წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში

საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 9 ნოემბერი

37
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 9 ნოემბერს წმიდა მოწამე ნესტორ თესალონიკელის, მოწამეთა კაპიტოლინას და ეროტიდას, მარკოზისა და მისთანათა ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik –საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატრომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში

წმიდა მოწამე ნესტორ თესალონიკელი

წმიდა მოწამე ნესტორ თესალონიკელი 306 წელს ეწამა ქალაქ თესალონიკში. წმიდა დიმიტრი თესალონიკელის კურთხევით ყმაწვილი ნესტორი შეებრძოლა იმპერატორ მაქსიმინე გალერიუსის (305-311) საყვარელ გლადიატორს, ბუმბერაზ და მძვინვარე ლიუსს, რომელიც გლადიატორულ არენაზე დაუნდობლად ხოცავდა ქრისტიანებს და დაამარცხა იგი. გალერიუსის ბრძანებით წმიდა მარტვილი იქვე განგმირეს.

წმიდა მოწამე კაპიტოლინა და ეროტიიდა

წმიდა მოწამე კაპიტოლინა და ეროტიიდა 304 წელს, იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) მიერ ქრისტიანთა დევნისას ეწამნენ. წმიდა კაპიტოლინა ქრისტეს აღსარებისთვის დააპატიმრეს და მახვილით განგმირეს. როცა მისმა მსახურმა, წმიდა ეროტიიდამ თავისი ქალბატონის ჯალათი ნახა, სახეში ქვა ესროლა. ამისთვის იგი ხარის ძარღვებითა და კეტებით სასტიკად გვემეს. მეორე დღეს ნეტარი გახურებულ ღუმელში შეაგდეს, მაგრამ სასწაულებრივ უვნებლად გადარჩა. ბოლოს უღმრთოებმა მას თავი მოჰკვეთეს.

წმიდა მოწამენი: მარკოზი და მისთანანი

წმიდა მოწამე მარკოზი სხვა მრავალ ქრისტიანთან ერთად აზიაში ეწამა ქრისტეს აღსარებისთვის. მრავალგვარი წამების შემდეგ უღმერთოებმა ისინი დახოცეს. წმიდანთა უხრწნელ ნაწილები შემდგომ კუნძულ თაზოსზე (თრაკიასა და ათონის კონცხს შორის) გადაასვენეს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

37
თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (140)
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მრავალძალში

საეკლესიო კალენდარი: 24 სექტემბერი

98
(განახლებულია 07:56 24.09.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 სექტემბერს კრწანისის ბრძოლაში თავდადებულთა, ღირსი თეოდორა ალექსანდრიელის, მოწამეთა: დიმიტრის, ევანთიას, დიმიტრიანეს, დიოდორე და დიდიმე ასურელთა, იას, ღირსი ევფროსინეს, ღირსი სილოანე ათონელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

კრწანისის ბრძოლაში თავდადებულნი: 300 არაგველი და სასულიერო და საერო პირები

მე-18 საუკუნის მიწურულს, აღა-მაჰმად-ხანმა ქართლ-კახეთის მეფეს, ერეკლე II-ს სამეფოზე სპარსეთის ბატონობის აღდგენა და რუსეთთან კავშირის გაწყვეტა მოსთხოვა. აღა-მაჰმად-ხანი 35-ათასიანი ჯარით საქართველოსკენ გამოემართა. ქართველთა ჯარი მტერზე ბევრად მცირერიცხოვანი იყო. სპარსელებმა თბილისი ჯერ გაძარცვეს, შემდეგ დაარბიეს და ცეცხლს მისცეს, მრავალი ათასი მცხოვრები ტყვედ წაიყვანეს. მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილისა და გადამდები სნეულებისაგან დაიღუპა. ქართლის სოფლებს მოთარეშეთა რაზმები შეესივნენ. კრწანისის ბრძოლამ, რომელიც კრწანისის ველზე ქართლ-კახეთისა და სპარსეთის ლაშქარს შორის 1795 წელს გაიმართა. დიდი ზარალი მიაყენა აღმოსავლეთ საქართველოს. 300 არაგველი და სხვა მებრძოლები უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაიღუპნენ.

ღირსი თეოდორა ალექსანდრიელი

ღირსი თეოდორა ალექსანდრიელი და მისი ქმარი ალექსანდრიაში ცხოვრობდნენ იმპერატორ ზენონის (475-491) დროს.

წმიდა მოწამე ია 

წმიდა მოწამე იას აიგივებენ ღირსმოწამე ევდოკიასთან, რომელიც საპორ II-ის მიერ სპარსეთის ქალაქ ბიზადაში ტყვედ წასხმულ ქრისტიანებს შორის მოხვდა. ჭეშმარიტი სარწმუნოების ქადაგებისთვის წარმართებმა იგი შეიპყრეს. მთავარი ქურუმი ნეტარისგან დაჟინებით ითხოვდა, დაეგმო ჭეშმარიტი ღმერთი, მაგრამ ამაოდ. ამის შემდეგ წმიდა ია აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს; განმეორებითი წამების შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს

წმიდა მოწამენი დიოდორე და დიდიმე ასურელნი

წმიდა მოწამენი დიოდორე და დიდიმე ასურელნი, წარმოშობით სირიის ლაოდიკიიდან იყვნენ. ისინი მხურვალედ ქადაგებდნენ ქრისტეს სარწმუნოებას თანამოქალაქეთა შორის, რისთვისაც წარმართებმა შეიპყრეს, სასტიკად აწამეს, დაბოლოს, შოლტების ცემით ამოხადეს სული.

წმიდა მოწამენი: დიმიტრი, მეუღლე მისი ევანთია და ძე მათი დიმიტრიანე

წმიდა მოწამე დიმიტრი ჰელესპონტის სკეფსეოსის მმართველი იყო მაშინ, როცა აქ კორნილიოს ასისთავი ჩავიდა სახარების ქადაგებით. წმიდა კორნილიოსმა ქალაქის მრავალი მკვიდრი მოაქცია ქრისტიანობაზე. წარმართებმა ჭეშმარიტი სარწმუნოების აღსარებისთვის ახალმოქცეულები საპყრობილეში გამოამწყვდიეს და შიმშილით დახოცეს.

ღირსი ევფროსინე 

ღირსი ევფროსინე პალესტინის ერთ-ერთი მონასტრის ბერი იყო და სამზარეულოში აღასრულებდა მორჩილების საქმეს. იგი გულმოდგინედ ემსახურებოდა ძმებს, გასაოცარი იყო წმიდანის მოთმინება: იგი უდრტვინველად იტანდა ყოველგვარ, ძალზე ხშირად, დაუმსახურებელ საყვედურს. მხურვალე მლოცველი და მკაცრი მმარხველი ევფროსინე ფარული ღვაწლით სათნოეყო უფალს, რაც თავად ზეცათა მეუფემ გაუცხადა მონასტრის ძმობას: სავანის ერთმა ხუცესმა ლოცვაში ითხოვა, მართლებისთვის განმზადებული საუკუნო ნეტარების ხილვის ღირსი გამხდარიყო. ღმერთმაც შეისმინა მისი და ძილში სამოთხის ენით აუწერელი მშვენიერება დაანახა. უეცრად მღვდელ-მონაზონმა თავისი მონასტრის ბერი - მზარეული ევფროსინე შენიშნა და ამგვარი შეხვედრით გაკვირვებულმა ჰკითხა, აქ როგორ აღმოჩნდიო. „ღვთის გამოუთქმელი მოწყალებით!“ - მიუგო წმიდანმა. ხუცესი ჩაეკითხა, თუ გაქვსო კადნიერება, მიბოძო რამე ამ ბაღიდან. მდაბალმა მონაზონმა სამოთხის ხის სამი ნაყოფი მოწყვიტა, ტილოში გაახვია და თანამოსაუბრეს გაუწოდა. ცისკრის ლოცვამდე გაღვიძებულმა მამამ ჩვენება ჩვეულებრივ სიზმრად ჩათვალა, მაგრამ მალე მისი ყურადღება ტილოში გახვეულმა საოცრად სურნელოვანმა ვაშლებმა მიიპყრო. ხუცესმა ტაძარში ღირსი ევფროსინე მოძებნა და სთხოვა, გაემხილა, სად იყო ღამით. ნეტარმა მიუგო: „მეც იქ ვიყავი, სადაც შენ. უფალმა შეგისრულა სათხოვარი, სამოთხე დაგანახა და მისი ნაყოფებიც გადმოგცა თავისი უღირსი მონის - ევფროსინეს ხელით“. ცისკრის შემდეგ ხუცესმა ეს ყოველივე ძმებს მოუთხრო, ბერებმა სამზარეულოს მიაშურეს, რომ თაყვანი ეცათ წმიდა მამისთვის, მაგრამ იგი ვერსად იპოვეს: ნეტარი განერიდა კაცთამიერ დიდებას და დატოვა სავანე. ძმებისთვის უცნობი დარჩა, სად გაიხიზნა მათი თანამოღვაწე, სამოთხის ვაშლებს კი  ბერები სასოებით ინახავდნენ და პატარ-პატარა ნაწილებად არიგებდნენ სულიერ და ხორციელ სნეულებათა საკურნებლად

ღირსი სილოანე ათონელი

ღირსი სილოანე ათონელი (ერობაში სვიმეონი) 1866 წელს დაიბადა ტამბოვის გუნერნიაში.

1892 წლის შემოდგომაზე ღირსი მამა ათონზე ჩავიდა და წმიდა პანტელეიმონის რუსულ მონასტერში მორჩილად შედგა. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, 1896 წელს მან დიდი სქემა შეიმოსა.

წმიდა სილოანე ათონელი გარდაიცვალა 1938 წლის 11 სექტემბერს. მისი წმიდა ნაწილები ათონზე, პანტელეიმონის რუსულ მონასტერშია დაბრძანებული.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

 

 

98
მოწამეთა

საეკლესიო კალენდარი - 23 სექტემბერი

130
(განახლებულია 21:12 22.09.2020)
ეკლესია დღეს აღნიშნავს ხსენებას მოწამეთა მინოდორასი, მიტროდორასი და ნიმფოდორასი; მოციქულთა: აპოლიოსისა, ლუკიოსისა და კლიმენტისა, 70-თაგანთა; მოწამისა ვარიფსავასი; კეთილმორწმუნისა პულქერიასი, ბერძენთა დედოფლისა; მღვდელმთავართა პეტრესი და პავლესი, ნიკეელ ეპისკოპოსთა.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები დ რა ღვაწლი მიუძღვით ეკლესიის წინაშე.

წმიდა მოწამენი: მინოდორა, მიტროდორა და ნიმფოდორა 

ისინი ღვიძლი დები იყვნენ, წარმოშობით ბითვინიიდან (მცირე აზია). ღვთისმოშიშებით გამორჩეულებმა გადაწყვიტეს, გარიდებოდნენ ამ სოფელს, ერთი განკრძალული ბერი ჰპოვეს უდაბნოში და აქ ატარებდნენ დღეებს ლოცვითა და მარხვით.

მალე წმიდანებმა შორს გაითქვეს სახელი, რადგან უფლისაგან სასაწაულებრივი კურნების ნიჭი მიემადლათ. ოლქის მმართველმა, ფრონტონმა ბრძანა, შეეპყროთ ისინი და მისთვის მოეგვარათ. უღმრთო ხელისუფალი პატივისა და ჯილდოების აღთქმით შეეცადა ქალწულების გადადრეკას ქრისტეს სარწმუნოებისაგან, მაგრამ მათ ახოვნად აღიარეს ჭეშმარიტი ღმერთი და ყველა მაცდური წინადადება უარყვეს.

დები საშინლად აწამეს და დახოცეს. მათი ზოგი უხრწნელი ნაწილი ათონზე, პანტელეიმონის რუსული მონასტრის ღვთისმშობლის საფარველის ტაძარში ინახება, წმიდა მიტროდორას მკლავი კი წმიდა მთაზევე, პანტოკრატორის სავანეშია დაბრძენებული.

კეთილმსახური დედოფალი პულქერია

ბერძენი იმპერატორის, არკადის (395-408) ასული, თავისი ძმის, თეოდოსი უმცროსის (408-450) თანამმართველი და მრჩეველი იყო. მრავალმხრივ განათლებული ხელისუფალი სიბრძნითა და კეთილმსახურებით გამოირჩეოდა და მტკიცედ ერთგულებდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. მისი თანადგომით იქნა მოწვეული III მსოფლიო კრება ეფესოში 431 წელს.

მტრებისა და იმპერატორ თეოდოსის მეუღლის, ევდოკიას მანქანებით პულქერია მმართველობას ჩამოაშორეს. იგი განმარტოვდა და ღვთივსათნო ცხოვრებას მიეცა, მაგრამ მალე, ქვეყანაში წარმოქმნილ არეულობებთან დაკავშირებით, ძმის თხოვნით კვლავ დაუბრუნდა სამეფო კარს.

თეოდოსი უმცროსის სიკვდილის შემდეგ ტახტზე ავიდა იმპერატორი მარკიანე (450-457). წმიდა პულქერიას სურდა, კვლავ განმარტოებას დაბრუნებოდა, მაგრამ მეფემ და დიდებულებმა თხოვეს, ხელი არ აეღო მმართველობაზე და მარკიანეს გაჰყოლოდა ცოლად. საერთო სარგებლისთვის იგი დათანხმდა ამ წინადადებას, მაგრამ იმ პირობით, რომ ქორწინებაში მისი ქალწულება დაცული იქნებოდა. ამგვარად, დედოფალი მონაზვნური სიწმიდით ცხოვრობდა.

წმიდა პულქერიას ძალისხმევით იქნა მოწვეული მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრება ქალკედონში, რომელმაც დაგმო დიოსკორესა და ევტიქის ერესები. ბოლოს წმიდანმა მთელი ქონება გლახაკებსა და ეკლესიას დაურიგა და 453 წელს, ორმოცდათოთხმეტი წლის ასაკში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წმიდა მოციქული აპოლო, სამოცდაათთაგანი

ქალაქ სმირნის (ეგეოსის ზღვის აღმოსავლეთ ნაპირზე) ეპისკოპოსი იყო. პავლე მოციქული მას ახსენებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (16,10).

წმიდა მოციქული ლუკა (ანუ ლუკიოსი), სამოცდაათთაგანი, სირიის ლაოდიკიის (ოდესღაც ფრიგიის მთავარი ქალაქი) ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. პავლე მოციქული მასაც ახსენებს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (16,21).

წმიდა მოციქული კლიმენტი სარდიკიის (მცირე აზიის, ლიდიის მდიდარი ქალაქი ძველ დროში) ეპისკოპოსი იყო. პავლე მოციქული მის სახელს ახსენებს ფილიპელთა მიმართ ეპისტოლეში (4,3). იგი წერს: „შეიწყნარენ ეგენი, რომელნი-ეგე სახარებასა მას თანა-მოღუაწე მექმნნეს მე კლემენტოსითურთ და სხუათა მათ თანა-შემწეთა ჩემთა, რომელთა სახელები წერილ არს წიგნსა მას ცხორებისასა“.

წმიდა ვარიფსავე

მოღვაწეობდა II საუკუნეში. იგი განდეგილად ცხოვრობდა და მრავალს მოაქცევდა ქრისტიანობაზე თავისი მადლმოსილი ქადაგებებითა და სნეულთა კურნებებით. წმიდანი წარმართებმა მოკლეს.

წმიდა მამანი ჩვენნი, პეტრე და პავლე

 ნიკეის ეპისკოპოსები იყვნენ. წმიდა პეტრემ მრავალი ტანჯვა დაითმინა ხატმბრძოლთაგან მართლმადიდებლური სარწმუნოების დასაცავად იმპერატორ ლეონ სომეხის (813-820) დროს. იგი გარდაიცვალა არა უადრეს 823 წლისა. ცნობილია წმიდა თეოდორე სტუდიელის მიერ 816-823 წლებში დაწერილი ოთხი ეპისტოლე მღვდელმთავარ პეტრეს მიმართ. ცნობები წმიდა პავლეს შესახებ არ შემონახულა. წმიდა ეკლესია ერთად იხსენიებს მოციქულთა თავთა მოსახელეებსა და მათი საქმის ერთგულ გამგრძელებლებს, წმიდა ნიკეელ მღვდელმთავრებს პეტრესა და პავლეს.

130
თემები:
საეკლესიო კალენდარი
ტესტირება კორონავირუსზე

გრიპია თუ COVID-19? მთავარი განსხვავება სიმპტომების თანმიმდევრობაა - ქვეყნდება კვლევა

0
(განახლებულია 15:31 24.09.2020)
მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ კორონავირუსული ინფექცია ბავშვებში განსხვავებული სიმპტომატიკით ვლინდება

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ბავშვებში COVID-19 ზრდასრულებისგან განსხვავებულად იჩენს თავს, აცხადებენ ამერიკელი მეცნიერები, რომელთა შრომაც სპეციალიზებულ პორტალ Frontiers Media–ზეა გამოქვეყნებული.

მათი თქმით, კორონავირუსს, გრიპსა და სხვა მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციებს ბევრი რამ აქვთ საერთო და მსგავსი. თუმცა მათი გარჩევა მაინც შესაძლებელია.

აშშ–ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ასახელებს COVID–19–ის 11 უმთავრეს სიმპტომს. ესენია: ცხელება ან სიცივის შეგრძნება, ხველება, ჰაერის უკმარისობა ან გაძნელებული სუნთქვა, დაღლილობა, კუნთების ან სხეულის ტკივილი, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, გემოსა და სუნის შეგრძნებების დაკარგვა, ცხვირის გაჭედვა ან სურდო, პირღებინება ან გულისრევის შეგრძნება, დიარეა.

სწავლულების თქმით, ეს სიმპტომები შესაძლოა მაინცდამაინც COVID-19–ით დაავადებაზე არ მეტყველებდეს და სეზონური გრიპისა თუ ჩვეულებრივ მწვავე რესპირატორულ ინფექციაზე მიუთითებდეს.

„მთავარი განსხვავება, რომლის მეშვეობითაც შეიძლება დადგინდეს, კორონავირუსით ინფიცირებასთან გვაქვს საქმე თუ სხვა დაავადებასთან — ეს სიმპტომების გამოვლენის თანმიმდევრობაა“, — მიაჩნიათ ნაშრომის ავტორებს.

კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა კორონავირუსით ინფიცირებული დაახლოებით 57 ათასი ადამიანის მონაცემები შეისწავლეს და სიმპტომების ის თანმიმდევრობა დაადგინეს, რომელიც უტყუარად მიუთითებს COVID-19–ით დაავადებაზე. თანმიმდევრობა ასე გამოიყურება: 

  1. მაღალი ტემპერატურა;
  2. ხველება (უპირატესად, მშრალი) და კუნთების ტკივილი;
  3. პირღებინება ან გულისრევის შეგრძნება;
  4. დიარეა.

სეზონური გრიპის შემთხვევაში კი სიმპტომების თანმიმდევრობა ასეთია:

  1. ხველება და კუნთების ტკივილი;
  2. თავისა და ყელის ტკივილი;
  3. მაღალი ტემპერატურა;
  4. დიარეა, პირღებინება და გულისრევის შეგრძნება.

ანუ, გრიპის შემთხვევაში ცხელება მაშინვე არ იწყება.

როგორც ნიუ–იორკელი ექიმი რობერტ გლატერი წერს გამოცემა Healthline–ში, ახალ კორონავირუსს ასევე აქვს უნიკალური სიმპტომები: გემოსა და სუნის შეგრძნებების დაკარგვა, გამონაყარი კანზე, ფეხის თითების გაწითლება და შეშუპება. 

გარდა ამისა, მედიკოსები გვირჩევენ, სასწრაფოდ მივმართოთ ექიმს იმ შემთხვევაში, თუ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომი შენიშნეთ: სუნთქვის პრობლემა, ტკივილი ან სიმძიმის შეგრძნება გულ–მკერდის არეში, დეზორიენტაცია, რთულად გაღვიძება და საწოლიდან ადგომის პრობლემა, სახის ან ტუჩების სილურჯე.

კორონავირუსის სიმპტომები ბავშვებში

წამყვანი ბრიტანელი ექსპერტი, პროფესორი ტიმ სპექტორი აცხადებს, რომ ბავშვებს, რომლებსაც ცხვირი გაჭედილი აქვთ და აცემინებენ, გამორიცხულია, რომ კორონავირუსით იყვნენ  ინფიცირებულები.  

პროფესორი სპექტორი მონაწილეობდა კვლევაში, რომელმაც აჩვენა, რომ სასკოლო ასაკის ბავშვებში COVID-19–ის ყველაზე მეტად გავრცელებული სიმპტომები ასე გამოიყურება:

  • დაღლილობა (55%-ში);
  • თავის ტკივილები (55%-ში);
  • მაღალი ტემპერატურა (49%-ში).

ამასთან, როგორც Covid Symptom Study–ს მასალებიდან ირკვევა (სწორედ ეს დანართი დაეხმარა ბრიტანელ მკვლევარებს ინფიცირებულებზე დაკვირვებაში), 18 წლამდე ასაკის ინფიცირებული ბავშვები და მოზარდები, როგორც წესი, არ ახველებენ და არ აღენიშნებათ მაღალი ტემპერატურა.

გარდა ამისა, დადებითი ტესტის მქონე ბავშვებიდან ყოველ მესამეს საერთოდ არ აღენიშნებოდა არანაირი სიმპტომი. ხოლო იმ ბავშვებში, რომლებსაც კორონავირუსით ინფიცირების სიმპტომები გამოუვლინდათ, ყველაზე ხშირი იყო ყელის ტკივილი (38%) და მადის დაკარგვა (35%). ამასთან, ყოველ მეექვსეს აღენიშნებოდა გამონაყარი კანზე.

0
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება