წმინდა გიორგის ხატი

საქართველო წმინდა გიორგის ხსენების დღეს ზეიმობს

77
(განახლებულია 09:43 06.05.2018)
წმინდა გიორგი საქართველოს მფარველად ითვლება და ქართველ ერს ეს წმინდანი განსაკუთრებით უყვარს.

თბილისი, 6 მაისი — Sputnik. დღეს საქართველოში გიორგობას აღნიშნავენ. გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება.  

საღმრთო ლიტურგიას თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენს. საზეიმო წირვა სამებაში 10:00 საათზე დაიწყება. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, პატრიარქი ილია მეორე შეკრებილებს გიორგობას მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებით მიმართავს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს – 23 ნოემბერსა და 6 მაისს. დღეს წმინდანის მიცვალების დღეა.  

6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. წმინდა გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა. წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის — ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. წმინდანს 303 წელს თავი მოკვეთეს. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი, შუბით გველეშაპის განმგმირავი,  ქართული ცნობიერებისა  და მართლმადიდებლური რწმენის შემადგენელ ნაწილად იქცა და აღბეჭდილია სახელმწიფო  გერბზე.

წმინდა გიორგის მიმართ პატივის მიგება, ქრისტიანობის დასაწყისიდან დღემდე გრძელდება.  შუა საუკუნეებში,  წლის ყველა დღესთან დაკავშირებით,  საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წარმოიშვა წმინდა გიორგის 365 ლოცვა, ასევე  საქართველოს ყველა რეგიონში წმინდა გიორგის პატივსაცემად ტაძარია აგებული.  

 

 

 

 

77
პრინც ფილიპის გამოსახულება პიკადილის მოედანზე

ილია მეორემ ბრიტანეთის დედოფალს პრინცი ფილიპის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა

111
ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორის მეუღლე, ედინბურგის ჰერცოგი ფილიპი 99 წლის ასაკში დღეს 9 აპრილს უინძორის სასახლეში — ბრიტანეთის მონარქების რეზიდენციაში გარდაიცვალა.

თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დიდი ბრიტანეთის დედოფალს პრინცი ფილიპის გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოუცხადა, იუწყება საქართველოს საპატრიარქო.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორის მეუღლე, ედინბურგის ჰერცოგი ფილიპი 99 წლის ასაკში 9 აპრილს უინძორის სასახლეში — ბრიტანეთის მონარქების რეზიდენციაში გარდაიცვალა.

„საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით მიიღეთ სამძიმარი მეუღლის, მისი სამეფო უმაღლესობის, ედინბურგის ჰერცოგის, პრინც ფილიპეს გარდაცვალების გამო. პრინც ფილიპეს სახით ათწლეულების მანძილზე თქვენ გყავდათ თქვენი ფრიად საპატიო ჯვრის ღირსეული და ერთგული თანამტვირთველი“, - წერია უწმინდესისა და უნეტარესის სამძიმრის წერილში.

პატრიარქი უერთდება სამეფო ოჯახისა და გაერთიანებული სამეფოს მწუხარებას, რომელსაც იზიარებს მთელი მსოფლიო, აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

„ვლოცულობთ პრინც ფილიპეს უკვდავი სულისათვის და ამასთან, შევთხოვთ ღმერთს, მოგანიჭოთ მხნეობა და სულიერი ძალა თქვენი სამეფო ოჯახისა და თქვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - ნათქვამია წერილში.

ედინბურგის ჰერცოგს 100 წლის იუბილემდე 2 თვე რჩებოდა. მისი და ელიზაბეტის ქორწინება 73 წლის განმავლობაში გაგრძელდა.

პრინცი ფილიპი ბერძენი და დანიელი პრინცი ფილიპის ვაჟია. მან სამეფო ფლოტში მსახურობა 1939 წელს დაიწყო. 1947 წელს ფილიპი ბრიტანულ გვარზე გადავიდა ფლოტში კარიერის გასაგრძელებლად; მოგვიანებით ის გახდა მაუნტბატენი - ეს დედის მხრიდან ნათესავების გვარი იყო. ქორწინების შემდეგ ფილიპი ედინბურგის ჰერცოგი გახდა.

დიდი ბრიტანეთის დედოფალი მან კოლეჯში სწავლის დროს გაიცნო. მათ ოთხი შვილი ჰყავთ: უელსის პრინცი ჩარლზი, პრინცესა ანა, იორკის ჰერცოგი - პრინცი ენდრიუ და უესსექსის გრაფი - პრინცი ედვარდი.

 

111
გერგეტის სამება

საეკლესიო კალენდარი: 11 აპრილი

262
(განახლებულია 09:10 10.04.2021)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 11 აპრილს  მოწამეების: მარკოზის, არეთუსიელ ეპისკოპოსის, კირილე დიაკონის და სხვების, ღირსი იოანე მეუდაბნოის, წმ. ევსტათი აღმსარებელის, ბითვინიელი ეპისკოპოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.

„Sputnik საქართველო“  მოგითხრობთ ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.

არეთუსიელ ეპისკოპოსი მარკოზი და  კირილე დიაკონი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 11 აპრილი მოწამეების: მარკოზის, არეთუსიელ ეპისკოპოსის, კირილე დიაკონის და სხვების ხსენების დღეა.

წმიდა მღვდელმოწამე მარკოზი, არეთუსიის ეპისკოპოსი (+363) ეწამა იმპერატორ იულიანე განდგომილის (+361-363) დროს.

მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის (ხს. 21 მაისს) ბრძანებით წმიდა მარკოზმა დაანგრია წარმართული სამსხვერპლო. როდესაც იულიანემ დაიწყო ქრისტიანთა დევნა და წარმართობის აღდგენა, მტრებმა გადაწყვიტეს შური ეძიათ წმიდა მარკოზზე.

მღვდელმთავარი განერიდა დევნას, მაგრამ როცა შეიტყო, რომ მის ძებნაში ქრისტიანებს აწამებდნენ, ნებაყოფლობით გამოცხადდა სამსჯავროზე. 

მოხუცი ბერი დიდხანს აწამეს, თმები დააგლიჯეს, მიწაზე ათრიეს, ჭაობში ჩააგდეს, დანით დასერეს. წარმართები წმიდა ეპისკოპოსისგან გამოსასყიდს ითხოვდნენ. შემდეგ თაფლი და ქონი წაუსვეს ტანზე. მოწამეს ფუტკრების გუნდი დაესია.

წმიდა ბერი ტკივილებს ვერ გრძნობდა, უფალი სასწაულებრივად იცავდა თავის ერთგულ მღვდელმთავარს, რაც კიდევ უფრო აღიზიანებდა მტანჯველებს.

არეთუსიის მცხოვრებლებმა ეპისკოპოსი გაანთავისუფლეს. განთავისუფლებულმა მარკოზმა ბევრი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე. წმიდა მარკოზის წამებაზე მოგვითხრობს წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

საკერპოების ნგრევისთვის  შეიპყრეს და წამებით ამოხადეს სული წარმართებმა წმიდა კირილეს ილიოპოლელ დიაკონს.

 იმ ხანებში ასკალონსა და ღაზაში კიდევ მრავალი ქრისტიანი ეწამა.

იოანე მეუდაბნოე

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 11 აპრილი ღირსი იოანე მეუდაბნოეს (IV) ხსენების დღეა.

იოანე მეუდაბნოე  ქრისტიანთა დევნის დროს ღვთისმოსავი ქვრივი იულიანა მცირეწლოვან შვილებთან, იოანესა და თემესტიასთან ერთად ემალებოდა წარმართებს. დედა შვილებს ლოცვასა და წმიდა წერილის კითხვას ასწავლიდა. დროდადრო ყრმა იოანე დადიოდა ახლომდებარე მონასტერში. ერთხელ იოანეს ერთმა ქრისტიანმა ურჩია ლოცვისთვის უფრო განმარტოებული ადგილი მოეძებნა. შვილი დედას გამოეთხოვა, მეუდაბნოე თარმუნისთან წავიდა და მისი კურთხევით უდაბნოში განმარტოვდა. ახალგაზრდა მოღვაწემ უდაბნოში ქვეწარმავლებით სავსე დამშრალი ჭა იპოვა, ილოცა და შიგ ჩავიდა. ჭის ფსკერზე უსმელ-უჭმელმა ლოცვაში გაატარა ორმოცი დღე. შემდეგ ახალგაზრდა მეუდაბნოეს მრავალი ცდუნების დაძლევა მოუხდა. ბოროტი სულები ღებულობდნენ დედის, დის, ნათესავების, ნაცნობების სახეს და ევედრებოდნენ ჭიდან ამოსულიყო. ამ დროს წმიდა იოანე ლოცულობდა და ბოროტი სულებიც ქრებოდნენ. 

ღირსი იოანე სიცოცხლის ბოლომდე ჭაში იჯდა. მასთან ანგელოზებს მოჰქონდათ საზრდელი. მისი სიკვდილი გამოეცხადა ბერ ხრისიხს, რომელიც ოცდაათი წელი ცხოვრობდა უდაბნოში. გარდაცვალების შემდეგ წმიდა იოანეს მოღვაწეობის ადგილას მრავალი სასწაული აღესრულა.

ევსტათი ბითვინიელი

საეკლესიო კალენდრის მიხედვით 11 აპრილი წმიდა ევსტათი ბითვინიელის (IX) ხსენების დღეა.

ევსტათი ბითვინიელი  ყველაზე დიდ სათნოებად უფლისადმი გამუდმებულ ლოცვას მიიჩნევდა. სიმდაბლით, სიბრძნით, უდიდესი რწმენით, მოყვასისადმი სიყვარულით და სათნო ცხოვრებით გამორჩეული ბერი ბითვინიის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი და მრავალი წელი სიბრძნით განაგებდა სამწყსოს. ხატმებრძოლობის ერესის ბატონობის დროს წმიდა ევსტათი უშიშრად ამხელდა ერეტიკოსებს. წმიდა მამა იმპერატორთან დაასმინეს და შეიპყრეს, შემდგომ კი გადაასახლეს.

სამი წლის დევნულობის შემდეგ წმიდა ევსტათი გადასახლებაში გარდაიცვალა.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

262
თემები:
საეკლესიო კალენდარი
სამძებრო ოპერაცია რიონზე

კარვები აღებულია: რა ვითარებაა „ნამახვან ჰესის“ წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე

0
(განახლებულია 00:55 12.04.2021)
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, მიეცეთ უფლება გააგრძელონ მშვიდობიანი პროტესტი სოფელ ნამოხვანის ტერიტორიაზე, ხოლო სამართალდამცველები მათ ალტერნატიულ ლოკაციად სოფელ გუმათს სთავაზობენ

თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. რიონის ხეობაში, სოფელ ნამოხვანის მიმდებარე ტერიტორიიდან საპროტესტო აქციის მონაწილეთა კარვების აღებამ შედარებით მშვიდობიანად ჩაიარა და აქციის ორგანიზატორებს კარვების სოფელ გუმათში ჩატანა შესთავაზეს, ამის შესახებ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა სულხან თამაზაშვილმა განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კარვების აღება სოფელ ნამოხვანში მდინარე რიონის მოსალოდნელ ადიდებას უკავშირდება.

„მეტეოროლოგები გვიწინასწარმეტყველებენ ამინდის კიდევ უფრო გაუარესებას, მოსალოდნელია მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა, დავდექით აუცილებლობის წინაშე, რომ კარვები იქედან აგვეღო. ამის ლეგიტიმაციას ჩვენ გვაძლევს კანონი პოლიციის შესახებ, 26-ე მუხლი. ამ დროისთვის კარვები არის მანქანებზე დალაგებული და შევთავაზეთ, რომ გუმათში ჩავიტანდით, სადაც ერთი კარავი უკვე დგას. მიმდებარე ტერიტორიაზე შეუძლიათ დადგან ეს კარვები და მშვიდობიან ვითარებაში გააგრძელონ პროტესტი“, - განაცხადა თამაზაშვილმა.

აქციის მონაწილეები თანახმა არიან, პროტესტი გადაიტანონ სხვა ადგილას, მაგრამ არა სოფელ გუმათში, როგორც ამას შსს სთავაზობს, არამედ სოფელ ნამოხვანთან. მათი მტკიცებით, იმ ადგილას, სადაც კარვები იყო გაშლილი, რიონის ადიდება არ ხდება, რადგან ამაღლებული ადგილია და მდინარის ადიდება უბრალო საბაბია კარვების ასაღებად. პოლიციას უკვე რამდენიმე დღეა გზა გადაკეტილი ჰქონდა და აქციის მონაწილეებს ნამოხვანში კარვებთან არ უშვებდა.

ამ დროისათვის აქციის მონაწილეები (დაახლოებით 400 ადამიანი) სოფელ გუმათთან „გუმათ ჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არიან შეკრებულები და მათ ნამოხვანიდან ქუთაისის მიმართულებით გზა პროტესტის ნიშნად საკუთარი ავტომობილებით გადაკეტეს.

„მოვუწოდებ ყველას, რომ მოვიდნენ აქ... ჩვენ ყველამ უნდა შევძლოთ, ერთმანეთის მხარში დგომით ეს პრობლემა გადავჭრათ. მოვუწოდებთ მშვიდობიანად, ჩვენ არ მოვუწოდებთ, რომ მოვიდნენ და გადავიდეთ ხელჩართულ ბრძოლაზე. უბრალოდ, გვჭირდება ადამიანების სიმრავლე“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „რიონის ხეობის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა.

დღეს აქციაზე იმყოფებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც ასევე ესწრებოდ კარვების აღების პროცესს.

„დაუყოვნებლივ მიეცეთ აქციის მონაწილეებს მათ მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ადგილზე შეკრების გაგრძელების შესაძლებლობა, ხოლო თუ აღნიშნულზე არსებობს დასაბუთებული უარის საფუძველი, აქციის გაგრძელებისთვის გამოეყოთ ალტერნატიული ადგილი სასურველთან ახლომდებარე ლოკაციაზე, რომლის ადგილმდებარეობაც არსს არ დაუკარგავს მოქალაქეთა თავშეყრის მიზანს“, - განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

პარალელურად რიონში მიმდინარეობს აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ნიკა ანთიძის ძებნა, რომელიც შაბათ საღამოს მდინარეში შევიდა და გაუჩინარდა. აქციის მონაწილეებმა სცადეს მისი გადარჩენა, მაგრამ უშედეგოდ, ის დინებამ წაიღო. მის ძებნაში მყვინთავები არიან ჩართული.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კარვების აღება მათ შორის ამ ინციდენტსაც უკავშირდება - თითქოს კარვები სამძებრო ოპერაციას ხელს უშლიდა.

სამოქალაქო აქტივისტების, ადგილობრივი მცხოვრებლების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სასულიერო პირების პროტესტი რიონის ხეობაში „ნამახვან ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ 168-ე დღე გრძელდება. მთელი ეს პერიოდი აქციის მონაწილეები ღამეებს ნამოხვანში გაშლილ კარვებში ათენებდნენ. ამაღამ ისინი საკუთარ ავტომობილებში გუმათში გაათენებენ.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რათა ჰესის მშენებლობა შეწყდეს, ხელისუფლებამ კი თურქულ კომპანია Enka-სთან კონტრაქტი მოშალოს. თავისი პოზიციის გასამყარებლად მომიტინგეები საუბრობენ ჰესის დამანგრეველ ზემოქმედებაზე გარემოზე და საეჭვო გარიგებაზე ინვესტორთან. „რიონის ხეობის მცველებმა“ ქუთაისში უკვე ორი მრავალათასიანი მიტინგი გამართეს. ისინი ასევე მოითხოვენ, თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

0