ნარიყალა და წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 13 ნოემბერი

74
(განახლებულია 09:12 13.11.2019)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 13 ნოემბერს 100 000 მოწამის, მოციქულების: სტაქოსის, ამპლიას, ურბანოსის, ნარკისის, აპელიოსის და არისტობულეს, ასევე მოწამე ეპიმაქეს და ღირსი მავრას ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik-საქართველო გიამბოთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

წმიდანი ათნი ბევრნი (100 000) მოწამენი, თბილისს ხვარაზმელთაგან წამებულნი 

მე-13 საუკუნეში ჩინგის ყაენისაგან ძლეული ხვარაზმის სულთანი ჯალალედინი საქართველოს საზღვრებს მოადგა. ქართველთა ლაშქარი გარნისთან გამართულ ომში დამარცხდა. როცა  სულთანის ლაშქარი თბილისს მოადგა, ბრძოლის პირველ დღეს  ქართველებმა გაიმარჯვეს, მაგრამ ღამით თბილისელმა სპარსელებმა უღალატეს ქართველებს, ქალაქის კარი გააღეს და მტერი თბილისში შემოუშვეს.

ქართლის ცხოვრების ერთ-ერთ საშინელ სისხლიან დღეზე ჟამთააღმწერელი  მოგვითხრობს, რომ სისხლის მდინარემ წალეკა ქალაქი. ბორცვებად ეყარნენ დახოცილები, ცხენების ფლოქვები სრესდა უძლურთ, ჭაბუკებს ასაჭურისებდნენ, დედას შვილს აკლავდნენ. თბილისის ქუჩები და მტკვარი გვამებით აივსო.

„ჯალალედინმა სიონის ტაძრის გუმბათი მოარღვევინა და ბრძანა ზედ თავისი „ბილწი საჯდომლის“ დადგმა. შემდგომ ბოროტებამ ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა: ჯალალედინის ბრძანებით სიონის ტაძრიდან გადებულ ხიდზე დაასვენეს და თბილისელებს უბრძანეს „დათრგუნვა პატიოსანთა ხატთა და დატევება სჯულისა“. ვინც ამას არ აღასრულებდა, „წარკუეთა თავთა“ ელოდა.“- წერს ჟამთააღმწერელი .

ასი ათასი ქართველი შეეწირა ამ დღეს წმიდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას, ასი ათასი მოჭრილი თავი და ასი ათასი თავწარკვეთილი სხეული გაატანეს უსჯულოებმა მდინარე მტკვარს. ამ დღიდან ასი ათასი მფარველი შეემატა საქართველოს, რომელთა ხსენება ყოველთვის „ქებით აღესრულების“.

წმიდა სამოცდაათთაგანი მოციქულნი: სტაქოსი, ამპლია, ურბანოსი, ნარკისი, აპელოსი და არისტობულე

წმიდა სტაქოსი ანდრია პირველწოდებულმა ბიზანტიის ეპისკოპოსად დაადგინა. აქ ნეტარი 16 წლის მანძილზე მოღვაწეობდა, მოშურნედ ქადაგებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, მრავალ წარმართს მოაქცევდა ქრისტიანობაზე, ბოლოს კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. წმიდა ამპლია  ქალაქ დიასპოლის ეპისკოპოსი იყო, წმიდა ურბანოსი კი - მაკედონიისა. ისინიც წმიდა ანდრიამ აკურთხა მღვდელმთავრებად. სახარების სწავლების გავრცელებისთვის იუდეველებმა და ელინმა წარმართებმა უფლის მოწაფეები წამებით მოკლეს. წმიდა ნარკისი ათენის ეპისკოპოსი იყო, აპელოსი - თრაკიის ჰერაკლიისა, არისტობულე კი ბრიტანეთის მღვდელმთავარი იყო და იქვე მიიცვალა მშვიდობით (მის შესახებ იხილეთ 16 მარტის საკითხავში).

წმიდა მოწამე ეპიმაქო

წმიდა მოწამე ეპიმაქო პელუსიის მთაზე მოსაგრეობდა. იგი ქრისტეს აღსარებისთვის ალექსანდრიაში ეწამა დაახლოებით 250 წელს

ღირსი მავრა

ღირსი მავრა კონსტანტინოპოლში მოღვაწეობდა. აქ მან დააარსა სავანე, სადაც მიიცვალა კიდეც მშვიდობით V საუკუნეში.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

 

74
თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (141)
ვარძიის ღვთისმშობლის ტაძარი

საეკლესიო კალენდარი: 21 სექტემბერი

137
(განახლებულია 20:07 20.09.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის შობას დღესასწაულობს. საეკლესიო კალენდარში ეს თარიღი ასევე არის წმიდა აღმსარებლების იოანე და გიორგი-იოანეს ხსენების დღეც.

Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან ისინი მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

შობა ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისა

შობა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა მარიამისა., როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, ჯერ კიდევ IV საუკუნეში დადგინდა.  ამ დღეს ტაძრებში საგანგებო საგალობლებს აღავლენენ - ადიდებენ ყოვლადწმიდა ქალწულს, ვითარცა კიბეს, რომელამც ცა და დედამიწა შეაერთა, როცა ხორციელად შვა უფალი, და ვითარცა „მაყვალს შეუწველს“, რადგან დაიტია ღმერთი და არ დაიწვა.

ქრისტიანულ ლიტერატურაში არსებობს იაკობის აპოკრიფული თხზულება „შობა მარიამისა“, რომელიც დაწვრილებით მოგვითხრობს, როგორ შეეძინათ იოაკიმესა და ანას მომავალი მშობელი განკაცებული უფლისა.

მდიდარი, მაგრამ უშვილო იოაკიმე ყოველწლიურად ორმაგ მსხვერპლს სწირავდა უფალს. ერთ-ერთ დღესასწაულზე, როცა ებრაელები იერუსალიმის ტაძარში მსხვერპლშეწირვისთვის ემზადებოდნენ, მათ უარი უთხრეს იოაკიმეს პირველს შეეწირა მსხვერპლი, მიზეზად კი იოაკიმესა და ანას უშვილობა წამოაძახეს (ებრაელ ხალხში უშვილობა ღვთის სასჯელად ითვლებოდა).
დაღონებულ იოაკიმეს მწუხარება გაუასკეცდა და ისე მიაშურა უდაბნოს, რომ შინაც აღარ შეუვლია მეუღლის სანახავად. იქ, სახელდახელოდ აგებულ კარავში, მან ორმოცი დღე და ღამე უჭმელ-უსმელმა გაატარა მხურვალე ლოცვაში.

მაშინ ანამ სამგლოვიარო სამოსელი გაიხადა, საზეიმოდ ჩაიცვა, ბაღში ჩავიდა, დაფნის ხის ქვეშ ჩამოჯდა და უფალს მხურვალედ შეევედრა: „ღმერთო მამათა ჩემთაო, მაკურთხე მე და შეისმინე ვედრება ჩემი ისე, როგორც აკურთხე შენ ჩვენი სარა და მიანიჭე მას ისააკი“.
ანგელოზი გამოეცხადა ანას და ახარა, რომ ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება და იგი დედა გახდებოდა, მისი ნაშობი კი ქვეყანასა ზედა განდიდდებოდა. გახარებულმა ქალმა მადლიერების ნიშნად აღთქმა დადო, შვილი უფლისათვის შეეწირა, რომ მისი მსახური ყოფილიყო მთელი სიცოცხლის მანძილზე.

ანგელოზმა უდაბნოში განმარტოებულ იოაკიმესაც აუწყა, რომ ღმერთმა მისი ვედრება შეისმინა და მალე შვილი შეეძინებოდათ.
მათ შეეძინათ ქალი, რომელსაც მარიამი უწოდეს. ექვსი თვის მარიამი დედამ მიწაზე დასვა.

შობა ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისა ის დღეა, როცა უფალმა წყალობის თვალით გადმოხედა ცოდვით დაცემულ კაცობრიობას და ქვეყანას მოუვლინა წიაღი ღვთის განხორციელებისა, საყდარი მეუფისა, კიბე ზეცისა, გამომსყიდველი ევას შეცოდებისა - ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი, დედა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

წმიდა აღმსარებელნი: იოანე და გიორგი

არქიმანდრიტი იოანე (ერისკაცობაში ვასილ მაისურაძე) დაიბადა ცხინვალში, დაახლოებით 1882 წელს.

სიყრმიდანვე ბერ-მონაზვნური ცხოვრებისკენ მიდრეკილი და სიწმინდის მაძიებელი ვასილი, 1903 წლიდან ღვთისგანგებულებით ათონის მთაზე იწყებს ცხოვრებას წმ. იოანე ღვთისმეტყველის სავანეში.

უბრალოებით, ძმათა მსახურებით და ყოველგვარი სათნოებებით გამორჩეული ახალგაზრდა მოღვაწე მალე აღკვეცეს მონაზვნად და წმიდა იოანე ღვთისმეტყველისადმი მისი განსაკუთრებული სიყვარულის ნიშნად იოანე უწოდეს. მალე მონაზონი იოანე მღვდლად აკურთხეს, რამაც კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინა მისი პიროვნება.
წმიდა იოანემ ჩვიდმეტი წელი დაჰყო ათონზე, შემდეგ კი დროთა მძიმე ვითარებიდან გამომდინარე 1920-21 წლებში იგი სხვა ქართველ ბერებთან ერთად იძულებული გახდა დაეტოვებინა წმინდა მთა.

ცნობილია მამა იოანეს ლოცვით აღსრულებული მრავალი სასწაული, რომელთა გამჟღავნებას ყოველთვის ერიდებოდა ღირსი მამა.  ცხოვრებისეულმა ტანჯვამ და გამუდმებულმა შრომამ მისი ჯანმრთელობა შეარყია და ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ მამა იოანე  1957 წელს 75 წლის ასაკში აღესრულა.

არქიმანდრიტი გიორგი (მხეიძე) დაიბადა ამბროლაურის რაიონის სოფ. სხვავაში დაახლოებით 1887 წელს. თავადაზნაურობაში არსებული მაშინდელი ტრადიციის მიხედვით გიორგიმ სამხედრო სასწავლებელში დაიწყო სწავლა, მაგრამ იმპერიაში სამხედრო კარიერის გაკეთების ნაცვლად იგი ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩაება და გარკვეული დროის მანძილზე, ილია ჭავჭავაძესთან მსახურობდა პირად მდივნად.

მთელი სიცოცხლის ღვთისთვის შეწირვის სურვილით, გიორგიმ მონაზვნური ცხოვრების გზა აირჩია, უაღრესად განათლებული და თავმდაბალი, დახვეწილი არისტოკრატიული მანერებითა და ბერული ასკეტიზმით საოცრად ჰარმონიულად შერწყმული მამა გიორგი მღვდლად აკურთხეს და არქიმანდრიტის ხარისხშიც აღამაღლეს. ღვთის სიყვარულითა და მამულისათვის თავდადების სურვილით აღვსილმა ამ წმიდა მოღვაწემ თავის თავზე იწვნია ყველა განსაცდელი, რაც ამ დროს თავს დაატყდა ჩვენს ეკლესიას და ერს.

ხირსის მონასტერში მოღვაწე მამა გიორგის 1924 წელს თავს დაესხნენ შეიარაღებული ჩეკისტები. ცემეს, შეკრიჭეს თმა-წვერი და მოკვლითაც დაემუქრნენ.

1924 წელს ავიდა წმიდა გიორგი ბეთანიის მონასტერში, სადაც მას დახვდა მამა იოანე მაისურაძე და ამ დღიდან ეს ორი წმიდა მამა მთელი ცხოვრება ერთად მოღვაწეობდნენ, მათ ცხოვრებასაც შეიძლება ეწოდოს „ერთი სული ორ სხეულში“.

1957 წელს, როდესაც მამა იოანე გარდაიცვალა მამა გიორგი დიდ სქემაში აღიკვეცა და მასაც მისი სულიერი ძმის მსგავსად იოანე უწოდეს. წმ. მამა გიორგი-იოანე (მხეიძე) 1960 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია ბეთანიის მონასტერში მამა იოანეს (მაისურაძის) გვერდით.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.


137
თემები:
საეკლესიო კალენდარი
მოწამეთა

საეკლესიო კალენდარი: 20 სექტემბერი

151
(განახლებულია 20:02 19.09.2020)
საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია 20 სექტემბერს მოწამე სოზონტის, მოციქულთა ებოდისა და ონისიფორეს, 70-თაგანთა; ასევე მოწამე ევფსიქის და ღირსი ლუკას ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამე სოზონტი

წმიდა მოწამე სოზონტი ლიკაონიელი მწყემსი იყო. იგი გულმოდგინედ კითხულობდა წმიდა წერილს, შემდეგ კი შეძენილ ცოდნას შემოკრებილ მეცხვარეებს უზიარებდა. ერთხელ, ღამით, მუხის ძირას მჯდომ სოზონტს უფალმა სასწაულებრივი გამოცხადებით მოწამეობრივი ღვაწლისკენ მოუწოდა. ქრისტეს ტარიგი კილიკიის ქალაქ პომპეოპოლში გაემგზავრა, სადაც იმჟამად წარმართული კერპის დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ, საკერპოში შეიპარა, ცრუღვთაების ოქროს ქანდაკს ხელი მოჰკვეთა, დაანაწევრა და გლახაკებს დაურიგა. კერპის ხელის გაქრობამ ქალაქში შფოთი და განგაში გამოიწვია, ეჭვმიტანილებს აკავებდნენ, დასაკითხად მიჰყავდათ და აწამებდნენ. სოზონტმა არ ისურვა, უდანაშაულოთა ტანჯვის მიზეზი გამხდარიყო, ნებით წარდგა იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305; 307-310) წინაშე განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, სასტიკად ეწამებინათ მხნე აღმსარებელი. წმიდა სოზონტმა საშინელ ტანჯვაში შეჰვედრა სული უფალს (+დაახლ. 304).

წმიდა მოციქული ევოდი

წმიდა მოციქული ევოდი, სამოცდაათთაგანი, პეტრე მოციქულის შემდეგ სირიის ანტიოქიის პირველი ეპისკოპოსი იყო. წმიდა მოციქულმა ოცდაშვიდი წელი იღვაწა მღვდელმთავრის ხარისხში და იმპერატორ ნერონის (54-68) დროს, სამოცდაექვსი წლის ასაკში, მოწამეობრივად შეჰვედრა სული უფალს.
წმიდა მოციქული ონისიფორე

წმიდა ონისიფორე ჯერ კოლოფონში (მცირე აზია) იქნა დადგენილი ეპისკოპოსად, შემდეგ კი - კორინთოს სამწყსოს განაგებდა. იგი მოწამეობრივად აღესრულა ჰელესპონტის ნაპირას, ქალაქ პარიაში (ეფესოს მახლობლად), სადაც წარმართთა შორის ქრისტეს სარწმუნოების საქადაგებლად ჩავიდა. უსჯულოებმა შეიპყრეს უფლის რჩეული, საკერპოსთან მიიყვანეს და წარმართული ღვთაებებისთვის საკმევლის კმევა მოსთხოვეს; როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღეს, მონასთან, ჰორფორისთან ერთად გაუხედნავ ცხენებს გამოაბეს და მიწაზე თრევით ამოხადეს სული: რომაული მარტიროლოგის მიხედვით, წმიდა ონისიფორე 16 სექტემბერს გარდაიცვალა.

წმიდა მოწამე ევფსიქი

წმიდა მოწამე ევფსიქი კაბადოკიის კესარიაში დაიბადა. ერთ-ერთ სვინაქსარში იგი სენატორ დიონისეს ძედ იხსენიება. იმპერატორ ადრიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას იგი შეიპყრეს, აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს. აქ წმიდანს ანგელოზმა დაუამა წყლულები. როცა მარტვილი გაათავისუფლეს, მან მთელი ქონების უმეტესი ნაწილი გლახაკებს დაურიგა; დარჩენილი ნაწილი კი გაუნაწილა მტრებს - მათ, ვინც დაასმინა იგი და საწამებლად გადასცა. როცა მმართველი შეიცვალა, ევფსიქი ისევ დაატუსაღეს და სასტიკი წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს.. მარტვილი იმპერატორ ადრიანეს (117-138) დროს აღესრულა.

ღირსი ლუკა

ღირსი ლუკა კონსტანტინოპოლის მახლობლად, კითის ყურეში მდებარე ერთ-ერთი ცნობილი მონასტრის იღუმენი იყო. ეს მონასტერი მოსაგრეთა განსაკუთრებულად მკაცრი ცხოვრების წესით გამოირჩეოდა. წმიდა ლუკა X საუკუნის დასასრულს გარდაიცვალა.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

 

151
თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (141)
მეტრო

თბილისის მეტრო მუშაობის ჩვეულ გრაფიკს უბრუნდება

0
(განახლებულია 09:23 21.09.2020)
გასული წლიდან მეტროში მაღალი ძაბვის კაბელების შეცვლის, სიგნალიზაციისა და სავენტილაციო სისტემების მოდერნიზაციის სამუშაოები მიმდინარეობდა. ამის გამო მეტრო შემცირებული გრაფიკით – ღამის 11 საათამდე მუშაობდა.

თბილისი, 21 სექტემბერი  — Sputnik.  თბილისის მეტროპოლიტენი 21 სექტემბრიდან მუშაობის ჩვეულ გრაფიკს დაუბრუნდება. ამის შესახებ „Sputnik–საქართველოს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის პრეს-სამსახურში აცნობეს. 

დღეიდან მეტრო თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს დილის 6 საათიდან ღამის 12 საათამდე პერიოდში მოემსახურება, როგორც ეს სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე, 2019 წლის ივნისამდე იყო.

გასული წლიდან მეტროში მაღალი ძაბვის კაბელების შეცვლის, სიგნალიზაციისა და სავენტილაციო სისტემების მოდერნიზაციის სამუშაოები მიმდინარეობდა. ამის გამო მეტრო შემცირებული გრაფიკით – ღამის 11 საათამდე მუშაობდა.

„პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვალა მაღალი ძაბვის 450 კმ სიგრძის კაბელები, განხორცილდა 28 ძველი სავენტილაციო სისტემის დემონტაჟი და მათ ნაცვლად განთავსდა, სრულად ახალი, ევროპული სტანდარტის 32 სავენტილაციო სისტემა. აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის მეტროს უსაფრთხოებას და შეუფერხებელ მოძრაობას," - განაცხადა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თამაზ რობაქიძემ.

ამჟამად თბილისის მეტროპოლიტენი ორ ხაზზე – ახმეტელი-ვარკეთილისა და საბურთალოს ხაზებზე 23 სადგურს ითვლის. ხაზების საერთო სიგრძეა 57 კილომეტრი (პირველი ხაზი - 40 კმ, მეორე - 17 კმ).

0