თბილისის ცენტრი - ხედი სიონის გუმბათზე (მარჯვნივ) და ჯვარისმამის ტაძარზე (მარცხნივ)

საეკლესიო კალენდარი: 2020 წლის 9 იანვარი

58
(განახლებულია 15:30 09.01.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 9 იანვარს პირველმოწამე სტეფანე მთავარდიაკონის, ღირსი თეოდორე აღმსარებელის, წმიდა თეოდორეს, კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.

„Sputnik–საქართველო“ გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოციქული, პირველმოწამე და მთავარდიაკონი სტეფანე.

წმიდა სტეფანე მოწამეობრივად აღსრულებული პირველი ქრისტიანი იყო. იგი ოცდაათი წლისა მიიცვალა.
იესო ქრისტეს ზეცად ამაღლებისა და მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ უფლის სიტყვა სწრაფად ვრცელდებოდა და მორწმუნეთა რიცხვიც ყოველდღიურად იზრდებოდა,  იერუსალიმში მრავალი ებრაელი მღვდელმსახურიც მოექცა ქრისტეს სარწმუნოებაზე. ამას სტეფანეც უწყობდა ხელს თავისი მადლმოსილი ქადაგებითა და სასწაულებით, რომელიც იმ დროისთვის უკვე მთავარდიაკონად იყო ნაკურთხი. 

გაღიზიანებული იუდეველები შეეცადნენ, სიტყვიერ პაექრობაში დაემარცხებინათ უფლის რჩეული, მაგრამ როცა ვერაფერს გახდნენ, დაასმინეს იგი - ღმერთსა და მოსეს ჰგმობსო. ამ ბრალდებით წარდგა ნეტარი სინედრიონისა და მღვდელმთავრის წინაშე. პირი მისი იხილვებოდა, „ვითარცა პირი ანგელოზისაჲ“.
წმიდა სტეფანემ შემოკრებილებს ებრაელი ერის ისტორია მოუთხრო და ამხილა იუდეველები წინასწარმეტყველთა დევნასა და განკაცებული მესიის - იესო ქრისტეს მკვლელობაში. ქადაგების დროს წმიდანმა „ახედნა ცად და იხილა დიდებაჲ ღმრთისაჲ და იესუ, მდგომარე მარჯუენით ღმრთისა“. როცა მან გააცხადა ეს ხილვა, ბრბომ, ყურებდაცობილმა, ღრიალით მიმართა ნეტარს, ქალაქგარეთ გაიყვანა და ქვებით ჩაქოლა.

ღირსი თეოდორე აღმსარებელი და მისი ძმა თეოფანე - გამომეტყველნი 

აღმსარებელი და მისი ძმა თეოფანე, გამომეტყველნი, იერუსალიმში დაიბადნენ, ქრისტიანულ ოჯახში. თეოდორე უფროსი იყო. იგი ბავშვობიდანვე გაურბოდა ყმაწვილურ გართობა-მხიარულებას და საეკლესიო მსახურებაზე დასწრება უყვარდა. უმცროს ძმასთან, თეოფანესთან ერთად წმიდანი ხუცესს მიაბარეს აღსაზრდელად საბა განწმენდილის ლავრაში. შემდგომში ძმები ბერად აღკვეცეს, რამდენიმე ხანში კი მღვდელ-მონაზვნებად აკურთხეს.
829 წელს ტახტზე ავიდა მწვალებელი თეოფილე (829-842), რომელმაც კვლავ განაახლა ხატთაყვანისმცემელთა დევნა.

წმიდა ძმები  სასტიკად გვემეს: გახურებული ნემსებით სახეებზე ამოაკაწრეს თითქოსდა მათი განსაქიქებელი წარწერები - თორმეტი სალექსო სტრიქონი, რომელშიც აღმსარებლები. „ცრურწმენის ჭურჭლებად“ იყვნენ მოხსენებულნი. ამიტომ ეწოდათ ძმებს „გამომეტყველნი“.

წამების შემდგომ წმიდა ძმები დაბა აპამეის საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც წმიდა თეოდორე გარდაიცვალა კიდეც დაახლოებით 840 წელს.

 წმიდა თეოფანე ხატმბრძოლთა ერესის დაგმობას და სრულ დამარცხებას შეესწრო და ნიკეის ეპისკოპოსის ხარისხში აღესრულა. ღირს თეოფანეს ეკუთვნის მრავალი თხზულება მართლმადიდებლობის დასაცავად.

წმიდა თეოდორე - კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი

წმიდა თეოდორე კონსტანტინოპოლის მკვიდრი იყო. კეთილმსახური ცხოვრებისათვის იგი ხუცესად აკურთხეს. უფლის რჩეული წმიდა სოფიას ტაძარში მღვდელმსახურებდა და საჭურჭლის მცველის მოვალეობასაც აღასრულებდა. 676 წელს თეოდორე კონსტანტინოპოლის პატრიარქად აირჩიეს, მაგრამ ორი წლის შემდეგ, ცილისმწამებელთაგან დასმენილი, ტახტიდან ჩამოაგდეს. 683 წელს სიმართლემ იზეიმა და ნეტარი თავის ხარისხში აღადგინეს. აქედან მოყოლებული, სიკვდილის დღემდე იგი მშვიდად მართავდა კონსტანტინოპოლის ეკლესიას; გარდაიცვალა დაახლოებით 686 წელს.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროზე დაყრდნობით.

58
თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (114)
ქვეშის ციხის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 24 ოქტომბერი

84
(განახლებულია 09:07 24.10.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 ოქტომბერი მოციქულ ფილიპეს, შვიდი დიაკონთაგანის, ღირსი თეოფანე აღმსარებლის, მოწამეთა ზინაიდას და ფილონილას ხსნების ღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან  მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოციქული ფილიპე, შვიდ დიაკონთაგანი

წმიდა მოციქული ფილიპე, მაცხოვრის სამოცდაათ უახლოეს მოწაფეთაგანი, პალესტინის კესარიაში დაიბადა. სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ თორმეტმა მოციქულმა წმიდანი იერუსალიმის ეკლესიის დიაკვნად დაადგინა. შვიდ პირველდიაკონს შორის უხუცესი იყო მთავარდიაკონი სტეფანე. როცა მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო და იუდეველებმა პირველმოწამე სტეფანე ქვებით ჩაქოლეს, ფილიპემ დატოვა იერუსალიმი. იგი სამარიაში გადასახლდა და აქ ავრცელებდა ქრისტეს სწავლებას.

 ნეტარი რამოდენიმე ხნის შემდეგ   იერუსალიმს დაუბრუნდა, სადაც მოციქულებმა ეპისკოპოსად აკურთხეს. ამ ხარისხში მოღვაწეობდა უფლის რჩეული ლიდიის ტრალიაში (მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთით) და მრავალი სული შეჰმატა ქრისტეს ეკლესიას.
წმიდა მოციქული ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა. წმიდა ფილიპე მოციქული - შვიდ დიაკონთაგანი უნდა განვასხვაოთ სხვა ფილიპესგან - ათორმეტ მოციქულთაგანისგან, რომელიც 14 ნოემბერს იხსენიება.

ღირსი თეოფანე აღმსარებელი, კანონმთქმელი, ნიკეის ეპისკოპოსი

ღირსი თეოფანე აღმსარებელი, კანონმთქმელი, ნიკეის ეპისკოპოსი არაბეთში დაიბადა. იგი ღირსი თეოდორე გამომეტყველის უმცროსი ძმა იყო. ძმებმა ბრწყინვალე განათლება მიიღეს, განსაკუთრებით ფილოსოფიით იყვნენ დაინტერესებულნი. ღვთის შეცნობის წყურვილმა ისინი წმიდა საბას ლავრაში მიიყვანა. აქ ღირსი თეოფანე ბერად აღიკვეცა, რამდენიმე წლის შემდეგ კი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს.

წმიდა ძმები ხატმბრძოლთა მძლავრობისას განდიდდნენ უფლის წინაშე. იერუსალიმის პატრიარქის დავალებით ისინი კონსტანტინოპოლში გაემგზავრნენ და ამხილეს მწვალებელი იმპერატორი ლეონ სომეხი (813-820). შემდგომში უფლის რჩეულები ხატმბრძოლ იმპერატორებს მიხეილ ენაბრგვნილს (ბალბას) (820-829) და თეოფილესაც (829-842) შეაგონებდნენ და უხსნიდნენ ხატთაყვა-ნისცემის წმინდა წესს.

ნეტარი აღმსარებლები ოცდახუთი წელი იტანჯებოდნენ წმიდა ხატების დაცვისათვის. იმპერატორ თეოფილეს ბრძანებით ჯალათებმა მათ გახურებული ნემსებით შეურაცხმყოფელი სიტყვები ამოუტვიფრეს სახეებზე (ამიტომაც ეძახიან წმიდა მამებს „გამომეტყველებს“). „წერე, რაც მოგესურვება, საშინელ სამსჯავროზე წაიკითხავ შენს ნაწერს“, - უთხრეს თვითმპყრობელს ნეტარმა ძმებმა. თეოდორე საპყრობილეში აღესრულა (+833), თეოფანე კი გადაასახლეს. ხატთაყვანისცემის აღდგენის შემდეგ იგი გადასახლებიდან დაბრუნდა და ნიკეის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. მღვდელმთავარმა ასორმოცდაათამდე კანონი დაწერა, მათ შორის შესანიშნავი კანონი წმიდა ხატთა თაყვანისცემის დასაცავად. დაახლოებით 850 წელს მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წმიდა მოწამენი: ზინაიდა და ფილონილა

წმიდა მოწამენი: ზინაიდა და ფილონილა, ღვიძლი დები, პავლე მოციქულის ნათესავები და მოწაფეები იყვნენ. წმიდანებმა დატოვეს მშობლიური სახლი, კილიკიის ქალაქ დიმიტრიადის მახლობლად მდებარე გამოქვაბულში დასახლდნენ და აქ ატარებდნენ დღეებს დაუდუმებელ ლოცვასა და დაუცხრომელ ღვაწლში. ისინი ექიმობის ხელოვნებას ფლობდნენ, სნეულებს უსასყიდლოდ კურნავდნენ და ჭეშმარიტი ღვთისკენ მოქცევით მათ სულებსაც წამლობდნენ. ნეტარი დედების წმიდა ცხოვრება სათნოეყო უფალს და ისინი მოწამეობრივი გვირგვინის ღირსი გახადა: წმინდა ზინაიდა და ფილონილა ქვებით ჩაქოლეს (I).

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

84
დანთებული სანთლები სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში

საეკლესიო კალენდარი: 23 ოქტომბერი

143
(განახლებულია 08:51 23.10.2020)
საქართვლოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ოქტომბერს მოწამეთა ევლამპის და ევლამპიას, თეოტეკნის, ღირსი ბასიანეს, ღირსი თეოფილე აღმსარებელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამენი ევლამპი და ევლამპია 

წმიდა მოწამენი ევლამპი და ევლამპია და-ძმანი იყვნენ და ქალაქ ნიკომიდიაში ცხოვრობდნენ IV საუკუნეში. როცა იმპერატორმა მაქსიმიანემ (284-305; 307-310) გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ყველა ქრისტიანი სიკვდილით უნდა დაესაჯათ, ევლამპიმ საჯაროდ ამხილა თვითმპყრობელი, რომელიც ქვეყნის მტრების ნაცვლად საკუთარ ქვეშევრდომებს უცხადებდა ბრძოლას. ამისთვის ნეტარი შეიპყრეს, სამსჯავროზე წარადგინეს და ქრისტეს უარყოფა მოსთხოვეს. როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღეს, უღმრთოებმა ჯერ რკინის იარაღებით სასტიკად აწამეს წმიდა აღმსარებელი, შემდეგ კი უფლის რჩეულები გახურებულ ქურაში შეყარეს, მაგრამ უვნებლად გადარჩნენ. ბოლოს ძმას თავი მოჰკვეთეს, დას კი წამებით ამოხადეს სული.
ეს მოხდა 303, სხვა ცნობით კი - 311 წელს.

წმიდა მოწამე თეოტეკნი

წმიდა მოწამე თეოტეკნი მხედართმთავარი იყო იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს. ერთხელ ანტიოქიაში, სადაც მსახურობდა უფლის რჩეული, იმპერატორი ჩავიდა და მოითხოვა, ქალაქის ყველა მკვიდრს წარმართული ღვთაებებისთვის მსხვერპლი შეეწირა. ქრისტიანმა თეოტეკნმა უარი განაცხადა ბრძანების შესრულებაზე. მაშინ უსჯულო თვითმპყრობელმა, რომელიც აბუჩად იგდებდა მაცხოვრის სარწმუნოებას, ახოვან რაინდს დედათა სამოსელი ჩააცვა და მხევლებთან ერთად ძაფის სართავად დასვა. სამი კვირის შემდეგ მაქსიმიანემ თავისთან იხმო მარტვილი - იმედოვნებდა, რომ დამცირებით მისი სული უკვე მოდრეკილი იქნებოდა, მაგრამ ნეტარმა პასუხად ქრისტეს მხნე აღსარება შეაგება. განრისხებულმა მაქსიმიანემ ბრძანა, ეწამებინათ წმიდანი და შემდეგ მდუღარე ფისით სავსე ქვაბში ჩაეგდოთ; მაგრამ როგორც კი თეოტეკნი ქვაბში ჩააგდეს, მის ქვეშ დაგზნებული ცეცხლი ჩაქრა და ფისიც გაცივდა. იმპერატორი შეძრწუნდა, ვეღარ გაბედა წამების გაგრძელება, საპყრობილეში გაგზავნა მოწამე და თავის ასისთავს უბრძანა, გასწორებოდა ნეტარს.

სატუსაღოში თეოტეკნთან ერთად აღმოჩნდა ქრისტიანი აღმსარებელი ალექსანდრა. წმიდანი მას ციხიდან გაქცევაში დაეხმარა. ეს რომ შეიტყო, ასისთავმა მხეცურად აწამა მარტვილი, ბოლოს კი ყელზე ლოდგამობმული ზღვაში ჩააგდო. რამოდენიმე ხნის შემდეგ უფლის სათნომყოფლის წმიდა ნაწილები ზღვისპირა ქალაქ როსაში (კილიკია) იპოვეს ქრისტიანებმა და პატივით მიაბარეს მიწას.

ღირსი ბასიანე

ღირსი ბასიანე აღმოსავლეთ სირიაში დაიბადა. იგი იმპერატორ მარკიანეს (450-457) ზეობაში მოღვაწეობდა კონსტანტინოპოლში. აქ წმიდანმა დააარსა სავანე, რომელშიც თანდათან სამასამდე ბერმა მოიყარა თავი. მათ შორის იყო მამათა სამოსელში გადაცმული ღირსი მატრონაც ნეტარმა ბასიანემ ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა.
ღვთივსათნო ცხოვრებითა და სასწაულებით ცნობილი წმიდა ბასიანე მშვიდობით აღესრულა, დაკრძალეს მის მიერ დაარსებულ სავანეში.

ღირსი თეოფილე აღმსარებელი

ღირსი თეოფილე აღმსარებელი ბულგარელი იყო. იგი ქალაქ ტიბერიოპოლის (შემდგომ - სტრუნიცა, მაკედონიაში) მიდამოებში დაიბადა. ნეტარმა ცამეტი წლის ასაკში ფარულად დატოვა სახლი და სელენტიის მთაზე მდებარე ლავრას მიაშურა. სამი წლის შემდეგ იგი ბერად აღკვეცეს. როცა წმიდანის მშობლებმა შვილის ადგილსამყოფელი შეიტყვეს, სავანეში მივიდნენ და იღუმენს თხოვეს, თეოფილე რამდენიმე ძმასთან ერთად ტიბერიოპოლში გაეშვა, მშობლიური სახლის სიახლოვეს მონასტრის დასაარსებლად. იღუმენმა ღვთის ნების გასაგებად მონასტერში მკაცრი მარხვა და გაძლიერებული ლოცვა ბრძანა. მესამე დღეს ტაძარში გაისმა ხმა, რომელიც წინამძღვარს თეოფილეს გაშვებაზე აძლევდა კურთხევას, რადგან იგი ახალ სავანეში უნდა გაბრწყინებულიყო დიდი სულიერი ღვაწლით.
როცა ტახტზე ხატმბრძოლი იმპერატორი ლეონ ისავრიელი (717-741) ავიდა, წმიდა მამა დაუფარავად აღდგა ხატმბრძოლთა მწვალებლობის წინააღმდეგ. ამისთვის უსჯულო თვითმპყრობელის ბრძანებით იგი დამნაშავესავით შებოჭილი ატარეს ქალაქის ქუჩებში. შემდეგ იმპერატორმა უფლის რჩეული წარჩინებულ კარისკაცს, იპატის გადასცა. ამ უკანასკნელმა დიდხანს ტანჯა წმიდანი, მაგრამ მისი გადაბირება ვერ მოახერხა. თეოფილემ თავად იპატის შეაცვლევინა აზრები - მან გზაშეცდომილს მოაგონა მოსეს მიერ სპილენძის გველის აღმართვა, ქერუბიმთა დამაგრება სჯულის კიდობანზე, ბოლოს კი ისიც გაიხსენა, თუ როგორ გაუგზავნა მაცხოვარმა თავისი ხელთუქმნელი ხატი ედესის მეფე ავგაროზს. იპატიმ იმპერატორი ნეტარი მამის განთავისუფლებაზე დაიყოლია. აღმსარებელი თავის სავანეში დაბრუნდა. ამის შემდეგ მას დიდხანს არ უცხოვრია: VIII საუკუნეში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

143
შსს-ს შენობა

შსს: პოლიცია პოლიტიკურად ნეიტრალური უწყებაა

0
ასეთი კომენტარი გააკეთა შსს-მ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ პოლიციის თანამშრომლები რეგიონებში  წინასაარჩევნო აგიტატორების როლს ასრულებენ.

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმისა შესახებ, თითქოს რეგიონებში არჩევნების წინ პოლიციის მობილიზება მიმდინარეობს.

ოპოზიციურმა ტელეარხმა „მთავარი არხი“ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიციის თანამშრომლები რეგიონებში  წინასაარჩევნო აგიტატორების როლს ასრულებენ.

„ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თითქოს პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან არის „ფეიკ ნიუსი" და არ შეესაბამება სიმართლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება და მედიასაშუალების მხრიდან მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელება ემსახურება პოლიციის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

საქართველოში 31 ოქტომბერს არჩევნები გაიმართება. ამ დღეს საქართველოს მოსახლეობა აირჩევს პარლამენტის დეპუტატებს, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს, ასევე რამდენიმე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. ცესკოსა და შსს-ს შორის გაფორმებული შეთანხმებით, პოლიციის თანამშრომლები უზრუნველყოფენ წინასაარჩევნო კამპანიის და კენჭისყრის მსვლელობის უსაფრთხოებას, ასევე ბიულეტენების უსაფრთხო მიწოდებას უბნებზე.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020