სვეტიცხოველი

11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე აღინიშნება

37
(განახლებულია 10:29 11.09.2018)
იოანე ნათლისმცემელს თავი გალილეის მმართველის, ჰეროდე ანტიპას ბრძანებით მოკვეთეს

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. მართლმადიდებლური სამყარო დღეს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს.

მორწმუნეები ამ დღეს მარხულობენ, საქართველოს მართლმადიდებლურ ტაძრებში კი ღვთისმსახურება აღევლინება.

სახარების მიხედვით, იოანე ნათლისმცემელი უდიდესი წინასწარმეტყველი და უფლის წინამორბედი იყო, რომელმაც მესიის მოსვლა იწინასწარმეტყველა.

ნათლისმცემელი უდაბნოში ცხოვრობდა, ამხელდა საზოგადოების ბიწიერებას და მონანიებისაკენ მოუწოდებდა. სწორედ იოანე ნათლისმცემელმა მონათლა იესო ქრისტე მდინარე იორდანეში.

იოანე ნათლისმცემელს თავი გალილეის მმართველის, ჰეროდე ანტიპას ბრძანებით მოკვეთეს, რადგან მას უზნეო ცხოვრებისთვის დაუფარავად ამხელდა. კერძოდ, კანონიერი ცოლის დატოვებისა და საკუთარი ძმის, ფილიპეს მეუღლე ჰეროდიადასთან უკანონო თანაცხოვრების გამო. 

ჰეროდემ თავისი საყვარლის, ჰეროდიადას და მისი ქალიშვილის, სალომეას საამებლად, იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეში ჩასვა, შემდეგ კი თავი მოაკვეთინა, რადგან ნათლისმცემელმა ამხილა იგი: „არა ჯერ არს შენდა, ვითარმცა ცოლად გესუა ძმის-ცოლი შენი“.

იოანე ნათლისმცემლის თემა მხატვრობასა და ქანდაკებაში აისახა. შუა საუკუნეების ხატწერაში იოანე ნათლისმცემელი ვედრების კომპოზიციის ერთ-ერთი აუცილებელი ფიგურაა.

მართლმადიდებელი ეკლესია იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს 7 ივლისს აღნიშნავს.

 

 

 

37
თემები:
საეკლესიო კალენდარი (22)