ხობის მონასტერში ივერიისა და აწყურის ღვთისმშობლის ხატები დააბრძანეს

საეკლესიო კალენდარი: 2020 წლის 4 იანვარი

66
(განახლებულია 11:43 04.01.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 4 იანვარს დიდმოწამე  ანასტასიას, მოწამეთა: ქრისოგონის, თეოდოტიას, ებოდის, ევტიქიანეს და სხვათა ხსენების დღეს აღნიშნავს.

 

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან ისინი მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

დიდმოწამე ანასტასია, წმიდა მოწამენი: ქრისოგონი, თეოდოტია, ევოდი, ევტიქიანე და სხვანი

დიდმოწამე ანასტასია დიოკლეტიანეს (284-305) მიერ მართლმორწმუნეთა დევნისას ეწამა ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის. მამამისი წარმართი იყო, დედა კი - ფარული ქრისტიანი. ყრმა ანასტასია აღსაზრდელად ცნობილ ბრძენკაცს - ქრისოგონს მიაბარეს. მოძღვარმა სხვადასხვა სათნოებისა და მეცნიერებებთან ერთად ქრისტიანული სარწმუნოების სიყვარული დანერგა წმინდა ანასტასიას გულში.

ანასტასია სიყმაწვილეშივე ეზიარა მწუხარებას: მას დედა ადრე გარდაეცვალა, მამამ კი, საკუთარი ნების წინააღმდეგ, მდიდარ და დიდებულ, მაგრამ ურჯულო და გულსასტიკ რომაელს - პომპლიუსს მიათხოვა. წმიდანმა შესძლო, მოგონილი ავადმყოფობის საბაბით ქალწულობა დაემარხა. იგი, ღარიბულად ჩაცმული, მოახლის თანხლებით აკითხავდა ხოლმე საპყრობილეში გამომწყვდეულ ქრისტიანებს. როცა მოახლემ ამის შესახებ პომპლიუსს აუწყა, ეს უკანასკნელი საშინლად განრისხდა და მეუღლე სახლში გამოკეტა. ანასტასიამ ფარულად მიმართა წერილით ქრისტეს აღსარებისთვის საპყრობილეში გამომწყვდეულ თავის აღმზრდელს - ქრისოგონს და ლოცვითი შეწევნა სთხოვა. ქრისოგონმა გაამხნევა წმიდა ანასტასია და თან უწინასწარმეტყველა, რომ მალე მისი მეუღლე დაიღუპებოდა. მართლაც, რამდენიმე ხანში, ელჩიონთან ერთად სპარსეთში მიმავალი პომპლიუსი ზღვაში დაიხრჩო. დაქვრივების შემდეგ წმიდა ანასტასია უხვად ურიგებდა ქონებას გლახაკებს.

ამ დროს რომის ციხეები ქრისტიანებით იყო სავსე. იმპერატორმა დიოკლეტიანემ განკარგულება გასცა, ერთ ღამეში მოეწყვიტათ ყველა მათგანი, ქრისოგონი კი - მასთან გაეგზავნათ, აკვილეაში. წმიდა ანასტასია შორიახლო მიჰყვებოდა თავის აღმზრდელსა და მასწავლებელს.

იმპერატორმა პირადად დაკითხა ქრისოგონი, მაგრამ ვერ მოახერხა მისი გადაბირება და ბრძანა, თავი მოეკვეთათ ნეტარისთვის, შემდეგ კი ზღვაში გადაეგდოთ. მოწამის მოკვეთილი თავი და სხეული ტალღებმა ნაპირზე გარიყა. საღვთო ჩვენებით ხუცესმა ზოილმა მიაკვლია მათ, კიდობანში ჩააბრძანა და სახლში დამალა. მაშინ ზოილს ქრისოგონი ეჩვენა, გაუცხადა, რომ მახლობლად მცხოვრები ყმაწვილი ქრისტიანების - აღაპიას, ქიონიას და ირინას (ხს. 16 აპრილს) წამება მოახლოებული იყო და უბრძანა, წმიდა ანასტასია გაეგზავნა მათთან. თავად ზოილს ნეტარმა მოწამემ მშვიდობიანი აღსასრულის მოახლოება უწინასწარმეტყველა.

ანასტასია კეთილმსახურ ახალგაზრდა ქვრივს, თეოდოტიას გაეცნო და მისი სახით ერთგული თანამდგომი ჰპოვა. მალე წარმართებმა ორივეს დევნა დაუწყეს. უღმრთოებმა წმიდა ანასტასია ილირიაში შეიპყრეს. მას შემდეგ, რაც დიოკლეტიანეს ბრძანებით ყველა ტყვე ქრისტიანი ერთ ღამეში ამოხოცეს, ნეტარი დედა ერთ-ერთ საპყრობილეში მივიდა და, შიგ რომ ვერავინ ნახა, ხმამაღლა ატირდა. ციხის მცველები მიხვდნენ, რომ იგი ქრისტიანი იყო, დააკავეს და ოლქის მმართველს მიჰგვარეს. მან კი ქურუმ ულპიანეს გადასცა იგი. მზაკვარმა ქურუმმა ერთ მხარეს ოქრო, ძვირფასი თვლები და სამოსელი დააწყო, მეორე მხარეს კი - წამების საშინელი იარაღები. ქრისტეს სასძლომ წამების იარაღები აირჩია. ანასტასიას მშვენიერებით მოხიბლულმა ქურუმმა გადაწყვიტა, ძალა ეხმარა მასზე, მაგრამ როგორც კი ნეტარისთვის ხელის შეხება დააპირა, დაბრმავდა. ტკივილისაგან გონდაკარგული ეშმაკის მსახური წარმართული ტაძრისკენ გაიქცა, რომ კერპებისგან გამოეთხოვა შეწევნა, მაგრამ გზაში დაეცა და სული განუტევა. წმიდა ანასტასია განთავისუფლდა და თეოდოტიასთან ერთად კვლავ ტანჯულ ქრისტიანთა მსახურებას მიეცა. მალე წმიდა თეოდოტია და მისი სამი ძე (ცნობილია მხოლოდ ერთი მათგანის სახელი - ევოდი) მოწამეობრივად აღესრულნენ. წმიდა ანასტასია ხელმეორედ შეიპყრეს და შიმშილით სიკვდილი გადაუწყვიტეს. მან სამოცი დღე უჭმელ-უსმელად დაჰყო სატუსაღოში. მოწამეს ყოველ ღამე წმიდა თეოდოტია ეცხადებოდა და განამტკიცებდა. როცა მსაჯულმა იხილა, რომ შიმშილმა ანასტასიას ვერაფერი დააკლო, ბრძანა, იგი სიკვდილმისჯილ დამნაშავეებთან ერთად ზღვაში დაეხრჩოთ. მათ შორის იყო ქრისტესთვის დევნილი ევტიქიანეც.

როცა ხომალდი გაშლილ ზღვაში გავიდა, მხედრებმა რამდენიმე ადგილას გაბურღეს იგი, თავად კი ნავში გადასხდნენ. ტყვეებს თეოდოტია გამოეცხადა და გემს ნაპირისკენ გაუძღვა. ხმელზე გასულმა, სასწაულებრივად გადარჩენილმა ასოცმა კაცმა ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. მალე ყველა მათგანი შეიპყრეს და წამებით ამოჰხადეს სული. წმიდა ანასტასია ანთებულ კოცონს ზემოთ ბოძზე დაკიდეს. მას შემდეგ, რაც მოწამის ტანჯვით განწმენდილი სული უფალმა შეივედრა, მისი პატიოსანი სხეული კეთილმსახურმა ქალმა აპოლინარიამ ბაღში დაკრძალა.

  მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

66
თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (114)
ქვეშის ციხის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 24 ოქტომბერი

84
(განახლებულია 09:07 24.10.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 ოქტომბერი მოციქულ ფილიპეს, შვიდი დიაკონთაგანის, ღირსი თეოფანე აღმსარებლის, მოწამეთა ზინაიდას და ფილონილას ხსნების ღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან  მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოციქული ფილიპე, შვიდ დიაკონთაგანი

წმიდა მოციქული ფილიპე, მაცხოვრის სამოცდაათ უახლოეს მოწაფეთაგანი, პალესტინის კესარიაში დაიბადა. სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ თორმეტმა მოციქულმა წმიდანი იერუსალიმის ეკლესიის დიაკვნად დაადგინა. შვიდ პირველდიაკონს შორის უხუცესი იყო მთავარდიაკონი სტეფანე. როცა მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო და იუდეველებმა პირველმოწამე სტეფანე ქვებით ჩაქოლეს, ფილიპემ დატოვა იერუსალიმი. იგი სამარიაში გადასახლდა და აქ ავრცელებდა ქრისტეს სწავლებას.

 ნეტარი რამოდენიმე ხნის შემდეგ   იერუსალიმს დაუბრუნდა, სადაც მოციქულებმა ეპისკოპოსად აკურთხეს. ამ ხარისხში მოღვაწეობდა უფლის რჩეული ლიდიის ტრალიაში (მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთით) და მრავალი სული შეჰმატა ქრისტეს ეკლესიას.
წმიდა მოციქული ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა. წმიდა ფილიპე მოციქული - შვიდ დიაკონთაგანი უნდა განვასხვაოთ სხვა ფილიპესგან - ათორმეტ მოციქულთაგანისგან, რომელიც 14 ნოემბერს იხსენიება.

ღირსი თეოფანე აღმსარებელი, კანონმთქმელი, ნიკეის ეპისკოპოსი

ღირსი თეოფანე აღმსარებელი, კანონმთქმელი, ნიკეის ეპისკოპოსი არაბეთში დაიბადა. იგი ღირსი თეოდორე გამომეტყველის უმცროსი ძმა იყო. ძმებმა ბრწყინვალე განათლება მიიღეს, განსაკუთრებით ფილოსოფიით იყვნენ დაინტერესებულნი. ღვთის შეცნობის წყურვილმა ისინი წმიდა საბას ლავრაში მიიყვანა. აქ ღირსი თეოფანე ბერად აღიკვეცა, რამდენიმე წლის შემდეგ კი მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს.

წმიდა ძმები ხატმბრძოლთა მძლავრობისას განდიდდნენ უფლის წინაშე. იერუსალიმის პატრიარქის დავალებით ისინი კონსტანტინოპოლში გაემგზავრნენ და ამხილეს მწვალებელი იმპერატორი ლეონ სომეხი (813-820). შემდგომში უფლის რჩეულები ხატმბრძოლ იმპერატორებს მიხეილ ენაბრგვნილს (ბალბას) (820-829) და თეოფილესაც (829-842) შეაგონებდნენ და უხსნიდნენ ხატთაყვა-ნისცემის წმინდა წესს.

ნეტარი აღმსარებლები ოცდახუთი წელი იტანჯებოდნენ წმიდა ხატების დაცვისათვის. იმპერატორ თეოფილეს ბრძანებით ჯალათებმა მათ გახურებული ნემსებით შეურაცხმყოფელი სიტყვები ამოუტვიფრეს სახეებზე (ამიტომაც ეძახიან წმიდა მამებს „გამომეტყველებს“). „წერე, რაც მოგესურვება, საშინელ სამსჯავროზე წაიკითხავ შენს ნაწერს“, - უთხრეს თვითმპყრობელს ნეტარმა ძმებმა. თეოდორე საპყრობილეში აღესრულა (+833), თეოფანე კი გადაასახლეს. ხატთაყვანისცემის აღდგენის შემდეგ იგი გადასახლებიდან დაბრუნდა და ნიკეის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. მღვდელმთავარმა ასორმოცდაათამდე კანონი დაწერა, მათ შორის შესანიშნავი კანონი წმიდა ხატთა თაყვანისცემის დასაცავად. დაახლოებით 850 წელს მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წმიდა მოწამენი: ზინაიდა და ფილონილა

წმიდა მოწამენი: ზინაიდა და ფილონილა, ღვიძლი დები, პავლე მოციქულის ნათესავები და მოწაფეები იყვნენ. წმიდანებმა დატოვეს მშობლიური სახლი, კილიკიის ქალაქ დიმიტრიადის მახლობლად მდებარე გამოქვაბულში დასახლდნენ და აქ ატარებდნენ დღეებს დაუდუმებელ ლოცვასა და დაუცხრომელ ღვაწლში. ისინი ექიმობის ხელოვნებას ფლობდნენ, სნეულებს უსასყიდლოდ კურნავდნენ და ჭეშმარიტი ღვთისკენ მოქცევით მათ სულებსაც წამლობდნენ. ნეტარი დედების წმიდა ცხოვრება სათნოეყო უფალს და ისინი მოწამეობრივი გვირგვინის ღირსი გახადა: წმინდა ზინაიდა და ფილონილა ქვებით ჩაქოლეს (I).

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

84
დანთებული სანთლები სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში

საეკლესიო კალენდარი: 23 ოქტომბერი

143
(განახლებულია 08:51 23.10.2020)
საქართვლოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ოქტომბერს მოწამეთა ევლამპის და ევლამპიას, თეოტეკნის, ღირსი ბასიანეს, ღირსი თეოფილე აღმსარებელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამენი ევლამპი და ევლამპია 

წმიდა მოწამენი ევლამპი და ევლამპია და-ძმანი იყვნენ და ქალაქ ნიკომიდიაში ცხოვრობდნენ IV საუკუნეში. როცა იმპერატორმა მაქსიმიანემ (284-305; 307-310) გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც ყველა ქრისტიანი სიკვდილით უნდა დაესაჯათ, ევლამპიმ საჯაროდ ამხილა თვითმპყრობელი, რომელიც ქვეყნის მტრების ნაცვლად საკუთარ ქვეშევრდომებს უცხადებდა ბრძოლას. ამისთვის ნეტარი შეიპყრეს, სამსჯავროზე წარადგინეს და ქრისტეს უარყოფა მოსთხოვეს. როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღეს, უღმრთოებმა ჯერ რკინის იარაღებით სასტიკად აწამეს წმიდა აღმსარებელი, შემდეგ კი უფლის რჩეულები გახურებულ ქურაში შეყარეს, მაგრამ უვნებლად გადარჩნენ. ბოლოს ძმას თავი მოჰკვეთეს, დას კი წამებით ამოხადეს სული.
ეს მოხდა 303, სხვა ცნობით კი - 311 წელს.

წმიდა მოწამე თეოტეკნი

წმიდა მოწამე თეოტეკნი მხედართმთავარი იყო იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს. ერთხელ ანტიოქიაში, სადაც მსახურობდა უფლის რჩეული, იმპერატორი ჩავიდა და მოითხოვა, ქალაქის ყველა მკვიდრს წარმართული ღვთაებებისთვის მსხვერპლი შეეწირა. ქრისტიანმა თეოტეკნმა უარი განაცხადა ბრძანების შესრულებაზე. მაშინ უსჯულო თვითმპყრობელმა, რომელიც აბუჩად იგდებდა მაცხოვრის სარწმუნოებას, ახოვან რაინდს დედათა სამოსელი ჩააცვა და მხევლებთან ერთად ძაფის სართავად დასვა. სამი კვირის შემდეგ მაქსიმიანემ თავისთან იხმო მარტვილი - იმედოვნებდა, რომ დამცირებით მისი სული უკვე მოდრეკილი იქნებოდა, მაგრამ ნეტარმა პასუხად ქრისტეს მხნე აღსარება შეაგება. განრისხებულმა მაქსიმიანემ ბრძანა, ეწამებინათ წმიდანი და შემდეგ მდუღარე ფისით სავსე ქვაბში ჩაეგდოთ; მაგრამ როგორც კი თეოტეკნი ქვაბში ჩააგდეს, მის ქვეშ დაგზნებული ცეცხლი ჩაქრა და ფისიც გაცივდა. იმპერატორი შეძრწუნდა, ვეღარ გაბედა წამების გაგრძელება, საპყრობილეში გაგზავნა მოწამე და თავის ასისთავს უბრძანა, გასწორებოდა ნეტარს.

სატუსაღოში თეოტეკნთან ერთად აღმოჩნდა ქრისტიანი აღმსარებელი ალექსანდრა. წმიდანი მას ციხიდან გაქცევაში დაეხმარა. ეს რომ შეიტყო, ასისთავმა მხეცურად აწამა მარტვილი, ბოლოს კი ყელზე ლოდგამობმული ზღვაში ჩააგდო. რამოდენიმე ხნის შემდეგ უფლის სათნომყოფლის წმიდა ნაწილები ზღვისპირა ქალაქ როსაში (კილიკია) იპოვეს ქრისტიანებმა და პატივით მიაბარეს მიწას.

ღირსი ბასიანე

ღირსი ბასიანე აღმოსავლეთ სირიაში დაიბადა. იგი იმპერატორ მარკიანეს (450-457) ზეობაში მოღვაწეობდა კონსტანტინოპოლში. აქ წმიდანმა დააარსა სავანე, რომელშიც თანდათან სამასამდე ბერმა მოიყარა თავი. მათ შორის იყო მამათა სამოსელში გადაცმული ღირსი მატრონაც ნეტარმა ბასიანემ ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა.
ღვთივსათნო ცხოვრებითა და სასწაულებით ცნობილი წმიდა ბასიანე მშვიდობით აღესრულა, დაკრძალეს მის მიერ დაარსებულ სავანეში.

ღირსი თეოფილე აღმსარებელი

ღირსი თეოფილე აღმსარებელი ბულგარელი იყო. იგი ქალაქ ტიბერიოპოლის (შემდგომ - სტრუნიცა, მაკედონიაში) მიდამოებში დაიბადა. ნეტარმა ცამეტი წლის ასაკში ფარულად დატოვა სახლი და სელენტიის მთაზე მდებარე ლავრას მიაშურა. სამი წლის შემდეგ იგი ბერად აღკვეცეს. როცა წმიდანის მშობლებმა შვილის ადგილსამყოფელი შეიტყვეს, სავანეში მივიდნენ და იღუმენს თხოვეს, თეოფილე რამდენიმე ძმასთან ერთად ტიბერიოპოლში გაეშვა, მშობლიური სახლის სიახლოვეს მონასტრის დასაარსებლად. იღუმენმა ღვთის ნების გასაგებად მონასტერში მკაცრი მარხვა და გაძლიერებული ლოცვა ბრძანა. მესამე დღეს ტაძარში გაისმა ხმა, რომელიც წინამძღვარს თეოფილეს გაშვებაზე აძლევდა კურთხევას, რადგან იგი ახალ სავანეში უნდა გაბრწყინებულიყო დიდი სულიერი ღვაწლით.
როცა ტახტზე ხატმბრძოლი იმპერატორი ლეონ ისავრიელი (717-741) ავიდა, წმიდა მამა დაუფარავად აღდგა ხატმბრძოლთა მწვალებლობის წინააღმდეგ. ამისთვის უსჯულო თვითმპყრობელის ბრძანებით იგი დამნაშავესავით შებოჭილი ატარეს ქალაქის ქუჩებში. შემდეგ იმპერატორმა უფლის რჩეული წარჩინებულ კარისკაცს, იპატის გადასცა. ამ უკანასკნელმა დიდხანს ტანჯა წმიდანი, მაგრამ მისი გადაბირება ვერ მოახერხა. თეოფილემ თავად იპატის შეაცვლევინა აზრები - მან გზაშეცდომილს მოაგონა მოსეს მიერ სპილენძის გველის აღმართვა, ქერუბიმთა დამაგრება სჯულის კიდობანზე, ბოლოს კი ისიც გაიხსენა, თუ როგორ გაუგზავნა მაცხოვარმა თავისი ხელთუქმნელი ხატი ედესის მეფე ავგაროზს. იპატიმ იმპერატორი ნეტარი მამის განთავისუფლებაზე დაიყოლია. აღმსარებელი თავის სავანეში დაბრუნდა. ამის შემდეგ მას დიდხანს არ უცხოვრია: VIII საუკუნეში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

143
შსს-ს შენობა

შსს: პოლიცია პოლიტიკურად ნეიტრალური უწყებაა

0
ასეთი კომენტარი გააკეთა შსს-მ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ პოლიციის თანამშრომლები რეგიონებში  წინასაარჩევნო აგიტატორების როლს ასრულებენ.

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმისა შესახებ, თითქოს რეგიონებში არჩევნების წინ პოლიციის მობილიზება მიმდინარეობს.

ოპოზიციურმა ტელეარხმა „მთავარი არხი“ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიციის თანამშრომლები რეგიონებში  წინასაარჩევნო აგიტატორების როლს ასრულებენ.

„ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თითქოს პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან არის „ფეიკ ნიუსი" და არ შეესაბამება სიმართლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება და მედიასაშუალების მხრიდან მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელება ემსახურება პოლიციის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

საქართველოში 31 ოქტომბერს არჩევნები გაიმართება. ამ დღეს საქართველოს მოსახლეობა აირჩევს პარლამენტის დეპუტატებს, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს, ასევე რამდენიმე მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. ცესკოსა და შსს-ს შორის გაფორმებული შეთანხმებით, პოლიციის თანამშრომლები უზრუნველყოფენ წინასაარჩევნო კამპანიის და კენჭისყრის მსვლელობის უსაფრთხოებას, ასევე ბიულეტენების უსაფრთხო მიწოდებას უბნებზე.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020