სვეტიცხოველი

სვეტიცხოვლობას პენსილვანიაშიც აღნიშნავენ

53
(განახლებულია 12:03 12.10.2018)
ამ დღეს ქართულ საწნახელში დაიწურება ღვინო, მოდუღდება თათარა, ამოივლება ჩურჩხელები და გაიმართება შეჯიბრება ქართულ ჭიდაობაში.

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის პენსილვანიის შტატში არსებულ დავით აღმაშენებლის სახელობის ქართულ მართლმადიდებლურ ქალთა მონასტერში 14 ოქტომბერს რელიგიურ დღესასწაულ სვეტიცხოვლობას აღნიშნავენ.

ღონისძიება მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბას (ერისკაცობაში ლაშა ინწკირველი) ლოცვა-კურთხევით გაიმართება.

ტაძარში სადღესასწაულო მსახურება 09:30 საათზე დაიწყება, რის შემდეგაც ღონისძიების სტუმრებს ტრაპეზი და კონცერტი ელოდებათ, რომელზეც აშშ-ის სხვადასხვა შემოქმედებითი ანსამბლები და კოლექტივები გამოვლენ.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, დღესასწაულზე, ტრადიციისამებრ, ქართულ საწნახელში დაიწურება ღვინო, მოდუღდება თათარა, ამოივლება ჩურჩხელები და გაიმართება შეჯიბრება ქართულ ჭიდაობაში.

საქართველოში სვეტიცხოვლობა ერთ-ერთი მთავარი რელიგიური დღესასწაულია, რომელსაც წელიწადში ორჯერ – 13 ივლისსა და 14 ოქტომბერს აღნიშნავენ. ყველა მორწმუნისთვის დღესასწაულის ცენტრი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარია, რომელიც 1010-1029 წლებში მე-4 საუკუნის პირველი ქრისტიანული ეკლესიის ადგილზე არსაკიძემ ააგო. სვეტიცხოველი სხვადასხვა დროს ძლიერ დაზიანდა და მისი საფუძვლიანი რეკონსტრუქცია XV-XVII საუკუნეებში ჩატარდა.

გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს – ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ უფლის კვართი გულში ჩაიკრა და იქვე სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა.

დღეს სვეტიცხოვლობაა>>>

მე-4 საუკუნეში წმიდა მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად ხუროებს ხე მოუჭრიათ, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი. კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ დამორჩილებია. იგი მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. ამ ადგილზე ხის პატარა ზომის ეკლესია აიგო.

მე-5 საუკუნის ბოლოს ვახტანგ გორგასალმა მის ადგილზე უფრო დიდი ზომის სამნავიანი ბაზილიკური ტიპის ეკლესიის მშენებლობა დაიწყო. ხოლო უკვე გორგასლისეული სვეტიცხოვლის აღდგენა-მშენებლობას ხელი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, წმიდა მელქისედეკ პირველმა მოჰკიდა. მისი ბრძანებით მე-11 საუკუნის დასაწყისში ხუროთმოძღვარმა არსაკიძემ ძველი ბაზილიკის ნაგებობა ჯვარ-გუმბათოვან ტაძრად გადააკეთა. სწორედ არსაკიძის ეს გენიალური ქმნილებაა ჩვენამდე მოღწეული.

სვეტიცხოვლის ძირიდან უძველესი დროიდან მოედინებოდა მირონი, რომლითაც საზრდოობდა ქართველი ერი.

 

53
თემები:
საეკლესიო კალენდარი (26)