სამება

საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 18 ოქტომბერი

103
(განახლებულია 23:20 17.10.2019)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 18 ოქტომბერს ღირსი გრიგოლ ხანძთელის, კლარჯეთის უდაბნოს ღირს მამათა  და დედათა, წმიდა მოწამე ხარიტინას, მღვდელმოწამე დიონისე, ალექსანდრიელის და წმიდა მოწამე მამელხვა სპარსელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

„Sputnik- საქართველო" გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

ღირსი გრიგოლ ხანძთელი, კლარჯეთის სავანეთა აღმაშენებელი და არქიმანდრიტი

წმიდა გრიგოლ ხანძთელი დაიბადა დაახ. 759 წელს, იგი დიდგვაროვანთა წრიდან იყო. ნერსე ერისთავის კარზე იზრდებოდა.

აღმზრდელებმა და მშობლებმა ნეტარი გრიგოლის მღვდლად კურთხევა ინებეს. გრიგოლს მღვდლობის სურვილი ჰქონდა, მაგრამ უდიდეს მოვალეობასაც გრძნობდა და უარი შეჰკადრა ერისმთავარს და მშობლებს, მაგრამ ახლობლებმა მაინც დაითანხმეს. 

შემდგომ ეპისკოპოსად კურთხევაც დაუპირეს გრიგოლს, ამან კი ძალზე შეაკრთო მოძღვარი და სასწრაფოდ განერიდა ახლობელთა სურვილს.  გრიგოლმა თან წაიყვანა სამი თანამოსაგრე: დედის დისწული - საბა იშხნელი, თეოდორე ნეძვის მაშენებელი და ქრისტეფორე კვირიკეთის მაშენებელი. ძმები ქართლიდან მესხეთს ჩავიდნენ, მივიდნენ კლარჯეთს, ოპიზის წმიდა იოანე ნათლისმცემლის მონასტერში და ორი წელი იღვაწეს იქაურ მოძღვარ ამბა გიორგისთან.

გრიგოლმა იცოდა კლარჯეთის უდაბნოში მცხოვრები განდეგილი ბერების მოღვაწეობის შესახებ და მათგან სწავლობდა ლოცვასა და მარხვას, სიმდაბლესა და სიყვარულს, სიმშვიდეს, უპოვარებას, მღვიძარებას და მდუმარებას.

ამ დროს მურვან-ყრუსაგან მოოხრებული კლარჯეთი გაუდაბურებული იყო. არაბთა რისხვას განრიდებული წმიდა აშოტ კურაპალატი  ქართლიდან კლარჯეთს ჩავიდა, წმიდა მეფის, ვახტანგ გორგასლის  მიერ აშენებული არტანუჯი სატახტო ქალაქად გამოაცხადა და დაიწყო ძალთა შეკრება საქართველოს გაერთიანებისათვის.

ოპიზაში ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ ღირსი გრიგოლი ხანძთელ მეუდაბნოეს, მართალ და წმიდა ბერს, ხუედიოსს ეწვია. ხუედიოსს ადრევე გამოუცხადა ღმერთმა, რომ ამ ადგილას მონასტერი აშენდება გრიგოლის და მისი მოწაფეების ხელით.  ბერმა ღირს მამა ხანძთის სანახები დაათვალიერებინა. გრიგოლს ძალზე მოეწონა იქაურობა და ძმებთან ერთად დაიწყო მონასტრის მშენებლობა. ბერებს უმძიმეს პირობებში უწევდათ მუშაობა, რადგან უდაბნო მთა-გორიანი იყო, ნიადაგი - კლდოვანი, მათი კი სამუშაო იარაღებიც არ ჰქონდათ.
ხანძთის მახლობლად ცხოვრობდა სიმდიდრით, სიბრძნით და ახოვნებით შემკული აზნაური გაბრიელ დაფანჩული. გრიგოლმა დახმარებისთვის მიმართა მას. გაბრიელმა სიხარულით მისცა წმიდა მამას ყველაფერი ქვითკირის ეკლესიის ასაშენებლად და კირითხურონიც დაახმარა. ასე აშენდა ხანძთის ძველი ეკლესია. 

გაბრიელ დაფანჩულმა მეფე აშოტ კურაპალატს წარუდგინა გრიგოლ ხანძთელი. პატივითა და სიყვარულით შეიტკბეს ერთმანეთი წმიდა მეფემ და წმიდა მამამ. აშოტმა „შეწირა ადგილნი კეთილნი და შატბედრისა ადგილი აგარაკად ხანძთისა. მაშინ სამთა მათ დიდებულთა ძეთა კურაპალატისათა - ადარნერსე, ბაგრატ და გუარამ - შეწირეს თითოეულად, რაჲცა საჴმარი მონასტერსა მისსა უჴმდა, ყოველი უხუებით“. არაბთა ბატონობისაგან სისხლდაწრეტილ და სასომიხდილ საქართველოში კლარჯეთის უდაბნო იყო სიცოცხლის მომნიჭებელი ოაზისი. აქ თავი მოიყარეს ერის საუკეთესო შვილებმა, საღვთო მადლით აღვსებულმა მამებმა.

გრიგოლმა საბა იშხნელთან ერთად კონსტანტინოპოლის წმიდა ადგილები მოილოცა. იქიდან დაბრუნებულებმა ტაოში წმიდა მოწამის აშოტ კურაპატალის მკვლელობის ამბავი შეიტყვეს. გზად მიმავალ გრიგოლს და საბას ღვთისგან ეუწყათ კაცთაგან მიუვალ ადგილას მდებარე დანგრეული იშხნის ეკლესიისკენ მიმავალი გზა, აგრეთვე ის, რომ ეს ეკლესია საბას ხელით განახლდებოდა. გახარებულ საბას არ უნდოდა ხანძთას დაბრუნება, მაგრამ გრიგოლის თხოვნით მცირედ ხანს დარჩა სულიერ მამასთან, შემდეგ კი ორ ძმასთან ერთად იშხანს წავიდა ეკლესიის აღსადგენად.

გრიგოლი უდიდესი ავტორიტეტი იყო არა მარტო კლარჯეთის უდაბნოს მამებისათვის, არამედ სრულიად ღირსი გრიგოლის მადლმოსილი მოღვაწეობა დასავლეთ საქართველოსაც მისწვდა. ღირსმა მამამ მოიარა მთელი აფხაზეთი, თავისი მადლიანი სწავლებითა და ქადაგებით გაათბო იქაური ქრისტიანები, შემდეგომ კი იმერ-ამერის საზღვარზე ააშენა უბისის მონასტერი.

გრიგოლი მკაცრი დამცველი იყო ზნეობისა. მან ამხილა მეფე აშოტ კურაპალატი არ შეეპუა მის მაღალ თანამდებობას, იცოდა, რომ მეფის არსწორი ქმედება დამაბრკოლებელი და დამღუპველი იყო ერისათვის. 

ღირს გრიგოლს უფლისგან წინასწარ ეუწყა ხორცთაგან განსვლის დღე. მან კლარჯეთის უდაბნოს მონასტრებში სანთლები დაგზავნა და შეუთვალა, ელოცათ მისთვის. მიცვალების დღეს წმიდანთან მეუდაბნოე მამები მივიდნენ პატივის მისაგებად და კურთხევის გამოსათხოვად.

გრიგოლმა აკურთხა მამები, უკანასკნელად დაარიგა და ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. ზეციდან გაისმა ხმა: „ნუ გეშინინ მოსლვად ჩუენ თანა, მსახურო ქრისტესო სანატრელო, რამეთუ ქუეყანისა ანგელოზსა და ზეცისა კაცსაა გიწესს მეუფე ცათაჲ ქრისტე. აწ მოვედ სიხარულით და უფლისა შენისა თანა იხარებდ დაუსრულებელად, რამეთუ ნეტარ ხარ შენ შორის კაცთა ნეტარსა მას დიდებასა დამკვიდრებად განმზადებული და მხიარული საუკუნოდ“.
ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი ანდერძისამებს, დაკრძალეს ხანძთის მონასტერში, ძმათა საფლავებს შორის.

კლარჯეთის უდაბნოს ღირსნი მამანი და დედანი

ტაო-კლარჯეთი, ქართველი კაცის ცნობიერებაში ყოველთვის სიწმინდის, ერთიანობისა და სიძლიერის ნანატრ
და ტკივილიან გრძნობას უკავშირდება. VIII-X საუკუნეებში, როცა არაბთა ბატონობის გამო ქართლში კულტურული ცხოვრება ჩამკვდარი იყო, რწმენა - მინავლებული, ეროვნული თვითშეგნება - დაქვეითებული, არაბთა შემოსევებისგან და ქოლერის ეპიდემიისგან გაუდაბურებული და გაუკაცრიელებული ტაო-კლარჯეთი ეკლესია-მონასტრებით გადაიფარა. 

„ყოველ მონასტერში იყო სკოლა, სემინარია, სადაც ასწავლიდნენ წერა-კითხვას, საღმრთო სჯულს, ფილოსოფიას, ბერძნულს და სხვა ენებს, გალობას, კალიგრაფიას, მხატვრობას, ოქრომჭედლობას და სხვა. აქედან გამოდიოდნენ მღვდელ-მოძღვარნი, მთარგმნელები და გადამწერნი წიგნებისა, მინიატურისტები და ოქრომჭედელნი“ (წმ. ექვთიმე თაყაიშვილი).

იწერებოდა აგიოგრაფიული ნაწარმოებები, ორიგინალური საგალობლებით ივსებოდა ლიტურგიკული კრებულები, ითარგმნებოდა საღმრთო წიგნები... ამ პერიოდის ლიტერატურული ძეგლები იმდენადაა გამსჭვალული ეროვნულ-ქართული ხასიათითა და სულით, რომ ამ ხანას ჩვენი მწერლობის ეროვნული ხანა ეწოდა...

წმიდა მოწამე ხარიტინა

წმიდა მოწამე ხარიტინა ჯერ კიდევ ყრმა იყო, როცა დაობლდა. მისი აღზრდა კეთილმსახურმა ქრისტიანმა, კლავდიუსმა იტვირთა. კლავდიუსს ღვიძლი შვილივით შეუყვარდა ღვთისმოშიში გოგონა. მან ხარიტინას გამოუყო ოთახი, სადაც ქრისტიანი ასულები იკრიბებოდნენ. მათგან უფროსები წმიდანს საღვთო სჯულს ასწავლიდნენ, მოძღვრავდნენ, უმცროსები კი თავად ხარიტინასგან სწავლობდნენ. ამ დროს დიოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო. ქრისტიანთა შესაპყრობად გაგზავნილი მეომრები ხარიტინასაც მიადგნენ, კლავდიუსს ქვითინი წასკდა, მკერდში ჩაიკრა ქალწული და მზად იყო სიცოცხლეც კი გაეწირა შვილობილის გადასარჩენად. მაგრამ ხარიტინამ თვითონ თხოვა მამობილს გაეშვა.  

სამსჯავროზე მსაჯულმა დომიციანემ ქრისტეს მხევალს მოსთხოვა, მისი განდგომით შეურაცხყოფილი ღვთაებების გული მოელბო; თან წყალობა აღუთქვა. მაშინ მარტვილმა ზეცად აღაპყრო თვალები და წარმოთქვა: „შენ ერთს გეტრფი, იესო, სიძეო ჩემო; შენ თანა ჯვარს ვეცმი და ვცოცხლობ შენ თანა“. მოთმინებიდან გამოსულმა მსაჯულმა ქალწულის აბუჩად აგდება დაიწყო - თმები მოაკვეცა, მაგრამ ნეტარს იგი იმავ წამს კვლავ წამოეზარდა; შემდეგ წმიდანი ცეცხლითა და მახვილით აწამეს, ზღვაშიც ჩააგდეს, მაგრამ უვნებლად გადარჩა. ბოლოს ქრისტეს ტარიგმა ილოცა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს (სავარაუდოა, რომ ეს მოხდა 304 წელს).

მღვდელმოწამე დიონისე, ალექსანდრიელი

მღვდელმოწამე დიონისე, ალექსანდრიელი ეპისკოპოსი მდიდარი წარმართების ოჯახში დაიბადა. შემდგომ მან კარგი განათლება მიიღო და რიტორი გახდა. მოწიფულობას მიღწეული წმიდანი ეკლესიის ცნობილი მამის, ორიგენეს (III) გავლენით მოექცა ქრისტიანობაზე, დაემოწაფა მას და სათნოებებში წარმატებული, მალე ხუცესად აკურთხეს. 231 წლიდან დიონისე ალექსანდრიის სასწავლებლის მოძღვარი გახდა, 247 წელს კი ეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული. 

იმპერატორების, დეკიუსისა (249-251) და ვალერიანეს (253-260) მიერ მართლმორწმუნეთა დევნისას მშვიდი და მოსიყვარულე მღვდელმთავარი ერთგულ დარაჯად ედგა ქრისტიანთა სულებს და აღმსარებლობით ღვაწლში განამტკიცებდა.

წმიდა დიონისე ორჯერ იყო გადასახლებული. იგი იმპერატორ გალიენუსის (260-268) დროს დაუბრუნდა თავის კათედრას და მშვიდობით მიიცვალა 264 ან 265 წელს. მართალია, წმიდა დიონისე მოწამეობრივად არ აღსრულებულა, მაგრამ მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე იმდენი ტანჯვა დაითმინა ღვთისთვის, რომ წმიდა ეკლესიამ იგი მარტვილთა დასში შერაცხა.

წმიდა დიონისე ალექსანდრიელმა დაგვიტოვა რამდენიმე შესანიშნავი ნაშრომი წმიდა წერილის განსამარტებლად და ერეტიკულ სწავლებათა უარსაყოფად. მისმა თხზულებებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქრისტიანული აზროვნების განვითარების ისტორიაში და დიდი გავლენა მოახდინა IV საუკუნის ღვთისმეტყველებაზე.

წმიდა მოწამე მამელხვა სპარსელი

წმიდა მოწამე მამელხვა სპარსელი, სანამ ქრისტეს შეუდგებოდა, ქალღმერთ არტემიდეს ქურუმი იყო. იგი საკუთარმა დამ მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. როცა წარმართებმა ნეტარი მარტვილი ნათლისღების თეთრ სამოსელში იხილეს, ქვებით ჩაქოლეს. ეს მოხდა დაახლოებით 344 წელს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

103
თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (191)
მეტეხი

საეკლესიო კალენდარი: 4 ივლისი

102
(განახლებულია 11:27 04.07.2020)
4 ივლისს მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ხსენებას წმ. დიდებულთა მოწამეთა, საქართველოს მეფეთა: არჩილისა (744) და ლუარსაბისა (1622); მოწამისა იულიანე ტარსელისა; მღვდელმოწამისა ტერტიუსისა, იკონიელი ეპისკოპოსისა ; ღირსთა იულიუს ხუცისა და იულიანე დიაკონისა .

წმიდა მოწამე იულიანე ტარსელი

დაიბადა კილიკიის (მცირე აზია) ერთ-ერთ პროვინციაში. მისი მამა წარმართი სენატორი იყო, დედა კი ქრისტიანობას აღიარებდა. მეუღლის სიკვდილის შემდეგ იულიანეს დედა ქალაქ ტარსში გადასახლდა, სადაც მონათლა შვილი და კეთილმსახურებაში აღზარდა. როცა წმიდანს 18 წელი შეუსრულდა, იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) ქრისტიანთა დევნა დაიწყო. სხვებთან ერთად იულიანეც შეიპყრეს და მმართველ მარკიანეს წარუდგინეს სამსჯავროზე. დიდხანს სთავაზობდნენ ღვთისმოყვარე ჭაბუკს, განშორებოდა ქრისტეს, მაგრამ ვერც ძღვნისა და პატივის აღთქმამ, ვერც მუქარამ და ვერც წამებამ ვერ მოდრიკა მხნე აღმსარებელი. ნეტარ მარტვილს მთელი წლის განმავლობაში დაატარებდნენ კილიკიის ოლქის ერთი ქალაქიდან მეორეში, დაკითხვებს უწყობდნენ, ტანჯავდნენ. ბოლოს კი საპყრობილეში ჩააგდეს. იულიანეს დედა ყველგან თან დაყვებოდა ძეს, ამხნევებდა მას და მხურვალედ შესთხოვდა უფალს, კიდევ უფრო განემტკიცებინა შვილის სარწმუნოება. ბოლოს მანაც ახოვნად აღიარა ქრისტე მმართველის წინაშე. განრისხებულმა მარკიანემ ბრძანა, ქალისთვის ფეხები მოეკვეთად. ნეტარი მარტვილი ჭრილობებისგან გარდაიცვალა. თავად იულიანე ქვიშითა და შხამიანი ქვეწარმავლებით სავსე ტომარაში ჩასვეს და ზღვაში გადააგდეს (+305). მოწამის ნეშტი, რომელიც ტალღებმა ალექსანდრიის მახლობლად გამორიყა, ერთმა კეთილმსახურმა ქრისტიანმა ქალმა პატივით მიაბარა მიწას. შემდგომში იულიანეს უხრწნელი ნაწილები ანტიოქიაში გადაასვენეს. წმიდა იოანე ოქროპირმა სახოტბო სიტყვით განადიდა უფლის რჩეული.

ღირსი იული ხუცესი და იულიანე დიაკონი

ღვიძლი ძმები იყვნენ. კეთილმსახური ცხოვრებისათვის იული მღვდლად აკურთხეს, მისი ძმა კი - დიაკვნად. ქრისტიანული სარწმუნოების ფართოდ გავრცელების გულწრფელი სურვილით ანთებული მირმიდონიელი ძმები რომის იმპერიის აღმოსავლეთისა და დასავლეთის მივარდნილ ადგილებში ქადაგებდნენ. აქ ჯერ კიდევ მრავლად იყო საკერპოები და უხვი მსხვერპლშეწირვა აღესრულებოდა. ნეტარმა იულიმ და იულიანემ ბევრი წარმართი მოაქციეს ქრისტეს სჯულზე მადლმოსილი სიტყვითა და ღვთივმოვლენილი სასწაულებით. კონსტანტინეპოლში ჩასულებმა იმპერატორ თეოდოსი უმცროსს (408-450) გამოსთხოვეს ნებართვა, საკერპოების ადგილებზე ქრისტიანული ტაძრები აეგოთ.

პატრიარქის კურთხევითა და იმპერატორის ნებართვით, წმიდანებმა მრავალი ეკლესია ააშენეს. როცა წმიდა იულიმ აღსასრულის მოახლოება იგრძნო, მეასე, უკანასკნელი ტაძრის საშენებელი ადგილის საძებრად გაეშურა. მუკოროსის ტბის ნაპირს მიახლებულმა, მის შუაგულში შენიშნა ლამაზი კუნძული, რომელსაც თურმე ვერავინ ეკარებოდა მასზე დაბუდებული გველების სიმრავლის გამო. ღირსმა მამამ გადაწყვიტა, აქ აეგო ტაძარი. იგი გაშლილ მანტიაზე შემდგარი მიცურდა ჭალაკთან და ნაპირზე ჯვარი აღმართა; შემდეგ ყველა გველს უბრძანა, ერთად შეკრებილიყვნენ და კუნძულიდან წასულიყვნენ - აქაურობა ღვთის სახლისა და უფლის მონებისათვის დაეთმოთ.

წმიდა იულიმ კუნძულზე თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძარი დააფუძნა. ამ დროს მისმა ძმამ, იულიანემ, ქალაქ გავდიანის მახლობლად დაამთავრა ეკლესიის მშენებლობა, იქვე გარდაიცვალა და დამარხეს მის მიერ წინასწარ გამზადებულ საფლავში.

ღირსი იული კუნძულზე გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს მის მიერ აგებულ თორმეტ მოციქულთა სახელობის ტაძარში. მის საფლავთან მრავალი სასწაულებრივი კურნება აღესრულა. ნეტარი ძმები V საუკუნის I ნახევარში შეერთნენ ზეციურ ეკლესიას.

წმიდა მოწამე არჩილ მეფე

ქართლის სამეფოს ჩვენი ქვეყნისათვის უმძიმეს პერიოდში განაგებდა. მისი მეფობის ჟამი იყო შეუპოვარი ბრძოლა უსჯულო დამპყრობლების წინააღმდეგ და საქართველოს გაერთიანებისათვის დაუცხრომელი ზრუნვა. არჩილის მამამ ქართლის ერისთავმა ადარნასემ (მცხეთის ჯვრის ერთ-ერთი აღმშენებელი) ქართლის გამგებლად არჩილის უფროსი ძმა მირი დასვა. არჩილი ყოველმხრივ გვერდით ედგა უფროს ძმას და ღვთის შიშითა და სიყვარულით ზრუნავდა სამეფოზე.

 არჩილის მამამ ქართლის ერისთავმა ადარნასემ (მცხეთის ჯვრის ერთ-ერთი აღმშენებელი) ქართლის გამგებლად არჩილის უფროსი ძმა მირი დასვა. არჩილი ყოველმხრივ გვერდით ედგა უფროს ძმას და ღვთის შიშითა და სიყვარულით ზრუნავდა სამეფოზე. მირის მეფობის ჟამს ქართლში მურვან ყრუ შემოიჭრა, პირსისხლიანმა ჯალათმა „ყოველივე შენებული და სიმაგრენი საქართველოსნი“ შემუსრა და სისხლით მორწყო ქვეყანა. მირი და არჩილი აფხაზეთში გაიხიზნენ და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს მხურვალედ ევედრებოდნენ შემწეობას. უფალმა ისმინა მართალთა ლოცვა: ერთ ღამეს წმიდა არჩილს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი გამოეცხადა და უბრძანა: „აღდეგ და ებრძოლე უსჯულოთა მათ, რამეთუ ანგელოზი უფლისა წინა წაგიძღუეს თქუენ და თქუენ წილ უფალი ბრძოდის“. მირი და არჩილი მცირედი მხედრობით „მინდობითა ღმრთისაჲთა და შეწევნითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა“ დაესხნენ თავს მტრის ბანაკს. შეტაკება ქართველთა გამარჯვებით დამთავრდა. გაქცეულ უსჯულოებს ღმერთმა სასტიკი ქარი და ძლიერი წვიმა მოუვლინა, მდინარეები ადიდდა და აგარიანთა მხედრობა წალეკა. ცოცხლად გადარჩენილმა მომხდურებმა კონსტანტინოპოლს მიაშურეს, მაგრამ ზეგარდამო მოწევნულმა რისხვამ ისინი ზღვაში ჩაახრჩო.

ბრძოლაში დაჭრილი მეფე მირი მალე დასნეულდა, სიკვდილის წინ სამეფო თავის ძმას, არჩილს გადააბარა, დარჩენილი შვიდი ასულის მფარველობა სთხოვა და მცხეთაში დასაფლავება დაიბარა.

მეფე არჩილმა შეასრულა მირის ანდერძი, მცხეთის ზემო ეკლესიაში დაკრძალა იგი, მისი შვიდი ასულიდან ექვსი ქართველ დიდებულებს მისცა შესაფერისი მზითვით, მეშვიდე, გურანდუხტი კი ბიზანტიის კეისარს მიათხოვა.

თორმეტი წელიწადი იჯდა არჩილი ქუთაისში და ყოველნაირად ცდილობდა სრულიად საქართველოს გაერთიანებას, შემდეგ ქართლში გადავიდა და არაბთაგან აოხრებული ამ ულამაზესი კუთხის აღმშენებლობას შეუდგა, შემოიერთა კახეთი, მთიანეთი, ეგრისი, აფხაზეთი და სამცხე-ჯავახეთი. არაბების ბატონობა, ფაქტიურად თბილისისა და მცხეთის შემოგარენს ვერ სცილდებოდა.

მურვან-ყრუსაგან დარბეული ქვეყანა ჯერ კიდევ გონს არ იყო მოსული, როცა არაბთა ლაშქარმა ჭიჭუმ-ასიმის მეთაურობით კვლავ ააოხრა ქართლი და გეზი კახეთისაკენ აიღო. წინააღმდეგონის გაწევას აზრი არ ჰქონდა, არჩილ მეფემ გადაწყვიტა „სულისა თვისისა დადებად საჴსრად ქრისტიანეთათვის“. „უმჯობეს არს სიკუდილი ჩემი, ვიდრეღა კუალად განრყუნად ეკლესიათა ქრისტესთა და ოხრებად ქვეყანისა ამის“, - ბრძანა მეფემ და ჭიჭუმ-ასიმს ეახლა მშვიდობის სათხოვნელად. განიხარა ჭიჭუმ-ასიმმა მეფის მისვლით, პატივით მოიკითხა, „აქო სიკეთე და სისრულე ჰასაკისა მისისა და მშვენიერება პირისა მისისა“.

რამდენიმე დღე დიდებულად ისტუმრა ჭიჭუმმა ქართველთა მეფე, შემდეგ კი მაცხოვნებელი სჯულის დატოვება და სარკინოზთა სარწმუნოების მიღება მოსთხოვა, სანაცვლოდ „აღუთქუმიდა ნიჭთა დიდ-დიდთა“. ზეგარდამო სულით აღვსილმა ცხებულმან უფლისამან ბრძანა: „მე რომ შენ დაგიჯერო, უნდა მოვკვდე სიკვდილით, რომლის შემდეგაც უნდა ვიტანჯო... ღმერთმან ჩვენმან და მაცხოვარმან ჩვენმან ჩვენი ხსნისათვის თავი დადო, ამიტომაც მე არ მეშინია სიკვდილის. თუ მომკლავ, მეც ისევე აღვსდგები სიკვდილის შემდეგ, როგორც ღმერთი ჩვენი და კვლავ ვადიდებ მას“.

განრიხსებულმა ჭიჭუმმა ბრძანა „შეპყრობაჲ მისი და წარგზავნა იგი საპყრობილედ მრავლითა ჭირითა და იწროებითა, რამეთუ ჰგონებდა იგი, ნუუკუე შიშითა სატანჯველთაჲთა მოდრიკოს შეურყეველი გონებაჲ მისი“, სასიკვდილოდ კი მაინც ვერ გაიმეტა ახოვანი და მშვენიერი მეფე ქართველთა.

ღვთისმოსავი მეფე არჩილი საპყრობილეში გულმოდგინედ ევედრებოდა უფალს, მიენიჭებინა მისთვის ძალა სატანჯველთა დათმენისა.

ჭიჭუმ-ასიმის წინაშე წარდგა ერთი გარდაბნელი გამაჰმადიანებული სომეხი მთავარი, რომლის ბიძის მკვლელები არჩილის მამას - ადარნასეს სასჯელისაგან გაეთავისუფლებინა. სომეხს პაპის ჯავრი სჭირდა და გადაეწყვიტა, შური შვილიშვილზე ეძია.

სომეხმა ასიმს უთხრა: დიდებულო მთავარო, არჩილი არის სტეფანოზ მეფის ძე, ნათესავი ვახტანგ მეფისა, რომელიც იყო შვილიშვილი მირიან მეფისა; ის თან ახლდა მამას, როცა იგი ქართლის სამეფო საგანძურს მალავდა და ისიც იცის, თუ სად დაფლა განძი ბერძენთა მეფემ ჰერაკლემ.

ჭიჭუმ-ასიმმა საპყრობილიდან გამოიხმო ქართველთა მეფე და უთხრა, პირველად შენი სიკეთისა და მშვენიერებისათვის გაფასებდი, ახლა კი გავიგე, რომ ხარ შვილი დიდთა მეფეთა, ამითომ განგადიდებ ჩემს წინაშე. შენი სამეფო და საგანძურიცა მამათა შენთანი შენი იყოს, ოღონდ მიჩვენე ბერძენთა მეფის საგანძური, რომელიც სპარსეთიდან წამოიღო და საქართველოში დაფლა. სჯულიც შეიცვალე, სარკინოზად მოიქეც და სპასალარადაც დაგნიშნავ და ქართლის მეფობასაც მოგცემო. პასუხად წმიდა არჩილმა ჭიჭუმს უთხრა: „იცოდე, მძლავრო, არ დავუტევებ ჩემს უფალს, არ უარვყოფ ქრისტეს სახელს, არც საწუთო ცხოვრებაზე გავცვლი მარადიულს, არც ჟამიერ მეფობას - უჟამო თანაყოფაზე ქრისტესთან. საგანძურზე კი არაფერი ვიცი, რადგან პატარა ვიყავი, როცა ჰერაკლე მეფემ გაიარა ჩვენს ქვეყანაზე, მამაჩემმა და ჩემმა ძმამ მურვან ყრუს შემოსევისას ჩვენი განძი ამოიღეს და ბერძენთა ციხეში დაფლეს“.

ასიმმა ჰკითხა: „შენ იქ იყავი, როცა სარკონოზები დამარცხდნენ აფხაზეთში?“ წმიდა არჩილმა უშიშრად უპასუხა: „ღმერთმან ცხოველმან, რომელი არს შემოქმედი ცათა და ქუეყანისაჲ, რომელი-იგი მოვიდა ზეცით ქუეყანად ჴსნისათჳს კაცთასა და სიკუდილითა თჳსითა მოკლა მკვლელი ჩუენი და ჩუენ მოგუანიჭა უკუდავებაჲ, მან უკუე ძლიერმან და ყოვლისა შემძლებელმან დასცნა და შემუსრნა იგინი“.

ამ სიტყვებმა გულისწყრომით აღავსო უსჯულო ჭიჭუმი, „ვინაჲთგან არა გნებავს ცხორებაჲ თავისა შენისაჲ და უმჯობესი შენი და მოკუდავისა მიმართ დაგიც სასოებაჲ, ჯერ არს, რათა შენცა მოკუდე ბოროტად“, - ბრძანა განრისხებულმა უსჯულომ.

წმიდანმა მცირე დრო ითხოვა სალოცავად, მუხლი მოიყარა და ხელაპყრობილმა მადლობა შესწირა შემოქმედს, მაცხოვარს შეევედრა, კეთილად დაეცვა ეკლესია, გაეძლიერებინა ქრისტიანობა საქართველოში, ილოცა ოჯახისთვის და მშვიდად მოუდრიკა ქედი მახვილს.

ღამით ქართველმა აზნაურებმა ფარულად წამოასვენეს წმიდა არჩილ მეფის გვამი და ნოტკორაში, მის მიერვე აგებულ ტაძარში დაკრძალეს. ეს მოხდა 744 წელს.

წმიდა მოწამე მეფე ლუარსაბი

დაიბადა დაახ. 1592 წელს, იგი ქართლის მეფე გიორგი X-ის უფროსი ვაჟიშვილი იყო. მეფე გიორგის გარდაცვალების შემდეგ 1606 წელს სამეფო ტახტზე თოთხმეტი წლის ლუარსაბი ავიდა. იმავე წელს იმერეთში გიორგი III, კახეთში კი - თეიმურაზ I აკურთხეს მეფედ.

1609 წელს თურქები ყირიმელ თათრებთან ერთად თავს დაესხნენ ქართლს. მეფე ლუარსაბი ამ დროს ცხირეთის ციხეში იმყოფებოდა მცირეოდენ ამალასთან ერთად და ალბათ, ვერაფრით გადაურჩებოდა მტრის უეცარ დარტყმას, მაგრამ კველთელმა მღვდელმა წმიდა თევდორემ (ხს. 8 ივნისს), რომელსაც უსჯულოებმა მეფის სამყოფელისაკენ უმოკლესი გზის ჩვენება დაავალეს, სრულიად საწინააღმდეგო მიმართულებით ატარა ისინი. ამასობაში მეფემ შეკრიბა ჯარი და ტაშისკართან სასტიკად დაამარცხა მტერი. ამ დროს მეფე ჩვიდმეტი წლისა იყო. ბრძოლაში განსაკუთრებული სიმამაცით ზაზა ციციშვილი და გიორგი სააკაძე გამოირჩეოდნენ.

გიორგი სააკაძემ სახლში მიიწვია გამარჯვებით გახარებული მეფე. ნადიმზე ლუარსაბ მეფეს გიორგის და მოეწონა და, მიუხედავად სამეფო კარის წინააღმდეგობისა, მალე დაქორწინდა კიდეც მასზე.

შემდგომმა მოვლენებმა მტრობა ჩამოაგდო ლუარსაბ მეფესა და გიორგი სააკაძეს შორის. ეს უკანასკნელი საქართველოდან გაიქცა და შაჰ-აბასს სთხოვა თავშესაფარი. ცბიერებით ცნობილი შაჰი ყოველგვარ ინტრიგას აწყობდა საქართველოს წინააღმეგ: მან ჯერ ლუარსაბის და, ლელა (თინათინი) შეირთო, შემდეგ კი თეიმურაზსაც „დაუმოყვრდა“ - მისი ულამაზესი და, ელენეც მოიყვანა ცოლად. შაჰმა წმიდა ლუარსაბ მეფეს თეიმურაზის მოკვლა და კახეთის სამეფო შესთვაზა, თეიმურაზს კი ლუარსაბის მოკვლის საფასურად ქართლის სამეფოს დაჰპირდა.

მიხვდნენ ქართველი მეფენი შაჰის მზაკვრობას. ღვთის შეწევნით, ამჯერად გადარჩა საქართველო ძმათა კვლის საშინელებას.

შეაშინა შაჰი ქართველთა ერთობამ, ვითომ სანადიროდ და დროის სატარებლად თავისთან მიიწვია ლუარსაბი და თეიმურაზი. მეფეებმა მოითათბირეს და ბრძოლა გადაწყვიტეს, ნარეკვავის მინდორზე ფიცით აღუთქვეს ერთმანეთს წინაშე „ქრისტეს ღმრთისა დადებად სულნი და სიკვდილი ქრისტესთვის“. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ ქართველების გამარჯვებაში, მაგრამ ღალატის გამო დამარცხდნენ და თავი იმერეთს შეაფარეს.

შაჰ-აბასმა საშინლად ააოხრა ქართლ-კახეთი და გორში დაბანაკდა. აქედან შეუთვალა გიორგი მეფეს, გაეცა სტუმრები და სანაცვლოდ დიდძალ საგანძურს დაჰპირდა. გიორგი III შორს დაიჭირა ვერაგი შაჰის პირობა, კათოლიკოსი მალაქია და პაატა აბაშიძე აახლა ყეენს, მათი პირით პატიება სთხოვა და შეუთვალა: „გევედრებით, რეცა პატივსგვცე და მისცე მეფეთა სამეფონი თჳსნი და იმსახურენ მათ, ვითარცა პირველ მამათა შენთა და თქუენ წარხვიდეთ“. როცა შაჰ-აბასმა ნახა, რომ ძალით ვერას გახდებოდა, ცბიერებას მიმართა: დაიბარა ლუარსაბის გამზრდელი შადიამან ბარათაშვილი და სთხოვა, მომიყვანე ლუარსაბი, არაფერს დავუშავებ, თეიმურაზი კი მოსისხლე მტერია ჩემი, მას ვერ ვაპატიებო. თან ოქროთი მოოჭვილი ხმალი გაატანა ლუარსაბთან მეგობრობისა და თანადგომის ნიშნად.

ლუარსაბმა კარგად იცოდა შაჰის „მეგობრობა“, მაგრამ მეფურმა სინდისმა სხვანაირად გადაწყვიტა - „უკუეთუ არა წარვიდე, ამიყრის ქუეყანათა და მოაოჴრებს, რა მადლი არს ჩემდა“.

შაჰ-აბასმა ლიქნით და პატივით მიიღო მეფე, მეგობრულად მოექცა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ქართლში ახალი მმართველი დანიშნა და ჯარებიც ჩააყენა. ლუარსაბი ჯერ ყარაიაში წაიყვანა, ვითომცდა სანადიროდ, იქიდან კი - სპარსეთში.

ყარაიაში ყოფნისას ლუარსაბმა ყველა განაცვიფრა ახოვანებით და ვაჟკაცობით. მისი ნანადირევის ხილვამ შურით აღავსო შაჰი. ლუარსაბის დამ, თინათინმა, რომელიც ყაენის ცოლი იყო, სთხოვა თავის ლამაზ და ჩინებულ ძმას, უბადრუკად მოეჩვენებინა თავი შურით აგზებული აბასისათვის, მაგრამ მეფემ სევდიანად გაიღიმა და თქვა: „უწყი, რამეთუ არღარა განმიტევებს, ამისთჳს უმჯობეს არს სიკეთისა ჩუენება, ვიდრე სიავისა“. დიდმარხვის დროს შაჰის ნადიმზე ლუარსაბმა შემოთავაზებული თევზი არ ჭამა, დღეს თევზით გინდა გავტეხო მარხვა, ხვალ ხორცს შემომთავაზებ, შემდეგ კი ქრისტეს უარყოფასაც მომთხოვო - გაამჟღავნა მან შაჰის დაფარული განზრახვა. სიბრაზისაგან გაცოფებულმა შაჰმა პირდაპირ ქრისტეს უარყოფა და ალაჰის აღიარება უბრძანა მეფეს. მთელი ქვეყანა რომ მიბოძო, მაინც ვერ აღვასრულებ შენს ბრძანებას, რადგან ქრისტეს სახელით ნათელი მიმიღია და მხოლოდ ის მწამსო, - მხნედ უპასუხა წმიდა ლუარსაბმა.

დატყვევებული გვირგვინოსანი შირაზს წაიყვანეს და დილეგში ჩააგდეს. შვიდი წლის განმავლობაში ყოველდღე შედიოდნენ მასთან ციხეში მოლები, „ჰოი, მეფეო! შეიწყალე სიჭაბუკე შენი და ნუ ეურჩები ბრძანებასა შაჰისასა, დაუტევე სარწმუნოება შენი და იწამე მაჰმადი, თორემ მწარე ტანჯვა და სიკვდილი მოგელის!“ - ეუბნებოდნენ ისინი წმიდანს. „რაცა გნებავთ ყოფად ჩემდა, ჰყავით და აღასრულეთ ბრძანება ყაენისა“, - პასუხობდა ლუარსაბი.

ყაენმა უკანასკნელად შეუთვალა ქართველთა მეფეს: „ანუ უარჰყავ ქრისტეჲ, ანუ თანა-გაძს სიკუდილი მძჳნვარეჲ“. ლუარსაბმა კი, რომელსაც პატიმრობის შვიდი წელი ლოცვასა და მარხვაში გაეტარებინა, „ბოროტთაგან შეურყეველმან და მომლოდინემან ნეტარისა მის სასოებისა და გამოჩინებისა დიდებისა დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტეჲსა“, ამჯერად დუმილით განაცხადა თანხმობა მოწამეობრივ აღსასრულზე.

შაჰი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ვერაფერი შეარყევდა ლუარსაბის სარწმუნოებას, განრისხებულმა საპყრობილეში გაგზავნა ჯალათები და მეფის წამებით მოკვდინება ბრძანა.

მტარვალები მივიდნენ ბრძანების აღსასრულებლად. მეფე მიხვდა, რომ დამდგარიყო ჟამი მისი განსვლისა ამიერ სოფლიდან და ჯალათებს უთხრა: „მაცალეთ, რათა ვილოცო უფლისა მიმართ და მერე აღასრულეთ ბრძნებული მის უსჯულოისა“. წმიდა ლუარსაბმა ღვთისმშობლის ხატის წინაშე დაიჩოქა და მხურვალედ შეჰღაღადა: „ჰოი, დედოფალო ჩვენო ღმრთისმშობელო, შენდამი დამიძს ყოველი სასოებაჲ ცხოვრებისა ჩემისა, შენ ხარ მფარველი ჩემი, შენ ხარ ნუგეშინისმცემელი ჩემი, შენ მომეც მე შეწევნაჲ ღუაწლისა ამის ჩემისა, შენ მიოხე წინაშე ძისა შენისა და შემრთე წმიდათა მოწამეთა თანა, რათა მეცა ვადიდებდე მამასა და ძესა და წმიდასა სულსა“.

ლოცვის დამთავრებისთანავე ჯალათები დილეგში შევიდნენ და მშვილდის საბლით შეუბრალებლად მოაშთვეს ღვთისმოსავი მეფე. ღამით წმიდა მოწამის დაუფლველ გვამს საკვირველი ნათელი დაადგა. მეორე დღეს წმიდა მოწამის სხეული ციხის ეზოში დაფლეს.

ეს მოხდა 1622 წელს.

წმიდა არჩილსა და ლუარსაბს ათასი წელი აშორებს ერთმანეთისაგან, მაგრამ საქართველოს ეკლესიამ მათი ხსენება ერთ დღეს განაწესა ღვაწლისა და წამების მსგავსების გამო. კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე (+1921) ამ ორი მეფის თითქმის ერთნაირ მოწამეობრივ აღსასრულს მიაწერს „ჩვენი წამებული და მრავალტანჯული სამშობლოს თითქმის ყოველ დროს ერთსა და იმავე ვაებას, ერთსა და იმავე სიმწარეს“ და წუხს, რომ „ლუარსაბის წმიდა ძვლები დღესაც ისევ სპარსეთში არიან და არჩილის საფლავი ერწოელ ფშაველსა და ხევსურს თუ უნახავს თორემ სხვას არავის“.

 

102
თემები:
საეკლესიო კალენდარი
გელათის მონასტერი

საეკლესიო კალენდარი: 3 ივლისი

165
(განახლებულია 08:57 03.07.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 3 ივლისს მღვდელმოწამე მეთოდეს, პატარელი ეპისკოპოსის, მოწამეთა: არისტოკლე ხუცის, დიმიტრი დიაკონის და ათანასე წიგნისმკითხველის, ასევე ლევკიოს აღმსარებელის, ვრუნტისიოპოლელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
მღვდელმოწამე მეთოდე, პატარელი ეპისკოპოსი

წმიდა მეთოდე პატარელი ეპისკოპოსი იყო (ლიკიის ოლქი, მცირე აზია). იგი სიმშვიდითა და თავმდაბლობით გამოირჩეოდა, ჩუმად და უდრტვინველად მოძღვრავდა სამწყსოს, მაგრამ როცა საქმე მართლმადიდებლური სარწმუნოების დაცვას შეეხებოდა, საოცარ სიმტკიცეს იჩენდა და დაუცხრომლად ებრძოდა მწვალებლებს. წმიდანმა მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა დაგვიტოვა. მას ეკუთვნის თხზულებები წარმართული სარწმუნოებისა თუ იმ დროს ფართოდ გავრცელებული ერესების სამხილებლად, ზნეობრივი შეგონებები, წმიდა წერილის განმარტებები და სხვა. წმიდა მეთოდე 312 წელს შეიპყრეს წარმართებმა და მართლმადიდებლობის მხნე აღსარებისათვის თავი მოკვეთეს.

წმიდა მოწამენი არისტოკლე ხუცესი, დიმიტრი დიაკონი და ათანასე წიგნისმკითხველი

წმიდა მოწამენი არისტოკლე ხუცესი, დიმიტრი დიაკონი და ათანასე წიგნისმკითხველი მაქსიმიანე გალერიუსის მეფობაში (305-311) ეწამნენ ქრისტესთვის.

წმიდა ლევკიოს აღმსარებელი - ვრუნტისიოპოლელი ეპისკოპოსი

წმიდა ლევკი აღმსარებელი კეთილმსახური ალექსანდრიელების, ევდოკისა და ევფროსინიას შვილი იყო. მშობლებმა ახალშობილს ევტროპი დაარქვეს. წმიდანი 11 წლისა იყო, როცა დედა გარდაეცვალა. მამა წმიდა ერმის მონასტერში ბერად შედგა და ვაჟიც თან წაიყვანა. აქ ყმაწვილის აღზრდას იღუმენი ნიკიტა და სხვა გამოცდილი მამები ხელმძღვანელობდნენ. საოცარი გულისხმიერებით გამორჩეულმა ყრმამ კარგად შეისწავლა საღვთო წერილი, ბუნებითაც მშვიდი, თავმდაბალი და მორჩილი იყო. როცა იღუმენი ნიკიტა გარდაიცვალა, ძმებმა წინამძღვრად ერთსულოვნად 18 წლის ევტროპი აირჩიეს, თუმცა იგი ჯერაც არ იყო მონაზვნად ნაკურთხი. მომავალი წმიდანი, რომელიც თავს არ თვლიდა ღირსად ვინმესთვის ეხელმძღვანელა, მტკიცე უარზე დადგა. სავანე შვიდი წელი იღუმენის გარეშე იყო. ამ ხნის განმავლობაში ევტროპიმ სულიერების მაღალ საფეხურს მიაღწია.

ალექსანდრიელი ეპისკოპოსი ფილიპეს მოწამეობრივად აღსრულების შემდეგ  მის ნაცვლად ლევკი აირჩიეს. ეპარქმა, რომელიც ხედავდა, რომ ეკლესიის წმიდა წინამძღვარი მრავალ კერპთაყვანისმცემელს მოაქცევდა ქრისტიანობაზე, მისი მოკვლა გადაწყვიტა. ხალხი დაირაზმა საყვარელი მღვდელმთავრის დასაცავად, წმიდა მწყემსმთავარმა თავისი ტახტი ღირსეულ ეპისკოპოსს დაუთმო, თან გაიყოლა დიაკვნები - ევსები, დიონისე, კიდევ ხუთი მოწაფე, და იტალიისკენ მიმავალ ხომალდზე ავიდა. მალე მათ შეუერთდნენ მღვდლები - ლეონი და საბინი. ვრუნტისიოპოლის გზაზე წმიდანს შეხვდა ტრიბუნი არმალეონი 67 მხედართან ერთად და ქრისტიანობაზე მოაქცია ისინი. ქალაქში შესულმა მამამ განაგრძო უფლის სიტყვის ქადაგება. როცა ქალაქის თავმა ანტიოქოსმა შეიტყო, რომ ტრიბუნი არმალეონი გაქრისტიანდა, თავისთან მოიხმო იგი და დიდხანს ესაუბრა. მისგანვე შეიტყო წმიდა ლევკის შესახებ და მისი ნახვაც მოიწადინა. შეხვედრისას მმართველმა ნეტარ ბერს უთხრა: "თუ გსურს ვირწმუნოთ ღმერთი, რომელსაც ქადაგებ, შესთხოვე მას, მოგვივლინოს წვიმა, რომელიც ორი წელია არ გვინახავს". წმიდანმა შეკრიბა ღვთისმსახურები, ყველა ახალმოქცეული ქრისტიანი და მათთან ერთად მხურვალე ლოცვა აღავლინა ყოვლისშემძლე მეუფის მიმართ. ღმერთმა მოწყალე თვალით მოხედა მვედრებლებს: მალე ცაზე საავდრო ღრუბლები გამოჩნდა და ღვარივით გადმომსკდარმა წვიმამ დაარწყულა გვალვისგან გამომშრალი და დამსკდარი მიწა. ამ სასწაულის მოწმე ანტიოქოსმა და ვრუნტისიოპოლის მთელმა მოსახლეობამ (27 000 კაცმა) ნათელ-იღო. ამ მოვლენის აღსანიშნავად ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი ააგეს, იმ ადგილას კი, სადაც ქალაქის მკვიდრნი მოინათლნენ, მეორე ეკლესიაც აღმართეს - იოანე ნათლისმცემლის სახელობისა.
მალე მღვდელმთავარი დასნეულდა. უფალმა გამოცხადებით აუწყა წმიდანს, რომ სნეულება სასიკვდილო იყო. მან უხმო მოწაფე ანტიოქოსს და სთხოვა, იქ დაესაფლავებინათ, სადაც ალექსანდრიიდან მოსული ხომალდი მოადგა ნაპირს. ანტიოქოსმა შეასრულა მოძღვრის ანდერძი და მის საფლავზე წმიდა ლევკის სახელობის ტაძარიც ააშენა. ნეტარი მამის უხრწნელ ნაწილებთან მრავალი სასწაული აღესრულებოდა.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

165
თემები:
საეკლესიო კალენდარი
„დინამო“ თბილისი

საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატში ლიდერი შეიცვალა

0
(განახლებულია 15:06 04.07.2020)
თბილისის „დინამომ“ მოუგო „ლოკომოტივს“ ანგარიშით 4:0 და სატურნირო ცხრილის პირველი სტრიქონი დაიკავა.

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ჩემპიონატის ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში თბილისის „დინამომ“ მოუგო „ლოკომოტივს“ ანგარიშით 4:0 და სატურნირო ცხრილის პირველი სტრიქონზე „რკინიგზელები“ ჩაანაცვლა.

ცნობილი გახდა თარიღი, თუ როდის განახლდება საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი მეორე ლიგაში >>

შეხვედრის ყველა გოლი შესვენების შემდეგ გავიდა. ანგარიში 61-ე წუთზე დავით კობოურმა გახსნა. კიდევ ათი წუთის შემდეგ თორნიკე კაპანაძემ პენალტი დაარტყა, რამაც დაპირისპირების დასასრულიც განაპირობა.

შეხვედრის ბოლო 11 წუთში მასპინძლებმა თავი კიდევ ორჯერ გამოიჩინეს. თავიდან კირკიტაძემ ავტოგოლი გაიტანა, ხოლო საბოლოო ანგარიში „დინამოს“ ბრაზილიელი ლეგიონერის, ვიქტორ პერნამბუკოს გატანილმა გოლმა დაამყარა.

აღსანიშნავია, რომ დინამოელები მთელი მეორე ტაიმის დროს უპირატესობას ფლობდნენ, რადგან შესვენების წინ მინდორიდან „ლოკომოტივის“ კაპიტანი და მცველი დავით უბილავა გააძევეს.

ჩემპიონატის ოთხი მატჩის შემდეგ „დინამომ“ რვა ქულა დააგროვა და „ლოკომოტივს“ ერთი ქულით გაუსწრო. დაგროვილი ქულებით „დინამოელებს“ შეიძლება გაუტოლდეს გორის „დილა“, რომელიც საანგარიშო ტურში გასვლაზე საჩხერის „ჩიხურას“ ხვდება.

საქართველოს ჩემპიონატი ეროვნულ ლიგაში მარტის დასაწყისში ორი ტურის შემდეგ COVID-19-ის პანდემიის გამო შეწყდა. ივნისის ბოლოს ჩემპიონატი განახლდა, თუმცა ყველა მატჩი ცარიელი ტრიბუნებით ტარდება.

0
თემები:
სპორტის ამბები