გიორგი გამთენაძის და გიორგი ყვავაძის მიერ მოხატული ტყიბულის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 13 ოქტომბერი

61
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 13 ოქტომბერს მღვდელმოწამე გრიგოლ დიდის სომეხთა განმანათლებელის, მოწამეთა: რიფსიმეს, გაიანეს და მათთან წამებულ ქალწულთა ასევე მიხეილის, კიევის პირველი მიტროპოლიტის ხსენების დღეს აღნიშნავს

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

მღვდელმოწამე გრიგოლ ეპისკოპოსი, და წმიდა მოწამენი: რიფსიმე  გაიანე და 35 წმიდა ქალწული

მღვდელმოწამე გრიგოლ ეპისკოპოსი, სომხეთის განმანათლებელი, 257 წელს დაიბადა. იგი პართთა სამეფო გვარის, არშაკუნიანთა ჩამომავალი იყო. წმიდანის მამამ, ანაკმა სომხეთის სამეფო ტახტისთვის ბრძოლაში თავისი ნათესავი, მეფე კუსარი სიცოცხლეს გამოასალმა. ამისთვის მთელი მისი საგვარეულო ამოჟლიტეს. გადარჩა მხოლოდ ანაკის ორი ჩვილი ძე, მათგან ერთი სპარსეთში გახიზნეს, მეორე - გრიგოლი კი ერთმა ნათესავმა კესარიის კაბადოკიაში გადაიყვანა და ქრისტეს მცნებების ერთგულებით აღზარდა. როცა მოიწიფა, გრიგოლი დაქორწინდა, ორი ვაჟიც შეეძინა, მაგრამ მალე დაქვრივდა. წმიდანი ძეებს კეთილმსახურებით ზრდიდა. ერთი მათგანი - ორთანე შემდგომში მღვდელი გახდა, მეორე - აროსტაკე კი ბერად აღიკვეცა და უდაბნოში გავიდა სამოღვაწეოდ. მამის ცოდვა რომ გამოესყიდა, გრიგოლი კუსარის ძის - თრდატის ამალას შეუერთდა და ერთგულად ემსახურებოდა მეფისწულს. თრდატს გრიგოლი უყვარდა, როგორც მეგობარი, მაგრამ მის აღმსარებლობას ვერ გუობდა. სომხეთის ტახტზე ასვლის შემდეგ მან ნეტარს ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. გრიგოლმა მტკიცე უარით უპასუხა. ამით განრისხებულმა მტარვალმა ერთგული მსახური საშინლად აწამებინა, შემდეგ კი ბრძანა ხელფეხშებოჭილი გრიგოლი არარატის ბნელ, გესლიანი ქვეწარმავლებით და მატლებით სავსე ჯურღმულში ჩაეგდოთ. უფალმა დაიცვა ნეტარი: ქვემძრომები მას არაფერს ვნებდნენ, ერთი კეთილმსახური ქალი პურს უზიდავდა, წმიდა ანგელოზი კი ძალებს უცხოველებდა და განამტკიცებდა. ასე განვლო თოთხმეტმა წელმა. ამ ხნის მანძილზე თრდატმა კიდევ ერთი უსჯულოება ჩაიდინა: წამებით ამოჰხადა სული წმიდა რიფსიმეს, გაიანეს და მათთან ერთად ოცდათხუთმეტ ქალწულს.

ღვთის რისხვა არ ასცდა უსჯულო თრდატსა და იმ კარისკაცებს, რომლებმაც ქრისტეს მხევლები დახოცეს: თრდატის დას, კუსაროდუხტს სიზმრისეული ჩვენებით ეუწყა, რომ თუ „ძუელ ოდესმე“ არარატის ჯურღმულში ჩაგდებულ გრიგოლს აღმოიყვანდნენ, დაიხსნებოდა მათი განსაცდელი. ჩვენება რამდენჯერმე განმეორდა. მაშინ მეფის ერთი წარჩინებულთაგანნი, სახელით ავტაიასი, მიეახლა ორმოს პირს და სახელით უხმო წმიდანს. გრიგოლიც შეეხმიანა ჯურღმულის სიღრმიდან. კარისკაცმა საბელი ჩაუგდო ნეტარს და ჩასძახა: „ღმერთსა უბრძანებიეს აღმოყვანებაჲ შენი მაგიერ“.

სასწაულებრივ გადარჩენილ მარტვილს სხეული თმებით დაჰფარვოდა, ჩამომხმარიყო და გაშავებულიყო, მაგრამ სულის სიმტკიცე არ შერყეოდა. იგი განბანეს, ბრწყინვალე სამოსლით შემოსეს და პატივით წააბრძანეს ქალაქ ვალეროშენში.
გრიგოლმა, უპირველეს ყოვლისა, წმიდა ქალწულმოწამეთა უხრწნელი ნაწილები მოიძია, შეკრიბა და პატივით დაფლა. შემდეგ მარტვილთა საფლავზე ტაძარი ააგო. ნეტარმა ეშმაკეულქმნილი, მაგრამ უკვე სინანულში ჩავარდნილი მეფე მიიყვანა ამ საყდარში და უბრძანა, ქალწულმოწამეთა მიმართ ლოცვა აღევლინა. უფალმა შეიწირა თრდატის სინანული, გრიგოლის ლოცვა, წმიდა მოწამეთა მეოხება და მეფე განკურნა. განიკურნნენ მისი სხვა კარისკაცებიც. ამის შემდეგ წმიდანმა კიდევ მრავალი ეკლესია ააგო. 301 წელს აშენდა ეჩმიაძინის სულთმოფენობის სახელობის ტაძარი; 305 წელს ნეტარი გრიგოლი კაბადოკიის კესარიაში გაემგზავრა, სადაც მთავარეპისკოპოსმა ლეონტიმ სომხეთის ეპისკოპოსად დაასხა ხელი. უკან მობრუნებულმა მღვდელმთავარმა ჯერ თრდატსა და მის სახლეულებს, შემდეგ კი მთელ სომეხ ერს სცა ნათელი მდინარე ევფრატზე. თავისი მოციქულებრივი საქმიანობისთვის წმიდანს სომხეთის განმანათლებელი ეწოდა. მან მეზობელი ქვეყნების - სპარსეთისა და სირიის მრავალი მკვიდრიც მოაქცია ქრისტიანობაზე. სომხეთის ეკლესიის მოწყობის შემდეგ გრიგოლი უდაბნოში გავიდა, კლდის ნაპრალში დაეყუდა და ლოცვაში ატარებდა დღეებს.. წმიდა გრიგოლ პართეველმა მეუდაბნოეობის ღვაწლში შეჰვედრა სული უფალს 335 წელს. მისი უხრწნელი მარჯვენა და ზოგი სხვა წმიდა ნაწილი სომხეთში, ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული.

წმიდა მიხეილი - კიევის  მიტროპოლიტი

წმიდა მიხეილი - კიევის პირველი მიტროპოლიტი, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ნიკოლოზ ქრიზოვერგმა გაგზავნა რუსეთში საეკლესიო საქმეთა მოსაწყობად. ერთი ცნობით, იგი მღვდელმსახურთა დასთან ერთად მოციქულთასწორი ვლადიმირის (ხს. 15 ივლისს) საცოლეს, მეფისწულ ანას ჩაჰყვა საბერძნეთიდან 988 წელს. სხვა ცნობით კი ვლადიმირის ნათლისღებიდან ერთი წლის შემდეგ, 989 წელს ჩავიდა თავრიდის ხერსონესის (თანამედროვე ყირიმის) დედაქალაქ კორსუნში (ხერსონში), კიევში გაემგზავრა წმიდა მთავართან ერთად, მონათლა მისი თორმეტი ძე და კიევის მთელი მოსახლეობა.

აქედან მოყოლებული სიკვდილის დღემდე წმიდა მღვდელმთავარი მოციქულებრივი შურით იღვწოდა რუსეთის ახალნერგი ეკლესიის ასაღორძინებლად. წმიდა მიხეილმა 992 წელს შეჰვედრა სული უფალს და პატივით დაკრძალეს კიევის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში. დაახლოებით 1103 წელს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

61
თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (204)