გერგეტის სამება

საეკლესიო კალენდარი: 2019 წლის 8 ივლისი

26
(განახლებულია 20:43 07.07.2019)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 8 ივლისს ღირსმოწამე ფებრონია ქალწულს მოიხსენიებს.

 

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყო ის  და რატომ არის მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

ფებრონია ქალწული

ღირსმოწამე ფებრონია ქალწული დიოკლეტიანეს (284-305) მეფობაში გაბრწყინდა მოწამეობრივი აღსასრულით. იგი იზრდებოდა ქალაქ სივაპოლის (ასურეთის ოლქი) მონასტერში, რომლის წინამძღვარიც იყო იღუმენია ბრიენა, წმიდა ფებრონიას დეიდა.

იღუმენიამ, ზრუნავდა რა მის ცხონებაზე, თავის დისწულს სხვა მონაზვნებთან შედარებით მკაცრი კანონი დაუწესა. მონასტრის წესდების მიხედვით, პარასკევობით დები ხელს იღებდნენ თავიანთ მორჩილების საქმეებზე და ლოცვასა და წმიდა წერილის კითხვაში ატარებდნენ დროს. ჩვეულებრივ, წინამძღვარი კითხვას წმიდა ფებრონიას ავალებდა.

როცა ნეტარი ქალწულის კეთილმსახური ცხოვრების შესახებ ქალაქში ხმა გავრცელდა, მასთან სიარული დაიწყო დიდგვაროვანმა წარმართმა ქვრივმა იერიამ. ფებრონიამ შეჭირვებულ ახალგაზრდა ქალს ხსნის გზა დაანახა, რის შემდეგაც იგი მოინათლა და მშობლები და ახლობლებიც აზიარა ქრისტეს ნათელს.

გამხეცებულმა დიოკლეტიანემ ასურეთში ქრისტიანების ამოსაჟლეტად მეომართა რაზმი გაგზავნა ლისიმაქოსის, სელინისა და პრიმის მეთაურობით. სელინი, ლისიმაქოსის ბიძა, მართლმადიდებელთა გააფთრებული სიძულვილით გამოირჩეოდა, თავად ლისიმაქოსი კი, ღვთისმოყვარე დედის აღზრდილი, თანაუგრძნობდა მათ. კეთილგონიერი მხედართმთავარი თავის ნათესავს, პრიმს შეუთანხმდა, შეძლებისდაგვარად დაეცვათ ქრისტიანები მტარვალთა ძალმომრეობისაგან. როცა რაზმი სავანეს მიუახლოვდა, მოწესეები გაიხიზნნენ. მონასტერში დარჩნენ მხოლოდ იღუმენია ბრიენა, მისი თანაშემწე თომაიდა და წმიდა ფებრონია, რომელიც მძიმედ ავადმყოფობდა. იღუმენია ძლიერ წუხდა, რომ მისი დისწული უღმრთოთა ხელში ვარდებოდა და მხურვალედ ევედრებოდა უფალს, დაეცვა და ქრისტიანულ სარწმუნოებაში განემტკიცებინა იგი. სელინმა ბრძანა, ყველა მონაზონი მოეგვარათ მისთვის, მაგრამ პრიმმა მხედრებთან ერთად სავანეში ვერავინ იპოვა ორი მხცოვანი დედისა და წმიდა ფებრონიას გარდა. იგი მათმა დანახვამაც ძლიერ შეაწუხა და მონაზვნებს შესთავაზა, დაეტოვებინათ მონასტერი. დებმა არ ისურვეს თავიანთი მოღვაწეობის ადგილის დატოვება.

პრიმმა ლისიმაქოსს წმიდა ფებრონიას საოცარი სილამაზე აღუწერა და ურჩია, ცოლად შეერთო იგი. ლისიმაქოსმა კი უპასუხა, არ მსურსო ქრისტეს შევედრებულ ქალწულთა ცთუნება და სთხოვა, სადმე გადაემალა დარჩენილი მონაზვნები, რომ ისინი სელინის ხელში არ ჩავარდნილიყვნენ. ერთ-ერთმა მეომარმა გაიგონა ეს საუბარი და სელინს მოუტანა ამბავი. წმიდა თებრონია ხელებშეკრული და ქედზე ჯაჭვდადებული მიჰგვარეს უსჯულო მხედართმთავარს. მან ქალწულს შესთავაზა, წარმართული ღვთაებებისთვის მსხვერპლი შეეწირა, სანაცვლოდ კი პატივი, ჯილდოები და ლისიმაქოსთან ქორწინება აღუთქვა. ნეტარმა დედამ მტკიცედ მიუგო, მე მარადიული სასიძო მყავს და არანაირ მიწიერ სიკეთეზე არ გავცვლიო მას. ამისთვის სელინმა საშინლად აწამა იგი. ბოლოს წმიდა მარტვილს თავი მოჰკვეთეს.

363 წელს წმიდანის უხრწნელი ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

26
თემები:
მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდარი 2019 (204)