საპატრიარქო

რატომ ჩამოართვეს მიტროპოლიტ პეტრეს წოდება - საპატრიარქოს განცხადება

287
(განახლებულია 09:02 01.11.2019)
წმიდა სინოდის წევრებმა კათოლიკოს-პატრიარქის არაერთგზის შეურაცხყოფის გამო მეუფე პეტრეს სინანულისაკენ მოუწოდეს, მაგრამ მან უარი განაცხადა

თბილისი, 31 ოქტომბერი - Sputnik. წმინდა სინოდმა პეტრე ცაავას ჭყონდიდის მიტროპოლიტის წოდება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის და თავად სინოდის შეურაცხყოფის გამო ჩამოართვა, ნათქვამია საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელებულ სხდომის ოქმში.

მეუფე პეტრე პატრიარქს უყვიროდა - სამღვდელოებამ სინოდზე მომხდარის შესახებ ისაუბრა >>

როგორც ჟურნალისტებს თავად მღვდელმსახურმა განუცხადა, მან კათოლიკოს-პატრიარქს მამათმავლობა დააბრალა. პეტრე ცაავას თქმით, მან მოითხოვა დრო იმისათის, რომ წარმოადგინოს მოწმეები, მაგრამ მას უარი ეთქვა.

„წმინდა სინოდის წევრებმა აღნიშნეს, რომ  ეკლესიის ისტორიაში ჩვენ ვერ ვნახავთ პატრიარქის შეურაცხყოფის მსგავს მაგალითს. უწმიდნესმა ბრძანა, რომ მეუფე პეტრე იყო გამორჩეული მღვდელმთავარი, იგი იყო ახალშექმნილი ხევის პირველი ეპისკოპოსი და მეტად სამწუხაროა მისი ამგვარი ცვლილება“, - ნათქვამია დოკუმენტში.

წმინდა სინოდის მღვდელმთავრებმა კათოლიკოს-პატრიარქის არაერთგზის შეურაცხყოფის, დაუსაბუთებელი ბრალდებების, ხშირ შემთხვევაში ცილისწამებებისა და სხვა კანონიკური დარღვევების გამო, ერთხმად მოუწოდეს მეუფე პეტრეს სინანულისაკენ. მაგრამ მან ბრალი არ აღიარა და არ შეინანა.

ამიტომ წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება მეუფე პეტრეს აეკრძალოს მღვდელმოქმედება, გათავისუფლდეს ეპარქიის მმართველობისა და წმინდა სინოდის წევრობისაგან და გამწესებულ იქნას მონასტერში მოსანანიებლად.

ვინ არის მეუფე პეტრე ცაავა >>

ამიერიდან პეტრეს არ აქვს უფლება ჩაატაროს საღვთო მსახურება და აღასრულოს საიდუმლოება.

287
თემები:
საეკლესიო სკანდალი საქართველოში (31)
გვიანი შემოდგომა სამების ბაღში

საეკლესიო კალენდარი: 2020 წლის 13 აგვისტო

161
(განახლებულია 16:16 12.08.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 13 აგვისტოს ცხოველსმყოფელი ჯვარის პატიოსან ძელთა შემოყვანების წინადღესასწაულს ზეიმობს და ასევევ იხსენიებს ღირს არსენს, ნინოწმიდელ ეპისკოპოსს, მართლ ევდოკიმე კაბადოკიელს და მოწამე ივლიტას.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში

ცხოველსმყოფელი ჯვარის პატიოსან ძელთა შემოყვანების წინადღესასწაული.

კონსტანტინეპოლში უძველესი დროიდან არსებობდა ჩვეულება ქალაქის ქუჩებში უფლის პატიოსანი ჯვრის შემოტარებისა, რისი მიზეზიც იყო აგვისტოს თვეში ადგილობრივ მკვიდრთა შორის სნეულებათა ხშირი გავრცელება. წინა დღეს, სიწმიდეს პატივით გამოაბრძანებდნენ ხოლმე ბიზანტიის იმპერატორთა კარის ეკლესიიდან, სადაც იგი ინახებოდა და წმიდა სოფიას ტაძრის ტრაპეზზე დაასვენებდნენ; სრულდებოდა აიაზმა. შემდეგ, მეორე დილით, პატიოსანი ჯვარი ქალაქის ქუჩებში გამოჰქონდათ და ორი კვირის მანძილზე უბნებში დაატარებდნენ ადგილთა საკურთხებლად და სნეულებათა თავიდან ასაცილებლად.

ღირსი არსენი

წმიდა არსენ ნინოწმინდელი XI საუკუნის სასულიერო მოღვაწე, მთარგმნელი, მწიგნობარი და ერთ-ერთი საუკეთესო კალიგრაფი იყო. ის მონაზვნად იერუსალიმში აღიკვეცა, შემდეგ კი საქართველოში მოიწვიეს და ნინოწმინდის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. წმიდა არსენმა დატოვა ეპისკოპოსობა და დავით კურაპალატთან მივიდა, რომელმაც ის ოთხთა ეკლესიაში წარგზავნა. იმ ხანებში ოთხთა ეკლესიაში ცხოვრობდა ბერი იოანე გრძელისძე. არსენი და იოანე დიდად დამეგობრებულან.

მამები იოანე და ექვთიმე მთაწმინდელებს, რომელნიც იმ დროს ახლად დაარსებულ ათონის ქართველთა მონასტერში მოღვაწეობდნენ  თავისთან მიუწვევიათ  და არსენი და იოანეც წასულან ათონზე და მხარში ამოსდგომოიან ექვთიმეს, რომელსაც .მამის გარდაცვალების შემდეგ წინამძღვრობის მთელი სიმძიმე დააწვა. არსენი ათონის მთაზე გარდაიცვალა.

მართალი ევდოკიმე კაბადოკიელი

 ევდოკიმ მართალი ცხოვრობდა კაბადოკიაში. ის იყო პატიოსანი ქრისტიანების ვასილისა და ევდაკის შვილი. ევდოკი მთელი გულით ილტვოდა უფლისაკენ და ეხმარებოდა ხალხს. მან დადო აღთქმა, რომ არ მოიყვანდა ცოლს. მისი ჩადენილი კეთილი საქმეები მხოლოდ უფალმა იცოდა. ევდოკიმმა მთელი თავისი სიცოცხლე უფალს შესწირა. 33 წლის ასაკში კი იგრძნო სიკვდილის მოახლოება. ევდოკის სურვილი იყო  რომ დაეკრძალათ იმ სამოსით, რომელიც მას გარდაცვალების ჟამს ეცვა. როდესაც ევდოკიმე ჩასასვენებელში ჩაასვენეს,  მოხდა სასწაული, იქ მყოფი ავადმყოფები გამოჯამრთელდნენ.

18 თვის შემდეგ მისი მშობლები საცხოვრებლად კონსტანტინოპოლში გადავიდნენ. ევდოკის დედას სურდა შვილის ცხედარი გადაესვენებინა. საფლავის გახსნის შემდეგ ყველამ დაინახა, რომ ევდოკიმეს გვამი უხრწნელი იყო. ხალხმა ევდოკიმეს დედას არ მისცა უფლება გვამის გადასვენებისა. რამდენიმე ხნის შემდეგ, იოსების დახმარებით, მოხდა ცხედრის გადასვენება კონსტანტინოპოლში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში. ეს ტაძარი ევდოკიმეს მშობლებმა ააგეს.

მოწამე ივლიტა

წმიდა მოწამე ივლიტა ცხოვრობდა კაბადოკიის კესარიაში იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) დროს. ერთ-ერთმა წარმართმა მიითვისა მისი მამული და, როცა წმიდანმა სასამართლოს ძალით მოინდომა კუთვნილი ქონების დაბრუნება, უღმრთომ განაცხადა, ივლიტა ქრისტიანია და ვერანაირი კანონი მას ვერ დაიცავსო.

მსაჯულმა ნეტარს შესთავაზა, ჯერ კერპებისთვის შეეწირა მსხვერპლი, შემდეგ კი სამართლიანობის აღდგენაზეც ეზრუნათ. მაგრამ წმიდა ივლიტამ მტკიცე უარი განაცხადა მზაკვრული პირობის შესრულებაზე. ქრისტეს ერთგულებისთვის ნეტარი დედა 304 (ან 305) წელს კოცონზე დაწვეს. მოწამეობრივი აღსასრულიდან სამოცდაათი წლის შემდეგ წმიდა მღვდელმთავარმა, ბასილი დიდმა შექმნა სახოტბო სიტყვა წმიდანის განსადიდებლად.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

161
თემები:
საეკლესიო კალენდარი
ქაშუეთის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 2020 წლის 12 აგვისტო

285
(განახლებულია 16:16 12.08.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 12 აგვისტოს  ცოტნე დადიანის, მოციქულთა: შილას, სილუანეს, კრისკენტის, ეპენეტოსის და ანდრონიკეს, მოწამე იოანე მხედრის, და სხვა მოწამეთა ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ, ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში

ცოტნე დადიანი

ცოტნე დადიანი იყო დიდგვაროვანი ქართველი ფეოდალი, რომელიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII საუკუნის პირველ ნახევარში.

ცოტნე დადიანი მონღოლთა ბატონობის წინააღმდეგ კოხტასთავის შეთქმულებაში 1245 წელს. მონღოლებმა შეთქმულების შესახებ შეიტყვეს, მისი მონაწილეები დააპატიმრეს და ანისში მონღოლთა ნოინს მიჰგვარეს. ცოტნე დადიანი შემთხვევით გადაურჩა დაპატიმრებას (აჯანყებისთვის ჯარს აგროვებდა დასავლეთ საქართველოში).ანისში დაპატიმრებული ქართველი დიდებულები აჯანყების გეგმას უარყოფდნენ და კოხტასთავს შეკრებას მონღოლთათვის ხარკის შეგროვების მოწესრიგების მიზეზით ხსნიდნენ. გამოტეხის მიზნით მათ ხელ-ფეხი შეუკრეს, გააშიშვლეს, ტანზე თაფლი წაუსვეს და მზეზე დაყარეს. როდესაც დადიანმა შეთქმულების მონაწილეთა ამბავი გაიგო, ანისში ჩავიდა და ნებაყოფლობით გაიზიარა თანამებრძოლების ხვედრი — ტანზე გაიხადა და მეგობრებთან ერთად დაჯდა. ცოტნე დადიანის გმირულმა საქციელმა მონღოლები დაარწმუნა ქართველთა სიმართლეში და ყველანი გაათავისუფლეს.

წმიდა მოციქულნი: შილა, სილუანე, კრისკენტი, ეპენეტი და ანდრონიკე

წმიდა სამოცდაათთაგანნი: შილა, სალუანე, კრისკენტი, ეპენეტი და ანდრონიკე მაცხოვრის მოწაფეები იყვნენ.

შილამ  პავლესთან ერთად  იმოგზაურა სირიაში, კილიკიაში, მაკედონიაში.  ქალაქ ფილიპედან პავლე და შილა ამფიპოლში გაემგზავრნენ, მოვლეს აპოლონია და თესალონიკე, მრავალი წარმართი მოაქციეს და ეკლესიები განამტკიცეს. კორინთოში შილას ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. იგი კეთილად განაგებდა სამწყსოს, მრავალი სასწაულიც აღასრულა, შემდეგ კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

წმიდა მოციქული სილუანე თავთა მოციქულთა, პეტრესა და პავლესთან ერთად ქადაგებდა ღვთის სიტყვას. წმიდა სილუანე თესალონიკის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული, მრავალი ჭირი და განსაცდელი დაითმინა, ბოლოს კი მოწამეობრივად აღესრულა.

წმიდა მოციქულ კრისკენტის პავლე მოციქული იხსენიებს ტიმოთეს მიმართ მეორე ეპისტოლეში, სადაც აღნიშნავს, რომ იგი გალატიაში წავიდა საქადაგებლად. აქ წმიდანი ეპისკოპოსად იქნა ნაკურთხი, შემდეგ გალიაშიც ავრცელებდა სახარების სწავლებას. ქალაქ ვინეაში მან თავისი მოწაფე, ზაქარია დაადგინა მღვდელმთავრად, გალატიაში დაბრუნებული კი მოწამეობრივად აღესრულა იმპერატორ ტრაიანეს (98-117) ზეობისას.

წმიდა მოციქული ეპენეტი კართაგენის ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული.

წმიდა მოციქული ანდრონიკე  კი პანონიის ეპისკოპოსი იყო.

წმიდა იონე მხედარი

წმიდა მოწამე იოანე მხედარი იულიანე განდგომილის ლაშქარში მსახურობდა.  ის ფარული ქრისტიანი იყო. იოანე  უსჯულო იმპერატორის ბრძანებით სხვებთან ერთად გაგზავნეს ქვეყნის ერთ-ერთ ოლქში ქრისტიანთა შესაპყრობად. დევნის ნაცვლად იოანე ყოველმხრივ მფარველობდა ქრისტიანებს, როცა ამის შესახებ შეიტყო, განრისხებულმა იულიანემ ბრძანა, შეეპყროთ და დაუყოვნებლივ ჩაეყვანათ კონსტანტინოპოლში სიკვდილით დასასჯელად. როცა იოანე  სამეფო ქალაქში ჩაიყვანეს, იმპერატორი სპარსელებთან საომრად იყო გასული. 363 წელს, იულიანე განდგომილი სპარსელებთან ბრძოლაში დაიღუპა. ტახტზე ავიდა კეთილმორწმუნე ქრისტიანი იობიანე, რომელმაც წინამორბედის მიერ მართლმადიდებელთა წინააღმდეგ გაცემული ყველა განკარგულება გააუქმა: ქრისტეს აღსარებისთვის ტყვექმნილები გაათავისუფლა. თავისუფლება ჰპოვა იოანემაც. ამის შემდეგ სატანჯველებით გამობრძმედილმა წმიდანმა ღვთისა და მოყვასის მსახურებას უძღვნა თავი. ნეტარი იოანე მშვიდობით მიიცვალა, ღრმა მოხუცებულობაში.

მღვდელმოწამე პოლიქრონიოსი - ბაბილონელი ეპისკოპოსი, პარმენი, ელიმე და ქრისოტელე ხუცესნი, ლუკა და მუკო დიაკონნი, აბდონი და სენისი - სპარსეთის მთავარნი და მოწამენი: ოლიმპიოსი და მაქსიმე

მღვდელმოწამე პოლიქრონიოსი - ბაბილონელი ეპისკოპოსი, პარმენი, ელიმე და ქრისოტელი ხუცესნი, ლუკა და მუკო დიაკონნი, აბდონ და სენისი - სპარსეთის მთავარნი და წმიდა მოწამენი: ოლიმპიოსი და მაქსიმე ეწამნენ III საუკუნეში ღვთისმოძულე იმპერატორ დეკიუსის (249-251) ზეობისას.

მღვდელმოწამე ვალენტინე ეპისკოპოსი და სამნი მოწაფენი მისნი - მოწამენი: პროკული, ეფიბი და აპოლონი და მართალი აბუნდი

მღვდელმოწამე ვალენტინე ეპისკოპოსი, სამნი მოწაფენი მისნი - წმიდა მოწამენი: პროკული, ეფიბი და აპოლონი და მართალი აბუნდი ცხოვრობდნენ III საუკუნეში.

წმიდა ვალენტინე ქალაქ ინტერმანის (იტალია) ეპისკოპოსი იყო. ღვთივსათნო მოღვაწეობისათვის მას სნეულებათა კურნების ნიჭი ჰქონდა მიმადლებული. იმ ხანებში ათონიდან რომში სასწავლებლად ჩავიდა სამი წარმართი ჭაბუკი: პროკული, ეფიბი და აპოლონი. მათ მოძღვარიც ჰპოვეს, სახელად კრატონი და მის სახლში დამკვიდრდნენ. მოხდა ისე, რომ კრატონის ძე, ქერიმონი მძიმედ დასნეულდა: სასოწარკვეთილმა მამამ ეპისკოპოს ვალენტინეს თხოვა დახმარება. ღვთისმოყვარე მღვდელმთავარმა თხოვნა უპასუხოდ არ დატოვა: რომში ჩავიდა, ავადმყოფ ჭაბუკთან ერთად ოთახში გამოიკეტა და მთელი ღამე ლოცულობდა. დილით ბედნიერმა მშობლებმა იხილეს, რომ მათ შვილს ძველი სნეულების კვალიც არ ეტყობოდა, ირწმუნეს ქრისტე და მთელ სახლეულთან ერთად მოინათლნენ. ნათელიღეს პროკულმა, ეფიბიმ და აპოლონმაც და ქერიმონთან ერთად ვალენტინეს დაემოწაფნენ. საკვირველ მოძღვარს მალე გაუვარდა სახელი, და მის მიერ ბევრი ჭაბუკი და ყრმა შეუდგა ქრისტეს. მათ შორის იყო ქალაქის თავის ძე, აბუნდიც, რომელმაც ნათლისღების შემდეგ ყველას წინაშე აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება. ვალენტინეს  ხელისუფალთა რისხვა დაატყდა თავს. იგი შეიპყრეს, კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს და მრავალგვარი წამების შემდეგ საპყრობილეში გამოამწყვდიეს. მოწაფეები არ დაერიდნენ საფრთხეს და აქაც აკითხავდნენ მოძღვარს. მალე წმიდა მღვდელმთავარს თავი მოკვეთეს. პროკულმა, ეფიბიმ და აპოლონმა სულიერი მამის წმიდა ცხედარი ქალაქ ინტერმანაში წაასვენეს და პატივით დაფლეს. ყმაწვილები შეიპყრეს და ღამით, ფარულად, თავები მოკვეთეს. როცა ქალაქის თავის ძემ, აბუნდიმ შეიტყო, რომ მისი მეგობრები დატუსაღებულნი იყვნენ, მათ მოსანახულებლად გაეშურა, მაგრამ უფლის რჩეულთა გაციებული ცხედრებიღა იხილა. ძლიერ დამწუხრებულმა ჭაბუკმა უკანასკნელი პატივი მიაგო წმიდა მოწამეებს: მათი პატიოსანი ნეშტი მოძღვრის, მღვდელმთავარ ვალენტინეს საფლავის გვერდით დაკრძალა.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

285
თემები:
საეკლესიო კალენდარი
სასტუმრო „რუსთავი“

საქართველოში კარანტინის ვადა 14-დან 12 დღემდე შემცირდა

0
უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ყველა პირი ვალდებულია წარადგინოს ჩამოსვლამდე 72 საათით ადრე ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, ხოლო ისინი, ვისაც კარანტინის გავლა არ უწევს, 12 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარებენ PCR კვლევას.

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების თანახმად, კარანტინისა და იზოლაციის სავალდებულო ვადა 14-დან 12 დღემდე შემცირდა.

ცვლილებები 23 მაისის დადგენილებაში „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ ძალაში შევიდა ხუთშაბათს „საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ.

ცვლილებების თანახმად, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ან/და კორონავირუსის შემთხვევასთან კონტაქტირებული ყველა ფიზიკური პირი ექვემდებარება 12 დღის განმავლობაში სავალდებულო კარანტინს. ამავე ვადა გავრცელდება თვითიზოლაციაზე.

გარდა ამისა, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ყველა პირი ვალდებულია წარადგინოს ოფიციალურ ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, ხოლო ისინი, ვისაც კარანტინის გავლა არ უწევს, 12 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარებენ PCR კვლევას. ადრე ეს ვადა 14 დღეს შეადგენდა.

ამასთან დადგენილებაში მითითებულია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ვალდებულია თავად დაფაროს ტესტირების საფასური. გამონაკლისს შედგენენ ის პირები, რომლებსაც პირველი PCR კვლევის შედეგად აღმოაჩნდათ იმუნოგლობული „G“. მათ განმეორებითი ტესტირება არ დასჭირდებათ.

დღეისათვის საქართველოში კარანტინის ზონებში 7635 ადამიანი იმყოფება.

 

 

0
თემები:
COVID-19 საქართველოში