ნათია თურნავა

ნათია თურნავა: ჩვენ შეზღუდვები დავაწესეთ, როდესაც საჭირო იყო

64
(განახლებულია 20:28 27.10.2020)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განმარტა, თუ რატომ არ აწესებს საქართველოს მთავრობა  შეზღუდვებს COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობის მკვეთრი ზრდის მიუხედავად.
ნათია თურნავა: ჩვენ შეზღუდვები დავაწესეთ, როდესაც საჭირო იყო
„ჩვენ დავაწესეთ შეზღუდვები აბსოლუტურად სწორ დროს, ეს იყო პანდემიის დასაწყისი, როდესაც არც არავინ საქართველოში და მსოფლიოში არ ვიცოდით სწორი რეაგირება პანდემიაზე, არ იყო ჯერ კიდევ ტესტირება იმ დონეზე, არ იყო კარგად ცნობილი მკურნალობის მეთოდილოგია და ის, თუ როგორ უნდა ემართა მსოფლიოს. იმ დროს თითოეული შემთხვევა იყო გაცილებით დიდი შოკი და დიდი საფრთხე, ვიდრე დღეს 10 შემთხვევაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეზღუდვები დავაწესეთ, როდესაც საჭირო იყო, რომ მოვმზადებულიყავით“, – განაცხადა თურნავამ.

კორინავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 21 მარტს საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა შემოიღო, 31 მარტიდან კი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. 31 მარტის მონაცემებით, საქართველოში COVID-19-ით 110 ადამიანი იყო ინფიცირებული. იმ პერიოდში საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაიხურა სავაჭრო, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, გაჩერდა ტრანსპორტი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ მკვეთრი ზრდა სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა უკვე 32127-ს მიაღწია.

64
სალომე ეპიტაშვილი

სალომე ეპიტაშვილი: დროებით იზღუდება მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე გასვლა

33
(განახლებულია 21:36 30.11.2020)
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი სალომე ეპიტაშვილი დაწესებული შეზღუდვების გამო უწყებაში შეცვლილ წესებზე საუბრობს.
სალომე ეპიტაშვილი: დროებით იზღუდება მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე გასვლა
„ახალი რეგულაციების თანახმად, მოქალაქეები დროებით ვერ შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას, გარდა იმ პირებისა, ვისაც დაჯავშნილი ჰქონდა თეორიული გამოცდის დღე ან ჩაბარებული აქვთ თეორიული და აბარებენ პრაქტიკულ გამოცდებს. მათ საშუალება ეძლევათ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ისარგებლონ შესაბამისი მომსახურებით. ასევე ის პირები, რომლებსაც შეჩერებული აქვთ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, მისი აღდგენის მიზნით გამოცდებზე დაიშვებიან ელექტრონული რიგის დაჯავშნის გარეშე“, – განაცხადა სალომე ეპიტაშვილმა.

სალომე ეპიტაშვილის განცხადებით, დროებით ჩერდება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურებიც.

33
თენგიზ ცერცვაძე

თენგიზ ცერცვაძე: ვეთანხმები იმ შეზღუდვებს, რაც ახლა არის შემოღებული

36
(განახლებულია 16:35 30.11.2020)
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ COVID-19-სგან გამოჯანმრთელების შემდეგ პანდემიის გამო ქვეყანაში შემოღებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ისაუბრა.
თენგიზ ცერცვაძე: ვეთანხმები იმ შეზღუდვებს, რაც ახლა არის შემოღებული
„ყველა იმ პროცესმა, რომლის დროსაც რეგულაციები ირღვეოდა, ხელი შეუწყო ვირუსის გავრცელებას. სულ ერთია იქნებოდა ეს პოლიტიკური მიტინგი, ქელეხი, ქორწილი, იუბილე თუ სხვა ღონისძიება. რაც შეეხება შეზღუდვების შემოღებას, მოსახლეობას ჰქონდა დაკვეთა, რომ, ერთი მხრივ, შევამციროთ კოვიდ-შემთხვევების რაოდენობა, მეორე – გავაკეთოთ ეს ისე, რომ არ შემოვიღოთ შეზღუდვები. არც ერთი მხრიდან არ დავზარალდეთ – ეს შეუძლებელია... ეს ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ მოახერხა. ვეთანხმები იმ შეზღუდვებს, რაც ახლა არის შემოღებული“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განმარტებით, სწორი იყო, როდესაც სახელმწიფომ არ შემოიღო მკაცრი შეზღუდვები, სანამ არჩევნები არ დამთავრდა.

36
ნათია თურნავა

ნათია თურნავა: „ზამთრის კურორტები აგენერირებს ძალიან დიდ მობილობას“

0
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ზამთრის კურორტებზე შეზღუდვების დაწესება აუცილებელი იყო, რადგან იქ ეპიდაფეთქების საფრთხე არსებობდა.

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. იმ დროს, როდესაც ახალი კორონავირუსით მოსახლეობის დღიური ინფიცირების მაჩვენებელი თუნდაც თბილისში აჭარბებს 1000 ადამიანს, წარმოუდგენელია, რომ ზამთრის კურორტებზე არ მოხდეს ეპიდემიის აფეთქება, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტელეკომპანია „რუსტავი 2“-ის ეთერში.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 28 ნოემბრიდან საქართველოს ზამთრის კურორტებმა მუშაობა შეწყვიტეს, სასტუმროებს კლიენტების მიღება აეკრძალათ, ხოლო საბაგიროები, სათხილამურო ტრასები, რესტორნები და კაფეები დაიკეტა.

„ზამთრის კურორტები აგენერირებს ძალიან დიდ მობილობას. ზამთარში ყველაზე მეტი დამსვენებელი სტუმრობს ბაკურიანს, გუდაურს. ეს არის არა უბრალოდ ოჯახები, ვინც გადის დასასვენებლად, არამედ მოთხილამურეები თავის ოჯახებთან ერთად დამატებითი კონტინგენტია და აქედან გამომდინარე, არანაირი გარანტია, რომ იქ არ გავრცელდება ვირუსი, არ არსებობს“, - აღნიშნა მინისტრმა.

თურნავას თქმით, ბევრი მაგალითი არსებობს ევროპული ქვეყნების, სადაც ინფიცირების ახალი ტალღა პერიოდულად სწორედ ზამთრის კურორტებიდან მოდიოდა, ამიტომაც ინფექციის გავრცელების რისკი საქართველოს ზამთრის კურორტებზეც არსებობს.

მინისტრმა აქვე ისიც აღნიშნა, რომ ტურისტულ ინდუსტრიას მთავრობის მხრიდან უპრეცედენტო დახმარება  გაეწია.

„ახლა, ბოლო პაკეტი რაც არის ტურისტული ინდუსტრიის დახმარების, ეს არის ის, რომ 4 თვის ქონების გადასახადი, რომელიც გადავუვადეთ 2020 წელს ჩამოეწერათ, მთელი 2021 წელი ეპატიათ უკვე წინასწარ ქონების გადასახადი, გარდა ამისა, მოქმედებს ჩვენი პროგრამა, რომელიც 12 თვის განმავლობაში ბანკის სესხის პროცენტის სუბსიდირებას ითვალისწინებს. ახლა გავაფართოვეთ პროგრამა და რესტორნებიც ჩავრთეთ“, - აღნიშნა თურნავამ.

მინისტრის თქმით, ეს არ არის ჩანაცვლება სრულფასოვანი სეზონის, მაგრამ სრულფასოვანი ზამთრის ტურისტული სეზონი პანდემიის პირობებში ვერ ჩატარდებოდა და ეს ძალიან კარგად ესმით თავადაც სასტუმროებსაც. თუმცა, მისი თქმით, სასტუმროების მეპატრონეებთან დიალოგის რეჟიმი გაგრძელდება.

„თუმცა, რა თქმა უნდა, კარგად გვესმის, რომ ზამთრის კურორტებზე მდებარე სასტუმროებს მეტი დახმარება და თანადგომა დასჭირდებათ და მათთან ერთად დიალოგის რეჟიმში გამოვკვეთავთ იმ პრობლემატიკას, რაზეც შეიძლება ცალკე ვიმსჯელოთ და გადავწყვიტოთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონში მდებარეობს: გუდაურში (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა). ამ კურორტებზე ტურისტული სეზონი დეკემბრის დასაწყისში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში