შობის ხატი

საშობაო მარხვა: რა არის აკრძალული და რა დაშვებული

3598
(განახლებულია 14:06 28.11.2019)
28 ნოემბრიდან შობის მარხვა იწყება, რომელიც, საეკლესიო კალენდრის თანახმად, ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს და 7 იანვარს, უფლის შობის დღეს დასრულდება.

40-დღიანი მარხვის პერიოდში მორწმუნეებს ეკრძალებათ ხორცი, კვერცხი და რძის პროდუქტები. შობის მარხვას მართლმადიდებლები სიხარულის მარხვასაც ეძახიან. ის შედარებით მსუბუქად ითვლება, რადგან 25 დეკემბრამდე, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, დაშვებულია თევზის მიღება. 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე კი მორწმუნეებმა უკვე მკაცრად უნდა იმარხულონ.

საეკლესიო ტრადიციით, ამ მარხვას ფილიპე მოციქულის ხსენების დღესაც უკავშირებენ.

შობის მარხვას ვიცავთ ისე, როგორც მოციქულთა მარხვას. ამ მარხვის დროს, როგორც წესი, გარდა ოთხშაბათისა და პარასკევისა, თვით ბერ-მონაზვნებისთვისაც კი დაშვებული იყო თევზის, ზეთისა და ღვინის ზომიერად მიღება.

საშობაო მარხვა ქრისტეშობის დღესასწაულისათვის მომზადების პერიოდია. 

წმიდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აბინავებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად სწორედ მათ იხილეს მაცხოვარი. უფრო მოგვიანებით ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ ახალშობილ მაცხოვარს ძღვენი მიართვეს: ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო – როგორც მეფეს, გუნდრუკი – როგორც ღმერთს და მური – როგორც კაცს, ვინაიდან მურს გარდაცვლილის ცხედრის გასაპატიოსნებლად იყენებდნენ, რათა შენახულიყო იგი.

საშობაო მარხვა უძველესი დროიდანაა დადგენილი და მორწმუნეები მას პირველივე საუკუნიდან იცავენ. სხვადასხვა საუკუნეებში ამ მარხვას განსხვავებული დღეთა რაოდენობა ჰქონდა; 1166 წელს ჩატარებულ კრებაზე კი მისი ხანგრძლივობა 40 დღით განისაზღვრა.

ეკლესიის ისტორიას შობის მარხვის შესახებ ცნობები IV საუკუნიდან მოეპოვება. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ცნობებს ვხვდებით XIV საუკუნემდე, უფრო ზუსტად სვიმეონ თესალონიკელამდე. უფრო ადრე (XII საუკუნეში) ფრიად საინტერესოდ და დაწვრილებით მოგვითხრობენ მარხვის შესახებ კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბალსამონი და ერთ-ერთი იმდროინდელი საეკლესიო კრება, XI საუკუნეში — ანასტასი სინელი და ისააკ კათალიკოსი. საინტერესო ცნობებია დაცული X საუკუნის საეკლესიო კრების ოქმებში, რომელიც იმპერატორ კონსტანტინესა და რომანოზ უფროსად წოდებულის დროს იქნა მოწვეული. 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

3598
სამების ბაღი თბილისელებისა და ქალაქის სტუმრების საყვარელ დასასვენებელ ადგილად იქცა

საეკლესიო კალენდარი: 26 ივლისი

299
(განახლებულია 08:48 26.07.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 26 ივლისს ღირსი სტეფანე საბაიტელის, წმ. იულიანეს, კენომანიელი ეპისკოპოსის, მოწამე სერაპიონის და მოწამე მარკიანეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში
წმიდა სტეფანე საბაიტელი

წმიდა სტეფანე საბაიტელი, წმიდა იოანე დამასკელის ძმისწული, 725 წელს დაიბადა. ნეტარი ათი წლის იყო, როცა საბა განწმენდილის ლავრას მიაშურა. აქედან მოყოლებული სიცოცხლის ბოლომდე იგი ამ სავანეში მოღვაწეობდა. ღირს სტეფანეს უფლისგან სასწაულთქმედების და ნათელხილვის ნიჭი მიემადლა: სნეულებს კურნავდა, ეშმაკებს განასხამდა, ცხადად ჭვრეტდა რჩევა-დარიგების სათხოვნელად მისულთა აზრებს... წმიდანს წინასწარ ეუწყა აღსასრულის მოახლოება და 794 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წმიდა იულიანე, კენომანიის ეპისკოპოსი 

წმიდა იულიანე, კენომანიელი ეპისკოპოსი, პეტრე მოციქულმა აკურთხა მღვდელმთავრად. მას აიგივებენ სიმონ კეთროვანთან რომელსაც ნათლისღებისას იულიანე ეწოდა.

პეტრე მოციქულმა წმიდა იულიანე სახარების საქადაგებლად გალიაში გაგზავნა. ნეტარი ჩავიდა იტალიის სამხრეთით, კენომანიაში; ქალაქგარეთ, როგორც ჩანს, კრემონის მახლობლად, პატარა ქოხში დამკვიდრდა და წარმართთა შორის სახარების ქადაგება დაიწყო. კერპთმსახურები თავდაპირველად გულგრილად უსმენდნენ უცხოტომელს, მაგრამ მის მიერ აღსრულებული სასწაულების ხილვამ მათ გულებში თანდათან იულიანესადმი ნდობა გააღვივა. უამრავი ადამიანი მიდიოდა ნეტართან დახმარების სათხოვნელად. ისიც კურნავდა სნეულებებს და თან სულის წყლულებს წამლობდა - ქრისტეს სარწმუნოების ნათლით ანათლებდა უღმერთობის წყვდიადში მყოფთ.

ერთხელ ადგილობრივმა წარმართმა მთავარმა ეპისკოპოსი თავისთან მიიპატიჟა. ნეტარ მამას შეებრალა სასახლის კარიბჭესთან მჯდომი ბრმა, ილოცა მისთვის და თვალები აუხილა. როცა წმიდანთან შესაგებებლად გამოსულმა დიდებულმა მასპინძელმა ამის შესახებ შეიტყო, ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი, ფეხებში ჩაუვარდა იულიანეს და მონათვლა სთხოვა. მღვდელმთავარმა კათაკმევლებად დაადგინა ის და მთელი მისი სახლეულობა, სამდღიანი მარხვა დაუწესა, შემდეგ კი ნათლობის საიდუმლოც აღასრულა. ახალმოქცეულმა ხელისუფალმა ეკლესიის მოსაწყობად საკუთარი სასახლე შესწირა და საჭირო სახსრებითაც უზრუნველჰყო.

ქრისტეს ერთგულმა მსახურმა ღრმა მოხუცებულობაში შეჰვედრა სული უფალს.

წმიდა მოწამე სერაპიონი

წმიდა მოწამე სერაპიონი იმპერატორ სეპტიმიუს სევერუსის (193-211) ზეობისას მოღვაწეობდა. ქრისტიანთა დევნის დროს წმინდანი შეიპყრეს და მმართველ აკვილას სამსჯავროზე წარადგინეს, სადაც მან გაბედულად აღიარა თავისი სარწმუნოება. ამით გამხეცებულმა წარმართებმა სასტიკად აწამეს, შემდეგ კი  ჯერ აპყრობილეში გამოამწყვდიეს, ხოლო შემდეგ  კოცონზე დაწვეს. (+205).

წმიდა მოწამე მარკიანე

წმიდა მოწამე მარკიანე ლიკაონიის იკონიაში დაიბადა. თავისი მხურვალე ქადაგებით მან სიჭაბუკეშივე ბევრი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. ამისთვის კერპმსახურებმა წმიდანი აწამეს, შემდეგ კი კაბადოკიაში გაგზავნეს მმართველ პერენიუსთან. უსჯულო ხელისუფალი ხან ლიქნით, ხან მუქარით ცდილობდა ჭაბუკის გადაცდენას მაცხოვნებელი გზიდან, მაგრამ იგი მედგრად აღიარებდა ქრისტეს და ამხელდა უსულო კერპების მსასოებელი მმართველის უგნურებას. განრისხებულმა პერენიუსმა ბრძანა, სასტიკად ეწამებინათ ნეტარი მარტვილი, მაგრამ სატანჯველებმა ვერ მოდრიკა უფლის რჩეული. ბოლოს უღმრთოებმა მარკიანეს თავის მოკვეთა მიუსაჯეს (+258).

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

299
 საყოველთაო ნათლობა

სამების ტაძარში 63-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება

78
(განახლებულია 17:00 25.07.2021)
კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად ეს ლამაზი რიტუალი, რომელსაც მშობლები მოუთმენლად ელოდებიან ხოლმე, დღეს მაინც შესრულდება.

თბილისი, 25 ივლისი – Sputnik. სამების საკათედრო ტაძარში დღეს რიგით 63-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება, იუწყება „პირველი არხი“.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, პატრიარქის ნათლული კიდევ 1.600-მდე ბავშვი გახდება.

საყოველთაო ნათლობა 16:00 საათზე დაიწყება, 20:00 საათისთვის კი სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მივა და ნათლულებს დალოცავს.

პირველი საყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. გასულ წელს პატრიარქმა 500-ზე მეტი ბავშვი მონათლა – ამ დროისათვის ილია მეორეს 41 ათასამდე ნათლული ჰყავს.

საყოველთაო ნათლობის იდეა თავად კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის და მისი მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაა. პირველი საყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ნათლავს ყოველ მესამე და მომდევნო ბავშვს, რომელთა მშობლებიც ჯვარდაწერილი არიან.

მიმდინარე წლის 19 იანვარს, ნათლისღებაზე, ტრადიციული საყოველთაო ნათლობა კორონავირუსის პანდემიის გამო არ ჩატარდა.

78
საარჩევნო ბიულეტენები

2020 წლის არჩევნების შემსწავლელმა კომისიამ მუშაობა დაასრულა: რა წერია დასკვნაში

0
საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლინდა ხარვეზები, მაგრამ ეს ხარვეზები კენჭისყრის საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენდა, დაასკვნა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ.

თბილისი, 26 ივლისი — Sputnik. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები, მაგრამ მათ არჩევნების საბოლოო შედეგებზე რაიმე გავლენა არ მოუხდენია, განაცხადა საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ.

მიქანაძემ კომისიის დასკვნა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ორშაბათს წარადგინა.

დროებითი საგამოძიებო კომისია საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე წლის 17 თებერვალს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ინიციატივით შეიქმნა ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.

„საგამოძიებო კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შედეგად დადგინდა, რომ საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში, ძირითადი თავისუფლებებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა. ამასთანავე, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას გამოიკვეთა რიგი ხარვეზები, რომლებსაც არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელ ოქმში გამოქვეყნებული მონაცემები ამომრჩევლის გამოხატულ თავისუფალ ნებას სრულად ასახავს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მისი ინფორმაციით, საგამოძიებო კომისიამ ჩაატარა 16 სამუშაო შეხვედრა, საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული 38 ადამიანი გამოკითხა და სხვადასხვა უწყებას მიმართა 22 წერილით და მათგან მიიღო შესაბამისი პასუხები.

„საერთო ჯამში, დისბალანსიანი ბიულეტენების რაოდენობა იყო 0,16%. კომისიამ დაადგინა, რომ იყო იმდენად მიზერული განსხვავება, რომ არანაირი არსებითი გავლენა არ შეიძლებოდა მოეხდინა შედეგებზე. ეს განსხვავებები ფიქსირდებოდა მეასედებში - 0,01%- 0,02%, როგორც მეტობის, ისე ნაკლებობის თვალსაზრისით“, - განაცხადა მიქანაძემ.

ამასთან, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ წარმოუდგენია თუნდაც ერთი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა ან მოხდა რაიმე მანიპულაცია. მეტიც, ოპოზიციის წარმომადგენლებს არამხოლოდ არ მიუღიათ მონაწილეობა კომისიის მუშაობაში, არამედ ისინი სხდომებსაც არ დასწრებიან, აღნიშნა მიქანაძემ.

დროებითი საპარლამენტო დასკვნის განხილვა ამჯერადაც პრაქტიკულად ოპოზიციის გარეშე წარიმართა. ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობა განხილვას არ ესწრებოდა.

„როდესაც ამ თემაზე კომისიამ მუშაობა დაასრულა და ეს თემა გამოდის განსახილველად, ოპოზიციის მხოლოდ სამი წარმომადგენელია დარბაზში, „ნაცმოძრაობიდან“ არცერთი. შემკამათებელი არ გყავთ იმ თემაზე, რომელი თემითაც უნდოდათ არეულობის მოწყობა, 6 თვე, ვიდრე შეთანხმებას ხელი არ მოეწერა, აჯანჯღარებდნენ ამ ქვეყანას“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

მმართველმა პარტიამ გასულ კვირაში ოპოზიციას მოუწოდა, მონაწილეობა მიიეღო დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის განხილვასა და დამტკიცებაში. როგორც გავრცელებულ განცხადებაში იყო აღნიშნული, თუ ოპოზიციის ლიდერებს კვლავ მიაჩნიათ, რომ პარლამენტის მრავალთვიან საბოტაჟს ლეგიტიმური საფუძველი გააჩნია, მათ თავიანთი სიმართლის დამტკიცება უნდა სცადონ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტები ოპოზიციასაც გააჩნია.

„პოსტფაქტუმ, კრიზისის პერიოდში, საგამოძიებო კომისიის შექმნა, სადაც მხოლოდ თავად (მმართველი პარტია - რედ.) იღებენ მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ვერ დადებს დასკვნას, რომელიც საზოგადოების აზრზე იმოქმედებს ან რაიმე სანდოობა ექნება. ეს არის ძალიან სამწუხარო”, – განაცხადა არლამენტის ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ.

უფრო ადრე მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ კომისია ხმებს უბნების ნაწილზე გადაითვლის და თუ ეს შედეგები საქართველოს ცესკოს შედეგებთან 1%-ზე მეტით იქნება აცდენილი, ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

არჩევნების შედეგებით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში 90 ადგილი მიიღო, დანარჩენი 60 ადგილი კი რვა ოპოზიციურ პარტიას შორის გადანაწილდა.

0