მცხეთის ქალაქს მირონი დუღს

© Sputnik / Alexander Imedashviliსვეტიცხოველი
სვეტიცხოველი - Sputnik საქართველო
გამოწერა
14 ოქტომბერი - დღესასწაული კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა.

26 საუკუნის წინ „ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის დაპყრობის შემდეგ გაფანტული ებრაელთა ერთი ნაწილი, როგორც ამას „ქართლის ცხოვრება” გადმოგვცემს, ქართლში მოვიდა და მცხეთელ მამასახლისს საცხოვრებელი სთხოვა. მანაც ებრაელებს სამოსახლო გამოუყოო. ამ ფაქტიდან ექვსი საუკუნის შემდეგ ბეთლემში იესო ქრისტე იშვა. როდესაც მისი დაბადებიდან 30 წელი გავიდა, ერთ დღეს მცხეთაში იერუსალიმელი ებრაელებისა და მღვდელმთავარ ანას მიერ გამოგზავნილი მოციქულები მოვიდნენ და თანამემამულეებს აცნობეს, რომ ის, ვისთვისაც მოგვები ჩავიდნენ ბეთლემში, გაიზარდა და საკუთარ თავს ღვთის ძეს უწოდებს. ისინი სხვადასხვა ქვეყანაში მოსახლე ებრაული თემიდან რჯულის მეცნიერებს მოუწოდებდნენ, იერუსალიმში იესოს ჯვარცმას დასწრებოდნენ. მართლაც, იერუსალიმში ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი გაემართნენ. ელიოზ მცხეთელს გამგზავრების წინ დედა შეევედრა, არ მიეღო მონაწილეობა უდანაშაულო ქრისტეს წამებაში, არ გამხდარიყო ამ უსამართლობის თანაზიარი.

ღვთისშობლის ტაძრად მიყვანების ხატი - Sputnik საქართველო
„ჩემო დაღლილო ღვთისმშობელო... გვასწავლე პურის და სიმაღლის ფასი"

ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი დაესწრნენ უფლის ჯვარცმას. ზუსტად მაშინ, როცა მაცხოვარი გოლგოთაზე ჯვარს აცვეს, ელიოზის დედამ მცხეთაში გაიგონა ჩაქუჩის ხმა, „საშინელითა კრჩხილებითა“ დაიძახა: „მშვიდობით, მეუფებაო ჰურიათაო, რამეთუ მოჰკალთ თავისა მაცხოვარი და მჴსნელი და იქმნენით ამიერითგან მტერ შემოქმედისა“ და სული განუტევა. ჯვარცმული მაცხოვრის კვართი, ღვთისმშობლის მიერ მოქსოვილი, ღვთის განგებულებითვე მცხეთელებს ერგოთ. მცხეთას მოსულ ელიოზს შეეგება „დაჲ თჳსი“, სიდონია. მან ტირილით მოისმინა ძმისაგან ჯვარცმის ამბავი და სული განუტევა. ადერკი მეფემ მოისურვა თავად შეემოსა კვართი, მაგრამ სიდონიას მაცხოვრის კვართი ისე ძლიერად ჰქონდა მკერდში ჩაკრული, რომ შეუძლებელი გახდა სიწმინდის გამოცლა. ელიოზმა საკუთარი და კვართთან ერთად დამარხა. სიდონიას საფლავზე კვიპაროსის ხე ამოვიდა.

გავიდა დიდი დრო, საქართველოში ქრისტიანობას უკვე წმინდა ნინო ქადაგებდა, მალევე მეფე მირიანმა ირწმუნა ჯვარცმული მაცხოვარი და  ეკლესიის აშენებაც გადაწყვიტა სამეფო ბაღში. ხუროებმა ნაძვის ხისგან შვიდი სვეტი დაამზადეს. ექვსი აღმართეს, ხოლო მეშვიდე, ყველაზე დიდი, ადგილიდან ვერ დაძრეს. გამთენიისას, წმინდა ნინოს ლოცვით, ასეთი სასწაული მოხდა: ზეცით გარდამოხდა ნათლით შემოსილი, „ყოვლად ცეცხლითა მობლარდნილი“ ჭაბუკი, ხელი მოჰკიდა სვეტს და აღამაღლა. სვეტი ღვთივ გაბრწყინდა და ჰაერში გაჩერდა. 

სააღდგომო კვერცხები - Sputnik საქართველო
აღდგომა და სააღდგომო ტრადიციები საქართველოში

მაშინვე მთელი მცხეთა დაიძრა ნათლის სვეტის თაყვანისცემად, მის მიახლოებაზე ავადმყოფები იკურნებოდნენ, ბრმებს თვალები ეხილებოდათ… ამ სასწაულით გამომჟღავნდა უფლის კვართის ადგილსამყოფელი.

მალე აქ პირველი ტაძარი აშენდა. წმინდა კონსტანტინე დიდმა მეფე მირიანს ეპისკოპოს იოანეს ხელით გამოუგზავნა ძელიცხოვლის ნაწილი, სამსჭვალნი და ის ფიცარი, რომელზეც მაცხოვრის ფეხი იყო მიმსჭვალული. მირიანის ვაჟს, რევის, მეფობის ჟამს შეშინებია, ეს ცხოველი სვეტი არავინ მოიპაროსო, და მის გარშემო ქვითკირის კედელი აუშენებია. მოგვიანებით კი ვახტანგ გორგასალმა მირიან მეფის მიერ აგებული ხის ტაძრის ადგილას მოზრდილი ქვის ბაზილიკა აღმართა თორმეტი მოციქულის სახელზე. ეს ტაძარი მეათე საუკუნეში აბულ ყასიმმა დაწვა, თუმცა გიორგი I-ის მეფობისას ჟამს კათოლიკოსმა მელქისედეკმა მის ნაცვლად დღევანდელი გუმბათოვანი ტაძარი ააგებინა. 

სვეტი-ცხოველის ძირიდან უძველესი დროიდან მოედინებოდა მირონი. მას შემდეგ, როცა შაჰ-აბასის პაპამ, შაჰ-თამაზმა, ივერია დალაშქრა (1541-1553 წწ.), შაჰს სვეტიცხოვლის ტაძარი ცხენებისა და პირუტყვის სადგომად გადაუქცევია. როგორც ვარაუდობენ, სწორედ ამის შემდეგ შეწყდა სვეტიდან მირონის დენაო.

სწორედ დღევანდელ დღეს და უკვე მერამდენედ ქართული ეკლესია ზეიმობს დიდ დღესასწაულს კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა. ერში ცნობილია, როგორც მცხეთობა — სვეტიცხოვლობა.

„მცეხთის ქალაქს მირონი დუღს", მზის და ვაზის მირონი,

ბებერ ქვებში ღაღადებენ საქმენი საგმირონი“

წერდა შოთა ნიშნიანიძე. ამ დიდებულ დღესასწაულს, ჩვენი ეკლესიის უპირველესი და ყველაზე დიდი სიწმინდის — უფლის კვართის დღესასწაულს გილოცავთ. ბევრ საგმირო სამქეებზე გვეამბოს ერთმანეთისთვის!

 

ყველა ახალი ამბავი
0