ილია მეორემ მრევლს მოუწოდა ნაკურთხი წყალი სახლებს ასხუროს

© Sputnik / STRINGERსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით ლიტურგია აღასრულა

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსახლეობას უფლის ნათლისღება მოულოცა და მოუწოდა მრევლს ნაკურთხი წყალი სახლებსა და ეზოებს ასხუროს.

სახარების მიხედვით, ეს დღესასწაული უკავშირდება მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლისღებას, ანუ მონათვლას, სწორედ ამ დღიდან იღებს სათავეს ნათლობის წესი და საეკლესიო პირველი საიდუმლო. საეკლესიო სწავლების მიხედვით, მაცხოვარმა იორდანეში თავისი სამგზის შთაფვლით განწმინდა წყლები.

„ინებოს უფალმა, რომ ყოველი ჩვენგანი გახდეს ტაძარი სულისა წმინდისა. დღევანდელ დღეს ეწოდება განცხადების დღე, გამოცხადება წმინდა სამებისა. მამისა ხმა, ძე იორდანესა შინა და სული წმინდა სახითა მტრედისათა გარდამოვიდა მას ზედა და ეს წმინდა სამება არის ის ძალა, რომელიც განწმენდს კაცობრიობას ყოვლისაგან ბიწისა, რომელიც იხსნის ბოროტისაგან. ინებოს უფალმა, რომ ყოველი ადამიანი განიწმინდოს. დღეს თქვენ წაიღებთ ნაკურთხ წყალს სახლში. ასხურეთ თქვენი სახლები, თქვენი შვილები, თქვენი კარ-მიდამო და სული წმინდა დაისადგურებს თქვენ ზედა“, – აღნიშნა პატრიარქმა ქადაგებისას.

ნათლისღება - Sputnik საქართველო
ნათლისღების ღამეს ბათუმში მორწმუნეები ზღვაში განიბანნენ

ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესიაში აღევლინა სადღესასწაულო წირვა, წირვის შედეგ იკურთხა დიდი აიაზმა და ნაკურთხი (განწმენდილი) წმინდა წყალი დაურიგდა მორწმუნე მრევლს.

ნათლისღების წყალი ინახება დიდხანს უხრწნელად და ნებისმიერი მორწმუნე ადამიანი, რომელიც მას რწმენით დალევს, უამრავი სნეულებისგან შეიძლება განიკურნოს.

საქართველოში ნაკურთხი წყლის დიდი რწმენა აქვთ. ხალხში ამბობენ, რომ ნათლისღების დღეს აღებული ჩვეულებრივი წყალიც დიდხანს ძლებს და არ იხრწნება. ძველადაც და ახლაც მიაჩნიათ, რომ წყალკურთხევის დღეს თითოეულ მდინარეს, ხევსა თუ ნაკადულს ისეთივე მადლი ეძლევა, როგორც იორდანეს — მაცხოვრის ნათლისღებისას.

საქართველოში ასევე ჩამოყალიბდა ტრადიციად, რომ ნათლისღების დღესასწაულზე ნათლულები ულოცავენ ნათლიებს დღესასწაულს და მიდიან მათთან სტუმრად. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0