საეკლესიო კალენდარი: 12 დეკემბერი

გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 12 დეკემბერს მღვდელმოწამე აბიბოსის, ნეკრესელი ეპისკოპოსის, მოწამე პარამონის და მისთან 370 მოწამის, მოწამე ფილუმენის, ღირსი აკაკი სინელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელი

წმიდა აბიბოს ნეკრესელი, საქართველოში ჩამოვიდა VI საუკუნეში ცამეტ ასურელ მამასთან ერთად. წავიდა მამა თავიდან ღირს იოანესთან და სხვა ძმებთან ერთად ზადენის მთაზე ცხოვრობდა, შემდგომ კი ევლავიოს კათოლიკოსის და იოანე ზედაზნელის კურთხევით წმიდა აბიბოსი ნეკრესს ჩავიდა და მოციქულებრივ ღვაწლს შეუდგა.

ამ დროს საქართველოში ცეცხლთაყვანისმცემელი სპარსელები ბატონობდნენ და ყველა ძალას ხმარობდნენ თავიანთი ცრუ სარწმუნოების გასავრცელებლად. მათ მრავალგან ააგეს ბომონები, სადაც ჩაუქრობლად ენთო ცეცხლი. მაზდეანები ზარ-ზეიმით აღასრულებდნენ თავიანთ ბოროტ წესებს და ქართველთა გადადრეკას ცდილობდნენ.

ყარაჯაანთ ეკლესია სოფელ გავაზში - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 11 დეკემბერი

წმიდა აბიბოს ნეკრესელი დაუღალავად დადიოდა თავისი ეპარქიის სოფლებსა და დაბებში, ჭეშმარიტებას უქადაგებდა ქართველებს და სიმტკიცისკენ მოუწოდებდა. ერთხელ წმიდა მღვდელმთავარმა ნახა, რომ მოგვები აიძულებდნენ ქართველებს, თაყვანი ეცათ ცეცხლისთვის, ვეღარ მოითმინა ბოროტება, წყალი დაასხა ცეცხლს და ჩააქრო. განრისხებულმა მოგვებმა შეიპყრეს წმიდა აბიბოსი, სასტიკად სცემეს და ცოცხალ-მკვდარი საპყრობილეში ჩააგდეს. შემდგომ ეს ამბავი აცნობეს სპარსეთის მარზპანს, რომელიც ამ დროს სოფელ რეხში იმყოფებოდა. მარზპანმა ბრძანა, მისთვის მიეგვარათ წმიდა აბიბოსი.

ჯალათებმა საშინლად ტანჯეს ნეტარი აბიბოსი და ბოლოს „ქვითა განტვინეს“. მისი წმიდა ცხედარი ქალაქგარეთ გაათრიეს, უპატიოდ დააგდეს ცხოველთა და ფრინველთა საჯიჯგნად და მცველები მიუჩინეს, რომ ქრისტიანთაგან არავის წაესვენებინა და პატივით არ დაეფლა წმიდანის ნეშტი. ღამით რეხის მღვდლები და ბერები მივიდნენ და დიდი პატივით დაასაფლავეს წმიდა მღვდელმოწამის ცხედარი სამთავისის მონასტერში.ქართლის ერისთავის, სტეფანოზის დროს წმიდა მღვდელმოწამის უხრწნელი ნაწილები სამთავსიდან მცხეთის სამთავროს მონასტერში გადაასვენეს და დაკრძალეს წმიდა ტრაპეზის ქვეშ.

წმიდა მოწამენი: პარამონი და სხვანი სამას სამოცდაათი მის თანა

წმიდა მოწამე პარამონი და სხვანი სამას სამოცდაათნი მის თანა 250 წელს, იმპერატორ დეკიუსის (249-251) მეფობისას აღესრულენ ქრისტესთვის. ბითვინიის (მცირე აზია) მთავარმა, აკვილინემ სამას სამოცდაათი მართლმორწმუნე შეაპყრობინა და წამებით აიძულებდა მათ, კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირათ. ქრისტიანთა ტანჯვა რომ იხილა, ადგილობრივმა მკვიდრმა, დიდებულმა პარამონმა შესძახა: „რამდენი უდანაშაულო იღუპება იმისთვის, რომ უსულო კერპებს არ სცემს თაყვანს!“ ამისთვის ისიც შეიპყრეს, ენა გაუხვრიტეს, სხეული მახვილებით დაუსერეს, დაბოლოს, სხვა სამას სამოცდაათ მოწამესთან ერთად თავი მოჰკვეთეს.

გელათის მონასტერი - Sputnik საქართველო
საეკლესიო კალენდარი: 9 დეკემბერი

წმიდა მოწამე ფილუმენი

წმიდა მოწამე ფილუმენი გალატიის ანკვირიაში ცხოვრობდა და პურის გაყიდვით ირჩენდა თავს. როცა იმპერატორმა ავრელიანემ (270-275) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, მოშურნეებმა წმიდანი მმართველ ფელიქსთან დაასმინეს - ქრისტეს აღიარებსო. სამსჯავროს წინაშე წარმდგარმა ფილუმენმა არ უარყო ჭეშმარიტი ღმერთი, რისთვისაც საშინლად აწამეს მანამ, სანამ, სისხლისაგან დაცლილმა, სული უფალს არ შეჰვედრა. ეს მოხდა 274 წელს.

ღირსი აკაკი სინელი

ღირსი აკაკი სინელის შესახებ წმიდა იოანე კიბისაღმწერელი მოგვითხრობს თავის „სათნოებათა კიბეში“. ნეტარი აკაკი ცხრა წლის მანძილზე - სიკვდილამდე მორჩილებით იტანდა უდები და უწყალო მოძღვრის სასტიკ მოპყრობას, რისთვისაც უფალმა ცხონება მიმადლა (მისი ცხოვრება იხილეთ 7 ივლისის საკითხავში).

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

ყველა ახალი ამბავი
0