ქრისტეს საფლავის გახსნა

რა დახვდათ არქეოლოგებს იესოს საფლავში

1052
(განახლებულია 17:50 07.12.2016)

მსოფლიოს არქეოლოგები და თეოლოგები უკვე მრავალი წელია კამათობენ იესო ქრისტეს საფლავის რეალურ მდებარეობაზე. ზოგ მათგანს ეჭვი ეპარებოდა, რომ მაცხოვარი მართლაც იერუსალიმის აღდგომის ტაძარში არსებულ სპეციალურ კუბუკლიაში იყო დაკრძალული.

საქმე ისაა, რომ 1500-იან წლებში საფლავი ზემოდან მარმარილოს დიდი ზომის ფილით დაბეჭდეს, რათა ასობით ათას მორწმუნეს ნაწილ-ნაწილ ჩამომტვრევით მთლად არ გაენადგურებინა სიწმინდე. მას შემდეგ ეს ქვა საფლავს აღარ მოშორებია და ამიტომ მეცნიერებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა ხდებოდა რეალურად მის სიღრმეში.

ბოლოს და ბოლოს, ეს დღეც დადგა: არქეოლოგებმა, პირველად 500 წლის შემდეგ, ქრისტეს საფლავი გახსნეს. პირველი, რაც ნახეს — ეს კირქვის თაროა, რომელზეც იესოს ცხედარი იყო დასვენებული. იქვე ნახეს ნაცრისფერი მარმარილოს მეორე ფილაც, რომელზეც ჯვარი იყო ამოკვეთილი და რომლის არსებობაზე მეცნიერებს წარმოდგენა არ ჰქონდათ.

არქეოლოგ ფრედრიკ ჰიბერტის თქმით, ეს ჯვრიანი ფილა, რომელიც, მკვლევართა აზრით, მე-12 საუკუნის ჯვაროსნების ნახელავია, სენსაციური აღმოჩენაა მისთვისაც და მისი კოლეგებისთვისაც.

„ეს ნაცრისფერი ფილაა, რომელსაც ზუსტად შუაში ჯვარი აქვს ამოკვეთილი. წარმოდგენაც არ გვქონდა, რომ რაიმე მსგავსს ვნახავდით. ეს ტაძარი საუკუნეების განმავლობაში ბევრჯერ დაინგრა — ხან ხანძრების, ხან მიწისძვრების, ხან კი შემოსევების გამო. ამიტომაც თავიდანვე ეჭვი გვეპარებოდა იმის ნამდვილობაში, რასაც მარმარილოს ზედა ფილის ქვეშ ვნახავდით. მაგრამ ის, რაც აღმოვაჩინეთ, ეჭვმიუტანელი დასტურია იმისა, რომ ეს ადგილი, რომელსაც მთელი მსოფლიოს მილიონობით მომლოცველი სტუმრობს, ნამდვილად უფლის საფლავია; სწორედ ის საფლავია, რომელიც რომის იმპერატორმა კონსტანტინემ მე-4 საუკუნეში აღმოაჩინა და რომელსაც თაყვანს სცემდნენ ჯვაროსნები.

არქეოლოგი ფრედრიკ ჰიბერტი
FL/ calit2
არქეოლოგი ფრედრიკ ჰიბერტი

როცა გავიაზრეთ, რაც ვიპოვეთ, მუხლები მოგვეკვეთა. გარეთ ყურებამდე გაღიმებულები გამოვედით და მონაზვნებმაც, თვალი მოგვკრეს თუ არა, საპასუხო ღიმილი შეგვაგებეს. ჩვენგან განსხვავებით მათ ზუსტად იცოდნენ, რა ადგილსაც ეთაყვანებოდნენ. აი, რაშია ჭეშმარიტი რწმენის განსაკუთრებულობა.

რა იყო თავად უფლის საფლავში?

რომ ჩავიხედეთ, მხოლოდ ღორღის გროვა დავინახეთ — არც ძვლები ჩანდა და არც რაიმე სხვა არტეფაქტი. ამის გამო რაღაც იმედგაცრუება დაგვეუფლა, მაგრამ მერე მივხვდით, რომ იქ არც უნდა ყოფილიყო არაფერი: იესო ხომ  მკვდრეთით აღდგა და ზეცად ამაღლდა! მერე დიდხანს დავცინოდით საკუთარ გულუბრყვილობას, რომ უფლის საფლავში მისი ძვლების ნახვის იმედი გვქონდა“.

1052
თეგი:
ქრისტეს საფლავის ტაძარი, ქრისტეს საფლავის გახსნა
სიღნაღის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია

საეკლესიო კალენდარი: 2020 წლის 9 აგვისტო

187
(განახლებულია 11:12 08.08.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2020 წლის 9 აგვისტოს დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის, ღირსი ანთისა იღუმენიას, მოციქულთა სწორთა: კლიმენტის, ოხრიდელი ეპისკოპოსის, ნაუმის, საბას, გორაზდის და ანგელარის ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში

დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალი

დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონი დაიბადა ქალაქ ნიკომიდიაში დიდებული და გავლენიანი წარმართის, , ევსტორგიოსისა და კეთილმსახური ქრისტიანი ქალის, ევბულას ოჯახში. დედა, რომელიც ჭეშმარიტი ღვთის სასოებით ზრდიდა შვილს, ადრე გარდაიცვალა, ხოლო მამამ წარმართული სარწმუნოების ერთგულება ჩაუნერგა ყრმას,

გულისხმიერებით, სიკეთითა და მშვენიერებით გამორჩეული ჭაბუკი მასწავლებელს ყოველთვის თან დაჰყავდა ხოლმე სასახლეში. აქ იმპერატორმა მაქსიმიანემ (284-305; 307-310) შენიშნა იგი, მოიხიბლა და ეფროსინეს უბრძანა, სწრაფად განესწავლა ნეტარი, რადგან მისი პირად მკურნალად დადგენა ჰქონდა გადაწყვეტილი.

 მოძღვართან მიმავალ პანტელეონს გზად ერთი პატარა სახლის წინ უნდა ჩაევლო, რომელშიც წმიდა ხუცესნი: ერმოლაოზ, ერმიპე და ერმოკრატე ცხოვრობდნენ. ერმოლაოზმა სულით იგრძნო, რომ ეს ჭაბუკი ღვთის რჩეული ჭურჭელი გახდებოდა. ერთ დღეს შინ შეიპატიჟა და გაესაუბრა. როცა გაიგო, რომ იგი წარმართულ მოძღვრებებს ეუფლებოდა გულმოდგინებით, ჭეშმარიტი სარწმუნოება უქადაგა. კეთილი თესლი კეთილ ნიადაგზე მოხვდა: პანტელეონმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი. ამიერიდან იგი ყოველდღე დადიოდა ერმოლაოზ ხუცესთან და სახარების სწავლებას ეწაფებოდა.

მამის სიკვდილის შემდეგ წმიდანმა მონები გაათავისუფლა, მემკვიდრეობით მიღებული ქონება კი გლახაკებს დაუნაწილა. იგი დადიოდა საპყრობილეებში და ნუგეშს სცემდა პატიმრებს, სნეულებს ჰმსახურებდა „ხელითა თვისითა“, ქრისტეს სახელით კურნავდა, თან ნივთიერადაც შეეწეოდა. ქალაქის მკვიდრნი სხვა ექიმებს ტოვებდნენ და პანტელეონისკენ ისწრაფოდნენ. ისიც, ღვთის მადლით, მრავალ სასწაულს აღასრულებდა.

მოშურნეებმა მკურნალი   მაქსიმიანესთან დააბეზღეს. განრისხებულმა მაქსიმიანემ უფლის რჩეულს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა, მაგრამ ვერც მუქარამ, ვერც ლიქნამ ვერ მოდრიკა ნეტარი.  მაშინ იგი საშინლად აწამეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეს .ქრისტიანებმა იგი პატივით მიაბარეს მიწას (+305).

ღირსი ანთისა იღუმენია

ღირსი ანთისა მცირე აზიაში, პაფლაგონიის მანტინეაში ცხოვრობდა VIII საუკუნეში. იგი ადრევე განერიდა ამსოფლიურ ამაოებას და მთებში მოსაგრეობდა, სრულ მარტოობაში. შემდეგ წმიდა მღვდელ-მონაზონმა სისინიუსმა მონაზვნად აღკვეცა და ერთ-ერთი დედათა მონასტრის წინამძღვრად დაადგინა. იმპერატორ კონსტანტინე კოპრონიმის (741-775) დროს ღირსი ანთისა შეიპყრეს და ხატთაყვანისცემის უარყოფა მოსთხოვეს: ნეტარმა დედამ ბრძანების შესრულებაზე უარი განაცხადა, რისთვისაც საშინელი სატანჯველები დაატეხეს თავს. წმიდა აღმსარებელმა იმპერატორის მეუღლეს, რომელიც წამებას ესწრებოდა, ვაჟისა და ქალის შობა უწინასწარმეტყველა. როცა წინასწართქმული ახდა, ნეტარი დედა გაათავისუფლეს. იგი დაუბრუნდა თავის სავანეს, სადაც ღრმა სიბერემდე მოღვაწეობდა. ასულს, რომელიც იმპერატორის მეუღლეს შეეძინა, მის პატივსაცემად ანთისა დაარქვეს. ნეტარმა დედამ ღვთივსათნოდ განვლო მიწიერი ცხოვრება და წმინდანთა დასს შეერთო.

მოციქულთასწორნი: კლიმენტი, ოხრიდელი ეპისკოპოსი,  ნაუმი, საბა, გორაზდი და ანგელარი

წმიდა მოციქულთასწორნი: კლიმენტი ოხრიდელი, ნაუმი, საბა, გორაზდი და ანგელარი სლავები იყვნენ, კირილესა და მეთოდეს მოწაფეები. თავდაპირველად ისინი მორავიის განსანათლებლად იღვწოდნენ. წმიდა მეთოდეს შემდეგ საეპისკოპოსო კათედრაზე დადგენილ იქნა გორაზდი. წმიდა კლიმენტი, ნაუმი, ანგელარი და საბა ხუცესებად მსახურობდნენ.

სლავ განმანათლებლებს წინ აღუდგა მისიონერთა ძლიერი ლათინ-გერმანული ჯგუფი, რომელსაც პაპის მხარდაჭერა და მორავიელი მთავრის, სვიატოპოლკის მფარველობა უმაგრებდა ზურგს. პაპმა სტეფანე VI-მ სლავურ ენაზე ღვთისმსახურება აკრძალა. მთავრის ხელისუფლების მეშვეობით წმიდა მეთოდეს მოწაფეები - და მათ შორის ნეტარი კლიმენტიც - სამსჯავროს გადასცეს. წმიდა მამები სასტიკად აწამეს: გაშიშვლებულებს ათრევდნენ ეკალ-ბარდებზე, შემდეგ კი დიდხანს ტანჯავდნენ საპყრობილეში ისევე, როგორც მათ სულიერ მამას - წმიდა მეთოდეს.

886 წელს ტყვეთა ერთი ნაწილი - ახალგაზრდები ებრაელ მონებით მოვაჭრეებს მიჰყიდეს და ისინი ვენეციის ბაზარზე აღმოჩნდნენ. წმიდა გორაზდი, საბა, ნაუმი და ანგელარი სხვა ხანდაზმულ ტყვეებთან ერთად განდევნეს. ნაუმი და ანგელარი ბულგარეთში ჩავიდნენ. წმიდა მამები დაუყოვნებლივ შეუდგნენ ბულგარელ დიდებულთა მიერ შეკრებილი სლავური წიგნების შესწავლას.

მალე წმიდა ანგელარი გარდაიცვალა, წმიდა კლიმენტი კი მაკედონიის სამხრეთ-დასავლეთ ოლქში - კუტმიჩივიცაში მოძღვრად დანიშნეს. აღმოსავლეთის ეკლესიაში ამ მოვალეობის შემსრულებლად ღირსეულ, კეთილმსახური ცხოვრებით ცნობილ და მჭევრმეტყველების ნიჭის მქონე ადამიანებს ირჩევდნენ ხოლმე. წმიდა მამამ 893 წელს დაიწყო მოღვაწეობა ახალ ხარისხში. 893 წელს კლიმენტი დრემვიცის ანუ ველიცის ეპისკოპოსად აკურთხეს, მისი ადგილი კი ნაუმმა დაიჭირა.

მღვდელმთავარი კლიმენტი პირველი იყო ბულგარელ მღვდელმთავართაგან, რომელიც სლავურ ენაზე მსახურებდა, ქადაგებდა და წერდა. ეპისკოპოსი მძიმედ დასნეულდა და 916 წელს სული უფალს შეჰვედრა. ნეტარი მამის ცხედარი მისი ხელითვე შემზადებულ კუბოში ჩააბრძანეს და ოჰრიდის წმიდა პანტელეიმონის მონასტერში დაფლეს.

ნეტარი გორაზდისა და ანგელარის წმიდა ნაწილები ბერათის მახლობლად, ალბანეთშია დაკრძალული, წმიდა ნაუმის ნეშტი კი - მისივე სახელობის მონასტარში, ოჰრიდის ტბის მახლობლად.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

187
თემები:
საეკლესიო კალენდარი
გერგეტის სამება

საეკლესიო კალენდარი: 2020 წლის 8 აგვისტო

292
(განახლებულია 11:08 08.08.2020)
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2019 წლის 8 აგვისტოს მღვდელმოწამე ერმოლაოსის, ერმიპეს და ერმოკრატეს - ნიკომიდიელ ხუცესთა, ასევე მოწამეთა პარასკევას ხსენების დღეს აღნიშნავს.

Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებულნი საეკლესიო კალენდარში.

მღვდელმოწამენი ერმოლაოსი, ერმიპე და ერმოკრატე - ნიკომიდიელნი ხუცესნი

უსჯულო იმპერატორმა მაქსიმიანემ (284-305; 307-310) 303 წელს ნიკომიდიის ტაძარში ოცი ათასი ქრისტიანი ცოცხლად გამოწვა ამ საშინელებას გადარჩენილი წმინდა მამები ერმოლაოზი, ერმიპე და ერმოკრატე განკრძალულ ადგილებს აფარებდნენ თავს და არ წყვეტდნენ ქრისტიანობის ქადაგებას წარმართთა შორის. იმ სახლის წინ, სადაც ერმოლაოზი იმალებოდა, ხშირად მიმოდიოდა ხოლმე წარმართი ჭაბუკი პანტელეონი (წმიდა დიდმოწამე პანტელეიმონი). პატიოსანმა მღვდელმა ერთ დღეს მას ჭეშმარიტი ღმერთი უქადაგა. „ნეტარი პანტელეონი  ყოველდღე მიდიოდა ერმოლაოზ ხუცესთან.  როცა დიდმოწამე პანტელეიმონი სამსჯავროზე წარადგინეს, მასთან ერთად შეიპყრეს მისი მოძღვარიც. შემდეგ ერმიპე და ერმოკრატეც დაატუსაღეს. მტარვალებმა სამივე აღმსარებელს ქრისტეს უარყოფა, კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა და პანტელეიმონის გადაბირება მოსთხოვეს, რაზეც  მათ უარი განაცხადეს. პანტელეიმონი საპყრობილეში ჩააგდეს, ხუცესებს - ერმოლაოზს, ერმიპეს და ერმოკრატეს კი თავები მოჰკვეთეს (+305).

ღირსმოწამე პარასკევა

ღირსმოწამე პარასკევას კეთილმორწმუნე მშობლები ჰყავდა. იგი მათი ერთადერთი ასული იყო. მან სიყმაწვილიდანვე გადადო თავი უფლის მსახურებისათვის. დედ-მამის სიკვდილის შემდეგ წმინდანმა მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, მონაზვნად აღიკვეცა და მოციქულებრივი ღვაწლი იტვირთა: დაუცხრომლად ქადაგებდა ქრისტეს მოძღვრებას წარმართთა შორის და მრავალ უღმრთოს ცხონების გზაზე აყენებდა.

როცა ამის შესახებ იმპერატორ ანტონინუს პიუსს (138-161) მოახსენეს, წმიდა პარასკევა შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს. ნეტარმა ახოვნად აღიარა თავისი სარწმუნოება მსაჯულთა წინაშე. წმიდანს გახურებული მუზარადი დაახურეს თავზე, ჩააგდეს ქვაბში, სადაც გამლღვალი კუპრი თუხთუხებდა, მაგრამ სულიწმიდის მადლით დაცული მარტვილი უვნებელი გადარჩა. როცა იმპერატორმა ქვაბში ჩაიხედა, პარასკევამ მდუღარე ფისის რამდენიმე წვეთი შეასხა სახეში და იგი დაბრმავდა. სასოწარკვეთილმა თვითმპყრობელმა ქრისტეს ტარიგსვე სთხოვა შემწეობა და მანაც უფლისადმი აღვლენილი ლოცვით თვალისჩინი დაუბრუნა უსჯულოს. ამის შემდეგ იმპერატორმა შეწყვიტა პარასკევას წამება და გაათავისუფლა იგი.

პარასკევამ ისევ განაგრძო მაცხოვნებელი სწავლების ქადაგება. ქალაქში, სადაც ვინმე ტარასი იყო მმართველად, ღირსი დედა შეიპყრეს და სასტიკი წამების შემდეგ თავი მოჰკვეთეს.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

292
თემები:
საეკლესიო კალენდარი
„ფეისბუქი“

„ბოტების შეტევა“ - განათლების სამინისტრო დახმარებას Facebook-ს სთხოვს

49
(განახლებულია 16:31 09.08.2020)
უწყებაში დარწმუნებულები არიან, რომ საქმე აქვთ გარკვეულ ჯგუფებთან, რომლებიც პროვოკაციის მოსაწყობად ტრაგიკულ მოვლენებსაც კი იყენებენ

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუგვერდზე შაბათს „ბოტების შეტევა“ განხორციელდა, იუწყება სამინისტრო.

გავრცელებული ინფორმაციით, კიბერშეტევას მას შემდეგ მოხდა, რაც განათლების სამინისტროს ვებგვერდზე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გადაღებული ფოტომასალა გამოქვეყნდა. ფოტოებზე 2008 წლის ომში დაღუპული გმირების მემორიალის ყვავილებით შემკობის ცერემონია იყო ასახული.

„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე, მუხათგვერდის სასაფლაოზე მემორიალის ყვავილების შემკობის ფოტოების დადებისთანავე, 150-ზე მეტი ყალბი ანგარიშიდან, რომლებიც დარეგისტრირებულია ინდოეთში, ტაილანდში, მაროკოში, ერაყში, პაკისტანში — თითქმის ერთდროულად განხორციელდა ე.წ. „ბოტების“ შეტევა“, — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უწყებაში დარწმუნებულები არიან, რომ საქმე აქვთ გარკვეულ ჯგუფებთან, რომლებიც პროვოკაციის მოსაწყობად ტრაგიკულ მოვლენებსაც კი იყენებენ.  

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტმა ოფიციალურად მიმართა „ფეისბუქის“ ადმინისტრაციას მოთხოვნით, გააუქმოს აღნიშნული ყალბი ანგარიშები და მათთან დაკავშირებული გვერდები.

 

49