ეკლესია ხადის ხეობაში

საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 29 ნოემბერი

59
(განახლებულია 19:19 28.11.2019)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 29 ნოემბერს მათე მოციქულისა და მართალი ფუბლიანეს, წმიდა ნათლისღებით მათეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმიდა მოციქული და მახარებელი მათე, მართალი ფულბიანე, ეთიოპიის მთავარი, წმიდა ნათლისღებით მათე 

წმიდა მოციქული და მახარებელი მათე, ძე ალფესი, გალილეის ქალაქ კაპერნაუმის მკვიდრი იყო. იგი მეზვერედ, ანუ გადასახადების ამკრეფად მუშაობდა და საკმაოდ შეძლებულადაც ცხოვრობდა. თანამემამულეთ სძაგდათ იგი ყველა სხვა მეზვერის მსგავსად და ყველასაგან მოძაგებულ მეზვერეზე, უფალმა იესო ქრისტემ შეაჩერა თავისი ღვთაებრივი მზერა. ერთხელ, როცა უფალი კაპერნაუმში იმყოფებოდა, იგი გამოვიდა ამ ქალაქიდან და დიდძალი ხალხის თანხლებით ზღვის სანაპიროსაკენ გაეშურა. აქ საზვერესთან მათე იჯდა. უფალი მიუახლოვდა მას და უთხრა:

- შემომიდეგ მე!

ეს სიტყვები მეზვერე მათემ მხოლოდ ხორციელი ყურებით კი არ გაიგონა, არამედ გულისმიერითაც ისმინა და უმალვე წამოდგა თავისი საზვერე ადგილიდან, რათა ყოველივე მიეტოვებინა და უფალს შესდგომოდა.

ამ დროიდან მოყოლებული, მათემ მიატოვა მთელი თავისი ქონება-სამკვიდრებელი, ქრისტეს შეუდგა და უკვე აღარასოდეს განშორებია მას ვითარცა ერთგული მოწაფე.

უფლის წმიდა მოციქულებზე სულიწმიდის გარდამოსვლის შემდეგ წმიდა მათე, სხვა მოციქულებთან ერთად, თავიდან პალესტინაში იმყოფებოდა და იერუსალიმსა და მის შემოგარენში ქადაგებდა სახარებას. მაგრამ, აი, დადგა ის ჟამიც, როცა მოციქულები იერუსალიმიდან უნდა წასულიყვნენ და მთელს ქვეყნიერებაზე გაბნეული ხალხებისათვის ექადაგათ ღვთის სიტყვა, რათა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექციათ ისინი.

ქრისტიანებად მოქცეულმა აქაურმა იუდეველებმა სთხოვეს მას, წერილობით გადმოგვეცი უფალ იესო ქრისტეს საქმეები და მოძღვრება, რათა ყოველთვის, თქვენს არყოფნაშიც, შეგვეძლოს მათი მოხსენებაო. იერუსალიმელ მორწმუნეთა ამ თხოვნას მაშინ იქ მყოფი სხვა მოციქულებიც დაეთანხმნენ, და წმიდა მათეც ამ დიდი საქმის შესრულებას შეუდგა. მისი სახარება დაწერილია 8 წლის შემდგომ უფლის ზეცად ამაღლებიდან.

იერუსალიმიდან წასული წმიდა მოციქული მათე ბევრ ქვეყანაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას.

უკაცრიელ მთაზე განმარტოებულ წმიდა მოციქულს თვით უფალი გამოეცხადა მშვენიერი ჭაბუკის სახით, რომელსაც მარჯვენა ხელში კვერთხი ეჭირა, და მიესალმა თავის მოწაფეს. შემდეგ კვერთხი გაუწოდა და უბრძანა, ჩადი ამ მთიდან ქალაქში და ეს კვერთხი შენს მიერ დაარსებული ეკლესიის კარიბჭესთან აღმართეო.

წმიდა მოციქულმა მათემ ჩაიბარა კვერთხი უფლის ხელთაგან, ჩავიდა ქალაქში და ნარბძანების შესასრულებლად გაემართა. იმ ქალაქის მთავრის, ფუბლიანეს ცოლი და ვაჟიშვილი ბოროტი სულებით იყვნენ შეპყრობილნი. დედა-შვილი შემთხვევით შეხვდა ქუჩაში მიმავალ მოციქულს და სასტიკი, შემაშინებელი ხმით დაიწყეს ყვირილი: წმიდა მათემ აღუკრძალა არაწმიდა სულებს ღაღადი და განდევნა ისინი. განკურნებულმა დედა-შვილმა თაყვანი სცა მოციქულს და მშვიდად გაჰყვნენ უკან.

როცა თავისი ცოლ-შვილის განკურნებისა და მომხდარი სასწაულის შესახებ შეიტყო, ქალაქის თავმა თავიდან განიხარა, მაგრამ შემდეგ, ეშმაკის ჩაგონებით, რისხვით აღივსო მოციქულისადმი, რადგან მთელი ქალაქის მცხოვრებნი მასთან მიდიოდნენ და ინათლებოდნენ, ხოლო თავიანთ უწინდელ კერპებს ზურგს აქცევდნენ. ამის გამო ფუბლიანემ მისი მოკვლა გადაწყვიტა.

მაშინ ფუბლიანემ უბრძანა მეომრებს შეეპყროთ წმიდა მოციქული, მიწაზე დაეგდოთ გულაღმა და ხელ-ფეხით ძელისათვის მიემსჭვალათ. როცა ეს აღასრულეს, მსახურებმა, ასევე მთავრის ბრძანებით, დიდძალი ფიჩხი და ტოტები მოაგროვეს, მოიტანეს ფისი და გოგირდიც, ყოველივე ეს მოციქულს დააყარეს ზემოდან და ცეცხლი წაუკიდეს. წმიდა მოციქულმა უფალს მიაბარა თავისი წმიდა სული (ეს მოხდა დაახლოებით 60 წელს ქრისტეს შობიდან).

ფუბლიანემ ირწმუნა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, და ყველას გასაგონად აღიარა, რომ სწორედ იგია ერთი ჭეშმარიტი ღმერთი და მოინათლა. მას მათე ეწოდა.

მან მალე სხვას ჩააბარა თავისი სამთავრო ხელისუფლება, სრულიად უარყო ამქვეყნიური საზრუნავნი და მთლიანად ლოცვა-ვედრებას მიეცა ღმრთის ეკლესიაში. მათემ მიიღო ეპისკოპოსობა და კეთილად იღვაწა რწმენის ხარებაში: მრავალნი განაშორა კერპთაყვანისმცემლობის სიბნელეს და ჭეშმარიტ ღმერთთან მოიყვანა; ბოლოს კი, ხანგრძლივი, ღვთის სათნომყოფელი ცხოვრების შემდეგ თვითონაც ჩაბარდა უფალს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

 

59
თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (168)
მოწამეთა

საეკლესიო კალენდარი: 2020 წლის 11 აგვისტო

676
(განახლებულია 08:55 11.08.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 11 აგვისტოს მოწამე ევსტათი მცხეთელის,მოწამე კალინიკეს, მოწამე სერაფიმა ქალწულის, მოწამე თეოდოტიას და სამთა ყრმათა მისთა,ასევე ღირსმოწამე მიქაელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში

ევსტათი მცხეთელი

ევსტათი მცხეთელი წარმოშობით სპარსი იყო. იგი საქართველოში ჩამოვიდა და ქართლში დასახლდა. მას ისე მოეწონა ქართველთა ზნე-ჩვეულება, რომ გაქრისტიანება გადაწყვიტა, ეს კი იმ დროისათვის ძალიან საშიში იყო. გვირობანდაკმა (ასე ერქვა მას ნათლობამდე) კათოლიკოს სამოელის ხელით მიიღო ნათლობა და ქრისტიანული სახელი - ევსტათი ეწოდა. მალე მან ქართველი ქალი შეირთო და მთლიანად დაუმოყვრდა ქრისტესთან დამოყვრებულ ერს.

ცეცხლთაყვანისმცემლებმა მცხეთის ციხისთავთან, უსტამთან დაასმინეს ევსტათი. მან თავისთან დაიბარა წმიდანი. უსტამს არ ჰქონდა დასჯის უფლება, ამიტომ ქართლის მარზპანთან, არვანდ გუშნასპთან გაგზავნა აღმსარებელი. შემასმენელნი კვლავ ეახლნენ მცხეთის ციხისთავს და აუწყეს, რომ კიდევ შვიდი სპარსელი შედგომოდა ქრისტეს სჯულს. რვავე ქრისტიანს ბორკილები დაადეს და თბილისში გაგზავნეს.

მარზპანმა ბრძანა, სასტიკად დაესაჯათ ისინი: გაეპარსათ თმა და წვერი, გაეხვრიტათ ცხვირები, დაედოთ ბორკილები და საპყრობილეში ჩაეყარათ, ხოლო თუკი რომელიმე უარყოფდა ქრისტეს - შეეწყალებინათ.

ექვსი თვის შემდეგ მარზპანი სპარსეთის მეფემ თავისთან იხმო. ამით ისარგებლეს ქართლის კათალიკოსმა სამოელმა, მცხეთის მამასახლისმა გრიგოლმა, პიტიახშმა არშუშამ და სპარსეთს მიმავალ არვანდ გუშნასპს სთხოვეს, გაეთავისუფლებინა დილეგში ჩაგდებული სპარსი ქრისტიანები. არვანდ გუშნასპმა თხოვნა შეუსრულა ქართველ დიდებულებს, თუმცა დაამატა - ისინი მოსაკლავად მყავდა გამზადებულიო.

სამი წლის შემდეგ ქართლს მარზპანად ვეჟან ბუზმირი მოევლინა. მოგვებმა კვლავ დაასმინეს ევსტათი.

წმიდა ევსტათი თბილისში ჩაიყვანეს და ვეჟან ბეზმირს მიჰგვარეს. წმიდა ევსტათიმ მას  განუცხადა, რომ ქრისტეს არ უარყოფდა. გაბრაზებულმა მარზპანმა ბრძანა, წმიდანი საპყრობილეში წაეყვანათ, ღამით კი თავი მოეკვეთათ და ქალაქგარეთ დაეგდოთ ფრინველთა საჯიჯგნად. მარზპანის მსახურებმა თავი წარკვეთეს  წმიდა ევსტათის, გვამი კი ღამით გაიტანეს და ქალაქგარეთ  დააგდეს. ქრისტიანებმა ევსტათის ცხედარი, მალულად წაასვენეს მცხეთას. მოწამის ნეშტს წმიდა სამოელ კათოლიკოსი შემოეგება და პატივით დაკრძალა სვეტიცხოველში, წმიდა ტრაპეზის ქვეშ.

წმიდა მოწამე კალინიკე

წმიდა მოწამე კალინიკე (III-IVსს) დაიბადა კილიკიაში. კეთილმსახურმა მშობლებმა იგი ქრისტეს სარწმუნოების ერთგულებით აღზარდეს. წმიდანი ფეხის ყოველ ნაბიჯზე ხედავდა კერპთმსახურთა უგუნურებას და გადაწყიტა, მოციქულებრივი ღვაწლი ეტვირთა. იგი დაუზარლად დადიოდა სოფლიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში და დაუცხრომლად ქადაგებდა სახარების სწავლებას. ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობის დროს, ქალაქ ანკვირიაში ნეტარი კალინიკე სამსჯავროზე წარადგინეს, ქრისტიანთა სასტიკი მდევნელის, საკერდონის წინაშე. წამებისა და სიკვდილის მუქარით უღმრთო ხელისუფალი აიძულებდა უფლის რჩეულს, მსხვერპლი შეეწირა კერპებისთვის, მაგრამ წმიდანი მტკიცედ იდგა სარწმუნოებაზე. განრისხებული მმართველის ბრძანებით წმიდა კალინიკე კოცონზე დაწვეს.

წმიდა მოწამე სერაფიმა ქალწული

წმიდა მოწამე სერაფიმა ქალწული ანტიოქიაში დაიბადა, მაგრამ რომში ცხოვრობდა დიდებულ ქალბატონ საბინასთან, რომელიც თავად მოაქცია ქრისტიანობაზე. როცა იმპერატორმა ადრიანემ (117-138) ქრისტიანთა დევნა დაიწყო, მმართველმა ბერილმა, სხვებთან ერთად, წმიდა სერაფიმასაც მოუხმო სამსჯავროზე. მოწამეობრივი გვირგვინის მაძიებელი ქალწული უშიშრად გამოცხადდა მტარვალებთან. მას ერთგული საბინაც გაჰყვა თან. იხილა რა დიდგვაროვანი ქალბატონი, ბერილმა ჯერ გაათავისუფლა სერაფიმა, მაგრამ შემდეგ კვლავ გამოიძახა და დაჟინებით მოსთხოვა, წარმართული ღვთაებებისთვის მსხვერპლი შეეწირა. ნეტარმა ახოვნად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი.  გამხეცებულ ბერილს უფლის სასჯელი არ ასცდა: იმ არგანს მომწყდარი ხიწვი, რომლითაც სერაფიმას სცემდნენ, თვალში ჩაუვარდა და სამი დღის შემდეგ დაბრმავდა. წმიდა აღმსარებლის სულიერი ახოვნებით ძლეულმა მსაჯულმა მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა. საბინამ კრძალვით მიაბარა მიწას ძვირფასი ცხედარი. (II ს);

წმიდა მოწამე თეოდოტია და სამნი ყრმანი მისნი

წმიდა მოწამე თეოდოტია, მდიდარი ქვრივი ქალი ქალაქ ნიკეიდან, სამ მცირეწლოვან ყრმასთან ერთად მაკედონიაში ცხოვრობდა, საკუთარ მამულში. თავის სიმდიდრეს იგი უხვად ხარჯავდა გლახაკთა დასახმარებლად და უპატრონო მიცვალებულთა დასასაფლავებლად. წმიდანს სულიერი მეგობრობა აკავშირებდა წმიდა ანასტასიასთან. როცა ქრისტიანთა დევნა დაიწყო, ორივე წმიდა დედა დაატუსაღეს. სამსჯავროზე დიდებული კარისკაცი ლევკადიუსი მოიხიბლა თეოდოტიას მშვენიერებით. გადაწყვიტა, შინ წაეყვანა და ცოლად შეერთო. ლევკადიუსის სახლში თეოდოტია შვილებთან ერთად სიწმიდით ატარებდა დღეებს; წარმართმა კარისკაცმა ვერც შეგონებებით, ვერც ლიქნით, ვერც მუქარით ვერ მოდრიკა მისი ნება. ბოლოს, წმიდანის სიმტკიცით გამხეცებულმა, შვილებთან ერთად ბითვინიაში გაგზავნა იგი, ოლქის მმართველ ნიკიტიუსთან. როცა მსაჯული წამების მუქარით შეეცადა ნეტარი დედის დაშინებას, მისმა უფროსმა შვილმა, ევოდმა განაცხადა: „ქრისტიანებს არ ეშინიათ სატანჯველების, ისინი მხოლოდ ღვთის მადლის დაკარგვას უფრთხიან!“ ბავშვი მშობლის თვალწინ სასტიკად გვემეს. იგი სისხლისგან დაიცალა და მოწამის გვირგვინით შეერთო ნეტარ მარადისობას. ამის შემდეგ ნეტარი დედა გარყვნილებს გადასცეს შესაგინებლად, მაგრამ ზეციურმა ძალამ დაიცვა იგი. ყველას თვალწინ სასწაული აღესრულა: უფლის ანგელოზი წინ აღუდგა უსჯულოებს, რომლებიც გაკადნიერდნენ, მიახლოებოდნენ ქრისტეს ტარიგს. მსაჯულმა მომხდარი წმიდანის ჯადოქრობას მიაწერა და მას შვილებთან ერთად ცეცხლში დაწვა მიუსაჯა. (304).

წმიდა ღირსმოწამე მიქაელი

წმიდა ღირსმოწამე მიქაელი (IX) იყო ერთგული მოწაფე წმიდა თეოდორე ედესელისა . მშობლების გარდაცვალების შემდეგ ღირსმა მიქაელმა ქონება ღარიბებს დაურიგა და იერუსალიმში გაემგზავრა წმიდა ადგილთა თაყვანისაცემად. ამ დროს იერუსალიმი მუსულმანებს ჰქონდათ დაპყრობილი. წმიდა მიქაელი პალესტინაში დარჩა და საბაწმიდის ლავრაში დასახლდა. ერთხელ წმიდა მამა მონასტრიდან იერუსალიმში გაგზავნეს ბერების ნახელავების გასაყიდად. მუსულმანი დედოფლის სეიდას საჭურისს ძალზე მოეწონა ძმათა ხელობა და წმიდა მიქაელი მონასტრის ნაკეთობებთან ერთად დედოფალს წარუდგინა. დედოფალს გულში ჩაუვარდა ახალგაზრდა ბერი და ცოდვით დაცემა შესთავაზა მას. უარის მიღებისას სეიდამ სასტიკად აცემინა იგი, შემდეგ კი მეფეს წარუდგინა, როგორც მაჰმადიანობის მტერი. ბერის დაკითხვის შემდეგ მეფე შეეცადა მაჰმადიანური სარწმუნოების მიღებაზე დაეყოლიებინა წმიდა მიქაელი, მაგრამ როცა ვერას გახდა , წმიდანს მისი ბრძანებით თავი მოჰკვეთეს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

676
თემები:
საეკლესიო კალენდარი
მთავარი ტაძრისკენ მიმავალ ბილიკს ლავანდებისა და ვარდების არშია ამშენებს

საეკლესიო კალენდარი: 2020 წლის 10 აგვისტო

145
(განახლებულია 08:47 10.08.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 10 აგვისტოს ღირსი გიორგი მაშენებელის, 70-თაგანთა მოციქულთა: პროხორეს, ნიკანორის, , ტიმონას და პარმენ დიაკონთა, ასევე მოწამეთა: იულიანეს, , ევსტათის და აკაკის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში

ღირსი გიორგი მაშენებელი

ღირსი გიორგი მაშენებელი იყო ათონის ივერთა მონასტრის მესამე იღუმენი. მისი ხელმძღვანელობით აშენდა ივერონის მთავარი ტაძარი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის..

ივერონის წინამძღვარს დიდ პატივს სცემდნენ ბიზანტიის იმპერატორის კარზე, შემდეგ კი განდგომადა ორგულება დასწამეს,  კუნძულ მონოვატზე გადაასახლეს და იქვე აღესრულა კიდეც.

ქართველმა ბერებმა გიორგის ცხედარი მონოვატიდან ათონს გადაასვენეს.

გიორგის გადასახლება საბედისწერო გახდა ივერთა ლავრისათვის, ცილისმწამებლებმა ახალი საბაბი იპოვეს და ათონელ ქართველებს მძიმე ვითარება შეუქმნეს. ამ დროს გაიძარცვა და განადგურდა, სისხლითა და ოფლით მოპოვებული მონასტრის სიმდიდრე. კეთილმსახურ და ქრისტესმოყვარე იმპერატორ მიხეილის დროს ივერთა მონასტერს ისევ დაუბრუნდა კუთვნილი ქონება.

სამოცდაათთაგანნი მოციქულნი: პროხორე, ნიკანორი, ტიმონი და პარმენ დიაკონნი

წმიდა სამოცდაათთაგანნი მოციქულნი: პროხორე, ნიკანორი, ტიმონი და პარმენი ქრისტეს ეკლესიის პირველი დიაკვნები იყვნენ. ისინი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას აღესრულნენ, მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესია ერთად აღნიშნავს მათ ხსენებას.

წმიდა პროხორე თავდაპირველად მოციქულ პეტრეს თანმხლები და თანაშემწე იყო და მის მიერვე იკურთხა ქალაქ ნიკომიდიის ეპისკოპოსად. ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ ნეტარი მამა წმიდა იოანე ღვთისმეტყველს ახლდა თან სამოციქულო მოგზაურობებში, მასთან ერთად იყო გადასახლებული კუნძულ პატმოსზეც. აქ პროხორემ ჩაწერა გამოცხადება სამყაროს აღსასრულის შესახებ (აპოკალიფსი), რომლის ხილვის ღირსად თავისი უსაყვარლესი მოწაფე გახადა ღმერთმა. ნიკომიდიაში დაბრუნების შემდეგ წმიდა მამა დაუცხრომლად იღვწოდა გონებადაბინდულ წარმართთა ქრისტეს ნათლით განსანათლებლად და იქვე ჰპოვა მოწამეობრივი აღსასრული.

წმიდა ნიკანორი იყო ერთი იმ ორი ათას ქრისტიანთაგან, რომლებიც პირველმოწამე სტეფანესთან ერთად ამოხოცეს ებრაელებმა.

წმიდა ტიმონი არაბეთის ქალაქ ბოსტრის (ბასტრის) ეპისკოპოსი იყო. სახარების ქადაგებისთვის იუდეველებმა და წარმართებმა მას საშინელი სატანჯველები დაატეხეს თავს, გახურებულ ქურაშიც შეაგდეს, მაგრამ უვნებელი გადარჩა. რომის ეკლესიის გადმოცემის თანახმად, ტიმონ დიაკონი ჯვარზე აღესრულა.

წმიდა პარმენი გულმოდგინედ იღვწოდა სახარების სწავლების გასავრცელებლად მაკედონიაში. ერთი ცნობით, იგი სნეულებამ იმსხვერპლა, სხვა წყაროთა მოწმობით კი, ტრაიანეს (98-117) მეფობის უკანასკნელ წელს წამებით ამოჰხადეს სული.

წმიდა მოწამენი: იულიანე, , ევსტათი და აკაკი

წმიდა მოწამე იულიანე ანტონინუს პიუსის (138-161) მეფობის დროს ეწამა იტალიაში, კამპანიის პროვინციაში. მმართველმა ფლაბიანემ განკარგულება გასცა, მოეძებნათ ქრისტიანები და მის წინაშე წარედგინათ. სწორედ ამ დროს ჩავიდა იქ დალმაციიდან ქრისტიანი ჭაბუკი იულიანე და შემხვედრ მეომრებს თბილად მიესალმა: „მშვიდობა თქვენდა, ძმებო!“ პასუხად სადაურობა და აღმსარებლობა გამოჰკითხეს ნეტარს. მაცხოვრის სახელისთვის წამებისა და სიკვდილის მაძიებელმა ყმაწვილმაც დაუფარავად აღიარა ქრისტე. მხედრები გააოცა მისმა ვაჟკაცობამ, მაგრამ მაინც შეიპყრეს და მმართველს მიჰგვარეს, მმართველმა ბრძანა, ხეზე მიეკრათ ჭაბუკი და ეგვემათ. წმიდა მოწამე წამების შემდეგ სიკვდილით დასაჯეს.

 ევსტათი მხედარი იყო. ქრისტეს აღიარებისთვის იგი შეიპყრეს და ქალაქ ანკვირიის მმართველს მიჰგვარეს. დაკითხვაზე წმიდანმა მტკიცედ აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება, რისთვისაც მრავალგვარი სატანჯველი დაატეხეს თავს. ნეტარი დაუნდობლად გვემეს, ქუსლები გაუბურღეს, ბაწრით შეკრული მიათრიეს მდინარე საგკის (სანგარის) ნაპირამდე. აქ ევსტათი ხის ყუთში ჩაჭედეს და ზღვაში მოისროლეს, (+დაახლ. 316).

წმიდა მოწამე აკაკი ქრისტეს აღსარებისთვის შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს. სამი მმართველი ამაოდ ცდილობდა, კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე დაეყოლიებინა იგი: ბოლოს გაავებულმა მტარვალებმა აკაკის თავი მოჰკვეთეს (+დაახლ.321).

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

145
თემები:
საეკლესიო კალენდარი
მოსამართლის ჩაქუჩი

შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების ადვოკატები დაცვის სტრატეგიაზე მუშაობენ

0
შაქარაშვილის დამამძიმებელ მდგომარეობაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ბრალი დღეს ხუთ ადამიანს წაუყენეს, ყველა მათგანი პატიმრობაშია

თბილისის, 11 აგვისტო – Sputnik. 19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების - ვასილ ჩიქოვანის, არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილის და ორი არასრულწლოვანის ადვოკატები ელოდებიან კონკრეტულ მტკიცებულებებს, რომლებიც მათი დაცვის ქვეშ მყოფთა ბრალს დაადასტურებს.

სამშაბათს გენერალურმა პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეში გარღვევის შესახებ განაცხადა და ხუთ ფიგურანტს ბრალი წაუყენა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა შაქარაშვილი მდინარე არაგვის პირას მოიმწყვდიეს, სასტიკად სცემეს და ჯერ კიდევ ცოცხალი მდინარეში გადააგდეს. 19 წლის ბიჭის ცხედარი იქ ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

„საქმე გამოიყო, მაგრამ არც მაშინ, არც ახლა არ ველოდებით, რომ საქმეში არსებობს ისეთი სამხილები, რომლებიც ბრალდებას გაამყარებს“, - განაცხადა ვასილ ჩიქოვანის ადვოკატმა არჩილ ბერიანიძემ.

მისი თქმით, ის გაეცნობა მასალებს და მათზე დაყრდნობით დაცვის ხაზს ააგებს.

„ჩემთვის პროკურატურის პოზიცია დაუსაბუთებულია“, - განუცხადა ბერიანიძემ ჟურნალისტებს.

მტკიცებულებების არარსებობის გამო გამამართლებელ განაჩენს ელოდება ასევე არჩილ გაგნიძის ადვოკატი ვასილ მამულაშვილიც.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს სასამართლო გაამართლებს“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ამასთან ადვოკატმა აღნიშნა, რომ დანაშაულს სასამართლოში დამტკიცება სჭირდება, პროკურატურამ კი მხოლოდ შაქარაშვილის ოჯახის და საზოგადოების ვერსია გაიმეორა.

„ადამიანი ბოროტმოქმედი მხოლოდ სასამართლოს განაჩენის შემდეგ ხდება“, - განაცხადა მამულაშვილმა.

მას არასრულწლოვანის ადვოკატი გიორგი გელხაურიც ეთანხმება.

„ბრალის დამძიმების მოლოდინი ჩვენ არ გვქონდა, არანაირი მტკიცებულებები არ არსებობდა იმის, რომ ბრალი დამძიმებულიყო. იმედია, რომ წარმოადგენენ კონკრეტულ მტკიცებულებებს“, - განუცხადა ჟურნალისტებს გელხაურმა.

იმ ხუთი პირის გარდა, რომელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაიწყო, ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის, ასევე, ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე დაკავებულია 12 პირი, რომელთაც აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა. მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ათ წლამდე ითვალისწინებს, აღნიშნავენ პროკურატურაში.

სასამართლო პროცესი შაქარაშვილის საქმეზე: ექვსივე არასრულწლოვანი პატიმრობაში დარჩა >>

სასამართლო სხდომის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა 18 აგვისტოს დაიწყება მოსმენები ჩხუბის ეპიზოდებზე ყველა არასრულწლოვანის მონაწილეობით.

 

0
თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე