ილია მეორე

ილია მეორე: ბოროტი ძალა ცდილობს, ადამიანი ღმერთს ჩამოაშოროს

141
(განახლებულია 16:09 04.12.2019)
პატრიარქმა მრევლს შეახსენა რომ მიწიერი ცხოვრება დროებითია და მხოლოდ სასუფეველია მარადიული და მათ სიკეთესა და ბოროტებას შორის არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა

 

თბილისი,  4 დეკემბერი - Sputnik.  მიდის საშინელი ბრძოლა და ბოროტი ძალა ცდილობს, ადამიანი ჩამოაშოროს ღმერთს,  განაცხადა საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ჩატარდა.

პატრიარქმა ამ დღეს ბედნიერი უწოდა, რამდენადაც ეს არის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება. მისი სიტყვებით, ეს არის გზა, რომელიც გვიჩვენა ყოვლადწმინდამ, თუ როგორ უნდა მივიდეთ სასუფეველში. 

 „ეს არის ტაძარი, ეს არის კარიბჭე სასუფეველისა. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ამ კარიბჭეში შევა.  ჩვენ გარშემო მიდის საშინელი ბრძოლა, ბოროტი ძალა ცდილობს, ადამიანი ჩამოაშოროს ღმერთს, ზეციური ძალა ცდილობს, არ დაუშვას ბოროტება ადამიანთა, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრი რამ თავად ადამიანზეა დამოკიდებული, რას აირჩევს – კეთილ გზას აირჩევს, თუ ბოროტს“ ,- განაცხადა ილია მეორემ.

მისი სიტყვებით, ხშირად ადამიანი ამბობს, რომ სურს, ბედნიერი იყოს დედამიწაზე, რადგან არ იცის, რა იქნება გარდაცვალების შემდეგ. პატრიარქის თქმით, წუთისოფელში ცხოვრება დროებითია და ის არაფერია სამუდამო სასუფეველთან შედარებით.

 „უნდა შედგეს სინერგია, დაახლოება ორი ძალისა, ადამიანისა და ღვთაებრივი ძალისა ან ადამიანისა თუ ბოროტი ძალისა... სასუფეველი დაუსრულებელია.  ადამიანს უნდა ჰქონდეს კავშირი დედამიწასთან“ ,- განაცხადა ილია მეორემ.

მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდრის მიხედვით 4 დეკემბერს თორმეტი საუფლო დღესასწაულიდან ერთ–ერთი – ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება აღინიშნება.

დღესასწაულს საფუძვლად უდევს თქმულება, თუ როგორ მიიყვანეს მშობლებმა მარიამი სამი წლის ასაკში იერუსალიმის ტაძარში.

დღესასწაული ქრისტიანობის დასაწყისში დაფუძნდა, ხოლო მართლმადიდებლურ სამყაროში ფართო გავრცელება IX საუკუნეში ჰპოვა.

141
თემები:
საქართველოს საპატრიარქო (111)
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში

საეკლესიო კალენდარი: 25 ნოემბერი

82
(განახლებულია 19:59 24.11.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 25 ნოემბერს წმიდა იოანე მოწყალის, ღირსი ნილოს მმარხველის და აქია წინასწარმეტყველის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა იოანე მოწყალე - ალექსანდრიელი პატრიარქი

წმიდა იოანე მოწყალე - ალექსანდრიელი პატრიარქი დაიბადა კვიპროსზე, მთავარ ეპიფანეს ოჯახში. იგი თხუთმეტი წლისა იყო, როცა სიზმრისეულ ჩვენებაში იხილა საკვირველი ასული ზეთისხილის გვირგვინით თავზე, რომელმაც უთხრა: „მე დიდი მეუფის უფროსი და უსაყვარლესი ქალიშვილი ვარ. თუ ჩემი მეგობარი გახდები, წყალობას გამოგითხოვ მისგან და მის საყდართან წარგადგენ, რადგან არავის გააჩნია ისეთი კადნიერება მეუფის წინაშე, როგორც მე“. წმიდანი მიხვდა, რომ ეს ასული იყო გულმოწყალება - უმაღლესი სათნოება. „უნდა შეიწყალო მოყვასი, თუ გინდა, რომ უფალმა შეგიწყალოს“, - ფიქრობდა იგი, როცა განთიადისას ტაძრისკენ მიემართებოდა. გზად ნეტარმა იხილა შიშველი გლახაკი, რომელიც სიცივისგან ძრწოდა, გაიხადა ზედა სამოსელი, მას უბოძა და თან გონებაში გაიფიქრა: „ახლა შევიტყობ, წუხელ საღვთო ჩვენება ვიხილე, თუ ეშმაკმა განმცადა“. მაგრამ სანამ ეკლესიამდე მიაღწევდა, წმიდანს თეთრებში შემოსილი უცნობი შეხვდა, რომელმაც ფუთა გამოუწოდა და უთხრა: „მეგობარო, მიიღე ეს ასი ოქრო შენი საჭიროებებისათვის“. იოანემ მიიღო საჩუქარი და მაშინვე მიხვდა, რომ მისი ხილვა - ზეციური გამოცხადება იყო და საკუთარ თავს უთხრა: „სულო ჩემო, კმარა, ნუ ცდი უფალს!“ ამ დღიდან მოყოლებული წმიდანი საოცრად გულმოწყალე გახდა.

ახალგაზრდობაში იოანე დაცოლშვილებული იყო, მაგრამ მალე მეუღლე და შვილები გარდაეცვალა. ამის შემდეგ იგი ბერად შედგა და მკაცრ მარხვასა და ლოცვას მიეცა.
სულიერმა ღვაწლმა წმიდა მამას შორს გაუთქვა სახელი და, როცა ალექსანდრიის საპატრიარქო კათედრა დაქვრივდა, იმპერატორმა ჰერაკლემ (610-641) და სასულიერო პირთა დასმა მას სთხოვეს, ეტვირთა ეკლესიის მესაჭეობა. იოანე თავმდაბლობის გამო დიდხანს უარობდა, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა, დათანხმებულიყო.
ნეტარი მღვდელმთავარი ღირსეულად ეზიდებოდა თავის მძიმე ჯვარს: ზრუნავდა სამწყსოს ზნეობრივ სრულყოფაზე, ებრძოდა მწვალებლურ სწავლებებს, მაგრამ თავის მთავარ საქმედ მაინც მოწყალება და ყველა გაჭირვებულის დახმარება მიაჩნდა.

ეგვიპტეზე სპარსელთა თავდასხმის დროს წმიდა იოანემ დატოვა ალექსანდრია და თავისი სამშობლოს - კვიპროსის გავლით კონსტანტინოპოლისკენ გაეშურა. გზაში ნეტარს საღვთო გამოცხადება ჰქონდა - სიზმრისეულ ჩვენებაში ნათელმოსილი ჭაბუკი წარდგა მის წინაშე და უთხრა: „გიხმობს მეუფე მეუფეთა“. პატრიარქი მიხვდა, რომ მისი აღსასრული მოახლოვდა, კუნძულ კვიპროსზე, მშობლიურ ქალაქ ამათუნტში გაჩერდა, განემზადა სიკვდილისთვის და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (+616, 619 ან 620 წელს). ნეტარი იმავე ქალაქში, წმიდა ტიხონის სახელობის ტაძარში დაკრძალეს.

წმიდა იოანე 11 ნოემბერს მიიცვალა, მაგრამ რადგან ამ დღეს ეგვიპტეში საზეიმოდ აღინიშნებოდა წმიდა მოწამე მინას ხსენება, ალექსანდრიაში კი - ღირსი თეოდორე სტუდიელისა, ეკლესიამ მის მოსახსენებელ დღედ 12 ნოემბერი განაწესა.

ღირსი ნილოს მმარხველი

ღირსი ნილოს მმარხველი, წმიდა იოანე ოქროპირის მოწაფე, კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა IV-V საუკუნეში. მან მშვენიერი განათლება მიიღო, რის შემდეგაც, ჯერ ისევ ახალგაზრდა, დედაქალაქის პრეფექტის მნიშვნელოვან თანამდებობაზე გაამწესეს. ამ დროისათვის ნილოსი უკვე დაქორწინებული იყო და ორი შვილი ჰყავდა. მეუღლეებს, რომელთა ცხოვრებასა და მსოფლმხედ-ველობაზე დიდ გავლენას ახდენდა ნეტარი იოანე ოქროპირი, სულს უმძიმებდა სამეფო კარის ბრწყინვალე ყოფა. მათ გადაწყვიტეს, გაყრილიყვნენ და მონაზვნურ ღვაწლს შედგომოდნენ. ნილოსის მეუღლემ ასულთან ერთად ეგვიპტის ერთ-ერთ დედათა მონასტერს მიაშურა, თავად ნილოსი კი ძესთან, თეოდულესთან ერთად სინას მთაზე, საკუთარი ხელით გამოკვეთილ მღვიმეში დამკვიდრდა.

ღირსი მამა ორმოცი წელი ცხოვრობდა ამ გამოქვაბულში. მრავალი განსაცდელი გადაიტანა წმინდანმა ამ ხნის განმავლობაში, მაგრამ ყველაზე ძნელი მაინც საკუთარი შვილის დაკარგვა იყო, რომელიც გასაყიდად მოსტაცეს მას ავაზაკებმა.

ღირსმა ნილოსმა დაკარგულ ვაჟიშვილს მიაკვლია ემესის ეპისკოპოსთან, რომელსაც იგი ავაზაკებისაგან გამოესყიდა. ამავე მღვდელმთავარმა მამა-შვილი სამღვდელო ხარისხში აკურთხა. ხელდასხმის შემდეგ მეუდაბნოეები სინას მთას დაუბრუნდნენ და ღირსი ნილოსის აღსასრულამდე (+430 ან 450) ერთად მოღვაწეობდნენ.

წინასწარმეტყველი აქია

წინასწარმეტყველი აქია ქალაქ სილომში დაიბადა. იგი მეფეების: სოლომონისა და იერობოამის (ქრისტეს შობამდე 1010-963 წლებში) თანამედროვე იყო. აქიამ გაუცხადა იერობოამს, რომ იგი გამეფდებოდა ისრაელის ათ შტოზე, შემდეგ კი უსჯულოებისთვის მთელი მისი გვარეულობის ამოძირკვა უწინასწარმეტყველა. წმიდანის ყველა წინასწართქმა ახდა. ნეტარმა აქიამ ღრმა მოხუცებულობას მიაღწია, სიბერის გამო თვალისჩინი წაერთვა, დასნეულდა, ბოლოს კი, ქრისტეს შობამდე 960 წელს, მშვიდობით მიიცვალა.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით .

82
თემები:
საეკლესიო კალენდარი
სამება

საეკლესიო კალენდარი: 24 ნოემბერი

75
(განახლებულია 12:16 24.11.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 ნოემბერს დიდმოწამე მინას, მოწამეთა ბიქტორის და სტეფანიადას, ბიკენტის, ღირსი თეოდორეს და მოწამე სტეფანე დეჩანელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik- საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

დიდმოწამე მინა

წმიდა დიდმოწამე მინა ეგვიპტელი იყო. იმპერატორების: დიოკლეტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) ზეობის ჟამს იგი მხედრად მსახურობდა ქალაქ კოტუანში. როცა თანამმართველებმა ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყეს, წმიდანმა არ ისურვა მტარვალების ხელქვეითად ყოფნა, დატოვა სამსახური, მთებს მიაშურა და მარხვისა და ლოცვის ღვაწლს მიეცა. ერთხელ, ერთ-ერთი წარმართული დღესასწაულის დროს, მინა კვლავ ჩავიდა კოტუანში და საზეიმო სანახაობების საყურებლად შემოკრებილი ქალაქის მცხოვრებლების წინაშე იქადაგა ქრისტე მაცხოვრის სარწმუნოება. უფლის რჩეული შეიპყრეს და მმართველ პიროსის სამსჯავროზე წარადგინეს. მტარვალმა ვერ დაითანხმა წმიდანი ცრუღვთაებებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე, რის შემდეგაც იგი სასტიკად აწამეს, ბოლოს კი მახვილით განგმირეს (+304).

მოწამენი ბიქტორი და სტეფანიდა

წმიდა მოწამე ბიქტორი მხედრად მსახურობდა მარკუს ავრელიუსის, ფილოსოფოსის (161-180) მეფობისას. როცა იმპერატორმა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, ბიქტორმა უარი განაცხადა ცრუ ღმერთებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე. ურჩობისთვის წმიდანი საწამებლად გადასცეს: იგი ჯერ გახურებულ ღუმელში გამოკეტეს, შემდეგ - ადუღებულ ზეთში ჩააგდეს, მაგრამ უვნებლად გადარჩა. ლოცვის ძალით ნეტარმა დაამარცხა ჯადოქარი, რომელმაც ამის შემდეგ მისნობაზე ხელი აიღო და გაქრისტიანდა. უფლის რჩეულის ლოცვით დაბრმავებულ მეომრებს თვალები აეხილათ. წმიდა ბიქტორის მეოხებით უფლის მიერ აღსრულებული სასწაულები რომ იხილა, ერთ-ერთი ჯალათის მეუღლემ, სტეფანიდამ ირწმუნა და დაუფარავად აღიარა ქრისტე. უსჯულოებმა იგი ორ გადაზნექილ პალმაზე მიაბეს და როცა ხეები გაიმართა, მარტვილი ნაფლეთებად იქცა. წმიდა ბიქტორს თავი მოჰკვეთეს. ერთი ცნობით, მოწამენი დამასკოში აღესრულნენ II საუკუნეში და იქვე დაკრძალეს, სხვა წყაროებით კი - ქალაქ ალექსანდრიაში.

წმიდა მოწამე ბიკენტი

წმიდა მოწამე ბიკენტი ბავშვობიდანვე ქალაქ ავგუსტოპოლის (დღევანდელი სარაგოსა, ესპანეთი) ეპისკოპოსის, ნეტარი ვალერის მოწაფე იყო. როცა კეთილმსახურმა, განათლებულმა და მჭევრმეტყველმა ბიკენტიმ სრულწლოვანებას მიაღწია, მღვდელმთავარმა იგი დიაკვნად აკურთხა. იმ ხანებში უღმრთო დიოკლეტიანეს (284-305) ბრძანებით ესპანეთში, ქალაქ ვალენსიაში ქრისტიანთა დასასჯელად ჩავიდა მმართველი დაციანე. წმიდანები შეიპყრეს და ხანგრძლივი ტანჯვისა და წამების შემდეგ საჯარო დაკითხვა მოუწყვეს. დაკითხვაზე პირველად ეპისკოპოსი წარადგინეს. მეუფე ჩუმად, ენის ბორძიკით, თითქოს გაუბედავად ლაპარაკობდა. მაშინ წინ წარდგა წმიდა ბიკენტი და მსაჯულებისა და შემოკრებილი ხალხის წინაშე წარმოთქვა საუკეთესო ქადაგება, რომლითაც საჯაროდ აღიარა და ადიდა ჭეშმარიტი ღმერთი. მტარვალმა მღვდელმთავარი საპყრობილეში ჩააბრუნა და დიაკვნის წამება ბრძანა. შემდეგ კი ნეტარი მოწამე ცეცხლში დაწვეს (+304).

ღირსი თეოდორე სტუდიელი, აღმსარებელი 

ღირსი თეოდორე სტუდიელი 785 წელს დაიბადა კონსტანტინოპოლში, კეთილმსახური ქრისტიანების: სამეფო ხარკის ამკრეფის, ფოტინისა და მისი მეუღლის, თეოქტისტას ოჯახში. მან სერიოზული განათლება მიიღო დედაქალაქის საუკეთესო რიტორებთან, ფილოსოფოსებთან და ღვთისმეტყველებთან.

ამ დროს იმპერიაში ფართოდ გავრცელდა ხატმბრძოლთა მწვალებლობა, რომელსაც უსჯულო იმპერატორი კონსტანტინე კოპრონიმიც (741-775) თანაუგრძნობდა. ხატმბრძოლი თვითმპყრობელისა და მისი კარის შეხედულებები გადაჭრით ეწინააღმდეგებოდა მართლმადიდებლობის ერთგული დამცველის, ფოტინის რელიგიურ გრძნობებს, რის გამოც მან სახელმწიფო სამსახური დატოვა. ამის შემდეგ წმიდა თეოდორეს მშობლებმა ურთიერთშეთანხმებით თავიანთი მამული გლახაკებს დაუნაწილეს და მონაზვნებად შედგნენ.

ხატმბრძოლობა საბოლოოდ ამხილა და დაგმო VII მსოფლიო კრებამ, რომელიც კეთილმსახური დედოფლის, ირინეს ინიციატივითა და მფარველობით იქნა მოწვეული 787 წელს.

კრების დამთავრების შემდეგ მან წმიდა თეოდორესა და მის ძმებს - იოსებსა და ექვთიმეს უდაბნოში მონაზვნური მოღვაწეობისკენ მოუწოდა. ძმებმა დატოვეს კონსტანტინოპოლი, ოლიმპოს მახლობლად დამკვიდრდნენ და წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია ააგეს.

რამდენიმე წლის ბერული ცხოვრების შემდეგ ღირსი თეოდორე მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს. მოგვიანებით საძმომ ის იღუმენად  აირჩია.

იმ ხანებში ლეონ VII-ის (775-780) ძემ, ოცი წლის კონსტანტინემ დედა - კეთილმსახური ირინე (797-802), რომელიც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ფაქტიურად განაგებდა ქვეყანას, მმართველობას ჩამოაცილა და სამეფო ტახტი თვითონ დაიკავა.

ახალგაზრდა იმპერატორმა კანონიერი მეუღლე ძალით აღკვეცა მონაზვნად და მის ნაცვლად ხორციელი ნათესავი შეირთო. მალე მეფის მაგალითს სხვა დიდგვაროვნებმაც მიბაძეს. ეს რომ შეიტყო, ღირსმა თეოდორემ მონასტერში დაგზავნა ეპისტოლეები, რომლებშიც იმპერატორი კონსტანტინე VI (780-797) ქრისტიანული ქორწინების შესახებ საღვთო დადგენილებების უგულებელყოფისთვის ეკლესიიდან განკვეთილად გამოაცხადა. უსჯულო თვითმპყრობელმა

სასტიკად ნაწამები თეოდორე თავის ათ თანამოსაგრესთან ერთად ქალაქ თესალონიკში გადაასახლეს, მაგრამ არც იქ დადუმებულა ღირსი მამის მამხილებელი ხმა. დედოფალმა ირინემ, მას შემდეგ, რაც სამეფო ტახტი დაიბრუნა, ნეტარი თეოდორე საპყრობილიდან გაათავისუფლა და კოპრონიმის დროს დაცარიელებული სტუდიონის მონასტერი გადასცა.

 მან მრავალი ეპისტოლე დაწერა ხატმბრძოლთა წინააღმდეგ, ქმნიდა კანონებს, სამსაგალობლებს, დოგმატურ თხზულებებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ შედგენილი კრებული „ფილოკალია“ („სიკეთისმოყვარება“).

ღირსმა თეოდორემ სული უფალს შეჰვედრა (+826).
წმიდა მოწამე სტეფანე დეჩანელი

წმიდა სტეფანე დეჩანელი სერბეთის ეკლესიიდან ამაღლდა ცათა სასუფეველში. ის დაახლოებით 1336 წელს მოწამეობრივად აღესრულა ქრისტესთვის.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

75
თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019
ახალგაზრდა პირბადით

უწყებათაშორისმა საბჭომ შეზღუდვების გამკაცრების საკითხზე იმსჯელა

0
წერტილოვანი შეზღუდვების დაწესებისა და გამკაცრების საკითხს მთავრობასთან ერთად ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები განიხილავენ.

თბილისი, 25 ნოემბერი - Sputnik. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე უწყებათაშორისმა საბჭომ საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი განიხილა. სხდომა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ეს იყო შეცდომა" – ჯანდაცვის მინისტრი მთავრობის ლიბერალურ პოლიტიკაზე>>

მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებაზე მსჯელობა ბიზნესსექტორის, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით ინტენსიურად მიმდინარებს და კონკრეტული გადაწყვეტილებები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ საკითხზე მთავრობა ბიზნესთან და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ნაკლებად დააზიანებს ეკონომიკას, ასევე ეფექტური იქნება ვირუსის გავრცელების დინამიკის მართვის კუთხით.

მთავრობაში მიიჩნევენ, რომ  წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრება ინფიცირების შემთხვევების მკვეთრ კლებას არ გამოიწვევს, თუმცა ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების სტაბილიზაციას.

მხარეებმა შეხვედრისას ასევე განიხილეს ჰოსპიტლებში არსებული ვითარება და ის ღონისძიებები, რომლებიც კლინიკური სექტორის ეფექტური მართვის მიზნით ხორციელდება. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მთავრობის ადმინისტრაციაში იმსჯელეს დამატებითი რესურსების, მათ შორის რეანიმაციული და ინტენსიური თერაპიის საწოლფონდის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.

„საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ქვეყანა ვირუსის გავრცელების პიკში შედის და არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულია, თუმცა კონტროლს ექვემდებარება. ამასთან კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის მნიშვნელობას, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 114 889 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 1 085 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 95 581-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში