საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 2 ნოემბერი

გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 2 ნოემბერს მამა გაბრიელ სალოსისა და დიდმოწამე არტემის იხსენიებს.

 

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

მამა გაბრიელ სალოსი

გოდერძი ურგებაძე დაიბადა თბილისში, წმინდა ბარბარეს ეკლესიის(დასაზუსტაბელია) მახლობლად.

გოდერძიმ დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლის ექვსი კლასი. 1949 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. იგი მსახურობდა ბათუმში. მიუხედავად არმიაში არსებული სიმკაცრისა, ახერხებდა ეკლესიაში სიარულს, სწორედ აქ შეისწავლა მან ხუცური. 1951-1955 წლებში სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, თავის ეზოში ააგო ოთხგუმბათიანი ეკლესია. ხელისუფლება რამდენიმეჯერ ცდილობდა დაენგრია ეკლესია, მაგრამ უშედეგოდ (ეკლესია დღესაც დგას თეთრიწყაროს ქუჩაზე). 1954 წელს გოდერძიმ თხოვნით მიმართა ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსს მეუფე გაბრიელს დიაკვნად კურთხევასთან დაკავშირებით. 1955 წელს ქუთაისის პეტრე-პავლეს ეკლესიაში მოხდა მისი დიაკვნად კურთხევა, ხოლო 1955 წლის 23 თებერვალს მოწამეთას მონასტერში ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა ის ბერად აღკვეცა და მისივე თხოვნით წმინდა გაბრიელ ათონელის საპატივცემულოდ გაბრიელი ეწოდა. იმავე წლის 27 თებერვალს მამა გაბრიელი მღვდელ-მონაზვნად იკურთხა. 1956 წელს მღვდელ-მონაზონი გაბრიელი ავადმყოფობის გამო ითხოვს საეკლესიო სამსახურიდან დათხოვნას. ამავე წლის მაისში იგი ინიშნება წმინდა ნინოს (დასაზუსტებელია) ეკლესიაში მთავარ დიაკვნად. სიცოცხლის ბოლო წლებში მამა გაბრიელი მოღვაწეობდა მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში.

მამა გაბრიელი იყო ერთ-ერთი იმ იშვიათ შემთხვევათაგანი, ვინც კომუნისტების დროს ბერად აღიკვეცა და ააშენა ეკლესია. 1965 წელს 1 მაისს კომუნისტური აღლუმის დროს დაწვა ლენინის 12-მეტრიანი პორტრეტი. დაკითხვაზე მამა გაბრიელმა განაცხადა: „იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა და არა — ლენინის სურათი. კაცს რად უნდა დიდება. უნდა ეწეროს: დიდება ქრისტე ღმერთს“. მას უპირობო დახვრეტის მუხლი მიუყენეს. კომუნისტური რეჟიმის მესვეურები მისგან მოითხოვდნენ, ეღიარებინა, რომ ყოველივე ეკლესიის დავალებით ჩაიდინა, სანაცვლოდ კი სიცოცხლის შენარჩუნებას სთავაზობდნენ. ხანგრძლივი ტანჯვა-წამების მიუხედავად, გაბრიელ ბერს პოზიცია არ შეუცვლია. პირიქით, მორიგ დაკითხვაზე ლენინი კვლავ მხეცად მოიხსენია, რის გამოც ის კვლავ ცემეს და აწამეს. ეს ამბავი უცხოეთის პრესისთვის არ დარჩენილა შეუმჩნეველი და ევროპისა და ამერიკის ჟურნალ-გაზეთებით ფართოდ გავრცელდა. მამა გაბრიელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას უკიდურესად არაჰუმანურად ეპყრობოდნენ.

მამა გაბრიელი ბოლო წლებში ცხოვრობდა მცხეთის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ, მეფე მირიან III-ის კოშკში. 1995 წელს ბერი წყალმანკით მძიმედ დაავადდა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ გაბრიელ ბერი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა. 1995 წ. 2 ნოემბერს არქიმანდრიტი გაბრიელი გარდაიცვალა. იგი ანდერძისამებრ დაიკრძალა ბერ-მონაზვნური წესით, ჭილოფში გახვეული, მცხეთის დედათა მონასტრის სასაფლაოზე. ამბობენ, რომ არქიმანდრიტი გაბრიელის სისხლი, რომელიც ექიმმა-ქირურგმა ზურაბ ვარაზაშვილმა აიღო ანალიზის ჩასატარებლად — დღემდე უხრწნელია. მორწმუნეთა გადმოცემით, მამა გაბრიელის საფლავზე ჩაუქრობელი კანდელიდან აღებული ზეთი სასწაულებრივი კურნების თვისებით არის ცნობილი, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

წმიდა დიდმოწამე არტემი

წმიდა დიდმოწამე არტემი, ერთ-ერთი გამოჩენილი მხედართმთავარი, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მოციქულთასწორი იმპერატორის, კონსტანტინე დიდის (306-337, ხს. 21 მაისს), შემდეგ კი - მისი ძისა და მემკვიდრის, კონსტანციუსის (337-361) ზეობისას.

ერთგული სამსახურისა და გამბედაობისათვის წმიდანს ხშირად აჯილდოებდნენ, ბოლოს კი ეგვიპტის მეფისნაცვლადაც დანიშნეს. ამ ძალაუფლებაში ნეტარმა არტემიმ ბევრი იღვაწა ეგვიპტეში ქრისტიანობის განსამტკიცებლად.

ამასობაში ტახტზე ავიდა იულიანე (361-363). განდგომილი, რომელსაც იმპერიაში წარმართობის აღორძინება სურდა. მან შეურიგებელი ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობას. იგი დაუნდობლად გზავნიდა სასიკვდილოდ ასობით ქრისტიანს. ანტიოქიაში უსჯულომ ბრძანა, ეწამებინათ სიწმიდით განთქმული მღვდელმთავრები, ევგენი და მაკარი. ქალაქში ჩასული არტემი შეესწრო მათ მარტვილობას და საჯაროდ ამხილა იულიანე უღმრთოებასა და სისასტიკეში. მაშინ განრისხებულმა იმპერატორმა ისიც ჯალათებს გადასცა. ნეტარი მოთმინებით იტანდა ტანჯვას. მან იულიანეს უწინასწარმეტყველა, რომ ქრისტიანების მიმართ ჩადენილი ბოროტებისთვის მალე დაისჯებოდა. ამან კიდევ უფრო გაამხეცა თვითმპყრობელი და  მისთვის თავის მოკვეთა ბრძანა. ქრისტიანებმა დიდმოწამის ნეშტი მიწას მიაბარეს.

წმიდა არტემის სიკვდილის შემდეგ მისი წინასწარმეტყველება იულიანეს მოახლოებული აღსასრულის შესახებ ახდა.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

ყველა ახალი ამბავი
0