შიო-მღვიმის მონასტერი

საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 27 სექტემბერი

107
(განახლებულია 08:10 27.09.2019)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 27 სექტემბერს მსოფლიო ამაღლებას პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვარისა- ჯვართამაღლებას ზეიმობს. ამ დღეს დაწესებულია ერთდღიანი მარხვა.

ჯვართამაღლება

მაცხოვრის ჯვარცმიდან სამასი წლის შემდეგ ქრისტიანებმა მანამდე დაკარგული უდიდესი ქრისტიანული სიწმიდე - ცხოველსმყოფელი ჯვარი უფლისა ისევ მოიძიეს და მისი თაყვანისცემის შესაძლებლობა მიეცათ. ეს მოხდა 326 წელს, იმპერატორ, კონსტანტინე დიდის (306-337 ) დროს.

რომის წარმართი იმპერატორები ცდილობდნენ, ადამიანთა ცნობიერებიდან აღმოეფხვრათ იმ წმიდა ადგილების ხსოვნა, სადაც ევნო მაცხოვარი და დიდებით აღდგა.

იმპერატორმა ადრიანემ (117-138) მიწით დააფარვინა გოლგოთა და ქრისტეს საფლავი, შემდეგ კი ხელოვნურად შექმნილ ბორცვზე წარმართული ქალღმერთის, ვენერას ტაძარი და იუპიტერის კერპი აღამართვინა.

 კონსტანტინე დიდმა სასწაულებრივად ირწმუნა ქრისტე მას შემდეგ, რაც იმპერიისთვის გადამწყვეტი ბრძოლის წინ ცაზე იხილა ჯვრის ნიში წარწერით: „ამით სძლიო!“. უფლის რჩეულმა ჯვრის ძალით მართლაც გამანადგურებელი დამარცხება აგემა წინააღმდგომებს, რის შემდეგაც არ ასვენებდა სურვილი იმ ძელის მოძიებისა, რომელზეც მაცხოვარი ეწამა.

მან მოოხრებულ იერუსალიმში გაგზავნა დედამისი - კეთილმსახური დედოფალი ელენე, რომელსაც პატრიარქ მაკარისთან წერილიც გაატანა თხოვნით, ხელი შეეწყო წმიდა საქმისთვის. ნეტარი ელენე უკვე საკმაოდ მოხუცებული იყო, მაგრამ, ღვთის სიყვარულით აღძრული, ფრიად დაშვრა დიდი სიწმიდის ძიებაში. იგი დიდხანს ამაოდ ცდილობდა, იერუსალიმის მკვიდრთაგან შეეტყო ჯვრის ადგილსამყოფელი. იპოვეს მაცხოვრის საფლავი, მის მახლობლად კი  - სამი ჯვარი, დაფა პილატეს დავალებით გაკეთებული სამენოვანი წარწერით და ოთხი ლურსმანი, რომლითაც ძელზე მიამსჭვალეს ქრისტე. რომ გაეგოთ, რომელი იყო ცხოველსმყოფელი ძელი უფლისა სამივე ჯვარი რიგრიგობით შეახეს მიცვალებულს. მესიის ჯვრის შეხებაზე მკვდარი გაცოცხლდა. ურიცხვი ქრისტიანი შეიკრიბა სიწმიდის თაყვანსაცემად. ისინი პატრიარქ მაკარის სთხოვდნენ, აღემართა ჯვარი, რომ ყველას შეძლებოდა მისი დანახვა. მაშინ მღვდელმთავარმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად სიწმიდის ამაღლება დაიწყო, ხალხი კი  კრძალვით თაყვანს სცემდა მას. წმიდა ჯვრის აღმოჩენას კიდევ ერთი სასწაული ახლდა თან: მისი გადასახვით მძიმე ავადმყოფი ქალი განიკურნა.

წმიდა ელენე დედოფალმა მაცხოვრის ამქვეყნიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული ადგილები ტაძრებით შეამკო: ოთხმოცზე მეტი ეკლესია აშენდა. კონსტანტინე დიდის ბრძანებით დაიწყო ქრისტეს აღდგომის ტაძრის მშენებლობა, რომელსაც გოლგოთა და უფლის საფლავი უნდა მოეცვა. ტაძარი დაახლოებით ათ წელს შენდებოდა და იკურთხა 335 წლის 13 სექტემბერს. მომდევნო დღეს, 14 სექტემბერს დაწესდა პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაული.

ამ დღეს იხსენიება მესიის ჯვართან დაკავშირებული კიდევ ერთი მოვლენა - 14-წლიანი ტყვეობის შემდეგ მისი დაბრუნება სპარსეთიდან იერუსალიმში. იმპერატორ ფოკას (602-610) ზეობისას სპარსეთის მეფემ, ხოსრო II-მ დაამარცხა ბიზანტიელთა მხედრობა, დაარბია იერუსალიმი, გაიტანა უფლის ცხოველსმყოფელი ჯვარი და წმიდა პატრიარქი ზაქარიაც (609-633) ტყვედ ჩაიგდო. სიწმიდე 14 წელი იმოყფებოდა სპარსეთში და მხოლოდ მას შემდეგ გადმოეცათ ქრისტიანებს, რაც იმპერატორმა ჰერეკლემ (610-641), ღვთის შეწევნით, დაამარცხა ხოსრო და საზავო ხელშეკრულება დადო მის ძესთან - სიროესთან. ცხოველსმყოფელი ძელი დიდი ზეიმით შემოაბრძანეს იერუსალიმში. იმპერატორი ჰერაკლე სამეფო გვირგვინითა და პორფირით შემკული მიასვენებდა სიწმიდეს აღდგომის ტაძრისკენ. მას გვერდით პატრიარქი ზაქარია მიჰყვებოდა. ბჭეებთან, რომელიც უნდა გაევლოთ გოლგოთაზე ამსვლელებს, მეფე უეცრად შედგა და გზის განგრძობას ვერ ახერხებდა. წმიდა ზაქარიამ აუხსნა: ეს - უფლის ანგელოზი გეღობება წინ, რადგან მას, ვინც კაცობრიობის გამოსასყიდად აზიდა ჯვარი გოლგოთაზე, ეს გზა სიმდაბლით გაიარაო. მაშინ ჰერაკლემ მოისხნა გვირგვინი, სამეფო მანტიაც განიმოსა და უბრალო ტანსაცმლით დაუბრკოლებლად შეაბრძანა სიწმიდე ტაძარში.

საეკლესიო კალენდარში  ეს  თარიღი ასევე არის  წმიდისა იოანე ოქროპირის მიცვალების დღეც.

კონსტანტინოპოლის პატრიარქი, ეკლესიის დიდი მამა იოანე ოქროპირი 407 წლის 14 სექტემბერს გარდაიცვალა, მაგრამ ჯვართამაღლების დღესასწაულის გამო მისი ხსენება 13 ნოემბერსაა გადატანილი. 27 იანვარს წმიდა ეკლესია ზეიმობს ნეტარი მღვდელმთავრის წმიდა ნაწილების გადასვენებას კომანიდან კონსტანტინოპოლში, 30 იანვარს კი იგი ბასილი დიდთან და გრიგოლ ღვთისმეტყველთან ერთად იხსენიება.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

107
თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (189)
სამების საკათედრო ტაძარი

საეკლესიო კალენდარი: 9 ივლისი

108
(განახლებულია 23:31 08.07.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 9 ივლისს ტიხვინის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულს ზეიმობს.

საეკლესიო კალენდარში 9 ივლისი არის ასევევ ღირსი დავით თესალონიკელის და წმიდა იოანე გუთელი ეპისკოპოსის ხსენების დღე.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში

ტიხვინის ღვთისმშობლის ხატი

1383 წელს ლადოგის ტბაში, ნოვგოროდის მხარეში, მეთევზეები იჭერდნენ თევზს. უცებ ზეგარდმო ნათელი მოეფინა ირგვლივ ყველაფერს. მეთევზეებმა აიხედეს ზევით და იხილეს სასწაული, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი მზესავით ანათებდა და მოდიოდა წყალზე ისე, თითქოს ვიღაცის უხილავ ხელს მოჰქონდა. მეთევზეებმა დაუწყეს ყურება, თუ საით მიდიოდა ხატი, მაგრამ ღმერთმა არ ინება მათთვის ეჩვენებინა და ხატი თვალს მიეფარა. გარკვეული დროის შემდეგ იგივე ხატი გამოჩნდა ჰაერში და ისევ ანათებდა. ტიხვინიდან 100 მილის მოშორებით შეიკრიბა ურიცხვი მაცხოვრებელი და უყურებდნენ ღვთისმშობლის ხატს, რომელსაც ყრმა მაცხოვარი ეჭირა მარცხენა ხელში. მაშინ ღვთისმშობელმა ინება მიწაზე ჩამობრძანება. მალე ამ ადგილას ააშენეს ტაძარი და ხატი ამ ტაძარში დააბრძანეს. ხატი მრავალს სასწაულებს აღასრულებდა. ცოტა ხანში ხატი გაუჩინარდა და გარკვეული დროის შემდეგ ტიხვინიდან 20 მილის მანძილზე მთის წვერზე გამოჩნდა იგივე სახით.

მოძღვრებმა ჯვრებით და ხატებით მოაწყეთ მისკენ მსვლელობა. მათ მრავალარიცხოვანი ხალხი შეუერთდა ფსალმუნების გალობით.ლოცვით და ცრემლებით შეევედრნენ ღვთისმშობელს, გაეხადა ისინი ღირსნი მიეღოთ ეს სიწმინდე. ხატმა შეიწირა მათი ლოცვა და მოძღვრებს გადაეცა. ხალხმა გადაწყვიტა, მთაზე მისთვის აეშენებინათ ტაძარი, მოჭრეს ხეები და დაიწყეს მიწის თხრა და როცა მოსაღამოვდა, დაიშალნენ. ხატი მომავალი ტაძრის საძირკვეთან დაბრძანებული დატოვეს. დილით ხატი კვლავ გაუჩინარდა. ხალხმა დაიწყო გოდება და გულმხულვარე ლოცვა, უფალს გამოეცხადებინა ხატის ადგილსამყოფელი. ცოტა ხანში იხილეს ნათება, გაყვნენ სხივს და მივიდნენ მდინარე ტიხვინის მახლობლად უდაბნოში. ხატი სწორედ აქ იმყოფელობა. იგი ჰაერში იყო, არავითარი სადგომი არ ჰქონდა. უდაბნოში ჭაობიანი იყო. გადაწყვიტეს აქ დაემუშავებინათ მიწა და აეგოთ ტაძარი.

ამ ამბის საუწყებლად ნოვგოროდში მთავარეპისკოპოსთან გაგზავნეს კაცი. მან მოსკოვის თავადს შეატყობინა ტიხვინში მომხდარი ეს სასიხარულო ფაქტი და ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის აშენების შესახებ მისცა ლოცვა–კურთხევა, ტაძარი სწრაფად ააშენეს. ტაძარი უნდა ეკურთხებინათ მიძინებისათვის. მართმადიდებელთა მოსაწევად ამ ღირსესანიშნავ დღეზე  ღვთისმოშიში მნათე გიორგი გაგზავნეს. გზაში  მას გამოეცხადა ღვთისმშობელი, უთხრა: "წადი ტაძარში და უთხარი: ნუ გააკეთებენ ლითონის ჯვარს მასზე, არამედ გაკეთონ ხის ჯვარი". გიორგიმ მიუგო:არ დამიჯერებენო. ღვთისმშობელი შეპირდა, რომ მისცემდა ნიშანს, თუ არ დაუჯერებდნენ. გიორგიმ მოუყვა ხალხს მომხდარი ამბავი, მაგრამ მათ არ დაუჯერეს და გადაწყვიტეს, გამოეჭედათ რკინის ჯვარი. ერთ–ერთმა მშენებელმა აიტანა ჯვარი გუმათზე და ცდილობდა დაემაგრებინა, მაგრამ ამოვარდა ქარიშხალი და გადმოაგდო იგი მიწაზე ჯვარიანად სრულიად უვნებელი. მაშინ კი ირწმუნეს გიორგის სიტყვები და მყისვე შეასრულეს ღვთისმშობლის ბრძანება.

ღირსი დავით თესალონიკელი

ღირსი დავით თესალონიკელი (+დაახლ. 540), წმიდა მოწამეთა, თეოდორესა და მერკურის სახელობის მონასტერში მოსაგრეობდა, შემდგომ კი ქალაქ თესალონიკის სიახლოვეს, ნუშის ხის ქვეშ ტალავარი მოაწყო და იქ დამკვიდრდა. წმიდა მამა გამუდმებით ლოცულობდა, მკაცრად მარხულობდა, მოთმინებით იტანდა ყინვასა და პაპანაქებას. უფალს სათნოეყო მისი ღვაწლი და სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა. ნეტარი მოსაგრე კურნავდა სნეულებს, სულის სარგებელ რჩევებს აძლევდა ყველა მომსვლელს. უვნებლობას მიღწეულ, მიწიერ ანგელოზს მიმსგავსებულ მამას შეეძლო, გავარვარებული ნაკვერცხლები საკმევად ისე აეღო ხელში, რომ არაფერი დაშავებოდა.

წმიდა იოანე გუთელი ეპისკოპოსი

წმიდა იოანე გუთელი ეპისკოპოსი (VIII) სიყრმეშივე აღიკვეცა ბერად. ღირსმა მამამ იერუსალიმის წმიდა ადგილები მოილოცა და სამი წლის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. ამასობაში ხატმბრძოლ იმპერატორს კონსტანტინე კოპრონიმს (741-775) განედევნა გუთელი ეპისკოპოსი. ქრისტიანები შეევედრნენ წმიდა იოანეს, შესდგომოდა მღვდელმთავრის მძიმე უღელს. წმიდა მამა მწვალებლობისაგან დაცულ საქართველოში გამოემგზავრა. აქ დაასხეს მას ხელი ეპისკოპოსად. გუთეთს დაბრუნებული მღვდელმთავარი მალე იძულებული შეიქმნა დაეტოვებინა სამწყსო, ხაზართა დევნას გაერიდა და 4 წელი გაატარა ამასტრიდაში. წმიდა იოანემ 40 დღით ადრე იწინასწარმეტყველა საკუთარი სიკვდილი, გარდაიცვალა 790 წელს და დაკრძალეს პართენიტის მონასტერში.

მასალა მომზადებულია ღია წყარიებზე დაყრდნობით.

 

 

108
თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (189)
სამცხე-ჯავახეთში სომხური ეკლესიის ტერიტორიაზე სამარხები დააზიანეს

საეკლესიო კალენდარი: 8 ივლისი

98
(განახლებულია 08:31 08.07.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 ივლისს ღირსმოწამე ფებრონია ქალწულს მოიხსენიებს. Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყო ის  და რატომ არის მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

ფებრონია ქალწული

ღირსმოწამე ფებრონია ქალწული დიოკლეტიანეს (284-305) მეფობაში გაბრწყინდა მოწამეობრივი აღსასრულით. იგი იზრდებოდა ქალაქ სივაპოლის (ასურეთის ოლქი) მონასტერში, რომლის წინამძღვარიც იყო იღუმენია ბრიენა, წმიდა ფებრონიას დეიდა.

იღუმენიამ, ზრუნავდა რა მის ცხონებაზე, თავის დისწულს სხვა მონაზვნებთან შედარებით მკაცრი კანონი დაუწესა. მონასტრის წესდების მიხედვით, პარასკევობით დები ხელს იღებდნენ თავიანთ მორჩილების საქმეებზე და ლოცვასა და წმიდა წერილის კითხვაში ატარებდნენ დროს. ჩვეულებრივ, წინამძღვარი კითხვას წმიდა ფებრონიას ავალებდა.

როცა ნეტარი ქალწულის კეთილმსახური ცხოვრების შესახებ ქალაქში ხმა გავრცელდა, მასთან სიარული დაიწყო დიდგვაროვანმა წარმართმა ქვრივმა იერიამ. ფებრონიამ შეჭირვებულ ახალგაზრდა ქალს ხსნის გზა დაანახა, რის შემდეგაც იგი მოინათლა და მშობლები და ახლობლებიც აზიარა ქრისტეს ნათელს.

გამხეცებულმა დიოკლეტიანემ ასურეთში ქრისტიანების ამოსაჟლეტად მეომართა რაზმი გაგზავნა ლისიმაქოსის, სელინისა და პრიმის მეთაურობით. სელინი, ლისიმაქოსის ბიძა, მართლმადიდებელთა გააფთრებული სიძულვილით გამოირჩეოდა, თავად ლისიმაქოსი კი, ღვთისმოყვარე დედის აღზრდილი, თანაუგრძნობდა მათ. კეთილგონიერი მხედართმთავარი თავის ნათესავს, პრიმს შეუთანხმდა, შეძლებისდაგვარად დაეცვათ ქრისტიანები მტარვალთა ძალმომრეობისაგან. როცა რაზმი სავანეს მიუახლოვდა, მოწესეები გაიხიზნნენ. მონასტერში დარჩნენ მხოლოდ იღუმენია ბრიენა, მისი თანაშემწე თომაიდა და წმიდა ფებრონია, რომელიც მძიმედ ავადმყოფობდა. იღუმენია ძლიერ წუხდა, რომ მისი დისწული უღმრთოთა ხელში ვარდებოდა და მხურვალედ ევედრებოდა უფალს, დაეცვა და ქრისტიანულ სარწმუნოებაში განემტკიცებინა იგი. სელინმა ბრძანა, ყველა მონაზონი მოეგვარათ მისთვის, მაგრამ პრიმმა მხედრებთან ერთად სავანეში ვერავინ იპოვა ორი მხცოვანი დედისა და წმიდა ფებრონიას გარდა. იგი მათმა დანახვამაც ძლიერ შეაწუხა და მონაზვნებს შესთავაზა, დაეტოვებინათ მონასტერი. დებმა არ ისურვეს თავიანთი მოღვაწეობის ადგილის დატოვება.

პრიმმა ლისიმაქოსს წმიდა ფებრონიას საოცარი სილამაზე აღუწერა და ურჩია, ცოლად შეერთო იგი. ლისიმაქოსმა კი უპასუხა, არ მსურსო ქრისტეს შევედრებულ ქალწულთა ცთუნება და სთხოვა, სადმე გადაემალა დარჩენილი მონაზვნები, რომ ისინი სელინის ხელში არ ჩავარდნილიყვნენ. ერთ-ერთმა მეომარმა გაიგონა ეს საუბარი და სელინს მოუტანა ამბავი. წმიდა თებრონია ხელებშეკრული და ქედზე ჯაჭვდადებული მიჰგვარეს უსჯულო მხედართმთავარს. მან ქალწულს შესთავაზა, წარმართული ღვთაებებისთვის მსხვერპლი შეეწირა, სანაცვლოდ კი პატივი, ჯილდოები და ლისიმაქოსთან ქორწინება აღუთქვა. ნეტარმა დედამ მტკიცედ მიუგო, მე მარადიული სასიძო მყავს და არანაირ მიწიერ სიკეთეზე არ გავცვლიო მას. ამისთვის სელინმა საშინლად აწამა იგი. ბოლოს წმიდა მარტვილს თავი მოჰკვეთეს.

363 წელს წმიდანის უხრწნელი ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

 

98
თემები:
საეკლესიო კალენდარი
თბილისი

კომპენსაციის მიღების მსურველებო დარეგისტრირდით: მთავრობამ ვადა გაახანგრძლივა

0
(განახლებულია 14:35 09.07.2020)
ამ დროისთვის სახელმწიფოსგან 300 ლარის ფარგლებში დახმარება 100 ათასზე მეტმა თვითდასაქმებულმა და თითქმის 130 ათასმა დასაქმებულმა მიიღო

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ პანდემიის გამო შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისა და თვითდასაქმებული პირებისთვის დახმარების მისაღებად რეგისტრაციის ვადა 1 აგვისტომდე გაახანგრძლივა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის წინ.

სახელმწიფოს მხრიდან კომპენსაციის მისაღებად იმ პირთა რეგისტრაცია, რომლებმაც COVID-19-ის გამო სამსახური დაკარგეს, 15 მაისს დაიწყო და 1 ივლისს დასრულდა.

გახარიას თქმით, აუცილებლობის შემთხვევაში ვადა მომავალშიც გახანგრძლივდება.

„მოგეხსენებათ, რომ რეგისტრაციების ვადა ამოწურულია, მაგრამ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მისი1 აგვისტომდე გაგრძელების შესახებ. ვინც დააგვიანა ან ვერ შეძლო ელემენტარულად საჭირო საბუთების შეგროვება, ამ ადამიანებისთვს ეს ვადა გაგრძელდა და თუ საჭირო იქნება რეგისტრაციის ვადა შემდგომაც გაგრძელდება. დღეს ჩვენი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, ეპიდემიასთან ბრძოლასთან ერთად, იმ ჩვენი მოქალაქეებისთვის დახმარებაა, რომლებსაც კრიზისის გამო შემოსავალი შეუმცირდათ და საერთოდ დაკარგეს შემოსავალი", - განაცხადა გახარიამ.

გახარიას თქმით, სახელმწიფოსგან 300 ლარის ფარგლებში დახმარება 121 719-მა თვითდასაქმებულმა და 129 ათასზე მეტმა დასაქმებულმა მიიღო, რომელმაც შემოსავალი ან სამსახური დაკარგა.

რეგისტრაციის გავლა ასევე შეუძლიათ იმ პირებს, რომლებიც უცხოეთში სეზონურ სამუშაოზე იყვნენ დასაქმებული.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში