მოწამეთა

საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 19 დეკემბერი

22
(განახლებულია 07:51 20.12.2019)
საქართელოს მართლმადიდებელი ეკლესია 19 დეკემბერს წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს აღნიშნავს. ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი – წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.

 

წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველადაც ითვლება და ეს  მას შემდეგმ  რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წმიდანს ქართული ეკლესია შეავედრა

ვინ იყო წმინდა ნიკოლოზი

წმიდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი ლუკიის ოლქის ქალაქ პათარში (მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე) დაიბადა. მის კეთილმსახურ მშობლებს - თეოფანესა და ნონას - შვილი დიდხანს არ ეძლეოდათ და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს მემკვიდრის მონიჭებას, თან აღთქმა დადეს, რომ თუ სათხოვარი შეუსრულდებოდათ, ნანატრ შვილს უფალსვე შესწირავდნენ. ბოლოს წრფელი გულით აღვლენილი ლოცვა შესმენილ იქნა და ნონამ შვა ძე, რომელსაც ნიკოლოზი დაარქვეს. წმიდანმა დაბადებისთანავე აღასრულა პირველი სასწაული: მშობიარობის შემდეგ დედამისი ხანგრძლივი სნეულებისგან განიკურნა. ახალშობილი ყრმა ნათლისღებისას ემბაზში ფეხზე იდგა ყველას დაუხმარებლად. წმიდა ნიკოლოზმა მარხვაც ჩვილობაში დაიწყო: ოთხშაბათობით და პარასკევობით მხოლოდ ერთხელ ღებულობდა დედის რძეს, მას შემდეგ, რაც მშობლები საღამოს ლოცვით კანონს აღასრულებდნენ.

ნიკოლოზი სიყრმიდანვე საღვთო წერილით იწვრთნებოდა; დღისით ტაძარში იყო, ღამით კი ლოცულობდა და წმიდა წიგნებს კითხულობდა. წმიდანის ბიძამ, პათარის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა, რომელსაც მეტად ახარებდა ძმისწულის სულიერი წინსვლა და ღვთისმოშიშება, ჯერ მედავითნედ დაადგინა იგი, შემდეგ კი მღვდლად აკურთხა. ხელდასხმის დღეს სულიწმიდის მადლით აღვსილმა მღვდელმთავარმა სამწყსოს წმიდა ნიკოლოზზე მიუთითა და თქვა: „ძმანო! მე ვხედავ ახალ მზეს, ამომავალს ქვეყნად ყოველთა მწუხარეთა ნუგეშინისცემად. ნეტარ არს სამწყსო, რომლის მწყემსიც იგი შეიქნება“.

ბიძამ ნეტარი ნიკოლოზი მხარში ამოიყენა და მრევლის წინაშე ქადაგებების წარმოთქმა დაავალა. საოცარი სარწმუნოებითა და გონიერებით გამორჩეული ჭაბუკი მორწმუნეებში ღრმა პატივისცემას იწვევდა.

წმიდა ნიკოლოზი მეტად გულმოწყალე იყო: მშობლების გარდაცვალების შემდეგ იგი მთელ ქონებას გლახაკებს ახმარდა. ერთხელ ერთმა მეტად შეძლებულმა კაცმა მთელი ქონება დაკარგა და უკიდურესი გაჭირვებიდან თავი რომ დაეღწია, გადაწყვიტა, სამი მოწიფული ასული საროსკიპოში მიეცა. ამის შესახებ რომ შეიტყო, შეძრწუნებულმა მღვდელმთავარმა მას ღამით, ფარულად, ფანჯრიდან სამი ქისა ოქრო შეუგდო და ოჯახი დაცემისა და სულიერი დაღუპვისგან იხსნა. წმიდა ნიკოლოზი ცდილობდა, კეთილი საქმეები მუდამ უჩუმრად ეკეთებინა. სურდა, რომ ისინი მხოლოდ უფლის წინაშე ყოფილიყო გაცხადებული.

ერთხელ პათარის ეპისკოპოსი იერუსალიმის მოსალოცად გაემგზავრა და სამწყსოზე ზრუნვა ნეტარ ნიკოლოზს გადააბარა. უფლის რჩეულმა სიყვარულით აღასრულა მორჩილება, მღვდელმთავრის დაბრუნების შემდეგ კი გამოითხოვა კურთხევა წმიდა მიწის მოლოცვაზე.

იერუსალიმში ჩასულმა ნიკოლოზმა უპირველესად გოლგოთას მიაშურა, შემდეგ კი ქრისტეს მიწიერ ცხოვრებასთან დაკავშირებული სხვა წმიდა ადგილებიც მოილოცა. სიონის მთაზე ღამით ასული მამის წინაშე ტაძრის დახშული კარები თავისით გაიღო. ბოლოს ნეტარმა გადაწყვიტა, უდაბნოში გასულიყო სამოღვაწეოდ, მაგრამ ზეციურმა ხმამ შეაჩერა და სამშობლოში დაბრუნება უბრძანა. განმარტოების მაძიებელი ღირსი მამა ლუკიაში წმიდა სიონად წოდებული სავანის ძმობაში შევიდა, მაგრამ უფალმა ისევ მიანიშნა, რომ ეს არ იყო მისთვის განმზადებული სამკალი და ერში გასვლა უბრძანა. საღვთო ხილვაში მაცხოვარმა ძვირფას ყდაში ჩასმული სახარება გაუწოდა ნეტარს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა კი - ომოფორი.

იმჟამად ქალაქ მირონში მთავარეპისკოპოსი გარდაცვლილი იყო და ახალი მღვდელმთავრის არჩევა მიმდინარეობდა. სხვადასხვა ქალაქებიდან შემოკრებილი ეპისკოპოსები მკაცრ მარხვასა და გაძლიერებულ ლოცვას მისცემოდნენ ამ მნიშვნელოვანი მოვლენის წინ. ამ დროს ერთ-ერთ მათგანს უფალი გამოეცხადა და უბრძანა, რომ ღამით ტაძრის კარებთან დამდგარიყო: „პირველი, ვინც შემოვა, ჩემი რჩეულია, მას ნიკოლოზი ჰქვია“. ამასობაში ნეტარი ნიკოლოზი მირონში ჩავიდა და იმ ღამითაც, ჩვეულებისამებრ, ტაძარში წავიდა ცისკრის ლოცვების მოსასმენად. როცა კარებთან მდგარმა ეპისკოპოსმა საყდარში პირველად შემოსულის სახელი შეიტყო, ხელი ჩასჭიდა მას და უფლის რჩეულის მოლოდინში იქვე თავმოყრილ სხვა მღვდელმთავრებს შორის ჩააყენა. ხმა მომხდარის შესახებ სწრაფად გავრცელდა ქალაქში და სულ მალე ურიცხვი ხალხი მოაწყდა ტაძარს. „მიიღეთ, ძმებო, თქვენი მწყემსმთავარი, რომელიც თავად სულიწმიდამ სცხო და თქვენს სულებზე ზრუნვა მიანდო; რომელიც ადამიანთა კრებულის მიერ კი არა, თვით ღვთის განგებულებითაა დადგენილი!“ - მიმართა შეკრებილებს ზეციური ხილვით ჩაგონებულმა ეპისკოპოსმა.

როდესაც იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო. წმიდა ნიკოლოზი არ შემდრკალა - კვლავ ახოვნად ქადაგებდა ღვთის სიტყვას, რისთვისაც შეიპყრეს და სხვა მართლმორწმუნეებთან ერთად საპყრობილეში ჩააგდეს. აქ იგი კარგა ხანს იყო გამომწყვდეული, მოთმინებით იტანდა სატანჯველებს და განამტკიცებდა თანაპყრობილებს. ბოლოს დევნა შეწყდა. ტახტზე წმიდა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდი (306-337) ავიდა, რის შემდეგაც ნეტარი მწყემსმთავარი თავის სამწყსოს დაუბრუნდა.

325 წელს წმიდანი მონაწილეობდა I მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, რომელმაც ნიკეის სარწმუნოების სიმბოლო მიიღო. გადმოგვცემენ, რომ არიოზთან საღვთისმეტყველო კამათში ჩაბმულმა წმიდა ნიკოლოზმა ვერ გაუძლო ერეტიკოსის ღვთისმგმობელი სიტყვების მოსმენას და მთელი თავყრილობის თანდასწრებით კვერთხი ჩაარტყა ბილწ ერეტიკოსს. ამისთვის წმიდანს ხარისხი აჰყარეს, მაგრამ კრების რამდენიმე მამამ საღვთო ჩვენებით იხილა, რომ ნეტარს ერთ მხარეს მაცხოვარი ედგა სახარებით ხელში, მეორე მხარეს კი - ღვთისმშობელი ომოფორით და, საღმრთო ჩვენებით, კვლავ მღვდელმთავრის პატივში აღადგინეს უფლის რჩეული.

მღვდელმთავარმა ნიკოლოზმა ღრმა მოხუცებულობას მიაღწია და მშვიდობით მიიცვალა 345-351 წლებში. მისი მირონმდინარე წმიდა ნაწილები ადგილობრივ საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული და მრავალ სნეულს კურნავდა. 1087 წელს ეს სიწმინდე იტალიის ქალაქ ბარში გადაასვენეს

წმინდა ნიკოლოზის სასწაულები

წმიდა ნიკოლოზმა სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული აღასრულა. მათგან ნეტარს განსაკუთრებით გაუთქვა სახელი ვერცხლისმოყვარე ქალაქის თავის მიერ უსამართლოდ სიკვდილმისჯილი სამი კაცის გადარჩენამ. სულიწმიდის მადლით გაძლიერებული მღვდელმთავარი გაბედულად მიეჭრა ჯალათს, უკვე ამართული მახვილი ხელიდან გამოსტაცა და მიწას დაანარცხა. წმიდა ნიკოლოზის მიერ უმსჯავრობაში მხილებული ქალაქის თავი სინანულში ჩავარდა და შენდობა ითხოვა. ამ ამბებს იმპერატორ კონსტანტინეს მიერ ფრიგიაში შფოთის ჩასაცხრობად გაგზავნილი მხედართმთავრები: ნაბუტიანოსი, აფრისიონი და არბიდიანაც შეესწრნენ. მაშინ მათ აზრადაც არ მოსდიოდათ, რომ მალე თავადაც დასჭირდებოდათ წმიდა ნიკოლოზის შეწევნა. ფრიგიიდან გამარჯვებით დაბრუნებულ სარდლებს მათდამი შურით აღძრულმა სხვა მხედართუფროსებმა სამეფო ტახტის წინააღმდეგ შეთქმულების მზადება დასწამეს და იმპერატორთან დაასმინეს. განრისხებულმა კონსტანტინემ ბრძანა, ნაბუტიანოსი, აფრისიონი და არბიდიანა დაუყოვნებლივ შეეპყროთ და სიკვდილით დაესაჯათ. საკანში გამომწყვდეულ სასოწარკვეთილ მსჯავრდებულებს მირონ-ლუკიის წმიდა მღვდელმთავარი მოაგონდათ და მხურვალე ლოცვით მეოხება გამოითხოვეს მისგან. წრფელი გულით აღვლენილი ვედრება უპასუხოდ არ დარჩენილა: წმიდა ნიკოლოზი სიზმრისეულ ჩვენებაში გამოეცხადა კონსტანტინეს და უბრძანა, გაეთავისუფლებინა უსამართლოდ პყრობილი მხედართმთავრები.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

22
შობის ხატი

საშობაო მარხვა: რა არის აკრძალული და რა დაშვებული

52
(განახლებულია 11:46 28.11.2020)
28 ნოემბრიდან იწყება შობის მარხვა, რომელიც, საეკლესიო კალენდრის თანახმად, ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს და 7 იანვარს, უფლის შობის დღეს დასრულდება.

საქართველოში 28 ნოემბერს შობის მარხვა დაიწყო.

40-დღიანი მარხვის პერიოდში მორწმუნეებს ეკრძალებათ ხორცი, კვერცხი და რძის პროდუქტები. შობის მარხვას მართლმადიდებლები სიხარულის მარხვასაც ეძახიან. ის შედარებით მსუბუქად ითვლება, რადგან 25 დეკემბრამდე, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, დაშვებულია თევზის მიღება. 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე კი მორწმუნეებმა უკვე მკაცრად უნდა იმარხულონ.

თუმცა ქვეყანაში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, საპატრიარქომ წელს გამონაკლისი დაუშვა და შობის მარხვაში მორწმუნეებს, საჭიროების შემთხვევაში, რძის ნაწარმის მიღების ნება მიეცათ. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართვაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქომ პარასკევს გაავრცელა.

საეკლესიო ტრადიციით, ამ მარხვას ფილიპე მოციქულის ხსენების დღესაც უკავშირებენ.

შობის მარხვას ვიცავთ ისე, როგორც მოციქულთა მარხვას. ამ მარხვის დროს, როგორც წესი, გარდა ოთხშაბათისა და პარასკევისა, თვით ბერ-მონაზვნებისთვისაც კი დაშვებული იყო თევზის, ზეთისა და ღვინის ზომიერად მიღება.

საშობაო მარხვა ქრისტეშობის დღესასწაულისათვის მომზადების პერიოდია. 

წმიდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აბინავებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს მაცხოვარი. უფრო მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ ახალშობილ მაცხოვარს ძღვენი მიართვეს: ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო – როგორც მეფეს, გუნდრუკი – როგორც ღმერთს და მური – როგორც კაცს, ვინაიდან მურს გარდაცვლილის ცხედრის გასაპატიოსნებლად იყენებდნენ, რათა შენახულიყო იგი.

საშობაო მარხვა უძველესი დროიდანაა დადგენილი და მორწმუნეები მას პირველივე საუკუნიდან იცავენ. სხვადასხვა საუკუნეებში ამ მარხვას განსხვავებული დღეთა რაოდენობა ჰქონდა; 1166 წელს ჩატარებულ კრებაზე კი მისი ხანგრძლივობა 40 დღით განისაზღვრა.

ეკლესიის ისტორიას შობის მარხვის შესახებ ცნობები IV საუკუნიდან მოეპოვება. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ცნობებს ვხვდებით XIV საუკუნემდე, უფრო ზუსტად სვიმეონ თესალონიკელამდე. უფრო ადრე (XII საუკუნეში) ფრიად საინტერესოდ და დაწვრილებით მოგვითხრობენ მარხვის შესახებ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბალსამონი და ერთ-ერთი იმდროინდელი საეკლესიო კრება, XI საუკუნეში — ანასტასი სინელი და ისააკ კათალიკოსი. საინტერესო ცნობებია დაცული X საუკუნის საეკლესიო კრების ოქმებში, რომელიც იმპერატორ კონსტანტინესა და რომანოზ უფროსად წოდებულის დროს იქნა მოწვეული. 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

52
რუსთავის სიონის ტაძარი

საეკლესიო კალენდარი: 28 ნოემბერი

110
(განახლებულია 22:06 27.11.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 28 ნოემბერს მოწამეთა: გურის, სამონის და აბიბოს, მოწამეთა: ელპიდესი, მარკელისა და ევსტოქის,  მოწამიმე დიმიტრის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან ისინი მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამენი და აღმსარებელნი: გური, სამონი და აბიბო

 წმიდა გური და სამონი ქალაქ ედესაში (მაკედონია) დაიბადნენ. ქრისტეს სიყვარულით ანთებული წმინდანები უდაბნოში გავიდნენ სამოღვაწეოდ და მრავალ წარმართს მოაქცევდნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე. როცა იმპერატორებმა: დიოკლეტიანემ და მაქსიმიანემ (284-305) ქრისტიანთა დევნა დაიწყეს, უფლის რჩეულები შეიპყრეს და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. წმიდანებმა უღმერთოებს მტკიცე უარით უპასუხეს, რისთვისაც საშინელი სატანჯველები დაატყდათ თავს, შემდეგ  მოწამეებს  თავები მოჰკვეთეს (+299-306).  

წარმართმა იმპერატორმა ლიკინიუსმა (307-324) კვლავ დაიწყო ქრისტიანთა დევნა. მტარვალმა ბრძანა, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოების გავრცელებისთვის ედესის ეკლესიის დიაკონი აბიბოც შეეპყროთ. უფლის რჩეულმა არ ისურვა, რომ მის ძიებას სხვა ქრისტიანებიც ემსხვერპლა, ამიტომ თავად გამოცხადდა ჯალათებთან სამსჯავროზე. უღმერთოებმა მას დაწვა მიუსაჯეს. ქრისტეს ახოვანი მოსაგრე თავად შევიდა კოცონში და ლოცვით შეჰვედრა სული უფალს (+322).

წმიდა მოწამენი: ელპიდი, მარკელე და ევსტოქი

წმიდა მოწამენი: ელპიდი, მარკელე და ევსტოქი იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) ზეობისას ეწამნენ. წმიდა ელპიდის სასახლის კარზე მნიშვნელოვანი თანამდებობა ეჭირა. ქრისტეს აღსარებისთვის იგი მარკელესთან და ევსტოქისთან ერთად შეიპყრეს და მეფის სამსჯავროზე წარადგინეს. მოწამეებმა მრავალი სატანჯველი დაითმინეს, რის შემდეგაც უღმერთოებმა ცეცხლში დაწვეს. იმ ადგილას, სადაც ქრისტიანებმა წმიდათა პატიოსანი ნაწილები დაკრძალეს, ქრისტეს სასწაულებრივი გამოცხადება მოხდა ანგელოზთა დასთან ერთად და უფალმა ელპიდი მკვდრეთით აღადგინა. იმპერატორმა ბრძანა, კვლავ შეეპყროთ წმიდა მოწამე. უფლის რჩეულის წამების დროს მისი ლოცვით მახლობლად მდგარი კერპები ერთიანად შეიმუსრა. ამ სასწაულის მხილველი ექვსი ათასზე მეტი წარმართი მოექცა ქრისტიანობაზე, წმიდა ელპიდი კი ხელახლა დაწვეს.

წმიდა მოწამე დიმიტრი

წმიდა მოწამე დიმიტრი ეწამა იმპერატორების: მაქსიმიანე გალერიუსისა(305-311) და მაქსიმინეს (305-313) ზეობისას. ქრისტეს მხნე აღსარებისთვის უღმერთოებმა მას თავი მოჰკვეთეს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

110
მდგომარეობა მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებით

მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების და გარდაცვალების რეკორდი დაფიქსირდა

0
კორონავირუსის მეორე ტალღამ ქვეყნებს გაცილებით დიდი ძალით გადაუარა, ვიდრე პირველმა, და ინფიცირებულთა რაოდენობა გამუდმებით იზრდება

თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა ბოლო 24 საათში 747 082-ით გაიზარდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია, ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე მოყვანილ მონაცემებში.

ერთ დღე-ღამეში გარდაიცვალა 13 296 ადამიანი, რაც ასევე რეკორდული რიცხვია.

COVID-19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში (405 ათასზე მეტი) და ევროპაში (236 ათასზე მეტი).

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 61,2 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1,4 მილიონზე მეტი ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 11 მარტს ახალი კორონავირუსის აფეთქებას პანდემია უწოდა.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში