ალავერდობა: დღესასწაულის ისტორია და ტრადიციები

CC BY 2.0 / Flickr / Amstrong White / Alaverdi in Georgiaალავერდის საკათედრო ტაძარი
ალავერდის საკათედრო ტაძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალავერდობა ხანგრძლივი, ცალკეული ღირსშესანიშნავი დღეებისგან შემდგარი უძველესი დღესასწაულია. ის ჯვართამაღლების მომდევნო დღეს იწყებოდა და სამ კვირას გრძელდებოდა.

ალავერდობა, მოსავლის დღეობა, დაკავშირებული იყო ჭირნახულის მოწევასა და დაბინავებასთან. სამსაფეხურიანი ციკლი (თავი ალავერდობა, შუა ალავერდობა და ბოლო ალავერდობა) უკავშირდებოდა წინაქრისტიანულ რწმენა-წარმოდგენებს.

ალავერდობა ალავერდის ტაძრის კარზე იმართება, მონასტრის დამაარსებლის იოსებ ალავერდელის სახელზე. 

წმინდა იოსებ ალავერდელი, თორმეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი, საქართველოში მე-6 საუკუნეში შემოვიდა. იგი იოანე ზედაზნელის მოწაფე იყო. წმინდა იოსები კახეთში, იმ ადგილზე დამკვიდრდა, სადაც დღეს ალავარდის ტაძარია. გადმოცემით, ამბა-იოსები განუშორებლად თან ატარებდა ჯვარს, რომელიც გამოთლილი იყო იმ ხის ჯვრისგან, რომელზეც უფალი აწამეს. ალავერდი უდაბური, მიუვალი და უნაყოფო ადგილი იყო. თუმცა, მალე წმინდა იოსების ღვაწლით იმ მხარეში ურწმუნოება აღმოიფხვრა და ღვთისმსახურება განმტკიცდა. წმინდა მამა მის მიერვე აშენებულ ალავერდის ტაძარშია დაკრძალული. ღირსი მამის საფლავზე მრავალი სასწაული აღესრულება.

წმინდა ნინოს ჯვარი - Sputnik საქართველო
დღეს მართლმადიდებლური სამყარო ჯვართამაღლებას ზეიმობს

ალავერდის წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარი ერთ–ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში. მისი სიმაღლე გუმბათიანად 50 მეტრს აღემატება. თავად ტაძარი უკავშირდება წმიდანების — იოსებ ალავერდელის, დიდმოწამე გიორგის, ქეთევან წამებულის სახელებს და ჯვართამაღლებას. ყველა ამ წმიდანის სახელი თუ საღმრთო ისტორიული მოვლენა თავად ალავერდობის დღესასწაულში აისახა. ამგვარად, ალავერდობამ თავის თავში მოიცვა და ასახა VI-XVIII საუკუნეების კახეთისა და ეკლესიის ისტორიის რთული, ტრაგიკული და ამავდროულად დიდებით სავსე მოვლენები.

თავდაპირველად ალავერდი მამათა მონასტერი იყო. მოგვიანებით, XVII-XVIII საუკუნეებში იქ დედებიც დასახლდნენ. მათ შორის იყვნენ მონაზვნად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წევრებიც.

ალავერდობაზე უამრავი ხალხი იყრიდა თავს, დაახლოებით 15–20 ათასი ადამიანი. ქრისტიანული დღესასწაული ღამისთევით აღინიშნებოდა და მასში მონაწილეობდნენ კახელები, ქართლელები, ინგილოელი ლეკები, სომეხი გრიგორიანელები, ლეკები, დიდოელები, ოსები, თუშები, ხევსურები, ფშავლები, ქისტები, კახეთში დამკვიდრებული თათრები. ალავერდობისთვის ქრისტიანსაც და მაჰმადიანსაც, ქართველსაც და არაქართველსაც შესაწირი მიჰქონდა.

ღვთისმშობლის ხატი - Sputnik საქართველო
დღეს ვლაქერნობაა - სახალხო დღესასწაული ზუგდიდში

ალავერდობასთან დაკავშირებული იყო ტრადიციული ბაზრობაც, რომელმაც XIX საუკუნის II ნახევრიდან მასშტაბური ხასიათი მიიღო. მთავრობისგან მიცემული გეგმით აშენებდნენ დუქნებს, ალავერდის გარშემო არსებული მოედანი დაყოფილი იყო ქუჩებად, სადაც სხვადასხვა საქონლით მოვაჭრეს საკუთარი ადგილი ჰქონდა მიჩენილი. წესრიგის დასაცავად ახლომახლო სოფლების სამამასახლისოებიდან თითო კაცს ირჩევდნენ, რაც დღეობაზე სიმშვიდეს უწყობდა ხელს. ბაზრობაზე თუშებს გასაყიდად ჩითები, ყველი, კარაქი ჩამოჰქონდათ; ფშავლებს – იარაღი, ნაჭერი, ნაბადი, ქეჩა; ხევსურებს ჩამოჰყავდათ საქონელი; სომხებს ხმალი, ტკბილეული, ტყავის ჩექმები, თბილი ტანსაცმელი და მრავალი ევროპული საქონელი მოჰქონდათ გასაყიდად. ეს საქონელი ნაღდ ფულზე იყიდებოდა, ან იცვლებოდა. ქართველი მეფეები ხელს უწყობდნენ ამ სადღესასწაულო ბაზრობას, რადგანაც იგი სხვადასხვა ერისა და რელიგიის ხალხთა დაახლოებისა და გაერთიანების კარგ საშუალებად მიაჩნდათ.

ალავერდობის დღესასწაულს რიტუალური დასასრული ჰქონდა: ეკლესიის ეზოში 200–300 თუში ცხენოსანი იკრიბებოდა და ომში დაღუპულთა სულებისათვის „დალაის“ სიმღერით გარს უვლიდა ალავერდის ტაძარს.

იოსებ ალავერდელის ხსენების დღეს ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება ღამისთევით აღესრულება.

1962 წელს გიორგი შენგელაიამ გადაიღო ფილმი „ალავერდობა“ გურამ რჩეულიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.

და, მართლაც: „მან არ იცის კახეთი, ვისაც, ცივ-გომბორის ქედზე შემდგარს, არ დაუნახავს ალაზნის ჭალიდან ამოვარდნილი ალავერდი და მას არ განუცდია იმ დაუოკებელი კახური ვნების სიმძაფრე, ვისაც, თავისი ფეხით ავარდნილს ალავერდის თავზე, გუმბათიდან არ დაუნახავს ერთმანეთზე მიყრილი და უსასრულობამდე გაშლილი სოფლები, სავსე და დიდებული, ჩაფლული გაუთავებელ ვაზის ხეივნებში“ (გურამ რჩეულიშვილი, „ალავერდობა“).

 

მოამზადა ხატია გიგოლაშვილმა

 

ყველა ახალი ამბავი
0