საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, არქივის ფოტო

ილია მეორე: კვირაცხოვლობას მე მღვდლად მაკურთხეს

65
1959 წელს, 59 წლის წინ, კვირაცხოვლობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით იეროდიაკონი ილია (შიოლაშვილი) ხელდასხმულ იქნა მღვდელმონოზვნად.

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს კვირაცხოვლობას აღნიშნავს — სწორედ ამ დღეს ეკლესია ხანგრძლივი მარხვის შემდეგ ჯვრისწერის საიდუმლოს აღსრულებას იწყებს, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

„მის უწმინდესობასა და უნეტარესობას ვულოცავთ ამ დღესასწაულს“, — ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

დღეს ილია მეორემ საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლინა. მან შეკრებილ მრევლს კვირაცხოვლობის დღესასწაულზე ესაუბრა.

„თომა მოციქული იყო პირველი მოციქული, რომელმაც აღიარა უფალი როგორც ღმერთი და აი დღეს თომას კვირიაკეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს. უფალმა აკურთხოს  ერი თვისი მშვიდობით. ჩვენ ბედნიერნი ვართ რომ მთელი წმინდა სინოდი დღეს აქ იმყოფება და ვდღესასწაულობთ ამ დიდ დღესასწაულს. ეს დღესასწაული ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია. ამ დღეს მე მაკურთხეს მღვდლის ხარისხში როცა ვიყავი სასულიერო აკადემიის სტუდენტი“, — ბრძანა ილია მეორემ. 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა. 1952 წელს დაამთავრა ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლა და სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. 

1952 წელს ილია მეორემ ვლადიკავკაზის № 22–ე საშუალო სკოლა, 1957 წელს მოსკოვის სასულიერო სემინარია და 1960 წელს მოსკოვის სასულიერო აკადემია დაამთავრა.  24 წლისა, 1957 წლის 16 აპრილს, კათოლიკოს-პატრიარქ მელქისედეკ III ლოცვა-კურთხევით, თბილისის ალექსანდრე ნეველის ტაძარში სასულიერო აკადემიიის II კურსის სტუდენტი ბერად აღკვეცეს. ბერად აღკვეცის საიდუმლო შეასრულა ეპისკოპოსმა ზინობიმ (მაჟუგა) და ბერს სახელად ილია უწოდა. 

1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, ეფრემ მეორის მიერ არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 1967 წელს კი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. ორი წლის შემდეგ ილია მეორე მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. უწმინდესმა სოხუმში 11 წელი დაჰყო.

საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით მეხუთის გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.

 

 

65