ორწიფობა იმერეთში

გამოწერა
15 ოქტომბერი მოწამეთობაა, ანუ წმიდა დიდმოწამეთა, არგვეთის მთავართა დავითისა და კონსტანტინეს ხსენების დღე

არგვეთში მთავრობდნენ კეთილმსახური ძმები — დავით და კონსტანტინე მხეიძეები, „მეცნიერ ძუელისა და ახალისა შჯულისა, ჭეშმარიტნი მორწმუნენი და გამოცდილნი და ახოვანნი წყობათა შინა და ბრძოლათა“. მათ გულით უყვარდათ თავიანთი მამული. უფროსი ძმა, დავითი  38 წლისა იყო, უმცროსი კონსტანტინე  კი — 17 წლისა.

ზეკარზე გადმოსულ არაბთა რჩეულ წინამავალ რაზმს არგვეთელთა ლაშქარი ფერსათის მთაზე, ხანისწყლის ჩამოსასვლელთან შეეგება და დაამარცხა. როდესაც მურვან-ყრუმ შეიტყო, რომ ლაშქარი განადგურებული იყო, განრისხდა და შურისძიებით ანთებული არგვეთისკენ გამოემართა. დავითი და კონსტანტინე დროდადრო მტერს უსაფრდებოდნენ, მაგრამ გამხეცებულმა არაბებმა მცირე ლაშქრით ვიწრო ხევში მოიმწყვდიეს და, რამდენიმე თანამებრძოლთან ერთად, ტყვედ აიყვანეს. მურვანმა მტარვალებს ძმების ხელკეტებით ცემა უბრძანა. ისინი კი უფალს მადლობდნენ და ყველაფერს მოთმინებით იტანდნენ. როცა ამ გზით მტერმა საწადელს ვერ მიაღწია, მოინდომა მათი ტკბილი სიტყვით გადმობირება. წმინდა კონსტანტინემ კი მტკიცედ მიუგო: „ვერ ეღირსები, უკეთურო, რომ შენს ბრძანებას დავემორჩილო, არამედ რაც სწამს ჩემს ძმას, მეც იგივე მწამს და ვაღიარებ, რადგანაც ერთი სჯულითა და ერთი სარწმუნოებითა ვართ განსწავლულნი, და გვწამს მამა, ძე და სული წმინდა და მისთვის მოვკვდებით“. გაცოფებულმა მურვან ყრუმ ჯალათებს უბრძანა, ძმები ათი დღე ეშიმშილებინათ და ეწამებინათ, ვიდრე მუჰამედის რჯულს არ აღიარებდნენ. არანაირმა გადმობირების ხერხმა არ გაჭრა. ამიტომ, დავითი და კონსტანტინე მდინარე რიონის პირას გაიყვანეს, (დღევანდელი „ჯაჭვის ხიდის“ ქვემოთ), გააშიშვლეს, თავდაღმა დაკიდეს და უმოწყალოდ სცემეს, შემდეგ კი ხელ-ფეხი შეუკრეს, კისერზე მძიმე ლოდები ჩამოჰკიდეს და განიზრახეს მდინარე რიონში ჩაყრა. სიკვდილის წინ ძმებმა თვალები ზეცად აღაპყრეს  და უფალს შეჰღაღადეს. როგორც მემატიანე გადმოგვცემს, წამებულთა თხოვნა შეისმინა უზენაესმა — ყველას მოესმა ხმა ზეციდან. შეშინებულმა ჯალათებმა კი მოწამეთა სხეულები სასწრაფოდ რიონში გადაყარეს და იქაურობას გაეცალნენ.

სვეტიცხოველი - Sputnik საქართველო
მცხეთის ქალაქს მირონი დუღს

ღამით აღსრულდა სასწაული: ზეციდან მიწაზე სამი ნათლის სვეტი გარდამოვიდა, შუქმა გაანათა იქაურობა და წმიდა სხეულები წყლის ზედაპირზე ამოტივტივდა. მთავართა მსახურებმა ცხედრები ნაპირზე გამოასვენეს. უცებ მათ მოესმათ ნათლის სვეტიდან გამომავალი ხმა, თუ სად უნდა დაეკრძალათ  ძმები. მსახურებმა წმიდანთა ცხედრები მთელი ღამე ატარეს და ბოლოს წყალწითელას ხეობაში აღმართული კლდის თხემს მიატანეს.  კლდეში ცარიელი აკლდამა იპოვეს და მოწამენი სწორედ იმ აკლდამაში დაასვენეს. ამიერიდან გმირთა საფლავს და მის შემოგარენს მოწამეთა ეწოდა. XI საუკუნის პირველ ნახევარში მეფე ბაგრატ III-მ ხელახლა აღაშენა არაბთაგან დანგრეული ეკლესია და წამებული ძმები გადმოასვენა.

ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების სამარხი გოაზე - Sputnik საქართველო
„ცეცხლით სწვავდნენ ტანშეძარცულ დედოფალსა“ - წმინდა ქეთევან დედოფლის ხსენების დღე

მოწამეთობა (იგივე ორწიფობა — როგორც იმერეთში ეძახიან) დიდი სახალხო და რელიგიური დღესასწაულია. ნიკო ლორთქიფანიძე თავსაფრიან დედაკაცზე წერდა: „ფეხშიშველი მოიარა გელათი და მოწამეთა, თან მიიტანა მთელი ოჯახის წევრების სიგრძე თაფლის სანთელი“. ასე დადიოდნენ თაობები მოწამეთაში. ბებიაჩემიც გვინთებდა ჩვენს სიგრძე სანთელს და დავითსა და კონსტანტინეს ავედრებდა შვილიშვილების მომავალს. ეს ტრადიცია გრძელდება. დღესაც ნახავთ ფეხშიშველ მლოცველებს, ზოგი მუხლმოყრილი უვლის გარს ტაძარს, ზოგს შესაწირი ცხვარი და მამალი მოჰყავს, ზოგი ნაგროვებ ხურდა ფულს ყრის შესაწირში.

და, ბოლოს, როგორც წესი, საკურთხევლის მარცხენა მხარეს, შემაღლებულ ადგილზე ხის ორ მოჩუქურთმებულ ლომზე დასვენებულ ლუსკუმაში მოთავსებულია წმინდანთა ნეშტი, ქვემოთ კი დატოვებულია ადგილი, რომ მორწმუნეებმა ჩოქვით გაიარონ, თანაც ისე, რომ არაფერს შეეხონ. გადმოცემით, ერთი სურვილი უნდა ჩაიფიქრო, რომელსაც აგიხდენენ წმინდა მოწამენი. ჩვენც იმ ერთის ოცნებით მივეახლოთ მათს წმინდა ნაწილებს და საქართველოს გამთლიანება ვთხოვოთ!

გეწეოდეთ  დავით „უძლეველობითა გჳრგჳნოსანისა“ და კონსტანტინე „ჭური სიმჴნისას“ მადლი!

ყველა ახალი ამბავი
0