ღვთისმშოლის ხატი სვეტიცხოველში

საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 22 ნოემბერი

73
(განახლებულია 08:51 22.11.2019)
მართლმადიდებელი ეკლესია 22 ნოემბერს ღმრთისმშობლის ხატის „მსწრაფლშემსმენელი“დღესასწაულს ზეიმობს. ამ დღეს ასევე მოწამეთა ონისიფორეს და პორფირიოსის, ღირს მატრონას, ღირს თეოქტისტას, მოწამე ალექსანდრე თესალონიკელს, ღირს იოანეს, ღირსთა ევსტოლიას და სოსიპატრას იხსენებენ.

დღესასწაული ღმრთისმშობლის ხატისა „მსწრაფლშემსმენელი“

ღვთისმშობლის მსწრაფლშემსმენლის ეს სასწაულთმოქმედი ხატი ათონის დოქიარის მონასტერში იმყოფება. ის, საძმოს სატრაპეზოს კედელზე, კართანაა მოთავსებული.

თავისი სასწაულთმოქმედი ძალა ამ ხატმა პირველად 1664 წელს გამოავლინა, როდესაც ჩვეულებისამებრ, ტრაპეზარმა ნილოსმა ანთებული კვარით ჩაუარა ხატს და ხმა შემოესმა „აქ ნუღარ გაივლი ანთებული კვარით და ნუ ჭვარტლავ ჩემ სახეს”. ნილოსმა ჩათვალა რომ ეს ძმების მიერ მოწყობილი ხუმრობა იყო, ყურადღება არ მიუქცევია და ძველებურად გაივლიდა ხოლმე ხატის წინ ანთებული კვარით. გავიდა ხანი და ნილოსმა კვლავ გაიგონა ხმა: „ბერო! უღირსო! კიდევ დიდხანს აპირებ ესე უდარდელად და უდიერად მიხრჩოლო?” და ამ სიტყვებზე ტრაპეზარს თვალთ დაუბნელდა და სინათლე დაკარგა. მაშინ გაახსენდა ადრე ნათქვამი სიტყვებიც და იგრძნო თავისი ცოდვის სიმძიმე. მიხვდა, ღირსი იყო სასჯელისა ღვთისმშობლის ნათქვამის უგულებელყოფის და დაუდევრობის გამო. ნილოსს დაბრმავების შემდეგ თვალის ტკივილები სტანჯავდა და დღედაღამ წმიდა ხატის წინაშე ლოცულობდა და მოთქვამდა. ერთხელ მას ხმა მოესმა : „ნილოს, შესმენილია შენი ლოცვა, გეპატია ცოდვა და მხედველობაც დაგიბრუნდება. როდესაც ამ წყალობას მიიღებ, აცნობე ძმებს, რომ მე ვარ მათი მფარველი და მცველი სავანისა. დაე, ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა ილოცოს ჩემი ხატის წინაშე გაჭირვების ჟამს და მე არავის მივატოვებ, ყველასთვის ვინც ღვთისმოსაობით მომმართავს, შუამდგომელი ვიქნები და ძე და ღმერთი ჩემი, ჩემივე მეოხებით შეისმენს მათ ლოცვას, ასე რომ დღეიდან ჩემს ხატს „მსწრაფლშემსმენელი” ეწოდება რამეთუ ყოველთა მვედრებელთა მოუვლენ წყალობას და მათ თხოვნას შევისმენ”.

ამ სასწაულებრივი ამბის შესახებ მთელმა ათონის მთამ შეიტყო. ამის შემდეგ ბერებმა ადგილს, სადაც წმიდა ხატი იმყოფებოდა, გალავანი შემოავლეს და მისგან მარჯვნივ მსწრაფლშემსმენლის სახელობის ტაძარი ააგეს.
მას შემდეგ “მსწრაფლშემსმენელის” ხატის მადლით მრავალი სნეული და გასაჭირში მყოფი განკურნებულა და გადარჩენილა. ხატი ეხმარება ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ვინც მას მიმართავს რწმენით, მოწიწებითა და შემუსრვილი გულით.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის “მსწრაფლშემსმენელის” ასლი საქართველოში 2005 წლის 12 მაისს, ათონის წმიდა მთიდან ჩამობრძანეს. რომელიც დოქიარის მონასტრის ბერებმა დაწერეს.

„მსწრაფლშემსმენელის”  ხატი სამების საკათედრო თაძარშია დაბრძანებული და ყოველდღიურად უამრავი მომლოცველი სტუმრობს.

წმიდა მოწამენი: ონისიფორე და პორფირე 

წმიდა მოწამენი: ონისიფორე და პორფირე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნის ჟამს ეწამნენ. ჯალათებმა ისინი დაუნდობლად გვემეს, შემდეგ კი გაუხედნავ ცხენებზე გამოაბეს. მორწმუნეებმა უფლის რჩეულთა დაფლეთილი სხეულის ნაწილები შეკრიბეს და პატივით დაკრძალეს.

ღირსი მატრონა 

ღირსი მატრონა პამფილიის პერგეში (მცირე აზია) დაიბადა V საუკუნეში. იგი მდიდარ დომენტიანეს მიათხოვეს. როცა ასული - თეოდოტია შეეძინათ, მეუღლეები კონსტანტინოპოლში გადასახლდნენ. ოცდახუთი წლის მატრონას ძალიან უყვარდა ტაძარში სიარული, სადაც ხშირად მთელ დღეებს ატარებდა. ტაძარში გაეცნო წმიდანი ორ კეთილმსახურ მონაზონს - ევგენიას და სოსანას. ღირსმა მატრონამ მათი მიბაძვით ასკეტური ცხოვრება დაიწყო, რისთვისაც ხშირად უხდებოდა მეუღლის გამოხდომების დათმენა. ხანგრძლივი ყოყმანის შემდეგ მან ოჯახის დატოვება გადაწყვიტა, თავისი ასული დედა სოსანას ჩააბარა აღსაზრდელად, თავად კი თმები მოიკვეცა, მამაკაცის სამოსელი შეიმოსა და ღირსი ბასიანეს მონასტერს მიაშურა იმ იმედით, რომ მეუღლე მის იქ ყოფნას ვერ გაიგებდა. წმიდანი, რომელიც დამხვდურებს საჭურის ბაბილად წარუდგა, ძმობაში მიიღეს. რამდენიმე ხნის შემდეგ მონასტრის იღუმენს, ღირს ბასიანეს ჩვენებით განეცხადა, რომ საჭურისი ბაბილა ქალი იყო. იღუმენმა იგი ქალაქ ემესის დედათა მონასტერში გაგზავნა. ამ სავანეში წმიდანმა მრავალი წელი დაჰყო მკაცრი და დაუცხრომელი ღვაწლით, რითაც დების დიდი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა. როცა იღუმენია გარდაიცვალა, მონაზვნებმა ერთხმად ისურვეს, რომ მის ნაცვლად ღირსი მატრონა დაედგინათ. დომენტიანემ შეიტყო მეუღლის ადგილსამყოფელი და მონასტერს მიაშურა. ეს რომ გაიგო, მატრონამ ფარულად დატოვა სავანე და იერუსალიმში წავიდა, აქედან სინას მთაზე გადაინაცვლა, შემდეგ კი ბირითში, ერთ მიტოვებულ წარმართულ ტაძარში დასახლდა. წმიდანის სამკვიდრებლის მახლობლად მალე ახალი მონასტერი დაარსდა. ბოლოს, მატრონამ დატოვა ბირითი და კონსტანტინოპოლში გაემგზავრა, სადაც შეიტყო, რომ მისი ქმარი გარდაცვლილიყო. სულიერი მამის, ღირსი ბასიანეს კურთხევით მან  კონსტანტინოპოლში დააარსა დედათა სავანე. აქ გადავიდნენ მატრონას მიერ დაფუძნებული ბირითის მონასტრის დედებიც. ღირსი მატრონას კონსტანტინოპოლის სავანე ცნობილი იყო მკაცრი წეს-განგებითა და დების კეთილმსახური ცხოვრებით.
ას წელს მიღწეულმა ნეტარმა დედამ დაახლოებით 492 წელს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

ღირსი თეოქტისტა 

ღირსი თეოქტისტა დაიბადა კუნძულ ლესბოსზე მდებარე ქალაქ მითიმნაში (მცირე აზია). მას მშობლები ადრეულ სიყმაწვილეში გარდაეცვალა და ნათესავებმა მონასტერში მიაბარეს აღსაზრდელად. გოგონას სული შეეთვისა ცხოვრების ორომტრიალს განრიდებულ მონაზვნურ ყოფას, 846 წელს წმიდანი, რომელიც უკვე თვრამეტი წლისა იყო, იღუმენიას კურთხევით, სააღდგომოდ მეზობელ სოფელში გაემგზავრა ღვიძლი დის მოსანახულებლად და ღამის გასათევად იქვე დარჩა. ამ დროს სოფელს არაბები დაესხნენ თავს, მისი მცხოვრებლები დაატყვევეს, ხომალდზე დასხეს და დილით ზღვაში გავიდნენ. ავაზაკებმა გემი გაუდაბურებულ კუნძულ ფაროსთან შეაჩერეს, რომ აქ ტყვეები დაეხარისხებინათ და შეეფასებინათ ბაზარზე გასაყიდად. უფლის შეწევნით თეოქტისტამ მოახერხა, უსჯულოებს გაქცეოდა. ამ დროიდან მოყოლებული ნეტარმა ოცდათხუთმეტი წელი იცხოვრა ფაროსზე და იქ გარდაიცვალა.

წმიდა მოწამე ალექსანდრე თესალონიკელი 

წმიდა მოწამე ალექსანდრე თესალონიკელი მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) ზეობისას შეიპყრეს ქრისტეს აღსარებისთვის და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. წმიდანმა იმპერატორის წინაშე ახოვნად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი და გადააყირავა კერპებისათვის გამზადებული სამსხვერპლო. მაშინ უღმერთო ხელისუფალმა მოწამისთვის თავის მოკვეთა ბრძანა. როცა სასჯელი აღასრულეს, იმპერატორმა და ჯალათმა ცხადად იხილეს, თუ როგორ წარუძღვა ანგელოზი ნეტარი ალექსანდრეს ცაში აღმავალ სულს. იმპერატორმა მაქსიმიანემ ნება დართო, წმიდა მოწამის ცხედარი პატივით დაეკრძალათ ქალაქ თესალონიკში.

ღირსი იოანე

ღირსი იოანე კოლოვი (ბერძნულად - ტანმორჩილი) ეგვიპტეში, სკიტის უდაბნოში მდებარე ღირსი პიმენ დიდის  მონასტერში მოღვაწეობდა V საუკუნეში (შემდგომში სწორედ ამ უდაბნოს სახელწოდებიდან დაერქვა „სკიტები“ მონასტრისაგან მოშორებულ სავანეებს, სადაც ბერები განმარტოებით მოღვაწეობდა. მონასტერში იგი ძმასთან - დანიელთან ერთად მივიდა. ერთხელ ღირსმა იოანემ, თითქოსდა ანგელოზებრივი ცხოვრების მიბაძვით, გადაწყვიტა, სამოსელზე და საზრდელზე აღარ ეზრუნა, ტანსაცმელი განიძარცვა და სენაკიდან გავიდა. ღამით, როცა ძალიან აცივდა, მან სუსხს ვეღარ გაუძლო, დაბრუნდა და დანიელს კარებზე მიუკაკუნა. ძმა რამდენიმე ხანს კარებს არ უღებდა ნეტარს. უთხრა, ანგელოზები სხეულზე არ ზრუნავენო. წმიდანი მიხვდა, რომ საკუთარ თავს ზედმეტად მიენდო. ამ შეგონების შემდეგ იოანემ მტკიცე და ურყევი ნების მქონე მოძღვარს - ღირს პიმენს მიაშურა, სულიერი ხელმძღვანელობა სთხოვა და აღუთქვა, რომ ყველაფერში დაემორჩილებოდა. ახალგაზრდა ბერის მოთმინება რომ გამოეწრთო, წმიდა პიმენმა მას უცნაური მორჩილება დაუწესა: ნეტარი იოანე სამი წელი ეზიდებოდა წყალს გამხმარი ხის მოსარწყავად, რომელიც ბოლოს მწვანე ფოთლებით შეიმოსა და ნაყოფებით დაიხუნძლა. სასწაულებრივად განედლებულ ამ ხეს „მორჩილების ხე“ უწოდეს. შემდგომში უფლის რჩეული თავად წინამძღვრობდა ცხონების გულწრფელად მაძიებელ მოღვაწეებს. უფლის რჩეული მამა V საუკუნის I ნახევარში 422, ან, 430 წელს გარდაიცვალა.

ღირსი ევსტოლია  და სოსიპატრა

ღირსი ევსტოლია ქალაქ რომში დაიბადა. მან უფლის მსახურებისთვის გადადო თავი, კონსტანტინოპოლში ჩავიდა და დედათა ერთ-ერთ სავანეში დამკვიდრდა.
წმიდა სოსიპატრა იმპერატორ მავრიკიუსის (582-602) ასული იყო. მას წრფელი გულით უყვარდა ქრისტე და მონაზვნურ ცხოვრებას ესწრაფოდა. ერთხელ ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარში ნეტარი ღირს ევსტოლიას შეხვდა და ესაუბრა, რის შემდეგაც საბოლოოდ გადაწყვიტა, დაეტოვებინა ეს სოფელი და წინამძღვრის - ევსტოლიას ხელმძღვანელობით შესდგომოდა სულიერ ღვაწლს. სასახლეში, რომელიც კეთილმსახურმა იმპერატორმა უძღვნა თავის ასულს, თანდათან შეიქმნა მონასტერი, რომელიც მკაცრი წეს-განგებით იყო ცნობილი.
წმიდა ევსტოლია 610 წელს გარდაიცვალა, სოსიპატრა კი - 625 წელს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

73
თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (190)
სამების როზარიუმი გვიან შემოდგომაზე

საეკლესიო კალენდარი: 5 ივლისი

140
(განახლებულია 00:50 05.07.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 5 ივლისს მღვდელმოწამე მიქაელ ჰერელის, მღვდელმოწამე ევსევის, სამოსატელი ეპისკოპოსის, მოწამეთა: ზენონის, ზინას, გალაქტიონის, იულიანეს და სატურნინის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

მღვდელმოწამე  მიქაელ ჰერელი

მღვდელი მიქაელ ყულოშვილი 1842 წელს საინგილოში, სოფელ კაკში (თანამედროვე აზერბაიჯანი) დაიბადა. მართალია, მიხეილის მამა მუსლიმი იყო, მაგრამ ყულოშვილების ოჯახში ქრისტიანული ტრადიციები მაინც ინახებოდა. 1854 წლის 17 აგვისტოს მიხეილი მართლმადიდებლურად მოინათლა. 1858 წელეს ჰერეთში მისი თაოსნობით გაიხსნა პირველი ქართული სამრევლო-საეკლესიო ორკლასიანი სკოლა‚ სადაც ადგილობრივ ბავშვებს ქართულ წერა-კითხვას უსასყიდლოდ ასწავლიდა.
მიქაელის საეკლესიო მსახურება 1860 წლის 19 სექტემბერს ბელაქანის ყოვლადწმიდა სამების სახელობის ეკლესიაში უშტატო მედავითნეობით დაიწყო. 1866 წლის 20 ნოემბერს‚ მღვდელ პეტრე კონჭოშვილის წარდგენით დიაკვნად აკურთხეს და კახის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაინიშნა. 1870 წლის 11 იანვარს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) მიხეილ ყულოშვილს მღვდლად დაასხა ხელი და ვართაშენის წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დადგინდა.

მღვდელი მიქაელი სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა რამდენიმე ეკლესიაში და ასწავლიდა საღვთო სჯულს სამრევლო-საეკლესიო სკოლებში.
1888-1904 წლებში წმიდანი აქტიურად მონაწილეობდა ქურმუხის ტაძრის აღდგენის საქმეში. XIX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს სწორედ მისი თაოსნობით დაიწყო ამ ტაძრის აღდგენის მიზნით ფულის შეგროვება. 1892 წელს მამა მიქაელი თასმალოს წმიდა თომა მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დადგინდა (1894 წლის 9 ოქტომბერს ტაძარი საზეიმოდ იკურთხა). ეკლესია კახიდან 15 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა. მღვდელი მიქაელ ყულოშვილი სოფელი მუსლიმანებით გახლდათ გარშემორტყმული და ადგილობრივი ქართველი მოსახლეობა ძლიერ დისკრიმინაციას განიცდიდა. მამა მიქაელი თასმალოში ერთხელ ან ორჯერ ჩადიოდა და მოღვაწეობაც რთულ პირობებში უწევდა. მამა მიხეილმა კარგად იცოდა ყურანი და მოლებთან პაექრობაში, უპირატესობით გამოირჩეოდა. მისი საუბრების შედეგად მართლმადიდებლურად ბევრი ინათლებოდა და რამდენიმე ოჯახიც მოექცა.

1917 წლის რუსეთის ოქტომბრის რევოლუციისა და ჰერეთში პოლიტიკური მდგომარეობის დაძაბვის შემდეგ, საქართველოს წარმომადგენლებმა შიშის გამო ზაქათალის ოლქი მიატოვეს და საქართველოსთან ყველანაირი კავშირი შეწყდა. იმ დროს მუსავატების მოძრაობა იყო, ისინი დიდი აგრესიულობით გამოირჩეოდნენ, ხალხს თავის რაზმებში ჩაწერას აიძულებდნენ, ამოწყვიტეს სომხური სოფლები… როცა ჰერეთის ჯერი დადგა, ბევრმა მაცხოვრებელმა თავს გაქცევით უშველა… საფრთხის ქვეშ იდგა მღვდელი მიქაელის სოცოცხლეც, რომელმაც ქრისტიანობის უარყოფასა და მუსლიმანობის მიღებაზე მასთან მისულ მრჩევლებს კატეგორიულად მოსთხოვა, მეორედ ამისთვის აღარ მისულიყვნენ.

მუსავატთა მუქარის მიუხედავად, მამა მიქაელი ყოველდღე უშიშრად დადიოდა სოფელ მარსანსა და თასმალოში, სადაც წირვა-ლოცვას აღავლენდა. 1917 წლის 1-ელ ნოემბერს მამა მიხეილი სამრევლოში ჩავიდა. წირვის დამთავრების შემდეგ სახლისკენ გაემართა. მას გზად სოფელი მარსანი უნდა გაევლო. სოფლის ხიდთან კაცი შემოხვდა, რომელმაც ავადმყოფის სანახავად გაყოლა სთხოვა. მოძღვარი უცნობს მიენდო. ავადმყოფის სახლში მისულმა ფეხი ფარდაგს როგორც კი დააბიჯა ფარდაგიანად სარდაფში ჩავარდა, სადაც მოსყიდული მკვლელები იყვნენ ჩასაფრებულები. მღვდელი შებოჭეს და სარწმუნოების შეცვლა სთხოვეს, რათა შემდეგ გაქრისტიანებული ინგილო ხალხიც მუსლიმანობაზე მოექცია. მოძღვარს ხანჯლებითაც დაადგნენ თავს, თუმცა – უშედეგოდ. ბოლოს მოძღვარს უთქვამს:  ადამიანის სიცოცხლის ბოლო მაინც სიკვდილია, ამიტომ‚ „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი”.  ჯალათებმა მამა მიქაელს სიტყვა არ დაასრულებინეს, პირჯვრის გადაწერაც ვერ მოასწრო, ისე გამოასალმეს სიცოცხლეს.

მღვდელმოწამე ევსევი, სამოსატელი ეპისკოპოსი

მღვდელმოწამე ევსევი, სამოსატელი ეპისკოპოსი ერთგულად იცავდა 325 წელს ნიკეის I მსოფლიო კრებაზე მიღებული სარწმუნოების სიმბოლოს, რის გამოც არიანელები გააფთრებით დევნიდნენ. როცა არიანელთა მფარველმა იმპერატორმა კონსტანციმ (337-361) შეიტყო, რომ ევსებისთან ინახებოდა კრების დადგენილება ანტიოქიის კათედრაზე მართლმადიდებელი მთავარეპისკოპოსის, მელეტის არჩევის შესახებ, უბრძანა წმიდანს, მისთვის გამოეგზავნა იგი. ნეტარმა მამამ უარი განაცხადა. განრისხებულმა იმპერატორმა შეუთვალა, თუ აქტს არ გადმომცემ, მარჯვენა ხელს მოგკვეთენო. ევსებიმ დესპანს ორივე ხელი გაუწოდა და უთხრა: „მომკვეთეთ, მაგრამ კრების დადგენილებას, რომელშიც არიანელთა ღვარძლი და უსჯულოებაა მხილებული, არ მოგცემთ!“ მღვდელმთავრის გაბედულებით გაკვირვებულ თვითმპყრობელს მისთვის არაფერი დაუშავებია.

380 წელს წმიდა მამა არიანელთა ქალაქ დოლიქინში ჩავიდა, რომ იქაური კათედრა მართლმადიდებელი ეპისკოპოსის, მარინისთვის ჩაებარებინა. ერთმა არიანელმა ქალმა სახურავიდან კრამიტი ესროლა და თავი გაუპო უფლის რჩეულს. სულთმობრძავმა ევსევიმ მაცხოვრის მსგავსად შეუნდო მკვლელს და ითხოვა, არ დაესაჯათ იგი. ნეტარი მღვდელმთავრის ნეშტი სამოსზე გადაასვენეს.

მოწამენი: ზენონი და ზინა 

წმიდა მოწამენი ზენონი და ზინა ქალაქ ფილადელფიაში (არაბეთი) ცხოვრობდნენ. წმიდა ზენონი მდიდარი იყო, ქრისტეს სიყვარულისთვისა და მისთვის მოწამეობრივად აღსრულების სურვილით აღვსილმა ზენონმა მოწყალებად გასცა მთელი ქონება, მონებიც გაათავისუფლა და მის ერთგულ მსახურ ზინასთან ერთად მმართველის წინაშე წარსდგა და კერპთმსახურებაში ამხილა იგი. ქრისტიანთა მდევნელმა აღმსარებლის წამება ბრძანა. წმიდანები ძელზე დაჰკიდეს. მტარვალებმა მათ რკინის მარწუხებით დაუწყლულეს სხეული, ჭრილობებს ძმრითა და მარილით უღიზიანებდნენ, გახურებული შანთით უწვავდნენ ხორცის განსაკუთრებით მგრძნობიარე ადგილებს, ბოლოს კი ცეცხლიან ორმოში ჩაყარეს და ადუღებული ზეთი გადაასხეს. ღვთის მადლით სასწაულებრივად გადარჩენილ წმიდანებს თავები მოკვეთეს (+304).

მოწამენი გალაქტიონი, იულიანა და სატურნინი

ქრისტეს აღსარებისთვის წმიდა გალაქტიონი ზღვაში დაახრჩვეს, იულიანა კი ძესთან, სატურნინთან ერთად დაწვეს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

140
თემები:
საეკლესიო კალენდარი
მეტეხი

საეკლესიო კალენდარი: 4 ივლისი

112
(განახლებულია 11:27 04.07.2020)
4 ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას წმ. დიდებულთა მოწამეთა, საქართველოს მეფეთა: არჩილისა (744) და ლუარსაბისა (1622); მოწამისა იულიანე ტარსელისა; მღვდელმოწამისა ტერტიუსისა, იკონიელი ეპისკოპოსისა ; ღირსთა იულიუს ხუცისა და იულიანე დიაკონისა .

წმიდა მოწამე იულიანე ტარსელი

დაიბადა კილიკიის (მცირე აზია) ერთ-ერთ პროვინციაში. მისი მამა წარმართი სენატორი იყო, დედა კი ქრისტიანობას აღიარებდა. მეუღლის სიკვდილის შემდეგ იულიანეს დედა ქალაქ ტარსში გადასახლდა, სადაც მონათლა შვილი და კეთილმსახურებაში აღზარდა. როცა წმიდანს 18 წელი შეუსრულდა, იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) ქრისტიანთა დევნა დაიწყო. სხვებთან ერთად იულიანეც შეიპყრეს და მმართველ მარკიანეს წარუდგინეს სამსჯავროზე. დიდხანს სთავაზობდნენ ღვთისმოყვარე ჭაბუკს, განშორებოდა ქრისტეს, მაგრამ ვერც ძღვნისა და პატივის აღთქმამ, ვერც მუქარამ და ვერც წამებამ ვერ მოდრიკა მხნე აღმსარებელი. ნეტარ მარტვილს მთელი წლის განმავლობაში დაატარებდნენ კილიკიის ოლქის ერთი ქალაქიდან მეორეში, დაკითხვებს უწყობდნენ, ტანჯავდნენ. ბოლოს კი საპყრობილეში ჩააგდეს. იულიანეს დედა ყველგან თან დაყვებოდა ძეს, ამხნევებდა მას და მხურვალედ შესთხოვდა უფალს, კიდევ უფრო განემტკიცებინა შვილის სარწმუნოება. ბოლოს მანაც ახოვნად აღიარა ქრისტე მმართველის წინაშე. განრისხებულმა მარკიანემ ბრძანა, ქალისთვის ფეხები მოეკვეთად. ნეტარი მარტვილი ჭრილობებისგან გარდაიცვალა. თავად იულიანე ქვიშითა და შხამიანი ქვეწარმავლებით სავსე ტომარაში ჩასვეს და ზღვაში გადააგდეს (+305). მოწამის ნეშტი, რომელიც ტალღებმა ალექსანდრიის მახლობლად გამორიყა, ერთმა კეთილმსახურმა ქრისტიანმა ქალმა პატივით მიაბარა მიწას. შემდგომში იულიანეს უხრწნელი ნაწილები ანტიოქიაში გადაასვენეს. წმიდა იოანე ოქროპირმა სახოტბო სიტყვით განადიდა უფლის რჩეული.

ღირსი იული ხუცესი და იულიანე დიაკონი

ღვიძლი ძმები იყვნენ. კეთილმსახური ცხოვრებისათვის იული მღვდლად აკურთხეს, მისი ძმა კი - დიაკვნად. ქრისტიანული სარწმუნოების ფართოდ გავრცელების გულწრფელი სურვილით ანთებული მირმიდონიელი ძმები რომის იმპერიის აღმოსავლეთისა და დასავლეთის მივარდნილ ადგილებში ქადაგებდნენ. აქ ჯერ კიდევ მრავლად იყო საკერპოები და უხვი მსხვერპლშეწირვა აღესრულებოდა. ნეტარმა იულიმ და იულიანემ ბევრი წარმართი მოაქციეს ქრისტეს სჯულზე მადლმოსილი სიტყვითა და ღვთივმოვლენილი სასწაულებით. კონსტანტინეპოლში ჩასულებმა იმპერატორ თეოდოსი უმცროსს (408-450) გამოსთხოვეს ნებართვა, საკერპოების ადგილებზე ქრისტიანული ტაძრები აეგოთ.

პატრიარქის კურთხევითა და იმპერატორის ნებართვით, წმიდანებმა მრავალი ეკლესია ააშენეს. როცა წმიდა იულიმ აღსასრულის მოახლოება იგრძნო, მეასე, უკანასკნელი ტაძრის საშენებელი ადგილის საძებრად გაეშურა. მუკოროსის ტბის ნაპირს მიახლებულმა, მის შუაგულში შენიშნა ლამაზი კუნძული, რომელსაც თურმე ვერავინ ეკარებოდა მასზე დაბუდებული გველების სიმრავლის გამო. ღირსმა მამამ გადაწყვიტა, აქ აეგო ტაძარი. იგი გაშლილ მანტიაზე შემდგარი მიცურდა ჭალაკთან და ნაპირზე ჯვარი აღმართა; შემდეგ ყველა გველს უბრძანა, ერთად შეკრებილიყვნენ და კუნძულიდან წასულიყვნენ - აქაურობა ღვთის სახლისა და უფლის მონებისათვის დაეთმოთ.

წმიდა იულიმ კუნძულზე თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძარი დააფუძნა. ამ დროს მისმა ძმამ, იულიანემ, ქალაქ გავდიანის მახლობლად დაამთავრა ეკლესიის მშენებლობა, იქვე გარდაიცვალა და დამარხეს მის მიერ წინასწარ გამზადებულ საფლავში.

ღირსი იული კუნძულზე გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს მის მიერ აგებულ თორმეტ მოციქულთა სახელობის ტაძარში. მის საფლავთან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულა. ნეტარი ძმები V საუკუნის I ნახევარში შეერთნენ ზეციურ ეკლესიას.

წმიდა მოწამე არჩილ მეფე

ქართლის სამეფოს ჩვენი ქვეყნისათვის უმძიმეს პერიოდში განაგებდა. მისი მეფობის ჟამი იყო შეუპოვარი ბრძოლა უსჯულო დამპყრობლების წინააღმდეგ და საქართველოს გაერთიანებისათვის დაუცხრომელი ზრუნვა. არჩილის მამამ ქართლის ერისთავმა ადარნასემ (მცხეთის ჯვრის ერთ-ერთი აღმშენებელი) ქართლის გამგებლად არჩილის უფროსი ძმა მირი დასვა. არჩილი ყოველმხრივ გვერდით ედგა უფროს ძმას და ღვთის შიშითა და სიყვარულით ზრუნავდა სამეფოზე.

 არჩილის მამამ ქართლის ერისთავმა ადარნასემ (მცხეთის ჯვრის ერთ-ერთი აღმშენებელი) ქართლის გამგებლად არჩილის უფროსი ძმა მირი დასვა. არჩილი ყოველმხრივ გვერდით ედგა უფროს ძმას და ღვთის შიშითა და სიყვარულით ზრუნავდა სამეფოზე. მირის მეფობის ჟამს ქართლში მურვან ყრუ შემოიჭრა, პირსისხლიანმა ჯალათმა „ყოველივე შენებული და სიმაგრენი საქართველოსნი“ შემუსრა და სისხლით მორწყო ქვეყანა. მირი და არჩილი აფხაზეთში გაიხიზნენ და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს მხურვალედ ევედრებოდნენ შემწეობას. უფალმა ისმინა მართალთა ლოცვა: ერთ ღამეს წმიდა არჩილს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა: „აღდეგ და ებრძოლე უსჯულოთა მათ, რამეთუ ანგელოზი უფლისა წინა წაგიძღუეს თქუენ და თქუენ წილ უფალი ბრძოდის“. მირი და არჩილი მცირედი მხედრობით „მინდობითა ღმრთისაჲთა და შეწევნითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა“ დაესხნენ თავს მტრის ბანაკს. შეტაკება ქართველთა გამარჯვებით დამთავრდა. გაქცეულ უსჯულოებს ღმერთმა სასტიკი ქარი და ძლიერი წვიმა მოუვლინა, მდინარეები ადიდდა და აგარიანთა მხედრობა წალეკა. ცოცხლად გადარჩენილმა მომხდურებმა კონსტანტინოპოლს მიაშურეს, მაგრამ ზეგარდამო მოწევნულმა რისხვამ ისინი ზღვაში ჩაახრჩო.

ბრძოლაში დაჭრილი მეფე მირი მალე დასნეულდა, სიკვდილის წინ სამეფო თავის ძმას, არჩილს გადააბარა, დარჩენილი შვიდი ასულის მფარველობა სთხოვა და მცხეთაში დასაფლავება დაიბარა.

მეფე არჩილმა შეასრულა მირის ანდერძი, მცხეთის ზემო ეკლესიაში დაკრძალა იგი, მისი შვიდი ასულიდან ექვსი ქართველ დიდებულებს მისცა შესაფერისი მზითვით, მეშვიდე, გურანდუხტი კი ბიზანტიის კეისარს მიათხოვა.

თორმეტი წელიწადი იჯდა არჩილი ქუთაისში და ყოველნაირად ცდილობდა სრულიად საქართველოს გაერთიანებას, შემდეგ ქართლში გადავიდა და არაბთაგან აოხრებული ამ ულამაზესი კუთხის აღმშენებლობას შეუდგა, შემოიერთა კახეთი, მთიანეთი, ეგრისი, აფხაზეთი და სამცხე-ჯავახეთი. არაბების ბატონობა, ფაქტიურად თბილისისა და მცხეთის შემოგარენს ვერ სცილდებოდა.

მურვან-ყრუსაგან დარბეული ქვეყანა ჯერ კიდევ გონს არ იყო მოსული, როცა არაბთა ლაშქარმა ჭიჭუმ-ასიმის მეთაურობით კვლავ ააოხრა ქართლი და გეზი კახეთისაკენ აიღო. წინააღმდეგონის გაწევას აზრი არ ჰქონდა, არჩილ მეფემ გადაწყვიტა „სულისა თვისისა დადებად საჴსრად ქრისტიანეთათვის“. „უმჯობეს არს სიკუდილი ჩემი, ვიდრეღა კუალად განრყუნად ეკლესიათა ქრისტესთა და ოხრებად ქვეყანისა ამის“, - ბრძანა მეფემ და ჭიჭუმ-ასიმს ეახლა მშვიდობის სათხოვნელად. განიხარა ჭიჭუმ-ასიმმა მეფის მისვლით, პატივით მოიკითხა, „აქო სიკეთე და სისრულე ჰასაკისა მისისა და მშვენიერება პირისა მისისა“.

რამდენიმე დღე დიდებულად ისტუმრა ჭიჭუმმა ქართველთა მეფე, შემდეგ კი მაცხოვნებელი სჯულის დატოვება და სარკინოზთა სარწმუნოების მიღება მოსთხოვა, სანაცვლოდ „აღუთქუმიდა ნიჭთა დიდ-დიდთა“. ზეგარდამო სულით აღვსილმა ცხებულმან უფლისამან ბრძანა: „მე რომ შენ დაგიჯერო, უნდა მოვკვდე სიკვდილით, რომლის შემდეგაც უნდა ვიტანჯო... ღმერთმან ჩვენმან და მაცხოვარმან ჩვენმან ჩვენი ხსნისათვის თავი დადო, ამიტომაც მე არ მეშინია სიკვდილის. თუ მომკლავ, მეც ისევე აღვსდგები სიკვდილის შემდეგ, როგორც ღმერთი ჩვენი და კვლავ ვადიდებ მას“.

განრიხსებულმა ჭიჭუმმა ბრძანა „შეპყრობაჲ მისი და წარგზავნა იგი საპყრობილედ მრავლითა ჭირითა და იწროებითა, რამეთუ ჰგონებდა იგი, ნუუკუე შიშითა სატანჯველთაჲთა მოდრიკოს შეურყეველი გონებაჲ მისი“, სასიკვდილოდ კი მაინც ვერ გაიმეტა ახოვანი და მშვენიერი მეფე ქართველთა.

ღვთისმოსავი მეფე არჩილი საპყრობილეში გულმოდგინედ ევედრებოდა უფალს, მიენიჭებინა მისთვის ძალა სატანჯველთა დათმენისა.

ჭიჭუმ-ასიმის წინაშე წარდგა ერთი გარდაბნელი გამაჰმადიანებული სომეხი მთავარი, რომლის ბიძის მკვლელები არჩილის მამას - ადარნასეს სასჯელისაგან გაეთავისუფლებინა. სომეხს პაპის ჯავრი სჭირდა და გადაეწყვიტა, შური შვილიშვილზე ეძია.

სომეხმა ასიმს უთხრა: დიდებულო მთავარო, არჩილი არის სტეფანოზ მეფის ძე, ნათესავი ვახტანგ მეფისა, რომელიც იყო შვილიშვილი მირიან მეფისა; ის თან ახლდა მამას, როცა იგი ქართლის სამეფო საგანძურს მალავდა და ისიც იცის, თუ სად დაფლა განძი ბერძენთა მეფემ ჰერაკლემ.

ჭიჭუმ-ასიმმა საპყრობილიდან გამოიხმო ქართველთა მეფე და უთხრა, პირველად შენი სიკეთისა და მშვენიერებისათვის გაფასებდი, ახლა კი გავიგე, რომ ხარ შვილი დიდთა მეფეთა, ამითომ განგადიდებ ჩემს წინაშე. შენი სამეფო და საგანძურიცა მამათა შენთანი შენი იყოს, ოღონდ მიჩვენე ბერძენთა მეფის საგანძური, რომელიც სპარსეთიდან წამოიღო და საქართველოში დაფლა. სჯულიც შეიცვალე, სარკინოზად მოიქეც და სპასალარადაც დაგნიშნავ და ქართლის მეფობასაც მოგცემო. პასუხად წმიდა არჩილმა ჭიჭუმს უთხრა: „იცოდე, მძლავრო, არ დავუტევებ ჩემს უფალს, არ უარვყოფ ქრისტეს სახელს, არც საწუთო ცხოვრებაზე გავცვლი მარადიულს, არც ჟამიერ მეფობას - უჟამო თანაყოფაზე ქრისტესთან. საგანძურზე კი არაფერი ვიცი, რადგან პატარა ვიყავი, როცა ჰერაკლე მეფემ გაიარა ჩვენს ქვეყანაზე, მამაჩემმა და ჩემმა ძმამ მურვან ყრუს შემოსევისას ჩვენი განძი ამოიღეს და ბერძენთა ციხეში დაფლეს“.

ასიმმა ჰკითხა: „შენ იქ იყავი, როცა სარკონოზები დამარცხდნენ აფხაზეთში?“ წმიდა არჩილმა უშიშრად უპასუხა: „ღმერთმან ცხოველმან, რომელი არს შემოქმედი ცათა და ქუეყანისაჲ, რომელი-იგი მოვიდა ზეცით ქუეყანად ჴსნისათჳს კაცთასა და სიკუდილითა თჳსითა მოკლა მკვლელი ჩუენი და ჩუენ მოგუანიჭა უკუდავებაჲ, მან უკუე ძლიერმან და ყოვლისა შემძლებელმან დასცნა და შემუსრნა იგინი“.

ამ სიტყვებმა გულისწყრომით აღავსო უსჯულო ჭიჭუმი, „ვინაჲთგან არა გნებავს ცხორებაჲ თავისა შენისაჲ და უმჯობესი შენი და მოკუდავისა მიმართ დაგიც სასოებაჲ, ჯერ არს, რათა შენცა მოკუდე ბოროტად“, - ბრძანა განრისხებულმა უსჯულომ.

წმიდანმა მცირე დრო ითხოვა სალოცავად, მუხლი მოიყარა და ხელაპყრობილმა მადლობა შესწირა შემოქმედს, მაცხოვარს შეევედრა, კეთილად დაეცვა ეკლესია, გაეძლიერებინა ქრისტიანობა საქართველოში, ილოცა ოჯახისთვის და მშვიდად მოუდრიკა ქედი მახვილს.

ღამით ქართველმა აზნაურებმა ფარულად წამოასვენეს წმიდა არჩილ მეფის გვამი და ნოტკორაში, მის მიერვე აგებულ ტაძარში დაკრძალეს. ეს მოხდა 744 წელს.

წმიდა მოწამე მეფე ლუარსაბი

დაიბადა დაახ. 1592 წელს, იგი ქართლის მეფე გიორგი X-ის უფროსი ვაჟიშვილი იყო. მეფე გიორგის გარდაცვალების შემდეგ 1606 წელს სამეფო ტახტზე თოთხმეტი წლის ლუარსაბი ავიდა. იმავე წელს იმერეთში გიორგი III, კახეთში კი - თეიმურაზ I აკურთხეს მეფედ.

1609 წელს თურქები ყირიმელ თათრებთან ერთად თავს დაესხნენ ქართლს. მეფე ლუარსაბი ამ დროს ცხირეთის ციხეში იმყოფებოდა მცირეოდენ ამალასთან ერთად და ალბათ, ვერაფრით გადაურჩებოდა მტრის უეცარ დარტყმას, მაგრამ კველთელმა მღვდელმა წმიდა თევდორემ (ხს. 8 ივნისს), რომელსაც უსჯულოებმა მეფის სამყოფელისაკენ უმოკლესი გზის ჩვენება დაავალეს, სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით ატარა ისინი. ამასობაში მეფემ შეკრიბა ჯარი და ტაშისკართან სასტიკად დაამარცხა მტერი. ამ დროს მეფე ჩვიდმეტი წლისა იყო. ბრძოლაში განსაკუთრებული სიმამაცით ზაზა ციციშვილი და გიორგი სააკაძე გამოირჩეოდნენ.

გიორგი სააკაძემ სახლში მიიწვია გამარჯვებით გახარებული მეფე. ნადიმზე ლუარსაბ მეფეს გიორგის და მოეწონა და, მიუხედავად სამეფო კარის წინააღმდეგობისა, მალე დაქორწინდა კიდეც მასზე.

შემდგომმა მოვლენებმა მტრობა ჩამოაგდო ლუარსაბ მეფესა და გიორგი სააკაძეს შორის. ეს უკანასკნელი საქართველოდან გაიქცა და შაჰ-აბასს სთხოვა თავშესაფარი. ცბიერებით ცნობილი შაჰი ყოველგვარ ინტრიგას აწყობდა საქართველოს წინააღმეგ: მან ჯერ ლუარსაბის და, ლელა (თინათინი) შეირთო, შემდეგ კი თეიმურაზსაც „დაუმოყვრდა“ - მისი ულამაზესი და, ელენეც მოიყვანა ცოლად. შაჰმა წმიდა ლუარსაბ მეფეს თეიმურაზის მოკვლა და კახეთის სამეფო შესთვაზა, თეიმურაზს კი ლუარსაბის მოკვლის საფასურად ქართლის სამეფოს დაჰპირდა.

მიხვდნენ ქართველი მეფენი შაჰის მზაკვრობას. ღვთის შეწევნით, ამჯერად გადარჩა საქართველო ძმათა კვლის საშინელებას.

შეაშინა შაჰი ქართველთა ერთობამ, ვითომ სანადიროდ და დროის სატარებლად თავისთან მიიწვია ლუარსაბი და თეიმურაზი. მეფეებმა მოითათბირეს და ბრძოლა გადაწყვიტეს, ნარეკვავის მინდორზე ფიცით აღუთქვეს ერთმანეთს წინაშე „ქრისტეს ღმრთისა დადებად სულნი და სიკვდილი ქრისტესთვის“. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ ქართველების გამარჯვებაში, მაგრამ ღალატის გამო დამარცხდნენ და თავი იმერეთს შეაფარეს.

შაჰ-აბასმა საშინლად ააოხრა ქართლ-კახეთი და გორში დაბანაკდა. აქედან შეუთვალა გიორგი მეფეს, გაეცა სტუმრები და სანაცვლოდ დიდძალ საგანძურს დაჰპირდა. გიორგი III შორს დაიჭირა ვერაგი შაჰის პირობა, კათოლიკოსი მალაქია და პაატა აბაშიძე აახლა ყეენს, მათი პირით პატიება სთხოვა და შეუთვალა: „გევედრებით, რეცა პატივსგვცე და მისცე მეფეთა სამეფონი თჳსნი და იმსახურენ მათ, ვითარცა პირველ მამათა შენთა და თქუენ წარხვიდეთ“. როცა შაჰ-აბასმა ნახა, რომ ძალით ვერას გახდებოდა, ცბიერებას მიმართა: დაიბარა ლუარსაბის გამზრდელი შადიამან ბარათაშვილი და სთხოვა, მომიყვანე ლუარსაბი, არაფერს დავუშავებ, თეიმურაზი კი მოსისხლე მტერია ჩემი, მას ვერ ვაპატიებო. თან ოქროთი მოოჭვილი ხმალი გაატანა ლუარსაბთან მეგობრობისა და თანადგომის ნიშნად.

ლუარსაბმა კარგად იცოდა შაჰის „მეგობრობა“, მაგრამ მეფურმა სინდისმა სხვანაირად გადაწყვიტა - „უკუეთუ არა წარვიდე, ამიყრის ქუეყანათა და მოაოჴრებს, რა მადლი არს ჩემდა“.

შაჰ-აბასმა ლიქნით და პატივით მიიღო მეფე, მეგობრულად მოექცა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ქართლში ახალი მმართველი დანიშნა და ჯარებიც ჩააყენა. ლუარსაბი ჯერ ყარაიაში წაიყვანა, ვითომცდა სანადიროდ, იქიდან კი - სპარსეთში.

ყარაიაში ყოფნისას ლუარსაბმა ყველა განაცვიფრა ახოვანებით და ვაჟკაცობით. მისი ნანადირევის ხილვამ შურით აღავსო შაჰი. ლუარსაბის დამ, თინათინმა, რომელიც ყაენის ცოლი იყო, სთხოვა თავის ლამაზ და ჩინებულ ძმას, უბადრუკად მოეჩვენებინა თავი შურით აგზებული აბასისათვის, მაგრამ მეფემ სევდიანად გაიღიმა და თქვა: „უწყი, რამეთუ არღარა განმიტევებს, ამისთჳს უმჯობეს არს სიკეთისა ჩუენება, ვიდრე სიავისა“. დიდმარხვის დროს შაჰის ნადიმზე ლუარსაბმა შემოთავაზებული თევზი არ ჭამა, დღეს თევზით გინდა გავტეხო მარხვა, ხვალ ხორცს შემომთავაზებ, შემდეგ კი ქრისტეს უარყოფასაც მომთხოვო - გაამჟღავნა მან შაჰის დაფარული განზრახვა. სიბრაზისაგან გაცოფებულმა შაჰმა პირდაპირ ქრისტეს უარყოფა და ალაჰის აღიარება უბრძანა მეფეს. მთელი ქვეყანა რომ მიბოძო, მაინც ვერ აღვასრულებ შენს ბრძანებას, რადგან ქრისტეს სახელით ნათელი მიმიღია და მხოლოდ ის მწამსო, - მხნედ უპასუხა წმიდა ლუარსაბმა.

დატყვევებული გვირგვინოსანი შირაზს წაიყვანეს და დილეგში ჩააგდეს. შვიდი წლის განმავლობაში ყოველდღე შედიოდნენ მასთან ციხეში მოლები, „ჰოი, მეფეო! შეიწყალე სიჭაბუკე შენი და ნუ ეურჩები ბრძანებასა შაჰისასა, დაუტევე სარწმუნოება შენი და იწამე მაჰმადი, თორემ მწარე ტანჯვა და სიკვდილი მოგელის!“ - ეუბნებოდნენ ისინი წმიდანს. „რაცა გნებავთ ყოფად ჩემდა, ჰყავით და აღასრულეთ ბრძანება ყაენისა“, - პასუხობდა ლუარსაბი.

ყაენმა უკანასკნელად შეუთვალა ქართველთა მეფეს: „ანუ უარჰყავ ქრისტეჲ, ანუ თანა-გაძს სიკუდილი მძჳნვარეჲ“. ლუარსაბმა კი, რომელსაც პატიმრობის შვიდი წელი ლოცვასა და მარხვაში გაეტარებინა, „ბოროტთაგან შეურყეველმან და მომლოდინემან ნეტარისა მის სასოებისა და გამოჩინებისა დიდებისა დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტეჲსა“, ამჯერად დუმილით განაცხადა თანხმობა მოწამეობრივ აღსასრულზე.

შაჰი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ვერაფერი შეარყევდა ლუარსაბის სარწმუნოებას, განრისხებულმა საპყრობილეში გაგზავნა ჯალათები და მეფის წამებით მოკვდინება ბრძანა.

მტარვალები მივიდნენ ბრძანების აღსასრულებლად. მეფე მიხვდა, რომ დამდგარიყო ჟამი მისი განსვლისა ამიერ სოფლიდან და ჯალათებს უთხრა: „მაცალეთ, რათა ვილოცო უფლისა მიმართ და მერე აღასრულეთ ბრძნებული მის უსჯულოისა“. წმიდა ლუარსაბმა ღვთისმშობლის ხატის წინაშე დაიჩოქა და მხურვალედ შეჰღაღადა: „ჰოი, დედოფალო ჩვენო ღმრთისმშობელო, შენდამი დამიძს ყოველი სასოებაჲ ცხოვრებისა ჩემისა, შენ ხარ მფარველი ჩემი, შენ ხარ ნუგეშინისმცემელი ჩემი, შენ მომეც მე შეწევნაჲ ღუაწლისა ამის ჩემისა, შენ მიოხე წინაშე ძისა შენისა და შემრთე წმიდათა მოწამეთა თანა, რათა მეცა ვადიდებდე მამასა და ძესა და წმიდასა სულსა“.

ლოცვის დამთავრებისთანავე ჯალათები დილეგში შევიდნენ და მშვილდის საბლით შეუბრალებლად მოაშთვეს ღვთისმოსავი მეფე. ღამით წმიდა მოწამის დაუფლველ გვამს საკვირველი ნათელი დაადგა. მეორე დღეს წმიდა მოწამის სხეული ციხის ეზოში დაფლეს.

ეს მოხდა 1622 წელს.

წმიდა არჩილსა და ლუარსაბს ათასი წელი აშორებს ერთმანეთისაგან, მაგრამ საქართველოს ეკლესიამ მათი ხსენება ერთ დღეს განაწესა ღვაწლისა და წამების მსგავსების გამო. კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (+1921) ამ ორი მეფის თითქმის ერთნაირ მოწამეობრივ აღსასრულს მიაწერს „ჩვენი წამებული და მრავალტანჯული სამშობლოს თითქმის ყოველ დროს ერთსა და იმავე ვაებას, ერთსა და იმავე სიმწარეს“ და წუხს, რომ „ლუარსაბის წმიდა ძვლები დღესაც ისევ სპარსეთში არიან და არჩილის საფლავი ერწოელ ფშაველსა და ხევსურს თუ უნახავს თორემ სხვას არავის“.

 

112
თემები:
საეკლესიო კალენდარი
ხანძარი მთაში

მესტიის მუნიციპალიტეტში ტყის ხანძრის ლოკალიზაცია ვერ ხერხდება

0
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სამი ეკიპაჟი და 20 მეხანძრე მაშველი, თუმცა რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ხანძრის ქრობის პროცესი გართულებულია.

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. მესტიის მუნიციპალიტეტში, ხაიშის თემში სოფელ იდლიანთან გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სამი ეკიპაჟი და 20 მეხანძრე მაშველი, თუმცა რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ხანძრის ქრობის პროცესი გართულებულია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული მოადგილის ნინო ვიბლიანის ინფორმაციით, ხანძრის კერები რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული დასახლებული ადგილიდან და ამ ეტაპზე მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. მისივე თქმით, ცეცხლის კერები 2 ჰა ფართობზეა გაჩენილი. ცეცხლის გამომწვევ მიზეზად წუხელ მეხის ჩამოვარდნა სახელდება.

ხანძარს სვანეთში მეხანძრე-მაშველები დღეს დილიდან ებრძვიან.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში