე, რომელსაც ამჟამად სვიმონ-პეტრეს მონასტერს უწოდებენ. წმიდანმა ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა და 1287 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. ნეტარის წმიდა ნაწილებიდან მირონი გადმოედინებოდა.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

103
თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (114)
ქვეშის ციხის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 24 ოქტომბერი

84
(განახლებულია 09:07 24.10.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 ოქტომბერი მოციქულ ფილიპეს, შვიდი დიაკონთაგანის, ღირსი თეოფანე აღმსარებლის, მოწამეთა ზინაიდას და ფილონილას ხსნების ღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან  მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოციქული ფილიპე, შვიდ დიაკონთაგანი

წმიდა მოციქული ფილიპე, მაცხოვრის სამოცდაათ უახლოეს მოწაფეთაგანი, პალესტინის კესარიაში დაიბადა. სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ თორმეტმა მოციქულმა წმიდანი იერუსალიმის ეკლესიის დიაკვნად დაადგინა. შვიდ პირველდიაკონს შორის უხუცესი იყო მთავარდიაკონი სტეფანე. როცა მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო და იუდეველებმა პირველმოწამე სტეფანე ქვებით ჩაქოლეს, ფილიპემ დატოვა იერუსალიმი. იგი სამარიაში გადასახლდა და აქ ავრცელებდა ქრისტეს სწავლებას.

 ნეტარი რამოდენიმე ხნის შემდეგ   იერუსალიმს დაუბრუნდა, სადაც მოციქულებმა ეპისკოპოსად აკურთხეს. ამ ხარისხში მოღვაწეობდა უფლის რჩეული ლიდიის ტრალიაში (მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთით) და მრავალი სული შეჰმატა ქრისტეს ეკლესიას.
წმიდა მოციქული ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა. წმიდა ფილიპე მოციქული - შვიდ დიაკონთაგანი უნდა განვასხვაოთ სხვა ფილიპესგან - ათორმეტ მოციქულთაგანისგან, რომელიც 14 ნოემბერს იხსენიება.

ღირსი თეოფანე აღმსარებელი, კანონმთქმელი, ნიკეის ეპისკოპოსი

ღირსი თეოფანე აღმსარებელი, კანონმთქმელი, ნიკეის ეპისკოპოსი არაბეთში დაიბადა. იგი ღირსი თეოდორე გამომეტყველის უმცროსი ძმა იყო. ძმებმა ბრწყინვალე განათლება მიიღეს, განსაკუთრებით ფილოსოფიით იყვნენ დაინტერესებულნი. ღვთის შეცნობის წყურვილმა ისინი წმიდა საბას ლავრაში მიიყვანა. აქ ღირსი თეოფანე ბერად აღიკვეცა, რამდენიმე წლის შემდეგ კი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს.

წმიდა ძმები ხატმბრძოლთა მძლავრობისას განდიდდნენ უფლის წინაშე. იერუსალიმის პატრიარქის დავალებით ისინი კონსტანტინოპოლში გაემგზავრნენ და ამხილეს მწვალებელი იმპერატორი ლეონ სომეხი (813-820). შემდგომში უფლის რჩეულები ხატმბრძოლ იმპერატორებს მიხეილ ენაბრგვნილს (ბალბას) (820-829) და თეოფილესაც (829-842) შეაგონებდნენ და უხსნიდნენ ხატთაყვა-ნისცემის წმინდა წესს.

ნეტარი აღმსარებლები ოცდახუთი წელი იტანჯებოდნენ წმიდა ხატების დაცვისათვის. იმპერატორ თეოფილეს ბრძანებით ჯალათებმა მათ გახურებული ნემსებით შეურაცხმყოფელი სიტყვები ამოუტვიფრეს სახეებზე (ამიტომაც ეძახიან წმიდა მამებს „გამომეტყველებს“). „წერე, რაც მოგესურვება, საშინელ სამსჯავროზე წაიკითხავ შენს ნაწერს“, - უთხრეს თვითმპყრობელს ნეტარმა ძმებმა. თეოდორე საპყრობილეში აღესრულა (+833), თეოფანე კი გადაასახლეს. ხატთაყვანისცემის აღდგენის შემდეგ იგი გადასახლებიდან დაბრუნდა და ნიკეის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. მღვდელმთავარმა ასორმოცდაათამდე კანონი დაწერა, მათ შორის შესანიშნავი კანონი წმიდა ხატთა თაყვანისცემის დასაცავად. დაახლოებით 850 წელს მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წმიდა მოწამენი: ზინაიდა და ფილონილა

წმიდა მოწამენი: ზინაიდა და ფილონილა, ღვიძლი დები, პავლე მოციქულის ნათესავები და მოწაფეები იყვნენ. წმიდანებმა დატოვეს მშობლიური სახლი, კილიკიის ქალაქ დიმიტრიადის მახლობლად მდებარე გამოქვაბულში დასახლდნენ და აქ ატარებდნენ დღეებს დაუდუმებელ ლოცვასა და დაუცხრომელ ღვაწლში. ისინი ექიმობის ხელოვნებას ფლობდნენ, სნეულებს უსასყიდლოდ კურნავდნენ და ჭეშმარიტი ღვთისკენ მოქცევით მათ სულებსაც წამლობდნენ. ნეტარი დედების წმიდა ცხოვრება სათნოეყო უფალს და ისინი მოწამეობრივი გვირგვინის ღირსი გახადა: წმინდა ზინაიდა და ფილონილა ქვებით ჩაქოლეს (I).

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

84
დანთებული სანთლები სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში

საეკლესიო კალენდარი: 23 ოქტომბერი

143
(განახლებულია 08:51 23.10.2020)
საქართვლოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ოქტომბერს მოწამეთა ევლამპის და ევლამპიას, თეოტეკნის, ღირსი ბასიანეს, ღირსი თეოფილე აღმსარებელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამენი ევლამპი და ევლამპია 

წმიდა მოწამენი ევლამპი და ევლამპია და-ძმანი იყვნენ და ქალაქ ნიკომიდიაში ცხოვრობდნენ IV საუკუნეში. როცა იმპერატორმა მაქსიმიანემ (284-305; 307-310) გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ყველა ქრისტიანი სიკვდილით უნდა დაესაჯათ, ევლამპიმ საჯაროდ ამხილა თვითმპყრობელი, რომელიც ქვეყნის მტრების ნაცვლად საკუთარ ქვეშევრდომებს უცხადებდა ბრძოლას. ამისთვის ნეტარი შეიპყრეს, სამსჯავროზე წარადგინეს და ქრისტეს უარყოფა მოსთხოვეს. როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღეს, უღმრთოებმა ჯერ რკინის იარაღებით სასტიკად აწამეს წმიდა აღმსარებელი, შემდეგ კი უფლის რჩეულები გახურებულ ქურაში შეყარეს, მაგრამ უვნებლად გადარჩნენ. ბოლოს ძმას თავი მოჰკვეთეს, დას კი წამებით ამოხადეს სული.
ეს მოხდა 303, სხვა ცნობით კი - 311 წელს.

წმიდა მოწამე თეოტეკნი

წმიდა მოწამე თეოტეკნი მხედართმთავარი იყო იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს. ერთხელ ანტიოქიაში, სადაც მსახურობდა უფლის რჩეული, იმპერატორი ჩავიდა და მოითხოვა, ქალაქის ყველა მკვიდრს წარმართული ღვთაებებისთვის მსხვერპლი შეეწირა. ქრისტიანმა თეოტეკნმა უარი განაცხადა ბრძანების შესრულებაზე. მაშინ უსჯულო თვითმპყრობელმა, რომელიც აბუჩად იგდებდა მაცხოვრის სარწმუნოებას, ახოვან რაინდს დედათა სამოსელი ჩააცვა და მხევლებთან ერთად ძაფის სართავად დასვა. სამი კვირის შემდეგ მაქსიმიანემ თავისთან იხმო მარტვილი - იმედოვნებდა, რომ დამცირებით მისი სული უკვე მოდრეკილი იქნებოდა, მაგრამ ნეტარმა პასუხად ქრისტეს მხნე აღსარება შეაგება. განრისხებულმა მაქსიმიანემ ბრძანა, ეწამებინათ წმიდანი და შემდეგ მდუღარე ფისით სავსე ქვაბში ჩაეგდოთ; მაგრამ როგორც კი თეოტეკნი ქვაბში ჩააგდეს, მის ქვეშ დაგზნებული ცეცხლი ჩაქრა და ფისიც გაცივდა. იმპერატორი შეძრწუნდა, ვეღარ გაბედა წამების გაგრძელება, საპყრობილეში გაგზავნა მოწამე და თავის ასისთავს უბრძანა, გასწორებოდა ნეტარს.

სატუსაღოში თეოტეკნთან ერთად აღმოჩნდა ქრისტიანი აღმსარებელი ალექსანდრა. წმიდანი მას ციხიდან გაქცევაში დაეხმარა. ეს რომ შეიტყო, ასისთავმა მხეცურად აწამა მარტვილი, ბოლოს კი ყელზე ლოდგამობმული ზღვაში ჩააგდო. რამოდენიმე ხნის შემდეგ უფლის სათნომყოფლის წმიდა ნაწილები ზღვისპირა ქალაქ როსაში (კილიკია) იპოვეს ქრისტიანებმა და პატივით მიაბარეს მიწას.

ღირსი ბასიანე

ღირსი ბასიანე აღმოსავლეთ სირიაში დაიბადა. იგი იმპერატორ მარკიანეს (450-457) ზეობაში მოღვაწეობდა კონსტანტინოპოლში. აქ წმიდანმა დააარსა სავანე, რომელშიც თანდათან სამასამდე ბერმა მოიყარა თავი. მათ შორის იყო მამათა სამოსელში გადაცმული ღირსი მატრონაც ნეტარმა ბასიანემ ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა.
ღვთივსათნო ცხოვრებითა და სასწაულებით ცნობილი წმიდა ბასიანე მშვიდობით აღესრულა, დაკრძალეს მის მიერ დაარსებულ სავანეში.

ღირსი თეოფილე აღმსარებელი

ღირსი თეოფილე აღმსარებელი ბულგარელი იყო. იგი ქალაქ ტიბერიოპოლის (შემდგომ - სტრუნიცა, მაკედონიაში) მიდამოებში დაიბადა. ნეტარმა ცამეტი წლის ასაკში ფარულად დატოვა სახლი და სელენტიის მთაზე მდებარე ლავრას მიაშურა. სამი წლის შემდეგ იგი ბერად აღკვეცეს. როცა წმიდანის მშობლებმა შვილის ადგილსამყოფელი შეიტყვეს, სავანეში მივიდნენ და იღუმენს თხოვეს, თეოფილე რამდენიმე ძმასთან ერთად ტიბერიოპოლში გაეშვა, მშობლიური სახლის სიახლოვეს მონასტრის დასაარსებლად. იღუმენმა ღვთის ნების გასაგებად მონასტერში მკაცრი მარხვა და გაძლიერებული ლოცვა ბრძანა. მესამე დღეს ტაძარში გაისმა ხმა, რომელიც წინამძღვარს თეოფილეს გაშვებაზე აძლევდა კურთხევას, რადგან იგი ახალ სავანეში უნდა გაბრწყინებულიყო დიდი სულიერი ღვაწლით.
როცა ტახტზე ხატმბრძოლი იმპერატორი ლეონ ისავრიელი (717-741) ავიდა, წმიდა მამა დაუფარავად აღდგა ხატმბრძოლთა მწვალებლობის წინააღმდეგ. ამისთვის უსჯულო თვითმპყრობელის ბრძანებით იგი დამნაშავესავით შებოჭილი ატარეს ქალაქის ქუჩებში. შემდეგ იმპერატორმა უფლის რჩეული წარჩინებულ კარისკაცს, იპატის გადასცა. ამ უკანასკნელმა დიდხანს ტანჯა წმიდანი, მაგრამ მისი გადაბირება ვერ მოახერხა. თეოფილემ თავად იპატის შეაცვლევინა აზრები - მან გზაშეცდომილს მოაგონა მოსეს მიერ სპილენძის გველის აღმართვა, ქერუბიმთა დამაგრება სჯულის კიდობანზე, ბოლოს კი ისიც გაიხსენა, თუ როგორ გაუგზავნა მაცხოვარმა თავისი ხელთუქმნელი ხატი ედესის მეფე ავგაროზს. იპატიმ იმპერატორი ნეტარი მამის განთავისუფლებაზე დაიყოლია. აღმსარებელი თავის სავანეში დაბრუნდა. ამის შემდეგ მას დიდხანს არ უცხოვრია: VIII საუკუნეში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

143
თეონა კონტრიძე

„იდეალური დილაა, როდესაც...“-თეონა კონტრიძე ქმართან ერთად საწოლში ინტიმურ ვიდეოს აქვეყნებს

0
(განახლებულია 18:07 23.10.2020)
„შემოდგომის მშვიდი დილაა“- ასე იწყება თეონა კონტრიძის Insta-ვიდეო. მომღერალი მეუღლესთან ერთად დილის რუტინას „ფოლოვერებს“ უზიარებს

თეონა თავისუფლად უკრავს ფორტეპიანოზე, დრამზე, სოლო და ბას-გიტარებზე. რუსულ ტაბლოიდებთან თეონა ჰყვება, რომ შვილებს მთელი დღის მანძილზე ვერ ხედავს, მხოლოდ ღამით, ძილის წინ ხვდებიან ერთმანეთს. უცხო გარეგნობის მქონე და-ძმა გადატვირთული გრაფიკით იზრდება, ისინი მუსიკალურ ნიჭს უკვე ავლენენ. ამას თეონას მიერ გაზიარებული ფოტოებიც ადასტურებს. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა, ოჯახი გაერთიანდა და დიდი ოჯახის ყველა წევრმა სახლში მოიყარა თავი.

ახლა თეონას დილა რეპეტიციების მაგივრად, მეუღლის გვერდით იწყება. წყვილი ერთად ნებივრობს და ამაში ხელს არავინ უშლის. „შემოდგომის მშვიდი დილა და იდეალურია დილა, როდესაც მანიკიური ადგილზე გაქვს...“- აღნიშნავს თეონა.

თეონას მეუღლეს საქართველო განსაკუთრებულად უყვარს და შვილებთან ერთად ქართულის შესწავლას წლების წინ შეუდგა. აღსანიშნავია, რომ შემსრულებლის ქმარი პანდემიამდე მეუღლის სამშობლოს ხშირად სტუმრობდა. მისი ჩოხიანი სურათები სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდებოდა. ტრადიციულ ქართულ სამოსში გამოწყობილი მამაკაცი განსაკუთრებულად მომხიბლავად გამოიყურებოდა. „ჩემთვის ზოგადად ქართული ენაა ლამაზი!“ – ამ სიტყვებით პასუხობს ცნობილი შემსრულებლის ქმარი ქართველ ცოლს ძველ ვიდეოზე.

მუსიკალურ ოჯახში გაზრდილი მომღერალი საესტრადო ცხოვრებას ჯერ კიდევ ლეგენდარული „მზიურის“ დროს შეუდგა. მისი ხმის ტემბრით აღფრთოვანებულმა სოსო პავლიაშვილმა სოლო კარიერის დაწყება შესთავაზა. ცნობილია, რომ სოსო პავლიაშვილმა მომავალ არტისტს სიმღერა Just do it აჩუქა. ასე დაიწყო თეონა კონტრიძის დაუვიწყარი მუსიკალური მოგზაურობა.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება