წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში

საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 15 ნოემბერი

57
(განახლებულია 08:47 15.11.2019)
მართლმადიდებელი ეკლესია 15 ნოემბერს მოწამეების, აკვინდინეს, პიგასის, აფთონის, ელპიდიფორეს, ანემპოდისტოსის და სხვა მათთან მტოფების, ასევე ღირსი მარკიანე კვირინელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამენი: აკვინდინე, პიგასი, აფთონი, ელპიდიფორე, ანემპოდისტო და სხვანი

წმიდა მოწამენი: აკვინდინე, პიგასი, ანემპოდისტო, აფთონი, ელპიდიფორე და სხვები საპორ II-ის ზეობისას, დაახლოებით 341-345 წლებში ეწამნენ ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებისთვის. ამ დროს სპარსეთში ქრისტიანობა უკვე ფართოდ იყო გავრცელებული. თავად სპარსელები ზოროასტრიზმს მისდევდნენ - მზეს სცემდნენ თაყვანს. ყველა სხვა სარწმუნოება აკრძალული იყო, მაგრამ მეფე საპორი, რომელსაც იმპერატორ კონსტანტინე დიდთან (306-337) მშვიდობიანი ურთიერთობის შენარჩუნება სურდა, თავისი მეფობის დასაწყისში ქრისტიანებს არ დევნიდა. მიუხედავად ამისა, მართლმორწმუნეთა სიძულვილით აღსავსე სპარსელი ქურუმები მოსვენებას ვერ პოულობდნენ და ხელსაყრელ შემთხვევას ელოდნენ მათ დასაღუპავად. ასეთი შემთხვევაც გამოჩნდა: გარდაიცვალა კონსტანტინე დიდი და საპორმა ომი წამოიწყო მის მემკვიდრესთან, კონსტანციუსთან (337-361). სპარსეთის მეფეს დაბეჯითებით დაუწყეს იმის მტკიცება, რომ მის ქვეშევრდომ ქრისტიანებს მუდმივი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმორწმუნე მტრებთან და აწვდიდნენ მათ ყველაფერს, რაც ომში წარმატებისთვის იყო საჭირო. მეფემ ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყო. ქვეყანაში იმდენი ქრისტიანი აღმოჩნდა, რომ სპარსელები გაოცებას ვერ მალავდნენ: მეფის სასახლეც კი სავსე იყო ქრისტიანებით. სხვებთან ერთად მოშურნეებმა მეფესთან დაასმინეს მისი ერთგული კარისკაცებიც: აკვინდინე, პიგასი და ანემპოდისტო. განრისხებულმა თვითმპყრობელმა წმიდანების წამება ბრძანა.

როცა მარტვილები ქალაქის გალავნისკენ მიჰყავდათ დასახოცად, მათ ურიცხვი ხალხი მიაცილებდა. მეფის ბრძანებით მეომრებმა ყველა მათგანი - შვიდიათასამდე - ამოჟლიტეს. სხვებთან ერთად მოკლეს ელპიდიფორეც. აკვინდინე, პიგასი და ანემპოდისტო მეფის დედასთან ერთად მეორე დღეს ცეცხლში გამოწვეს. წმიდანთა სიკვდილით დასჯის ადგილას ღამით მოსულმა ქრისტიანებმა უფლის რჩეულთა სრულიად უვნებელი ცხედრები იპოვეს და პატივით მიაბარეს მიწას.

ღირსი მარკიანე კვირელი

ღირსი მარკიანე ახალგაზრდობაშივე განერიდა წუთისოფლის ამაოებას, უდაბნოში დამკვიდრდა და მრავალი წელი დაჰყო განმარტოებით, დაუდუმებელ ლოცვასა და მკაცრ მარხვაში. რამდენიმე ხნის შემდეგ ღირსმა მარკიანემ ორი მოწაფე მიიღო, რომლებიც მისი ქოხის გვერდით დამკვიდრდნენ, მაგრამ ამის შემდეგაც დაყუდებულ ცხოვრებას განაგრძობდა. ანტიოქიელმა პატრიარქმა ფლაბიანემ და სხვა ეპისკოპოსებმა წმიდანს სთხოვეს, ქრისტიანთა სასარგებლოდ უარი ეთქვა მკაცრ განმარტოებაზე, მაგრამ წმინდანმა ვერ დათმო განდეგილობით მოპოვებული უფალთან სიახლოვე. ღირსი მამა რჩევა-დარიგებისთვის მისულებს სენაკიდან გამოუსვლელად მოძღვრავდა. აღსასრულის წინ წმიდანმა თავის მოწაფეს, ევსების დაუბარა, ფარულად დაესაფლავებინა იგი კელიისგან მოშორებით. გარდაიცვალა IV ს-ის ბოლოს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

57
თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (255)