წმინდა გიორგი

საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 23 ნოემბერი

85
(განახლებულია 09:15 23.11.2019)
მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს - გიორგობას აღნიშნავს. საქართველოში ამ დღესასწაულს წელიწადში ორჯერ ზეიმობენ. 6 მაისს ეკლესია წმინდანის აღსრულების დღეს აღნიშნავს, 23 ნოემბერს კი – ბორბალზე წამების დღეს.

გიორგობა

 

წმიდა გიორგი  საქართველოს განსაკუთრებულ მფარველად ითვლება. მის სახელზეა აგებული ქვეყანაში  ეკლესიების უმეტესობა. ხალხურ მეტყველებაში შემორჩენილია 365 წმიდა გიორგის სახელით დალოცვა, რომელიც წმიდა გიორგის წელიწადის ყოველდღიურ დღესასწაულთან არის დაკავშირებული. დიდმოწამე გამოსახულია აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო გერბზეც.

წმინდა გიორგის თაყვანისცემა საქართველოში მე–4 საუკუნის დასაწყისიდან დაიწყო და უამრავი ლეგენდა არსებობს იმის შესახებ, როგორ შეეწეოდა ხოლმე წმინდანი  ქართველთა ლაშქარს მრავალრიცხოვან მტერთან ბრძოლაში, მათ შორის დიდგორის ბრძოლაშიც.

გადმოცემის თანახმად წმინდა გიორგი დაიბადა კაბადოკიაში, III საუკუნის მეორე ნახევარში, დაახლოებით 275 წელს. მამა, გერონტიოსი, ღრმად მორწმუნე ქრისტიანი იყო, რომელმაც მოწამეობრივად დაასრულა სიცოცხლე. ქმრის სიკვდილის შემდეგ გიორგის დედა, პოლიტრონია, პალესტინაში, თავის საგვარეულო მამულში გადასახლდა და ღმრთისმოშიშებითა და სიყვარულით ზრდიდა შვილს. გიორგიმ სრულიად ახალგაზრდამ დაიწყო სამხედრო სამსახური და ბრძოლაში გამორჩეულმა მეომარმა მალე იმპერატორ დიოკლეტიანეს ყურადღებაც მიიპყრო. მალე იმპერატორმა მას მხედართმთავრის წოდება უბოძა.

როდესაც იმპერატორმა დიოკლეტიანემ ქრისტიანების დევნა დაიწყო, გიორგიმ  მის წინაშე იქადაგა ქრისტიანობა, კერპთა მიმდევარნი კი გაკიცხა. დეოკლიტიანემ ვერაფრით შეძლო წმინდა გიორგის გადაბირება, ამიტომ მისი წამება გადაწყვიტა. დეოკლიტიანეს ბრძანებით, წმინდა გიორგი ბორბალზე დააკრეს, ქვემოთ კი მახვილები დააგეს, რის შედეგადაც მოწამის სხეული მრავალ ნაწილად დაისერა. მაგრამ ღმრთის ანგელოზის გარდამოსვლით წმინდა გიორგი მეყსეულად განიკურნა. ამ სასწაულმა მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს რჯულზე, წმინდა გიორგი ახლად დამბალ კირში ჩააგდეს, იგი სამი დღე იმყოფებოდა ასეთ მდგომარეობაში, მაგრამ ამ განსაცდელსაც უვნებლად გადაურჩა. მაშინ ლურსმნებგაყრილი ფეხსაცმელებით სირბილი აიძულეს და თან სასტიკად გაშოლტეს. 
ესეც არ იკმარეს, წლების წინ გარდაცვლილი ადამიანის გაცოცხლება მოსთხოვეს. წმინდა გიორგიმ ილოცა და მართლა გააცოცხლა ადამიანი, რომელიც ქრისტეს მოსვლამდე ცხოვრობდა, როცა ვერაფერი გააწყვეს, იმპერატორის ბრძანებით წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს.  წმინდა გიორგის თავი მოჰკვეთეს.

დიდმოწამე კოსტანტინე ქართველთა მთავრი

წმიდა დიდმოწამე კონსტანტი დაიბადა დაახ. 767 წელს. იგი ქართლში ცხოვრობდა. ზეწოდება კახი კი მისი კახური წარმომავლობის გამო ეწოდა.

დიდი სიმდიდრისა და ყოველგვარი ამქვეყნიური სიკეთის მფლობელს, არა მარტო საქართველოში და კავკასიაში, არამედ საბერძნეთის სამეფო კარზეც კარგად იცნობდნენ, როგორც ღვთისმოშიშსა და უაღრესად ქველმოქმედ ადამიანს.

კონსტანტის დიდი სურვილი ჰქონდა, მოელოცა იერუსალიმის წმიდა ადგილები. იერუსალიმში ჩასულმა, დიდძალი საფასე შესწირა ეკლესიებს, მოიარა იორდანეს უდაბნოები, მოუდაბნოე მამებისა და ეკლესიათა წინამძღვრებისაგან ლოცვა-კურთხევა მიიღო და, სიხარულით აღსავსე, დაბრუნდა სამშობლოში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კონსტანტი ყოველწლიურად ოცდაათი ათას ვერცხლს აგზავნიდა იერუსალიმში იქაური წმიდა ადგილებისათვის.

853-854 წლებში ქართლს შემოესია არაბთა მრავალათასიანი ლაშქარი ბუღა-თურქის წინამძღოლობით. ამ ლაშქრობისას მარტო თბილისში დაიღუპა ორმოცდაათი ათასი კაცი, შემდგომ ააოხრეს ქართლი, კახეთი და მთიანეთი.

ოთხმოცდახუთი წლის მთავარი ძესთან, თარხუჯთან ერთად ქართლის ლაშქარს ჩაუდგა სათავეში. გორის მისადგომებთან გაიმართა უთანასწორო ბრძოლა არაბთა და ქართველთა შორის. მიუხედავად მედგარი წინააღმდეგობისა, ქართველები დამარცხდნენ. მტრებმა ტყვედ ჩაიგდეს კონსტანტი და თარხუჯი.

ბორკილდადებული კონსტანტი კახი ბაბილონის ქალაქ სამარაში გაგზავნეს ხალიფა ჯაფართან. ჯაფარმა იცოდა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პიროვნება იყო იგი ქართველთათვის და სრულიად საქრისტიანოსათვის, თავაზიანად მოიკითხა და შესთავაზა სარწმუნოების გამოცვლა და რომ ვერ დაიყოლია წმინდანი, ხალიფამ ჯალათებს უბრძანა, თავი მოეკვეთათ წმიდა კონსტანტისთვის.

წმიდანის გვამი მაღალ ძელზე დაჰკიდეს ხალხის დასაშინებლად, შემდგომ კი დამარხეს. რამდენიმე წლის შემდეგ ქართველებმა წმიდა კონსტანტი-კახის ნეშტი სამშობლოში გადმოასვენეს.

წმიდა მოციქულნი: ერასტოსი, ულუმპი, იროდიონი, სოსიპატრე, კუარტოსი და ტერტიოსი - სამოცდაათთაგანნი 

წმიდანი სამოცდაათთაგანნი მოციქულნი: ერასტოსი, ოლიმპი, იროდიონი, სოსიპატრე, კუარტოსი და ტერტიოსი წმიდა პავლე მოციქულის მოწაფეები იყვნენ. მოციქული მათ ახსენებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში.

მოციქული სოსიპატრე აქაიიდან იყო. იგი იკონიის ეპისკოპოსი იყო და იქვე აღესრულა. მოციქული ერასტოსი თავდაპირველად იერუსალიმის ეკლესიის დიაკონი და მნე იყო, შემდეგ კი - პანეადის ეპისკოპოსი. წმიდა კუარტოსმა მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტიანულ სარწმუნოებაზე, ბოლოს კი ქალაქ ბირითის ეპისკოპოსის ხარისხში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. წმიდა მოციქული ტერტიოსი, რომელმაც ჩაწერა პავლე მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ, იკონიის მეორე ეპისკოპოსი იყო და იქვე მიიცვალა. წმ. მოციქულ იროდიონს (როდიონს) თავი მოჰკვეთეს 67 წელს.

წმიდა მოწამე ორესტი მკურნალი

წმიდა მოწამე ორესტი კაბადოკიის ქალაქ ტიანში ცხოვრობდა III საუკუნის დასასრულს, იმპერატორ დიოკლეტიანეს ზეობისას. იგი დახელოვნებული მკურნალი იყო.
უსჯულო იმპერატორის ბრძანებით, ქრისტიანობასთან საბრძოლველად ქალაქ ტიანში გაიგზავნა მხედართმთავარი მაქსიმინე. ორესტი ერთ-ერთი პირველთაგანი წარდგა მისი სამსჯავროს წინაშე. მაქსიმინეს განკარგულებით წმიდანი მდიდრულ წარმართულ ტაძარში შეიყვანეს და კერპების თაყვანისცემა მოსთხოვეს. უფლის რჩეულმა უარი განაცხადა, რისთვისაც სასტიკი სატანჯველები დაატეხეს თავს. ნეტარს ლურსმნები ჩააჭედეს ქუსლებში, შემდეგ კი გაუხედნავ ცხენს შეაბეს და მიწაზე ათრიეს. ამგვარ ტანჯვაში აღმოხდა სული უფლის რჩეულს 304 წელს. მისი ნატანჯი სხეული ზღვაში გადააგდეს.

მღვდელმოწამე მილი - სპარსელი ეპისკოპოსი და ორი მოწაფე მისი ამბროსიმე და სინი

მღვდელმოწამე მილი, სპარსელი ეპისკოპოსი და ორი მოწაფე მისი ამბროსიმე და სინი IV საუკუნეში ცხოვრობდნენ. მილი სპარსელი იყო და ქალაქ სუზაში ქადაგებდა. შემდგომ დაუცხრომელი ღვაწლისთვის იგი ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. ნეტარმა მრავალი ტანჯვა და შევიწროება დაითმინა წარმართთაგან, სამი წლის შემდეგ კი იძულებული შეიქნა, სამწყსო დაეტოვებინა. მილი მრავალი წმიდა ადგილის მოლოცვის შემდეგ კვლავ სპარსეთში დაბრუნდა, სადაც საპორ II-ის მიერ ქრისტიანთა დევნისას მახვილებით განგმირეს. წმიდანთან ერთად ქვებით ჩაქოლეს მისი ორი მოწაფე: ამბროსიმე და სინი. უფლის რჩეულები 341 წლის 13 ნოემბერს ეწამნენ, მაგრამ რადგან ამ დღეს წმიდა იოანე ოქროპირი იხსენიება, ეკლესიამ მათ მოსახსენებლად ძველი სტილით 10 ნოემბერი დააწესა.

ღირსი თეოსტირიქტე სიმბოლელი

წმიდა თეოსტირიქტე მცირე აზიაში, ოლიმპოს მთაზე მდებარე „სიმბოლოებად“ წოდებულ მონასტერში მოსაგრეობდა. მისი მოღვაწეობისა და მიცვალების თარიღი დანამდვილებით არაა ცნობილი.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

85
თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (140)
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში

საეკლესიო კალენდარი: 24 სექტემბერი

109
(განახლებულია 07:56 24.09.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 სექტემბერს კრწანისის ბრძოლაში თავდადებულთა, ღირსი თეოდორა ალექსანდრიელის, მოწამეთა: დიმიტრის, ევანთიას, დიმიტრიანეს, დიოდორე და დიდიმე ასურელთა, იას, ღირსი ევფროსინეს, ღირსი სილოანე ათონელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

კრწანისის ბრძოლაში თავდადებულნი: 300 არაგველი და სასულიერო და საერო პირები

მე-18 საუკუნის მიწურულს, აღა-მაჰმად-ხანმა ქართლ-კახეთის მეფეს, ერეკლე II-ს სამეფოზე სპარსეთის ბატონობის აღდგენა და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა მოსთხოვა. აღა-მაჰმად-ხანი 35-ათასიანი ჯარით საქართველოსკენ გამოემართა. ქართველთა ჯარი მტერზე ბევრად მცირერიცხოვანი იყო. სპარსელებმა თბილისი ჯერ გაძარცვეს, შემდეგ დაარბიეს და ცეცხლს მისცეს, მრავალი ათასი მცხოვრები ტყვედ წაიყვანეს. მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილისა და გადამდები სნეულებისაგან დაიღუპა. ქართლის სოფლებს მოთარეშეთა რაზმები შეესივნენ. კრწანისის ბრძოლამ, რომელიც კრწანისის ველზე ქართლ-კახეთისა და სპარსეთის ლაშქარს შორის 1795 წელს გაიმართა. დიდი ზარალი მიაყენა აღმოსავლეთ საქართველოს. 300 არაგველი და სხვა მებრძოლები უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ.

ღირსი თეოდორა ალექსანდრიელი

ღირსი თეოდორა ალექსანდრიელი და მისი ქმარი ალექსანდრიაში ცხოვრობდნენ იმპერატორ ზენონის (475-491) დროს.

წმიდა მოწამე ია 

წმიდა მოწამე იას აიგივებენ ღირსმოწამე ევდოკიასთან, რომელიც საპორ II-ის მიერ სპარსეთის ქალაქ ბიზადაში ტყვედ წასხმულ ქრისტიანებს შორის მოხვდა. ჭეშმარიტი სარწმუნოების ქადაგებისთვის წარმართებმა იგი შეიპყრეს. მთავარი ქურუმი ნეტარისგან დაჟინებით ითხოვდა, დაეგმო ჭეშმარიტი ღმერთი, მაგრამ ამაოდ. ამის შემდეგ წმიდა ია აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს; განმეორებითი წამების შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს

წმიდა მოწამენი დიოდორე და დიდიმე ასურელნი

წმიდა მოწამენი დიოდორე და დიდიმე ასურელნი, წარმოშობით სირიის ლაოდიკიიდან იყვნენ. ისინი მხურვალედ ქადაგებდნენ ქრისტეს სარწმუნოებას თანამოქალაქეთა შორის, რისთვისაც წარმართებმა შეიპყრეს, სასტიკად აწამეს, დაბოლოს, შოლტების ცემით ამოხადეს სული.

წმიდა მოწამენი: დიმიტრი, მეუღლე მისი ევანთია და ძე მათი დიმიტრიანე

წმიდა მოწამე დიმიტრი ჰელესპონტის სკეფსეოსის მმართველი იყო მაშინ, როცა აქ კორნილიოს ასისთავი ჩავიდა სახარების ქადაგებით. წმიდა კორნილიოსმა ქალაქის მრავალი მკვიდრი მოაქცია ქრისტიანობაზე. წარმართებმა ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებისთვის ახალმოქცეულები საპყრობილეში გამოამწყვდიეს და შიმშილით დახოცეს.

ღირსი ევფროსინე 

ღირსი ევფროსინე პალესტინის ერთ-ერთი მონასტრის ბერი იყო და სამზარეულოში აღასრულებდა მორჩილების საქმეს. იგი გულმოდგინედ ემსახურებოდა ძმებს, გასაოცარი იყო წმიდანის მოთმინება: იგი უდრტვინველად იტანდა ყოველგვარ, ძალზე ხშირად, დაუმსახურებელ საყვედურს. მხურვალე მლოცველი და მკაცრი მმარხველი ევფროსინე ფარული ღვაწლით სათნოეყო უფალს, რაც თავად ზეცათა მეუფემ გაუცხადა მონასტრის ძმობას: სავანის ერთმა ხუცესმა ლოცვაში ითხოვა, მართლებისთვის განმზადებული საუკუნო ნეტარების ხილვის ღირსი გამხდარიყო. ღმერთმაც შეისმინა მისი და ძილში სამოთხის ენით აუწერელი მშვენიერება დაანახა. უეცრად მღვდელ-მონაზონმა თავისი მონასტრის ბერი - მზარეული ევფროსინე შენიშნა და ამგვარი შეხვედრით გაკვირვებულმა ჰკითხა, აქ როგორ აღმოჩნდიო. „ღვთის გამოუთქმელი მოწყალებით!“ - მიუგო წმიდანმა. ხუცესი ჩაეკითხა, თუ გაქვსო კადნიერება, მიბოძო რამე ამ ბაღიდან. მდაბალმა მონაზონმა სამოთხის ხის სამი ნაყოფი მოწყვიტა, ტილოში გაახვია და თანამოსაუბრეს გაუწოდა. ცისკრის ლოცვამდე გაღვიძებულმა მამამ ჩვენება ჩვეულებრივ სიზმრად ჩათვალა, მაგრამ მალე მისი ყურადღება ტილოში გახვეულმა საოცრად სურნელოვანმა ვაშლებმა მიიპყრო. ხუცესმა ტაძარში ღირსი ევფროსინე მოძებნა და სთხოვა, გაემხილა, სად იყო ღამით. ნეტარმა მიუგო: „მეც იქ ვიყავი, სადაც შენ. უფალმა შეგისრულა სათხოვარი, სამოთხე დაგანახა და მისი ნაყოფებიც გადმოგცა თავისი უღირსი მონის - ევფროსინეს ხელით“. ცისკრის შემდეგ ხუცესმა ეს ყოველივე ძმებს მოუთხრო, ბერებმა სამზარეულოს მიაშურეს, რომ თაყვანი ეცათ წმიდა მამისთვის, მაგრამ იგი ვერსად იპოვეს: ნეტარი განერიდა კაცთამიერ დიდებას და დატოვა სავანე. ძმებისთვის უცნობი დარჩა, სად გაიხიზნა მათი თანამოღვაწე, სამოთხის ვაშლებს კი  ბერები სასოებით ინახავდნენ და პატარ-პატარა ნაწილებად არიგებდნენ სულიერ და ხორციელ სნეულებათა საკურნებლად

ღირსი სილოანე ათონელი

ღირსი სილოანე ათონელი (ერობაში სვიმეონი) 1866 წელს დაიბადა ტამბოვის გუნერნიაში.

1892 წლის შემოდგომაზე ღირსი მამა ათონზე ჩავიდა და წმიდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში მორჩილად შედგა. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, 1896 წელს მან დიდი სქემა შეიმოსა.

წმიდა სილოანე ათონელი გარდაიცვალა 1938 წლის 11 სექტემბერს. მისი წმიდა ნაწილები ათონზე, პანტელეიმონის რუსულ მონასტერშია დაბრძანებული.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

 

 

109
მოწამეთა

საეკლესიო კალენდარი - 23 სექტემბერი

132
(განახლებულია 21:12 22.09.2020)
ეკლესია დღეს აღნიშნავს ხსენებას მოწამეთა მინოდორასი, მიტროდორასი და ნიმფოდორასი; მოციქულთა: აპოლიოსისა, ლუკიოსისა და კლიმენტისა, 70-თაგანთა; მოწამისა ვარიფსავასი; კეთილმორწმუნისა პულქერიასი, ბერძენთა დედოფლისა; მღვდელმთავართა პეტრესი და პავლესი, ნიკეელ ეპისკოპოსთა.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები დ რა ღვაწლი მიუძღვით ეკლესიის წინაშე.

წმიდა მოწამენი: მინოდორა, მიტროდორა და ნიმფოდორა 

ისინი ღვიძლი დები იყვნენ, წარმოშობით ბითვინიიდან (მცირე აზია). ღვთისმოშიშებით გამორჩეულებმა გადაწყვიტეს, გარიდებოდნენ ამ სოფელს, ერთი განკრძალული ბერი ჰპოვეს უდაბნოში და აქ ატარებდნენ დღეებს ლოცვითა და მარხვით.

მალე წმიდანებმა შორს გაითქვეს სახელი, რადგან უფლისაგან სასაწაულებრივი კურნების ნიჭი მიემადლათ. ოლქის მმართველმა, ფრონტონმა ბრძანა, შეეპყროთ ისინი და მისთვის მოეგვარათ. უღმრთო ხელისუფალი პატივისა და ჯილდოების აღთქმით შეეცადა ქალწულების გადადრეკას ქრისტეს სარწმუნოებისაგან, მაგრამ მათ ახოვნად აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი და ყველა მაცდური წინადადება უარყვეს.

დები საშინლად აწამეს და დახოცეს. მათი ზოგი უხრწნელი ნაწილი ათონზე, პანტელეიმონის რუსული მონასტრის ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ინახება, წმიდა მიტროდორას მკლავი კი წმიდა მთაზევე, პანტოკრატორის სავანეშია დაბრძენებული.

კეთილმსახური დედოფალი პულქერია

ბერძენი იმპერატორის, არკადის (395-408) ასული, თავისი ძმის, თეოდოსი უმცროსის (408-450) თანამმართველი და მრჩეველი იყო. მრავალმხრივ განათლებული ხელისუფალი სიბრძნითა და კეთილმსახურებით გამოირჩეოდა და მტკიცედ ერთგულებდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. მისი თანადგომით იქნა მოწვეული III მსოფლიო კრება ეფესოში 431 წელს.

მტრებისა და იმპერატორ თეოდოსის მეუღლის, ევდოკიას მანქანებით პულქერია მმართველობას ჩამოაშორეს. იგი განმარტოვდა და ღვთივსათნო ცხოვრებას მიეცა, მაგრამ მალე, ქვეყანაში წარმოქმნილ არეულობებთან დაკავშირებით, ძმის თხოვნით კვლავ დაუბრუნდა სამეფო კარს.

თეოდოსი უმცროსის სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდა იმპერატორი მარკიანე (450-457). წმიდა პულქერიას სურდა, კვლავ განმარტოებას დაბრუნებოდა, მაგრამ მეფემ და დიდებულებმა თხოვეს, ხელი არ აეღო მმართველობაზე და მარკიანეს გაჰყოლოდა ცოლად. საერთო სარგებლისთვის იგი დათანხმდა ამ წინადადებას, მაგრამ იმ პირობით, რომ ქორწინებაში მისი ქალწულება დაცული იქნებოდა. ამგვარად, დედოფალი მონაზვნური სიწმიდით ცხოვრობდა.

წმიდა პულქერიას ძალისხმევით იქნა მოწვეული მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალკედონში, რომელმაც დაგმო დიოსკორესა და ევტიქის ერესები. ბოლოს წმიდანმა მთელი ქონება გლახაკებსა და ეკლესიას დაურიგა და 453 წელს, ორმოცდათოთხმეტი წლის ასაკში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წმიდა მოციქული აპოლო, სამოცდაათთაგანი

ქალაქ სმირნის (ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთ ნაპირზე) ეპისკოპოსი იყო. პავლე მოციქული მას ახსენებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (16,10).

წმიდა მოციქული ლუკა (ანუ ლუკიოსი), სამოცდაათთაგანი, სირიის ლაოდიკიის (ოდესღაც ფრიგიის მთავარი ქალაქი) ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. პავლე მოციქული მასაც ახსენებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (16,21).

წმიდა მოციქული კლიმენტი სარდიკიის (მცირე აზიის, ლიდიის მდიდარი ქალაქი ძველ დროში) ეპისკოპოსი იყო. პავლე მოციქული მის სახელს ახსენებს ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში (4,3). იგი წერს: „შეიწყნარენ ეგენი, რომელნი-ეგე სახარებასა მას თანა-მოღუაწე მექმნნეს მე კლემენტოსითურთ და სხუათა მათ თანა-შემწეთა ჩემთა, რომელთა სახელები წერილ არს წიგნსა მას ცხორებისასა“.

წმიდა ვარიფსავე

მოღვაწეობდა II საუკუნეში. იგი განდეგილად ცხოვრობდა და მრავალს მოაქცევდა ქრისტიანობაზე თავისი მადლმოსილი ქადაგებებითა და სნეულთა კურნებებით. წმიდანი წარმართებმა მოკლეს.

წმიდა მამანი ჩვენნი, პეტრე და პავლე

 ნიკეის ეპისკოპოსები იყვნენ. წმიდა პეტრემ მრავალი ტანჯვა დაითმინა ხატმბრძოლთაგან მართლმადიდებლური სარწმუნოების დასაცავად იმპერატორ ლეონ სომეხის (813-820) დროს. იგი გარდაიცვალა არა უადრეს 823 წლისა. ცნობილია წმიდა თეოდორე სტუდიელის მიერ 816-823 წლებში დაწერილი ოთხი ეპისტოლე მღვდელმთავარ პეტრეს მიმართ. ცნობები წმიდა პავლეს შესახებ არ შემონახულა. წმიდა ეკლესია ერთად იხსენიებს მოციქულთა თავთა მოსახელეებსა და მათი საქმის ერთგულ გამგრძელებლებს, წმიდა ნიკეელ მღვდელმთავრებს პეტრესა და პავლეს.

132
თემები:
საეკლესიო კალენდარი
მთვარის ფაზები

მთვარის კალენდარი: 25 სექტემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 15:56 23.09.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

25 სექტემბერი, პარასკევი. ამ დღეს ვენერა მართავს. მზარდი მთვარე თხის რქის ნიშანშია.

თხის რქის დღეს კარგად გამოდის მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმვა და დაწყება. ხელსაყრელი დროა ისეთი სამუშაოს შესრულებისთვის, რომელიც სიზუსტეს, მკაცრ მათემატიკურ გამოთვლებსა და ინსტრუქციების მკაფიო შესრულებას მოითხოვს.

კარგად მიმდინარეობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები, ფინანსური ოპერაციებისგან კი სჯობს, თავი შეიკავოთ. არახელსაყრელია ვალის აღება და გაცემა. არასასურველია ახალ სამუშაოზე გადასვლა. ამ დღეებში შესანიშნავად მუშაობს ლოგიკა, ამიტომ ასეთი პერიოდი არცთუ იღბლიანია შემოქმედებითი ადამიანებისთვის. ჩნდება პასუხისმგებლობის, პრაქტიკულობის, ვალდებულების გრძნობები.

ურთიერთობების გამორკვევა, რომანტიკული პაემანი და ზეიმი, სჯობს, სხვა დროისთვის გადადოთ. როდესაც მთვარე თხის რქის ნიშანშია, ურთიერთობებში ჭარბობს საქმიანი მხარე, ლაკონურობა, სიახლე და უჩვეულო რამ რთულად მიიღება, მეტად ფასობს საიმედოობა და წესრიგი. ურთიერთობებში ხშირად ჩნდება დაბრკოლებები, შესაძლებელია მცირე უსიამოვნებები, დასანანი შეცდომები, დაყოვნებები. ასეთ დღეებში ურთიერთობები უფრო ასაკოვან ადამიანებს შორის ეწყობა. თხის რქის დღეს დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობები თანდათანობით ვითარდება და პრაქტიკულობა ახასიათებს.

იუპიტერი რეტროგრადულ სვლას წყვეტს: ზოდიაქოს ხუთ ნიშანს დიდი წარმატებები ელოდება>>

ხშირად ეს ურთიერთობები გრძელვადიანი და სტაბილური ხდება, გვირგვინდება ქორწინებით, მაგრამ აქეთ მოვლენები ძალიან ნელა ვითარდება.

რეკომენდებულია ძველი პროექტების განხორციელებისას კრეატიული დამოკიდებულება, მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხების გადაჭრა, ახალი პარტნიორების ძებნა, ინდივიდუალური მუშაობა და გუნდური მუშაობის შეზღუდვა.

არარეკომენდებულია საკუთარი შესაძლებლობების ზედმეტად შეფასება, ძალიან დატვირთვა სამუშაოზე.

არცთუ ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ამ დღეს შეიძლება თმის შეჭრა და შეღებვა. თმის სტრუქტურა გაუმჯობესდება, ბოლოები ნაკლებად გაიყოფა. ძალზე ხელსაყრელი დღეა მანიკურისთვის.

მებაღეობა: კარგი დღეა ბოლქვიანი მცენარეებისა და ზამთრის ბოსტნეულის დარგვისთვის, სარეველისგან გაწმენდისთვის, მავნებლებთან ბრძოლისთვის, რომლებიც მიწაში ცხოვრობენ, იმ ყვავილების მორწყვისა და მათთვის სასუქის მიცემისთვის, რომლებსაც სუსტი ფესვები აქვთ, პიკირებისთვის, ნაყოფიანი ხეების შეწამვლისთვის, გასხვლისთვის, გადარგვისთვის, მოსავლის აღებისთვის.

0