ჭყონდიდის ეპარქია

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს მოლოდინში რა ხდება ამ წუთებში ეპარქიაში

453
(განახლებულია 19:02 31.10.2019)
რამდენიმე საათის წინ წმინდა სინოდმა ჭყონდიდის მიტროპოლიტი ეპარქიის მმართველობისგან გაათავისუფლა, აუკრძალა მღვდელმსახურება და გაათავისუფლა სინოდის წევრობისგან.

თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. ამ წუთებში ჭყონდიდისა და მარტვილის ეპარქიაში ამ ეპარქიაში შემავალ ეკლესიებში მოღვაწე სასულიერო პირები იკრიბებიან, იტყობინება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი მარტვილიდან.

მარტვილის ეპარქიაში მოღვაწე დედა თამარმა სააგენტოს კორესპონდენტს განუცხადა, რომ მეუფე პეტრე აპირებდა დღეს სინოდის სხდომაზე სოდომურ ცოდვაში პატრიარქის მხილებას და გეგმავდა საპატრიარქოში მოწმეების მიიყვანას. სწორედ ამიტომ გადააყენეს იგი ეპისკოპოსობიდან.

მეუფე პეტრეს გადაყენებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმაც. ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი სინოდის გადაყვეტილებას მოულოდნელს უწოდებს. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, მღვდელმთავრის გადაყენების საკითხი წინასწარ უნდა განხილულიყო.

„მე ვწუხვარ ამ გადაწყვეტილების გამო (სინოდის გადაწყვეტილების - რედ.)... ამ ვითარებაში, როდესაც საქართველოს ჰყავს გარეთა და შიდა მტერი და როდესაც უმძიმესი გამოწვევის წინაშე ვიმყოფებით, ეკლესია, ჩვენი არსებული რეალობიდან და მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, საკმაოდ მნიშვნელოვანი ორგანიზმია, მნიშვნელოვანი ინსტიტუცია და მასზე ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის როგორც სადღეისო, ისე სამომავლო ჭრილში და ამას განსაკუთრებით მოუხდებოდა ძალიან ღრმად დაფიქრებული მიდგომა. მეტი არაფრის თქმა არ შემიძლია სინოდის ამ დადგენილებასთან დაკავშირებით. კარგი იქნებოდა, რომ ყოფილიყო წინდაწინ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია, რომ წინდაწინ გვემსჯელა და განგვეხილა ამ საკითხის დადებითი და უარყოფითი მხარეები, იმიტომ რომ ნებსით და უნებლიეთ მტრის წისქვილზე არ დავასხათ წყალი. იმედს ვიქონიებ, რომ კარგად იფიქრა სინოდის ყველა წევრმა და დარწმუნებულები არიან თავიანთი გადაწყვეტილების სისწორეში“, – განაცხადა ჟურნალისტებთან მეუფე გრიგოლმა.

მიტროპოლიტი პეტრე, ერისკაცობაში პაატა ცაავა 2000 წლის ივლისიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გაიგზავნა ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში – სულიერებისა და კულტურის ცენტრის დასაარსებლად, სადაც ის ბერად აღიკვეცა.

2002 წლიდან პეტრე ცაავა სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქის ეპისკოპოსად დაინიშნა, 2006 წლიდან კი, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ეპისკოპოსი პეტრე ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელმთავრად დადგინდა. 2007 წლის 5 იანვარს იგი ჭყონდიდის ეპარქიაში წარადგინეს. 

2007 წლის 23 იანვარს წმ. სამების ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ჭყონდიდელი ეპისკოპოსი პეტრე მთავარეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა. 2007 წლის 25 დეკემბერს მეუფე პეტრე დაჯილდოვდა წმ. გიორგის ორდენით.

2008 წლის 23 ნოემბრიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი პეტრე ხელმძღვანელობდა საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნებას”, თუმცა ამ თანამდებობიდან ის გასულ წელს გადააყენეს. 


ნიკა ლატარია

 

453
თემები:
საეკლესიო სკანდალი საქართველოში (31)
ვარძიის ღვთისმშობლის ტაძარი

საეკლესიო კალენდარი: 21 სექტემბერი

147
(განახლებულია 20:07 20.09.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 21 სექტემბერს ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის შობას დღესასწაულობს. საეკლესიო კალენდარში ეს თარიღი ასევე არის წმიდა აღმსარებლების იოანე და გიორგი-იოანეს ხსენების დღეც.

Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან ისინი მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

შობა ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისა

შობა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა მარიამისა., როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, ჯერ კიდევ IV საუკუნეში დადგინდა.  ამ დღეს ტაძრებში საგანგებო საგალობლებს აღავლენენ - ადიდებენ ყოვლადწმიდა ქალწულს, ვითარცა კიბეს, რომელამც ცა და დედამიწა შეაერთა, როცა ხორციელად შვა უფალი, და ვითარცა „მაყვალს შეუწველს“, რადგან დაიტია ღმერთი და არ დაიწვა.

ქრისტიანულ ლიტერატურაში არსებობს იაკობის აპოკრიფული თხზულება „შობა მარიამისა“, რომელიც დაწვრილებით მოგვითხრობს, როგორ შეეძინათ იოაკიმესა და ანას მომავალი მშობელი განკაცებული უფლისა.

მდიდარი, მაგრამ უშვილო იოაკიმე ყოველწლიურად ორმაგ მსხვერპლს სწირავდა უფალს. ერთ-ერთ დღესასწაულზე, როცა ებრაელები იერუსალიმის ტაძარში მსხვერპლშეწირვისთვის ემზადებოდნენ, მათ უარი უთხრეს იოაკიმეს პირველს შეეწირა მსხვერპლი, მიზეზად კი იოაკიმესა და ანას უშვილობა წამოაძახეს (ებრაელ ხალხში უშვილობა ღვთის სასჯელად ითვლებოდა).
დაღონებულ იოაკიმეს მწუხარება გაუასკეცდა და ისე მიაშურა უდაბნოს, რომ შინაც აღარ შეუვლია მეუღლის სანახავად. იქ, სახელდახელოდ აგებულ კარავში, მან ორმოცი დღე და ღამე უჭმელ-უსმელმა გაატარა მხურვალე ლოცვაში.

მაშინ ანამ სამგლოვიარო სამოსელი გაიხადა, საზეიმოდ ჩაიცვა, ბაღში ჩავიდა, დაფნის ხის ქვეშ ჩამოჯდა და უფალს მხურვალედ შეევედრა: „ღმერთო მამათა ჩემთაო, მაკურთხე მე და შეისმინე ვედრება ჩემი ისე, როგორც აკურთხე შენ ჩვენი სარა და მიანიჭე მას ისააკი“.
ანგელოზი გამოეცხადა ანას და ახარა, რომ ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება და იგი დედა გახდებოდა, მისი ნაშობი კი ქვეყანასა ზედა განდიდდებოდა. გახარებულმა ქალმა მადლიერების ნიშნად აღთქმა დადო, შვილი უფლისათვის შეეწირა, რომ მისი მსახური ყოფილიყო მთელი სიცოცხლის მანძილზე.

ანგელოზმა უდაბნოში განმარტოებულ იოაკიმესაც აუწყა, რომ ღმერთმა მისი ვედრება შეისმინა და მალე შვილი შეეძინებოდათ.
მათ შეეძინათ ქალი, რომელსაც მარიამი უწოდეს. ექვსი თვის მარიამი დედამ მიწაზე დასვა.

შობა ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამისა ის დღეა, როცა უფალმა წყალობის თვალით გადმოხედა ცოდვით დაცემულ კაცობრიობას და ქვეყანას მოუვლინა წიაღი ღვთის განხორციელებისა, საყდარი მეუფისა, კიბე ზეცისა, გამომსყიდველი ევას შეცოდებისა - ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მარიამი, დედა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

წმიდა აღმსარებელნი: იოანე და გიორგი

არქიმანდრიტი იოანე (ერისკაცობაში ვასილ მაისურაძე) დაიბადა ცხინვალში, დაახლოებით 1882 წელს.

სიყრმიდანვე ბერ-მონაზვნური ცხოვრებისკენ მიდრეკილი და სიწმინდის მაძიებელი ვასილი, 1903 წლიდან ღვთისგანგებულებით ათონის მთაზე იწყებს ცხოვრებას წმ. იოანე ღვთისმეტყველის სავანეში.

უბრალოებით, ძმათა მსახურებით და ყოველგვარი სათნოებებით გამორჩეული ახალგაზრდა მოღვაწე მალე აღკვეცეს მონაზვნად და წმიდა იოანე ღვთისმეტყველისადმი მისი განსაკუთრებული სიყვარულის ნიშნად იოანე უწოდეს. მალე მონაზონი იოანე მღვდლად აკურთხეს, რამაც კიდევ უფრო მეტად წარმოაჩინა მისი პიროვნება.
წმიდა იოანემ ჩვიდმეტი წელი დაჰყო ათონზე, შემდეგ კი დროთა მძიმე ვითარებიდან გამომდინარე 1920-21 წლებში იგი სხვა ქართველ ბერებთან ერთად იძულებული გახდა დაეტოვებინა წმინდა მთა.

ცნობილია მამა იოანეს ლოცვით აღსრულებული მრავალი სასწაული, რომელთა გამჟღავნებას ყოველთვის ერიდებოდა ღირსი მამა.  ცხოვრებისეულმა ტანჯვამ და გამუდმებულმა შრომამ მისი ჯანმრთელობა შეარყია და ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ მამა იოანე  1957 წელს 75 წლის ასაკში აღესრულა.

არქიმანდრიტი გიორგი (მხეიძე) დაიბადა ამბროლაურის რაიონის სოფ. სხვავაში დაახლოებით 1887 წელს. თავადაზნაურობაში არსებული მაშინდელი ტრადიციის მიხედვით გიორგიმ სამხედრო სასწავლებელში დაიწყო სწავლა, მაგრამ იმპერიაში სამხედრო კარიერის გაკეთების ნაცვლად იგი ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩაება და გარკვეული დროის მანძილზე, ილია ჭავჭავაძესთან მსახურობდა პირად მდივნად.

მთელი სიცოცხლის ღვთისთვის შეწირვის სურვილით, გიორგიმ მონაზვნური ცხოვრების გზა აირჩია, უაღრესად განათლებული და თავმდაბალი, დახვეწილი არისტოკრატიული მანერებითა და ბერული ასკეტიზმით საოცრად ჰარმონიულად შერწყმული მამა გიორგი მღვდლად აკურთხეს და არქიმანდრიტის ხარისხშიც აღამაღლეს. ღვთის სიყვარულითა და მამულისათვის თავდადების სურვილით აღვსილმა ამ წმიდა მოღვაწემ თავის თავზე იწვნია ყველა განსაცდელი, რაც ამ დროს თავს დაატყდა ჩვენს ეკლესიას და ერს.

ხირსის მონასტერში მოღვაწე მამა გიორგის 1924 წელს თავს დაესხნენ შეიარაღებული ჩეკისტები. ცემეს, შეკრიჭეს თმა-წვერი და მოკვლითაც დაემუქრნენ.

1924 წელს ავიდა წმიდა გიორგი ბეთანიის მონასტერში, სადაც მას დახვდა მამა იოანე მაისურაძე და ამ დღიდან ეს ორი წმიდა მამა მთელი ცხოვრება ერთად მოღვაწეობდნენ, მათ ცხოვრებასაც შეიძლება ეწოდოს „ერთი სული ორ სხეულში“.

1957 წელს, როდესაც მამა იოანე გარდაიცვალა მამა გიორგი დიდ სქემაში აღიკვეცა და მასაც მისი სულიერი ძმის მსგავსად იოანე უწოდეს. წმ. მამა გიორგი-იოანე (მხეიძე) 1960 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია ბეთანიის მონასტერში მამა იოანეს (მაისურაძის) გვერდით.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.


147
თემები:
საეკლესიო კალენდარი
მოწამეთა

საეკლესიო კალენდარი: 20 სექტემბერი

152
(განახლებულია 20:02 19.09.2020)
საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია 20 სექტემბერს მოწამე სოზონტის, მოციქულთა ებოდისა და ონისიფორეს, 70-თაგანთა; ასევე მოწამე ევფსიქის და ღირსი ლუკას ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik -საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

წმიდა მოწამე სოზონტი

წმიდა მოწამე სოზონტი ლიკაონიელი მწყემსი იყო. იგი გულმოდგინედ კითხულობდა წმიდა წერილს, შემდეგ კი შეძენილ ცოდნას შემოკრებილ მეცხვარეებს უზიარებდა. ერთხელ, ღამით, მუხის ძირას მჯდომ სოზონტს უფალმა სასწაულებრივი გამოცხადებით მოწამეობრივი ღვაწლისკენ მოუწოდა. ქრისტეს ტარიგი კილიკიის ქალაქ პომპეოპოლში გაემგზავრა, სადაც იმჟამად წარმართული კერპის დღესასწაულისთვის ემზადებოდნენ, საკერპოში შეიპარა, ცრუღვთაების ოქროს ქანდაკს ხელი მოჰკვეთა, დაანაწევრა და გლახაკებს დაურიგა. კერპის ხელის გაქრობამ ქალაქში შფოთი და განგაში გამოიწვია, ეჭვმიტანილებს აკავებდნენ, დასაკითხად მიჰყავდათ და აწამებდნენ. სოზონტმა არ ისურვა, უდანაშაულოთა ტანჯვის მიზეზი გამხდარიყო, ნებით წარდგა იმპერატორ მაქსიმიანეს (284-305; 307-310) წინაშე განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, სასტიკად ეწამებინათ მხნე აღმსარებელი. წმიდა სოზონტმა საშინელ ტანჯვაში შეჰვედრა სული უფალს (+დაახლ. 304).

წმიდა მოციქული ევოდი

წმიდა მოციქული ევოდი, სამოცდაათთაგანი, პეტრე მოციქულის შემდეგ სირიის ანტიოქიის პირველი ეპისკოპოსი იყო. წმიდა მოციქულმა ოცდაშვიდი წელი იღვაწა მღვდელმთავრის ხარისხში და იმპერატორ ნერონის (54-68) დროს, სამოცდაექვსი წლის ასაკში, მოწამეობრივად შეჰვედრა სული უფალს.
წმიდა მოციქული ონისიფორე

წმიდა ონისიფორე ჯერ კოლოფონში (მცირე აზია) იქნა დადგენილი ეპისკოპოსად, შემდეგ კი - კორინთოს სამწყსოს განაგებდა. იგი მოწამეობრივად აღესრულა ჰელესპონტის ნაპირას, ქალაქ პარიაში (ეფესოს მახლობლად), სადაც წარმართთა შორის ქრისტეს სარწმუნოების საქადაგებლად ჩავიდა. უსჯულოებმა შეიპყრეს უფლის რჩეული, საკერპოსთან მიიყვანეს და წარმართული ღვთაებებისთვის საკმევლის კმევა მოსთხოვეს; როცა პასუხად მტკიცე უარი მიიღეს, მონასთან, ჰორფორისთან ერთად გაუხედნავ ცხენებს გამოაბეს და მიწაზე თრევით ამოხადეს სული: რომაული მარტიროლოგის მიხედვით, წმიდა ონისიფორე 16 სექტემბერს გარდაიცვალა.

წმიდა მოწამე ევფსიქი

წმიდა მოწამე ევფსიქი კაბადოკიის კესარიაში დაიბადა. ერთ-ერთ სვინაქსარში იგი სენატორ დიონისეს ძედ იხსენიება. იმპერატორ ადრიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას იგი შეიპყრეს, აწამეს და საპყრობილეში ჩააგდეს. აქ წმიდანს ანგელოზმა დაუამა წყლულები. როცა მარტვილი გაათავისუფლეს, მან მთელი ქონების უმეტესი ნაწილი გლახაკებს დაურიგა; დარჩენილი ნაწილი კი გაუნაწილა მტრებს - მათ, ვინც დაასმინა იგი და საწამებლად გადასცა. როცა მმართველი შეიცვალა, ევფსიქი ისევ დაატუსაღეს და სასტიკი წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს.. მარტვილი იმპერატორ ადრიანეს (117-138) დროს აღესრულა.

ღირსი ლუკა

ღირსი ლუკა კონსტანტინოპოლის მახლობლად, კითის ყურეში მდებარე ერთ-ერთი ცნობილი მონასტრის იღუმენი იყო. ეს მონასტერი მოსაგრეთა განსაკუთრებულად მკაცრი ცხოვრების წესით გამოირჩეოდა. წმიდა ლუკა X საუკუნის დასასრულს გარდაიცვალა.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

 

152
თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019
მეტროს მატარებელი

ნიუ-იორკში მეტროს მატარებელი რელსებიდან გადავიდა: ვრცელდება ვიდეო

0
(განახლებულია 08:59 21.09.2020)
ავარიის პროვოცირებაში ეჭვმიტანილი, რომელიც თვითმხილველებმა ამოიცნეს, დაკავებულია და პოლიციაში იკითხება

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. ნიუ–იორკში მეტროს მატარებელი რელსებიდან გადავიდა მას შემდეგ, რაც გზაზე დაყრილ სამშენებლო ნარჩენებს გადაურა, იუწყება ტელეარხი abc.

​გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა მანჰეტენზე, ჩელსის რაიონში მოხდა. მატარებლიდან 135 ადამიანია ევაკუირებული. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

„ჩრდილოეთის მიმართულებით მოძრავმა მატარებელმა სადგურ 14St-8th Av–ზე შესვლისას რელსებზე დაყრილ ნამტვრევებს გადაურა, რის შემდეგაც ის გზიდან გადავიდა“, — განაცხადეს ნიუ–იორკის სატრანსპორტო სამმართველოში.

წინასწარი მონაცემებით, ავარია 30 წლის უსახლკარო მამაკაცის მიერაა პროვოცირებული, რომელიც უკვე დაკავებულია და პოლიციაში იკითხება. მოწმეების თქმით, სწორედ ეს ადამიანი ყრიდა სამშენებლო ნარჩენებს მეტროს გზაზე.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს